რა არის და ვის ემუქრება კანდიდოზი?

გააზიარე:

ინფექციამ შესაძლოა ყველაზე სასიამოვნო დასვენებაც კი ჩაგაშხამოთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ინფექციის გამომწვევი სოკო-კანდიდა ალბიკანსია. ქალებმა ეს კარგად იციან, რადგან მათ 75 პროცენტზე მეტს სიცოცხლეში ერთხელ მაინც გადაუტანია საშოს სოკოვანი ინფექცია, რომელიც ვაგინალური კანდიდოზის სახელით არის ცნობილი. გვინდა, თქვენი ყურადღება დაავადების მიზეზებს, მის დროულ დიაგნოსტიკასა და პრევენციას მივაპყროთ.

  • რა არის

ვაგინალური კანდიდოზი, უბრალო ენით რომ ვთქვათ, საშოს სოკოვანი ინფექცია, სასქესო ორგანოების ყველაზე გავრცელებული სოკოვანი დაავადებაა. მას სოკო კანდიდა ალბიკანსი (Candida albicans) იწვევს. სოკოს გამრავლებისთვის აუცილებელია ხელსაყრელი გარემო. ის, ისევე როგორც ზოგიერთი სხვა მიკროორგანიზმი, მცირე რაოდენობით ყოველთვის არის ჯანმრთელი ადამიანის საშოში, საჭმლის მომნელებელ სისტემაში და კანზე, მაგრამ ეს რაოდენობა არ არის საკმარისი, რომ დაავადება გამოიწვიოს. მიკროორგანიზმთა ბალანსის შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ორგანიზმის სხვა ბინადრები – ლაქტობაქტერიები, რომლებიც მრავლად არიან საშოში, თრგუნავენ მავნე მიკროორგანიზმებს და ასე გვიცავენ ინფექციისგან. თუმცა ხდება ისეც, რომ ბალანსი ირღვევა, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის სოკოს გამრავლებისთვის. ამ დროს "უწყინარი" სოკო პათოგენური ხდება და იწვევს დაავადებას, რომელიც შესაბამისი სიმპტომებით ვლინდება.

  • ვის ემუქრება

დაავადების გამოწვევისთვის სოკოს, როგორც ვთქვით, ხელსაყრელი გარემო სჭირდება, ასეთი გარემო კი საშოში იქმნება:
* ჰორმონული დისბალანსის, კერძოდ, ესტროგენის დონის მატების დროს, რაც გარდაუვალია ორსულობისას, ძუძუთი კვებისას, მენოპაუზის პერიოდში, ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღების ან ესტროგენით ჩანაცვლებითი თერაპიის ფონზე;
* არაკონტროლირებული დიაბეტის დროს, როდესაც გლუკოზის დონე სისხლსა და საშოს ლორწოვანში მკვეთრად იმატებს;
* ანტიბიოტიკებით მკურნალობის დროს – ისინი ანადგურებენ ორგანიზმის სასარგებლო მიკროფლორას, რითაც მწვანე შუქს უნთებენ სოკოს ზრდასა და გამრავლებას;
* საშოს გამწმენდი სპრეის გამოყენების დროს – ის ცვლის საშოს მჟავიანობას და არღვევს მიკროორგანიზმთა ბალანსს.
დაავადების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ბრძოლისუნარიანი იმუნური სისტემა. იმუნოდეფიციტური პათოლოგიების, მაგალითად, შიდსის დროს იმუნურ სისტემას არ ძალუძს, ხელი შეუშლოს საშოში სოკოს უკონტროლო გამრავლებას.
ვაგინალურ კანდიდოზს ხშირად ამწვავებს: სტრესი, კვების დარღვევა, ძილის დეფიციტი, მენსტრუაცია, ტკბილეულის ჭარბი მიღება.

  • მამაკაცებსაც ემუქრებათ?

ვაგინალური კანდიდოზი არ მიეკუთვნება სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციათა რიცხვს. ის შეიძლება იმ ქალებთანც შეგვხვდეს, რომლებსაც სქესობრივი ცხოვრება არ აქვთ, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ კანდიდოზი უმეტესად სქესობრივად აქტიურ ქალებს ემართებათ და ამ შემთხვევაში მამაკაცებსაც ემუქრებათ საფრთხე, განსაკუთრებით მათ, ვისაც შაქრიანი დიაბეტი აქვს ან დიდი ხანია იღებს ანტიბიოტიკებს, ამიტომ სასქესო ასოს შეწითლება და ქავილი, მეტადრე – თუ ამას მტკივნეული შარდვაც ერთვის, შესაძლოა სწორედ კანდიდოზის ნიშანი იყოს.

  • როგორ ვლინდება

საშოს მიდამოში დისკომფორტის შეგრძნება და ქავილი სოკოვანი ინფექციის ძირითადი სიმპტომებია. მათ შესაძლოა დაერთოს:
* საშოსა და ვულვის – სასქესო ორგანოების გარეთა ნაწილის – წვა, სიწითლე და შეშუპება;
* გამონაყარი;
* ტკივილისა და წვის შეგრძნება შარდვის დროს;
* ტკივილი სქესობრივი აქტის დროს;
* სქელი, თეთრი, უსუნო, ხაჭოსებრი კონსისტენციის გამონადენი საშოდან.

  • როდის მივმართოთ ექიმს

საშოს სოკოვანი ინფექციის სიმპტომები ჰგავს სხვა, უფრო სერიოზული სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისა და ბაქტერიული ვაგინოზის ნიშნებს, ამიტომ მათი გამოვლენისას მოერიდეთ თვითმკურნალობას და დაუყოვნებლივ მიდით ექიმთან, რათა სხვა სახიფათო დაავადებები გამოირიცხოს და დროულად დაინიშნოს სწორი მკურნალობა.

  • დიაგნოსტიკა

დიაგნოზი ემყარება ანამნეზს – ინფორმაციას წარსულში გადატანილი საშოს ინფექციებისა და სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ.
მნიშვნელოვანია სასქესო ორგანოს გარეგანი დათვალიერება სიწითლის, შეშუპების, გამონაყარისა და გამონადენის შესაფასებლად და საკუთრივ საშოს დათვალიერება სპეციალური ხელსაწყოთი.
სოკოს სახეობის დასადგენად ტარდება საშოს სეკრეტის მიკროსკოპული ანალიზი.

  • მკურნალობა

მკურნალობა დაავადების სიმძიმესა და სიხშირეზეა დამოკიდებული.
მსუბუქი და საშუალო სიმძიმის სიმპტომების შემთხვევაში რეკომენდებულია თერაპიის მოკლე კურსი, რომელიც ტარდება სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატით 3-7 დღის განმავლობაში. ეს შეიძლება იყოს მალამო ან სანთელი (მიკონაზოლი, კლოტრიმაზოლი). შესაძლოა დაინიშნოს შინაგანად მისაღები საშუალება – ფლუკონაზოლიც.
ფლუკონაზოლის მიღების უკუჩვენებაა ორსულობა. ამ დროს რეკომენდებულია მხოლოდ ადგილობრივი საშუალებების – მალამოებისა და საშოს სანთლების – გამოყენება.
თუ გაქვთ დიაბეტი ან სუსტი იმუნური სისტემა, შესაძლოა, სოკოვანი ინფექცია თქვენს მუდმივ თანამგზავრად იქცეს. ამ ფორმას რეგულარულ ვულვოვაგინალურ კანდიდოზს უწოდებენ.
თუ სოკოვანი ინფექცია წელიწადში ოთხჯერ მაინც გემართებათ, თანაც მძიმე ფორმით, საჭიროა მკურნალობის ხანგრძლივი კურსი. ექიმმა შესაძლოა გამოგიწეროთ ფლუკონაზოლის აბები კვირაში ერთხელ, 6 თვის განმავლობაში.


ვაგინალური კანდიდოზის დროს საშოში ლაქტობატერიების რაოდენობა მკვეთრად იკლებს. სოკოს გამრავლების შესანელებლად რეკომენდებულია ამ ბაქტერიების პერორალური გზით მიღება. ლაქტობაქტერიები შედის რძის ნაწარმის შემადგენლობაში. განსაკუთრებით ბევრია ისინი იოგურტსა და მაწონში. ამიტომ ანტიბიოტიკებით მკურნალობისას რეკომენდებულია ამ პროდუქტების ჭამა.

  • შესაძლო გათულებები

ნებაზე მიშვებულ შემთხვევებში მსუბუქი ფორმის სოკოვანი ინფექცია შესაძლოა უფრო რთულ ფორმაში გადაიზარდოს, ხშირი და ძლიერი ქავილის შედეგად კანის დაზიანების გამო კი დაავადება შესაძლოა კანის ინფექციით გართულდეს.

  • თავიდან აცილება შესაძლებელია

ვაგინალური კანდიდოზი ძალიან გავრცელებულია, რადგან მისი ხელშემწყობი და მაპროვოცირებელი უამრავი ფაქტორის თავიდან აცილება ადვილი არ არის, მაგრამ თუ ქვემოთ მოყვანილ რჩევებს გაითვალისწინებთ, მკვეთრად შეამცირებთ ინფექციის განვითარების რისკს.
უპირველეს ყოვლისა, სოკოს უნდა შევუქმნათ ზრდისა და გამრავლებისთვის არახელსაყრელი გარემო, რაც იმას ნიშნავს რომ:
* თუ დიაბეტი გაქვთ, მუდმივად აკონტროლოთ და არეგულიროთ ორგანიზმში გლუკოზის დონე;
* აღმოფხვრათ ჰორმონული დისბალანსი და თავი არიდოთ ჩასახვის საწინააღმდეგო საშვილოსნოსშიდა იმპლანტის ჩადგმას.

  • ჰიგიენის როლი

არანაკლებ მნიშვნელოვანია ჰიგიენის წესების ზედმიწევნით დაცვა როგორც მკურნალობისას, ისე მის შემდგომ პერიოდში.
დაიცავით გარეთა სასქესო ორგანოს სისუფთავე და სიმშრალე. არ გამოიყენოთ საპონი, დაიბანეთ მხოლოდ წყლით. მიიღეთ თბილი და არა ცხელი აბაზანა.
არ გამოიყენოთ ვაგინალური სპრეი – ის ანადგურებს სასარგებლო მიკროორგანიზმებს და ზრდის სოკოვანი ინფექციის განვითარების ალბათობას.
სოკოვანი ინფექციის გავრცელების ან სხვა ინფექციის მიღების თავიდან ასაცილებლად სქესობრივი კონტაქტის დროს გამოიყენეთ დამცავი საშუალებები (კონდომი).
ერიდეთ მოჭერილ შარვალსა და შორტებს – ასეთმა ტანსაცმელმა შესაძლოა ოფლიანობა და კანის გაღიზიანება გამოიწვიოს.
ჩაიცვით მხოლოდ ბამბისზედაპირიანი საცვალი და ასეთივე კოლგოტი. აბრეშუმისა და ნეილონის ტარებას ერიდეთ, რადგან ეს ქსოვილები ზრდის გაოფლიანების ალბათობას, რამაც შესაძლოა სიმპტომები გააძლიეროს.

პროგნოზი
დროული და სწორი მკურნალობის შემთხვევაში პროგნოზი კეთილსაიმედოა. სიმპტომები სრულიად ალაგდება.

მარიამ ჯანიაშვილი

გააზიარე: