როგორ მოვიქცეთ ყურის ბაროტრავმის დროს?

გააზიარე:

თვითმფრინავით მგზავრობისას ალბათ ყველას გამოუცდია ყურების დაგუბების უსიამოვნო შეგრძნება... ყოველგვარ გარემოს, ჰაერს თუ წყალს, საკუთარი წნევა აქვს, რომელთანაც შეგუებულია ამ გარემოში მცხოვრები ცოცხალი ორგანიზმი. როცა ადამიანი გარემოს იცვლის, მაგალითად, მთაზე ადის ან წყალში ჩადის, იცვლება, სხეულზე გარედან მოქმედთან ადაპტირდება სხეულის ღრუებში არსებული წნევა. თუ ეს უკანასკნელი გარემოს წნევას ვერ გაუთანაბრდა, განვითარდება ბაროტრავმა.

განასხვავებენ ბაროტრავმის მწვავე (შემთხვევით) და ქრონიკულ (განმეორებით) შემთხვევებს. სამედიცინო ჩარევაც ამის მიხედვით ხდება.

ტრავმირებული ყური
ბაროტრავმის ყველაზე გავრცელებული სახეობა ყურის ბაროტრავმაა. ის ვლინდება:
* თავბრუხვევით;
* ყურში ზეწოლის შეგრძნებით;
* სმენის მცირედი დაქვეითებით;
* ყურის დახშობის ან სისავსის შეგრძნებით.
თუ ბაროტრავმა მძიმეა ან დიდხანს დარჩა მკურნალობის გარეშე, თავს იჩენს უფრო სერიოზული სიმპტომებიც:
* ყურის ტკივილი;
* ყურებში ზეწოლის შეგრძნება (როგორც წყალქვეშ);
* ცხვირიდან სისხლდენა;
* სმენის ზომიერი ან მძიმე დაქვეითება;
* დაფის აპკის დაზიანება.
მკურნალობის შემთხვევაში ყველა ეს სიმპტომი ადვილად გაივლის. ყურის ბაროტრავმით გამოწვეული სმენის დაკარგვაც, წესისამებრ, დროებითი და შექცევადია.

მიზეზები
ყურის შუა ნაწილი ცხვირ-ხახასთან დაკავშირებულია მილით, რომელიც შუა ყურში არსებულ წნევას ატმოსფერულის შესაბამისად აბალანსებს. მას ევსტაქის მილი ეწოდება. მილის დახშობისას მოსალოდნელია ბაროტრავმის განვითარება.
მაგალითად, თვითმფრინავის აფრენა-დაფრენისას ჰაერის წნევა სწრაფად იცვლება, რაზეც ევსტაქის მილი სათანადოდ ვერ რეაგირებს. ყლაპვა და მთქნარება ააქტიურებს კუნთებს, რომლებიც ხსნიან ევსტაქის მილს. ამის შედეგად შუა ყურში ჰაერის მარაგი აღდგება და ბაროტრავმის სიმპტომებიც იკლებს.
ყურის ბაროტრავმას ადამიანი ყველაზე ხშირად სწორედ თვითმფრინავის აფრენისა და დაშვების დროს განიცდის, ამიტომ ამ მდგომარეობას ზოგჯერ “თვითმფრინავის ყურსაც” უწოდებენ.
ბაროტრავმის რისკი ასევე მაღალი აქვთ დაივერებს (წყალქვეშა ცურვის მოყვარულებს) და მთამსვლელებს.
ყვინთვისას ბაროტრავმა ყველაზე ხშირად პირველ 4 მეტრზე ვითარდება. სიმპტომები, როგორც წესი, მაშინვე ან ძალიან მალე იჩენს თავს. ბაროტრავმის თავიდან ასაცილებლად დაივერებს ნელა ჩაყვინთვას ურჩევენ.

რისკფაქტორები
ნებისმიერი ფაქტორი, რომელიც ევსტაქის მილის დახშობას იწვევს, ბაროტრავმის განვითარების საფრთხესაც შეიცავს. ადამიანებს, რომლებსაც ალერგია ან სასუნთქი გზების ინფექციური დაავადება აქვთ, ხშირად ემართებათ ყურის ბაროტრავმაც.
ახალშობილებსა და მცირეწლოვან ბავშვებთანაც ხშირად ვეჯახებით ამ პრობლემას. ვინაიდან ბავშვის ევსტაქის მილი უფრო პატარა და ვიწროა, ვიდრე მოზრდილისა, მისი დახშობაც უფრო ადვილია. თვითმფრინავის აფრენისას და დაშვებისას ბავშვები ხშირად ტირილს იწყებენ, რადგან ყურის ბაროტრავმას განიცდიან.

დიაგნოსტიკა
ყურის ბაროტრავმა ზოგჯერ თავისთავადაც გაივლის, ზოგჯერ კი ძლიერი ტკივილის ან ყურიდან სისხლდენის გამო ექიმის ჩარევას მოითხოვს. გასინჯვა საჭიროა ყურის ინფექციის გამოსარიცხადაც.
ყურის ბაროტრავმას ხშირად გასინჯვითაც გამოავლენენ. ოტოსკოპით დათვალიერებისას ჩანს დაფის აპკზე არსებული ცვლილებები. წნევის ცვალებადობის გამო დაფის აპკი ოდნავ გამოზნექილი ან შეზნექილია. დიაგნოსტიკის ერთ-ერთი მეთოდია ყურში ჰაერის ჩაბერვა (ინსუფლაცია), რითაც ამოწმებენ დაფის აპკის მიღმა სითხის ან სისხლის არსებობას. დიაგნოზის დასმაში ექიმს იმ გარემოებათა ცოდნაც ეხმარება, რომელთა ფონზეც განვითარდა ტრავმა.

მკურნალობა
ყურის ბაროტრავმის შემთხვევათა უმეტესობა, წესისამებრ, სამედიცინო ჩარევის გარეშე გაივლის. მდგომარეობის სწრაფად შესამსუბუქებლად, ყურებზე წნევის გავლენის შესამცირებლად ზოგჯერ რამდენიმე მარტივი მოქმედებაც საკმარისია:
* დამთქნარება;
* საღეჭი რეზინის დაღეჭვა;
* სუნთქვითი ვარჯიშების შესრულება;
* საჭიროების შემთხვევაში – ანტიჰისტამინური (ალერგიის საწინააღმდეგო) ან დეკონგესტანტური (ცხვირის გამხსნელი) მედიკამენტის მიღება.
ყურის ბაროტრავმა ზოგჯერ დაფის აპკის გაგლეჯას იწვევს, მის აღდგენას კი ორი თვე მაინც სჭირდება. დაფის აპკის შეუქცევადი დაზიანების თავიდან ასაცილებლად ზოგჯერ ქირურგიული ჩარევაც ხდება საჭირო.

ქირურგიული მკურნალობა
ბაროტრავმის მძიმე და ქრონიკულ შემთხვევებში მკურნალობის საუკეთესო მეთოდი ოპერაციაა. ოპერაციის დროს დაფის აპკში თავსდება სპეციალური მილები, რომლებიც ჰაერის ნაკადს შუა ყურისკენ ატარებს. ტიმპანოსტომურ მილებს ყველაზე ხშირად იყენებენ ბავშვებისთვის ყურის ბაროტრავმით გამოწვეული ინფექციების თავიდან ასაცილებლად და მათთვის, ვინც ხშირად იცვლის სიმაღლეს ზღვის დონიდან – დაფრინავს ან მოგზაურობს და ამის გამო ქრონიკულ ბაროტრავმას განიცდის.
ყურის მილის გამოყენების ვადა 6-12 თვეა.
მკურნალობის კიდევ ერთი მეთოდია დაფის აპკზე მცირე ზომის განაკვეთის გაკეთება წნევის უკეთესი დაბალანსებისთვის. ამ მეთოდით ხდება შუა ყურში არსებული სითხის ამოღებაც, თუმცა განაკვეთი მალევე ხორცდება და პრობლემის გადაჭრის მხოლოდ დროებითი საშუალებაა.

ყურის ბაროტრავმა ჩვილებში
ჩვილები და მცირეწლოვანი ბავშვები ყურის ბაროტრავმის მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადნი არიან, რადგან პატარა და სწორი ევსტაქის მილი აქვთ და მათ სხეულს გაცილებით მეტი ძალისხმევა სჭირდება წნევის გასათანაბრებლად.
სიმაღლის ცვლილების დროს პატარას თუ დისკომფორტი, ჭირვეულობა ან ტკივილის ნიშნები შეატყვეთ, დიდი ალბათობით, ის ყურის ბაროტრავმას განიცდის.
ყურის ბაროტრავმის თავიდან ასაცილებლად სპეციალისტები გვირჩევენ, თვითმფრინავის აფრენისა და დაშვების დროს ბავშვს სასმელი ან საკვები მივცეთ.

შესაძლო გართულებები
ყურის ბაროტრავმა, ჩვეულებრივ, დროებითია და თავისთავად გაივლის, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა გართულდეს და გამოიწვიოს:
* ყურის ინფექცია;
* დაფის აპკის გახეთქვა;
* სმენის დაკარგვა;
* ხშირი ტკივილი;
* ქრონიკული თავბრუხვევა ან წონასწორობის დარღვევის შეგრძნება (ვერტიგო);
* ყურებიდან და ცხვირიდან სისხლდენა.
ამ სიმპტომების არსებობისას აუცილებელია ექიმთან მისვლა.

ადამიანთა უმრავლესობა ყურის ბაროტრავმის შემდეგ, როგორც წესი, სმენის დაუზიანებლად გამოჯანმრთელდება, თუმცა მათთვის რეკომენდებულია, გამოჯანმრთელების შემდეგ ერიდონ წნევის მნიშვნელოვან ცვალებადობას.
ბაროტრავმის მსუბუქ და ზომიერი სიმძიმის შემთხვევებში, რომლებსაც ალერგია ან სასუნთქი გზების ინფექცია ახლავს თან, სრული გამოჯანმრთელებისთვის დაახლოებით ორი კვირაა საჭირო, მძიმე შემთხვევებში კი ოპერაციის შემდეგ გამოჯანმრთელების პროცესი 6-დან 12 თვემდე გრძელდება.
ბაროტრავმის პრევენციის და მისი სიმპტომების შემსუბუქების მიზნით რეკომენდებულია:
* ყვინთვის დროს ფსკერზე ნელა დაშვება;
* აფრენა-დაფრენის დროს ყლაპვა, მთქნარება ან ღეჭვა;
* ერიდოთ ყურის საცობების გამოყენებას ფრენის ან ყვინთვის დროს;
* არ დაიძინოთ თვითმფრინავის აფრენისა და დაშვების დროს – ყურებზე ზეწოლას ვერ იგრძნობთ და აღნიშნულ მანევრებს ვერ ჩაატარებთ;
* ერიდოთ თვითმფრინავით მგზავრობას გაციების, სინუსების ინფექციის, ცხვირის გაჭედვის ან ყურის ინფექციის დროს;
* თუ ცხვირით სუნთქვა გიჭირთ, ისხურეთ ცხვირის გამხსნელი სპრეი თვითმფრინავის აფრენამდე ან დაშვებამდე 30 წუთით ადრე;
* ალერგიის შემთხვევაში მიიღეთ ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატები. მათი მიღება აფრენამდე ერთი საათით ადრეა რეკომენდებული.

მარიამ რამაზაშვილი

გააზიარე: