გრიპი და წითელა – სეზონის დიდი გამოწვევა

გააზიარე:

წელიწადის ცივ სეზონზე ვირუსები განსაკუთრებით აქტიურდებიან. წელს გრიპთან ერთად წითელამაც შემოგვიტია. ამ ორი დაავადების შესახებ სასაუბროდ თსსუ ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორს, აკადემიკოს ვ. ბოჭორიშვილის კლინიკის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტს მალვინა ჯავახაძეს ვეწვიეთ.

გრიპი
– გრიპი სასუნთქი გზების ვირუსული დაავადებაა. ადამიანს აავადებს A, B და C ტიპის გრიპის ვირუსები. A ტიპის ვირუსი პანდემიური შტამია ანუ მასობრივ ავადობას იწვევს. ის ათ-თხუთმეტ წელიწადში ერთხელ აქტიურდება მთელ მსოფლიოში. B ტიპის ვირუსი სეზონური გრიპის გამომწვევია. ის ყოველწლიურად ცირკულირებს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, სახელდახელო ცვლილება ახასიათებს და A გრიპთან შედარებით მძიმე დაავადებას არ იწვევს. შესაძლოა, ადამიანს ის ყოველ წელს შეხვდეს. C ვირუსით გამოწვეული დაავადება კიდევ უფრო მსუბუქად მიმდინარეობს. მას “ჩვეულებრივ გაციებას” ვეძახით. ამ ტიპის ვირუსი არც პანდემიებს იწვევს, არც ეპიდემიებს და არც ჰოსპიტალიზაციას მოითხოვს.
გრიპი იყო, არის და მუდამ იქნება პრობლემა. ის არ უკავშირდება არც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, არც პაციენტის ასაკს და არც საყოფაცხოვრებო პირობებს. გრიპი შეიძლება შეხვდეს ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც კონტაქტი ექნება დაავადებულთან.
გრიპის ვირუსის მიზანი გადარჩენა და გამრავლებაა. გასამრავლებლად ის ადამიანის სასუნთქი გზების უჯრედებს იყენებს. უჯრედში შეჭრილი ვირუსი მის ფუნქციას არღვევს. ვინაიდან A ვირუსი ქვედა სასუნთქი სისტემის უჯრედებს (ეპითელიოციტებს) აზიანებს, ხოლო B ვირუსი – ზედა სასუნთქი გზებისას, A გრიპის შემთხვევაში გართულების (განსაკუთრებით – ფილტვების ანთების) ალბათობა უფრო მეტია, ვიდრე B გრიპის შემთხვევაში.

  • – რას ნიშნავს გრიპის HN კლასიფიკაცია?

– H (ჰემაგლუტინინი) და N (ნეირამინიდაზა) გრიპის ვირუსის ცილებია, რომელთა მიხედვითაც ხდება შტამის სუბტიპირება. A ვირუსი სასუნთქი გზების სამიზნე უჯრედებზე ფიქსირდება H-ით, რომლის 16-მდე სუბტიპს ვიცნობთ, ხოლო N, რომლის ცხრამდე სუბტიპია ცნობილი, ხელს უწყობს უჯრედში სინთეზირებული ვირუსების გამოსვლას ახალი უჯრედების დასაზიანებლად. ამ ორი ცილის ყოველი ახალი კომბინაცია ვირუსის ახალ შტამს ქმნის.
ვირუსი გადარჩენისთვის იბრძვის. როგორც კი დაავადების გადატანის ან აცრის შედეგად მოსახლეობას იმუნიტეტი ჩამოუყალიბდება განსაზღვრული შტამის მიმართ და ამ უკანასკნელის არსებობას საფრთხე დაემუქრება, მაშინვე ახალი შტამი წარმოიქმნება. ამას 10-15 წელი სჭირდება. ახალი შტამი უკვე ყველა ასაკობრივ ჯგუფს აავადებს. სწორედ ეს გახლავთ A გრიპის პანდემიების მიზეზი.
ამჟამად მსოფლიოში ცირკულირებს H1N1 და H3N2 ვირუსები. H1N1-ს მოსახლეობაში ღორის გრიპს ეძახიან, თუმცა სინამდვილეში ღორის გრიპი ადამიანს არ ემართება. ადამიანის გრიპის ვირუსის ანტიგენის ცვლილებაში შესაძლოა მონაწილეობდეს ფრინველის ან ცხოველის გრიპის ვირუსიც, მაგრამ მიღებული შტამი უკვე ადამიანისაა, ის ადამიანისგან ადამიანს გადაეცემა. H1N1-ის ჩამოყალიბებაში ღორის გრიპის ვირუსმა მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ღორის გრიპად მისი მოხსენიება დიდი შეცდომაა. H1N1 ადამიანის გრიპის ვირუსია. ეს შტამი 2009 წელს წარმოიქმნა და 2011 წელს მოდიფიკაცია განიცადა. ბოლო წლებში გრიპის სწორედ ეს შტამი ცირკულირებს. წელს ეს ვირუსი მათ შეხვდათ, ვისაც წინა წლებში ამ შტამით გამოწვეული გრიპი არ გადაუტანია, ანუ არაფერი ხდება ისეთი, რაც აქამდე არ მომხდარა. უბრალოდ, შარშან საქართველოში გრიპის ვირუსით ავადობა ევროპასა და ამერიკასთან შედარებით ნაკლები იყო, წელს კი წინა წელთან შედარებით ოდნავ იმატა.

  • სიმპტომები და გართულებები

– გრიპის ვირუსის სამიზნე სასუნთქი სისტემის უჯრედებია, ამიტომ გრიპს რესპირატორული მოვლენები ახასიათებს: ცხვირიდან გამონადენი, ხველა და სხვა. დაავადება უეცრად, მაღალი – 39-40 გრადუსამდე – ტემპერატურით იწყება. მომდევნო ხუთი-ექვსი დღის განმავლობაში ტემპერატურა მაღალია და თანდათანობით იკლებს. გრიპს ასევე ახასიათებს შემცივნება, ოფლიანობა, კუნთებისა და თავის ტკივილი, მშრალი ხველა, ცხვირის გაჭედვა, ყელის ტკივილი, დაღლილობა, საერთო სისუსტე.
– რა მიანიშნებს გრიპის გართულებაზე?
– გრიპის გართულება შესაძლოა განვითარდეს დაავადების ნებისმიერ ეტაპზე. მასზე მიანიშნებს:
* ტემპერატურის გახანგრძლივება 5-6 დღეზე მეტად;
* ნახველიანი ხველა, განსაკუთრებით – სისხლიანი ან ჩირქიანი ნახველი, რომელიც უმეტესად მოზრდილებში გვხვდება;
* ძალიან ძლიერი თავის ტკივილი;
* ძალიან ძლიერი მუცლის ტკივილი და სხვა.
დაავადების დაწყებიდან 5-6 დღის შემდეგ გრიპთან საქმე აღარ გვაქვს. თუ პაციენტი ისევ ავადაა, უკვე გრიპის გართულებას ვმკურნალობთ და არა თავად გრიპს.

  • – ვის ემუქრება გართულება?

– გრიპის გართულებათა რისკჯგუფებს მიეკუთვნებიან წლამდე ასაკის ბავშვები, ასაკოვანი ადამიანები, ორსულები, სუსტი იმუნიტეტისა და დატვირთული ფონური დაავადებების მქონე პირები (პაციენტები შაქრიანი დიაბეტით, თირკმელების, ღვიძლის, ფილტვების თუ სხვა ორგანოების პათოლოგიით), ჭარბწონიანები. ასეთ ადამიანებს გრიპი შედარებით მძიმედ გადააქვთ, ამიტომ პირველ რიგში ისინი უნდა აიცრან.

  • – გრიპით გარდაცვალების მიზეზი ხშირად ექიმთან დაგვიანებით მისვლაა. კერძოდ, რა იწვევს ლეტალურ შედეგს?

– გარდაცვალების ყველა შემთხვევაში, რომელიც წელს საქართველოში აღირიცხა, ლეტალობის გამშვები მექანიზმი გრიპის ვირუსი იყო, მაგრამ ის სიკვდილის უშუალო მიზეზი არ ყოფილა. გრიპის ვირუსით არცერთი პაციენტი არ გარდაცვლილა. ლეტალური შედეგი გართულებებმა გამოიწვია. ამიტომ თუ ვეჭვობთ, რომ ვინმეს გრიპი აქვს და ცხელება ხუთ-ექვს დღეზე მეტია გრძელდება, ექიმთან მისვლა აუცილებელია (თუ პაციენტი მანამდე არ მისულა ექიმთან, თუმცა მანამდეც უნდა მისულიყო!) – გართულების შემთხვევაში ის მდგომარეობის შესაბამის მკურნალობას დანიშნავს.

ანტივირუსული მკურნალობა

  • – რა შემთხვევაში ინიშნება ვირუსის საწინააღმდეგო სპეციფიკური მკურნალობა?

– როდესაც ვიცით, რომ ქვეყანაში გრიპის ვირუსი ცირკულირებს (ამ ინფორმაციას მუდმივად აქვეყნებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი), გრიპის პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე დიაგნოზი ისმება კლინიკურად. მკურნალობის ხარისხი, სიმძიმე და ანტივირუსული თერაპიის არჩევანი დამოკიდებულია თანმხლებ დაავადებებზე, გრიპის მიმდინარეობაზე, პაციენტის ასაკსა და სტატუსზე (მაგალითად, ორსულობაზე, მეძუძურობაზე). პაციენტმა დროულად უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში ანტივირუსული მკურნალობა ჩაიტაროს, რადგან ასეთი მკურნალობის დაწყებას აზრი აქვს გრიპის მხოლოდ პირველ-მეორე დღეს.
გრიპის დროს ანტივირუსული თერაპიისთვის ორი სახის პრეპარატები არსებობს: M2 ინჰიბიტორები (ამანტადინი და რემანტადინი) და ნეირამინიდაზას ინჰიბიტორები (ტამიფლუ და რელენზა). იმის გამო, რომ ათი-ოცი წლის წინ მოსახლეობამ M2 ინჰიბიტორები არარაციონალურად გამოიყენა – პროფილაქტიკის მიზნით დაიწყო მათი მიღება, ვირუსს რეზისტენტობა განუვითარდა და დღეს ეს პრეპარატები არაეფექტურია. იგივე დაემართება ამჟამად ჩვენს ხელთ არსებულ პრეპარატებსაც (ტამიფლუს, რელენზას) – თუ ზედმეტი შიშის გამო მათაც არარაციონალურად და არამიზანმიმართულად გამოვიყენებთ, მომავალში ჩვენი შვილები გრიპისგან დაუცველები დარჩებიან.

  • – როგორია ტამიფლუს მიღების წესი?

– ნეირამინიდაზას ინჰიბიტორი ტამიფლუ ხელს უშლის უჯრედში გამრავლებული ვირუსის გარეთ გამოსვლას და მის რეალიზაციას. მისი ზემოქმედებით ვირუსები აგრეგირდება (დაილექება) მასპინძლის უჯრედების ზედაპირზე და აღარც გარემოში და აღარც პაციენტის სხვა უჯრედებში აღარ ვრცელდება. აქედან გამომდინარე, დაავადების დაწყებიდან ორი დღის შემდეგ ტამიფლუს მიღებას აზრი აღარ აქვს, მხოლოდ მისი უარყოფითი მოვლენები გამოვლინდება.
ძალიან მნიშვნელოვანია ტამიფლუს დოზის სწორად შერჩევა (ცხადია, ეს ექიმმა უნდა გააკეთოს!) და მკურნალობის სრული, ხუთდღიანი კურსის ჩატარება. ამ წამლის ორი დღით მიცემა დიდი შეცდომაა. პაციენტის გამოკეთება და ტემპერატურის დაწევა არ ამართლებს ტამიფლუს მოხსნას. ორგანიზმში ვირუსი სრულიად უნდა განადგურდეს, თორემ გადარჩენილი ვირუსები დასაბამს მისცემენ რეზისტენტულ შტამს.

რას ვაკეთებთ

  • – როგორ ვიქცევით გრიპის ნიშნების გამოვლენისას?

– უპირველეს ყოვლისა, მიდიხართ ოჯახის ექიმთან და არ იწყებთ თვითმკურნალობას! ოჯახის ექიმი სიმპტომებს შეაფასებს. თუ ისინი გრიპისას ჰგავს, შესაძლოა, ანტივირუსული მკურნალობა დანიშნოს. შესაძლოა, ეს ნიშნები არა გრიპისა, არამედ გრიპის მსგავსი დაავადებისა იყოს. ანტივირუსული თერაპია მხოლოდ და მხოლოდ A გრიპს სჭირდება, რომელსაც მეტი გართულება ახასიათებს.
გარდა ამისა, გრიპის და სხვა მსგავსი ვირუსით დაავადებისას ადამიანმა უნდა მიიღოს ბევრი სითხე. საჭიროა მისი იზოლაციაც: არ უნდა იაროს სასწავლებელსა თუ სამსახურში. ოთახი ხშირად უნდა განიავდეს, სველი წესით დამუშავდეს. ამ ყველაფერს ემატება სიმპტომური მოვლა: ცხვირიდან გამონადენისა თუ ყელის ტკივილის შესაბამისი საშუალებების გამოყენება და ა.შ.

  • – ბევრი გართულებას არც ელოდება და პროფილაქტიკის მიზნით გრიპის დაწყებისთანავე ანტიბიოტიკებს იღებს. რას გვეტყვით ამაზე?

– ეს დიდი შეცდომაა. ანტიბიოტიკი გრიპის ვირუსზე არ მოქმედებს. გრიპის პირველი ხუთი დღის განმავლობაში ანტიბიოტიკებით მკურნალობა არაფრით არ შეიძლება. საზოგადოდ, არაფრით არ შეიძლება ამ პრეპარატებით თვითმკურნალობა. მეტიც: არც ექიმმა უნდა დანიშნოს ისინი, თუ ვერ აღმოაჩინა ხილული ჩირქოვანი კერა, ბაქტერიული ტონზილიტი, ოტიტი (ყურის ანთება), პნევმონია და სხვა. მოგვიანებით, თუ მეორეული გართულებები განვითარდა, ექიმმა სწორად უნდა შეარჩიოს შესაბამისი ანტიბიოტიკი.

პროფილაქტიკა

  • – როგორ ვიცავთ თავს გრიპისაგან?

– გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო იმუნიტეტი გამომუშავდება აცრის ან დაავადების გადატანის შედეგად. თუმცა აცრა მხოლოდ ერთი წელი გვიცავს, მეორე წელს საჭიროა განმეორებითი ვაქცინაცია. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა გვიცავს არა მხოლოდ მასში შემავალი გრიპის შტამებისგან, არამედ ნაწილობრივ იმ ახალი შტამებისგანაც, რომლებიც ასევე ცირკულირებს გარემოში. აცრილ ადამიანს დაავადება მსუბუქად და გაურთულებლად გადააქვს.
გრიპის სეზონი ოქტომბრიდან იწყება და შესაძლოა მაისამდეც კი გაგრძელდეს, ამიტომ აცრა სეზონის დაწყებამდე, ოქტომბერშივე უნდა ჩატარდეს. გრიპის აფეთქების დროს, ჯანმოს მითითებით, აცრა ნებისმიერ დროს სასურველია, თუმცა აცრიდან პირველი 2-3 კვირა ადამიანი არ იქნება დაცული.

  • – გვიცავს თუ არა ნიღაბი?

– ნიღაბი მხოლოდ დახურულ სივრცეში უნდა გამოვიყენოთ და ორ საათში ერთხელ ვიცვალოთ. ქუჩაში მისი ტარება არასწორია. ნიღაბს ორი მხარე აქვს. ბაცი მხარე დაფარულია დამცავი შრით, ამიტომ ჯანმრთელი ადამიანი ამ მხარით გარეთ იკეთებს, ინფიცირებული – ამ მხარით შიგნით. ნიღაბი მჭიდროდ უნდა ეკვროდეს სახეს და ფარავდეს ცხვირსაც.

წითელა
– წითელას ბავშვთა დაავადებად მიიჩნევენ, რადგან ვაქცინაციის შემოღებამდე ამ ინფექციით უმრავლესობა ბავშვობაში ავადდებოდა. თუ ადამიანს წითელა არც ბავშვობაში გადაუტანია და არც აცრილია, შესაძლოა, ის მოზრდილ ასაკში შეხვდეს და საკმაოდ მძიმე ფორმითაც.
წითელას ვირუსი გარემოში უფრო მეტად წელიწადის ცივ და ტემპერატურული მერყეობის პერიოდში ცირკულირებს. ის ვერ იტანს ულტრაიისფერი სხივებით დასხივებას, განიავებას და ოთახის სველი წესით დამუშავებას. წითელა მესამე პირის და საგნების საშუალებით არ გადადის, მაგრამ მისი კონტაგიოზურობა თითქმის 100%-ს აღწევს. თუ ადამიანს არ აქვს იმუნიტეტი (არც აცრილია და არც წითელა გადაუტანია), ვირუსთან კონტაქტის შემთხვევაში აუცილებლად დაავადდება.
წითელას ვირუსი ადვილად ვრცელდება სავენტილაციო სისტემით ქვედა სართულებიდან ზედასკენ. შესაბამისად, თუ კლინიკაში პაციენტის კარგი იზოლაციის საშუალება არ არის, სხვა პაციენტების ინფიცირების რისკი ძალიან დიდია, ამიტომ წითელათი დაავადებულებს მხოლოდ სპეციალური კლინიკები იღებენ.

  • – როგორ მიმდინარეობს წითელა?

– კლასიკურად. ატიპური ფორმები იშვიათია, ისიც ძირითადად წლამდე ასაკის აუცრელ ბავშვებში ან ერთჯერადად აცრილებში, რომელთა ასაკი რევაქცინაციის პერიოდს უახლოვდება.
კლასიკურად მიმდინარე წითელა იწყება ტემპერატურის მომატებით. დასაწყისში ახასიათებს კატარული მოვლენები (სურდო, ხველა, ცრემლდენა, კონიუნქტივიტი), საერთო სისუსტე. სიმპტომური მკურნალობის მიუხედავად, პირველი ოთხი დღის განმავლობაში საერთო მდგომარეობა ზომიერად უარესდება. მეხუთე დღეს ტემპერატურა თითქმის ნორმას უბრუნდება, მაგრამ 12-24 საათის შემდეგ კვლავ იმატებს – იმაზე მეტად, ვიდრე წინა დღეებში იყო – და გამონაყარიც ჩნდება.


გამონაყარის გაჩენამდე და გამონაყარის პირველ დღეს შეინიშნება კოპლიკ-ფილატოვის ლაქები (წითელარშიიანი თეთრი წინწკლები ლოყის შიგნით, ქვედა მოლარების დონეზე), ასევე – გამონაყარი რბილ და მაგარ სასაზე. კანზე გამონაყარი პირველად ყურების უკან და სახეზე, განსაკუთრებით ცხვირის ზურგზე ჩნდება, მეორე დღეს ტანზე გადადის, მესამე დღეს კი კიდურებზეც. საშუალო სიმძიმის დაავადების დროს გამონაყარი ლაქოვანია, მრგვალი ან ოვალური. ზოგჯერ მისი ელემენტები გაერთიანებისაკენ არის მიდრეკილი. მეოთხე დღიდან გამონაყარი ამავე თანმიმდევრობით ალაგდება: უფერულდება ჯერ სახეზე, შემდეგ ტანზე და ბოლოს კიდურებზე. იშვიათად დაავადებიდან ერთი კვირის შემდეგ შესაძლოა კანი ბურბუშელასავით აიქერცლოს.
მინდა, ჩვენმა მოსახლეობამ იცოდეს, რომ წითელა მხოლოდ გამონაყარი არ არის. მას ახასიათებს სახის შეშუპება, კონიუნქტივიტი და სკლერების ჰიპერემია. ავადმყოფს ძალიან აღიზიანებს სინათლე, განსაკუთრებით – დღისა, და ფარდების ჩამოფარებას ითხოვს. ხშირად ატიპური წითელა სწორედ იმით მიეჭვია, რომ პაციენტები სინათლეზე დისკომფორტს გრძნობდნენ და ფარდების ჩამოფარებას ითხოვდნენ, შემდგომში კი ჩემი ეჭვი ლაბორატორიულად დადასტურებულა.
წითელას დროს ასევე გამოხატულია ზოგადი ინტოქსიკაციის სიმპტომები: ადინამია, ძლიერი გაღიზიანება (აგზნება, გაბმული ტირილი), თავის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი.

გართულებები

  • – რით შეიძლება გართულდეს წითელა და როგორ გავიგოთ, გართულება ვირუსულია თუ ბაქტერიული?

– წითელას ვირუსი აზიანებს ორგანოთა რამდენიმე სისტემას: საჭმლის მომნელებელს, სასუნთქს, ცენტრალურ ნერვულს. ვაქცინაციამდელ პერიოდში ის ხშირად იწვევდა ლეტალობას და ინვალიდობას. განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობდა სხვა დაავადებებით დასუსტებულ პირებში (დღეს კი, სამწუხაროდ, სწორედ ასეთებს “ზოგავენ” და ვაქცინაციას არ უკეთებენ). თავად მყავდა პაციენტები ბავშვთა ცერებრული დამბლით, ტუბერკულოზით, ფილტვის და ცნს-ის სხვა პათოლოგიებით, რომლებიც, სამწუხაროდ, წითელათი გარდაიცვალნენ.
ბოლო წლებში წითელას გართულებებიდან ყველაზე ხშირად გვხვდება პნევმონია (ფილტვების ანთება) და ენცეფალიტი (ტვინის ანთება). ასეთი პნევმონია არასტანდარტულად მიმდინარეობს, უფრო რთულად, ვიდრე ჩვეულებრივი, და სტაციონარული მკურნალობა სჭირდება. წითელას მწვავე ფაზაში განვითარებული პნევმონია ან ენცეფალიტი, წესისამებრ, ვირუსულია, ხოლო ვირუსული ფაზის გავლის, გამონაყარის ალაგების შემდეგ განვითარებული – უკვე მეორეულია, ბაქტერიული. ამ შემთხვევაში მკურნალობის ტაქტიკაც განსხვავებულია. ასეთი პნევმონია და ენცეფალიტი უფრო ხშირია, მაგრამ ვირუსულთან შედარებით დაბალი ლეტალობა ახასიათებს.

მკურნალობა
– დაავადების სიმძიმე ექიმმა უნდა შეაფასოს. წითელას ყველა შემთხვევა არ მოითხოვს ჰოსპიტალიზაციას. შესაძლოა, უკეთესიც კი იყოს მისი მართვა ბინის პირობებში, პაციენტის საკუთარ გარემოში. წითელას, თუ გართულებები არ განვითარდა, სიმპტომურად მკურნალობენ. საჭიროა სიმშვიდე, ბევრი სითხე და დადებითი განწყობა. სხვათა შორის, წითელა ის ინფექციაა, რომელსაც ჩვენი წინაპრები “ბატონებს” ეძახდნენ და მათი მიდგომა: პაციენტისთვის სასიამოვნო განწყობის შექმნა და გამღიზიანებელი ფაქტორების არიდება, – ახლაც ძალაშია. რაც შეეხება გარშემო წითელი ფერის დომინირებას, როგორც ჩანს, კონიუნქტივიტის გამო პაციენტებს წითელი ფერის ყურება ამშვიდებდათ და ეს ტრადიციაც აქედან მოდის.

წითელას აცრა
– სწორი ვაქცინაციის წყალობით წითელას ვირუსი პრაქტიკულად მთელმა მსოფლიომ დაამარცხა. ვაქცინაციის საკითხი მოსახლეობას განსჯის საგნად არ უქცევია – ყველა აიცრა, ხოლო როდესაც ქვეყანაში აღარ არის ვირუსის მიმღები კონტინგენტი, ავადობაც აღარ არის.
არასწორი წარმოდგენების გამო ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის სრული ვაქცინაცია ვერ ჩატარდა. მშობლებს ეშინოდათ, ვაქცინას რამე გართულება არ გამოეწვია. სამწუხაროდ, ხშირად არც ექიმები მოითხოვდნენ კატეგორიულად ბავშვის აცრას.
წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია აცრების ეროვნულ კალენდარში შედის და უფასოა. მას შემდეგ, რაც წითელას შემთხვევები აღირიცხა და საჭირო გახდა მოსახლეობის ძირითადი ნაწილის აცრა, საქართველოს მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, წითელას ვაქცინა უფასოდ იქნა შემოტანილი ყველა ასაკობრივი ჯგუფისათვის. აცრას ექვემდებარებიან:
* 1-დან 19 წლამდე არასრულად აცრილი ან აუცრელი პირები (რომლებსაც გამოტოვებული აქვთ წითელას აცრა 1 და 5 წლის ასაკში);
* 19 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა, განურჩევლად იმუნიზაციის სტატუსისა. 19-დან 41 წლამდე ასაკის პირებისთვის აცრა სავალდებულოა, ხოლო 41 წელს გადაცილებულთათვის – ნებაყოფლობითი;
* წითელას სავარაუდო შემთხვევის გამოვლენისას – ოჯახის წევრები და კონტაქტში მყოფი სხვა პირები, განურჩევლად იმუნიზაციის სტატუსისა.

რამდენიმე წლის წინ ევროპაში წითელას შემთხვევები გახშირდა და ვაქცინა ჩვენც მოგვაწოდეს. ეს მათი მხრივ აკადემიური ჟესტი იყო. მე პირადად ჩემი შვილები განმეორებით ავცერი, მაგრამ ბევრმა მშობელმა თავი შეიკავა. იმის გამო, რომ ვიღაცას ინექციის გამო გული წაუვიდა, ამ კამპანიის წინააღმდეგ უარყოფითი პიარი აგორდა. ამის შედეგია ის, რაც დღეს ხდება – ჩვენი მოსახლეობა წითელას ვირუსის მიმართ მიმღები გახდა და როგორც კი ამ ვირუსმა ქვეყანაში ცირკულაცია დაიწყო, არაიმუნური მოსახლეობა დაავადდა, განსაკუთრებით დაუცველები კი ბავშვები აღმოჩნდნენ.
დასანანია, რომ როდესაც საერთაშორისო კონგრესებზე წითელას საკითხი განიხილება, ჩვენი ქვეყანა იმ ქვეყნებს შორის სახელდება, სადაც ეს დაავადება კვლავ აქტუალურია. ეს მაშინ, როცა ვაქცინაციით წითელას მართვა შესაძლებელია. აცრების ძირითადი კალენდრის თანახმად, ერთი წლის ასაკში ჩატარებული ვაქცინაცია და ხუთი წლის ასაკში ჩატარებული რევაქცინაცია იცავს ადამიანს ამ ინფექციისგან, ამიტომ ვინც არ არის აცრილი ან ეჭვი ეპარება, რომ თავის დროზე აცრა ჩაუტარდა, აუცილებლად უნდა აიცრას. არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ მომავალი თაობებისთვის, რათა ჩვენი შვილები და შვილიშვილები წითელასგან დაცულები იყვნენ.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: