ეთიოპია – თავისუფლების, ყავისა და კოსმოსური ტბების ქვეყანა
გააზიარე:
რა შეედრება არომატულ ყავას, მით უმეტეს – დილით ადრე, როდესაც გამოფხიზლება გვიჭირს! ეთიოპია რომ არა, შესაძლოა, ეს მაცოცხლებელი სითხე ვერასოდეს გვეგემა. შუაგულ აფრიკაში მდებარე სწორედ ეს მართლმადიდებლური ქვეყანა მიიჩნევა ყავის სამშობლოდ. მართლმადიდებლური ქვეყანა აფრიკაში?! – დიახ, ასეთია ეთიოპია, საინტერესო და კონტრასტებით სავსე.
დაუმორჩილებელი ხალხის ამბავი
პირველი ადამიანები ეთიოპიის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ სამი მილიონი წლის წინათ სახლობდნენ. სწორედ ამ პერიოდს მიეკუთვნება ქვის იარაღები, რომლებიც არქეოლოგებმა აქ აღმოაჩინეს.
ეთიოპიის აქტიური ურბანიზაცია ეგვიპტესა და მესოპოტამიაში პირველი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების ჩამოყალიბების დროს, ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით X საუკუნეში დაიწყო. არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში ჰადრამავთის, კატაბანის და საბას სამეფოები ჩამოყალიბდა. ჩვენს წელთაღრიცხვამდე VIII საუკუნეში ეთიოპიის მიწაზე ბინა დაიდო საბას დიდმა კოლონიამ. სწორედ საბას ხალხის მოსვლასთანაა დაკავშირებული ლეგენდა, რომლის მიხედვითაც ეთიოპიელი მეფეები ბიბლიური სოლომონისა და საბას დედოფლის პირდაპირი შთამომავლები არიან.
ქრისტიანობა ეთიოპიაში ჩვენი წელთაღრიცხვისИIV საუკუნეში, იმპერატორ კონსტანტინეს დროს გავრცელდა. ეს აფრიკის ერთადერთი მართლმადიდებლური ქვეყანაა, რომელიც არასდროს არავის კოლონია არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ მის დამორჩილებას საუკუნეების განმავლობაში არაერთი ძლევამოსილი სახელმწიფო ცდილობდა, მათ შორის – პორტუგალია და დიდი ბრიტანეთიც. საბოლოოდ ეთიოპია იტალიის გავლენის ქვეშ აღმოჩნდა XIX საუკუნის ბოლოს, თუმცა ეს არ ყოფილა უპირობო მორჩილება. იტალიელებს ეთიოპიელების მართვა მუდმივი აჯანყებების ფონზე უხდებოდათ. მიუხედავად ამისა, იტალიის გავლენა ეთიოპიის როგორც თანამედროვე სახელმწიფოს განვითარებისა და მოდერნიზაციისთვის სასიკეთო აღმოჩნდა. თავის მხრივ, ეთიოპიურმა კულტურამ ყავის სახით იტალიაში საკმაოდ ღრმად გაიდგა ფესვები და დღეს თუ იტალიელებისთვის ფინჯანი ყავა თითქმის რელიგიაა, ამას სწორედ ეთიოპიელებს უნდა უმადლოდნენ.
იტალიის ფაშისტურმა ხელისუფლებამ 1935-1936 წლებში კიდევ ერთხელ სცადა ეთიოპიის დაპყრობა. ოკუპაცია 1941 წლამდე გაგრძელდა, სანამ ბრიტანულმა არმიამ მოკავშირეებთან ერთად არ გაათავისუფლა ეს აფრიკული ქვეყანა.
ეთიოპიის მკვიდრი მოსახლეობა ტიპიურ აფრიკელებს არ ჰგავს. ის ეთიოპიური რასის წარმომადგენელია, რაც ნეგროიდულ და ევროპეოიდულ რასებს შორის გარდამავალ გარეგნობას განაპირობებს: დახვეწილი ნაკვთები, ტალღოვანი თმა, შოკოლადისფერი კანი... ეთიოპიელები სემიტურ-ყუშიტურ ენებზე საუბრობენ. ეთიოპიის 103-მილიონიანი მოსახლეობის 60% მართლმადიდებელი ქრისტიანია, 30% – მუსლიმი, 10% კი – ადგილობრივი რელიგიური რწმენა-წარმოდგენების მიმდევარი.
ეთიოპიის ტერიტორიის ცენტრალური ნაწილი მთაგორიანია და ზღვის დონიდან 1800-2000 მეტრზე მდებარეობს, თუმცა აქ მთების უფრო მაღალი მასივებიც გვხვდება, უმაღლესი მწვერვალი რას-დაშანი კი 4623 მეტრი სიმაღლისაა.
ეთიოპიის მწვერვალთა უმეტესობა ჩამქრალი ვულკანია, რომელთა კრატერებშიც ულამაზესი ტბები მიმალულა. ტურისტები ეთიოპიას სწორედ ამ ტბებისა და ხელშეუხებელი ბუნების სანახავად სტუმრობენ.
“მბოლავი მთა”, ერტა ალე, აქტიური ვულკანია და ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, დანაკილის უდაბნოში მდებარეობს. მის კრატერში ორი საოცარი სილამაზის ტბაა.
ეთიოპიის მეორე აქტიური ვულკანი დალოლიც დედამიწის ერთ-ერთ ულამაზეს ადგილად ითვლება. ანდეზიტის და გოგირდის ლავა ვულკანის კრატერში მომაჯადოებელ სანახაობას ქმნის. 1926 წელს მომხდარი ამოფრქვევის შედეგად აქ ყვითელ-იისფერი ვულკანური ტბა წარმოიშვა, რომელიც ძალიან ჰგავს თანამგზავრიდან გადაღებულ იუპიტერის ზედაპირს.
ეთიოპიელებისთვის სასმელი თუ სარწყავი წყლის ერთადერთი წყაროა აბაი, იგივე ცისფერი ნილოსი, რომელიც ტბა ტანადან გამოედინება და ულამაზეს ჩანჩქერს ტისისატს წარმოქმნის. თუ ეთიოპიაში გამგზავრებას გადაწყვეტთ, მსოფლიოს უგრძესი მდინარის სათავეს აუცილებლად უნდა ეწვიოთ და ბუნების ენით აუწერელ სილამაზეს ეზიაროთ. ამბობენ, ცისფერი ნილოსი სამოთხის კარიბჭიდან მოედინებაო. თუ ამ ადგილს ეწვევით, ლეგენდას დაიჯერებთ.
ეთიოპიის კლიმატი სუბეკვატორული და საკმაოდ ცხელია. ამიტომაც ხუმრობენ ხოლმე, ეთიოპიაში მზე წელიწადში 13 თვე ანათებსო. წლის განმავლობაში მინიმალური ტემპერატურა 15 გრადუსია, მაქსიმალური კი – 35.
ეთიოპიის მესამედი აფარისა და დანაკილის უდაბნოებსა და ნახევარუდაბნოებს უკავია. დანარჩენი ტერიტორია, განსაკუთრებით – მისი აღმოსავლეთი ნაწილი, მდიდარია, ტროპიკული და ალპური ტყეებით. საკმაოდ მრავალფეროვანია ცხოველთა სამყაროც: სპილოები, ზებრები, ანტილოპები, ლომები, მარტორქები, ტურები, აფთრები, ლეოპარდები...
მარადიული გაზაფხულის ქალაქი
სწორედ ასე უწოდებენ ეთიოპიის დედაქალაქს ადის-აბებას ზომიერი კლიმატის, მდიდარი მცენარეული საფარისა და მჩქეფარე ხასიათის გამო. ადის-აბება ზღვის დონიდან 2400 მეტრზე მდებარეობს და ულან-ბატორის შემდეგ სიმაღლით მსოფლიოში მეორე დედაქალაქად ითვლება. 1887 წელს იმპერატორ ნეგუსას მეუღლის ტაი-ტუს ინიციატივით დაარსებული ეს ქალაქი ეთიოპიის სამრეწველო, სავაჭრო და კულტურულ ცენტრად იქცა. ლუკმაპურის საძიებლად მისკენ მიემართება ეთიოპიის უღარიბესი პროვინციების მოსახლეობა და მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო ადგილები არც ადის-აბებაშია ადვილი საშოვნელი, სამუდამოდ იქ რჩება. ალბათ ამიტომაა, რომ ადის-აბებაში უამრავი მათხოვარია.
ადის-აბებას ცენტრალური ნაწილი შედარებით სუფთა და მოწესრიგებულია. აქ მდებარეობს ეთიოპიის უნივერსიტეტი, ეთიოპიის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი, წმინდა გიორგის რვაკუთხოვანი ეკლესია, მენელიკ მეორის სასახლე და ცათამბჯენები. მაგრამ თუ გსურთ, ნამდვილი ეთიოპია იხილოთ, მერკატოს უნდა ეწვიოთ, ადის-აბების უდიდეს ბაზარს, სადაც იყიდება ყველაფერი – ყავით დაწყებული, სუვენირებითა და საქონლით დამთავრებული. ენით აუწერელ ჭუჭყში გვერდიგვერდ აწყვია ყავის ტომრები და სანელებლების ფუთები. აქვეა სასადილოები და კაფეებიც, სადაც ეთიოპიელი მამაკაცები ლუდის ნაცვლად ახალდაფქული არაბიკას მარილიან ნაყენს წრუპავენ.
ჰარარე – მუსულმანთა წმინდა ქალაქი
თუ ადის-აბება ქრისტიანული ქალაქია, ეთიოპიის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე, გალავნით შემოსაზღვრული ჰარარე მთლიანად მუსლიმებითაა დასახლებული. მას მეჩეთებისა და მინარეთების ქალაქსაც უწოდებენ. ორი კილომეტრის რადიუსში აქ შესაძლოა 90-მდე მეჩეთი და მინარეთი შეგხვდეთ. ჰარარე მუსულმანებისთვის რიგით მეოთხე წმინდა ქალაქია. მისი მოსახლეობა სხვა ეთიოპიელებისგან განსხვავებულ ენაზე საუბრობს და ტრადიციულ მუსლიმურ სამოსს ატარებს.
არ დაიჯერებთ, მაგრამ ჰარარეში ლუდის სახარში ქარხანაც არის, სადაც დაბალალკოჰოლიან ლუდს და უალკოჰოლო სასმელს – ჰარარე სოფის ხარშავენ.
ჰარარე ცნობილია ულამაზესი წნული კალათებითა და ვერცხლის სამკაულებით. ასე რომ, თუ ისტორიაც გიყვართ და სუვენირებიც, აუცილებლად ეწვიეთ ამ ქალაქს. მოინახულეთ კოპტების ეკლესია (დიახ, მუსულმანთა ქალაქში ქრისტიანი კოპტების ეკლესია დგას), კულტურის მუზეუმი და გამოკვებეთ აფთრები საკუთარი ხელით. ეს ცნობილი ეთიოპიური ატრაქციონი წარუშლელ შთაბეჭდილებას მოახდენს.
აქსუმი – ქრისტიანობის აკვანი
ქრისტიანობა ეთიოპიაში აქსუმიდან გავრცელდა, ამიტომ ის ეთიოპიელ ქრისტიანთა წმინდა ქალაქად ითვლება, თუმცა მომლოცველებთან ერთად არც ჩვეულებრივი ტურისტები აკლია. აქსუმი თავისი უძველესი ძეგლებით იმდენად საინტერესოა, რომ ეთიოპიაში სტუმრობა მის უნახავად არ უნდა დაასრულოთ.
აქსუმის სამეფო ეთიოპიის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი უმდიდრესი და უძლიერესი სახელმწიფო წარმონაქმნი იყო, რომელსაც აქტიური სავაჭრო და კულტურული ურთიერთობა ჰქონდა რომის იმპერიასა და ინდოეთთან.
თანამედროვე აქსუმი სიმდიდრითა და კეთილდღეობით არ გამოირჩევა, თუმცა კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისით მართლაც მდიდარია. განსაკუთრებით საინტერესოა ანტიკური სტელები, რომლებიც ცათამბჯენებს მოგაგონებთ. ეს ობელისკები მონოლითური გრანიტის ბლოკებისგანაა აგებული ჯერ კიდევ IV საუკუნეში და სიმაღლით 24-30 მეტრს აღწევს. ერთი მათგანი 1937 წელს იტალიელებმა დაშალეს, იტალიაში წაიღეს და რომში აღმართეს, თუმცა 2015 წელს იუნესკომ იტალიის ხელისუფლება აიძულა, ობელისკი სამშობლოში დაებრუნებინა.
აქსუმის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა XVII საუკუნის ღვთისმშობლის სახელობის სიონის ტაძარია, რომელშიც, ლეგენდის თანახმად, მოსეს ათი მცნება ინახება. ლეგენდის თანახმადვე, ამ სიწმინდის ნახვა ჩვეულებრივ მოკვდავს არ შეუძლია – ამის უფლება მხოლოდ ტაძრის მცველს აქვს.
და სხვა საოცრებები
ლალიბელა
ლალიბელა პილიგრიმების საყვარელი ადგილია. ის იორდანიის პეტრას ეთიოპიურ ანალოგად მიიჩნევა. ზღვის დონიდან 2500 მეტრზე მდებარე ამ ქალაქს ყოველი მხრიდან მთები არტყია გარს. ლალიბელაში მოხვედრა წარსულში მოგზაურობას ჰგავს: უცებ 7-8 საუკუნით უკან გადაინაცვლებ და XIII საუკუნის ახალი იერუსალიმის მისადგომებთან აღმოჩნდები.
ლალიბელა ზღაპარივითაა. აქ ტაძრებიც ზღაპრული და არარეალურია. მიწის ზედაპირზე ისინი არ ჩანან, აი, მიწის ქვეშ კი ჯვრის ფორმის საოცარი, მონოლითური ნაგებობები დაგხვდებათ, რომელთა ასაკი 700-800 წელია. ჯერჯერობით ცამეტი ასეთი ტაძარია ცნობილი.
ყავის კულტი
ლეგენდის თანახმად, ყავის აღმოჩენას ეთიოპიელ მწყემსს უნდა ვუმადლოდეთ, რომელმაც შეამჩნია, რომ მისი თხები ერთ ველურ ბუჩქს წიწკნიდნენ, მერე კი გაშმაგებულები დარბოდნენ და კიკინებდნენ. დაბნეულმა მწყემსმა ეს ამბავი მახლობლად მდებარე მონასტრის წინამძღვარს უამბო. წინამძღვარი გონიერი კაცი აღმოჩნდა, ბუჩქის ფოთლებისა და ნაყოფის თვისებები შეისწავლა და მიხვდა, რომ მიაგნო საშუალებას, მის სულიერ შვილებს ხანგრძლივი ღვთისმსახურებისას აღარ ჩასძინებოდათ...
თუმცა ეს მაინც ლეგენდაა. დანამდვილებით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ყავამ ჯერ არაბეთი დაიპყრო, მერე კი ევროპამდეც მიაღწია.
დღეს ყავა ეთიოპიის სიმბოლოდ და მის მთავარ საექსპორტო საქონლად ითვლება.
ეთიოპიაში ყავის ყველაზე გავრცელებული სახეობა არაბიკაა. აქაურები ყავის მომზადების უამრავ მეთოდს იცნობენ. ყავას მთელი დღის განმავლობაში 5-6-ჯერ, სხვადასხვანაირად მომზადებულს სვამენ: ტკბილს, მარილიანს, მაგრად მოხალულს, ნაკლებად მოხალულს, კარდამონით, ვანილით, დარიჩინით...
როგორ მკურნალობენ ეთიოპიაში
ცოტა ხნის წინ ეთიოპიაში ჯანდაცვის სახელმწიფო სისტემა არ არსებობდა. ხალხი ან ადგილობრივი შამანებისა და შემლოცველების იმედად იყო, ან საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები უწევდა სამედიცინო დახმარებას. დღეს ვითარება მეტ-ნაკლებად გამოსწორდა და ადის-აბებასა და სხვა რეგიონულ ცენტრებში უკვე არის კლინიკები, სამედიცინო პუნქტები და ამბულატორიული დაწესებულებები, თუმცა 47 000 კაცზე მხოლოდ ერთი ექიმი მოდის, რაც, არ თქმა უნდა, არ არის საკმარისი. მით უმეტეს, ეთიოპიაში ჯერ კიდევ ებრძვიან მალარიას, ინფექციურ დაავადებებს, რომლებსაც პარაზიტები ავრცელებენ და, რაც მთავარია, შიდსს. ეთიოპიის მოსახლეობის 5 პროცენტი, მათ შორის 250 000 ბავშვი, აივინფიცირებულია. სწორედ დაავადებათა სიმრავლის, უკიდურესი სიღატაკის, არასათანადო სამედიცინო მომსახურების და სუსტი ჯანდაცვის სისტემის ბრალია, რომ ეთიოპიაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 47 წელს არ აღემატება.
ასე რომ, ეთიოპიაში მოგზაურობამდე აუცილებლად გაიკეთეთ ყველა საჭირო ვაქცინა, მოიმარაგეთ სადენზიფექციო საშუალებები და ფრთხილად იყავით, მოგზაურობისას ავად არ გახდეთ.
დასკვნის მაგიერ
მაინც რატომ უნდა ვეწვიოთ ეთიოპიას —ქვეყანას, რომელიც სავსეა მათხოვრებით, სადაც ყოველ ნაბიჯზე უკიდურესი ანტისანიტარიაა, ონკანიდან წყლის დალევა სასტიკად აკრძალულია, ხოლო საკვები უჩვეულო და არცთუ უსაფრთხოა? ამ კითხვაზე პასუხი ასეთია: უდიდესი კულტურული მემკვიდრეობის, ულამაზესი ბუნებისა და მოღიმარი ხალხის სანახავად. ამ ეგზოტიკურ ქვეყანაში სტუმრობა სამუდამოდ აღიბეჭდება თქვენს მეხსიერებაში.
საუკუნეების განმავლობაში ეთიოპიურმა სამზარეულომ არაერთი ცვლილება განიცადა, დაიხვეწა, განვითარდა იუდაიზმის, ქრისტიანობის, ისლამის გავლენით. სწორედ ამ უკანასკნელის გავლენის შედეგია, რომ ეთიოპიურ კერძებში ღორის ხორცს არ იყენებენ. ეთიოპიური სამზარეულო რაღაცით ინდურსაც გავს: არომატული, ცხარე, სანელებლებით მდიდარი, თუმცა გამოცდილი გურმანი განსხვავებასაც ადვილად შეამჩნევს...
ნინო ბაზერაშვილი