რისი სუნი გცემს?
გააზიარე:
გარე სამყაროს ადამიანი ხუთი ძირითადი გრძნობის მეშვეობით აღიქვამს. სმენა, მხედველობა, ყნოსვა, შეხება, გემოვნება – წარმოიდგინეთ, რა ძნელი იქნება ცხოვრება რომელიმე მათგანის გარეშე...
ყნოსვა მხედველობის მარჯვენა ხელია. როცა ვერ ვხედავთ, ცუდისა და კარგის გარჩევაში სწორედ სუნი გვეხმარება. სუნი გვაფხიზლებს და გვაბრუებს, სიამოვნებას გვგვრის და გვაფრთხილებს, როცა ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ტყუილად კი არ ამბობენ, როცა უსიამოვნო წინათგრძნობა აქვთ – ღალატის სუნი მცემს, ან ამ საქმეს ცუდი სუნი უდისო...
ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელები ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მომენტებს სწორედ სურნელის მეშვეობით იმახსოვრებდნენ. მათ რქის სპეციალური ჭურჭლით თან დაჰქონდათ მძაფრსუნიანი ნივთიერებები, რათა ნებისმიერ წუთს შესძლებოდათ ამ სურნელთან დაკავშირებული მომენტების მეხსიერებაში გაცოცხლება.
მინდა, სწორედ ამ უმნიშვნელოვანესი შეგრძნების დაკარგვაზე გესაუბროთ.
ყნოსვის დაკარგვას ანოსმიას უწოდებენ. მას არაერთი მიზეზი აქვს. მოდი გავიგოთ, როდის არის ანოსმია საყურადღებო, რა იწვევს, როგორ ვუმკურნალოთ და როგორ ვიფხიზლოთ მაშინაც, როცა საფრთხის სუნი არ გვცემს.
როგორ შევიგრძნობთ სურნელს
ადამიანს ტრილიონამდე სუნის აღქმა შეუძლია, რაც ოთხასამდე ყნოსვის რეცეპტორის დამსახურებაა. რეცეპტორები ცხვირის ღრუს ზედა ნაწილში, ყნოსვის ნერვის დაბოლოებაზე, უმცირეს ძაფისმაგვარ სტრუქტურებში – ცილიებშია თავმოყრილი. პროცესი მაშინ იწყება, როცა ადამიანი გარემოში გამოთავისუფლებულ, ჰაერში შეწონილ არომატულ მოლეკულებს შეისუნთქავს.
ცხვირის ღრუში მოხვედრილი მოლეკულები ყნოსვის რეცეპტორებს უკავშირდება, იშლება, ნერვულ იმპულსად გარდაიქმნება და ყნოსვის ნერვის მეშვეობით თავის ტვინში იგზავნება, სადაც ხდება სუნის აღქმა და გარჩევა.
რა იწვევს
ყნოსვის დაკარგვას ბევრი რამ იწვევს, თუმცა მძიმე დაავადებაზე ის იშვიათად მიანიშნებს და ამ დროს ყნოსვის დაკარგვის მიზეზი, როგორც წესი, თავის ტვინში არსებული ყნოსვის ცენტრის დაზიანებაა.
სანამ ასეთ დაავადებებზე გადავიდოდე, გეტყვით, რომ 80 წელს გადაცილებულთა 75 პროცენტზე მეტი ყნოსვის დაქვეითებას ან დაკარგვას უჩივის, რაც იმას ნიშნავს, რომ ანოსმია შეიძლება ასაკთანაც იყოს დაკავშირებული. 60 წლიდან ცხვირის ღრუში ყნოსვის რეცეპტორების რაოდენობა იკლებს და ადამიანიც უფრო და უფრო ნაკლები მოლეკულის ამოცნობას ახერხებს.
ანოსმიის ყველაზე ხშირი მიზეზი ცხვირის ღრუს ამომფენი ლორწოვანი გარსის გაღიზიანება ან შეგუბებაა მწვავე სინუსიტის, გაციების, ალერგიული თუ არაალერგიული რინიტის, გრიპის დროს.
ყნოსვის დაკარგვას ასევე ხშირად იწვევს ცხვირის ღრუს დახშობა დეფორმირებული ძვლებით, არასიმსივნური წანაზარდებით – პოლიპებით ან სიმსივნით.
ნაკლებად გავრცელებულ მიზეზებს მიეკუთვნება:
* ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადებები, რომელთა კლინიკურ გამოვლენასაც შესაძლოა სწორედ ყნოსვის დაკარგვა უძღოდეს წინ. ვარაუდობენ, რომ ამ დაავადებათა სიმპტომების გამოვლენამდე ხუთი ან მეტი წლით ადრე მათი განვითარების მაუწყებლად შესაძლოა სწორედ ანოსმია მოგვევლინოს;
* ცხვირის ღრუს ან ყნოსვის ნერვის დაზიანება ქირურგიული ჩარევისა თუ თავის ტვინის ტრავმის შედეგად, თავის ტვინის ანევრიზმისა (თავის ტვინის სიხლძარღვის გათხელება და პათოლოგიური გამობერილობა) თუ სიმსივნის დროს;
* ცხვირის პლასტიკა;
* ტოქსიკური ქიმიური ნაერთების, მაგალითად, პესტიციდების შესუნთქვა;
* თავის ტვინისა და კისრის არეში არსებული სიმსივნის რადიაციული თერაპია;
* მედიკამენტები, მათ შორის – ზოგიერთი ანტიბიოტიკი, ანტიდეპრესანტი, ანთების საწინააღმდეგო, საგულე და წნევის დამწევი საშუალება;
* დიაბეტი;
* გაფანტული სკლეროზი;
* მალნუტრიცია (საკვები ნივთიერებების დისბალანსი);
* ზოგიერთი გენეტიკური დაავადება, მათ შორის – შიზოფრენია, ნიმან პიკის დაავადება (ხდება უჯრედული ცხიმის მეტაბოლიზმის დაქვეითება, რაც ხელს უშლის უჯრედების ფუნქციობას და საბოლოოდ იწვევს მათ კვდომას), კლაინფელტერის სინდრომი (გენეტიკური დაავადება, როდესაც მამრობითი სქესის ბავშვს აქვს ზედმეტი X ქრომოსომა), ჰანტინგტონის დაავადება (მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც თავის ტვინის ნერვული უჯრედების გადაგვარებას იწვევს), კალმანის სინდრომი (იშვიათი გენეტიკური დაავადება, როდესაც ბავშვი თანდაყოლილი ანოსმიით იბადება);
* შოგრენის სინდრომი (ავტოიმუნური ანთებითი დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია თვალისა და პირის ღრუს სიმშრალე);
* ჰორმონული დარღვევები.
შედარებით იშვიათია იდიოპათიური (უცნობი მიზეზით გამოწვეული) ანოსმიაც.
აქვე უნდა ვახსენოთ თუთია, რომელიც უჯრედების ნორმალურ მუშაობას უზრუნველყოფს და უდიდესი გავლენა აქვს ყნოსვის ფუნქციაზე. ამ მინერალის ნაკლებობისას სუნის აღქმა ირღვევა.
როდის მივმართოთ ექიმს
გაციებით, ალერგიითა და სინუსების ანთებით განპირობებული ყნოსვის დაკარგვა, ჩვეულებრივ, თავისთავად აღდგება რამდენიმე დღეში, მაგრამ თუ ანოსმია არ განვითარებულა გაციების ან ალერგიის ფონზე და ორი კვირაა გრძელდება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რათა სხვა, უფრო სახიფათო მიზეზები გამოირიცხოს. თუ 60 წელს გადაცილებული ბრძანდებით, ყველაზე სავარაუდოა, სუნის აღქმის დარღვევა ასაკის მატებასთან იყოს დაკავშირებული და არა რომელიმე საშიშ პათოლოგიასთან.
დიაგნოსტიკა
რა თქმა უნდა, მოწმდება, რამდენად შეუძლია ადამიანს სუნების აღქმა და ერთმანეთისგან გარჩევა.
გარდა ამისა, დიაგნოზის დასასმელად უნდა გაირკვეს:
* იზოლირებულია ანოსმია თუ სხვა დაავადების თანმხლები;
* ახლავს თუ არა თან სხვა სიმპტომებიც;
* რამდენი ხანია გრძელდება;
* ხომ არ უკავშირდება გაციებას ან ალერგიას;
* ხომ არ იღებს პაციენტი წამალს, რომელსაც შეეძლო, ყნოსვის დაქვეითება ან დაკარგვა გამოეწვია;
* ხომ არ ჰქონია შეხება ტოქსიკურ ნივთიერებებთან.
დიაგნოსტიკის პროცესში შესაძლოა ჩატარდეს ცხვირის ღრუს დათვალიერება მასში არასიმსივნური წანაზარდების, პოლიპების, არსებობის გამოსარიცხად.
შესაძლოა, ექიმმა საჭიროდ მიიჩნიოს კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიაც.
მკურნალობა
სამწუხაროდ, ანოსმია ყოველთვის არ ექვემდებარება მკურნალობას, განსაკუთრებით მაშინ, როცა ასაკთანაა დაკავშირებული.
გაციებით ან ალერგიით გამოწვეული ყნოსვის დაკარგვა, როგორც ვთქვით, სპეციფიკურ მკურნალობას არ მოითხოვს – ყნოსვა თავისთავად აღდგება. ანთებითი პროცესის ჩასაცხრობად და სუნთქვის გასაუმჯობესებლად შეიძლება დაინიშნოს ანტიჰისტამინური და ლორწოვანის შეშუპების შეგუბების საწინააღმდეგო საშუალებები, მაგალითად, ოქსიმეტაზოლინის სპრეი.
ცხვირის ღრუში პოლიპების არსებობისას საჭიროა ქირურგიული ჩარევა – პოლიპების ამოკვეთა. სხვაგვარად ყნოსვა ვერ აღდგება.
თუ ყნოსვის დაკარგვის მიზეზი წამალია, მიმართეთ ექიმს, რათა შეგირჩიოთ ალტერნატიული პრეპარატი, რომელიც ყნოსვაზე უარყოფითად არ იმოქმედებს. არ შეწყვიტოთ მედიკამენტების მიღება თვითნებურად, ექიმთან გასაუბრებამდე!
უსაფრთხოების წესები
სამწუხაროდ, ანოსმია ყოველთვის არ იკურნება და ბევრს ცხოვრების გაგრძელება ყნოსვის – ამ მნიშვნელოვანი შეგრძნების გარეშე უწევს. მხოლოდ ბუნებისა თუ გემრიელი კერძის სურნელით მოგვრილ სიამოვნებას კი არ ვაკლდებით, არამედ შესაძლოა საფრთხეშიც აღმოვჩნდეთ – ვერ შევამჩნიოთ სიცოცხლისთვის სახიფათო სიტუაცია, რომლის ამოცნობაც, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ყნოსვითაა შესაძლებელი. მაგალითად, ბუნებრივი აირის გაჟონვა. ამიტომ აუცილებლად შეამოწმეთ გაყვანილობა ძილის წინ. დაამონტაჟეთ სახლში კვამლის დეტექტორები – ისინი უმალვე გამცნობენ მოსალოდნელი ხანძრის შესახებ. იფრთხილეთ საკვების მიღების დროსაც. თუ ეჭვობთ, რომ შესაძლოა უვარგისი იყოს, ნუ შეჭამთ. თუ ეწევით, ეცადეთ, თავი დაანებოთ, რადგან თამბაქოს წევამ შესაძლოა სხვა შეგრძნებებიც შეასუსტოს.
მარიამ ჯანიაშვილი