როგორ ამოვიცნოთ კუჭ–ნაწლავიდან სისხლდენა?

გააზიარე:

არაჯანსაღი კვება, მავნე ჩვევები და გარემო ფაქტორები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე და სხვადასხვა პათოლოგიის წინაპირობად გვევლინება. ტრაქტის დაზიანების შემთხვევაში მოსალოდნელია მწვავე სისხლდენა, რაც სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა და სასწრაფო ჩარევას მოითხოვს. ყველაზე ხშირად სისხლი კუჭიდან ან თორმეტგოჯა ნაწლავიდან დის.

ამ თემაზე სასაუბროდ ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ვასილ აბულაძეს ვეწვიეთ.

  • – რომელ ორგანოებს მოიცავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტი?

– კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, იგივე გასტროინტესტინური ტრაქტი, საკვების მონელებაში მონაწილე ძირითადი სისტემაა. ის მოიცავს პირის ღრუს, ხახას, საყლაპავ მილს, კუჭს, თორმეტგოჯა ნაწლავს, წვრილ ნაწლავს, რომელიც ორ ნაწილად – მლივ ნაწლავად და თეძოს ნაწლავად – იყოფა და მსხვილ ნაწლავს, რომელიც შედგება ბრმა ნაწლავისგან, ასწვრივი, განივი, დასწვრივი და სიგმოიდური კოლინიჯისგან, სწორი ნაწლავისა და ანალური ხვრელისგან. ამ სისტემას ადამიანის ორგანიზმისთვის მეტად მნიშვნელოვანი ფუნქციები აკისრია. მისი მეშვეობით ხდება საკვების მონელება, ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებების შეწოვა და უვარგისი ნარჩენების გამოყოფა.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტი პირობითად ორ ნაწილად იყოფა – ზედად და ქვედად. კუჭი და თორმეტგოჯა ნაწლავი ზედა გასტროინტესტინურ ტრაქტს მიეკუთვნება.

  • – ამ სისტემის რომელი ნაწილიდან შეიძლება დაიწყოს სისხლდენა?

– სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნებისმიერი უბნიდანაა მოსალოდნელი, თუმცა ყველაზე ხშირად ის კუჭიდან და თორმეტგოჯა ნაწლავიდან ვითარდება.

  • – რა იწვევს მას?

– კუჭიდან და თორმეტგოჯა ნაწლავიდან სისხლდენას არაერთი მიზეზი აქვს, თუმცა ყველაზე ხშირად ბრალი მიუძღვის კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვან დაავადებას. შედარებით იშვიათი მიზეზებია ეროზია, პოლიპი, სიმსივნური წარმონაქმნი.

  • – სისხლდენის რისკფაქტორებზე რას გვეტყვით?

– რისკფაქტორების ჩამონათვალიც ვრცელი და მრავალგფეროვანია. ისინი შეიძლება ზოგად და ადგილობრივ ფაქტორებად დავყოთ. ზოგადი ფაქტორებიდან, უწინარეს ყოვლისა, უნდა დავასახელოთ არასწორი კვება, რაც გულისხმობს ცხარე და ცხიმიანი საკვების ხშირ მიღებას, ასევე – თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება. ადგილობრივ ფაქტორთაგან აქტუალურია წყლული, პოლიპები, ლორწოვანის ჰიპერტროფია.

  • – როგორ ამოვიცნოთ სისხლდენა?

– კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა შეიძლება იყოს ფარული (შეუმჩნეველი) და მანიფესტირებული (აშკარა, ხილული). ფარული სისხლდენისთვის დამახასიათებელია ანემიის განვითარება, რომელიც, თავის მხრივ, საერთო სისუსტით ვლინდება, თუმცა ასეთი სისხლდენა იშვიათია. კუჭიდან და თორმეტგოჯა ნაწლავიდან სისხლდენა უმეტესად მანიფესტირებულია და შეიძლება გამოვლინდეს როგორც სისხლნარევი პირღებინებით, ისე სისხლნარევი განავლოვანი მასებითაც. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილიდან სისხლდენაზე მიუთითებს პირღებინება ყავის ნალექისმაგვარი მასით და კუპრისფერი განავალი (მელენა), თუმცა მასიური, პროფუზული სისხლდენის დროს მოსალოდნელია პირღებინება ალისფერი სისხლით და სისხლის კოლტების არსებობა განავლოვან მასაში.


სიმპტომური გამოხატულება სხვადასხვაგვარია და სისხლდენის ინტენსივობაზეა დამოკიდებული. ძლიერ სისხლდენას თან ახლავს:
* წნევის უეცარი ვარდნა;
* გულისცემის აჩქარება’
* საერთო სისუსტე;
* ცივი ოფლი;
* სიფითრე;
* გონების დაკარგვა.

  • – როგორია სტატისტიკა – ხშირად რთულდება თქვენ მიერ ჩამოთვლილი დაავადებები სისხლდენით?

– კუჭიდან და თორმეტგოჯა ნაწლავიდან სისხლდენა ჰოსპიტალიზაციის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია. გასტროინტესტინური ტრაქტის ზედა ნაწილიდან სისხლდენა გაცილებით ხშირია, ვიდრე ქვედა ნაწილიდან.

  • – დამოკიდებულია თუ არა სისხლდენით გართულების რისკი ასაკსა და სქესზე?

– კუჭიდან და თორმეტგოჯა ნაწლავიდან სისხლდენა უფრო ხშირად მამაკაცებს აღენიშნებათ. ჩვენს პრაქტიკაზე დაყრდნობით ისიც შემიძლია გითხრათ, რომ წყლულოვანი დაავადება, რომელიც კუჭიდან და თორმეტგოჯა ნაწლავიდან სისხლდენის ძირითადი მიზეზია, ბოლო ხანს საკმაოდ გაახალგაზრდავდა. გაიზარდა 15-16 წლის პაციენტების მომართვიანობა ამ გართულებით. დაავადების გაახალგაზრდავება მნიშვნელოვანწილად განაპირობა ახალგაზრდების არაჯანსაღმა რეჟიმმა და რაციონმა, მათ შორის – სწრაფი კვების ობიექტებში სახელდახელო კვებამ.

  • – როდის მივმართოთ ექიმს

– ექიმთან დაუყოვნებლივ უნდა მიბრძანდეთ, თუ თავი იჩინა ზემოთ აღწერილმა რომელიმე სიმპტომმა, თანაც არა ამბულატორაში, არამედ სტაციონარში, რადგან კუჭიდან და თორმეტგოჯა ნაწლავიდან სისხლდენა ძალიან საშიში მდგომარეობაა და დაუყოვნებლივ მოითხოვს სტაციონარულ მკურნალობას შესაბამისი მიმართულების სპეციალისტთან. თუ სისხლდენა მოულოდნელად დაიწყო და სწრაფად პროგრესირებს, შესაძლოა, ავადმყოფს ძალიან მალე განუვითარდეს ჰემორაგიული შოკი, რომელიც სიცოცხლისთვის ძალიან სახიფათოა. მასზე მიგანიშნებთ არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება, გულისცემის აჩქარება, გონების დაკარგვა. საბოლოოდ კი ეს ყველაფერი შესაძლოა ლეტალური შედეგით დასრულდეს.

  • – როგორ ხდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის დიაგნოსტიკა?

– უწინარეს ყოვლისა – დამახასიათებელი სიმპტომების საფუძველზე, მაგრამ ზუსტი და სანდო დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია ინსტრუმენტული კვლევაც. ოქროს სტანდარტად მიჩნეულია ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია, რომელიც გამოიყენება როგორც დიაგნოსტიკისთვის, ისე სამკურნალოდაც. ეს მეთოდი გულისხმობს საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დათვალიერებას სისხლდენის კერის აღმოსაჩენად და სისხლდენის დადასტურების შემთხვევაში – მის შესაჩერებლად.
დამატებითი სადიაგნოსტიკო მეთოდია სისხლის საერთო ანალიზი, რომლის მეშვეობითაც ფასდება ჰემოგლობინი, ჰემატოკრიტი და ერითროციტების რაოდენობა. ასევე ინფორმაციულია სისხლის შედედების ფუნქციის განსაზღვრა.

  • – როგორ მკურნალობენ?

– უპირველეს ყოვლისა, საჭიროა სისხლდენის კერის პოვნა და მისი კუპირება. თავდაპირველად, როგორც აღვნიშნე, ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპიას მივმართავთ. თუ სისხლდენა ამ მეთოდით ვერ შევაჩერეთ ან შევაჩერეთ, მაგრამ მოკლე ხანში განახლდა, ან არსებობს რეციდივის მაღალი რისკი, ტარდება ოპერაცია. საბედნიეროდ, ათიდან ცხრა შემთხვევაში გასტროდუოდენოსკოპიით სისხლდენის შეჩერება შესაძლებელია. ამის შემდეგ მკურნალობა კონსერვატიულად უნდა გაგრძელდეს სტაციონარულ პირობებში.

  • – როდის ვითარდება და რამდენად ხშირია რეციდივი?

– რეციდივი ყოველთვის მოსალოდნელია. მისი ალბათობა ენდოსკოპისტმა უნდა შეაფასოს. რისკი გაცილებით მაღალია მოზრდილი წყლულის არსებობისას. რეციდივის ალბათობის შესამცირებლად სტაციონარიდან გაწერილმა პაციენტმა ზედმიწევნით უნდა შეასრულოს ექიმის დანიშნულება. კონსერვატიული მკურნალობის დასრულებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ კი აუცილებელია საკონტროლო გასტროსკოპიის ჩატარება მკურნალობის ეფექტიანობის შესაფასებლად.

  • – როგორ ავიცილოთ თავიდან სისხლდენა?

– სისხლდენის პრევენცია გულისხმობს ცხოვრების ჯანსაღ წესს, ჯანმრთელობისადმი ყურადღებას და პირველი სიმპტომების: ტკივილის, კუჭის არეში დისკომფორტის, გულძმარვის, ბოყინის – გამოვლენისას ექიმთან მისვლას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების გამოსარიცხად.

  • – სისხლდენის შემთხვევაში რას უნდა ველოდეთ?

– მედიცინის თანამედროვე მიღწევების წყალობით პროგნოზი საკმაოდ კეთილსაიმედოა. სისხლდენის შეჩერება, როგორც მოგახსენეთ, უმეტესად ენდოსკოპიური და კონსერვატიული საშუალებებითაც ხერხდება. ოპერაციული ჩარევა შემთხვევათა დაახლოებით 10 პროცენტში ხდება საჭირო.

  • – როგორ ვიცხოვროთ სისხლდენის შემდეგ?

– რეციდივის ალბათობა, როგორც აღვნიშნე, ყოველთვის არსებობს, ამიტომ სათანადო კონსერვატიულ მკურნალობასთან ერთად საჭიროა განსაზღვრული ხანგრძლივობის მკაცრი სტაციონარული რეჟიმი, სტაციონარიდან გაწერის შემდეგ კი ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა და ჯანსაღი კვება. ინიშნება სპეციალური დიეტა და გაიცემა რეკომენდაცია ნებადართული საკვების შესახებ. იკრძალება უხეში საკვები. სასურველია თამბაქოსთვის თავის დანებება, ალკოჰოლისა და კოფეინის შეზღუდვა, მჟავე, ცხარე, მარილიანი საკვების წილის შეძლებისდაგვარად შემცირება. კარგია გრილი საკვები. ამ და სხვა რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულება კარგი შედეგისა და სწრაფი გამოჯანმრთელების საწინდარია.

მარიამ ჯანიაშვილი

გააზიარე: