სარძევე ჯირკვლის კიბო

გააზიარე:

განაჩენია თუ არა ძუძუს კიბო

სიმსივნურ პათოლოგიებს შორის ერთ-ერთი მთავარი ადგილი ძუძუს კიბოს უკავია. ონკოლოგიურ დაავადებათა 23% სწორედ მკერდის ავთვისებიან სიმსივნეზე მოდის, რომელიც ქალებში გამოვლენილ ავთვისებიან სიმსივნეებს შორის ყველაზე ხშირია _ სტატისტიკის თანახმად, ყოველი მეოცე ქალი მსოფლიოში ამ ვერაგი სენის მსხვერპლია. მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტები  ძუძუს კიბოსგან განკურნების იმედს იძლევიან, ამ პათოლოგიით ავადობა დღითიდღე იმატებს. რისი ბრალია ეს? რა როლი ენიჭება პროფილაქტიკას? ჰქონდეს თუ არა განკურნების იმედი ქალს, რომელსაც სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს? ამ  და სხვა აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება საქართველოს კიბოს კვლევის ჯგუფის პრეზიდენტი, ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის ძუძუს ქირურგი გიორგი ძაგნიძე.

ბატონო გიორგი, როგორც ცნობილია, ძუძუს კიბოთი ავადობა მსოფლიოში წლიდან წლამდე იმატებს. რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში?

– ძუძუს კიბოს შემთხვევების სრულყოფილი რეგისტრაცია საქართველოში არ ხდება. არსებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2000 წელს ყოველ 100 000 ადამიანზე 46 ახალი შემთხვევა აღირიცხა. მას შემდეგ ავადობამ კიდევ უფრო მოიმატა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ძუძუს კიბოთი ავადობის შემთხვევებმა მოიმატა ახალგაზრდა ასაკში.

საზოგადოდ, სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე ყველაზე ხშირად 35-დან 50 წლამდე იჩენს თავს, მაგრამ ბოლო დროს ქვედა ასაკობრივი ზღვარი 25 წლამდე შემცირდა. სამწუხაროდ, ხშირად მოგვმართავენ 30 წლამდე ასაკის ქალები, რომლებსაც სიმსივნის უკვე შორსწასული პროცესი აღენიშნებათ.

რამ გამოიწვია პათოლოგიის ასეთი გაახალგაზრდავება და გახშირება?

– ძუძუს კიბოს გაახალგაზრდავებას და ახალი შემთხვევების მატებას მრავალი რისკის ფაქტორი უწყობს ხელს. მათ შორის – ცხოვრების არაჯანსაღი წესი, საკვები, ხშირი სტრესი. მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ სათანადო პრევენციის არარსებობა. ყველა ქალმა უნდა იცოდეს, რომ განურჩევლად იმისა, აწუხებს თუ არა სარძევე ჯირკვლის პრობლემა, წელიწადში ერთხელ პროფილაქტიკის მიზნით სპეციალისტს უნდა მიმართოს, 35 წლამდე ასაკში – ექოსკოპია, ხოლო 35 წლის შემდეგ მამოგრაფიული კვლევა ჩაიტაროს. ეს განსაკუთრებით იმ ქალებს ეხებათ, ვისაც ძუძუს კიბოთი დატვირთული მემკვიდრეობა აქვს ან რამდენიმე ხნის წინ სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

ძუძუს კიბოს პროფილაქტიკის თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა აქვს თვითგასინჯვას. ყველა ქალი უნდა ფლობდეს უნარ-ჩვევებს, რომელთა მეშვეობით თვეში ერთხელ შეიმოწმებს მკერდს. ასე პათოლოგიის ადრეულ სტადიაზე დაფიქსირება გაცილებით იოლია. ამავე დროს, ცნობილია, რომ პირველ სტადიაში გამოვლენილი ძუძუს კიბოს განკურნების შანსი 99%-ია. კიდევ ერთი საშუალება, რომელიც ძუძუს კიბოს შემთხვევათა მატებას შეაფერხებს, ამ პრობლემით სახელმწიფოს დაინტერესებაა.

როგორც თქვენი ნათქვამიდან ჩანს, ძუძუს კიბოს ჩამოყალიბებაში გარკვეულ როლს გენეტიკური ფაქტორიც ასრულებს.

– ძუძუს კიბოს შემთხვევათა 15% გენეტიკური ხასიათისაა. მსოფლიოს მასშტაბით არაერთი კვლევა ჩატარებულა, რომლებიც სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარებაში გენეტიკური ფაქტორის როლის შესწავლას ისახავდა მიზნად. მეცნიერული კვლევების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ სიმსივნური პათოლოგიები, მათ შორის – ძუძუს კიბოც, უფრო მეტად გენოტიპურად ჩაკეტილ ერებში ვრცელდება. ასეთია ქართველი ერიც.

მას შემდეგ, რაც ძუძუს ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებაში გენეტიკური ფაქტორის როლი მნიშვნელოვნად გამოიკვეთა, დაინერგა ზოგიერთი კვლევა, რომლებიც ამ პათოლოგიის გამოვლენის ალბათობას სწორედ გენების დონეზე შეისწავლის. ზოგიერთ ქვეყანაში, თუკი გამოკვლევის შედეგად ქალს მე-17 და მე-13 ქრომოსომაზე არსებული BRCA-1 და BRCA-2 გენების მუტაცია აღმოაჩნდა (ასეთ შემთხვევაში 99%-ია ალბათობა, ძუძუს კიბო განუვითარდეს), სპეციალისტები სთავაზობენ პროფილაქტიკურ მასტექტომიას ანუ კანქვეშა ამპუტაციას შემდგომი პროთეზირებით. საზღვარგარეთ სარძევე ჯირკვალზე განხორციელებული ქირურგიული ჩარევების 20-30% სწორედ ასეთ ოპერაციებზე მოდის. ალბათ თავადაც ხვდებით, რომ საქართველოში ამგვარი ოპერაციების ჩატარება დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული. ძნელია დაარწმუნო ქალი, წინასწარ ჩაიტაროს ქირურგიული ჩარევა, თუნდაც იმის გამო, რომ ასიდან 99 შემთხვევაში მკერდის კიბო აუცილებლად გამოუვლინდება. საზღვარგარეთ პროფილაქტიკური კანქვეშა მასტექტომიის შემდეგ მკერდის პლასტიკას მიმართავენ. ასე რომ, ქალი შინ კვლავ მკერდით ბრუნდება.

თქვენ ისიც აღნიშნეთ, რომ ბევრი შორსწასულ შემთხვევაში მოგმართავთ. რისი ბრალია ამგვარი დაუდევრობა?

– ქალები დაგვიანებით უმეტესად იმიტომ მოგვმართავენ, რომ ძუძუს კიბომ ტკივილი არ იცის. მეორე მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ქალს მკერდის მოკვეთის ეშინია. მინდა, სუსტი სქესის წარმომადგენლები აქვე გავაფრთხილო, რომ თუკი დიაგნოზი დროულად დაისვა, მკურნალობა მეტად ეფექტურია და ძუძუს შენარჩუნება მეტწილად შესაძლებელია. 

თუ ძუძუს კიბო ტკივილს არ იწვევს, მაშ, რამ უნდა მიიქციოს ქალის ყურადღება?

– არსებობს ნიშნები, რომელთა გამოვლენა ქალს თვითგასინჯვისას თავად შეეძლება. ძუძუს კიბოზე მიგვანიშნებს:

  • კვანძის არსებობა;
  • დვრილიდან სისხლიანი გამონადენი;
  • კანის დეფორმაცია (უმბილიკაცია), რაც კანის ჩაზნექით ვლინდება.

მცირე ზომის კვანძის ხელით აღმოჩენა არამცთუ ქალს, შეიძლება ექიმსაც გაუჭირდეს, ამიტომ სასურველია, ქალმა დროდადრო ექოსკოპიური ან მამოგრაფიული სკრინინგი ჩაიტაროს. განსაკუთრებული ყურადღება მართებთ მათ, ვისაც ძუძუს კიბოთი დატვირთული მემკვიდრეობა აქვს.

შეიძლება თუ არა, ტრავმის შემდეგ სარძევე ჯირკვლის კიბო ჩამოყალიბდეს?

– ტრავმა ერთ-ერთი რისკფაქტორი გახლავთ, მაგრამ ძუძუს კიბოს ყოველთვის არ იწვევს. გაცილებით სარისკოა ხელოვნური აბორტი, მშობიარობა 30 წლის შემდეგ, დიაბეტი, ჭარბი წონა, ჰიპერტონია. ხშირად გვეკითხებიან, შეიძლება თუ არა ჰორმონულმა თერაპიამ ბიძგი მისცეს ძუძუს ავთვისებიანი სიმსივნის ჩამოყალიბებას. საზოგადოდ, არ არის რეკომენდებული ჰორმონების თვითნებური მიღება, თუნდაც ლაქტაციის შეწყვეტის მიზნით. გახსოვდეთ: ლაქტაცია და ძუძუს წოვება სარძევე ჯირკვლის კიბოს საუკეთესო პროფილაქტიკაა. 

რაც შეეხება ჰორმონულ კონტრაცეპტივებს, მათი უარყოფითი გავლენა სარძევე ჯირკვალზე არ შემჩნეულა. უმჯობესია, ქალმა ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონული აბები გამოიყენოს, ვიდრე აბორტს მიმართოს.

აუცილებელია თუ არა, კვანძი აღმოჩენისთანავე ამოიკვეთოს?

– კეთილთვისებიანი წარმონაქმნი, ფიბროადენომა იქნება თუ კისტა, თავისთავად საშიში არ არის. მისი კიბოდ გადაგვარების ალბათობა არსებობს, თუმცა ძალზე მცირეა. კვანძოვანი წარმონაქმნის ამოკვეთა სადიაგნოსტიკო თვალსაზრისით უფროა საჭირო, ვიდრე მკურნალობის მიზნით. ამოკვეთის შემდეგ ვიკვლევთ, რა ქსოვილთან გვაქვს საქმე.

როგორც ცნობილია, ქსოვილს პუნქციის საშუალებით შეისწავლიან. რამდენად მნიშვნელოვანია ის დიაგნოსტიკური თვალსაზრისით?

–  პუნქციური ბიოფსია მართლაც ქსოვილის ხასიათის შესწავლისთვის გახლავთ მოწოდებული. მისი მეშვეობით ექიმი იმ ინფორმაციას იღებს, რაც არც რენტგენოგრამაზე ჩანს და, მით უმეტეს, ვერც ვიზუალურად შეაფასებ. მაგრამ დღესდღეობით პუნქცია მოძველებულ მეთოდად ითვლება, რადგან საჭიროა სხვა, გაცილებით ინფორმაციული, იმუნოჰისტოქიმიური კვლევის ჩატარება ქსოვილოვან მასალაზე. 

მკურნალობის ტაქტიკის შერჩევისთვის აქვს თუ არა მნიშვნელობა ავთვისებიანი პროცესის სტადიას?

– სტადიაზე მნიშვნელოვანია სიმსივნის სიდიდე. თუ ქალს შორსწასული მეტასტაზები არ აღენიშნება, უმთავრესად ოპერაციულ მკურნალობას მივმართავთ, მაგრამ მანამდე, – მხოლოდ იმისთვის, რომ ოპერაცია ჩაითვალოს რადიკალურად, – ხშირად სხივურ თერაპიას და ქიმიოთერაპიას ვუნიშნავთ, ოპერაციის შემდეგ კი დამხმარე სხივურ, ქიმიო- და ენდოკრინულ თერაპიას მივმართავთ. ეს უკანასკნელი პათოლოგიური პროცესის გავრცელების თავიდან ასაცილებლად არის საჭირო. ასევე აქტიურად გამოიყენება თანამედროვე იმუნოთერაპია.

მეტად მნიშვნელოვანი და, შეიძლება ითქვას, უმთავრესი ეტაპი ქალის ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია გახლავთ. ზოგადად, ძუძუს მოკვეთას, როგორც შეგვიძლია, ვერიდებით, მაგრამ თუ მასტექტომია მაინც საჭირო გახდა, ვცდილობთ, პლასტიკური ქირურგიის საშუალებით იმავე დროს მისი მთლიანობაც აღვადგინოთ.

ძუძუს კიბოს აღმოჩენის შემდეგ ყოველთვის აუცილებელია თუ არა ქიმიოთერაპია?

– ქიმიოთერაპიას უკიდურეს შემთხვევაში მივმართავთ. ახლა ასეთი ავადმყოფებისადმი მიდგომა მეტად დამზოგველია. თუ წინათ ოვარექტომიას (საკვერცხეების ამოკვეთას) ვატარებდით (ზოგ შემთხვევაში ეს საჭირო გახლდათ), რაც ქალს სამუდამოდ უკრგავდა შვილოსნობის უნარს, ამჟამად სხვაგვარად ვიქცევით: ხდება საკვერცხეების კონსერვაცია, მკურნალობის გარკვეული პერიოდის შემდეგ კი მათი ფუნქცია აღდგება, ასე რომ, ქალს შეუძლია, შვილი იყოლიოს.  

აქვე მსურს, თქვენი ყურადღება ერთ მეტად მნიშვნელოვან ფაქტზე შევაჩერო. ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი ჯონ რობერტსონი ძუძუს კიბოს სამკურნალო საშუალებად ყოველთვის ენდოკრინოთერაპიას (ჰორმონოთერაპიას) მიიჩნევდა, რასაც მის მიერვე ცატარებული მეცნიერული კვლევებითაც ადასტურებდა. ამჟამად ენდოკრინული თერაპიის წამყვანი მნიშვნელობა ქიმიოთერაპიასთან და, თქვენ წარმოიდგინეთ, ოპერაციულ მკურნალობასთან შედარებითაც კი, მრავალ ქვეყანაში აქტიური კვლევის საგანია, ვინაიდან ძუძუს კიბო ერთ-ერთი ჰორმონდამოკიდებული სიმსივნე გახლავთ.

იკურნება თუ არა ძუძუს კიბო?

– ძუძუს კიბო, ისევე როგორც სხვა ავთვისებიანი სიმსივნეები, უკურნებელია, თუმცა შეგვიძლია, პროცესი შევაჩეროთ (ზოგჯერ – სამუდამოდაც კი) ან თავიდან ავიცილოთ, ხოლო შორსწასულ შემთხვევაში – ქალს მდგომარეობა შევუმსუბუქოთ.

მკურნალობის შემდეგ ქალი, რომელსაც შორეული მეტასტაზები არ აქვს, პრაქტიკულად ჯანმრთელად ითვლება. ალბათობა, რომ დაავადება “დაბრუნდეს”, არსებობს, მაგრამ ხშირი მეთვალყურეობისას ქალი ამისგან დაზღვეულია. 

დაბოლოს, რას ურჩევდით ქალბატონებს?

–    რეგულარულად ჩაიტარონ თვითგასინჯვა, ნებისმიერი ცვლილების აღმოჩენისთანავე მიმართონ სპეციალისტს, არამც და არამც არ მიიღონ ჰორმონული პრეპარატები თვითნებურად, გაითვალისწინონ, რომ დროული (30 წლამდე ასაკში) მშობიარობა და ძუძუთი კვება ძუძუს კიბოს საუკეთესო პროფილაქტიკაა. გარდა ამისა, დაიცვან ცხოვრების ჯანსაღი წესი, იკვებონ გონივრულად, მისდიონ სპორტს.


მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი

სარძევე ჯირკვლის თვითგასინჯვა მკერდში არსებულ ცვლილებათა გამოვლენის ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი მეთოდია. თუკი სტატისტიკას მივადევნებთ თვალს, აღმოვაჩენთ, რომ ძუძუს პათოლოგიების ლამის 90% თვითგასინჯვის შედეგად იქნა გამოვლენილი.
ნებისმიერი სამედიცინო ასოციაცია თუ სამკურნალო ცენტრის თანამშრომლები, რომლებიც მამოლოგიურ პრობლემებზე მუშაობენ, ერთხმად აღიარებენ, რომ თვითგასინჯვას ძუძუს კიბოს პროფილაქტიკაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია. იოლი მისახვედრია, რატომ: რაც უფრო ადრე აღმოვაჩენთ პათოლოგიურ ცვლილებას, მით უფრო გაადვილდება მისი განკურნება და, შესაბამისად, შემცირდება ავთვისებიანი სიმსივნის ჩამოყალიბების ალბათობა.

საგულისხმოა ერთი რამ: მაშინაც კი, როცა სიმსივნე ავთვისებიანია, მისგან განკურნება 100%-ით არის შესაძლებელი, თუკი პათოლოგიურ პროცესს დროულად აღმოვაჩენთ და ვუმკურნალებთ.
ასე რომ, დროა, ყველა ქალმა მცირე დრო მაინც დაუთმოს საკუთარ ჯანმრთელობას (რომ არაფერი ვთქვათ სილამაზეზე!) და დროდადრო შეიმოწმოს მკერდი.

როგორ ჩავიტაროთ თვითგასინჯვა

თვითგასინჯვისთვის საუკეთესო პერიოდი მენსტრუაციის დაწყებიდან მეხუთე-მეექვსე დღეებია. ამ დროს წინამენსტრუაციულ დღეებში დაბერილი და შეხებისას მტკივნეული სარძევე ჯირკვალი  ჩვეულ ზომას იბრუნებს და აღარც მისი შეხება იწვევს დისკომფორტს.

პირველი ეტაპი: თეთრეულის დათვალიერება
გულდასმით დაათვალიერეთ ბიუსტჰალტერი – ხომ არ ამჩნევია დვრილიდან გამონადენი სისხლიანი, მომწვანო ან მოყვითალო შეფერილობის ლაქა.

მეორე ეტაპი: მკერდის დათვალიერება
წელს ზემოთ შიშველი დადექით სარკის წინ და ორივე ძუძუ დაითვალიერეთ. შეამოწმეთ, ხომ არ არის შეცვლილი მათი კონტურები, სიმეტრიულად არის თუ არა განთავსებული ორივე ჯირკვალი, ხელების მაღლა აწევისას ერთნაირად მოძრაობენ თუ არა ისინი, ხომ არ გამოდის ამგვარი მოძრაობისას დვრილიდან სითხე, არის თუ არა ჩაბრუნებული ძუძუს დვრილი.
გაითვალისწინეთ: ხშირად ჯანსაღი სარძევე ჯირკვლებიხ სხვადასხვა ზომისაა და ეს სავსებით ბუნებრივია.

მესამე ეტაპი: შეაფასე კანის მდგომარეობა
ხომ არ შეუცვლია კანს ფერი? ხომ არ შეიმჩნევა კანზე შეწითლება, გამონაყარი ან სხვა ზედაპირული ცვლილება, ჩაღრმავებები და ბორცვაკები? ამ შეკითხვებს პასუხი რომ გასცეთ, სარძევე ჯირკვლის კანი გულისყურით უნდა დაათვალიეროთ. 

მეოთხე ეტაპი: ხელით გასინჯვა დგომისას
პალპაციის (ხელით გასინჯვის) ჩატარება შხაპის ქვეშ, გასაპნული ხელით სჯობს, ხოლო თუკი თვითგასინჯვას ოთახში, სარკის წინ ჩაიტარებთ, სასურველია, თითებზე ლოსიონი ან კრემი წაისვათ. თითის ბალიშებით კანი ჯერ ზედაპირულად შეიმოწმეთ – ამ გზით კანქვეშ არსებულ ცვლილებებს აღმოაჩენთ, მერე კი უფრო ღრმად გამოიკვლიეთ მკერდი: თითის ბალიშებით ჯირკვალს გაბედულად დააწექით. თვითგასინჯვა ლავიწის ძვლიდან დაიწყეთ და ნეკნების ქვედა კიდესთან დაასრულეთ. არ გამოტოვოთ იღლიის არე, სადაც შეიძლება ლიმფური კვანძები ისინჯებოდეს.

მეხუთე ეტაპი: ხელით გასინჯვა მწოლიარე მდგომარეობაში
ასე სარზევე ჯირკვალი ყველაზე უკეთ ისინჯება. ასე რომ, დაწექით მყარ ზედაპირზე, გასასინჯი ძუძუს მხარეს ბეჭთან პატარა ბალიში ან დახვეული ნაჭერი მოათავსეთ, ხელი კი მაღლა ასწიეთ ან თავქვეშ ამოიდეთ.

მწოლიარე მდგომარეობაში თვითგასინჯვა ორგვარად ხორციელდება:
1. გულმკერდი წარმოსახვით კვადრატებად დაყავით და თითოეულ კვადრატში თანმიმდევრულად, კიბისებურად, ზემოდან ქვემოთ აწარმოეთ პალპაცია.
2. პალპაცია იღლიიდან დაიწყეთ და თითები სპირალურად გადაანაცვლეთ ძუძუს დვრილის მიმართულებით. 

მეექვსე ეტაპი: ძუძუს დვრილის შემოწმება
თვითგასინჯვის უკანასკნელ ეტაპზე შეამოწმეთ, ფერშეცვლილი ან ჩაბრუნებული ხომ არ არის დვრილი ანდა ხომ არ აღინიშნება გამონადენი. ამის გასარკვევად დვრილს ფრთხილად მოუჭირეთ თითები.

ინა ვაჩიბერიძე

გააზიარე: