უსაფრთხოა თუ არა გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ?

გააზიარე:

უსაფრთხოა თუ არა გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ? ვინ მოთვლის, უკვე რამდენჯერ დასმულა ეს კითხვა, მაგრამ აქტუალობას არ კარგავს. პირიქით, წლიდან წლამდე უფრო და უფრო აქტუალური ხდება.
აზბესტი საშიში ნივთიერებაა. დიდი ხანია, მედიცინის სამყარო მის მავნებლობაზე საუბრობს, მაგრამ თითქმის უშედეგოდ. სამწუხაროდ, პრობლემა არც საქართველოსთვისაა უცხო. მეორე მხრივ, ბოლო ხანს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ დაავადებებს, ვინაიდან ეს ის დაავადებებია, რომელთა თავიდან აცილებაც პროფილაქტიკური ღონისძიებებით შესაძლებელია.
მოდი, გავიგოთ, რა არის აზბესტი, საიდან და როგორ ხვდება ჩვენს ორგანიზმში და რა გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე.

საშიში ციფრები
იმის საჩვენებლად, რამდენად სერიოზულია პრობლემა, ჯანმოს მონაცემებს მოვიშველიებ:
* სამუშაო ადგილზე აზბესტის ზემოქმედებას მთელ მსოფლიოში დაახლოებით 125 მლნ ადამიანი განიცდის.
* აზბესტის პროფესიულ ზემოქმედებას ყოველწლიურად სიკვდილიანობის 107 000-ზე მეტი შემთხვევა უკავშირდება.
* აზბესტს უკავშირდება პროფესიული კიბოთი გარდაცვალების შემთხვევათა დაახლოებით ნახევარი,
* ყოველწლიურად რამდენიმე ათასი შემთხვევა კი საცხოვრებელ გარემოში აზბესტის ზემოქმედებასთანაა დაკავშირებული.

რა არის აზბესტი
აზბესტი ჯგუფია ბოჭკოვანი მინერალებისა, რომლებიც აქტიურად გამოიყენება მრეწველობაში. დაბალი თბოგამტარობა, დაჭიმვისა და ქიმიური ზემოქმედებისადმი გამძლეობა – ამ ღირსებების გამო აზბესტი ფართო მოხმარების პროდუქტად იქცა. მას იყენებენ შენობების საიზოლაციოდ და გადასახურავად, წყალსადენი მილების, ცეცხლმაქრობი საფარების, სამუხრუჭე ხუნდების, ავტომობილის საყრდენების წარმოებაში.
გამოყოფენ აზბესტის რამდენიმე სახეობას. ყველაზე მეტადაა გავრცელებული ქრიზოტილი (თეთრი აზბესტი) და კროკიდოლიტი (ცისფერი აზბესტი). შედარებით იშვიათად შეგხვდებათ ამოზიტი, ანტოფილიტი, ტრემოლიტი და აქტინოლიტი. დაიმახსოვრეთ, ჯანმრთელობისთვის ყველა მათგანი საშიშია.

როგორ მოქმედებს
აზბესტი კანცეროგენია. მისი ზემოქმედება იწვევს მეზოთელიომას, ფილტვის, ხორხისა და საკვერცხის კიბოს. ზემოხსენებული 107 000 ადამიანი წელიწადში უმთავრესად სწორედ ფილტვის კიბოს და მეზოთელიომას ეწირება. გარდა ამისა, აზბესტის ზემოქმედება მიიჩნევა აზბესტოზის (ფილტვის ფიბროზის) განვითარების მთავარ რისკფაქტორად.

საშიში ბოჭკოები
აზბესტის ბოჭკოები ძალიან პატარაა. იმდენად პატარა, რომ შეუიარაღებელი თვალით ვერ დაინახავთ. სამაგიეროდ, ამ მიკრობოჭკოებს დიდი ძალა აქვთ. დაიმახსოვრეთ, არ არსებობს აზბესტის ზემოქმედების უსაფრთხო დონე!
აზბესტი ორგანიზმში ორი გზით ხვდება – შესუნთქვით და გადაყლაპვით. ზემოქმედების უმეტესი წილი შესუნთქულ ბოჭკოებზე მოდის. აზბესტის შესუნთქვა შესაძლებელია მისი მოპოვებისას, გადამუშავებისას, აზბესტშემცველი იზოლაციის დამონტაჟებისას, ძველი შენობების ნგრევისას თუ რემონტისას. ჩამოთვლილ შემთხვევებში ჰაერში აზბესტის მტვერი ტრიალებს და საშიში მიკრონაწილაკები ადამიანის სასუნთქ სისტემაში მიიკვლევენ გზას. გადაყლაპვა შესაძლებელია, მაგალითად, სასმელი წყლის მეშვეობით (თუ წყალი აზბესტშემცველ მილებში მოედინება). არ არის გამორიცხული შესუნთქული აზბესტის ბოჭკოების პირში ამოხველება, მერე კი მათი გადაყლაპვა ნერწყვთან ერთად.
სასუნთქ სისტემაში მოხვედრილი აზბესტის ბოჭკოები ტრაქეას და ბრონქების ლორწოვან გარსს ეწებება. საბედნიეროდ, ამ ეტაპზე შესაძლებელია, ხველის რეფლექსის შედეგად ისინი უკან გამოიდევნოს, თუმცა დამცავი მექანიზმი ყოველთვის ვერ მუშაობს ეფექტურად და ზოგიერთი ბოჭკო ფილტვებამდე აღწევს ან ფილტვის გარეთ, პლევრაში გადის. ბოჭკოები უჯრედებს აზიანებს, რასაც დაავადებამდე მივყავართ.

აზბესტოზი
ფილტვებში აზბესტის ბოჭკოები შემაერთებელი ქსოვილის წარმოქმნას იწვევს. ამ მდგომარეობას ფილტვის ფიბროზი ეწოდება. დანაწიბურებული ფილტვის ქსოვილი შეკუმშვას და გაფართოებას ვეღარ ახერხებს. შესაბამისად, სუნთქვის აქტში ვეღარ მონაწილეობს. ფილტვის ფუნქციის მოშლა ინვალიდობას, ზოგჯერ კი სიკვდილსაც იწვევს.
აზბესტოზისთვის დამახასიათებელია მკერდის ტკივილი, ხველა, ფიზიკური დატვირთვის თანმხლები ქოშინი, რომელიც თანდათან მძიმდება და ბოლოს მოსვენების დროსაც იჩენს თავს.
დიაგნოზის დასასმელად ტარდება გულმკერდის რენტგენოგრაფია, ფილტვების კომპიუტერული ტომოგრაფია, მოწმდება ფილტვის ფუნქცია.
აზბესტოზის მკურნალობა არ არსებობს. მთავარი ამოცანა მავნე ნივთიერების ზემოქმედების აღკვეთაა. ზოგჯერ – კერძოდ, ფილტვებში სითხის დაგროვებისას – სიმპტომების შესამსუბუქებლად ტარდება დრენაჟი.

ფილტვის კიბო
ფილტვის კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი დაავადებაა, რომელიც უმეტესად მამაკაცებს ემართებათ. მართალია, მისი მთავარი რისკფაქტორი თამბაქოს წევაა, მაგრამ აზბესტის ზემოქმედებაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ფილტვებში ავთვისებიანი პროცესების განვითარებას, მით უმეტეს მაშინ, როცა ადამიანი, მავნე სამუშაოსთან ერთად, მწეველიცაა.
ფილტვის კიბო სხვადასხვანაირად გამოვლინდება: ხან უშუალოდ ფილტვისმიერი სიმპტომებით იჩენს თავს, ხან კი მეტასტაზის უბნებთან დაკავშირებულით.
ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:
* პროგრესირებადი ხველა;
* სისხლიანი ხველა;
* გულმკერდის ტკივილი;
* ქოშინი;
* ძლიერი სისუსტის, დაღლილობის შეგრძნება;
* წონის უმიზეზო კლება.
მკურნალობა დაავადების სტადიაზეა დამოკიდებული. გამოიყენება ქირურგიული მეთოდები, ქიმიო– და სხივური თერაპია.

რაც უფრო ხანგრძლივია აზბესტის ზემოქმედება, მით უფრო მაღალია დაავადების განვითარების რისკი. ფილტვის კიბო უმეტესად აზბესტის პირველი ზემოქმედებიდან 15 წლის შემდეგ იჩენს თავს, მაგრამ თუ ადამიანი მწეველიცაა, ალბათობა საგრძნობლად იმატებს და ინტერვალიც შესამჩნევად მოკლდება.

მეზოთელიომა
კიდევ ერთი საფრთხე, რომელიც აზბესტის ზემოქმედებისას გვემუქრება, მეზოთელიომაა, ამ შემთხვევაში – პლევრის მეზოთელიომაა. სულ უფრო მეტი ეპიდემიოლოგიური კვლევა ცხადყოფს მჭიდრო კავშირს აზბესტის ზემოქმედებასა და ამ წარმონაქმნს შორის.
პლევრის მეზოთელიომა მომაკვდინებელი ავთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც პლევრის ამომფენ გარსზე ვითარდება. ის ავთვისებიანი დაავადების მეტად იშვიათი ფორმაა. მას აზბესტის ყველა ნაირსახეობა იწვევს. მეზოთელიომა ფილტვის კიბოზე ნელა იზრდება – აზბესტის პირველი ზემოქმედებიდან დაავადების გამომჟღავნებამდე 30 წელი, ზოგჯერ მეტიც გადის.
პლევრის მეზოთელიომას ახასიათებს მკერდის ტკივილი, ხველა, სისუსტე, დაღლილობა, წონის კლება, ოფლიანობა, ცხელება. მისი დიაგნოსტიკისთვის ტარდება რენტგენოგრაფია, პლევრის სითხის ციტოლოგიური კვლევა, ფილტვის ან პლევრის ბიოფსია.
მეზოთელიომა ძნელად სამკურნალო დაავადებაა. ფაქტობრივად, ერთადერთი იმედი დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენაა, ვიდრე ჯერ კიდევ შესაძლებელია ქირურგიულად მთელი სიმსივნის მოკვეთა, დაავადების მანიფესტაცია კი უმეტესად მოგვიანებით ხდება, როდესაც ასეთი ჩარევა დაგვიანებულია. სიმპტომების შესამსუბუქებლად ტარდება ქიმიო- და სხივური თერაპია. გადარჩენის საშუალო მაჩვენებელი ოთხიდან 18 თვემდე მერყეობს.
ზოგიერთმა კვლევამ გამოავლინა მჭიდრო კავშირი აზბესტის მოხმარებასა და სხვა ლოკალიზაციის – კუჭისს, მსხვილი და სწორი ნაწლავის – სიმსივნეებს შორისაც, თუმცა ამ დააავადებებსა და აზბესტის ზემოქმედებას შორის ურთიერთკავშირი არ არის ისეთი ნათელი, როგორიც ფილტვის კიბოსი და მეზოთელიომისა.

როგორ ვებრძოლოთ
აზბესტთან დაკავშირებულ დაავადებებთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ გზად მისი ზემოქმედების თავიდან აცილება, საუკეთესო შემთხვევაში კი მისი გამოყენების შეწყვეტა ითვლება. ბრძოლის გასაადვილებლად ექსპერტები გვთავაზობენ:
* შესაბამისი ნორმატივების დაცვას სამუშაო ადგილზე, ასევე – აზბესტშემცველი მასალებისგან აშენებული ნაგებობის ნგრევის დროს;
* შესაბამისი სამსახურების ჩამოყალიბებას აზბესტთან დაკავშირებული დაავადებების ადრეული გამოვლენისა და მკურნალობისთვის;
* აზბესტის ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირთა რეესტრის შექმნა და მათი სამედიცინო მეთვალყურეობის ორგანიზებას;
* საზოგადოებივი ცოდნის ამაღლებას აზბესტის შემცველი მასალებისგან მომდინარე საფრთხის შესახებ.

რა ხდება საქართველოში
საქართველოში აზბესტის შემცველი პროდუქციის წარმოება ოცი წელია შეწყდა, მაგრამ დღემდე ხორციელდება მისი იმპორტი, რის შედეგადაც აზბესტის შემცველი ნაწარმი კვლავ აქტიურად გამოიყენება მშენებლობაში, საიზოლაციო-საჰერმეტიზაციო-გადასახურავი მასალების წარმოებაში, ელექტროობაში, ქაღალდის წარმოებაში. მას ასევე შეხვდებით მანქანის სამუხრუჭე სისტემებში, ხანძარსაწინააღმდეგო იზოლაციაში, ცეცხლმაქრობ საფარში, მეხანძრის ცეცხლგამძლე ტანსაცმელში, გოფრირებულ გადახურვის პანელებში, მილგაყვანილობაში, წყლის ავზებში... აზბესტის მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყანაში იმპორტირდება რუსეთიდან, უკრაინიდან, ასევე - ჩინეთიდან, თურქეთიდან, ბელგიიდან, ჰოლანდიიდან, ესპანეთიდან, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან, ინდოეთიდან.

მრეწველობის დარგები, სადაც მომუშავეთა დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, აზბესტის მტვრის ზემოქმედებას განიცდის
* მშენებლობა
* ენერგეტიკა
* ქაღალდის წარმოება
* ავტოტექმომსახურების ობიექტები
* თავდაცვითი მრეწველობა
* საავიაციო მრეწველობა
* გემთმშენებლობა`შეკეთება
* მეტალურგია

სამწუხაროდ, საქართველოში არ მიმდინარეობს:
* აზბესტის წლიური მოხმარებისა და იმპორტის მოცულობათა აღრიცხვა;
* სამუშაო ზონის ჰაერის მტვერში აზბესტის კონცენტრაციის შემოწმება;
* აზბესტშემცველი მტვრის ზემოქმედებით გამოწვეულ დაავადებათა გამოვლენა და მათი გავრცელების აღრიცხვა.
შესაბამისად, უცნობია, რამდენი ადამიანი განიცდის აზბესტშემცველი მტვრის მავნე ზემოქმედებას.

გვანცა გოგოლაძე

გააზიარე: