მომავლის მედიცინა საქართველოში - იმედი სიმსივნიანი პაციენტებისთვის

გააზიარე:

მოლეკულური და პერსონალიზებული მედიცინა მომავლის მედიცინად მიიჩნევა. ეს ახალი მიმართულება, რომელიც სწრაფად ვითარდება, მთელ მსოფლიოში უკვე ბევრს დაეხმარა ავადმყოფობის დამარცხებაში.

პერსონალიზებულ მედიცინას დაავადებათა მიზეზებისა და მკურნალობის მეთოდების ძიების კლასიკური მედიცინისგან სრულიად განსხვავებული მიდგომა აქვს. საქართველოც ცდილობს, არ ჩამორჩეს მსოფლიოს რიტმს. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თსსუ პროფესორი, ონკოლოგიისა და მოლეკულური მედიცინის ექსპერტი, კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს (საფრანგეთი, ლიონი) კვლევითი ჯგუფის წევრი, პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტის სამედიცინო დირექტორი ალექსანდრე (ალეკო) თავართქილაძე ონკოლოგიის მკურნალობაში არსებულ მსოფლიო მნიშვნელობის სიახლეებზე გვესაუბრება. ბატონი ალეკო ავტორია პერსონალიზებული მედიცინის ფრანგულ ენაზე გამოცემული სარეკომენდაციო სახელმძღვანელოსი, რომელიც აპრობირებულია დეკარტეს უნივერსიტეტის მიერ.

– მეოცე საუკუნეში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან ერთად ადამიანთა სიკვდილის მთავარ მიზეზად სიმსივნური დაავადებებიც იქცა. ვარაუდობენ, რომ XXI საუკუნეში კიბოთი სიკვდილიანობა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებით გამოწვეულს გადააჭარბებს. ამ ტენდენციის მიზეზი ჯერჯერობით დაუზუსტებელია. ფაქტი ის არის, რომ სამეცნიერო-ტექნოლოგიური რევოლუციის პარალელურად ონკოლოგიური დაავადების სიხშირე კატასტროფულად იზრდება, თუმცა კიბო ათასწლეულების წინათაც არსებობდა და ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში შიშის ზარს სცემდა ხალხს.
ავთვისებიანი პროცესი ორგანიზმში მანამდე იღებს სათავეს, სანამ რომელიმე ორგანოს უჯრედები უკონტროლო ზრდას დაიწყებდეს, ზოგჯერ – დაბადებისთანავეც კი. მას შესაძლოა ბიძგი მისცეს როგორც ქიმიურმა, ფიზიკურმა ან ბიოლოგიურმა ზემოქმედებამ, ისე გენეტიკურმა დაზიანებმაც. სიმსივნური დაავადებისადმი განწყობა შემთხვევათა დაახლოებით 18-25%-ში (რასის მიხედვით) გენეტიკურად არის დეტერმინირებული. მაგალითად, როცა თამბაქოს თანაბრად მწეველი ორი ადამიანიდან ერთს ემართება ონკოლოგიური დაავადება და მეორეს – არა, ეს შესაძლოა სწორედ დაავადებულის ორგანიზმის, კერძოდ, დნმ-ს აღმდგენი (რეპარატორული) ფუნქციის, გენეტიკური არასტაბილურობის შედეგი იყოს. ხშირად იგივე ფაქტორი ასრულებს გადამწყვეტ როლს რადიაციული გამოსხივების, ონკოვირუსების (ისეთების, როგორიცაა ეპშტეინ-ბარის ვირუსი, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი, B და C ჰეპატიტები), ონკობაქტერიების (Helicobacteria Pilori-ს და სხვათა) ზემოქმედების დროსაც.


სიმსივნის განვითარება სამსაფეხურიანი პროცესია:
1. ინიციაცია – საწყისი ნორმალური უჯრედი უსაზღვროდ გამრავლების უნარს იძენს, რაც მუტაციის ან სხვა ტიპის გენეტიკური ცვლილების შედეგია;
2. პრომოცია – სიმსივნური უჯრედი აქტიურდება;
3. სიმსივნური პროგრესია – სიმსივნე იწყებს ავთვისებიან ზრდას.
მიუხედავად იმისა, რომ სიმსივნურ პროცესს ორგანიზმში უმეტესად მესამე საფეხურზე აღმოაჩენენ, დღეს ეს დაავადება აღარ არის განაჩენი. მართალია, ძნელია მასთან ბრძოლა, მაგრამ დროული გამოვლენა და აქტიური, ხარისხიანი მკურნალობა ხშირად მოსალოდნელზე უკეთეს შედეგს იძლევა, ოღონდ ეს მოითხოვს დიდ ნებისყოფას, მკურნალობის კულტურას, ექიმისა და პაციენტის მჭიდრო თანამშრომლობის, ურთიერთნდობას და, რა თქმა უნდა, რწმენას, რომელიც ყველაფრის საფუძველია.

პერსონალური მიდგომა

– დღეს ონკოლოგიაში საინტერესო ძვრებია, ექიმი კი დროს არ უნდა ჩამორჩეს. თითოეული პაციენტი მისთვის ახალი განტოლებაა. იმდენი ტიპის კიბო არსებობს, რამდენიც პაციენტია ამქვეყნად – ვინაიდან თითოეული ჩვენგანი ინდივიდუმია, ინდივიდუალურია ავადმყოფობაც და მისი მიმდინარეობაც. მე თუ მკითხავთ, გაიდლაინებით, ოფიციალური რეკომენდაციებით მკურნალობის მეთოდიკა წარსულს უნდა ჩაბარდეს. მედიცინა პერსონალიზებული უნდა იყოს, თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს მკურნალობის მეთოდი და ამ დროს აუცილებლად იქნეს გათვალისწინებული მისი გენეტიკა.

  • – თუმცა ალბათ არც გაიდლაინების არსებობაა აზრს მოკლებული...

– გაიდლაინებით ხელმძღვანელობა მეოცე საუკუნის დასასრულიდან დაიწყო. ისინი მასაზეა გათვლილი და არა კონკრეტულ პაციენტზე, თუმცა, სამწუხაროდ, მედიცინის სფეროს წარმომადგენლებისგანაც ხშირად მესმის გაიდლაინის არსის არასწორი ინტერპრეტაცია. მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ გაიდლაინი, პირველ რიგში, არის სწორედ ის სახელმძღვანელო, რომლითაც სტუდენტებს ვასწავლით; ის ეყრდნობა ხანგრძლივი კვლევებით დადასტურებულ კონკრეტულ შედეგებს. მაგალითად, ვიცით, რომ ცილა შედგება ამინმჟავებისგან, რომ ადამიანის ორგანიზმის სისხლში არის ცხრა შეუცვლელი, ე.წ. ესენციური ამინმჟავა, რომლებსაც ორგანიზმი თვითონ ვერ წარმოქმნის და აუცილებლად საკვების მეშვეობით უნდა მიიღოს, და თუ ჩვენ ნივთიერებათა ცვლის შესწავლის მიზნით სისხლში ამინმჟავების ცვლის შესწავლა განვიზრახეთ, შესაძლოა, ბევრმა ექიმმა გვითხრას, გაიდლაინში ეს არ წერიაო.

გამოდის, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები ბიოქიმიას და გასტროენტეროლოგიას შეცდომებით ასწავლიან?! ყოველ პაციენტს უნდა მივუსადაგოთ მკურნალობის კონკრეტული ფორმულა, რომელიც სამედიცინო აზროვნებაზე იქნება დაფუძნებული. ექიმმა უნდა იცოდეს მედიცინის ბაზისური საფუძვლები. წინააღმდეგ შემთხვევაში მკურნალობა, დიდი ალბათობით, ვერ გამოიღებს სახარბიელო შედეგს. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ არსებობს დაავადებები, რომელთა წინაშეც მედიცინა დღესდღეობით უძლურია (მაგალითად, კონკრეტული ტიპის ავთვისებიანი სიმსივნეები, ფსიქიკური პათოლოგიები, ცოფი, ეპილეფსიის ზოგიერთი ფორმა). არ არსებობს (ან ჯერ არ აღმოგვიჩენია) მრავალი დაავადების პრევენციისა თუ ეფექტური მკურნალობის საშუალება. თუმცა ჩვენ ხელთაა ეგრეთ წოდებული პერსონალიზებული მედიცინა. ეს არის უზუსტესი დარგი, დაავადების მკურნალობისა და პრევენციისადმი სრულიად ახლებური მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს გენების, გარემოსა და ცხოვრების სტილის ინდივიდუალურ ცვალებადობას თითოეული ადამიანისთვის.

  • – როგორ ადგენენ გენომში მომხდარ ცვლილებებს?

– გენომში მომხდარ ცვლილებებს ლაბორატორიული მეთოდებით აღმოაჩენენ. სიმსივნური დაავადებისადმი მიდრეკილება ან, როგორც ექიმები ვამბობთ, წინასწარი განწყობა შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერ უჯრედში, რომელშიც არის დნმ, ხოლო სიმსივნური დაავადების პერსონალური თვისებების შესასწავლად (მაგალითად, რომელი მედიკამენტის მიმართ მეტად მგრძნობიარეა, როგორია მისი პროგნოზი ან რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ამ სიმსივნური დაავადების სასიცოცხლო ციკლი) უნდა განისაზღვროს სიმსივნური უჯრედის დნმ.
დღესდღეობით გენომის შესწავლის არაერთი მეთოდი არსებობს, მაგრამ ყველაზე ინფორმაციული მაინც მისი სეკვენირების (ანუ სრული გაშიფვრა) და პოლიმერიზაციის ჯაჭვური რეაქციის მეთოდებია.

  • – მსოფლიოს რომელ ქვეყნებში მკურნალობენ პერსონალიზებული მიდგომით?

– პერსონალიზებული მედიცინის პრაქტიკა ამჟამად სავალდებულოა მხოლოდ იაპონიაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში, რისი დამსახურებაცაა ამ ქვეყნებში თითქმის ყველა ნოზოლოგიის ძალიან შედეგიანი მკურნალობა. აღნიშვნას იმსახურებს ისიც, რომ ჩამოთვლილ ქვეყნებში ყველაზე დიდია ონკოლოგიური პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა და ყველაზე მაღალი – მათი ცხოვრების ხარისხი.
პერსონალიზებული ონკოლოგიის, კარდიოლოგიის, ნეფროლოგიის, ენდოკრინოლოგიის მეთოდების ნაწილი უკვე ინიცირებულია ჩვენს კლინიკაში და მალე ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს მოსახლეობისთვის. პროექტს, ქართველ ექსპერტებთან ერთად, ზედამხედველობას უწევენ მკვლევრები საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, კანადიდან, იაპონიიდან და ავსტრალიიდან. თანამედროვე მსოფლიოში არის ასეთი გამოწვევა: "გახდი მოაზროვნე ექიმი", – რაც პერსონალიზებული მედიცინის სპეციალისტად გახდომას გულისხმობს. საბედნიეროდ, მე ეს მოვახერხე, თსსუ-სა და ფრანგი კოლეგების დახმარებით გავიარე სრული ორწლიანი რეზიდენტურა ავთვისებიანი სიმსივნეების უჯრედულ თერაპიასა და იმუნოთერაპიაში, რის შემდეგაც მივიღე პერსონალიზებული მედიცინის სპეციალისტის დიპლომი, ლიცენზია და დეკარტეს უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორის სტატუსი. საქართველოში ამ პროექტის განხორციელებაში ჩართულია მთელი პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტის ექიმ-მკვლევართა ჯგუფი, რომელსაც მე და პროფესორი გაიანე სიმონია ვხელმძღვანელობთ.

ნატიფი მეთოდები

  • – რას გულისხმობს უჯრედული თერაპია და იმუნოთერაპია?

– უჯრედული თერაპია და იმუნოთერაპია XXI საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობის კუთხით. რეალურად ორივე მეთოდი გულისხმობს სიმსივნური დაავადების მკურნალობას ბიოლოგიური, ნატურალური ძალებით. ეს იმას ნიშნავს, რომ, მაგალითად, იმუნოთერაპიული მედიკამენტები ააქტიურებს ონკოლოგიური პაციენტის საკუთარ იმუნურ უჯრედებს (ლიმფოციტებს, მაკროფაგებს...), რომლებიც შემდგომ სიმსივნურ უჯრედებს ებრძვიან.
რაც შეეხება უჯრედულ თერაპიას, ეს არის მკურნალობის უნიკალური, ულტრანატიფი მეთოდი. მისი გამოყენებისას ხშირად დონორის იმუნური უჯრედების მოძიება გვიწევს. როცა პაციენტის იმუნური უჯრედები დაავადებასთან ბრძოლის კუთხით უკვე სრულიად უუნაროა, სიმსივნურ უჯრედებთან საბრძოლველად ხელოვნურ გარემოში (ლაბორატორიულ პირობებში) ამზადებენ – უხეშად რომ ვთქვათ, წვრთნიან – დონორის იმუნურ უჯრედებს. მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ მომავალში ეს ონკოლოგური დაავადების მკურნალობის ძირითადი მეთოდი გახდება. მკურნალობის ალგორითმი მოიაზრებს ასევე ანტისიმსივნური ვაქცინების ანუ ცილების (იმუნოგლობულინების) გამოყენებას, რომლებიც ასევე ლაბორატორიულ პირობებშია მიღებული პაციენტის სიმსივნურ უჯრედებთან ბრძოლის შედეგად კონკრეტული იმუნური უჯრედებისგან – ე.წ. B-ლიმფოციტებისგან.


თანამედროვე იმუნოონკოლოგია შორს წასულ სტადიებზეც იძლევა ეფექტური მკურნალობის საშუალებას. 2019 წლის დასაწყისიდან ონკოლოგიური დაავადების შორს წასული ფორმების მქონე პაციენტებს საქართველოში საშუალება აქვთ, იმკურნალონ იმუნოონკოლოგიის ყველაზე დახვეწილი მეთოდებით, ისეთებით, როგორიცაა Adoptive cell transfer therapy, პერსონალიზებული ანტისიმსივნური ვაქცინა და აქტივირებული თ-ლიმფოციტების ტრანსპლანტაცია. ამჟამად ჩვენს კლინიკაში მკურნალობა მიმდინარეობს ავსტრალიის, იაპონიისა და საფრანგეთის სამედიცინო ექსპერტების კონსულტაციით და მხარდაჭერით.


პერსონალიზებული მედიცინის კიდევ ერთი უპირატესობაა პაციენტის ბიორიტმების შეფასება, დესინქრონოზის ხარისხის განსაზღვრა (დესინქრონოზი გახლავთ ბიოლოგიური რიტმების არევა. მისი ერთ-ერთი მაგალითია ჰორმონ კორტიზოლის გამომუშავების რიტმი. ნორმალურ ვითარებაში მისი დონე ყველაზე მაღალია დილის საათებში, ონკოლოგიურ პაციენტებთან კი კორტიზოლის გამომუშავება საღამოს საათებში იმატებს, რაც ორგანიზმის ბიოლოგიური საათის არევას იწვევს და ფიზიოლოგიური პარამეტრებიც სიმსივნური დაავადების სასარგებლოდ იხრება) და თერაპიის სწორი ქრონორეჟიმით ჩატარება. მედიცინის ეს მიმართულება ითვალისწინებს ნეიროენდოკრინული სისტემის როლს დაავადებების ეტიოლოგიასა და პათოგენეზში და ბიორიტმოლოგიის კლინიკურ ღირებულებას. ეს იმას ნიშნავს, რომ პაციენტმა წამლები უნდა მიიღოს დღე-ღამის განსაზღვრულ მონაკვეთებში. მაგალითად, მიტოზის ანუ უჯრედის გაყოფის ფაზაზე მოქმედი პრეპარატები ყველაზე ეფექტიანია ღამის 02:00 და დილის 07:00 საათამდე, რადგან უმთავრესად სწორედ ამ პერიოდში მიმდინარეობს სიმსივნური უჯრედების დაყოფა (გაორმაგება), რომელსაც ნორმალურ პირობებში (ჯანმრთელ ადამიანებში) მელატონინი აკონტროლებს. სიმსივნური დაავადების დროს კი ამ ჰორმონის დონე მკვეთრად დაქვეითებულია. ეს იყო ჩემი ორივე დისერტაციის თემა და ამაზე დაუსრულებლად შემიძლია საუბარი. სწორედ ამას ეხება 2018 წლის აგვისტოში ავსტრალიაში, ქალაქ ადელაიდეში წარდგენილი ნაშრომი "ნეიროენდოკრინული და იმუნური სისტემების როლი ავთვისებიანი სიმსივნეების ეტიოლოგიასა და პათოგენეზში", რომლისთვისაც მივიღე ოქროს მედალი და გრანტი კვლევის გასაგრძელებლად.


ონკოლოგიური დაავადების ადრეული აღმოჩენის`დიაგნოსტიკის ერა მოლეკულურ და გენურ დონეებზე უკვე დადგა. თანამედროვე მოლეკულურ-ბიოლოგიური მეთოდები იძლევა რეალურ შანსს, ონკოლოგიური დაავადებით სიკვდილის რისკი მნიშვნელოვნად შემცირდეს, ხოლო პერსონალიზებული მედიცინის ნატიფი მეთოდებით შესაძლებელია დაავადების შორს წასული ფორმების ეფექტური მართვა.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: