როგორ მივაჩვიოთ ბავშვი სუფრასთან ქცევას?

გააზიარე:

ბავშვის დაბადებასთან ერთად ბევრი რამ იცვლება, მათ შორის – სასადილო მაგიდის იერიც. წინათ თუ მისი ზედაპირი მუდამ ლაპლაპებდა, ახლა ზედ წებოვან ლაქებს, პურის ნამცეცებს და ფაფის ნარჩენებსაც კი იპოვით. რა თქმა უნდა, სამუდამოდ ასე არ გაგრძელდება – ბავშვი ადრე თუ გვიან ისწავლის დანა-ჩანგლის ხმარებას და მაგიდასთან ქცევის წესებს.

თუ პატარას უკვე შეუძლია დამოუკიდებლად ჯდომა, უფლება მიეცით, თავისი კოვზით თვითონაც ჭამოს ან, თუ მოუნდება, საჭმელს თითები შეახოს, კონსისტენცია მოუსინჯოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მისი განვითარებისთვის. თქვენ კი წინსაფრითა და მაგიდის ტილოთი შეიარაღდით და იმაზე იზრუნეთ, რომ ქაოსი საზღვრებს არ გასცდეს.
ბავშვისთვის ამაღელვებელია, როცა, ბოლოს და ბოლოს, ნებას რთავენ, უფროსებთან ერთად ისადილოს. მას თვალწინ გადაეშლება ახალი სამყარო, სადაც ბევრი რამაა დასამახსოვრებელი. მაგიდასთან ქცევის წესებსაც აქედანვე უნდა შეაჩვიოთ, რადგან ხომ გაგიგონიათ – ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო.
მაგიდასთან ქცევა ბავშვს ნელ-ნელა ასწავლეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ყოველგვარი მიზნის მისაღწევად დრო და მოთმინებაა საჭირო.
დაიწყეთ იმით, რომ დღეში ერთხელ მაინც მთელი ოჯახი მაგიდასთან შეკრიბეთ. დღეს ეს ცოტა ძნელია – როცა ორივე მშობელი მუშაობს, დროის უქონლობის გამო იშვიათად სადილობენ ან ვახშმობენ ერთად, მაგრამ თუ გეცოდინებათ, რომ რვაზე ვახშამია, ოჯახის ყველა წევრი ამ დროისთვის სახლში მოიყრის თავს. ასე რომ, ყველაფერი გამარტივდება, თუ სადილს ან ვახშამს თავისი დრო ექნება.


ბავშვმა უნდა იცოდეს:


1. ჭამის წინ ხელების დაბანა, ხოლო ჭამის შემდეგ – ხელ-პირის. ეს არა მარტო ქცევის კულტურა, არამედ ჰიგიენაცაა. გარდა ამისა, პატარაობიდანვე მიაჩვიეთ ჭამის დროს პირის მოწმენდას ხელსახოცით და არა ხელით.
2. ჭამის დროს ჭამა. როცა მაგიდას მიუსხდებით, ტელევიზორი და რადიო გამორთეთ. ნურც წიგნს, გაზეთს და ტელეფონს დაიდებთ წინ. ჭამის დროს მაგიდასთან მშვიდი და სასიამოვნო ატმოსფერო უნდა სუფევდეს. ჭამით უნდა ისიამოვნოთ და თანამეინახეებთან ისაუბროთ. კარგი იქნება, ეს რიტუალად აქციოთ, რათა მოეშვათ, დაისვენოთ და ოჯახთან ერთად განიტვირთოთ.
ბევრს მიაჩნია, რომ თუ ბავშვი არ ჭამს, უმჯობესია, გაართო და ისე აჭამო. ეს არასწორი შეხედულებაა – ჭამის დროს გართობის ჩვევა ბავშვს დიდხანს გაჰყვება და შესაძლოა, მის ჯანმრთელობასაც ავნოს. თუმცა გამონაკლისის დაშვებაც შეიძლება. მაგალითად, წინსაფარაფარებულ სათამაშო დათუნიასთან ერთად ბავშვი უფრო ადვილად ისწავლის, როგორ მოიქცეს მაგიდასთან. თუ მამას საჩქარო საქმე აქვს ლეპტოპში და არჩევანის წინაშე დგახართ: ან უმამოდ საუზმობა, ან ლეპტოპიან მამასთან ერთად, – შეგიძლიათ, გამონაკლისი დაუშვათ და მამას ნება დართოთ, საუზმობისას იმუშაოს. ხანდახან შეიძლება ტელევიზორის წინ პიცის შეჭმაც. მთავარია, ბავშვს აუხსნათ, რომ ეს გამონაკლისია და წესად არ უნდა იქცეს.
3. დანა-ჩანგლის ხმარება. როცა ბავშვი ფაფის საკუთარი ხელით შეჭმას მოინდომებს, არ დაუშალოთ, თუმცა პირველ ხანებში მისი ექსპერიმენტების შედეგების აღმოსაფხვრელად საკმაო გარჯა მოგიწევთ. წლინახევრიდან ორ წლამდე კი პატარა ნელ-ნელა ისწავლის კოვზით და ჩანგლით დამოუკიდებლად ჭამას. თავდაპირველად სპეციალური პლასტმასის დანა-ჩანგალი მიეცით, სამი წლიდან კი უკვე შეიძლება, საბავშვო დანა-ჩანგალიც დააჭერინოთ ხელში. 5-6 წლისთვის მისი გამოყენება უკვე უნდა იცოდეს.
4. “თუ შეიძლება” და “გმადლობთ”. რა თქმა უნდა, ეს ჯადოსნური სიტყვები მხოლოდ სასადილო მაგიდასთან არ უნდა გამოიყენოს ბავშვმა – თავაზიანი მიმართვა ნებისმიერ სიტუაციაში ჩვევად უნდა ჰქონდეს.
5. ჭამის დაწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველა მაგიდას შემოუსხდება. თავაზიანობის ეს ფორმა ყველას ეხება – დიდსაც და პატარასაც. ბავშვს კი ეს შეიძლება ორი წლიდან ავუხსნათ. ამ ასაკში ბავშვები ყველაფერს მალე ივიწყებენ და ხშირად მოგიწევთ გამეორება; სამაგიეროდ, სამი წლისას უკვე ეცოდინება, რომ სუფრის სხვა წევრებს უნდა დაელოდოს.
6. თეფშზე იმდენის გადაღება, რამდენსაც შეჭამ. დამატება, რა თქმა უნდა, შეიძლება. ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვმა ისწავლოს შიმშილის გრძნობის შეფასება და იმაზე დიდი ულუფა არ გადაიღოს, ვიდრე შია. თუ აღარ უნდა, არ დააძალოთ, რადგან ბავშვები შიმშილსაც და სიმაძღრესაც უკეთ გრძნობენ.
7. სავსე პირით ლაპარაკი არ შეიძლება. თუ ბავშვს შუა ჭამაში რამე მნიშვნელოვანი ამბავი გაახსენდა და მოყოლა მოუნდა, ნუ გექნებათ იმედი, რომ სადილის დასრულებამდე შეიკავებს თავს. მეტისმეტად მკაცრადაც ნუ შეაჩერებთ. უთხარით: “მოდი, ჯერ დაღეჭე, გადაყლაპე და მერე თავიდან მომიყევი”.
8. არ შეიძლება საჭმლით თამაში, მაგრამ თუ თქვენს პატარას უცხო საკვების ხელით გასინჯვა მოუნდა, ერთხელ მიეცით უფლება. მთავარია, არ იფიქროს, რომ ეს მისი ერთ-ერთი სათამაშოა.
9. მაგიდიდან მაშინ უნდა ადგე, როცა ჭამას ყველა დაამთავრებს. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო ძნელია, მაგიდასთან ჯდომა აიძულო, სანამ ყველა არ მორჩება ჭამას, 4-5 წლისამ კი უკვე უნდა იცოდეს, რომ უნებართვოდ მაგიდიდან არ უნდა ადგეს. ადრე ადგომა შეიძლება, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მშობლებისგან ნებართვას მიიღებს.

როგორ მივაჩვიოთ
კვლევების თანახმად, ბავშვმა 14–ჯერ მაინც უნდა გასინჯოს საჭმელი, რომ გემო გაუგოს, ამიტომ ნუ იდარდებთ, თუ თქვენს პატარას პირველი გასინჯვისთანავე არ მოეწონა, მაგალითად, წვნიანის გემო. გაუზარდეთ მოტივაცია, შეჭმისთვის დააჯილდოეთ, ოღონდ არა ტკბილეულით. მაგალითად, მოუყევით პატარ–პატარა ამბებს იმის შესახებ, როგორ მზადდება ესა თუ ის კერძი.
მიეცით მაგალითი. თუ დედა ან მამა ამბობენ, რომ სალათა არ უყვართ, ვერც ბავშვს მოვთხოვთ მის ჭამას.
რაც მთავარია, არ დაივიწყოთ, რომ ბავშვი ჯერ პატარაა და ყველაფერი თამაშ–თამაშით უნდა ისწავლოს. მაგალითად, გვერდით მოუსვით თოჯინა ისე, როგორც თვითონ უნდა იჯდეს მაგიდასთან, ან და-ძმა შეაჯიბრეთ, ვინ უფრო სუფთად შეჭამს, 4-5 წლიდან კი მნიშვნელოვანი წესები მეტი თვალსაჩინოებისთვის ფურცელზე დაუხატეთ, თან აუხსენით.
როგორც გითხარით, ბავშვები ამ ყველაფერს ნაბიჯ–ნაბიჯ, ვარჯიშით და თამაშით, ძალდაუტანებლად, მუდმივი მითითებებისა და კრიტიკის გარეშე უნდა მიეჩვიონ.
ქცევას ყურადღება მიაქციეთ არა მარტო გარეთ, არამედ სახლშიც. თუ ერთხელ დაუთმეთ, ბავშვი მომავალშიც ეცდება, თავისი გაიტანოს.
მოიქეცით ისე, როგორ ქცევასაც მისგან მოითხოვთ. აუცილებლად აუხსენით, რატომ ვიქცევით ამა თუ იმ სიტუაციაში ასე და არა სხვანაირად. მოთმინებით გაუმეორეთ, მოუსმინეთ და ყოველთვის შეაქეთ, როცა დაიმსახურებს.
მაგიდასთან ქცევის წესები უმჯობესია პატარაობიდანვე ავითვისოთ, რადგან ზრდასრულ ასაკში ცუდი მანერების მოშორება გაცილებით ძნელია.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: