ძუძუს კიბო: გამოვიჩინოთ სიფხიზლე

გააზიარე:

ძუძუს კიბოს შემთხვევები წლიდან წლამდე იმატებს. ხშირად გვესმის: “ძუძუს კიბო იკურნება”, “ყველანი სკრინინგზე”... ეს ლიტონი სიტყვები არ გახლავთ: დღეს ძუძუს კიბო ნამდვილად იკურნება, ოღონდ შედეგი მით უკეთესია, რაც უფრო ადრეულ სტადიაზე აღმოვაჩენთ დაავადებას და, შესაბამისად, დავიწყებთ მკურნალობასაც. სახელმწიფომ ამ პრობლემის გადასაჭრელად სკრინინგული გამოკვლევები დააფინანსა, მაგრამ, რა გასაკვირიც უნდა იყოს, მათ ქალების მხოლოდ 15% მიმართავს.

რა არის ონკოლოგიური სიფხიზლე, რატომ უნდა ჩავიტაროთ სკრინინგული კვლევა, რამდენ ხანში ერთხელ უნდა მივმართოთ მამოლოგს, როგორ მკურნალობენ ძუძუს კიბოს? – ამ და სხვა კითხვებზე ონკომამოლოგი ბექა სამხარაძე გვიპასუხებს.

– კანის კიბოს შემდეგ ძუძუს კიბო ქალებში ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი დაავადებაა. ის უფრო და უფრო ხშირდება და, რაც განსაკუთრებით არასასიამოვნოა, ახალგაზრდავდება კიდეც. წინათ თუ ეს დაავადება 40 წლამდე ფაქტობრივად არ გვხვდებოდა, ახლა თითქმის ყველა ასაკობრივ ჯგუფში აღირიცხება, 20 წლის ქალებთანაც კი.

მიზეზები

  • – რას აბრალებენ დაავადების ასეთ გავრცელებას?

– ძუძუს კიბოს ერთი კონკრეტული მიზეზი არ აქვს. მის განვითარებას ხელს უწყობს ბევრი ცალკეული ფაქტორი და მათი ერთობლიობა, მათ შორის:
* დაბინძურებული გარემო, არაჯანსაღი საკვები;
* ჰორმონული სტატუსი: პროგესტერონისა და ესტროგენების მატება, ამავე მიზეზით – გვიანი (30 წლის შემდეგ) მშობიარობა, ადრეული მენზესი (ანუ პირველი მენსტრუაცია 12 წლამდე), პოსტმენოპაუზურ პერიოდში ჩატარებული ჰორმონული თერაპია;
* თამბაქოს წევა;
* კოფეინის ჭარბი მოხმარება;
* დატვირთული მემკვიდრეობა. ამ უკანასკნელს ბოლო ხანს დიდი ყურადღება ექცევა. აღმოჩნდა, რომ ძუძუს კიბოს შემთხვევათა 5-10% გენეტიკური მუტაციით არის განპირობებული და ეს მუტაცია თაობიდან თაობას გადაეცემა. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ოჯახური ანამნეზის შეკრება, პაციენტის გამოკითხვა, ხომ არ ჰქონიათ ეს სიმსივნე მის პირველი (დედა, და) ან მეორე (ბებია, დეიდა, მამიდა...) რიგის ნათესავებს. დღეს მუტაციური გენები გამოვლენილია. მათგან ყველაზე ცნობილია BRCA1 და BRCA2, რომლებიც საგრძნობლად ზრდის ძუძუსა და საკვერცხის კიბოს რისკს. სხვათა შორის, მათ გამოსავლენად გენეტიკური ანალიზი ჩვენთანაც ტარდება. თუ ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა, ვადგენთ პაციენტის მეთვალყურეობის სქემას ან ვიწყებთ პროფილაქტიკურ მკურნალობას. სხვათა შორის, აშშ-ში უკვე მიღებულია პრაქტიკა, მუტაციური გენის მქონე ქალებმა 40 წლის შემდეგ ჩაიტარონ სარძევე ჯირკვლის პროფილაქტიკური ამპუტაცია და მოკვეთილი მკერდის სილიკონით რეკონსტრუქცია, როგორც მოიქცა ცნობილი მსახიობი ანჯელინა ჯოლი.
სამწუხაროდ, საქართველოში სკრინინგის ფარგლებში მუტაციური გენების გამოკვლევა არ ფინანსდება.

სკრინინგი – გადარჩენის გზა

  • – რა სახის გამოკვლევები შედის სკრინინგის პროგრამაში და ვის შეუძლია ამ პროგრამით სარგებლობა?

– საქართველოში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სკრინინგული კვლევის ჩატარება შეუძლია 40-დან 70 წლამდე ასაკის ყველა ქალს. სკრინინგი მოიცავს მამოგრაფიას (ძუძუს რენტგენულ გამოკვლევას), რომელიც ყველაზე ინფორმაციულად მიიჩნევა, ხოლო პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში – ძუძუს ექოსკოპიას და მამოლოგის მიერ გასინჯვას. თუ მამოლოგმა შემდგომი კვლევა მიიჩნია საჭიროდ, ბიოფსია და ციტოლოგიური გამოკვლევაც დაფინანსდება. სკრინინგი ტარდება ორ წელიწადში ერთხელ, თუმცა ექიმის რეკომენდაციით შესაძლოა წელიწადში ორი ვიზიტიც დაფინანსდეს.
სკრინინგი მართლაც უდიდეს როლს ასრულებს ძუძუს კიბოს გამოვლენაში. მისი წყალობით დაავადება ხშრად პრეკლინიკურ სტადიაშიც კი ვლინდება, ანუ მანამდე, სანამ კლინიკური სურათი გამოიხატება, ამ ეტაპზე მკურნალობა კი პაციენტს სრული გამოჯანმრთელების შანსს აძლევს, ამიტომ სკრინინგულ გამოკვლევას უნდა მიმართოს ყველა ქალმა და არა მხოლოდ მან, ვისაც რაიმე აწუხებს.
სამწუხაროდ, ამ შესანიშნავმა პროექტმაც კი ვერ მოიცვა მთელი სეგმენტი – ზემოაღნიშნული კატეგორიის ქალთა მხოლოდ 15% მიმართავს სკრინინგცენტრებს. შესაძლოა, არ იციან პროგრამის შესახებ ან უმნიშვნელოდ მიიჩნევენ... შედეგად კი ვიღებთ იმას, რომ ჩვენამდე ზოგჯერ კიბოს საკმაოდ შორს წასული ფორმით მოდიან, როდესაც მკურნალობა უკვე უძლურია.
მეტსაც გეტყვით: სკრინინგიც კი არ არის გამოსავალი – დღეს ძუძუს კიბო ისე გაახალგაზრდავდა, ორმოც წლამდე ლოდინი არაფრით არ შეიძლება. კარგი იქნება, ყველა ქალმა ამ ასაკის მიღწევამდეც წელიწადში ერთხელ გაიაროს მამოლოგთან კონსულტაცია და შესაბამისი გამოკვლევა ჩაიტაროს, რომ თავისი სარძევე ჯირკვლების მდგომარეობა იცოდეს. ამას ჰქვია ონკოლოგიური სიფხიზლე. ონკოლოგიური უჯრედები ყველა სხეულში წარმოიქმნება, მაგრამ ორგანიზმი მათ უმეტესად თვითონვე ანადგურებს. ყველა ქალს აქვს დაავადების რისკი, ამიტომ ყურადღება ყველას სჭირდება.
ქალი კარგად უნდა იცნობდეს საკუთარ სხეულს, იცოდეს, როგორ გამოიყურება მისი მკერდი და თუ რამე საეჭვო შეამჩნია, აუცილებლად მიმართოს ექიმს, რომ დაავადება არ გამოეპაროს.

  • – რა როლს ასრულებს ამაში თვითგასინჯვა?

– კარგა ხანს ექიმები ყველას მოუწოდებდნენ თვითგასინჯვისკენ, თუმცა ბოლო წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ ძუძუს ხელით გასინჯვა – არათუ თვითგასინჯვა, არამედ პროფესიონალის მიერ გასინჯვაც კი – არ იძლევა იმდენ ინფორმაციას, რამდენსაც სკრინინგული კვლევა, საეჭვო კვანძს კი ქალების უმრავლესობა ბანაობის ან ჩაცმის დროს ისედაც ამჩნევს. სკრინინგულ გამოკვლევას ვერაფერი შეცვლის, ამიტომ ის ყველამ უნდა ჩაიტაროს.

საყურადღებო ნიშნები

  • – გარდა სარძევე ჯირკვალში კვანძის არსებობისა, რა ცვლილებები ახასიათებს ძუძუს კიბოს?

– მთავარი ცვლილება, რომელსაც ქალები ამჩნევენ, სწორედ სარძევე ჯირკვალში არსებული წარმონაქმნია. უმეტესად ეს არის უსწორმასწორო, მკვრივი უმტკივნეულო კვანძი, თუმცა იშვიათად გვხვდება რბილიც, გლუვიც და მტკივნეულიც. ნებისმიერ შემთხვევაში, ის განსხვავდება ირგვლივ მდებარე ქსოვილისგან. გარდა ამისა, შესაძლოა:
* ძუძუმ შეიცვალოს ზომა და ფორმა, შესივდეს მთლიანად ან ნაწილობრივ;
* გაღიზიანდეს, გაწითლდეს, აიქერცლოს, გასქელდეს კანი არეოლაზეც და ძუძუს დანარჩენ ნაწილზეც;
* ძუძუს კანზე გაჩნდეს ჩაღრმავება ან ჩაღრმავებები, რომლებიც მას ფორთოხლის ქერქისმაგვარ შესახედაობას მისცემს;
* ჩაბრუნდეს დვრილი;
* გაჩნდეს დვრილიდან გამონადენი.
თუ ძუძუს კიბო ლიმფურ კვანძებში გავრცელდა, – წესისამებრ, იღლიის ქვეშ ან ლავიწის ძვლის ირგვლივ, – ეს კვანძები დიდდება. ზოგჯერ გადიდებულ ლიმფურ კვანძებს უფრო ადრე ამჩნევენ, ვიდრე სარძევე ჯირკვალში არსებულ პირველად სიმსივნეს. ასე რომ, ლიმფური კვანძების გადიდებაც ძალიან საყურადღებო ნიშანია.
თითოეული ეს სიმპტომი შეიძლება სხვა დაავადებაზეც მიუთითებდეს, ასე რომ, მათი შემჩნევისას მაინცდამაინც კიბოს დიაგნოზს ნუ დაისვამთ, მაგრამ აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რომ სიმსივნის აღმოჩენის შემთხვევაში დროულად დაიწყოთ მკურნალობა.
ჩივილებით მისულ ქალს ექიმი სინჯავს, ყველა საჭირო გამოკვლევას უტარებს, დიაგნოზს უსვამს და იწყებს მკურნალობას.

  • – რა გზით განისაზღვრება დაავადების სტადია?

– კლინიკურად – გასინჯვისა და აპარატულ გამოკვლევათა შედეგების შეჯამებით – და პათოლოგიურად – ოპერაციის შემდეგ, ძუძუსა და ლიმფური ჯირკვლების პათომორფოლოგიური გამოკვლევით. საბოლოო სტადიას, აგრესიულობის ხარისხს და სხვა პარამეტრებს სწორედ ამ ეტაპზე ვადგენთ.
ძუძუს კიბოს ოთხ სტადიას გამოყოფენ. დაყოფა ეფუძნება სიმსივნის ზომას, მიმდებარე ლიმფურ კვანძებში მის გავრცელებას, სხვა ორგანოებში გავრცელებას ანუ მეტასტაზებს და რამდენიმე სხვა კრიტერიუმს.

  • – სად ვრცელდება მეტასტაზები?

– უმთავრესად – ფილტვებში, ძვლებში, ღვიძლსა და თავის ტვინში.

ოპერაცია

  • – როგორ მკურნალობენ ძუძუს კიბოს? ყოველთვის საჭიროა თუ არა ოპერაცია?

– კეთილთვისებიან პროცესს შეიძლება უოპერაციოდაც დავაკვირდეთ ან კონსერვატიულად ვუმკურნალოთ. რაც შეეხება ავთვისებიან წარმონაქმნს, აქ გასათვალისწინებელია ფორმა, ზომა, მდებარეობა, გავრცობა. მკურნალობა ყველა ამ პარამეტრის შესწავლის შემდეგ იგეგმება. მკურნალობაში შეიძლება ჩაერთოს მედიკამენტები (ქიმიოთერაპია), სხივური თერაპია, ჰორმონოთერაპია, სხვადასხვა დამხმარე საშუალება, მაგრამ ოპერაცია თითქმის ყოველთვის აუცილებელია.
ძუძუს კიბო მხოლოდ მამოლოგიის სფერო არ არის – ის მულტიდისციპლინური დაავადებაა და თითოეულ შემთხვევას რამდენიმე პროფილის ექიმებისგან შემდგარი ჯგუფი განიხილავს. უკვე დამკვიდრდა მიდგომა, რომ ყველა პაციენტისთვის მკურნალობის ინდივიდუალური ტაქტიკა შეირჩეს.

  • – შესაძლებელია თუ არა სარძევე ჯირკვლის შენარჩუნება?

– გააჩნია სიმსივნის ზომას, მდებარეობას, კლინიკურ სტადიას, ლიმფურ კვანძებში გავრცელებას... თუ მდგომარეობა საშუალებას გვაძლევს, ყოველთვის ვცდილობთ, ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაცია ჩავატაროთ, რათა ქალმა არ დაკარგოს ძუძუ, რომელიც მისთვის ესთეტიკური სილამაზის ერთ-ერთი სიმბოლოა.

  • – თუ ქალი რეპროდუქციულ ასაკშია, მკურნალობის შემდეგ შეიძლება თუ არა მისთვის დაორსულება და ბავშვის ძუძუთი კვება?

– ორსულობა ორგანიზმში ჰორმონულ რევოლუციას იწვევს. იმატებს ესტროგენების რაოდენობა, რამაც შესაძლოა კიბო დააბრუნოს. მართალია, ოპერაციის შემდეგ დაორსულებულ ქალებთან ძუძუს კიბოს დაბრუნების შემთხვევები კვლევებით არ დადასტურებულა, მაგრამ, ჩემი აზრით, გარისკვა არ ღირს.

მკურნალობის შემდეგ

  • – ბევრს უჭირს მასტექტომიის შემდეგ ცხოვრების გაგრძელება. რას ეტყვით მათ?

– ნაოპერაციებ ქალს სჭირდება როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია. ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების, მეგობრების მხარდაჭერა, თანადგომა.
ქირურგიული ჩარევის მასშტაბისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ოპერაციის შემდეგ ტარდება სხვადასხვა პროცედურა. დღეს უამრავი საშუალებაა სამიისოდ, რომ გართულებები თავიდან ავიცილოთ, ოპერაცია მაქსიმალურად დამზოგველად და შედეგიანად ჩავატაროთ.

  • – რა გვეტყვით მამოპლასტიკაზე?

– მამოპლასტიკას, იმავე ონკორეკონსტრუქციას, მოცემულობისა და შესაძლებლობის მიხედვით ვატარებთ. არსებობს ერთეტაპიანი და ორ– ან სამეტაპიანი რეკონსტრუქციები. ისევე, როგორც თითოეული პაციენტი, ეს ოპერაციაც ინდივიდუალურია.
ერთმომენტიანი პლასტიკის დროს ვინარჩუნებთ კანს, ვაკეთებთ სარძევე ჯირკვლის კანქვეშა ამპუტაციას და რეკონსტრუქციას დეფინიტური იმპლანტით (სილიკონით). რადიკალური მასტექტომიის შემთხვევაში, როდესაც სარძევე ჯირკვალი კანთან ერთად იკვეთება, არ რჩება საკმარისი ქსოვილი იმისთვის, რომ დეფინიტური იმპლანტი კუნთქვეშ მოთავსდეს, ამიტომ პირველ ეტაპზე იქ ვათავსებთ ექსპანდერს – იმპლანტს, რომლის საშუალებითაც ხდება ქსოვილის ექსპანსია: ექსპანდერში პერიოდულად შეგვყავს სითხე და ვბერავთ; შედეგად კანიც იჭიმება და სარძევე ჯირკვლის ფორმას იღებს. მომდევნო საფეხურზე ექსპანდერს ვიღებთ და მის ნაცვლად დეფინიტური იმპლანტს ვათავსებთ. ზოგჯერ საჭიროა მესამე საფეხურიც – დვრილ-არეოლური კომპლექსის ფორმირება.
პლასტიკა დროსა და მოთმინებას მოითხოვს. სასურველ შედეგს ნაბიჯ-ნაბიჯ და ექიმის რჩევა-დარიგებების გათვალისწინებით ვიღებთ. საბედნიეროდ, დღეს ყოველგვარი საშუალება არსებობს იმისთვის, რომ ქალი, ყველაზე რთულ შემთხვევაშიც კი, მკერდის გარეშე არ დარჩეს.

პრევენცია

  • – რას გულისხმობს ძუძუს კიბოს პრევენცია და მიეკუთვნება თუ არა პრევენციულ ღონისძიებებს ძუძუთი კვება?

– პრევენცია გულისხმობს რეგულარულ პროფილაქტიკურ კონსულტაციებსა და გამოკვლევებს, შესაბამისი ასაკის მიღწევისას – სკრინინგს, ჯანსაღი წონის შენარჩუნებას, ფიზიკურ აქტიურობას, ალკოჰოლის შეზღუდვას...
რაც შეეხება ძუძუთი კვებას, ეს სარძევე ჯირკვლის ბუნებრივი ფუნქციაა და ამ ფუნქციის შესრულებისას ის ბევრ პოტენციურ რისკს იცილებს თავიდან, მათ შორის – ავთვისებიან პროცესებსაც, მაგრამ თუ ძუძუში უკვე დაწყებულია ონკოლოგიური პროცესი, ძუძუთი კვება მას უფრო გაამწვავებს.
დასასრულ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დღეს ძუძუს კიბო არ არის განაჩენი. ის იკურნება, მაგრამ რაც უფრო ადრე აღმოვაჩენთ, მით უფრო ადვილი იქნება მკურნალობა როგორც პაციენტისთვის, ისე ექიმისთვისაც, ამიტომ ადრეულ დიაგნოსტიკას სათანადო ყურადღება უნდა დავუთმოთ.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: