არტერიული ჰიპერტენზიის ენდოკრინული მიზეზები

გააზიარე:

არტერიული ჰიპერტენზია ანუ სისხლის მაღალი წნევა მსოფლიოში მილიონობით ადამიანს აქვს. არსებობს მისი ორი ტიპი – პირველადი ანუ ესენციური და მეორეული. ესენციური ჰიპერტენზიის უშუალო მიზეზი უცნობია, თუმცა ვიცით, რომ მის განვითარებაში განსაზღვრულ როლს ასრულებს გენეტიკური, გარემო და ასაკობრივი ფაქტორები. ადამიანთა უმრავლესობას არტერიული ჰიპერტენზიის სწორედ ეს ტიპი აქვს. მეორეული ჰიპერტენზია პირველადზე მძიმედ მიმდინარეობს. მას გულ-სისხლძარღვთა სისტემის, თირკმელების და ენდოკრინული სისტემის დაავადებები იწვევს.

ენდოკრინულ ჰიპერტენზიას განაპირობებს ჰორმონული დისბალანსი, რომელიც ვითარდება ენდოკრინული – შინაგანი სეკრეციის – ჯირკვლების, უმეტესად კი თირკმელზედა ჯირკვლების, ჰიპოფიზის, ფარისებრი და ფარისებრახლო ჯირკვლების ამა თუ იმ დაავადების დროს. არსებობს ენდოკრინული ჰიპერტენზიის სხვა, იშვიათი გენეტიკური ფორმებიც.
ამჯერად ენდოკრინული ჰიპერტენზიის გამომწვევ თირკმელზედა ჯირკვლების დაავადებებს განვიხილავთ.

ენდოკრინული ჯირკვლები გამოიმუშავებენ განსაკუთრებულ სასიგნალო ნივთიერებებს – ჰორმონებს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ორგანიზმის შინაგანი გარემოს ერთიანობის შენარჩუნებაში, მათ შორის – არტერიული წნევის რეგულირებაშიც.
ენდოკრინული დაავადების დროს არტერიული ჰიპერტენზიის მიზეზი, უპირველესად, ორგანიზმში ნატრიუმისა და წყლის შეკავებაა. გარდა ამისა, ჰორმონების გავლენით ხშირდება გულისცემა, იმატებს გულის კუნთის კუმშვადობა, მცირდება სისხლძარღვების სანათური.
ენდოკრინული ჰიპერტენზიაა სავარაუდო, როდესაც პაციენტს უდასტურდება:
* არტერიული ჰიპერტენზიის განვითარება 30 წლამდე;
* არტერიული ჰიპერტენზიით დატვირთული ოჯახური ანამნეზი;
* თირკმელზედა ჯირკვლის წარმონაქმნი;
* სისხლში კალიუმის დაბალი შემცველობა (ჰიპოკალიემია);
ასევე მაშინაც, როდესაც პაციენტი ცუდად ექვემდებარება მკურნალობას 3 ან მეტი სხვადასხვა ჯგუფის ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტით (რეზისტენტული ჰიპერტენზია).

თირკმელზედა ჯირკვლები
თირკმელზედა ჯირკვალი, ისევე როგორც თავად თირკმელი, ადამიანს წყვილი აქვს. ეს ჯირკვლები ზედ თირკმელების თავზეა მოთავსებული და ორი – გარეთა, ქერქოვანი და შიგნითა, ტვინოვანი – შრისგან შედგება. ქერქოვანი შრე გამოიმუშავებს სტეროიდულ ჰორმონებს, მათ შორის – კორტიზოლს და ალდოსტერონს, ტვინოვანი – ადრენალინს და ნორადრენალინს. ეს ჰორმონები მონაწილეობენ ნორმალური არტერიული წნევის, სტრესზე საპასუხო რეაქციის, სისხლში შაქრის ნორმალური დონის, იმუნური რეაქციების, ნივთიერებათა ცვლის, გულისცემის სიხშირის და ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სხვა ფუნქციების შენარჩუნებაში.
განვიხილოთ თირკმელზედა ჯირკვლების ყველაზე გავრცელებული დაავადებები, რომლებიც არტერიული ჰიპერტენზიის განვითარებას იწვევს.

ჰიპერალდოსტერონიზმი
ჰიპერალდოსტერონიზმი ანუ სისხლში ჰორმონ ალდოსტერონის სიჭარბე ენდოკრინული ჰიპერტენზიის გამომწვევი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. არსებობს მისი ორი ფორმა – პირველადი, რომელიც თან ახლავს თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნეს (უმეტესად – კეთილთვისებიანს) ან ორმხრივ გადიდებას (ჰიპერპლაზიას) და მეორეული – დაკავშირებული თირკმელების ისეთ დაავადებებთან, რომლებიც მასში სისხლის ნაკადის დაქვეითებას იწვევს. დაავადებული, ფუნქციადარღვეული თირკმელზედა ჯირკვლები ჭარბად გამოყოფს ალდოსტერონს. ეს ჰორმონი ნორმალური არტერიული წნევის შენარჩუნებას განაპირობებს, მისი სიჭარბე კი იწვევს სხეულში ნატრიუმისა და სითხის შეკავებას, კალიუმის კარგვას (ჰიპოკალიემია) და ჰიპერტენზიას. დაავადების მთავარი სიმპტომია მაღალი არტერიული წნევა, რომელსაც ზოგჯერ თან ახლავს თავის ტკივილი, თავბრუხვევა, მხედველობის დარღვევა, ტკივილი გულმკერდის არეში, ქოშინი. წნევა მუდმივად მომატებულია. ჰიპოტენზიური (წნევის დამწევი) პრეპარატებით მკურნალობა სტანდარტული სქემით მდგომარეობას პრაქტიკულად არ აუმჯობესებს.


ჰიპოკალიემია ანუ სისხლში კალიუმის დაბალი დონე კლინიკურად გამოვლინდება კუნთების სისუსტით და კრუნჩხვებით (კრამპები), ძლიერი წყურვილით, შარდვის გახშირებით, კანკალით, გულისცემის აჩქარებით. ნებაზე მიშვებული ალდოსტერონიზმი გულის გადიდებას იწვევს. დიაგნოზის დასადასტურებლად იკვლევენ სისხლში კალიუმის, ნატრიუმის, რენინის ალდოსტერონის შემცველობას. აუცილებელია თირკმელზედა ჯირკვლების ვიზუალიზაციაც – კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა.
მკურნალობის მიზანია სისხლში ალდოსტერონის დონის დაქვეითება, არტერიული წნევისა და სისხლში კალიუმის დონის ნორმაში დაბრუნება. მკურნალობენ კალიუმის შემნახველი შარდმდენი პრეპარატებით (სპირონოლაქტონი). რეკომენდებულია ცხოვრების წესის მოწესრიგებაც. თუ დაავადების მიზეზი სიმსივნეა, აუცილებელია ქირურგიული ჩარევა.

კუშინგის სინდრომი
კუშინგის სინდრომში ხშირად მიუძღვის ბრალი ჰიპოფიზის ან თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნეს, რომელიც ჭარბად გამოყოფს ჰორმონ კორტიზოლს, თუმცა მისი ყველაზე გავრცელებული მიზეზი მაინც კორტიკოსტეროიდული მედიკამენტების (პრედნიზოლონის, ჰიდროკორტიზონის, დექსამეტაზონის) დიდი დოზების ხანგრძლივი მიღებაა. ამ მედიკამენტებს ექიმები გამოწერენ ზოგიერთი ანთებითი დაავადებების (მაგალითად, ართრიტის) დროს და ორგანოს გადანერგვის შემდგომ პერიოდში. შედარებით დაბალდოზირებული სტეროიდები, რომლებიც გამოდის ასთმის სამკურნალო ინჰალატორების ან კანის დაავადებების სამკურნალო კრემების სახით, კუშინგის სინდრომს, წესისამებრ, არ იწვევს.
ჰორმონი კორტიზოლი არეგულირებს სისხლის წნევას და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას, აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ცილებს, ცხიმებს და ნახშირწყლებს გარდაქმნის ენერგიად, აბალანსებს ინსულინის ეფექტებს და განაპირობებს სტრესზე ორგანიზმის საპასუხო რეაქციას, რის გამოც სტრესის ჰორმონსაც უწოდებენ.
კორტიზოლი გამომუშავდება:
* სტრესულ მდგომარეობაში (მწვავე ავადმყოფობა, ოპერაცია, ტრავმა, ორსულობა, განსაკუთრებით – მისი ბოლო ტრიმესტრი);
* კუნთების განმავითარებელი ვარჯიშის დროს,
* დეპრესიის, პანიკური შეტევის, ემოციური სტრესის დროს,
* არასაკმარისი კვების ან
* ალკოჰოლიზმის ფონზე.


კუშინგის სინდრომის დროს არტერიულ ჰიპერტენზიას თან ახლავს:
* სიმსუქნე ცხიმის სპეციფიკური განლაგებით სახესა და ზურგზე, მხრებს შორის. ამგვარდ განლაგებას არწერენ ტერმინებით "მთვარისებრი სახე" და "ხარის კისერი";
* სტრიები;
* ლოყების სიწითლე;
* ჰირსუტიზმი (ჭარბთმიანობა), აკნე;
* კუნთების სისუსტე;
* მცირე ტრავმის დროსაც კი ძვლების მოტეხილობა;
* სისხლში გლუკოზის დონის მომატება;
* მენსტრუალური ციკლის დარღვევა.
ზოგიერთს აწუხებს დეპრესიაც.


დიაგნოსტიკისთვის ტარდება სისხლის ანალიზი ჰორმონების დონის დასადგენად; განისაზღვრება 24–საათიან შარდში თავისუფალი კორტიზოლის დონე; გამოიყენება აგრეთვე დექსამეტაზონით სუპრესიული ტესტი და გამოსახვითი მეთოდები (კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია). მკურნალობენ კონსერვატიული და ქირურგიული მეთოდებით. ოპერაციული მკურნალობა უმთავრესად ჰიპოფიზის/თირკმელზედა ჯირკვლების წარმონაქმნის მოცილებას გულისხმობს. შემუშავებულია კუშინგის დაავადების სხივური თერაპიაც. მედიკამენტებით მკურნალობა, წესისამებრ, უეფექტოა და მხოლოდ დამხმარე როლს ასრულებს სიმპტომების შემსუბუქებაში.
ნებაზე მიშვებულ შემთხვევებში მოსალოდნელია ისეთი გართულებების განვითარება, როგორებიცაა ძვლების მოტეხილობა, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, თირკმლის კენჭები.

ფეოქრომოციტომა
თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვან შრეში გამომუშავდება შიშის და აგრესიის ჰორმონები – ადრენალინი და ნორადრენალინი. ისინი აკონტროლებენ გულისცემის სიხშირეს, სისხლის არტერიულ წნევას, სტრესზე ორგანიზმის საპასუხო რეაქციას და ნივთიერებათა ცვლას. ამ ჰორმონების მომატება ორგანიზმს სტრესულ მდგომარეობაში აყენებს და ამგვარად არტერიული წნევის აწევას იწვევს.
თუ თირკმელზედა ჯირკვალში (ათიდან 9 შემთხვევა) ან მის გარეთ სიმსივნე წარმოიქმნა, დაიწყება ადრენალინისა და ნორადრენალინის უკონტროლო გამოყოფა და განვითარდება დაავადება, რომელსაც ფეოქრომოციტომა ეწოდება. ის ნებისმიერ ასაკშია მოსალოდნელი, თუმცა უფრო ხშირად ახალგაზრდებსა და შუახნის პირებთან გვხვდება. მიიჩნევენ, რომ ეს დაავადება გენეტიკურად არის განპირობებული.


ამ ენდოკრინული პათოლოგიის თანმხლები ჰიპერტენზიისთვის დამახასიათებელია კრიზები – არტერიული წნევის მკვეთრი მატების ეპიზოდები. მათი მიზეზი სიმსივნის მიერ კატექოლამინების სისხლში გადმოსროლაა. კლასიკურ შემთხვევაში კრიზებს თან სდევს მწვავე თავის ტკივილი, ოფლიანობა, გულისცემის აჩქარება, შიშის შეგრძნება, გაღიზიანება, შფოთვა, მუცლის ტკივილი.
დიაგნოზს სვამენ ანამნეზის და იმ მონაცემების საფუძველზე, რომლებსაც ჰორმონების (კატექოლამინების) მეტაბოლიზმის შუალედური პროდუქტების დონის ლაბორატორიული შეფასებით და თირკმელზედა ჯირკვლების მაგნიტურ-რეზონანსული ან კომპიუტერული ტომოგრაფიით იღებენ.
მკურნალობა სიმსივნის ამოკვეთას გულისხმობს. ათიდან ერთ შემთხვევაში წარმონაქმნი ავთვისებიანია – ოპერაციის შემდეგ შესაძლოა საჭირო გახდეს სხივური და ქიმიური თერაპია. ოპერაციის შემდეგ მოკლე ხნით შესაძლოა განვითარდეს თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების უკმარისობა. ამ დროს ინიშნება ჩაცვლებითი მკურნალობა სტეროიდული პრეპარატებით.
ენდოკრინულ არტერიულ ჰიპერტენზიას მკაფიო კლინიკური სურათი აქვს. მაღალ წნევას ყოველთვის ახლავს თან ამა თუ იმ ჰორმონის სიჭარბისთვის დამახასიათებელი ნიშნებიც. ამ პათოლოგიის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში ერთობლივად მონაწილეობენ სხვადასხვა პროფილის ექიმები: ენდოკრინოლოგები, კარდიოლოგები და ქირურგები. ძირითადი დაავადების მკურნალობა კი არტერიული წნევის მოწესრიგებასაც უზრუნველყოფს.

მარიამ რამაზაშვილი

გააზიარე: