სამხრეთ იტალია–ლიმონის არომატით გაჟღენთილი მხარე

გააზიარე:

იტალიაზე თითქოს აღარაფერი დარჩა სათქმელი, რომიც მოვიარეთ, ვენეციაც, მილანის მოდის კვირეულზეც ვიყავით და ფლორენციელ ოქრომჭედელთა ნამუშევრების ხილვითაც დავტკბით. თუმცა თითქმის არაფერი გვითქვამს იტალიური ჩექმის ტერფის სიახლოვეს მდებარე, ლიმონის სურნელით გაჟღენთილ მხარეზე, სადაც ყველაზე ტემპერამენტიანი, ყველაზე ეშხიანი, ყველაზე ფიცხი და იმავდროულად სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს. ჰოდა, ამჯერად გვინდა, სწორედ ეს ლამაზი, თბილი, ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობებით მდიდარი სამხრეთი გაგაცნოთ.

ყველაზე კოლორიტული, ყველაზე კრიმინალური, ყველაზე ნეაპოლიტანური


შემეძლო, ეს ქვეთავი ნეაპოლის ისტორის გახსენებით დამეწყო. მეთქვა, რომ ეს ქალაქი ბერძნებმა დააარსეს ძველი წელთაღრიცხვის VII საუკუნეში, რომ ის ქვეყნის სიდიდით მესამე ქალაქია რომისა და მილანის შემდეგ და სამხრეთი იტალიის არაოფიციალურ დედაქალაქად მიიჩნევა. აუცილებლად სანახავი ღირსშესანიშნაობებიც ჩამომეთვალა (ნეაპოლის ისტორიული ცენტრი იუნესკოს მიერ დაცულ ძეგლთა სიაშია შეტანილი). მაგალითად, ნეაპოლის ეროვნული მუზეუმი და სამხატვრო გალერეა, რომელიც ბურბონების საზაფხულო რეზიდენციაში – პალაცო კაპოდიმონტეშია განთავსებული, ნეაპოლის ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი, სადაც პომპეისა და ჰერკულანუმის გათხრების დროს აღმოჩენილი ექსპონატებია დაცული, კასტელ-დელ-ოვო (XII ს) და კასტელ ნუოვო (XIII ს), სან-ჯენაროს, სან-სევეროსა და სან-გაუდიოზოს კატაკომბები, სამეფო სასახლე, წმინდა კიარასა და სან-ლორენცო მაჯორეს გოთიკური ეკლესიები, ბაროკოს სტილის იეზუიტური ეკლესია ჯეზუ ნუოვო, სადაც ნეაპოლელთა უდიდესი წმინდანის – ჯუზეპე მოსკატის წმინდა ნაწილები ინახება... მაგრამ ამ ყველაფერს ნებისმიერ ტურისტულ საიტზე ამოიკითხავთ, მე კი მინდა, ისეთი ნეაპოლი გაგაცნოთ, რომელსაც წიგნებსა და გზამკვლევებში ვერ ნახავთ.


როგორც კი ნეაპოლის მთავარ მოედანზე, პიაცა გარიბალდიზე, ფეხს დადგამთ, მაშინვე იგრძნობთ, რომ დანარჩენი იტალიისგან სრულიად განსხვავებულ სამყაროში აღმოჩნდით. აქ არავინ იცავს მოძრაობის წესებს, ჩრდილოეთი და ცენტრალური იტალიისგან განსხვავებით, არც ზებრაზე გადამავალ ქვეითებს უთმობენ გზას და არც ლამაზი გოგონას დანახვისას იკავებენ თავს ხმამაღალი შეძახილებისგან. პარკირების წესების დარღვევაც ჩვეულ ამბად მიაჩნიათ და დამრღვევებიც უსიტყვოდ იფერებენ მათ მიმართ გამოთქმულ არცთუ საალერსო ფრაზებს.
ალბათ ყველას გახსოვთ ედუარდო დე ფილიპოს პიესა “ნეაპოლი – მილიონერთა ქალაქი”. ვერ გეტყვით, რამდენი მილიონერი ცხოვრობს ნეაპოლში, მაგრამ ქალაქი კრიმინალების ნაკლებობას რომ არ განიცდის, ამას ადგილობრივი ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლებიც კი არ უარყოფენ. უარყოფენ კი არა, თითქმის ყველა საჯარო თავშეყრის ადგილზე გაფრთხილებენ, ჯიბეებს, ჩანთებს, ტელეფონებს, კამერებს მოუფრთხილდითო, მატარებლებსა და მეტროს ვაგონებში კი მუდმივად მორიგეობენ კარაბინიერები საგანგებოდ გაწვრთნილ ძაღლებთან ერთად.
კრიმინალურთან ერთად ნეაპოლი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ჭუჭყიანი ქალაქის სტატუსსაც იმსახურებს. თავდაპირველად ვიფიქრე, რკინიგზის სადგურები და ავტოსადგურები თითქმის ყველა ქალაქში ჭუჭყიანია; ალბათ, ცენტრალურ უბნებში მეტი სისუფთავე იქნება-მეთქი; როცა ჭუჭყმა ქალაქის ისტორიულ გულშიც შემაწუხა, ყველაფერი ტურისტების სიმრავლეს დავაბრალე, მაგრამ მეორე დილით, სისხამზე, გარეთ გამოსულმა საკუთარი თვალით რომ ვნახე, რა ზერელედ “ასუფთავებდნენ” შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ქალაქის ქუჩებს და როგორ “უფრთხილდებოდნენ” მათ სისუფთავეს ადგილობრივი მცხოვრებლები, მივხვდი, რომ საქმე ტურისტების სიმრავლესა და რკინიგზის სიახლოვეში სულაც არ იყო. ეს ადგილობრივთა ხასიათის ნაწილია, რომელზეც არც დარდობენ და არც აწუხებთ.


სამაგიეროდ, ნეაპოლში შეგიძლიათ იგემოთ მსოფლიოში უგემრიელესი პიცა. თუმცა არც პიცერიაში ადგილის პოვნაა ადვილი. სადილის დროს, ანუ შუადღიდან საღამომდე, ყველა პიცერია სავსეა ტურისტებით და ადგილობრივი მცხოვრებლებით. პიცერიებს აქ მეპატრონეების სახელები ჰქვია: “პიცერია დი მიკელე”, “პიცერია პეპე ნერო”, “პიცერია დი ჯუზეპე” და ა.შ. მათი უმრავლესობა გასული საუკუნის 40-50-იან წლებშია დაარსებული, რითაც მფლობელები ისე ამაყობენ, რომ დაარსების წელი აბრაზეც კი აქვთ გამოტანილი. მიმტანებიც იმ ასაკისანი არიან, იფიქრებთ, დაარსების დღიდან პერსონალი არ შეუცვლიათო.
რიგები, როგორც აღვნიშნე, საკმაოდ გრძელია, მაგრამ თუ ნამდვილი ნეაპოლური პიცის დაგემოვნება გსურთ, ლიდინი ღირს – ნეაპოლი ხომ პიცის სამშობლოა. თანაც აქაურ პიცერიებში პიცის შემდეგ დესერტსაც შემოგთავაზებენ. მე ფენოვანი ცომის სფოლიატელებს გირჩევთ ლიმონჩელოსთან ან მაგარ ესპრესოსთან ერთად. ეს ნეაპოლური ტკბილეული, რომელიც პირში თავისით დნება, მართლაც განუმეორებელია.


ტრაპეზს რომ დაასრულებთ, მიმტანისთვის ფეხის ქირის დატოვება არ დაგავიწყდეთ. თუმცა დავიწყების საშუალებას არც თავად მოგცემთ. მიმტანის უტიფრობით გაოგნებული, პიცერიიდან რომ გამოხვალთ, შესაძლოა, ადგილობრივმა პოეტმა გაგაჩეროთ და ექსპრომტად ლექსიც მოგიძღვნათ. მართალია, ამის შემდეგ აუცილებლად შემოგთავაზებთ მისი კრებულის შეძენას, მაგრამ, მერწმუნეთ, თუ არ შეიძენთ, თქვენთვის დაწერილ ლექსს უკან არ მოგთხოვთ.
ნეაპოლში რელიგიისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ და მიუხედავად იმისა, რომ აქ ბევრი სხვადასხვა აღმსარებლობის მიგრანტი ცხოვრობს, კათოლიკური დღესასწაულები მაინც დიდი პომპეზურობითა და ზარ-ზეიმით აღინიშნება. თუ თქვენც ჩემსავით გაგიღიმათ ბედმა და ნეაპოლში აღდგომას მოხვდით, ქალაქის ქუჩებში ვნების კვირის სცენებსაც ნახავთ, მანდოლინაზე შესრულებულ ნეაპოლურ სიმღერებსაც მოისმენთ და ათასნაირ სააღდგომო ტკბილეულსაც დააგემოვნებთ.
რაკი ტკბილეული ვახსენე, არ შეიძლება არ ვთქვა, რომ არსად აცხობენ ისეთ გემრიელ ნამცხვრებს, ვერსად აკეთებენ ისეთ გემრიელ შოკოლადს, როგორსაც ნეაპოლში. ჩვენი არ იყოს, აქაურებიც ტკბილეულით ხელდამშვენებულები დადიან სტუმრად და სასურველ სტუმრებსაც ტკბილეულით ხვდებიან.
კინაღამ დამავიწყდა – ნეაპოლის ვიწრო ქუჩებში სეირნობისას ფრთხილად იყავით, ცუდად გაწურული სარეცხიდან ჩამოსული წვეთები არ დაგეწუწოთ. აქ ხომ სარეცხს კვლავ ძველებურად ფენენ – ერთი ქუჩიდან მეორემდე.


ნეაპოლი იმდენად ლამაზი და კოლორიტული ქალაქია, მთლიანად ფეხით უნდა მოიარო, პორტსაც ესტუმრო (აქედან ყველაზე უკეთესად ჩანს ვულკან ვეზუვის ყელი), სანაპიროზე გაშენებული ტროპიკული სკვერების ხილვითაც დატკბე, მაგრამ აუცილებლად უნდა გამონახო დრო და ჩახვიდე ნეაპოლის მეტროში. რატომ? იმიტომ რომ აქ სულ სხვა ნეაპოლი დაგხვდებათ. აქ არც ნაგავია, არც ჭუჭყი. ყველაფერი უზადოდ სუფთა, მოწესრიგებული და ლამაზია. იცოდით, რომ ნეაპოლის მეტრო მსოფლიოს ულამაზეს მეტროთა ოცეულში შედის? განსაკუთრებული მომხიბვლელობით კი სადგური ტოლედო გამოირჩევა. მისი ჭერი თითქოს ვარსკვლავებით მოჭედილი ცაა, კედლებში კი ზღვა ლივლივებს.

ქალაქი, სადაც დრო გაჩერდა


24 აგვისტოს მზიანი დილა იყო. სამხრეთ იტალიაში, ნეაპოლის ყურეში მდებარე მდიდარ ქალაქში არაფერი მოასწავებდა ტრაგედიას. ვაჭრები თავიანთი ფარდულებისკენ მიეშურებოდნენ, დედები შვილებს საუზმეს უმზადებდნენ, მამები პატარებს ეთამაშებოდნენ...
სწორედ ასეთ ამბავს გიყვება ქალაქის ნანგრევები, რომელმაც დრო შეაჩერა. აქ ისევ 79 წელია, პირველი საუკუნე. იგივე კედლები, იგივე კედლის მხატვრობა, იგივე ქანდაკებები, იგივე ქვაფენილი. ადამიანებიც კი იმავე პოზაში გაშეშებულან, რა პოზაშიც სიკვდილმა მოუსწრო.
ეს პომპეია, ქალაქი, რომელიც დღემდე აოცებს მნახველს განვითარების დონით, არქიტეტურით და ტრაგედიით, რომელიც მან გადაიტანა. ნეტავი რას გრძნობდნენ დედები, როცა მიხვდნენ, რომ ეს მათი შვილების სიცოცხლის უკანასკნელი წამები იყო? ან მამები, როცა სიკვდილის გარდაუვალობა დაინახეს? ან დიდებულები, რომლებსაც სიმდიდრემ ვერ უშველა? ერთ მხარეს ზღვა იყო, მეორე მხარეს კი გამძვინვარებული ვეზუვი. მოსახლეობას თავდაპირველად ვულკანური ფერფლი დაატყდა თავს. ფერფლს ლაპილის ცეცხლოვანი სეტყვა მოჰყვა, ბოლოს კი მომწამვლელი აირის ღრუბელი დაეშვა ქალაქზე.


როგორ უნდა გაუსწორო თვალი ამხელა ტრაგედიას? როგორ გინდა გააცნობიერო, რომ ასეთი ლამაზი, მდიდარი და განვითარებული ქალაქი, სადაც საკანალიზაციო სისტემაც კი გამართულად მუშაობდა (საქართველოს სოფლებში ის XXI საუკუნეშიც კი სანატრელია), სულ რამდენიმე საათში აღიგავა პირისაგან მიწისა? სწორედ ეს კითხვები გებადება, როცა პომპეის ქუჩებში დააბიჯებ და ლავაში გაშეშებულ სხეულებს უყურებ, მაგრამ მაინც ვერ მალავ გაოცებას განვითარების იმ დონით, რომელსაც ორი ათასი წლის წინ მიაღწია პომპეიმ, მერე კი, დაღლილმა და ორი ათასი წლის წინანდელ ქუჩებში სიარულით გაბრუებულმა, ლამისაა მადლობა შესწირო ვეზუვის, რომელმაც ოცი საუკუნე ხელუხლებლად შემოინახა ეს სილამაზე.
პომპეის არქეოლოგიური ქალაქ-მუზეუმის გარშემო დღესაც ცხოვრობენ ადამიანები. აქ ცხოვრება ჩვეულ რიტმში მიედინება და არავინ ფიქრობს იმაზე, რომ ვულკანმა, რომელმაც უკანასკნელად სულ ცოტა ხნის წინ – 1944 წელს გაიღვიძა, შესაძლოა კვლავ გვაჩვენოს თავისი ძალა.
პომპეი ნეაპოლიდან სულ რაღაც 23-24 კილომეტრზეა. იქამდე მისვლა მატარებლით შეიძლება. ქალაქ-მუზეუმში შესასვლელი სადგურიდან რამდენიმე ნაბიჯზეა, ყოველი თვის პირველ კვირა დღეს კი შესვლა უფასოა.

სორენტო – ზღაპარი ლიმონლენდიაზე


არ ვიცი, ვეზუვის სიახლოვისა და ვულკანისგან გამთბარი ნიადაგის ბრალია, იტალიის სამხრეთის მცხუნვარე მზის, ტროპიკული ჰავისა თუ სხვა რამის, მაგრამ თუ გინდათ, ნამდვილი ედემის ბაღი ნახოთ, სორენტოს უნდა ეწვიოთ. აქ ერთდროულად ყვავის, მწიფს და სიმწიფეში შედის ლიმონისა და ფორთოხლის ბაღები. ჰაერში ლიმონის სურნელი ტრიალებს. ირგვლივ ყველაფერი ხასხასა მწვანეშია ჩაფლული, პატარ-პატარა ფერადი სახლები კი ლიმონის ბაღებში ჩაკარგულა. ნეაპოლის ჭუჭყით შეშინებული, ვფიქრობდი, სამხრეთი იტალია მოუწესრიგებელი და ბინძური ყოფილა-მეთქი, მაგრამ სორენტოს ნახვის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ეს მცდარი წარმოდგენა იყო. სორენტო პაწაწინა, კოპწია ქალაქია, რომელსაც ორიოდე საათში შემოივლი ფეხით. სამაგიეროდ, მივიღე პასუხი კითხვაზე, რომელიც მთელი ბავშვობა მაწუხებდა: სად მიმდინარეობდა მოქმედება ჯანი როდარის “ჩიპოლინოს თავგადასავალში”. განა შეიძლებოდა, პრინც ლიმონს სხვაგან ეცხოვრა?! ამ მშვენიერ ზღვისპირა ქალაქში ხომ ლიმონის კულტია: ლიმონის ტოტებით მორთული სავაჭრო ფარდულები და მაღაზიები, ლიმონის ნამცხვრის პირამიდები ვიტრინებში, ლიმონის ლიქიორის, იმავე ლიმონჩელოს, არომატი ჰაერში, შოკოლადში ამოვლებული ლიმონის ლიქიორიანი კანფეტები, ლიმონის დრაჟეები, ლიმონის ლოსიონი... ყველა კაფესა თუ რესტორანში შემოგთავაზებენ ლიმონის დესერტს, ლიმონისკრემიან ნამცხვარს, ლიმონის ორცხობილას, ლიმონჩელოს ან ლიმონჩეტა დი კრემას (რძიან ლიქიორს ლიმონით). მოკლედ, თუ სორენტოში 2-3 დღეზე მეტხანს დარჩით, შესაძლოა, ლიმონის დანახვაზეც კი ცუდად გახდეთ, მაგრამ ერთი დღით ამ პატარა ქალაქში შევლა ნამდვილად ღირს.
სორენტოში ულამაზესი პლაჟები და სანაპიროა. აქ მრავლად არის მდიდრული ვილები, ფეშენებელური სასტუმროები, ძვირად ღირებული რესტორნები, თუმცა მათ გვერდით პატარა, გემოვნებით მოწყობილ საოჯახო რესტორნებსაც შეამჩნევთ, სადაც შინ მომზადებული ახალი თევზით, ბოსტნეულის სალათითა და უგემრიელესი დესერტით გაგიმასპინძლდებიან, თან ამ ყველაფერს ისეთი დახვეწილობით მოგართმევენ ისეთი სასიამოვნო მუსიკის ფონზე, რომ რესტორნიდან გამოსვლა დანაყრებულსაც კი აღარ მოგინდებათ.
სორენტო ტყავის წარმოებითაც არის ცნობილი. აქ უამრავი პატარა სახელოსნოა, სადაც ულამაზეს ტყავის ჩანთებს, ხელთათმანებს, ქურთუკებს და ფეხსაცმელს კერავენ. ფასებიც სავსებით ხელმისაწვდომია, ხოლო თუ რამე არ მოგეწონათ, არ დაგზარდებიან, იქვე გადაგიკეთებენ.


ნეაპოლიდან სორენტოში მატარებლით ჩახვალთ. იმავე მატარებლით, რომლითაც პომპეიში უნდა წამოხვიდეთ.
თუ ამალფის სანაპიროს, კაპრის, პოზიტანოს, ალბერობელოსა და სამხრეთი იტალიის სხვა ულამაზესი ქალაქებისა თუ სოფლების ნახვა გსურთ, სორენტოდან თითქმის ყველა მიმართულებით გადის ავტობუსები და ბორნები. თუმცა სიტყვა გაგვიგრძელდა, ამჯერად ამით დავასრულებთ და სასიამოვნო მოგზაურობა-დასვენებას გისურვებთ.

ნინო ბაზერაშვილი

გააზიარე: