როგორ ავიცილოთ თავიდან რაქიტი

გააზიარე:


ვერ გეტყვით, რატომ სთხოვს ქართული ხალხური სიმღერა მზეს შინ შემოსვლას, თანაც რატომღაც მაინცდამაინც მაშინ, როცა ბავშვის მამა შინ არ არის. ფაქტი ერთია – როგორც არ უნდა ვეხვეწოთ, ეს ვეებერთელა მნათობი სახლში ვერ შემოეტევა და ჩვენი თვალისჩინი თუ საგულდაგულოდ ვუმალეთ, მზეთუნახავობისა რა მოგახსენოთ, მაგრამ რაქიტის განვითარებას ნამდვილად შევუწყობთ ხელს. ეს ყველამ კარგად ვიცით, თუმცა მშობლებს კითხვები არ გველევა: საკმარისია თუ არა მზე რაქიტის პროფილაქტიკისთვის? მზის გულზე ნებივრობითა და ერთი დაავადების თავიდან აცილებით ნამცეცას ჯანმრთელობას სხვა, უფრო დიდ პრობლემას ხომ არ შევუქმნით? როგორ შევარჩიოთ საუკეთესო ათასი არსებული მედიკამენტიდან? ამ და სხვა კითხვებით “ავერსის კლინიკის” პედიატრიული სამსახურის ხელმძღვანელს, მედიცინის დოქტორს თამარ ობგაიძეს მივმართეთ:                               

– ქალბატონო თამარ, ბევრ მშობელს რაქიტი მხოლოდ ძვლების დაავადება ჰგონია. რამდენად მართებულია ეს მოსაზრება?
– რაქიტი (მცირე გამონაკლისების გარდა) ჰიპოვიტამინოზების ჯგუფს მიეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მიზეზი ვიტამინის, სახელდობრ, D ვიტამინის ნაკლებობაა, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს კალციუმისა და ფოსფორის ცვლაში. ეს ორი ელემენტი, ისევე როგორც თვითონ D ვიტამინი, მართლაც შეუცვლელია გაძვალების პროცესების ნორმალური მიმდინარეობისთვის, ამიტომ ძვლების დეფორმაცია მართლაც რაქიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოვლინებაა, თუმცა ხსენებული ნივთიერებების როლი ამით არ ამოიწურება და არც ძვლების დეფორმაციაა ერთადერთი, რასაც რაქიტი იწვევს. რაქიტი მთელი ორგანიზმის დაავადებაა. მისთვის დამახასიათებელია პრაქტიკულად ყველა ორგანოს ფუნქციის მოშლა, რაც ვლინდება განვითარების ეტაპების დაყოვნებით, ანემიით (სისხლნაკლებობით), იმუნური სისტემის ფუნქციის დაქვეითებით, რაც, თავის მხრივ, ხშირი ავადობის მიზეზად იქცევა
– რა კავშირია მზესა და რაქიტის განვითარებას შორის?
– საქმე ის არის, რომ დაავადების ყველაზე ხშირი მიზეზი D ვიტამინის დეფიციტია. D ვიტამინს ან საკვებიდან (უმთავრესად ცხოველურიდან) ვიღებთ, ან თვითონ წარმოვქმნით (უფრო სწორად ჩვენი კანის უჯრედები წარმოქმნიან) მზის სხივების ულტრაიისფერი ნაწილის გავლენით. შესაბამისად, ამ გამოსხივებას, თუ ბავშვმა ის საკმარისი დოზით მიიღო, რაქიტისგან მისი დაცვა შეუძლია.
– რამდენად ხშირად ხვდებით რაქიტს თქვენს კლინიკურ პრაქტიკაში?
– საბედნიეროდ, რაქიტის მძიმე ფორმები თბილისში უკანასკნელ ხანს უფრო იშვიათად გვხვდება, ამის მიზეზი კი დაავადების დროული პროფილაქტიკაა, რასაც ჯანდაცვის პირველადი რგოლის ექიმები სწორად და დროულად ატარებენ. გარდა ამისა, საგრძნობლად მოიმატა ახალგაზრდა დედების განსწავლულობამ ელემენტარულ სამედიცინო საკითხებში, რასაც ხელს უწყობს ჯანმრთელობის საკითხებზე ბეჭდვითი თუ ინტერნეტგამოცემების ფართო ხელმისაწვდომობა. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ რაქიტის შორსწასული ფორმები კვლავ გხვდება საქართველოს ზოგიერთ კუთხეში, რაც ჩვილის არასწორი მოვლისა და კვების ბრალია.
– თუ ახდენს რაქიტის გავრცელებაზე გავლენას ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა?
– რა თქმა უნდა, რადგან ეს მზის აქტივობასთან, მზიანი ამინდების სიხშირესთან გახლავთ დაკავშირებული. შემთხვევითი არ არის, რომ ამ დაავადების შესახებ პირველი სრულყოფილი გამოკვლევა ინგლისელ მეცნიერს გლისონს ეკუთვნის – მზიანი დღეების რაოდენობა ხომ ნისლიან ალბიონზე გაცილებით მცირეა. საქართველო მზიანი ქვეყანაა, ამიტომ რაქიტის შემთხვევები ჩვენთან მინიმუმამდე უნდა იყოს შემცირებული. სამწუხაროდ, ზოგიერთი დედა პატარას წლის ცივ დროს ჰაერზე გასეირნებას არიდებს, ზოგიერთს კი ისეთი ჩაფუთნული გაჰყავს შინიდან, რომ მზის სხივები პატარას კანს ვერც კი პოულობენ.
– დაახლოებით რამდენ ხანს უნდა იყოს პატარა სუფთა ჰაერზე, რომ რაქიტი თავიდან ავიცილოთ? მზის აბაზანები პატარამ ჩრდილში უნდა მიიღოს თუ მზეზე?
– რა თქმა უნდა, გააჩნია ამინდს, ტანსაცმელს... მზის პირდაპირ სხივებს კი პატარა აუცილებლად უნდა მოვარიდოთ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ადრეულ ბავშვობაში მზით ძლიერი დამწვრობის თუნდაც ერთეული ეპიზოდები ათწლეულების შემდეგ კანის კიბოს განვითარებას უწყობს ხელს, ამიტომაც ჩვილის მიზანმიმართული გარუჯვა დაუშვებელია. 
– ზოგჯერ მშობლებს ურჩევენ, პატარა გააშიშვლონ და ფანჯრის რაფაზე ისე დააწვინონ, რომ მთელ ტანზე მზე მიადგეთ, თავი კი ჩრდილში ჰქონდეთ. მართებულია ეს მიდგომა? აღწევს მინაში ულტრაიისფერი სხივები?
– ამ გზით ჩვილს მხოლოდ ჰაერის აბაზანას ვუტარებთ, მზის აბაზანას აზრი არ აქვს, რადგან ულტრაიისფერი სხივები მინაში ვერ აღწევს. 
– გარდა მზის სხივების დეფიციტისა, დაავადების განვითარებაში კიდევ რა ფაქტორებს მიუძღვის ბრალი?
– კალციუმის, ფოსფორისა და D ვიტამინის საწყის მარაგს ახალშობილი დედისგან დაბადებამდე იღებს, ამიტომ რაქიტის განვითარებას ხელს უწყობს პათოლოგიური ორსულობა, ორსულის არარაციონალური კვება, მრავალნაყოფიანი ორსულობა, დღენაკლულობა. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს კვებას. დედის რძეში კალციუმისა და ფოსფორის სასურველი თანაფარდობაა, რაც ორივე მათგანის შეწოვას უწყობს ხელს, ხელოვნური (განსაკუთრებით –  არაადაპტირებული) საკვები, მაგალითად მაწონი, კი ამას ვერ უზრუნველყოფს. გაძვალების პროცესების დარღვევას იწვევს მოძრაობის აქტივობის შეზღუდვა (აკვანი, მჭიდრო შეხვევა). საქმე ის არის, რომ კუნთების მუშაობა ძვლებში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. არის შემთხვევები, როცა ჩვილი ელემენტებსაც და D ვიტამინსაც საკმარისი რაოდენობით იღებს, მაგრამ მისი ათვისებაა დარღვეული, მაგალითად, ხანგრძლივი დიარეის, კრუნჩხვის საწინააღმდეგო თერაპიის გამო.
გარდა ამისა, არსებობს ნივთიერებათა ცვლის ამა თუ იმ ტიპის მოშლით განპირობებული რაქიტის ფორმებიც. მაგალითად, თირკმლის სხვადასხვა პათოლოგია, რომელთა დროსაც კალციუმისა და ფოსფორის უკუშეწოვაა დარღვეული და პატარას რაქიტისმაგვარი ცვლილებები უვითარდება. ამ შემთხვევაში, D ვიტამინის თერაპიული დოზით მკურნალობის მიუხედავად, დაავადება მაინც პროგრესირებს. რაქიტის ამ ფორმას განსხვავებული მკურნალობა სჭირდება. საბედნიეროდ, ის იშვიათია.
– რა ასაკის ბავშვებს ემართებათ რაქიტი და თუ უკავშირდება პირველივე ნიშნები ძვლების დეფორმაციას?
– რაქიტი ადრეული ასაკის ბავშვთა დაავადებაა, 3 თვიდან წლამდე ვხვდებით. მისი პირველი ნიშნები უმეტესად 2-3 თვის ასაკში ვლინდება. ბავშვი ჭირვეული, მოუსვენარი ხდება, ცუდად სძინავს, ძილში კრთება, ძლიერ ოფლიანდება, განსაკუთრებით უოფლიანდება თავი. კეფის თმიანი ნაწილის ოფლიანობის გამო პატარა თავს უხახუნებს ზეწარს, რაც ამ არეში თმის გაცვენას იწვევს. ამ ასაკის პატარებს კუნთოვანი ტონუსი, ჩვეულებრივ, მომატებული აქვთ, რაქიტის დროს კი მას კუნთოვანი ჰიპოტონია ცვლის. ამ დროს მშობლები ხშირად პედიატრს კი არა, ნევროლოგს მიმართავენ და ისეთი შემთხვევებიც გვხვდება, რომ ანტირაქიტული მკურნალობის ნაცვლად ბავშვი დამამშვიდებლებსა და შარდმდენებს იღებს, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.
ძვლოვანი სისტემის მხრივ ცვლილებები კი დაავადების უფრო შორსწასული სტადიისთვის არის დამახასიათებელი. ამ დროს გვიანდება კბილების ამოჭრა, ყიფლიბანდის დახურვა, თავის ქალას ძვლები რბილდება და იცვლება თავის ფორმა – ბრტყელდება კეფა და მეტად იკვეთება შუბლის ბორცვები. დეფორმირდება აგრეთვე გულმკერდი, მაჯის არეები, მენჯი, ხერხემალი. დამახასიათებელია ქვედა კიდურების ფორმის ცვლილებაც – 0-ის ან X-ისებური დეფორმაცია. საბედნიეროდ, ძვალსასხროვანი სისტემის ასეთი მკვეთრი ცვლილებები მხოლოდ რაქიტის მძიმე შემთხვევებისთვის არის დამახასიათებელი, დროულად დაწყებული მკურნალობა ამგვარ ცვლილებებს თავიდან გვაცილებს. თუ ბავშვი ჩვენთან უკვე დეფორმაციებით მოხვდა, D ვიტამინის დანიშვნა ზოგად მდგომარეობას გააუმჯობესებს, ნევროლოგიურ დარღვევებს აღმოფხვრის, მაგრამ ძვლოვანი სისტემის ცვლილებები მთელი სიცოცხლე დარჩება.
– შეიძლება თუ არა, რაქიტმა კრუნჩხვა გამოიწვიოს?
– დიახ, რაქიტის ერთ-ერთი სერიოზული გართულებაა სპაზმოფილია. ამ დროს სისხლში კალციუმის კონცენტრაცია ქვეითდება, რაც კრუნჩხვას იწვევს. რა თქმა უნდა, ეს მდგომარეობაც, ისევე როგორც კრუნჩხვის ნებისმიერი შემთხვევა, გადაუდებელ სტაციონარულ დახმარებას საჭიროებს.
– როგორ მკურნალობენ რაქიტს?
– რაქიტის მკურნალობა კომპლექსურია. ის, უპირველეს ყოვლისა, D ვიტამინის სათანადო დოზის მიღებას გულისხმობს, რაც რაქიტის სიმძიმის მიხედვით განისაზღვრება. გარდა ვიტამინოთერაპიისა, პატარას რაციონალური კვება სჭირდება. ამ მხრივ უპირატესობა ბუნებრივ კვებას ენიჭება. აუცილებელია სეირნობა სუფთა ჰაერზე, მზის აბაზანები.
– D ვიტამინის ექვს თვეში ერთხელ მიცემა ჯობს თუ ყოველდღიურად? თუ აქვს მნიშვნელობა D ვიტამინის ფორმას?
– არსებობს D ვიტამინის რამდენიმე ფორმა – წყალხსნარი, სპირტხსნარი და ზეთოვანი ხსნარი. წყალხსნარი და ზეთოვანი ხსნარი პატარასთვის ადვილი ასათვისებელია. სპირტზე მომზადებულ D ვიტამინს დღეს იშვიათად იყენებენ და მხოლოდ მკურნალობისთვის არის გამიზნული, რადგან ვიტამინის დიდ დოზას შეიცავს.
რაც შეეხება D ვიტამინის გახანგრძლივებულ ფორმას,  ის ვიტამინის დარტყმით დოზას შეიცავს და პროფილაქტიკისათვის მისი მიღება მხოლოდ 6 თვეში ერთხელ არის საჭირო, მკურნალობის მიზნით კი გაცილებით ხშირად.
რაქიტის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის ვიტამინის ფორმას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, გაცილებით მნიშვნელოვანია დოზირების სწორად შერჩეული რეჟიმი.
– როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან რაქიტი?
– რაქიტის პროფილაქტიკაზე ზრუნვა ორსულობიდანვე უნდა დაიწყოს. მომავალი დედის რაციონი ბალანსირებული უნდა იყოს – ის აუცილებლად უნდა მიირთმევდეს რძის ნაწარმს, თევზს, კვერცხს, სეირნობდეს სუფთა ჰაერზე. თუ ცხოვრების წესითა და კვებით ვერ ხერხდება, ორსულობის ბოლო თვეებში D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა უნდა მიიღოს. დაბადების შემდეგ კი წელიწადის დროის, ბავშვის კვებისა და სუფთა ჰაერზე ყოფნის ხანგრძლივობის მიხედვით პედიატრმა შეიძლება მედიკამენტური პროფილაქტიკა მიიჩნიოს საჭიროდ. ამ შემთხვევაში, ჩვეულებრივ, დღეში 400 ერთეულ D ვიტამინს ვნიშნავთ.
– რამდენად მიზანშეწონილია რაქიტის საპროფილაქტიკოდ კალციუმის დანიშვნა?
– როგორც უკვე აღვნიშნეთ, რაქიტის მიზეზი D ვიტამინის დეფიციტია, რაც, თავის მხრივ, კალციუმისა და ფოსფორის ცვლის მოშლას იწვევს. დაავადების დასაწყისში კალციუმის დონე ნორმაშია. ასე რომ, რაქიტის პროფილაქტიკა D ვიტამინის დროული მიწოდება და მოვლისა და კვების სწორი რეჟიმია. კალციუმის დანიშვნა კი სამკურნალო მიზნით ხდება, თუ მისი დონე სისხლში ნორმაზე დაბალია.
– ხშირად პედიატრები ყიფლიბანდის მცირე ზომის გამო კალციუმისა და D ვიტამინის დანიშვნისგან თავს იკავებენ. რამდენად სწორია ეს მიდგომა?
– დავიწყოთ იმით, რომ ყიფლიბანდის ზომაზე მეტად მნიშვნელოვანია, როგორ იზრდება პატარას თავი.  რაც შეეხება რაქიტს, მისი განვითარების რისკი ყველა ჩვილს, განურჩევლად ყიფლიბანდის ზომისა, ერთნაირი აქვს. შესაბამისად, მის პროფილაქტიკაზე ზრუნვაც ერთნაირად მნიშვნელოვანია. 
– შეიძლება თუ არა, ბავშვს უფროსებისთვის გამოშვებული კალციუმისა და D ვიტამინის პრეპარატები მივცეთ?
– არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ჩვეულებრივ, ეს პრეპარატები D ვიტამინისა და კალციუმის დიდ დოზებს შეიცავს. D ვიტამინს, ცხიმში ხსნადი სხვა ვიტამინების მსგავსად, ორგანიზმში კუმულაცია (დაგროვება) ახასიათებს. მისი დოზის გადაჭარბებამ შესაძლოა ჰიპერვიტამინოზი გამოიწვიოს, რომელსაც გაცილებით მძიმე კლინიკური სურათი აქვს, ვიდრე დეფიციტს. სახელდობრ, D ვიტამინის სიჭარბე შესაძლოა ნერვული სისტემის, აგრეთვე თირკმლების დაზიანების მიზეზად იქცეს. ამავე მიზეზით თვითნებურად არც D ვიტამინის მიცემა შეიძლება. ჭარბი კალციუმის მიცემაც სახიფათოა. ასე რომ, პატარას მხოლოდ ის პრეპარატი მიეცით, რომელსაც თქვენმა ექიმმა გაუწია რეკომენდაცია სათანადო დოზით.

საზეპირო
- რაქიტი მთელი ორგანიზმის დაავადებაა, მისთვის დამახასიათებელია პრაქტიკულად ყველა ორგანოს ფუნქციის მოშლა.
- რაქიტის პირველი ნიშნები უმეტესად 2-3 თვის ასაკში ვლინდება. ბავშვი ჭირვეული, მოუსვენარი ხდება, ცუდად სძინავს, ძილში კრთება, უძლიერდება ოფლიანობა, განსაკუთრებით თავისა.
- თუ ბავშვი ექიმთან უკვე დეფორმაციებით მოხვდა D ვიტამინის დანიშვნა ზოგადი მდგომარეობის გააუმჯობესებს, ნევროლოგიურ დარღვევებს აღმოფხვრის, ძვლოვანი სისტემის მხრივ ცვლილებები კი მთელი სიცოცხლე დარჩება;
- რაქიტის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის D ვიტამინის ფორმას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, გაცილებით მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული დოზირების რეჟიმი.
- რაქიტის განვითარების რისკი ყველა ჩვილს, განურჩევლად ყიფლიბანდის ზომისა, ერთნაირი აქვს. შესაბამისად, მის პროფილაქტიკაზე ზრუნვაც ერთნაირად მნიშვნელოვანია.
- არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ბავშვს უფროსებისთვის გამოშვებული კალციუმისა და D ვიტამინის პრეპარატები მივცეთ.
- საკმარისი დოზით მიღებულ მზის გამოსხივებას შეუძლია, ბავშვი რაქიტისგან დაიცვას.
- დაუშვებელია ჩვილის მიზანმიმართული გარუჯვა – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ადრეულ ბავშვობაში მზით ძლიერი დამწვრობის თუნდაც ერთეული ეპიზოდი ათწლეულების შემდეგ კანის კიბოს განვითარების რისკს ზრდის.

გააზიარე: