ველოსიპედი – ჯანსაღი ტრანსპორტი

გააზიარე:

 

“ადამიანი ჯანმრთელი რომ იყოს, დაბადებიდან სიცოცხლის ბოლომდე სუფთა ჰაერი უნდა ისუნთქოს”, – ამბობს ფლავია ბუსტრეო, ჯანმოს გენერალური დირექტორის ასისტენტი. დღეს კი სუფთა ჰაერი ნამდვილი ფუფუნებაა, განსაკუთრებით – მანქანებით გადაჭედილ ქალაქებში, სადაც საათობით გვიწევს საცობში დგომა.

საქართველოში ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვია, რომელიც არა მარტო ადამიანს, არამედ გარემოსაც ვნებს. მთლიან გაფრქვევაში მისი წილი 71%-ია, მოხმარებული საწვავის რაოდენობა კი წლიდან წლამდე იმატებს.

ჰაერის სისუფთავეზე ზრუნვა სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციების და საზოგადოების საერთო საქმეა. გაეროსა და ჯანმოს ტრანსპორტის, ჯანმრთელობისა და გარემოს პანევროპული პროგრამის ეგიდით გამართულ შეხვედრებზე თანხმდებიან, რომ ქალაქებში ფეხით და ველოსიპედით სიარულის ხელშესაწყობად მუნიციპალიტეტებმა უნდა გააუმჯობესონ საფეხმავლო და საველოსიპედო ინფრასტრუქტურა, აამაღლონ მოსახლეობის ცნობიერება ქალაქში მოძრაობის ჯანსაღი წესის შესახებ.

საკუთარი ქალაქის ჰაერის სისუფთავეზე ზრუნვა კი თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა.

– ერთ დღესაც მანქანა ფარეხში დავტოვე და სამსახურში ველოსიპედით წავედი, – გვიყვება ლადო ღუდუშაური, საქართველოს ველოსპორტის ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრი, მასობრივი ველოღონისძიებების ორგანიზატორი, – სამსახურამდე დაახლოებით შვიდი კილომეტრი იყო. გზადაგზა ვსწავლობდი, როგორ მემოძრავა, რომელი ქუჩა უფრო სწრაფად მიმიყვანდა დანიშნულების ადგილემდე. გზა ძალიან რთული მეჩვენა. იმ დღეს სამსახურში დავაგვიანე, რადგან დრო კარგად ვერ გავთვალე, მერე კი ეს დრო დღითი დღე მცირდებოდა. მას შემდეგ, უკვე თორმეტი წელიწადია, ქალაქში ველოსიპედით ვმოძრაობ. თუ შეგიძლიათ, მოკლე მანძილზე მაინც უარი თქვათ ავტომობილზე და ველოსიპედით იმგზავროთ, ამით ძალიან კარგს გაუკეთებთ საკუთარ ჯანმრთელობას და გარემოს.

რა უპირატესობა აქვს ველოსიპედით სიარულს, რამდენად შესაძლებელია თბილისში მისი ტრანსპორტად გამოყენება და სად ვიპოვით თბილისში ველობილიკები, ამის შესახებ ლადო ღუდუშაური გვესაუბრება:

 

– ველოსიპედი, ავტომობილისგან განსხვავებით, არ აბინძურებს გარემოს, მოკლე მანძილზე (3-8 კმ-ზე) ყველაზე სწრაფი ტრანსპორტია, ამასთანავე, ჯანსაღია და იაფი, თანაც დიდი ფართობი არ სჭირდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ქალაქის აღორძინებისა და სატრანსპორტო პოლიტიკისთვის.

მოდი, ცალ-ცალკე განვიხილოთ ველოსიპედის ყველა ეს ღირსება.

 

ეკოლოგიურად სუფთა

– ველოსიპედს არ აქვს გამონაბოლქვი და მტვერი, არ არის ხმაურიანი, სამოძრაოდ გზის ვიწრო ზოლი ჰყოფნის – ამით ის იდეალური ტრანსპორტია ქალაქისთვის, არ ტვირთავს ქუჩებს, ზიანს არ აყენებს მოსახლეობის ჯანმრთელობას და გარემოს.

 

სწრაფი

– თუ მოკლე მანძილზე ველოსიპედით ივლით, საკმაოდ ბევრი დრო დაგეზოგებათ. არც საცობში დგომა მოგიხდებათ, არც გაჩერებაზე ლოდინი და, რაც მთავარია, პარკინგის ძებნაში დროს არ დაკარგავთ. ველოსიპედი, პირდაპირი მნიშვნელობით, კარიდან კარამდე მიგიყვანთ.

 

ჯანსაღი

– მოძრაობა ჯანმრთელობისთვის რომ აუცილებელია, ყველამ იცის. თუ კვირაში ხუთჯერ მაინც, სულ ცოტა, ნახევარი საათი ზომიერი სიჩქარით ივლით ველოსიპედით, გაავარჯიშებთ გულის კუნთს, გაიაქტიურებთ სისხლის მიმოქცევას, შეამცირებთ ინფარქტის რისკს, გაიუმჯობესებთ უჯრედების ჟანგბადით მომარაგებას, რაც აუცილებელია ნებისმიერი ორგანოს მუშაობისთვის. ველოსიპედით რეგულარული სიარული ავითარებს ფეხის, მუცლის, ზურგის, მხრისა და ხელის კუნთებს, ებრძვის ზედმეტ წონას – ხელს უწყობს ცხიმის წვას, რისთვისაც, სასურველია, ყოველდღე 45-60 წუთი გამოყოთ, აუმჯობესებს კოორდინაციას, ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებას, ააქტიურებს ბედნიერების ჰორმონებს, ხსნის შფოთვას და დეპრესიას.

 

იაფი

– დღეს 300-500 ლარად შეიძენთ საკმაოდ მოხერხებულ და გამძლე ველოსიპედს, რომლითაც ხუთი წელი მაინც ისარგებლებთ. შეჯიბრებაში ვერ გაგამარჯვებინებთ, მაგრამ დანიშნულების ადგილამდე მიგიყვანთ. მისი მოვლა-შეკეთება კი წელიწადში 100 ლარამდე დაგიჯდებათ, რაც, დამეთანხმებით, მანქანის შენახვასა თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაზე გაცილებით იაფია.

 

უკეთ გაიცნობ ქალაქს

– ავტომობილისგან განსხვავებით, ველოსიპედით შესაძლებელია არა მხოლოდ გზატკეცილზე, არამედ დასასვენებელი პარკების ბილიკებზე, ვიწრო, მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებში, მდინარის გასწვრივ სიარული. გზადაგზა შეგიძლია ხშირად გაჩერდე, მიდამო დაათვალიერო და ნამდვილი თავგადასავალი მოიწყო.

 

 

შესაძლებელია თუ არა თბილისში ველოსიპედის გადაადგილების ყოველდღიურ საშუალებად გამოყენება?

– მზარდი საცობების და ჰაერის დაბინძურების ფონზე სულ უფრო და უფრო აშკარა ხდება, რომ ველოსიპედმა რეკრეაციულთან ერთად გადაადგილების ძირითადი საშუალების ფუნქციაც უნდა შეითავსოს.

მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში, ასევე ქალაქის ცენტრალურ და ძველ უბნებში ველოსიპედი მანქანის კარგი ალტერნატივაა და საუკეთესო საშუალება მანქანების რაოდენობის შესამცირებლად. მართალია, თბილისს რთული რელიეფი აქვს, მაგრამ დღეს ველოსიპედების წარმოება ისეა განვითარებული, რომ მოძრაობა ყოველგვარი ტიპის გზაზეა შესაძლებელი. მთავარია სახელმწიფოს ხელშეწყობა და მოსახლეობის ინტერესი, დანერგონ მოძრაობის ჯანსაღი წესი.

ველოსიპედს ჩვენში უმთავრესად სავარჯიშოდ და სასეირნოდ იყენებენ. მხოლოდ ერთეულებისთვისაა ის ტრანსპორტი, რადგან თბილისში შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არსებობს, არ არის ველობილიკები, ველოსადგურები, საგზაო ნიშნები, თუმცა ამაზე აქტიურად მუშაობენ და ქალაქის ინფრასტრუქტურული იერსახეც ნელ-ნელა ველოსიპედის მოყვარულთა სასიკეთოდ იცვლება.

 

ველოსიპედის პოპულარიზაციისთვის

– საქართველოს ველოსპორტის ეროვნული ფედერაციის ეგიდით იმართება საქართველოს ჩემპიონატი საგზატკეცილო, მთისა და ტრეკის ველოსიპედით რბოლაში. ჩვენი სპორტსმენები საზღვარგარეთ გამართულ შეჯიბრებებშიც მონაწილეობენ. ფედერაციას ჰყავს გამოცდილი მწვრთნელები, რომლებიც უფასოდ ავარჯიშებენ ბავშვებს, საჭიროების შემთხვევაში კი მათ ველოსიპედსაც აძლევენ.

მერიის ხელშეწყობით ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნამდე ხშირად იმართება ველომსვლელობა, რომელშიც ყველა მსურველს შეუძლია მონაწილეობა. გაჩნდა ველომოყვარულთა ჯგუფები, რომლებიც ველომსვლელობებს ქალაქგარეთ მართავენ. ველომომხმარებელთა რაოდენობა ნელ-ნელა იზრდება.

 

სად ვიაროთ

– ლისის ტბაზე არის ველობილიკები დამწყები ველომოყვარულებისთვის, კუს ტბაზე – უფრო გამოცდილებისთვის. იქ ველოსიპედის ატანა საბაგიროთია შესაძლებელი. ქალაქგარეთ სასეირნოდ შეგიძლიათ ნებისმიერი ადგილი აირჩიოთ, თუმცა იქ სპეციალური ბილიკები არ არის. თბილისის ეროვნულ პარკში 42-კილომეტრიანი ველობილიკია. ეს რთული მარშრუტია, რომელიც მხოლოდ გამოცდილი და ფიზიკურად მომზადებული ველომოყვარულებისთვისაა განკუთვნილი და რომელზეც მხოლოდ მთის ველოსიპედითაა შესაძლებელი მოძრაობა. ბავშვებისა და ახალბედა ველომოყვარულებისთვის კი დასასვენებელ პარკებში მოკლე ბილიკებია მოწყობილი.

 

სად ვიყიდოთ

– სპორტულ მაღაზიებში დიდი არჩევანია. იქ ნებისმიერი მოდელის ახალ თუ ნახმარ ველოსიპედს შეიძენთ. ველოსიპედის ყიდვა ბაზრობაზეც შეიძლება. მწარმოებელი ქვეყნის, ბრენდის, მდგომარეობისა და გამოშვების წლის მიხედვით, ფასი 100-დან 10000 ლარამდე მერყეობს.

 

როგორ წავახალისოთ

– დღეს თბილისში სუნთქვა ნამდვილად საშიშია, ამიტომ ყველა უნდა გაერთიანდეს ქალაქში მოძრაობის ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისთვის. ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელობა უწყობს ხელს, განურჩევლად ასაკისა, არ უნდა შეუშინდეს ქალაქში ველოსიპედით სიარულს. თუ კერძო კომპანიებიც წაახალისებენ თანამშრომლებს, საბოლოოდ ნამდვილად კარგ შედეგს მივიღებთ.

ჩვენი მხრივ, გვინდა, დავეხმაროთ ახალბედა ველომოყვარულებს და მომდევნო ნომრიდან შემოგთავაზოთ რჩევები იმის თაობაზე, როგორ აირჩიოთ და მოირგოთ ველოსიპედი, როგორ მოუაროთ მას და როგორ იაროთ უსაფრთხოდ ქალაქში.

 

გააზიარე: