როგორ გადავურჩეთ ზაფხულის სიცხეს?
გააზიარე:
ცხელი ზაფხულის ქალაქური ისტორიები
ცხელი ზაფხულის ქალაქური ისტორიები
ხდება ისეც, რომ ზაფხულში ქალაქში გვიწევს დარჩენა. აი, მაშინ კი მთელი სისრულით ვგრძნობთ, როგორ გვწვავს გავარვარებული ჰაერი კანს, ასფალტი კი ლამისაა დასკდეს და ქვესკნელში ჩაგვიტანოს. მართლაც, ზაფხულში ქალაქში დარჩენას გამბედაობა სჭირდება. გამბედაობა და იმის ცოდნა, როგორ გადავურჩეთ გაუსაძლის სიცხეს.
თბური ტალღების შემოტევაზე წინა ნომერში გესაუბრეთ. ვთქვით, რომ სიცხე სწორედ ქალაქშია განსაკუთრებით აგრესიული, რაც ე.წ. თბური კუნძულის ეფექტის ბრალია. ეს ის შემთხვევაა, როდესაც გახურებული ასფალტი და შენობები არსაიდან ნიავდება, ჰაერში ხვატი ისე ტრიალებს, როგორც სადნობ ქვაბში და ამიტომ უფრო მწველია, ვიდრე სოფლად, სადაც მეტი სივრცე და სიმწვანეა.
ისიც გემახსოვრებათ, რომ რამდენიმე რჩევა მოგეცით იმის შესახებ, როგორ მოქცეულიყავით პაპანაქება სიცხეში. დიახ, გაგრილებასაც ცოდნა სჭირდება. ამჯერად ამაზე უფრო ვრცლად ვაპირებთ საუბარს.
გაგრილების თანმხლები მოვლენები
რა სჯობია ზაფხულში კონდიციონერიდან მონაბერ გრილ ნიავს! მაგრამ მასაც ჰქონია ბნელი მხარე: ხან გაციებასა და წელის გაკავებაში ადანაშაულებენ, ხანაც – ინფექციების გავრცელებაში. მოდი, გავიგოთ, რა საფრთხეს უნდა ველოდეთ კონდიციონერის დაუდევარი გამოყენების შემთხვევაში.
ჰაერის გამოშრობა
ჰაერის გამოშრობას ყველაზე მწვავედ თვალები და კანი გრძნობენ. უმთავრესად სწორედ კარგად კონდიცირებულ ოფისებში მომუშავეებს აწუხებთ მშრალი თვალის სინდრომი (შეწითლება, გაღიზიანება, წვისა და კაწვრის შეგრძნება) და კანის სიმშრალე.
თვალის გამომშრალი ლორწოვანის დასანოტივებლად ადამიანმა ხელოვნური ცრემლი გამოიგონა, გამომშრალი კანის დასანოტივებლად კი – სპეციალური კრემები და ჟელეები, მაგრამ სანამ მიზეზს არ აღმოვფხვრით, გარეგანი საშუალებები ვერ გვიშველის. ექიმები და კოსმეტოლოგები გვაფრთხილებენ, რომ კანის დამატენიანებელი საშუალებების მუდმივი ხმარება არამცთუ სასარგებლო არ არის, საბოლოოდ შესაძლოა გვავნოს კიდეც, რადგან კანს აზარმაცებს: დროთა განმავლობაში ეს უკანასკნელი თვითდატენიანების უნარს კარგავს და როგორც კი თუნდაც ერთი დღით დაგვავიწყდება დამატენიანებელი საშუალების წასმა, უმალვე შრება და დასკდება.
ზედმეტმა კონდიცირებამ შესაძლოა ყელის სიმშრალეც გამოიწვიოს, რაც ყელში ფხაჭნის შეგრძნებით და ხველით ვლინდება.
ქრონიკული დაღლილობა
შესაძლოა შეგიმჩნევიათ ან ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ შეამჩნიოთ, რომ კონდიცირებულ ოთახში დიდხანს ჯდომა ხშირად მოთენთილობით და აუხსნელი თავის ტკივილით სრულდება. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოვლენის ზუსტი მექანიზმი დაუდგენელია, სტატისტიკა ნამდვილად არსებობს. შესაძლოა, მიზეზი ქუჩის გავარვარებული და ოფისის ძლიერ კონდიცირებული, ლამის გაყინული ჰაერის სწრაფი მონაცვლეობაც იყოს – ეს სტრესია, ორგანიზმს უჭირს ადაპტირება და იღლება.
კონდიციონერს სასუნთქი სისტემის მწყობრიდან გამოყვანაც შეუძლია: თუ ადამიანს სასუნთქი სისტემის ლორწოვანი გარსი ისედაც გაღიზიანებული აქვს, ცივი ჰაერი მას უფრო მეტად აღიზიანებს, რაც სუნთქვის გაძნელებას და ჟანგბადით ორგანიზმის მომარაგების დარღვევას იწვევს, ამან კი თავისუფლად შეიძლება დაღლილობის შეგრძნება გამოიწვიოს.
დაავადების გამწვავება
დიახ, ჭარბ კონდიცირებას ესეც შეუძლია. რისკი განსაკუთრებით მაღალია სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადების დროს, თუმცა კონდიციონერი არც მათ დაინდობს, ვისაც დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტონია), ართრიტი ან ნევრიტი აქვს.
მეტისმეტმა კონდიცირებამ შესაძლოა, ახალი დაავადების ჩამოყალიბებასაც შეუწყოს ხელი. მაგალითად, ცივი ჰაერისგან გაღიზიანებული სასუნთქი სისტემა ვეღარ იგერიებს აგრესიულ მიკროორგანიზმებს და ადამიანსაც ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექცია უფრო ადვილად ერევა.
ცივ ჰაერს მიიჩნევენ კუნთის ჭვლისა და ნერვის ანთების მიზეზად. ეს პრობლმები უმთავრესად ორპირი ქარის ან კონდიციონერის ჰაერის ჭავლის ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგია. ამ დროს ტკივილი და წელის გაკავების შეგრძნება ლოკალური ხასიათისაა და იქ ვითარდება, საითაც ცივი ჰაერის ჭავლი იყო მიმართული.
ინფექციების შემოტევა
არსებობს ინფექციური დაავადება, რომელსაც უშუალო კავშირი აქვს კონდიციონერთან. მას ლეგიონელოზი ეწოდება.
ბაქტერია, სახელად ლეგიონელა, ფილტვების ანთებას იწვევს, რომელიც მაღალი ტემპერატურით იჩენს თავს. ხშირად ინფექცია ეპიდემიასავით ვრცელდება ერთი ოჯახის წევრებს ან ოფისის თანამშრომლებს შორის და კონდიციონერზე ძნელად თუ მივიტანთ ეჭვს.
ლეგიონელას არსებობისთვის ნოტიო გარემო სჭირდება. ის მშრალ, ღია სივრცეშიც ბინადრობს, მაგრამ დაავადებას იშვიათად იწვევს. აი, დახურულ, ნესტიან სივრცეში კი მართლაც პათოგენურია. ის შეიძლება სახლობდეს წყლის ან კანალიზაციის სისტემაშიც, მაგრამ რაკი კონდიციონერიდან იოლად გამოირტყორცნება, ინფექციასაც უპირატესად აქედან ავრცელებს.
ლეგიონელა იოლად რომ არ გავრცელდეს, კონდიცირებული ოთახი ხშირ-ხშირად, 15-20 წუთში ერთხელ მაინც უნდა გაანიაოთ.
თერმორეგულაცია და მასზე მოქმედი ფაქტორები
სიცხეში რომ გვცხელა, ხოლო სიცივეში გვცივა, ჩვენი ორგანიზმის თბორეგულაციის მექანიზმების დამსახურებაა. როდესაც გარემოს ტემპერატურა მაღალია, ორგანიზმი გასაგრილებლად სითბოს გაცემას იწყებს. ამისთვის იმატებს ოფლდენა, ხშირდება სუნთქვა. თუ ეს მექანიზმები მოშლილია, თერმოეგულაცია ირღვევა და ორგანიზმი იოლად გადახურდება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათოა.
თბორეგულაციაზე გავლენას ახდენს:
* ასაკი. ჩვილებსა და მოხუცებს სხეულის ტემპერატურის რეგულირება უჭირთ.
ჩვილებთან, რომელთა თერმორეგულაციის მექანიზმიც მოუმწიფებელია, ხშირად იჩენს თავს ე.წ. ტრანზიტორული ცხელებები. ადვილი შესაძლებელიაა გადაცივებაც.
* მოხუცებთან თერმორეგულაციის პროცესი მწყობრიდან უმეტესად მაშინ გამოდის, როცა მათ გულ-სისხლძარღვთა დაავადების სამკურნალო ან შარდმდენი საშუალების მიღება უწევთ.
* ფიზიკური აქტიურობა. რაც უფრო აქტიურია ადამიანი (ვარჯიშობს, დარბის, ცეკვავს...), მით მეტი სითბო წარმოიქმნება მის სხეულში. შესაბამისად, შანსი იმისა, რომ მაღალი ტემპერატურის პირობებში გადახურდეს, მით უფრო დიდია.
* ემოციური სტრესი. ძლიერი ემოციური სტრესი თურმე იმავე მექანიზმებს რთავს ორგანიზმში, რომლებსაც გადაჭარბებული ფიზიკური აქტიურობა. ასე რომ, სიცხეში გაბრაზებას არ გირჩევთ :)
* კვება. არსებობს საკვები, რომელიც გადახურებას უწყობს ხელს. უპირველეს ყოვლისა, ეს ცხელი საკვებია. გარდა ამისა, სიცხეში არ გვირჩევენ ტკბილეულის, ალკოჰოლიანი და გაზიანი სასმელების ჭარბ მიღებას. რა თქმა უნდა, საუკეთესო საშუალება ორგანიზმის წყლით დატვირთვაა. სიცხეში ნორმალური ფუნქციონირებისთვის დღეში 2 ლიტრამდე წყალი სვით.
* ჰორმონული ცვლილებები. ამ ცვლილებებს კი უნდა ველოდეთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევისას, მენსტრუალური ციკლის მეორე ნახევარში (ამ დროს სხეულის ტემპერატურამ შესაძლოა ნახევარი გრადუსით მოიმატოს), ორსულობისა და მენოპაუზის (ე.წ. კლიმაქსის) დროს.
* ზოგიერთი მედიკამენტი, მათ შორის – შარდმდენი და არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალო საშუალებები (ბეტა-ბლოკატორები), როგორც აღვნიშნეთ, თერმორეგულაციაზე ახდენს გავლენას. მათ რიცხვს შეგვიძლია მივაკუთვნოთ ფსიქოტროპული საშუალებებიც. აღარაფერს ვამბობთ ნარკოტიკებზე, რომელთა მიღება თერმორეგულაციასთან ერთად სხვა სასიცოცხლო ფუნქციების მოშლასაც გვიქადის.
თბური დაავადების შესახებ
არსებობს პათოლოგიური მდგომარეობები, რომლებიც მეტისმეტი სიცხის დროს იჩენს თავს. თუ ადამიანს თბორეგულაცია მოშლილი აქვს, ეს პათოლოგიები კიდევ უფრო იოლად განვითარდება.
მოდი, ვნახოთ, რა გვემუქრება ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურის პირობებში:
* გამონაყარი, რომელიც წითელ წინწკლებად ვრცელდება სხეულის ღია უბნებზე და შესაძლოა ქავილიც ერთვოდეს;
* სინკოპე - გონების უეცარი, ხანმოკლე დაკარგვა, რომელსაც წინ უძღვის თავბრუხვევა, უეცარი დაღლილობის შეგრძნება. განსაკუთრებით მათ ემუქრებათ, ვისაც ორთოსტატიკური ჰიპერტენზია (წნევის ცვლილება ჰორიზონტალურიდან ვერტიკალურ მდგომარეობაში გადასვლისას, მაგალითად, საწოლიდან წამოდგომისას) აწუხებს;
* კრამპი - კუნთების უნებლიე სპაზმით იჩენს თავს. უმეტესად - ფეხის კუნთებისა;
* გამოფიტვა (გათანგულობა), რომელიც საერთო დაქანცულობის ფონზე უმეტესად თავის ტკივილით, თავბრუხვევით, პირღებინებით, კრამპით ვლინდება. შესაძლოა, დაერთოს ძლიერი ოფლდენაც;
* სითბური დაკვრა, რომელიც ჩამოთვლილთაგან ყველაზე მძიმედ მიმდინარეობს და სასწრაფო სამედიცინო დახმარებას მოითხოვს. ამ დროს ვითარდება ძლიერი დაღლილობა, პირღებინება, თავბრუხვევა, კრამპი და გონების დაკარგვა, რომელიც შესაძლოა კომურ მდგომარეობაში გადაიზარდოს. სხეულის ტემპერატურა მკვეთრადაა მომატებული. თუ ეს პათოლოგიური მდგომარეობა მზისგულზე განვითარდა, მზის დაკვრის სახელითაც მოიხსენიებენ.
თბური დაავადების დროს პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა იმის მიხედვით ხდება, რომელი სიმპტომია გამოხატული და რამდენად მძიმეა მდგომარეობა. უპირველეს ყოვლისა, დაზარალებული უნდა მოვაშოროთ გადახურების ადგილს და სიგრილეში გადავიყვანოთ. ნუ მოგერიდებათ უახლოეს სუპერმარკეტსა თუ აფთიაქში შესვლის – გამოდგება ნებისმიერი შენობა, სადაც კონდიციონერი გეგულებათ. მომდევნო ეტაპი გრილი წყლის მიწოდება და გრილი ტამპონებით სხეულის გაგრილებაა. თუ გონი დაკარგა, აუცილებელია სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება.
ყველანი ზღვაზე!
მათ, ვინც საქართველოში ვცხოვრობთ, ძალიან გაგვიმართლა: ზაფხულის პაპანაქებას გინდა მთაში გაექცევი, გინდა ზღვაზე. ამჯერად მათ ვესაუბრებით, ვისაც შვებულების გატარება ზღვის პირას გადაუწყვეტია.
რატომ გვიყვარს ზღვა
ზღვის წყალი სასიამოვნოსთან ერთად სასარგებლოცაა, კერძოდ:
* აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას და ენდოკრინული სისტემის მუშაობას.
მდიდარია სამკურნალო მაკრო- და მიკროელემენტებით (იოდით, კალიუმით, კალციუმით, მაგნიუმით, გოგირდით და სხვ.), რომელთა ნაერთებიც ასტიმულირებს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მუშაობას, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს. ეს ყველაფერი ორგანიზმის გაძლიერებასა და გაკაჟებას უწყობს ხელს.
* ეწევა ბრონქებისა და ფილტვების დაავადებათა პროფილაქტიკას. ალბათ შეგიმჩნევიათ კიდეც, რომ ზღვისპირეთში შვებით სუნთქავთ. ეს იმიტომ, რომ ზღვის ჰაერი სუფთაა და, რაც მთავარია, გაჯერებულია ზღვის მარილის უხილავი ნაწილაკებით, რომლებიც სასუნთქ გზებს მალამოდ ედება. დღის განმავლობაში ჩვენ 10 მილიონამდე ასეთ ნაწილაკს ჩავისუნთქავთ.
* ამშვიდებს ნერვულ სისტემას. ზღვის მარილში შემავალი ბრომი და მაგნიუმი დამამშვიდებელ ეფექტს ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, აუმჯობესებს ძილს. ზღვაზე გატარებული ერთი კვირა საკმარისია, რომ სტრესისა და შფოთვისგან გავთავისუფლდეთ. იოდი, რომლითაც გაჯერებულია ზღვის წყალიც და მისი ანაორთქლი ჰაერიც, აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებისთვის.
ზღვა უმზეოდ წარმოუდგენელია, ამიტომ ორიოდე სიტყვით მზის სხივების მარგებლობასაც შევეხებით.
მზე აძლიერებს იმუნიტეტს, დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, მხედველობაზე, ეწევა ბავშვებში რაქიტის პროფილაქტიკას.
რაქიტის მექანიზმი ასეთია: ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით კანში D ვიტამინი წარმოიქმნება, რომელიც, თავის მხრივ, ნაწლავებიდან კალციუმის შეწოვას უწყობს ხელს, კალციუმი კი აუცილებელია ძვლებისა და კბილებისთვის, გარდა ამისა, მონაწილეობს სისხლის შედედებაში და სხვადასხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის ფერმენტის შემადგენლობაშიც შედის.
ტალღას მოყოლილი ხიფათი
ხიფათი პირველი: დამწვრობა
მზის გულზე 15 წუთით გაჩერება სავსებით საკმარისია კანის დასაწვავად. ეს რადიაციული ხასიათის დამწვრობაა, რომელიც მაღალი ინტენსივობის შემთხვევაში კანს, არც მეტი, არც ნაკლები, დნმ-ს დონეზე აზიანებს. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვართ, მკითხველთა უმეტესობა გარუჯვის სიამოვნებაზე უარს არ იტყვის. რაკი ასეა, სიფრთხილე მაინც გამოიჩინეთ და გამოიყენეთ მაღალეფექტური მზისგან დამცავი კრემი – წაისვით შინიდან გასვლისას, წყლიდან ყოველი ამოსვლისას და აუცილებლად მთელ სხეულზე.
დამწვრობა მაშინვე არ შეგაწუხებთ – მისი სიმპტომები მთელი სიმძიმით რამდენიმე საათში დაგატყდებათ თავს. კანის მოვლა ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია.
დამწვრობის ნიშნები
გარუჯვიდან 30 წუთის შემდეგ კანი ვარდისფერს იღებს, 2-4 საათის შემდეგ წითლდება. ამ დროს დამწვარი უბანი მტკივნეული, გახურებული და დაჭიმულია, შეუძლებელია ხელის შეხება, ტანსაცმლის ჩაცმა. სიწითლე და მტკივნეულობა პიკს მეორე დღეს აღწევს. კანი კიდევ ორი დღე იწვის, მე-4 დღიდან კი აფცქვნას იწყებს.
კანის დამწვრობას შესაძლოა თან ახლდეს ტემპერატურის მატება, გულისრევისა და თავის ტკივილის შეგრძნება.
როგორ მოვიქცეთ
* თუ პირველი დღეა ირუჯებით, რაც შეიძლება ნაკლები დრო გაატარეთ მზის გულზე და წაისვით რაც შეიძლება ძლიერი ფილტრის (UV 50) შემცველი კრემი. დაბალინდექსიანი ფილტრი მხოლოდ მას შემდეგ იქნება უსაფრთხო, რაც უკვე ჩამოყალიბდება მდგრადი შოკოლადისფერი რუჯი.
* არც მზეზე, არც ჩრდილში არ იყოთ უქუდოდ. საუკეთესო ვარიანტია ფართოფარფლებიანი, ჭილის ან თეთრი გრილი ქსოვილის ქუდი. მასთან ერთად ატარეთ მზის სათვალეც, რომელიც თვალის ლორწოვან გარსს გაღიზიანებისგან დაიცავს.
* სვით რაც შეიძლება მეტი წყალი, დღეში ორი ლიტრი მაინც. სასურველია ონკანისა და არა გაზიანი ან მინერალური. საზოგადოდ, ტკბილ გაზიან სასმელებს ერიდეთ.
ხიფათი მეორე: ინფექცია
ზღვის წყალი დაბინძურებულია და მისი გადაყლაპვა არამც და არამც არ შეიძლება. პაპანაქება ზაფხულში ხმელეთთან ერთად წყალშიც სწრაფად მრავლდებიან სალმონელა, ქოლერის ვიბრიონი, როტავირუსი, ეშერიხია კოლი, პარაზიტები.
წყლის დაბინძურება საგრძნობლად იმატებს ძლიერი წვიმის შემდეგ, როდესაც ჩვეულებრივ სასმელ წყალს შესაძლოა კანალიზაციისა შეერიოს, ფეკალიების შემცველი წყალი კი საბოლოოდ ზღვაში ჩაედინება.
ინტოქსიკაციის ნიშნები
ინტოქსიკაციიდან რამდენიმე საათში თავს იჩენს გულისრევის შეგრძნება და პირღებინება, მუცლის ტკივილი და დიარეა. შესაძლოა, სხეულის ტემპერატურამაც მოიმატოს. მკურნალობა რამდენიმე საათში მოგცემთ შვებას, თუმცა შესაძლოა, ფაღარათმა რამდენიმე დღე კიდევ გასტანოს.
როგორ მოვიქცეთ
* ძლიერი წვიმის შემდეგ ზღვაში ცურვისგან თავი შეიკავეთ. მოჭარბებული მავნე მიკროორგანიზმებისგან ზღვის წყლის გასაწმენდად დაახლოებით 72 საათია საჭირო.
* ძლიერი წვიმის შემდეგ, სანამ ონკანის წყალი გაიწმინდება, ბოთლის წყალი შეიძინეთ, საკვები კი თერმულად დამუშავებული მიირთვით.
* როცა ცხელა, ერიდეთ საკვებს, რომელიც შესაძლოა ბაქტერიებით იყოს დაბინძურებული. ასეთებია კრემიანი ნამცხვრები, თერმულად დაუმუშავებელი ხორცი. ხილისა და ბოსტნეულის გარეცხვა კი სუფთა გამდინარე წყალშია რეკომენდებული.
* წაიყოლეთ მედიკამენტები, რომლებიც დიარეისა და პირღებინების შემთხვევაში შვებას მოგგვრით.
სხვა საფრთხეები
* ლეგიონელა. ეს ის ბაქტერიაა, რომელიც კონდიციონერიდან გამოფრქვეული ჰაერის საშუალებით ხვდება ოთახში, იქიდან კი – ჩვენს ფილტვებში, სადაც იბუდებს და მძიმე ინფექციურ დაავადებას – ლეგიონელოზს იწვევს. ლეგიონელა საშხაპეებშიც ბინადრობს – მას ხომ სინოტივე და სითბო უყვარს! ზღვაში ლეგიონელა ვერ ცოცხლობს, მაგრამ მდინარეში ან ტბაზე ნამდვილად შეიძლება შევხვდეთ.
ლეგიონელოზის შესახებ უფრო მეტს შეიტყობთ სტატიიდან “ცხელი ზაფხულის ქალაქური ისტორიები”.
* ალერგია. ალერგიული რეაქცია მრავალნაირია, დაწყებული უმნიშვნელო გამონაყარით, დამთავრებული ანაფილაქსიური შოკით, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას წარმოადგენს. ალერგია, რომელსაც ყველაზე მეტად უნდა ველოდეთ საზღვაო კურორტზე დასვენებისას, მზის სხივების ალერგიაა: სხეულის მოშიშვლებული ნაწილი წითლდება და გამონაყარით იფარება. ხშირად საქმეს მზის პირდაპირი სხივებისთვის თავის არიდებაც შველის. იშვიათად შესაძლოა ალერგიის საწინააღმდეგო წამალიც გახდეს საჭირო.
ალერგიულ რეაქციას ზღვის პროდუქტებიც იწვევს. ალერგის გამოხატულება სხვადასხვაგვარია, დაწყებული დიარეით, დამთავრებული ხველით, გამონაყარით და ანაფილაქსიური შოკით. სიმძიმის შესაბამისად ინიშნება მკურნალობაც.
* სოკოვანი ინფექცია. ვგულისხმობ ტერფის მიკოზს, რომელიც შეიძლება წამოვიყოლოთ პლაჟიდან, აუზიდან, სავარჯიშო დარბაზიდან თუ სპა ცენტრიდან. პირდაპირ წყლიდან სოკოვანი ინფექციის გადადება პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ ნესტიან ადგილებში მრავლად არიან ჩასაფრებულნი აგრესიული სოკოები და თავიანთ დროს ელიან.
ტერფის სოკოვანი ინფექცია იოლად ხვდება მას, ვისაც:
* უყვარს ფეხშიშველა სიარული;
* ტერფებზე კანი დაზიანებული აქვს;
* აწუხებს კანის სიმშრალე ან ჭარბი ოფლიანობა;
* აქვს ბრტყელი ტერფი.
ფეხის სოკომ რომ არ შეგაწუხოთ:
. ბანაობის შემდეგ გულდასმით გაიმშრალეთ ტერფები, განსაკუთრებით – თითებს შორის არსებული არეები;
. ერიდეთ სახიფათო ადგილებში ფეხშიშველა სიარულს;
. ერიდეთ საზოგადოებრივ საშხაპეებს;
. ნუ ისარგებლებთ სხვისი პირსახოცით, ტანსაცმლით და ფეხსაცმლით,
. აუზის, პლაჟის და მსგავსი ადგილების სტუმრობის შემდეგ საკუთარი პირსახოციც საგულდაგულოდ გარეცხეთ და გააუთოეთ (უმჯობესია, ორთქლით).
. თუ დღის განმავლობაში ფეხსაცმელი მეტისმეტად გიტენიანდებათ, აივანზე გააშრეთ და ისე ჩაიცვით.
. უპირატესობა მიანიჭეთ ბუნებრივი მასალის წინდებს და ფეხსაცმელს.
რაც მთავარია, სოკოს ნიშნების გამოვლენისთანავე (ნახეთქები, ქავილი) მიმართეთ ექიმს და დროულად იმკურნალეთ.
მთის ბუნება სხვანაირად მომხიბლავია, სხვანაირად რომანტიკული. არ არის გასაკვირი, რომ წლის ნებისმიერ დროს შეხვდებით ადამიანებს, რომლებსაც ზურგჩანთა მოუგდიათ ზურგზე და მთებისკენ გაუწევიათ. ზაფხულობით კი მათი რიცხვი ერთიორად იზრდება. დიახ, როცა ქალაქში ასფალტი დუღს, მთა იდეალური ადგილია თავის შესაფარებლად.
მთა როგორც მკურნალი
მთის კლიმატს საუკეთესო სამკურნალო თვისებები აქვს. მისთვის დამახასიათებელია დაბალი ატმოსფერული წნევა, ჰაერის ტემპერატურისა და აბსოლუტური ტენიანობის შედარებით დაბალი მაჩვენებლები, სუფთა ჰაერი, ულტრაიისფერი სხივებისა და მსუბუქი უარყოფითი აეროიონების მაღალი კონცენტრაცია.
მაღალმთიან რეგიონებში, მიუხედავად ჰაერის გაიშვიათებისა და მასთან დაკავშირებული მთის ჰიპოქსიისა (ჟანგბადის ნაკლებობისა), არტერიული სისხლის ჟანგბადით გაჯერება კი არ იკლებს, პირიქით, იმატებს. საქმე ის არის, რომ მთის კლიმატის გავლენით იზრდება სასუნთქი სისტემისა და სისხლის მიმოქცევის სარეზერვო შესაძლებლობები, უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლა. ამას ისიც მოწმობს, რომ მთის მცხოვრებლებს იშვიათად აწუხებთ გულის იშემიური დაავადება, ჰიპერტონიული დაავადება, ათეროსკლეროზი.
ნაბიჯ-ნაბიჯ მწვერვალისკენ
იმისდა მიხედვით, რა სარგებლობის მოტანა შეუძლია მთის კლიმატს, მეცნიერები მას რამდენიმე კატეგორიად ყოფენ:
* დაბალი მთა (ზღვის დონიდან 400-1000 მ);
* საშუალო მთის ქვედა სარტყელი (ზღვის დონიდან 1000-1500 მ);
* საშუალო მთის ზედა სარტყელი (ზღვის დონიდან 1500-2000 მ);
* მაღალი მთა (ზღვის დონიდან 2000 მ და მეტი).
საქართველოში სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნით დაბალი და საშუალო მთის (ზღვის დონიდან 400–2000 მ) კლიმატი გამოიყენება.
დაბალი მთის კლიმატოთერაპია ნაჩვენებია შემდეგი პათოლოგიების დროს:
* გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები: ესენციური ჰიპერტენზიის I-II სტადია; გულის იშემიური დაავადების ზოგიერთი ფორმა; ათეროსკლეროზული კარდიოსკლეროზი სტენოკარდიის იშვიათი, მსუბუქი შეტევებით გულის რიტმისა და გამტარობის დაურღვევლად; გულის სარქვლის შეძენილი მანკები; გულის უკმარისობის ზოფიერთი ფორმა;
* სასუნთქი სისტემის დაავადებები, მაგალითად, ქრონიკული ბრონქიტი რემისიის ფაზაში (არააქტიურ, მიძინებულ მდგომარეობაში), მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ბრონქული ასთმა რემისიის ფაზაში, პლევრიტი და პლევრიტის შემდგომი ნარჩენი მოვლენები, გახანგრძლივებული პნევმონია სუნთქვის უკმარისობის I-II ხარისხით.
საშუალო მთის ქვედა სარტყლისთვის ამ ჩამონათვალს ემატება რკინადეფიციტური ანემია.
საშუალო მთის ზედა სარტყელს კი უნდა ვერიდოთ, როდესაც გამოხატულია გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების უკმარისობა.
საზოგადოდ, მთის კლიმატოთერაპია უკუნაჩვენებია გულის ზოგიერთი თანდაყოლილი მანკის, მიოკარდიუმის ინფარქტის, ინფარქტის შემდგომი გართულებების, მსუბუქი ჰიპერტენზიის და გულის იშემიური დაავადების მძიმე შემთხვევების, გულის ან სუნთქვის მძიმე უკმარისობის, გახანგრძლივებული პნევმონიის, ბრონქული ასთმის მძიმე ფორმის, ფილტვის რეზექციის შემდგომი მდგომარეობის, ნეფრიტისა და ნეფროზის, თირეოტოქსიკოზის, მკვეთრად გამოხატული ნევრასთენიისა და ორსულობის დროს.
შვება იმუნური სისტემისთვის
მთაში დასვენება განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც მეტისმეტად მგრძნობიარე იმუნური სისტემა აქვს და უჩივის ნეიროდერმიტს, ალერგიულ რინიტს, ალერგიულ ასთმას. ასეთი პაციენტების უმეტესობა მთაში ერთკვირიანი დასვენების შემდეგ შვებას გრძნობს. მეცნიერთა განმარტებით, მთის კლიმატი ერთგვარად აფხიზლებს ორგანიზმს და იმ ნივთიერებების გამომუშავებას აიძულებს, რომლებიც ტონუსს უბრუნებს მას. დადებითი ეფექტი რამდენიმე თვე გრძელდება. მთის ჰავა სასარგებლოა ფსორიაზით დაავადებულებისთვისაც. ინტენსიური ულტრაიისფერი გამოსხივება ასუსტებს ამ დაავადების დერმატოლოგიურ (კანის) გამოვლენას.
რჩევა მათთვის, ვინც მთაში გამგზავრებას გეგმავს: მთის კლიმატს მართლაც ბევრი სასარგებლო თვისება აქვს, მაგრამ არსებობს მდგომარეობები, როდესაც ასეთი კლიმატი არამცთუ სასარგებლო, მავნეც შეიძლება აღმოჩნდეს, ამიტომ თუ რამეს უჩივით და ეჭვი გეპარებათ, რომ მთის ჰავა სარგებლობას მოგიტანთ, გამგზავრებამდე კონსულტაციისთვის აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
ტრავმების რეალური საფრთხე
გამოუცდელი მოლაშქრისთვის მთაში ყოველ ნაბიჯზე ფათერაკია ჩასაფრებული.
თუ პასიურად ისვენებთ და ეზოდან ცხვირს არ ყოფთ, რა თქმა უნდა, არაფერი დაგემუქრებათ, მაგრამ თუ მთას იმისთვის მიაშურეთ, რომ მთელი მისი დიდებულება შეიგრძნოთ, ყოველი გოჯი ფეხით მოიაროთ, კარავი დღეს აქ დასცეთ, ხვალ კი იქ და თავგადასავალში ალპინიზმის ელემენტებიც შეიტანოთ, ალბათ ხვდებით, რომ ტრავმისგან დაზღვეული ვერ იქნებით.
ჩანთის ჩალაგებამდე უპასუხეთ რამდენიმე კითხვას:
* კარგად იცნობთ გზას, რომელსაც ადგახართ? რა თქმა უნდა, უცნობი ადგილები უფრო მიმზდველია, მაგრამ აუცილებელია, ჯგუფის ერთი წევრი მაინც კარგად იცნობდეს გზას. ჯგუფი ვახსენე და აქვე გეტყვით, რომ რა გამოცდილი მოლაშქრეც უნდა იყოთ, უცნობი მარშრუტის მარტო გავლას არამც და არამც არ გირჩევთ. ჯგუფად ლაშქრობა გაცილებით უსაფრთხოა.
* რუკის წაღება და მისი ბაზისური ცოდნა, პროფესიონალ კარტოგრაფებთან ერთადაც რომ მოგზაურობდეთ, აუცილებელია.
* ადგილობრივი კლიმატის ცოდნაც გამოგადგებათ. ამინდის პროგნოზი წინასწარ გაარკვიეთ და წასვლამდე რამდენჯერმე გადაამოწმეთ. მთის ბუნებასთან ხუმრობა არ ღირს!
* კარგად იცნობთ ჯგუფის წევრებს? რა თქმა უნდა, მათ ოჯახურ მდგომარეობას და ჰობის არ ვგულისხმობ – სასურველია იცოდეთ, რამდენად მომზადებულები არიან, ვინ ახალბედაა და ვინ – გამოცდილი მოლაშქრე. ისიც საინტერესოა, არის თუ არა ჯგუფში ადამიანი, რომელსაც პირველი სამედიცინო დახმარების გაწევა შეუძლია.
* ჩამოწერეთ იმ ნივთების სია, რომელთა წაღებაც აუცილებელია. ესენია საველე აფთიაქი, საკვები, თბილი და გამსოაცვლელი სამოსი, ჭურჭელი, გაზის პატარა ბალონი... გადახედეთ სიას თანამოლაშქრეებთან ერთად და ვალდებულებები გაინაწილეთ.
პირველი დახმარება ტრავმის დროს
ტრავმის შეფასების პირველი კრიტერიუმი ლოკალიზაციაა – სხეულის რომელ ნაწილს, რომელ ორგანოს მიადგა ზიანი. სწორედ ამის მიხედვით დგება მკურნალობის, მანამდე კი პირველი დახმარების ტაქტიკა. თუმცა არსებობს საერთო წესი, რომელსაც მოტეხილი ორგანოს რბილი ქსოვილების დაზიანების შემთხვევაში მივმართავთ:
* კიდურის მოსვენება (თუ ქვედა კიდურია დაზიანებული, დაშავებული არ დადის; თუ ზედა – საქმისთვის არ ხმარობს);
* ყინული (დაშავებისთანავე ვადებთ. ეს შეშუპებასა და სისხლჩაქცევას ამცირებს. გაითვალისწინეთ, რომ ყინულის უშუალოდ კიდურზე დადება არ შეიძლება – ჯერ ქსოვილში ვახვევთ ან პოლიეთილენის პარკში ვდებთ);
* იმობილიზაცია – ზომიერად მჭიდრო ცირკულარული ნახვევით ვაფიქსირებთ დაზიანებულ ადგილს, რათა კიდურმა არ იმოძრაოს; კიდურს ზევით ვაწევინებთ, რათა შეშუპებისგან დავიცვათ. ამის შემდეგ უნდა მოხდეს უფრო ღრმად მდებარე ძვლების ფიქსაცია-იმობილიზაცია. კიდურის დაფიქსირება შესაძლებელია სხვადასხვა მეთოდით, ძირითადად არტაშნით, ასევე – ხელით ან, ქვედა კიდურის დაზიანების შემთხვევაში – ჯანმრთელ კიდურთან ერთად მისი გადახვევით.
არტაშანი შეიძლება იყოს იმპროვიზებულიც, ანუ ჩვენ თვითონ დავამზადოთ იმისგან, რაც იმწუთას ხელში მოგვხვდება. მთავარია, ეს ნივთი მყარი იყოს (მაგალითად, ფიცარი, ჯოხი). აუცილებელია, არტაშნით დაზიანების მეზობელი ორი სახსარი მაინც დაფიქსირდეს.
სხვა ლოკაციის მოტეხილობის შემთხვევაში პირველი დახმარების ტაქტიკა განსხვავებულია. ამის შესახებ ჟურნალ “ავერსის” 109-ე ნომერში წაიკითხავთ.
პირველი დახმარების შემდეგ დაშავებული ექიმმა უნდა ნახოს და პროფესიონალური დახმარება გაუწიოს.
მოამზადა ინა ჟირარმა