როგორ მოვიქცეთ როცა ბავშვი უმადოდაა?

გააზიარე:

ბავშვის უჭმელობას ყველა მშობელი განიცდის, თუმცა საქართველოში მას რამდენადმე გადაჭარბებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. საინტერესოა, რა არის, სპეციალისტების თვალთახედვით, უმადობა, როდის არის ის საშიში და როგორ დავეხმაროთ ბავშვს მადის მომატებაში. ამ და სხვა საკითხებზე პედიატრი ნინო სამადაშვილი გვესაუბრება.

– მშობელთა ნახევარზე მეტი ექიმთან ბავშვის უმადობას უჩივის. ამ დროს აუცილებლად უნდა ვიკითხოთ, ბავშვს მართლა არ აქვს მადა თუ მშობელს ჰგონია ასე. უმადობას ხშირად არასწორი კვება განაპირობებს: ბავშვი იღებს ბევრ ტკბილეულს, სვამს გაზიან სასმელებს და ასე დანაყრებული, საჭმელზე უარს ამბობს ან ცოტას ჭამს.

მიზეზები

  • – რა იწვევს უმადობას?

– მადაზე არაერთი ფაქტორი ახდენს გავლენას. მაგალითად, ცენტრალური ნერვული სისტემის მდგომარეობა. ცენტრალური ნერვული სისტემა შიმშილისა და დანაყრების შეგრძნებათა მთავარი მარეგულირებელია, მონაწილეობს გასტრონომიული გემოვნების ჩამოყალიბებაში, ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობას, მონელებისთვის საჭირო ნივთიერებების გამოყოფას. როცა მისი ფუნქცია დარღვეულია, ბავშვი მადას კარგავს.
უმადობა ხშირად ახლავს თან ვირუსულ და ბაქტერიულ ინფექციებს. როცა ავადმყოფი ბავშვი უარს ამბობს ჭამაზე, ეს ბუნებრივია, რადგან ორგანიზმი ენერგიას რაციონალურად ანაწილებს: უფრო მეტს ხარჯავს ავადმყოფობის გამომწვევთან ბრძოლაზე, საკვების მონელებაზე კი ზოგავს. ამას რომ თავი დავანებოთ, როდესაც ყელი, თავი, მუცელი გტკივა, მაღალი სიცხე გაქვს, ჭამა ძნელია. ამიტომ ავადმყოფობის დროს ბავშვს უნდა შევთავაზოთ ადვილად მოსანელებელი, ბევრი სითხის შემცველი და ვიტამინებით მდიდარი საკვები.
უმადობა შეიძლება გამოიწვიოს კბილების ამოსვლამ, ჭიებმა, ვაქცინაციამ, ანემიამ. ეს უკანასკნელი ბავშვებში უმადობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია – როცა ორგანიზმს რკინა აკლია, ბავშვი მოთენთილია, მალე იღლება და ჭამა აღარ უნდა.


უმადობა შეკრულობის ერთ-ერთი სიმპტომიცაა. შესაძლოა, ის სხვა ქრონიკულ (გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინულ, ონკოლოგიურ) დაავადებებსაც ახლდეს თან.
უმადობის მიზეზად შესაძლოა იქცეს სტრესი – ოჯახის წევრის დაკარგვა, საყვარელი ცხოველის სიკვდილი, შიში... მშობლები ხშირად მეტისმეტად ბევრს ელიან შვილისგან; ბავშვს ეშინია, იმედი არ გაუცრუოს საყვარელ ადამიანებს. ესეც სტრესია.
ზოგჯერ ბავშვს დეპრესია აქვს, მშობლები კი ამას ვერ ხვდებიან, უგუნებობას სევდას მიაწერენ. სევდისგან განსხვავებით, დეპრესია თავისთავად არ გაივლის. კვებითი ქცევის შეცვლა დეპრესიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია.
გასათვალისწინებელი მიზეზია ანორექსიაც – მოზარდები ბაძავენ საყვარელ პერსონაჟებს, მსახიობებს, სპორტსმენებს, ცდილობენ, მათსავით ტანწერწეტები გახდნენ, ცოტას ჭამენ და ბევრს ვარჯიშობენ.
მადას აქვეითებს ანტიბიოტიკები და ზოგიერთი სხვა მედიკამენტიც.

უფრო მარტივი


– უმადობის გამოწვევა ფიზიოლოგიურ მიზეზებსაც შეუძლია. მაგალითად, მაშინ, როდესაც
* ბავშვი ცოტას მოძრაობს,
* თბილად აცვია ან თბილ შენობაშია
* ან ზრდის ჰორმონის სეკრეცია აქტიურ სტადიაში არ არის და სიმაღლის მატება შეჩერებულია, –
ორგანიზმი ჯანსაღი საკვების მცირე ულუფასაც კი სრულფასოვნად ითვისებს.
უმადობას განაპირობებს ბევრი სითხის სმაც – ბავშვს პატარა კუჭი აქვს, ამიტომ თუ ბევრი წყალი დალია, საჭმლისთვის ადგილი აღარ რჩება.
ზოგჯერ ბავშვს უბრალოდ არ მოსწონს საჭმლის იერსახე (ცნობილია, რომ რაც უფრო ლამაზად გამოიყურება კერძი, მით უფრო მიმზიდველია) ან გემო – მისთვის ზედმეტად მარილიანი, ცხარე ან ცხიმიანია, ან უბრალოდ ზედმეტად ცხელი ან ცივი. ბავშვებს ერთფეროვანი კვებაც მალე ბეზრდებათ, ზოგიერთ მათგანს კი აქვს ნეოფობია – ახალი, უცნობი საკვების გასინჯვის შიში. მის დაძლევაში მშობლები უნდა დაეხმარონ.

უმადობის წინააღმდეგ

  • – როგორ მოვიქცეთ მშობლები, რომ ბავშვს მადა არ დაეკარგოს?

– ბავშვის კვებით ქცევას უმთავრესად მშობლები აყალიბებენ. დაეხმარეთ პატარას, საკვებისადმი სწორად განეწყოს. არსებობს კვლევები, რომლებიც ადასტურებს, რომ ბავშვი სიამოვნებით ჭამს იმას, რაც დედას ორსულობის პერიოდში უყვარდა. ასე რომ, ორსულს მრავალფეროვანი რაციონი უნდა ჰქონდეს. როდესაც ბავშვი შერეულ კვებაზე გადაგვყავს, ახალ-ახალი საკვები დროულად უნდა შევთავაზოთ, მისი გაცნობა არ დავუგვიანოთ.
გარდა ამისა:
* ეცადეთ, კერძი მიმზიდველად გამოიყურებოდეს.
* ჭამის დროს ბავშვი მოარიდეთ უარყოფით ემოციებს, არაფერზე უსაყვედუროთ, არ ეჩხუბოთ.
* კვების რეჟიმი ისე შეადგინეთ, რომ ბავშვს მაშინ უწევდეს ჭამა, როცა მშიერია.
* წაახალისეთ ბავშვი, როცა არჩევანს ჯანსაღ საკვებზე შეაჩერებს.
* ხელი შეუწყვეთ მის ფიზიკურ აქტივობას.
* ტკბილეულით წახემსების უფლებას ნუ მისცემთ, არაჯანსაღი პროდუქტები მოარიდეთ მისი თვალთახედვის არეს.
* ნუ აიძულებთ ჭამას, როცა არ შია. ბავშვს შესძულდება ყველა კერძი, რომელსაც დააძალებთ. კვებითი ჩვევების მაგალითი თავად მიეცით.
* ნუ აიძულებთ, ულუფა ბოლომდე შეჭამოს.
* ბავშვის უმადობის გამო ოჯახში დაძაბულ ატმოსფეროს ნუ შექმნით.

როგორ დავეხმაროთ

  • – რისი გაკეთება შეგვიძლია, როცა ბავშვი ცუდად ჭამს?

– რა თქმა უნდა, ყველა ბავშვი თავისებურია, მაგრამ შესაძლოა, თქვენს პატარაზეც იმოქმედოს ნაცადმა ხრიკებმა:
* ბავშვებს უყვართ სასუსნავით წახემსება. შეგიძლიათ, შეაპაროთ ჯანსაღი პროდუქტი – მაგალითად, მიწის თხილი, თხილი, კაკალი ჩიფსების ნაცვლად, ბოსტნეულის ღვეზელი ნამცხვრის ნაცვლად.
* მიწის თხილი მადის აღმძვრელ საკვებად მიიჩნევა, თანაც ცილითაა მდიდარი. თუ ბავშვს მასზე ალერგია არ აქვს, შეგიძლიათ, მის რაციონში თამამად ჩართოთ არაქისიანი პროდუქტები.
* ზოგი ბავშვი არ ეკარება რძეს. მათ რძის ნაწარმი: ხაჭო, მაწონი, ყველი, – შესთავაზეთ.
* კარგი მადისთვის აუცილებელია ფიზიკური აქტიურობაც. ეცადეთ, ბავშვმა ბევრი ენერგია დახარჯოს: ირბინოს, ველოსიპედით ისეირნოს, – ან ასაკის შესაფერის სპორტზე ატარეთ.
* სანამ ჭამაზე უარს ამბობს, თქვენი ხელით ჩაუდეთ პირში პატარა ლუკმები. სულ ცოტა საკვებიც კი ზრდის მეტაბოლიზმს, რაც, თავის მხრივ, აძლიერებს მადას.
* ეცადეთ, ხშირად მოუმზადოთ საყვარელი საჭმელი.
* ჩართეთ პროდუქტების შეძენისა და მომზადების პროცესში. კერძი, რომლის მომზადებაშიც თავად მონაწილეობდა, უფრო მეტად დააინტერესებს.
* თუ ცოტას ჭამს, კალორიული საკვები შეურჩიეთ.
* ჭამამდე ნახევარი სათით ადრე წყალი დაალევინეთ.
* შეგიძლიათ, კერძს დაამატოთ ცოტაოდენი ლიმონი, ჯანჯაფილი, ძმარი – ეს სანელებლები კუჭის წვენის სეკრეციას და მადას ასტიმულირებს.
* ეცადეთ, საკვები ფერადი ბოსტნეულით მოურთოთ.
* მოუმზადეთ მარწყვის, თაფლის, ბანანის, სქელი მაწვნის სმუზი, თუ, რა თქმა უნდა, ამ პროდუქტებზე ალერგია არ აქვს.

  • – არსებობს მადის გამაძლიერებელი მედიკამენტებიც. როდის მივცეთ ისინი ბავშვს?

– თუ პათოლოგია გამორიცხულია, მაგრამ ბავშვს, მიუხედავად მცდელობისა, მადა ვერ დავუბრუნეთ, შეგვიძლია, მადის სტიმულატორები გამოვიყენოთ. ასეთი პრეპარატები ურეცეპტოდ გაიცემა, მაგრამ თვითნებურად მაინც ნუ მისცემთ ბავშვს, უმჯობესია, ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია და პრობლემა მასთან ერთად მოაგვაროთ.
გახსოვდეთ: ბუნებრივია, რომ ხანდახან ბავშვები მადას კარგავენ. უმადობის ეპიზოდები, როგორც წესი, არ არის საშიში. თუ ბავშვი ენერგიულია, ხალისიანი, კარგად სძინავს, შიშის საფუძველი არ არსებობს. თუ უმადობა გახანგრძლივდა ან წონის კლება დაერთო, აუცილებლად მიმართეთ პედიატრს.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: