როდის და როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი ძუძუთი კვებას?

გააზიარე:

სიცოცხლის პირველივე წუთიდან ბავშვის ძუძუთი კვების მნიშვნელობა ფართოდ აღიარებული და დადასტურებულია. დედის რძე სტერილური და ცოცხალი ბიოლოგიური საკვებია, რომლის შემადგენლობაც ბავშვს განსაზღვრულ ასაკამდე ყველა საჭირო ინგრედიენტით უზრუნველყოფს. ჩვილ ასაკში ძუძუთი კვება ბავშვის ჯანსაღი ფიზიკური და გონებრივი განვითარების საფუძველია. დედის რძე იმუნიტეტის ჩამოყალიბებაში ეხმარება მას და მნიშვნელოვნად ამცირებს ზოგიერთი დაავადების განვითარების რისკს.
ამასთანავე, ძუძუთი კვების დროს დედასა და შვილს შორის იდუმალი მიჯაჭვულობა ყალიბდება, რაც მართლაც განუმეორებელი გრძნობაა.
მიუხედავად ამისა, ყველა დედა-შვილისთვის დგება დრო, როდესაც ძუძუთი კვება უნდა დასრულდეს და მისი ადგილი სხვა აქტივობებმა დაიკავოს.
ბავშვის ძუძუდან მოწყვეტას ზოგი დედა ძალიან განიცდის – მიაჩნია, რომ ამით შვილთან მისი ჯადოსნური კავშირიც დასრულდება. ნამდვილად არ არის ასე. დედა-შვილის კავშირი იმდენად ძლიერია, რომ სწორი ტაქტიკით ბავშვიც და თქვენც ადვილად გადალახავთ ამ პერიოდს. უამრავი რამის მოფიქრება შეიძლება, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს კავშირს და ძუძუსთვის თავის დანებებასაც გააადვილებს: ჩახუტება, მშვიდი საუბარი, სიმღერა, ერთად თამაში, სეირნობა...

როდის დავიწყოთ
ამერიკის პედიატრთა ასოციაციის (AAP)-ს რეკომენდაციით, მხოლოდ ძუძუთი კვება 6 თვემდე უნდა გაგრძელდეს, ხოლო დედის რძისა და დამატებითი საკვების კომბინაციით – წლამდე. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) კი დედებს ურჩევს, ბავშვს ძუძუ ორი წელი აწოვონ.
მიუხედავად ამისა, ძუძუსთვის თავის დანებება ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა და, პირველ რიგში, ბავშვისა და დედის კეთილდღეობაზეა დამოკიდებული. დედაზე უკეთ ვერავინ შეარჩევს დროს, როდესაც ისიც და მისი პატარაც მზად არიან ძუძუთი კვების შესაწყვეტად. ზოგიერთი ქალი თვითონ არჩევს სასურველ დროს ამ პროცესის დასაწყებად, ზოგი კი ბავშვს აძლევს თავისუფლებას, მაშინ დაანებოს ძუძუს თავი, როცა მოესურვება.
ბავშვის რეაქციის წინასწარ გათვლა შეუძლებელია, მაგრამ არის სიტუაციები, როდესაც ეს განსაკუთრებით რთულდება. მაგალითად, მაშინ როდესაც ბავშვი ემოციურად არასტაბილურ პერიოდში იმყოფება, შეიცვალეთ საცხოვრებელი ადგილი, აჩვევთ დამოუკიდებლად დაძინებას, სწავლობს სიარულს და სხვ. ამიტომ საუკეთესო დრო სტაბილური პერიოდია, როდესაც ბავშვი მშვიდადაა და არაფერი აწუხებს.

როდის შევწყვიტოთ
ძუძუსთვის თავის დანებება ყველაზე ადვილი მაშინაა, როდესაც ბავშვი პროცესის მიმართ თვითონ კარგავს ინტერესს. ეს შეიძლება მოხდეს ექვსი თვის ასაკში, როდესაც ჩვილი დამატებითი საკვების მიღებას დაიწყებს, ან ოდნავ მოგვიანებით, ერთი წლისთვის, როდესაც სასმლის ჭიქიდან დალევას ისწავლის. თუ ბავშვი ძუძუს წოვის დროს წრიალებს, ერთი სული აქვს, მორჩეს და გართობა გააგრძელოს, იცოდეთ: ის თვითონვე გაძლევთ ნიშანს, რომ ძუძუსთვის თავის დასანებებლად მზადაა.
ასეთივე ნიშნებია:
* კვების ხანგრძლივობის შემცირება;
* გონების გაფანტვა და პარალელურად სხვა რამის კეთების სურვილი;
* ჭამის ნაცვლად დედის ძუძუსთან თამაში ან მისი მხოლოდ დასამშვიდებლად გამოყენება.
ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ძუძუს წოვა ბავშვისთვის მხოლოდ ჩვევაა, რომლის მოშლაც უკვე არც ისე ძნელი იქნება.

დედის გადაწყვეტილება
21-ე საუკუნეში ყველა დედას ნამდვილად არ აქვს ფუფუნება, შვილი ძუძუთი იმდენ ხანს კვებოს, რამდენ ხანსაც მისთვის და პატარასთვის იქნება უკეთესი. თუ ბავშვის ძუძუდან მოშორება გარემოებებმა გაიძUლათ და პატარამ ეს ძალიან განიცადა, წერტილის დასმა ცოტა ხნით გადადეთ: ამ პერიოდში ბავშვის დედაზე მიჯაჭვულობა იმდენად ძლიერია, რომ ძუძუდან უეცრად მოწყვეტამ შესაძლოა ის ფსიქოლოგიურად დააზიანოს.
ცოტა ხნის შემდეგ კიდევ ერთხელ სცადეთ. გაითვალისწინეთ ბავშვის ასაკი, ხასიათი და მიჯაჭვულობის ხარისხი, ისიც, მხოლოდ მოშიებული ითხოვს ძუძუს თუ თავის დასამშვიდებლააც. უკანასკნელ შემთხვევაში უფრო მეტი ძალისხმევა დაგჭირდებათ.

როგორ დავიწყოთ
თუ ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეთ, პირველი, რაც უნდა გააცნობიეროთ, ის არის, რომ დრო და მოთმინება დაგჭირდებათ. დაიწყეთ ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ. ასე მკერდის გამაგრებასაც აიცილებთ თავიდან და ბავშვიც მშვიდად მიეჩვევა სიახლეს.
* ადრევე დაიწყეთ. ძუძუდან გამოწველილი რძის ბავშვისთვის ბოთლით მიცემა შეგიძლიათ თვე-ნახევრიდან დაიწყოთ – ბავშვი მიეჩვევა, რომ არსებობს კვების სხვა გზაც, გარდა ძუძუსი.
* გამოატოვებინეთ კვება. საუკეთესო ვარიანტია, ყოველ მესამე-მეოთხე დღეს თითო “ტრაპეზი” გამოატოვებინოთ, ისე, რომ საბოლოო ჯამში მთელი პროცესი ორ კვირამდე გაგრძელდეს. თავდაპირველად გამოატოვებინეთ მისთვის ყველაზე ნაკლებად საყვარელი და სასიამოვნო კვება, დილის და ძილისწინა ულუფას კი სულ ბოლოს დაემშვიდობეთ.
* შეამცირეთ ძუძუთი კვების ხანგრძლივობა. თუ აქამდე პატარა, ჩვეულებრივ, 10 წუთი წოვდა ძუძუს, ამიერიდან მხოლოდ 5 წუთი აწოვეთ. შეგიძლიათ, დანარჩენი 5 წუთი ეთამაშოთ, გაართოთ ან “დესერტი” – ხილფაფა შესთავაზოთ. თუ იმ ხნისაა, რომ ხილფაფა ჯერ ადრეა მისთვის, შეგიძლიათ, დამატებად მისცეთ ხელოვნური ან თქვენივე, გამოწველილი რძე.
* ყურადღება გადაატანინეთ და გაართეთ. ეს ხერხი იმ ასაკის ბავშვებთან ჭრის, რომლებთანაც აზრიანად საუბარი შესაძლებელია და რომლებისთვისაც ძუძუს წოვა უკვე ჩვევაა და არა დანაყრების უალტერნატივო საშუალება. როდესაც ძუძუს მოგთხოვთ, ყურადღება სხვა რამეზე გადაატანინეთ – იმაზე, რაც განსაკუთრებულ ინტერესს აღუძრავს – და ეცადეთ, რაც შეიძლება მეტი ხნით გადადოთ პროცესი.
* გამოიჩინეთ მეტი ყურადღება. ზემოთ დედა-შვილის იდუმალი, აუხსნელი, ჯადოსნური კავშირი ვახსენეთ. სწორედ ამ მაგიური სიახლოვის დანაკლისს განიცდიან დიდებიც და პატარებიც ძუძუთი კვების შეწყვეტის შემდეგ. ეცადეთ, ამ რთულ პერიოდში ბავშვს ყურადღება არ მოაკლოთ. ძუძუს წოვით მიღებული სიამოვნება ჩაანაცვლეთ მისთვის საყვარელი სხვა აქტივობებით, ძილის წინ წაუკითხეთ, ესაუბრეთ, მაგრად ჩაიხუტეთ გულში, რათა იგრძნოს, რა მნიშვნელოვანია თქვენთვის და მიხვდეს, რომ მართალია, ცხოვრების ერთი ეტაპი დამთავრდა, მაგრამ მომდევნო, არანაკლებ სასიამოვნო, წინაა.
ნუ დაივიწყებთ, რომ დიდი სამსახურის გაწევა შეუძლია მამას. თუ ბავშვს დასაძინებლად მამა დააწვენს, ეს უფრო მეტად შეუმსუბუქებს ძუძუს წოვის სურვილს და მონატრებას.
საქმის კიდევ უფრო გასაადვილებლად:
* იმ დროის მოახლოებისას, როდესაც, ჩვეულებრივ, ძუძუს აწოვებდით ხოლმე, ბავშვს რამე გასართობი გამოუძებნეთ. რამე ისეთი, რაც მისგან კონცენტრაციას და ყურადღების მობილიზებას მოითხოვს.
* მოერიდეთ იმ ადგილას დაჯდომას, სადაც, ჩვეულებრივ, ბავშვს ძუძუს აწოვებდით (დივანი, სავარძელი). ნუ ჩაიცვამთ ტანსაცმელს, რომელიც ამ დროს გეცვათ.
* დაბოლოს, პროცესში დაიხმარეთ ოჯახის წევრებიც. დღის იმ მონაკვეთში, როდესაც ბავშვი ძუძუს წოვდა, შეიძლება, მამამ ან სხვა ნათესავებმა ეზოში ჩაიყვანონ, გაასეირნონ, გაართონ. როცა პატარას დედა თვალთახედვის არეში აღარ ეყოლება, ალბათობა, რომ ძუძუს მოითხოვს, საგრძნობლად შემცირდება.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: