D ვიტამინის დანამატებმა შესაძლოა კიბოთი დაავადებულებს სიცოცხლე გაუხანგრძლივოს

გააზიარე:

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, სიმსივნური დაავადება მსოფლიოში სიკვდილის გამომწვევი მეორე ძირითადი მიზეზია. 2018 წელს 8.1 მილიონ ადამიანს დაუსვეს კიბოს დიაგნოზი, ხოლო 9.6 მილიონი ამ დაავადებით გარდაიცვალა. კიბო უჯრედების უკონტროლო, პათოლოგიური გამრავლების შედეგია. დაბერებული ან დაზიანებული უჯრედი, ჩვეულებრივ, კვდება და ახალი უჯრედით იცვლება. სიმსივნე ვითარდება ამ მექანიზმის მოშლის გამო. შედეგად მიიღება უჯრედების გროვა, რომლებიც უკონტროლოდ მრავლდება. სიმსივნურ უჯრედებს შესწევს უნარი, გავრცელდეს როგორც ახლომდებარე ქსოვილებში, ისე ორგანიზმის სხვა ნაწილებშიც ლიმფური ან სისხლის მიმოქცევის სისტემის მეშვეობით და გამოიწვიოს ახალი მეორეული სიმსივნეების – მეტასტაზების წარმოქმნა.


ადრეულ სტადიაზე აღმოჩენისა და მკურნალობის შემთხვევაში კიბოსგან გადარჩენის ალბათობა გაცილებით მაღალია.
მიჩიგანის უნივერსიტეტში ჩატარებული უახლესი კვლევები საფუძველს იძლევა ვივარაუდოთ, რომ სიმსივნის მკურნალობის სქემაში D ვიტამინის დანამატების ჩართვა ხელს შეუწყობს პაციენტის სიცოცხლის გახანგრძლივებას. D ვიტამინი მონაწილეობს არა მარტო ნაწლავებიდან კალციუმის შეწოვაში, ძვლების ზრდასა და განახლებაში, არამედ უჯრედების ზრდას, იმუნური სისტემის მუშაობას და ანთების მიმდინარეობასაც კი აკონტროლებს. ცნობილია, რომ მისი დეფიციტი არა მხოლოდ ძვალსახსროვანი, არამედ ბევრი სხვა სისტემის მწვავე და ქრონიკულ დაავადებებსაც უკავშირდება.


აღნიშნულ კვლევაში ჩართეს კიბოთი დაავადებული 80 000-მდე ადამიანი, რომელთა საშუალო ასაკი 68 წელი იყო. საკვლევ პირთა სამი მეოთხედი ქალი გახლდათ. კვლევის ავტორებმა დაადგინეს, რომ პაციენტებთან, რომლებიც უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში იღებდნენ D ვიტამინის დანამატებს, პლაცებოსთან შედარებით 13%-ით მცირდებოდა ნებისმიერი ტიპის სიმსივნით გამოწვეული სიკვდილის რისკი. კვლევის ავტორი ტერეკ ჰეიკელი ამბობს: “მიუხედავად იმისა, რომ ეს შედეგები იმედის მომცემია და D ვიტამინმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა კიბოთი დაავადებულებთან სიცოცხლის გახანგრძლივებაზე, არ გამოვლენილა არავითარი მტკიცებულება, რომ მას კიბოთი დაავადების რისკის დაქვეითებაც შეუძლია”.
ნიუ იორკის კიბოს ინსტიტუტის სამედიცინო დირექტორის თქმით, სიმსივნით დაავადებულებს თირკმელების ან ღვიძლის დისფუნქციის, მალაბსორბციის და მზის სხივების ნაკლებობის გამო განსაკუთრებით მაღალი აქვთ D ვიტამინის დეფიციტის რისკი. ექსპერტები საჭიროდ მიიჩნევენ უფრო მეტი კვლევის ჩატარებას, რათა დადგინდეს კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის კავშირი კიბოს ტიპთან სხვადასხვა ასაკობრივ და ეთნიკურ ჯგუფში, ვიდრე გლობალური მასშტაბით დაინერგება D ვიტამინის გამოყენება სიმსივნური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის შესამცირებლად.

***

დიაბეტური ტერფის მკურნალობის ახალი მეთოდი


მსოფლიოში ყოველ 30 წამში კიდურის ერთი ამპუტაცია ტარდება. ამპუტაციას უფრო ხშირად ექვემდებარებიან მამაკაცები, მწეველები, თირკმლის პრობლემების, დიაბეტური ნეიროპათიის, პერიფერიული არტერიების დაავადების და ჰიპერტენზიის მქონე პირები. ოპერირებულთა საშუალო ასაკი 64 წელია.
ყოველ 17 წამში კი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის ახალი დიაგნოზი ისმება და მიუხედავად დიაბეტის სამკურნალო ეფექტური საშუალებების შექმნის მცდელობისა, მათი რიცხვი, ვისაც ამპუტაცია დასჭირდა, 2009-დან 2015 წლამდე 50%-ით გაიზარდა.


დიაბეტური ტერფის წყლული, როგორც წესი, გვხვდება ნეიროპათიის დროს, რომელიც მძიმედ აზიანებს კიდურების პერიფერიულ ნერვებს. წყლულს შეიძლება ერთი შეხედვით უწყინარი შესახედაობა ჰქონდეს: მცირე ჭრილობა, ხიჭვის ნაჩხვლეტი... ნეიროპათიის დროს დაზიანებული უბანი ბუჟდება ან მგრძნობელობას კარგავს. როდესაც ამას ემატება სისხლში შაქრის მუდმივად მაღალი დონე, მცირე დაზიანებაც კი იდეალურ გარემოს ქმნის ბაქტერიების გამრავლებისა და მწვავე ინფექციის განვითარებისთვის. ხილული დაზიანების შემთხვევაში ტერფის ინფექცია უფრო ადვილად პროგრესირებს და ხშირად საბაზისო პირველადი დახმარება (ჭრილობის დამუშავება და ანტიბაქტერიული მკურნალობა) აღარ არის საკმარისი. ჭრილობა პრაქტიკულად აღარ ხორცდება. გახანგრძლივებული წყლულის შემთხვევაში საშიშროება მთელ ფეხს ემუქრება.


ამპუტაციის პრევენცია კიდურის შენარჩუნებასთან ერთად სიცოცხლის გახანგრძლივებასაც გულისხმობს, რადგან კიდურის მოკვეთის შემდეგ ხშირია სიკვდილიანობა. იმ დიაბეტიანთა ნახევარზე მეტი, რომლებსაც კიდურის ამპუტაცია ჩაუტარდათ, ხუთ წელზე მეტხანს ვეღარ ცოცხლობს. თუმცა უკვე არსებობს მკურნალობის ახალი, იმედის მომცემი მეთოდი. ის გულისხმობს ადამიანის კანის უჯრედების გამოყენებას კანის ახალი ქსოვილის მისაღებად. თუ წარმატებით დაინერგა, მეთოდი გადატრიალებას მოახდენს დიაბეტური ტერფის წყლულის მკურნალობაში.
Skin TE არის დიაბეტური ტერფის წყლულის სამკურნალო ახალი პროდუქტი, რომელმაც შესაძლოა შეამციროს დიაბეტიანებში ამპუტაციათა მზარდი რიცხვი.


Skin TE-ს მწარმოებელი კომპანიის Polarity TE-ს გენერალური დირექტორი, ექიმი დენვერ ლოფი, ამბობს, რომ “ეს არის ადამიანის აუტოლოგიურ, ჰომოლოგიურ (საკუთარ) უჯრედებსა და ქსოვილებზე დაფუძნებული პროდუქტი. ამ დროს სრული სისქის მქონე, მოფუნქციე კანის აღსადგენად იღებენ პაციენტის კანის ნიმუშს. ხდება კანის ახალი ფენის გამოზრდა და მისი დამატება წყლულის ზემოთ, რაც უზრუნველყოფს ჭრილობის სრულ დახურვას. ჭრილობის შეხორცებისას, ჩვეულებრივ, ყალიბდება ნაწიბური ან კანის ფსევდოუბანი, Skin TE კი კანის სრულ რეგენერაციას ახდენს. შეხორცების შემდეგ მისი “გახსნა” არ აღნიშნულა.


კანის განსაზღვრული უჯრედების სტიმულირებით შესაძლებელია მისი ყველა შრის უჯრედების რეგენერირება და მთლიანად კანის აღდგენაც. პროცესი იწყება პაციენტის სხეულის ჯანმრთელი უბნიდან კანის 1სმ2 ნიმუშის აღებით, რომელსაც შემდგომ ამუშავებენ და ერთი დღის განმავლობაში ნერგავენ ტერფის წყლულში, სადაც იგი ეტაპობრივად გაიზრდება, გავრცელდება პაციენტის კანზე და ჭრილობას დაფარავს.


აღებული ქსოვილის 1სმ2-დან შესაძლებელია წარმოიქმნას 2000 სმ2 ახალი კანი.
კომპანიის საპილოტე კვლევაში ჩართული იყო დიაბეტური ტერფის წყლულის მქონე 11 ადამიანი, რომელთა ჭრილობები აღარ ექვემდებარებოდა სტანდარტულ მკურნალობას. Skin TE-ს ჩანერგვიდან 12 კვირის შემდეგ 11-დან 10-ს ჭრილობა მთლიანად დაეხურა, გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა, ერთ პაციენტს კი კვლევის დროს სხვა სახის ინფექცია განუვითარდა და ვერ შეძლო, დაესრულებინა შკინთE-ს ტარების თორმეტკვირიანი პერიოდი. პილოტური კვლევის შედეგები საზოგადოებას გააცნეს სან ფრანცისკოში ჩატარებულ ამერიკის დიაბეტის ასოციაციის 79-ე ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციაზე.


კალიფორნიის ვეტერანთა დეპარტამენტის ტერფის ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი ჯეიმს ბრაიან ვორნი მიიჩნევს, რომ მის პრაქტიკაში მყოფ პაციენტთა მცირე ჯგუფში მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, Skin TE-ს პოტენციალი ძალიან შთამბეჭდავია. ერთ-ერთი მთავარი ღირსება ის არის, რომ კანის სხვა შემცვლელებთან შედარებით, რომლებიც რამდენჯერმე ჩანერგვა სჭირდება, შკინთE თითოეული ჭრილობისთვის მხოლოდ ერთხელ გამოიყენეს. ოჰაიოს Foot & Ankle განყოფილების ტერფის სპეციალისტმა ექიმ სტივენ ფრანიამ გასული რამდენიმე თვის განმავლობაში შკინთE ათამდე ადამიანთან გამოიყენა. ყველა ჭრილობა შეხოცდა. პარალელურად მიმდინარეობდა სისხლში გლუკოზის დონის კონტროლი, ჭრილობის სტანდარტული მოვლა და დაზიანებული ტერფის მაქსიმალური მოსვენება. ექიმი ფრანია აღნიშნავს, რომ პაციენტის კანის ქსოვილის გამოყენება მისივე კანის რეგენერაციისთვის საოცრად წინ გადადგმული ნაბიჯია და არა მარტო შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის, რომლებსაც დარღვეული აქვთ შეხორცების უნარი, არამედ დაქვეითებული იმუნური სტატუსის მქონე პირებისთვისაც.
აშშ-ს ჯანდაცვის სისტემა ყოველწლიურად 50 000 დოლარს ხარჯავს პაციენტებზე, რომლებსაც უკვე ჩაუტარდათ ტერფის, თითების ან მთელი კიდურის ამპუტაცია. ახალი მეთოდით მკურნალობა გაცილებით ხარჯეფექტური იქნება.

მარიამ რამაზაშვილი

გააზიარე: