როგორ გავიადვილოთ მუშაობა დასვენების შემდეგ?

გააზიარე:

მიფიქრია: “ახლაც, ეს დეკემბერიც ჩავამთავრო, მერე რამდენიმე დღე დავისვენებ და ჰოპ, ენერგიით სავსე დავუბრუნდები სამუშაოს”. სინამდვილე კი მოლოდინს აცდენილია. პირველ დღეებში სამუშაო ადგილას ყველა არეული გამომეტყველებით დადის. ზოგი თავს ვერ აიძულებს, ისევ დაიწყოს მუშაობა, ზოგს 445 უპასუხო იმეილი ელოდება, რომელთა გარჩევასაც მთელი კვირა სჭირდება, ზოგს კი პირველივე დღეს ექვსი შეხვედრა აქვს ჩანიშნული: ახალი წელია თუ ძველი, საქმე არ იცდის და დასვენების ხუთი დღის განმავლობაში დაგროვილი სამუშაო მომდევნო ხუთ დღეზე უნდა გადანაწილდეს.


და რაც უფრო არ ვიწყებთ მუშაობას, მით უფრო ვშფოთავთ, რომ მუშაობას არ ვიწყებთ და მით უფრო არ ვიწყებთ მუშაობას (რადგან ვშფოთავთ).
საიდანაც არ უნდა მივუდგეთ, ახალი წლის უქმეების შემდეგ სამსახურში დაბრუნება ძნელია. ნაცვლად იმისა, რომ მეტი ენერგიით და ენთუზიაზმით მოვეკიდოთ საქმეს, ოფისი და სამუშაო მაგიდა გვთრგუნავს. ამიტომ პირველი ნაბიჯი ამ სირთულის აღიარება და მიღებაა. ხოლო თუ ვაღიარებთ, რომ სამსახურის პირველი კვირა უფრო რთულია, ვიდრე სხვა კვირები, ამასთან გამკლავების სტრატეგიის ძებნასაც დავიწყებთ.
სტრატეგია კი ასეთია:

1. დაუბრუნდით საქმეს ერთი დღით ადრე


იმისთვის, რომ პაუზის ღილაკზე გაჩერებული საქმის ნიაღვარმა არ წაგლეკოთ, სამსახურში გასვლამდე ერთი დღით ადრე, სანამ უფროსი თავზე დაგდგომიათ, სანამ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დაწყებულა, სანამ ელექტრონული ფოსტის ულევი წიაღისეულის გათხრა დაგიწყიათ – დასხედით და ერთი საღამო პირველი სამუშაო კვირის დაგეგმვას დაუთმეთ. ეს განწყობის დაბრუნებაში დაგეხმარებათ. ოღონდ არ გადაიტვირთოთ. შეიძლება, დასვენების ბოლო საღამო მუშაობისთვის დაგენანოთ, მაგრამ სულ რამდენიმე საათმა შესაძლოა მომდევნო რამდენიმე დღის სამყოფი ნერვები და ენერგია დაგიზოგოთ.

2. დაისახეთ პრიორიტეტები


ამ ერთ საღამოს, რომელსაც წინასწარ დაუთმობთ სამუშაოს (რაც თქვენსავე კეთილდღეობას მოხმარდება), გადაავლეთ თვალი გასაკეთებელ საქმეებს და პრიორიტეტულობის მიხედვით დაალაგეთ. ნუ ეცდებით, ყველაფერს ერთდროულად მოჰკიდოთ ხელი – ფეხქვეშ მიწა გამოგეცლებათ და შფოთვა შემოგიტევთ. საერთოდაც, ეს საღამო სამუშაოდ კი არა, მოსამზადებლად და დასაგეგმავადაა, ამიტომ უბრალოდ ჩამოწერეთ აუცილებელი საქმეების ნუსხა. თუ სიაში მეტისმეტად ბევრი ამოცანაა, შეგიძლიათ, თითოეულს მიუწეროთ პირველი ნაბიჯი, რომელიც მის შესასრულებლად არის საჭირო. ისიც მოიფიქრეთ, რომელი მიზნების მიღწევა შეგიძლიათ დამოუკიდებლად და რომლები გუნდურ მუშაობას მოითხოვს. გაითვალისწინეთ, პირველ დღეს უმჯობესია სხვა ადამიანებზე არ იყოთ დამოკიდებული და საქმეები თქვენი ტემპით აკეთოთ. შემდეგ სია დახურეთ და მშვიდად დაიძინეთ.

3. ნუ მისცემთ ელექტრონულ ფოსტას თქვენი დამონების უფლებას


დასვენების შემდეგ ყველაზე დიდი რისხვა ჩემი მეილბოქსია. თუ ოცდაათზე ნაკლები იმეილი დამხვდა, მიმაჩნია, რომ გამიმართლა. რას ვაკეთებთ ხოლმე ამ დროს? ქრონოლოგიურად ვპასუხობთ თითოეულ წერილს, თან ვბრაზობთ, რომ სხვა საქმისთვის დრო აღარ გვრჩება. არადა, ეს ყველაზე ნაკლებეფექტური სტრატეგიაა.
გადახედეთ თქვენს 150 იმეილს და მონიშნეთ ათი ყველაზე პრიორიტეტული. პრიორიტეტები თავად განსაზღვრეთ: რა უფრო იწვის? ვინ გამოგზავნა? რომლის საპასუხოდ გჭირდებათ მეტი მომზადება?
დათქვით იმეილებზე პასუხისთვის დასახარჯი დრო. მაგალითად: სამი დღე, ლანჩამდე. მეორე დღესაც იმავე სტრატეგიას მისდიეთ და მესამე დღესაც. იმედია, მეოთხე დღემდე ყველა წერილი გარჩეული იქნება. არ დაუთმოთ იმეილების გარჩევას მთელი დღე – ყველა მათგანი სხვადასხვა თემას ეხება, თქვენ კი დრო გჭირდებათ, რომ კვლავ საქმის კურსში ჩადგეთ.
უპასუხეთ სტრატეგიულად: ზოგიერთს აუხსენით, რომ ეს საკითხი ჩაღმავებას მოითხოვს და რამდენიმე დღეში დეტალურად უპასუხებთ, ზოგს მაშინვე გაეცით პასუხი, ოღონდ ეცადეთ, ის მოკლე და სტრუქტურირებული იყოს.
საერთოდ, კორპორაციებთან მომუშავე ფსიქოლოგები გვირჩევენ, 50%-ით შევამციროთ ყოველი გაგზავნილი იმეილის ტექსტი. როგორც თქვენი ინბოქსია გამოტენილი, ისევეა მიმღებისაც. რაც უფრო მოკლედ მისწერთ, მით მეტ დროს დაუზოგავთ მასაც და საკუთარ თავსაც. მთავარია, მნიშვნელოვანი წერილები უპასუხოდ არ დატოვოთ.
დათქმულ დროს დახურეთ მეილბოქსი და ჩაუღრმავდით იმ საკითხებს, რომელთა გარკვევასაც ხალხს დაჰპირდით.

4. არ დანიშნოთ შეხვედრები პირველ დღეს


როგორც კი აღიარებთ, რომ პირველი სამუშაო დღე პირველი რთული კვირის ყველაზე რთული დღეა, მიხვდებით, რომ ამ მდგომარეობაში შეხვედრების ჩატარება არ შეიძლება. საერთოდაც, პირველ დღეს თქვენი პროდუქტიულობა პიკს ვერ მიაღწევს, ორგანიზმს სჭირდება დრო, რათა დასვენების რიტმიდან გამოვიდეს და სამუშაო რიტმში ჩაჯდეს (სწორედ ისე, როგორც დასვენების პირველ დღეს ცდილობდით, ათასი არასამსახურებრივი საქმე მოგეგვარებინათ და მხოლოდ ცოტა ხნის შემდეგ შეანელეთ ტემპი და დაიწყეთ დასვენება). ამიტომ, თუ შესაძლებელია, პირველ სამუშაო დღეს არ დანიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები. ამ დროს სხვებიც თქვენსავით არაპროდუქტიულები არიან და შეხვედრის ნახევარი ახალი წლის ამბების განხილვას დაეთმობა. შესაძლოა, იმწუთას ეს სასიამოვნო მოგეჩვენოთ, მაგრამ ოთხსაათიანი საუბრის შემდეგ მიხვდებით, რომ საქმე, რომელიც იწვოდა, უკვე დაიწვა, სამუშაო დღე კი დასრულდა.
ნაცვლად ამისა, თუ შესაძლებელია, შეხვედრები მთელ კვირაზე გაანაწილეთ.

5. დაალაგეთ სამუშაო სივრცე


ამთავითვე იცოდეთ: პირველ დღეს ყველაფერს იღონებთ, რომ სრული დატვირთვით არ იმუშაოთ. მაგრამ თუ ფეისბუქზე შეხვედით ან საჭორაოდ თანამშრომლის ოთახში შეყავით თავი, დასვენებას მიჩვეულს, ხუთი წუთი არ გეყოფათ და ამ უმიზნო საქმიანობას უამრავ დროს შეალევთ.
ნაცვლად ამისა, ჯობია, ისეთი რამ გააკეთოთ, რაც აუცილებელია, მაგრამ რისთვისაც არასდროს გყოფნიდათ დრო. მაგალითად, დაალაგეთ სამუშაო მაგიდა, უჯრები და, რაც მთავარია, კომპიუტერის დესკტოპი. დესკტოპის დალაგება მონუმენტური ამოცანაა, რომლისთვისაც უმეტესობა ვერასოდეს იცლის. გადახედეთ საქაღალდეებს, მნიშვნელოვანი ინფორმაცია სხვაგან შეინახეთ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ონლაინ ღრუბელზე ატვირთეთ ან მეხსიერების ბარათზე ჩაწერეთ. დესკტოპი ინფორმაციის შესანახად ყველაზე დაუცველი ადგილია.
თვალი გადაავლეთ უჯრებში დაგროვილ ქაღალდებს და გადაყარეთ დოკუმენტები, რომლებიც აღარ გჭირდებათ, ადგილს კი იკავებს. დანარჩენი ორ ნაწილად გაყავით:
1. სასწრაფო;
2. მოიცდის.
ეს კიდევ ერთხელ მოგცემთ საშუალებას, გადააფასოთ პრიორიტეტები და თავიდან მოიცილოთ უსარგებლო საბუთები. ამით თქვენს უჯრასაც და გონებასაც დაცლით მაკულატურისგან და მნიშვნელოვანი საქმეებისთვის მეტი სივრცე დაგრჩებათ. გარდა ამისა, პროდუქტიული საქმიანობით დაკავებული, თავს კარგად იგრძნობთ.
პ.ს. თუ ოთახში საახალწლო დეკორაციები გიკიდიათ – ჩამოხსენით. შამწუხაროდ, მორჩა. დამთავრდა.

6. გამოიძინეთ


პირველი რთული დღის შემდეგ ეცადეთ, თავს მოუფრთხილდეთ და დროზე დაწვეთ (და არა ისე, როგორც უქმე დღეებში წვებოდით). თქვენი სხეული ტრანზიციაშია: მუშაობიდან დასვენებაში, დასვენებიდან მუშაობაში. პატივი ეცით, გაუფრთხილდით და მიეცით ყველაზე მნიშვნელოვანი: სრულფასოვანი ძილი.

7. დაგეგმეთ სასიამოვნო შაბათ-კვირა


პირველი კვირის სტრესის გაძლებისთვის დააჯილდოეთ საკუთარი თავი. წინასწარ დაგეგმეთ საინტერესო შაბათ-კვირა, როცა იმას გააკეთებთ, რისთვისაც ახალი წლის უქმეები არ გეყოთ (“ნეტავი კიდევ ერთი დღე მქონოდა, ამას და ამას ვიზამდი!”). კვირის განმავლობაში, როდესაც გონება განვლილ უქმეებს დაუბრუნდება, თავი წააქეზეთ: “არა უშავს, კიდევ რამდენიმე დღეც და ისევ კარგად გავატარებ დროს”.
წარმატებულ სამუშაო წელს გისურვებთ!

ლიკა ბარაბაძე

გააზიარე: