რაიბულ თოდუა – მძიმე სნეულებასთან მებრძოლი ექიმი
გააზიარე:
საქართველოში კანის, რბილი ქსოვილებისა და ძვლების ონკოლოგიის განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის რაიბულ თოდუას – ადამიანს, რომელმაც სიცოცხლის ყოველი წამი სხვების სასიკეთოდ გამოიყენა.
ამ დიდი ექიმისა და შესანიშნავი პიროვნების შესახებ მისი შვილი, მისივე გზის გამგრძელებელი – ონკოქირურგი კახა თოდუა, კოლეგები და მეგობრები გვესაუბრნენ.
წინაპრები
რაიბულ თოდუა 1944 წლის 30 ოქტომბერს დაიბადა ვანის რაიონის სოფელ ზედა ვანში. მამამისი ამბროსი, სამხედრო ექიმი, ომის დამთავრებიდან ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა.
კახა თოდუა:
– 1946 წელს საბჭოთა კავშირი ბერლინში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების წლისთავს აღნიშნავდა. ბაბუა, რომელიც ჯერ კიდევ იქ იმყოფებოდა სამსახურებრივი მოვალეობის გამო, ტერორისტული აქტის დროს დაიჭრა. ბერლინიდან პოლონეთში, პოზნანში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა და იქვე დაკრძალეს.
მამაჩემი ობლად გაიზარდა, თუმცა ბიძა, შოთა თოდუა, მამასავით პატრონობდა. შოთა ცნობილი ქირურგი იყო. ჰქონდა მკურნალობის საკუთარი მეთოდი, რომელიც დღეს ფართოდ გამოიყენება – ფარისებრ ჯირკვალს გულმკერდის კანის ქვემოდან იღებდა, რომ პაციენტს ყელზე ნაწიბური არ დარჩენოდა. მთელი საბჭოთა კავშირიდან ჩამოდიოდნენ მასთან სამკურნალოდ. დღეს ვანის რაიონული საავადმყოფო შოთა თოდუას სახელობისაა.
შოთა მეგობრობდა ცნობილ რუს ქირურგთან ალექსანდრ ვიშნევსკისთან, რომელიც ფრონტზე გაიცნო.
ბიძამ ძალიან დიდი როლი შეასრულა მამაჩემის განათლებასა და ექიმად ჩამოყალიბებაში.
ობლობა სხვებმაც შეუმსუბუქეს. დიდი მადლიერებით იხსენებდა მიშა ხარძეიშვილს, მამამისისა და ბიძამისის მეგობარს, სკოლის დირექტორს. მიშას შვილი, ომარი, ამჟამად თსუ-ს პათომორფოლოგიის კათედრის პროფესორი, მამას განუყრელი მეგობარი იყო.
ომარ ხარძეიშვილი:
– თოდუები და ხარძეიშვილები ისტორიულადაც დაკავშირებულები იყვნენ ერთმანეთთან. ამ ორი გვარის ხალხი ვანის ერთ ულამაზეს სოფელში – გადიდში ცხოვრობდა და მეგობრობდა. ალბათ ამიტომაც იყო რაიბულის და ჩემი კავშირი განსაკუთრებით მტკიცე. ჩვენს მეგობრობას იმანაც შეუწყო ხელი, რომ მამაჩემი და რაიბულის ბიძა განუყრელი მეგობრები იყვნენ, მაგრამ მთავარი ალბათ მაინც ის იყო, რომ ჩვენ ერთნაირად ვაფასებდით მოვლენებს, ურთიერთობებს, ადამიანებს... სკოლიდან წამოსულები, საათობით ვჩერდებოდით ჩემი სახლის გადასახვევთან, ვსაუბრობდით, ვკამათობდით.
რაიბულს მამა არ ახსოვდა. მამაჩემი თავს მოვალედ მიიჩნევდა, მეგობრის შვილზე ეზრუნა, თუმცა რაიბულს ბევრი სხვა გულშემატკივარიც ჰყავდა. თუნდაც მეორე ბიძა – დედის ძმა ოთარ აბრამიძე. საოცარი ადამიანი იყო დედამისი, ზინა, რომელმაც რაიბულის პიროვნების ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი შეასრულა.
მამაჩემი მთელი სიცოცხლე ძალიან ახლოს იყო რაიბულთან. საზოგადოდ, ჯანმრთელი კაცი გახლდათ, 100 წლისა გარდაიცვალა, მაგრამ რამე თუ შეაწუხებდა, მე კი არა, რაიბულს უმხელდა, ის იყო მისი მესაიდუმლე.
ჩვენი მოწაფეობის წლებში ყველა აღნიშნავდა, რომ ერთბაშად საოცრად ნიჭიერი თაობა წამოვიდა. ასეთებს შორისაც კი რაიბული ერთ-ერთი გამორჩეული იყო. დღესაც მახსოვს მისი გამართული მეტყველება, მწყობრი აზროვნება. ყველა საგანს ერთნაირად კარგად სწავლობდა. ძალიან უყვარდა ლიტერატურა, ხელოვნება. კარგად იცნობდა როგორც ქართულ, ისე უცხოურ კლასიკას და მეც ხშირად მაკვალიანებდა. ერთად ვკითხულობდით წიგნებს, მერე კი ვარჩევდით.
სტუდენტიც გამორჩეული იყო და ექიმიც გამორჩეული გახდა. აირჩია ყველაზე რთული დარგი – ონკოლოგია, და ამ დარგის ურთულესი განშტოება – რბილი ქსოვილების სიმსივნური დაავადებები.
ექიმის გზა
რაიბულმა 1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი და ვანის რაიონის სოფელ გადიდში სამედიცინო პუნქტის გამგედ გაანაწილეს. იმავდროულად ვანის რაიონული საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ექიმი-ორდინატორი იყო, თუმცა იქ დიდხანს არ დარჩენილა – ბიძის ხელშეწყობით, მალე მოსკოვის ვიშნევსკის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტში, მიზნობრივ ორდინატურაში გააგრძელა სწავლა, სადაც ქირურგიაში ძალიან დახელოვნდა.
1973 წელს რაიბული საქართველოში დაბრუნდა და თბილისის ონკოლოგიის სამედიცინო ცენტრში ექიმ-ორდინატორად დაიწყო მუშაობა. მალე თსუ-ს ახალდაარსებული კათედრის ასისტენტი გახდა. 1981 წელს ახლად ორგანიზებულ ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრში კანის, რბილი ქსოვილებისა და ძვლების სიმსივნეთა ქირურგიულ განყოფილებაში გადავიდა, ჯერ – მეცნიერ თანამშრომლად, შემდეგ – უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 1992 წელს აირჩიეს ონკოლოგიის სამედიცინო ცენტრის წამყვან სპეციალისტად და სამეცნიერო საბჭოს წევრად, 2006 წელს კი ონკოლოგიური ცენტრის კანის, რბილი ქსოვილებისა და ძვლების სიმსივნეთა ქირურგიულ განყოფილებას ჩაუდგა სათავეში.
რაიბულ თოდუა ნამდვილი პრაქტიკოსი ექიმი იყო. კარიერა და სამეცნიერო წოდებები მისი თვითმიზანი არასოდეს ყოფილა, თუმცა პრაქტიკული საქმიანობით დაგროვებული გამოცდილების საფუძველზე მართლაც ღირებული მემკვიდრეობა დატოვა: 174 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის – ორი მონოგრაფია, და ქირურგიული ინსტრუმენტი, რომელიც თავზე ოპერაციების დროს სისხლდენის შესაჩერებლად გამოიყენება. მისი ნაშრომებიდან განსაკუთრებით საინტერესოა საკანდიდატო დისერტაცია – “მამაკაცის სარძევე ჯირკვლის კიბო: ეტიოლოგია, დიაგნოსტიკა, მკურნალობა”. დისერტაცია 1983 წელს დაიცვა და მალე ამ სფეროში მსოფლიო მასშტაბის სპეციალისტადაც აღიარეს.
კახა თოდუა:
– მამაკაცის სარძევე ჯირკვლის კიბო იშვიათი პათოლოგიაა. რაიბულს პოსტსაბჭოთა სივრცეში ამ დაავადების მქონე ყველაზე მეტი – 160-მდე პაციენტი ჰყავდა. შეიმუშავა მისი სტადიების საკუთარი TNM კლასიფიკაცია, რომელმაც დიდი აღიარება პოვა ჯერ მოსკოვში, მერე – საბჭოთა კავშირის საზღვრებს გარეთაც. ამ საკითხზე მოხსენების წასაკითხად 1989 წელს ავსტრიაში, ონკოლოგთა მსოფლიო კონგრესზე მიიწვიეს. მაშინ არ გაუშვეს, თუმცა მოგვიანებით მაინც მოახერხა მისი წაკითხვა – 1998 წელს ფლორენციაში, ევროპის მამოლოგთა პირველ კონგრესზე გამოვიდა ამავე მოხსენებით, სადაც ევროპის ონკოლოგთა ასოციაციის ნამდვილ წევრად აირჩიეს, მის მიერ შემუშავებული კლასიფიკაცია კი 2003 წელს გამოცემულ ონკოლოგიურ დაავადებათა სამედიცინო ლექსიკონში შეიტანეს.
წამოიწყო ურთულესი ოპერაციები, რომლებიც მანამდე საქართველოში წარმოუდგენლად მიაჩნდათ – სკაპულექტომია (ბეჭის რეზექცია), გულმკერდ-ბეჭთაშუა ამპუტაცია, ეგზარტიკულაცია (კიდურის ამოსახსვრა), რაც სიმსივნის დროს საკმაოდ ძნელია, მენჯის რეზექცია... კანის სიმსივნეების დროს კანის გადანერგვასაც ატარებდა.
მუდამ სიახლის ძიებაში იყო. უცხოეთიდან სამედიცინო ჟურნალები და წიგნები ჰქონდა გამოწერილი. თუკი მსოფლიო მედიცინაში რამე ახალი მოხდებოდა, თავის კლინიკაშიც ნერგავდა. ონკოლოგიის ცენტრი ძალიან დიდი სკოლა იყო, რომელიც მთელ ამიერკავკასიას აძლევდა მიმართულებას. მამაჩემმა იქ ბევრი ექიმი გამოგვზარდა. ვიწრო სპეციალიზაცია ონკოლოგიაში მკურნალობის ხარისხს საგრძნობლად ამაღლებს და შეცდომებისგან გვიცავს. ცენტრის დაშლას იქ თავმოყრილი ცოდნის გაბნევა მოჰყვა. არადა ასეთი ცენტრის ქონება, გამოცდილი კადრების ერთ სივრცეში თავმოყრა დიდი ფუფუნებაა. მაგალითად, რბილქსოვილოვანი სარკომები იშვიათ დაავადებებს მიეკუთვნება და მათი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დროს შეცდომა ხშირად მოსდით, ამიტომ ევროკავშირი ქმნის ქსელს, სადაც მსგავსი დიაგნოზის მქონე პაციენტებს პირდაპირ ცენტრში გაგზავნიან.
მამა ძალიან აქტიური ადამიანი იყო. მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის: იმერეთის, სამეგრელოს, აფხაზეთის, – ონკოლოგიური სამსახურების ჩამოყალიბებასა და საქმიანობაში, ატარებდა ოპერაციებს და კითხულობდა ლექციებს ადგილობრივი ექიმი ონკოლოგებისთვის, იყო სამკურნალო კომბინატის კონსულტანტ-ონკოლოგი... თავისი სამედიცინო პრაქტიკის განმავლობაში თხუთმეტ ათასზე მეტი სხვადასხვა სირთულის ოპერაცია აქვს ჩატარებული. მონაწილეობდა 27 საერთაშორისო კონგრესსა და კონფერენციაში. 2005 წელს პროფესორის წოდება მიანიჭეს. მიღებული აქვს სამთავრობო ჯილდოებიც...
ნამდვილი მეგობარი
– ჩემთვის მამა დიდი მეგობარიც იყო. მთელი ოჯახი მის სამედიცინო საქმიანობაში ვიყავით ჩართული, რამაც დიდი როლი შეასრულა ჩემი ინტერესების ფორმირებაში. ყველგან თან დავყავდი. ვანში მის მეგობრებთან ერთად დავდიოდით სანადიროდ, სათევზაოდ, თევზის მოლოდინში რიონის პირას ღამეს ვათევდით. კონფერენციებზეც გვივლია ერთად. ბოლოს, 2008 წელს, ისრაელში ვიყავით, სადაც მეც გამოვედი მოხსენებით.
ომარ ხარძეიშვილი:
– ინსტიტუტი რომ დავამთავრე, მეგობრობასთან ერთად პროფესიამაც დაგვაკავშირა. რაიბული ონკოლოგიაში მუშაობდა, მე პათომორფოლოგია ავირჩიე. მოგეხსენებათ, ეს ორი დარგი მჭიდროდაა გადაჯაჭვული ერთმანეთთან.
რაიბული საუკეთესო მეგობარი იყო. უანგაროდ და დაუზარლად ეხმარებოდა ყველას: მეგობრებს, პაციენტებს, ახლობლებს, – განურჩევლად იმისა, თვითონ ულხინდა თუ უჭირდა.
ბუნებით იყო ლაღი, მოუსვენარი, მხიარული, ხალასი, სიცოცხლითა და იუმორით სავსე, თანაკლასელების ყოველი შეხვედრის სული და გული. ხშირად ასეთ შეხვედრებს თვითონვე უწევდა ორგანიზებას. ერთხელ, დაბადების დღეზე – აღნიშვნას არ ვაპირებდი, მარტო ვიყავი შინ, – შუაღამისას მომადგნენ სანოვაგით დატვირთული კლასელები. შესანიშნავი დრო გავატარეთ. მერე გავიგე, რომ ამ ამბის სულისჩამდგმელიც რაიბული ყოფილა.
თითქოს სადღაც ეჩქარებოდა – ცდილობდა, რაც შეიძლება ხშირად ვენახეთ, ურთიერთობებს უფრთხილდებოდა და შეხვედრის ყველა შანსს იყენებდა.
მონადირეც იყო, მაგრამ ნადირობაზე მეტად ბუნების წიაღში ყოფნა უყვარდა. ერთხელ ამიტყდა, წამოდი, საღამოობით ტბაზე ტყის ქათამი ჩამოდისო. წავედით, დავბანაკდით, ვისაუბრეთ, პატარა სუფრაც გავშალეთ. გახდა ცხრა საათი, ათი... არ ჩანს ეს ქათამი. ვუთხარი, კაცს რომ დაიბარებ, ყოველთვის ისიც არ მოდის და ქათმის იმედი გქონდა-მეთქი? გაიცინა: ვიცოდი, რომ არ მოვიდოდა, მარა ხო კაი დრო გავატარეთო? ნადირობასაც თავისი ხიბლი ჰქონდა – ჩამოვივლიდით ახლომახლო სოფლებს, ნაცნობებს შევუვლიდით...
საყვარელი მასწავლებელი
– რაიბულის კლინიკური დიაგნოზი ათიდან ცხრა შემთხვევაში ემთხვეოდა პათომორფოლოგიურს. მარტო თვითონ კი არ იყო გამორჩეული, ბევრი კარგი ექიმიც გაზარდა. შვილი გვერდით ამოიყენა, ამ მძიმე პროფესიაში ჩააბა. კახა თვითონაც ძალიან ნიჭიერი კაცია, მაგრამ მამამისმა უდიდესი როლი შეასრულა მის პროფესიულ დავაჟკაცებაში. დღეს ის ღირსეულად აგრძელებს ამ დიდებულ საქმეს.
გულდასაწყვეტია, რომ რაიბული ადრე წავიდა ამ ქვეყნიდან. მას კიდევ ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეეძლო, თუმცა ბევრიც გააკეთა. თამამად ვიტყვი, რომ ასეთი ადამიანების მხრებზე დგას ჩვენი ქვეყანა. თავისი გარდაცვალებით დიდი სიცარიელე დატოვა ჩვენს სამეგობროში.
ნათია მამადაშვილი, ონკოქირურგი:
– ბატონ რაიბულთან 2001 წელს, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მივედი. ბავშვობიდან ვიცნობდი, რადგან მამაჩემის ექიმი გახლდათ – მამას რბილი ქსოვილების სიმსივნე ჰქონდა.
ჩემთვის მხოლოდ მასწავლებელი და ხელმძღვანელი არ ყოფილა – იყო მეგობარიც, დამრიგებელიც. არ უსწავლებია მხოლოდ ონკოლოგია ან ქირურგია – გვასწავლა მეგობრობა, სიყვარული, ერთმანეთის გვერდით დგომა. მაგალითს თავად გვაძლევდა.
იყო ძალიან უშუალო, ზემოდან არავის უყურებდა. არადა თავის საქმეში მართლაც პირველი გახლდათ.
ოპერაციის დროს მომთხოვნი და მკაცრი მასწავლებელი, საოპერაციოს გარეთ მეგობრად იქცეოდა ხოლმე. საოცარდ კეთილიც იყო, ჩემი თვალით მინახავს, პაციენტისთვის როგორ უყიდია საჭმელი ან როგორ მოუტანია სახლიდან ტანსაცმელი.
ისე დასვამდა დიაგნოზს, ისე ლამაზად ეტყოდა პაციენტს სიმართლეს, რომ ის სასოწარკვეთილების მაგივრად იმედით და მხნეობით აივსებოდა. ყველას უყვარდა: მოსწავლეებს, ექიმებს, პაციენტებს... მათ თვალებში სიყვარულთან ერთად დიდ პატივისცემასაც ამოიკითხავდით.
გვეუბნებოდა, უწინარესად პიროვნებები იყავით და თქვენი საქმე აკეთეთ, სახელი თავისთავად მოვაო. გვაფრთხილებდა, ანგარებას არ ეძლია.
მიხარია, რომ ვიცნობდი, ვამაყობ, რომ მისი მოსწავლე ვარ. ქართულ მედიცინაში ჩემი ადგილი და პროფესიონალიზმი მისი დამსახურებაა. მადლობა მას.
საინტერესო ისტორიები
რეჟისორი ზურა შანიძე და რაიბულ თოდუა სტუდენტობის წლებიდან მეგობრობდნენ:
– სტუდენტობის დროს რაიბული ჩემს ეზოში ცხოვრობდა. მაშინ დავმეგობრდით და თითქმის სამოცი წელი გავატარეთ ერთად. დედაჩემი, თვითონაც ექიმი, რაიბულის გარდა არავის ენდობოდა. ისიც მის ხელში გარდაიცვალა, ჩემი ძმაც...
მუდამ საქმე ჰქონდა. მობილურები სად იყო მაშინ და მეგობრები სამსახურში მივაკითხავდით ხოლმე – არასდროს ეცალა, იმხელა რიგი ედგა... ამ ხალხს ხომ არ დავტოვებო, – ვერ მოდიოდა.
ბევრი საინტერესო ამბის გახსნება შეიძლება. დისერტაცია ერევანში დაიცვა, ხშირად უწევდა სიარული და მე და ჩემი ძმაც დავყვებოდით. ძალიან აფასებდნენ. მახსოვს, ერთხელ გზიდან მოგვიტაცეს და რესტორანში წაგვიყვანეს. სულ თვალებში შესციცინებდნენ.
მატერიალური ფასეულობები მისთვის არაფერს ნიშნავდა. ერთხელ მოსკოვში ვიყავით. თოვლჭყაპი მოდიოდა. რაიბულს ახალი, ძალიან ლამაზი ლაბადა ეცვა (მაშინ კარგი ტანსაცმლის ყიდვა არ იყო ადვილი). უცბად ქუჩაში ქალს მანქანა დაეჯახა. რაიბული მივარდა, ლაბადა რომ არ დასვროდა, გაიხადა, საბუთებიან ჩანთასთან ერთად იქვე დადო... ხალხი მოგროვდა. რაიბულმა ქალს პირველი სამედიცინო დახმარება გაუწია და სასწრაფო დახმარების ბრიგადას გადააბარა. ხალხი რომ დაიშალა, აღარც ლაბადა იყო და აღარც ჩანთა. რაიბულმა ძალიან მშვიდად მიიღო ეს ამბავი, – რა ვქნათ, რაც მთავარია, ის ქალი ხომ გადავარჩინეთო.
90–იან წლებში ახალი მანქანა ჰყავდა, ყვითელი „ვაზ–09“. ერთხელ უმანქანოდ მოვიდა – დღისით–მზისით სამი ავტომატიანი დახვედროდა და წაერთმიათ. მანქანის გულისთვის მკლავთო?! – გულწრფელად გაკვირვებოდა. რაც მთავარია, გადავრჩიო, – ამბობდა მერე.
ჩვენს მეგობარს და გარდაეცვალა, მაგრამ ქელეხის გადახდა ვერ შეძლო. რაიბულმა პირდაპირ დაკრძალვიდან წაიყვანა ხალხი და გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელი სუფრა გაუშალა.
გენო ნადირაშვილი, “ორერას” სოლისტი, მის მეზობლად ცხოვრობდა. ერთხელ მოსკოვში, დიდ საკონცერტო დარბაზში ვესწრებოდით მათ კონცერტს. შუა კონცერტის დროს გენომ მიკროფონში გამოაცხადა, ეს სიმღერა ეძღვნება სახელოვან ქირურგს, რომელიც მეცხრე რიგში ზისო. ხალხმა ტაში დასცხო. რაიბულს ეცინებოდა, რას მაშაყირებსო...
ძალიან უყვარდა საქართველო. მეგობრები ჰყავდა ეროვნული მოძრაობიდან, აკრძალული ლიტერატურა მოჰქონდა და ჩვენც ვკითხულობდით.
არაჩვეულებრივი ქმარი იყო, ერთგული, მოსიყვარულე. მისი მეუღლე ტატიანა თოდუაც ექიმია. საოცრად მეგობრული, თბილი ოჯახი ჰქონდათ. მისი სითბო შვილებსაც გამოჰყვათ.
სოფელიც ძალიან უყვარდა, დედას ოცნება აუხდინა და კარგი სახლი ააშენა, კაბინეტიც მოიწყო. ასაკში რომ შევალ, იქ დავსახლდები, იქ ვუმკურნალებ ხალხსო. ახლა მის ამ წამოწყებას კახა აგრძელებს, ხშირად დადის სოფელში.
საუკეთესო კოლეგა
რაიბულ თოდუასთან პროფესიული და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა გასტროენტეროლოგ ხუტა პაჭკორიასაც:
– რაიბული რესპუბლიკური საავადმყოფოს გასტროენტეროლოგიური განყოფილების კონსულტანტი იყო. ეს საოცრად გულღია, გულისხმიერი პიროვნება ექიმებსაც და ავადმყოფებსაც ისე უყვარდათ, თვალში რომ ჩავარდნოდათ, თითს არ ამოისვამდნენ. საავადმყოფოში სხვა კონსულტანტებიც იყვნენ, მაგრამ ყველა ცდილობდა, რაიბულთან მოხვედრილიყო. ისეთი ხიბლი ჰქონდა, ყველაზე უიმედო ავადმყოფსაც კი იმედს შთაბერავდა ხოლმე. სიტყვით არჩენსო, რომ იტყვიან, სწორედ ისეთი იყო. ერთ-ერთი საუკეთესო ექიმი, ვინც კი მინახავს. დიაგნოზის დიდოსტატი. უამრავი ცუდი დიაგნოზი გაუბათილებია – ხომ წარმოგიდგენიათ, ეს რამხელა შვებაა ავადმყოფისთვის...
ვმეგობრობით კიდეც. წიგნის მოყვარული კაცი იყო და ბუკინისტურ მაღაზიებში ხშირად ვხვდებოდით. უყვარდა ისტორია, კარგად იცნობდა ფრანგულ ლიტერატურას... ტკბილი, ენაწყლიანი მოსაუბრე გახლდათ.
მაინცდამაინც ის დაავადება შეეყარა, რომლის მკურნალობასაც მთელი სიცოცხლე შეალია – ავთვისებიანი სიმსივნე უმძიმესი გართულებებით. რამდენიმე ოპერაციამაც ვერაფერი უშველა. იცოდა დიაგნოზიც და პროგნოზიც, მაინც აქეთ გვამხნევებდა... მემაყება, რომ ასეთი მეგობარი მყავდა.
კახა გარეგნულადაც და პიროვნულადაც ძალიან ჰგავს რაიბულს, ბევრჯერ პაციენტებსაც კი შეშლიათ... მიხარია, რომ მამის გზა გააგრძელა და საუკეთესო სპეციალისტი დადგა, რომელიც ძალიან გვეიმედება.
რაიბულ თოდუა 2014 წლის 11 აპრილს გარდაიცვალა. წავიდა ამ ქვეყნიდან, მაგრამ უკვალოდ არ გამქრალა. მისმა საქმიანობამ ბევრი რამ შესძინა ქართულ მედიცინას, მისი სახელი და სიყვარული კი უამრავი ადამიანის გულში დარჩა.
მარი აშუღაშვილი