რისი ბრალია ცუდი სიზმრები ბავშვებში?
გააზიარე:
სიზმრებს ზოგი ხშირად ხედავს, ზოგი – იშვიათად, მაგრამ ხედავს ყველა, მათ შორის – პატარებიც. კოშმარები უმეტესად სკოლამდელი ასაკის ბავშვებს აწუხებთ. ეს ის ასაკია, როდესაც სიბნელისა და საწოლის ქვეშ დამალული მონსტრების შიშს არაცნობიერში ყველაზე ძლიერად აქვს ფესვები გადგმული.
კოშმარების თავიდან აცილება შეუძლებელია, მაგრამ მშობლებს შეგვიძლია, პატარას ძილისთვის ისეთი გარემო შევუქმნათ, რომ, კოშმარისგან გაღვიძებულმა, უმალვე უსაფრთხოდ იგრძნოს თავი.
- როდის ველოდოთ?
სიზმრებს ძილის იმ ფაზაში ვხედავთ, როცა ტვინი ყველაზე აქტიურია. სიზმრის მკაფიო გამოსახულება, რომელსაც ტვინი ამ დროს გადაამუშავებს, ისეთივე რეალური გვეჩვენება, როგორიც მისგან აღძრული ემოცია: შიში, უსუსურობის შეგრძნება ან, პირიქით, სიხარული და სიამოვნება.
ძილის ამ ფაზას თვალის სწრაფი მოძრაობის ფაზა ეწოდება (შემოკლებით – REM, Rapid Eye Movement), რადგან ამ დროს თვალები დახუჭული ქუთუთოების ქვეშ მართლაც სწრაფად მოძრაობს. კოშმარები უმეტესად ღამის ძილის მეორე ნახევარში გვესტუმრებიან ხოლმე, როცა სწრაფი ძილის პერიოდები უფრო ხანგრძლივია.
კოშმარიდან გამოღვიძებულ ბავშვს ნანახი ისე ცხადად ახსოვს, რომ შესაძლოა, რამდენიმე წამი რეალობაში დაბრუნება გაუჭირდეს. ასეთ დროს, ბუნებრივია, შეშინებული, მშობელს უხმობს.
უფროსი სკოლამდელი ასაკის ბავშვი უკვე აცნობიერებს, რომ კოშმარი მხოლოდ სიზმარია, რომელიც რეალურად ვერ ავნებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამის ცოდნა შიშის გრძნობას ვერ უქრობს. გაცილებით უფროსი ბავშვებიც ვერაფერს უხერხებენ შიშს, რომელიც კოშმარული სიზმრიდან გამოღვიძებისას ეუფლებათ.
- რა იწვევს?
ღამის კოშმარების ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ ფსიქოლოგები თანხმდებიან, რომ სიზმრები განვლილი დღის განმავლობაში ნანახისა და განცდილის გაანალიზების ერთ-ერთი გზაა.
ზოგჯერ კოშმარებს სტრესი ან დიდი ცვლილებები იწვევს. მოვლენები და სიტუაციები, რომლებიც ბავშვისთვის დამაბნეველია და გაორებულ გრძნობებთან ასოცირდება, – მაგალითად, სხვა სახლში გადასვლა, სკოლის შეცვლა, მშობლების განქორწინება ან მეორე პატარას დაბადება, – ასევე შეიძლება კოშმარების მიზეზად იქცეს.
ზოგჯერ ცუდი სიზმარი რეაქციაა ბუნებრივ კატასტროფაზე, უბედურ შემთხვევაზე ან ფიზიკურ ტრავმაზე. თუ ბავშვს მდიდარი წარმოსახვა აქვს, დიდი შანსია, კოშმარები საშიში ელემენტების შემცველი წიგნების კითხვამ ან ფილმების ყურებამაც გამოიწვიოს.
ხანდახან კოშმარს ნაცნობი სცენარი აქვს. მასში შესაძლოა განვლილი დღის მოვლენები ამოვიცნოთ, ოღონდ აქ ისინი საშიში კუთხითაა წარმოდგენილი. ბავშვს ყველა დეტალი შესაძლოა არ ახსოვდეს, მაგრამ შიშის შეგრძნება მის მეხსიერებას ცხადად შემორჩება ხოლმე.
- წავახალისოთ კარგი სიზმრები
როგორც უკვე აღვნიშნე, მშობლებს არ შეგვწევს ძალა, დავიცვათ შვილები ღამის კოშმარებისგან, მაგრამ არ უნდა დავიზაროთ მისთვის ისეთი გარემოს შექმნა, რომ მშვიდად და კარგად გამოიძინოს, რაც თავისთავად ეხმარება გონებას, თავი აარიდოს ცუდ ფიქრებს და ამით ერთგვარად ამცირებს კოშმარების რისკს.
ბავშვის ტკბილი ძილისთვის სასურველია:
* დაძინება და გაღვიძება დღისა და ღამის ერთსა და იმავე დროს;
* ძილის რუტინა, რომელიც ბავშვს მოდუნებაში ეხმარება. ეს შეიძლება იყოს აბაზანის მიღება, თქვენთან ჩახუტება, წიგნის კითხვა ან ხანმოკლე საუბარი განვლილი დღის სასიამოვნო მოვლენებისა და მომავალი დღის გეგმების შესახებ.
* ხმაურისგან იზოლირებული საწოლი ოთახი, კომფორტული საწოლი, საყვარელი ფუმფულა სათამაშო, ღამის ნათურის რბილი შუქი ან ბავშვის სურვილისამებრ შერჩეული, სასიამოვნო განცდების აღმძვრელი ნებისმიერი სხვა რამ;
* ბავშვმა იცოდეს, რომ კოშმარი მოჩვენებითია, არ არის ნამდვილი და მას ვერაფერს ავნებს;
* მოარიდოთ საშიშ წიგნებს, ფილმებსა და ზღაპრებს ძილის წინ და საზოგადოდაც, მით უმეტეს, თუ მათ ადრეც გამოუწვევიათ ცუდი სიზმრები.
- კოშმარის შემდეგ
გთავაზობთ რჩევებს იმის თაობაზე, როგორ დაეხმაროთ შეშინებულ პატარას, რომელმაც კოშმარისგან ეს–ესაა გამოიღვიძა:
* დაარწმუნეთ ბავშვი, რომ მის გვერდით ხართ. მშობლის სიახლოვე ბავშვს დაცულად და მშვიდად აგრძნობინებს თავს. ხელახლა ჩაძინებამდე უმეორეთ, რომ როდესაც დასჭირდება, ყოველთვის მასთან იქნებით.
* შეაფასეთ მომხდარი. დაეხმარეთ ბავშვს იმის გააზრებაში, რომ ეს მხოლოდ სიზმარი იყო, რომელიც დასრულდა. შეგიძლიათ უთხრათ: “ცუდი სიზმარი ნახე, მაგრამ ახლა გღვიძავს და ის ვერაფერს გავნებს, ყველაფერი რიგზეა”. დაარწმუნეთ, რომ ის, რამაც ასე შეაშინა, სიზმარში მოხდა და არა რეალურ ცხოვრებაში.
* მარტივად დაანახეთ სიტუაცია. უთხარით, რომ გესმით მისი შიშის მიზეზი და ის სავსებით ადეკვატურია. შეახსენეთ, რომ სიზმრებს ყველა ხედავს, რომ ეს სიზმრები ზოგჯერ არასასიამოვნო გრძნობებს აღგვიძრავს, მაგრამ გაღვიძების შემდეგ ეს გრძნობები ყოველგვარ ძალას კარგავს, ამიტომ მისი შიში ნორმალურია, მაგრამ უნდა გააცნობიეროს, რომ სიზმარი ვერასოდეს ვერაფერს დააკლებს.
* იჯადოქრეთ. სკოლამდელი ან უმცროსი სასიკოლო (დაწყებითი კლასების) ასაკის ბავშვებთან, რომლებსაც წარმოსახვის უნარი ძლიერ აქვთ განვითარებული, თქვენს ჯადოსნურ ხრიკებს სასწაულების მოხდენა შეუძლია. მათ დასამშვიდებლად უამრავი ჯადოსნობის მოფიქრება შეიძლება, იმის მიხედვით, რა გაჭრის თქვენს შვილთან. თუ საწოლის ქვეშ და კარადაში მიმალული მონსტრების ეშინია და ამიტომ ვერ იძინებს, შეგიძლიათ, “ჯადოსნური ფხვნილის” მეშვეობით “მონსტრები” სამუდამოდ “გააქროთ”, ამ რიტუალის შემდეგ ბავშვთან ერთად შეიხედოთ კარადაშიც, საწოლის ქვეშაც და დარწმუნდეთ, რომ ისინი მართლა აღარსად არიან.
თუ ბავშვს ცუდი სიზმრებისა ეშინია, შეგიძლიათ, საწოლის თავთან სიზმრების დამჭერი დაუკიდოთ, რომელიც მისკენ მიმავალ საშიშ სიზმრებს დაიჭერს და ახლოს არ მიუშვებს.
დაუტოვეთ სუსტი შუქი. ღამის კოშმარის შემდეგ უკუნეთ სიბნელეში გამოღვიძება არა მხოლოდ ბავშვისთვის, დიდი ადამიანისთვისაც დამთრგუნველია. ღამის ნათურის სუსტი შუქი ან კარის ღრიჭოში დერეფნიდან შემოსული სინათლე ბავშვს გაამხნევებს, ისიც უფრო მალე დამშვიდდება და ძილს განაგრძობს.
იყავით კარგი მსმენელი. გაღვიძებისთანავე ნუ ესაუბრებით იმაზე, რამაც შეაშინა. უმჯობესია, ჩაეხუტოთ, დაამშვიდოთ და ძილის შებრუნებაში დაეხმაროთ. დილით კი აუცილებლად მოაყოლეთ ყველაფერი, რის მოყოლასაც თავად ისურვებს. ის, რამაც ღამით ასე შეაშინა, დღისით მოყოლისას ძალას კარგავს. ასევე შეგიძლიათ, ერთად მოიგონოთ სიზმრად ნანახი მოვლენების ალტერნატიული, სახალისო და სასიამოვნო განვითარება.
დაამეგობრეთ სიბნელესთან. დაამსხვრიეთ მითი, რომ სიბნელე საშიშია, გახადეთ სიბნელეში ყოფნა სახალისო. აანთეთ ფარანი და საბნის ქვეშ კარავი მოაწყვეთ. შეგიძლიათ, შიგნით ბავშვის საყვარელი სათამაშოებიც შეიყვანოთ. უამრავი სახალისო სცენარის მოფიქრება შეიძლება, რაც ბავშვს სიბნელის შიშს გაუქრობს და მასთან მიმართებით დადებით ასოციაციას გაუჩენს.
ბავშვების უმეტესობისთვის კოშმარი იშვიათი სტუმარია, მაგრამ თუ ამჩნევთ, რომ ბავშვს უძილობა აწუხებს და კოშმარებს სხვა ემოციური ან ქცევითი დარღვევებიც ერთვის, უმჯობესია სპეციალისტს მიმართოთ.
ლიკა ქათამაძე