რა არის და როგორ ვლინდება ადისონის დაავადება?

გააზიარე:

დაავადებათა უმეტესობას დამახასიათებელი კლინიკური სურათი აქვს, მაგრამ არსებობს ისეთი პათოლოგიებიც, რომლებთან შეჯახების დროსაც ექიმის ცოდნა და ლოგიკა შესაძლოა ჩიხში მოექცეს.
რა ხდება, როდესაც თუნდაც საკმაოდ ცნობილი დაავადება უჩვეულო სიმპტომებით ამჟღავნებს თავს? თსსუ ცენტრალური კლინიკის ამბულატორიული ექიმი გასტროენტეროლოგი ხუტა პაჭკორია თავისი პრაქტიკიდან ადისონის დაავადების საინტერესო შემთხვევებს იხსენებს.

– ადისონის დაავადება საკმაოდ ცნობილი დაავადებაა, რომელსაც მკაფიო, დამახასიათებელი სიმპტომები აქვს. ამ დაავადებას სტუდენტებიც კარგად იცნობენ, საინტერესო სასწავლი და ადვილი მოსაყოლია, ამიტომ გამოცდაზე თუ შეხვდებათ, უხარიათ. თეორიულად მეც ვიცოდი და სტუდენტობის დროს რესპუბლიკურ საავადმყოფოში რამდენჯერმე მინახავს კიდეც ასეთი პაციენტი, მაგრამ ერთია დაბეჭდილი მასალის სწავლა და გამოცდის ჩაბარება, თუნდაც კლასიკური სიმპტომების მქონე პაციენტის ნახვა, და მეორე – დიაგნოზის დამოუკიდებლად დასმა.

  • რა არის

– ადისონის დაავადება, იგივე ადრენალური უკმარისობა ან ბრინჯაოს დაავადება, ინგლისელმა ექიმმა თომას ადისონმა აღწერა 1855 წელს. ამ დროს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრე ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის ჰორმონს: წესისამებრ –კორტიზოლს, ზოგჯერ – ალდოსტერონსაც. მიზეზი, როგორც წესი, თირკმელზედა ჯირკვლის ავტოიმუნური დაავადებაა, შედარებით იშვიათად – თირკმელზედა ჯირკვლის ტუბერკულოზი, სიმსივნე და ზოგიერთი სხვა პათოლოგია. ცალკე გამოვყოფთ ჯირკვლების მეორეულ უკმარისობას, რომლის მიზეზადაც შეიძლება იქცეს ჰიპოფიზის პათოლოგია, პრედნიზოლონის მიღების უეცარი შეწყვეტა... დაავადება იშვიათია – 100 000-დან ერთ ადამიანთან გვხვდება.

  • სიმპტომები

– ადისონის დაავადების კლინიკური სურათი საკმაოდ ნელა, თვეების განმავლობაში ვითარდება. ზოგჯერ ის ისე შეუმჩნევლად პროგრესირებს, რომ სიმპტომებს ვერც კი ამჩნევენ, ვიდრე რაიმე სტრესი (ავადმყოფობა, ტრავმა) მდგომარეობას ერთბაშად არ დაამძიმებს.
დაავადების ნიშნებია:
* ძლიერი დაღლილობა;
* წონის კლება, მადის დაქვეითება;
* კანის ჰიპერპიგმენტაცია (გამუქება);
* სისხლის დაბალი წნევა, დროდადრო გულის წასვლა;
* მარილიანის ჭამის მოთხოვნილება;
* ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის დაბალი შემცველობა);
* გულისრევა, დიარეა, ღებინება;
* მუცლის, წელის ან ფეხების ტკივილი;
* კუნთებისა და სახსრების ტკივილი;
* ცხელება;
* კრუნჩხვა;
* თავის ტკივილი;
* აგზნებადობა;
* დეპრესია ან ქცევის დარღვევა;
* სხეულის თმის ცვენა.
ამათგან კლასიკურ ნიშნებად მიიჩნევა კანის გამუქება, სისუსტე და დაბალი წნევა. სიმპტომების უეცარი აღმოცენება (განსაკუთრებით – მუცლის, წელის ან ფეხების მწვავე ტკივილი, წნევის მკვეთრი დაცემა, ერთბასად დაწყებული ღებინება და დიარეა) ადრენალურ კრიზზე მიუთითებს. ეს გადაუდებელი მდგომარეობაა და სასწრაფო სამედიცინო ჩარევას მოითხოვს, სხვაგვარად შესაძლოა ლეტალური შედეგით დასრულდეს.

  • პირველი შეხვედრა

– ჩემი კლინიკური პრაქტიკიდან მახსოვს სულ სამი შემთხვევა, როდესაც ადისონის დაავადება არა კლასიკური ნიშნებით, არამედ დიარეის სინდრომით გამოვლინდა. ორ მათგანს გავიხსენებ.
პირველი პაციენტი 55 წლის ქალი გახლდათ. ისე სუსტად იყო, რუსთავიდან ხელით მოიტანეს. ნაწლავთა აშლილობა ჰქონდა. დანახვისთანავე თვალში მომხვდა მისი სიშავე. კანის გამუქება სხვა დაავადებამაც შეიძლება გამოიწვიოს, მაგალითად, ჰემოქრომატოზმა, პელაგრამ, PP ვიტამინის დეფიციტმა, ფილტვის უკმარისობამ... გადავწყვიტე, ადისონის დაავადება გამომერიცხა, რისთვისაც კორტიზოლის – თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის ჰორმონის – გამოკვლევა იყო საჭირო. იმხანად ეს გამოკვლევა მხოლოდ ერთგან – ენდოკრინოლოგიის კათედრაზე ტარდებოდა. მაჩვენებელი მართლაც კატასტროფულად დაბალი აღმოჩნდა.
დავიწყეთ თუ არა კორტიზონით მკურნალობა, პაციენტი მომჯობინდა, კანი გაუბაცდა, საწოლიდან წამოდგა, ხუმრობის გუნებაზე დადგა, დიარეა შეუწყდა, შრომის უნარი აღუდგა... სწორი მკურნალობის წყალობით ხანგრძლივი რემისია მივიღეთ.

  • ზუგდიდელი პაციენტი

– მეორედ ზუგდიდში გახლდით, კონფერენციაზე დიარეის შესახებ ვკითხულობდი მოხსენებას. მეორე დღეს კოლეგებმა მითხრეს, ერთი ავადმყოფი გვყავს, რამდენიმე წელია, დიარეა აწუხებს და ვერაფერი ვუშველეთო. მაჩვენეს პაციენტი. ძვალი და ტყავი იყო დარჩენილი. სახეზე მიწისფერი ედო. ჰქონდა ენტერიტი, მალაბსორბციის სინდრომი – ნაწლავებიდან საკვები ნივთიერებების შეწოვის დარღვევა. თბილისში ჩამოვაყვანინე, მაგრამ აქაც ყოველგვარმა მკურნალობამ უშედეგოდ ჩაიარა. ბოლოს კორტიზოლის დონე შევუმოწმეთ –მკვეთრად დაქვეითებული აღმოაჩნდა. დავუწყეთ შესაბამისი მკურნალობა და ძალიან კარგი შედეგი მივიღეთ.
საინტერესოა, რომ ორივე პაციენტს ტუბერკულოზი ჰქონდა გადატანილი.

  • ცნობისათვის

– 1950-იან წლებში კორტიკოსტეროიდები რომ არ აღმოეჩინათ, ამერიკას არ ეყოლებოდა ყველაზე სიმპათიური პრეზიდენტი – ჯონ ფიცჯერალდ კენედი, რომელსაც სწორედ ადისონის დაავადება სჭირდა.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: