როგორ შევარჩიოთ ველოსიპედი?

გააზიარე:

თუ ველოსიპედის ყიდვა გადაწყვიტეთ, დაფიქრება ნამდვილად გმართებთ. დღეს ველოინდუსტრია იმდენ სიახლეს გვთავაზობს, თუ ზუსტად არ იცით, რა ფუნქციებით უნდა იყოს აღჭურვილი თქვენი ველოსიპედი და როგორ მოირგოთ ის, შესაძლოა, შენაძენმა იმედი გაგიცრუოთ.
ახალბედებს აუცილებლად გამოადგებათ რჩევები, რომლებიც საქართველოს ველოსპორტის ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრმა, მასობრივი ველოღონისძიებების ორგანიზატორმა ლადო ღუდუშაურმა მოგვცა.

– ველოსიპედი სწორად რომ შევარჩიოთ, უპირველეს ყოვლისა, ზუსტად უნდა ვიცოდეთ:

* რა არის ჩვენი მიზანი – ქალაქში მოძრაობა, მოგზაურობა თუ სპორტული ამბიციების დაკმაყოფილება;
* როგორ გზაზე უფრო ხშირად გვიწევს სიარული – მოკლეზე თუ გრძელზე, სწორზე თუ უსწორმასწოროზე, მანქანებით სავსე გამზირზე თუ ველობილიკზე.
ველოსიპედის მოდელები ერთმანეთისგან განსხვავდება ჩარჩოს ფორმით, ამორტიზატორით (ბიძგების შესარბილებელი მოწყობილობა), სამუხრუჭე სისტემით, სიჩქარით, სიმძიმით. სანამ მათ ტექნიკურ აღჭურვილობას გავეცნობოდეთ, მოდი, გავარკვიოთ, რომელი ტიპის ველოსიპედი შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს.

ველოსიპედის ტიპები


ყოველდღიური

– ველოსიპედის ყველაზე მოთხოვნადი ტიპებია ქალაქისა – City-bike – და სამოგზაურო – Touring-bike. ისინი ყოველდღიური მოხმარებისთვისაა შექმნილი.
თუ ველოსიპედით მხოლოდ ქალაქში, ძირითადად მოკლე მანძილებზე მოძრაობას აპირებთ, კომფორტული მგზავრობისთვის არჩევანი City-bike-ზე შეაჩერეთ. ის მსუბუქია, მასზე გამართულად ზიხართ, წინ წახრა არ გჭირდებათ. ველოსიპედი აღჭურვილია ტევადი საბარგულით ან კალათით, რომლითაც ტვირთის მოხერხებულად გადატანაა შესაძლებელი, ამიტომ City-bike-ი საყიდლებზე წასასვლელადაც გამოგადგებათ.
Touring-bike-ითაც შეგიძლიათ, ქალაქში, მოკლე მანძილებზე, კომფორტულად იაროთ, თუმცა ის მაინც დიდ მანძილებზეა გათვლილი და კარგი არჩევანია მათთვის, ვისაც ველოსიპედით მოგზაურობა იზიდავს და ხშირად აწყობს რამდენიმედღიან ველოტურს.
აქვე გაითვალისწინეთ, რომ Touring-bike-ი მსუბუქი რელიეფის მქონე ადგილებისთვის (მიწიანი და ხრეშიანი სავალი, ტყის სწორი ბილიკები) არის შექმნილი და არა ძნელად სავალი გზებისთვის.
ველოსიპედის ეს მოდელი სრულყოფილად არის აღჭურვილი განათებით, ბორბლებისა და ჯაჭვის დამცავი საშუალებებით. აქვს რამდენიმე საბარგული და ტვირთის სამაგრი კარვებისა და მოგზაურობისთვის საჭირო სხვა ინვენტარის ჩასაწყობად თუ დასაკიდებლად. უძლებს დიდ დატვირთვას. მასზე გამართული ზიხარ, ამიტომ ხანგრძლივი მგზავრობისას არ დაიღლები.

სპორტული

– თუ ექსტრემი გიყვართ, მთიდან ბასრ ქვებზე, კუნძებზე, ტალახში, ტყის ვიწრო ციცაბო ბილიკებზე დაშვება თქვენი ჰობია, MTB – სამთო ველოსიპედი გამოგადგებათ.
MTB სპორტული ტიპის ველოსიპედია, რომელიც გამოიყენება შეჯიბრებისთვის (ოფროუდი, დაუნჰილი), სხვადასხვა ტიპის ნიადაგზე, რთულრელიეფიან ადგილებზე მგზავრობისთვის. აღჭურვილობისა და ვიწრო ფუნქციების მიხედვით, განასხვავებენ მის რამდენიმე მოდელს.


* თუ ველოსიპედს არცთუ ისე რთულ გზებზე – უასფალტო შარაგზებზე, ტყის გატკეპნილ ბილიკებზე, მინდორზე – სასიარულოდ არჩევთ, Hardtail-ი გამოგადგებათ. ფართო ბორბლების, ამორტიზატორისა და კარგი სამუხრუჭე სისტემის წყალობით Hardtail-ით მგზავრობა რთული რელიეფის პირობებშიც სასიამოვნოა. ის მთის ველოსიპედის სხვა მოდელებზე მსუბუქია და ყოველდღიური საჭიროებისთვის მოხერხებული. ჩვენი ქალაქის უსწორმასწორო, გადათხრილ გზებზე ამ მოდელით მოძრაობა უფრო კომფორტულია, ამიტომ City-bike-ზე მეტად მოთხოვნადიც არის, თუმცა მასზე ნელიცაა, რადგან უფრო მძიმეა. თუ სტანდარტულის ნაცვლად ნაკლებპროტექტორიან საბურავს დაუყენებთ, გაცილებით სწრაფად იმოძრავებს.

* თუ ძირითადად რთული რელიეფის პირობებში, გორაკებსა და მთებში სასიარულო სწრაფმავალ ველოსიპედს ეძებთ, Fully ანუ Full Suspension Bike უნდა შეიძინოთ. ის შექმნილია მთის ვიწრო, დაბრკოლებებით სავსე ბილიკებზე დასაშვებად, დაუნჰილისთვის. აქვს დიდი საბურავები დიდი პროტექტორებით, ამიტომ მძიმეა და, შესაბამისად, ნელი. საბურავების მოჭიდების ძალაც დიდია.
ჯდომის პოზიცია ორივე მოდელს დახრილი აქვს, რათა ქარის წინაღობა ნაკლები იყოს.


– სარბოლო ველოსიპედი სპორტული ტიპისაა. ის ძალიან სწრაფია და ცოტა უხეში. ამ ტიპის ველოსიპედისთვის მთავარი სიჩქარეა, რადგან უმთავრესად შეჯიბრებისთვისაა შექმნილი, თუმცა შეიძლება მისი სამგზავროდ გამოყენებაც გრძელ, სწორ, ასფალტიან გზებზე.
სატრეკო ველოსიპედიც სპორტულია და იმისთვის, რომ ძალიან მსუბუქი იყოს, მუხრუჭიც კი არ აქვს. ჩერდება ინერციით. გამოიყენება მხოლოდ შეჯიბრებისთვის.

უსაფრთხო მოძრაობისთვის

– ქუჩაში უსაფრთხოდ რომ იაროთ და სხვა ტრანსპორტს დაბრკოლება არ შეუქმნათ, ველოსიპედი – ქალაქისა, სამგზავრო თუ სამთო – სრულყოფილად უნდა იყოს აღჭურვილი. ევროსტანდარტების მიხედვით, მას უნდა ჰქონდეს ზარი, ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სამუხრუჭე სისტემა წინა და უკანა ბორბლებისთვის, და წინა და უკანა სანათები, რომელთა დენის წყარო შეიძლება იყოს ელემენტი, აკუმულატორი ან დინამო. წინა სანათის ილუმინაცია 10 ლუქსზე ნაკლებად არ უნდა ანათებდეს. უკანა სანათი მიწიდან 25 სმ-ზე დაბლა არ უნდა დამონტაჟდეს. სანათებში ინტეგრირებული უნდა იყოს რეფლექტორები: წინ – თეთრი, უკან კი წითელი. სანათი ისე უნდა იყოს დამონტაჟებული, რომ სხვა არ დააბრმაოს.
ყვითელი რეფლექტორები უნდა იყოს დამაგრებული პედლებზეც – წინა და უკანა მხარეს – და ბორბლების გვერდებზეც (თითოზე – ორი ცალი).


უსაფრთხო მოძრაობისთვის უნდა გაითვალისწინოთ სხვა კრიტერიუმებიც:
* თუ უმთავრესად ქალაქში, სხვა ტრანსპორტის გვერდით დადიხართ, უმჯობესია, ველოსიპედს კარგად დამაგრებული ბორბლებისა და ჯაჭვის დამცავები ჰქონდეს. ჯაჭვის დამცავი მხოლოდ ტანსაცმელს კი არ იცავს ზეთისა და ჭუჭყისგან, არამედ უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს – ჯაჭვში შესაძლოა შარვლის ტოტი ჩაეტანოს და მგზავრობა ცუდად დამთავრდეს. აქვე: ველოსიპედით მოძრაობისას ერიდეთ გრძელი და ფართო შარვლის ჩაცმას. თუ მაინცდამაინც, ტოტი აიკეცეთ და დაიმაგრეთ.
* ტვირთი უმჯობესია ველოსიპედზე დამაგრებულ კალათაში ჩადოთ – თუ ზურგი და ხელები თავისუფალი გექნებათ, უფრო მოხერხებულად შეძლებთ ლავირებას. საჭეზე მოქანავე პარკი ან ჩანთა კი შესაძლოა რამეს გამოედოს და დაგამტვრიოთ ან საფრთხე შეუქმნას მეორე მოსიარულეს.
მართალია, ჩაფხუტის დახურვას კანონი არ ითვალისწინებს, მაგრამ ის შესაძლოა თქვენი მფარველი ანგელოზი აღმოჩნდეს: დაცემის შემთხვევაში თავის მძიმე ტრავმისგან დაგიცავთ, ამიტომ, განურჩევლად იმისა, ველოსიპედით მოკლე მანძილზე მიდიხართ თუ შორს, ჩაფხუტის დახურვა არ უნდა დაგავიწყდეთ.

როგორ მოვირგოთ

ველოსიპედი სწორად რომ მართოთ და მართვისას ბალანსი შეინარჩუნოთ, აუცილებელია, თქვენს სიმაღლეს მისადაგებული მოდელი შეარჩიოთ. ველოსიპედის ზომას სხვადასხვა მწარმოებელი სხვადასხვა ნიშნით (რიცხვებით ან ასოებით XS, S, M...) აღნიშნავს. თუ თქვენი სიმაღლე 1,60-170 სმ-ია, შმოლლ მოდელი უნდა შეიძინოთ, თუ 1,70-1,80 სმ – Medium-ი, თუ 1,80-190 სმ – Large და ა. შ.
პრაქტიკული რჩევა: ფეხზე დამდგარმა ველოსიპედი ფეხებს შორის მოიქციეთ. მისი ჩარჩო თქვენი სხეულიდან 3-5 სმ-ით უნდა იყოს დაშორებული.
სკამიც შესაბამისად უნდა დაარეგულიროთ: დაჯექით ველოსიპედზე და ქუსლი ბოლომდე დაწეულ პედალს შეახეთ. ამ დროს ფეხი ბოლომდე უნდა გაიმართოს. თუ მოხრილი ფეხით მისწვდით პედალს, ესე იგი მეტისმეტად დაბლა ზიხართ, ხოლო თუ თეძო გატოკდა – მეტისმეტად მაღლა.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: