მოზარდობა – რთული, მაგრამ აუცილებელი

გააზიარე:

ყოველი ადამიანი გაივლის ცხოვრების ორ რთულ პერიოდს: ორი-სამი წლის კრიზისს და მოზარდობას. ორივე შიშის მომგვრელია და, ამავე დროს, პიროვნული ზრდისთვის აუცილებელი. ორივე ძნელად გადასატანია ბავშვისთვისაც და მშობლებისთვისაც, მაგრამ განსაკუთრებით რთული მოზარდობაა, რადგან მოზარდი, ბავშვისგან განსხვავებით, ხმამაღლა და უხეშად გამოხატავს უკმაყოფილებას და მარტივი მეთოდები: ყურადღების გადატანა, სასიამოვნო აქტივობაში ჩართვა, მულტფილმით თუ ტკბილეულით მოთაფვლა, – მასთან არ ჭრის.

რა არის მოზარდობა? როგორი ემოციები, ფიქრები და ქცევა ახასიათებს მას? რომელი მახასიათებლებია დროებითი და რომლებზე ღირს ყურადღების გამახვილება?

 

მოზარდობის სტადიები

მოზარდობა ერთგვაროვანი პროცესი არ არის. მისი ყოველი სტადია სხვადასხვა მახასიათებლით გამოირჩევა. ცამეტი წლის მოზარდი რადიკალურად განსხვავდება თხუთმეტი წლის მოზარდისგან, ხოლო ოცი წლისა “საერთოდ სხვა პლანეტაზე ცხოვრობს”. ამიტომაც არ მეგობრობენ ერთმანეთთან სხვადასხვა ასაკის მოზარდები: მათი ინტერესები, აზროვნებისა და განცდების თავისებურებები იშვიათად თუ იკვეთება.

აქვე აღვნიშნავ, რომ ქრონოლოგიური ჩარჩოები პირობითია – მოზარდობა იწყება მაშინ, როდესაც იწყება და მთავრდება მაშინ, როდესაც მთავრდება. ქვემოთ მოყვანილია საორიენტაციო ნიშნულები, რომლებიც სტატისტიკური უმრავლესობის მონაცემებს ეყრდნობა. ეს ნიშნულები მიგვახვედრებს, ჩვენს მოზარდს სჭირს რამე განსაკუთრებული თუ ასაკისთვის დამახასიათებლად (თუმცა კი ძნელად გასაგებად) იქცევა.

 

10-13 – პუბერტატი

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს “ყველაზე საზიზღარი ასაკია”. მახსოვს, დედაჩემი გაკვირვებით აღნიშნავდა, რომ უცებ აუტანელი გავხდი და მიუხედავად იმისა, რომ არ მახსოვს, რატომ, ახლა ვხვდები – ამას დაუმსახურებლად არ მეტყოდა. პუბერტატისთვის დამახასიათებელია:

* საკუთარი თავის ძიება – კითხვების დასმა, განცდა, ემოციური რეაგირება. ამ დროს  ყალიბდება იდენტობის საფუძველი. ეს საკმაოდ მტკივნეული პროცესია და ხშირად თან ახლავს თვითშეფასების დაწევა, ემოციური დისბალანსი, სამყაროს, ადამიანებისა და მოვლენების მაქსიმალისტური, აბსოლუტური, რიგიდული,  “შავ-თეთრი” აღქმა;

* სხეულის სწრაფი ცვლილება – ჰორმონების გაძლიერებული გამოყოფა, მეორეული სასქესო ნიშნების განვითარება – და ამასთან დაკავშირებული უამრავი კითხვა, დაბნეულობა, ცრუ თუ რეალური ინფორმაციის შეგროვება, სქესობრივი ცნობისმოყვარეობა, საკუთარი სხეულის შესწავლა, ხშირად – მომეტებული წუხილი მისი ფორმების გამო, მტკივნეული რეაგირება გარეგნობასთან დაკავშირებულ შენიშვნებზე;

* მშობლის იდეალისა და ავტორიტეტის მსხვრევა – მშობელთან კონტაქტის შესუსტება, მისთვის თავის არიდება, მუდმივი კამათი, გულჩათხრობილობა, დამოუკიდებლობის მოპოვებისკენ სწრაფვა, მშობლის აზრისა და პოზიციის გაუფასურება;

*  სწრაფი ზრდა, ამასთან დაკავშირებული უხერხულობა და მღელვარება, დაბნეულობის განცდა;

* კონკრეტული აზროვნება (“აქ და ახლა”) – სიტუაციური ანალიზისა და კონკრეტულ სიტუაციაში მიღებული გამოცდილების განზოგადების სირთულე. მოზარდს უჭირს განსაზღვრა, რა გავლენას მოახდენს მისი ახლანდელი ქმედება მომავალზე; ხშირად ჰგონია, რომ “არაფერი მოუვა”,  სათანადოდ ვერ აფასებს რისკს, ვერ ისახავს გრძელვადიან მიზნებს;

* გუნება-განწყობილების ხშირი ცვლილება – ჰორმონული დისბალანსის გამო მოზარდს სწრაფად და მკვეთრად ეცვლება განწყობა, აქვს არასტაბილური ემოციური ფონი, მუდამ განიცდის მისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და ამავე დროს დარწმუნებულია, რომ “მისი არავის ესმის”, განსაკუთრებით  – უფროსებს;

* დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა – მოზარდისთვის ბუნებრივი მდგომარეობაა წესებისა და შეზღუდვების წინააღმდეგ გალაშქრება, ავტორიტეტების დამსხვრევა, არსებულის მიუღებლობა და პროტესტი; ის ამგვარად სწავლობს, იყოს გაბედული, დაიცვას საკუთარი პოზიცია. ცდისა და შეცდომის გზით მოზარდი იღებს ინფორმაციას წესებსა და საზღვრებზე, რაც საბოლოოდ უყალიბებს სამყაროს აღქმას, სადაც ზოგი რამ დასაშვებია, ზოგი კი – მიუღებელი;

* ინტენსიური მეგობრობა თავისივე სქესის თანატოლებთან – პუბერტატულ ასაკში, მშობლების როლის შესუსტების პარალელურად, იზრდება თანატოლების ზეგავლენა. მოზარდი, უპირველეს ყოვლისა, თავისივე სქესის თანატოლებს  უმეგობრდება. მეგობრების გემოვნება, აზრი, ღირებულებები მისი ცხოვრების მთავარი ორიენტირები ხდება;

* რომანტიკული დაინტერესება – ამ ასაკში რომანტიკული ინტერესი გაბნეულია და ხშირად არც კი უკავშირდება კონკრეტულ ადამიანს. ამ დროს მოსალოდნელია პოპკულტურაში არსებული კერპების “შეყვარება”, ფანტაზიები, გატაცებები, ოცნება.

 

14-18

მოზარდობის არც მეორე ეტაპია იოლად დასაძლევი. ამ ასაკში ახალგაზრდა ცდილობს გაარკვიოს, ვინ არის და რა ადგილი უკავია სამყაროში. თანატოლების აზრი მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხდება, უფროსები კი ავტორიტეტებს აღარ წარმოადგენენ. ეს ბუნებრივი პროცესია, რომელიც მოზარდს საკუთარი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი იდენტობის შექმნაში ეხმარება. ამ სტადიას ახასიათებს:

* კონფლიქტი ოჯახთან – ამ დროს თავს იჩენს ერთგვარი ემოციური ამბივალენტობა: მოზარდებს თან უნდათ ოჯახისგან გამოყოფა, თან მოსწონთ მიკუთვნებულობის განცდა. უმთავრესად საკუთარ თავზე არიან კონცენტრირებულნი და ურჩევნიათ, დრო მშობლების გარეშე გაატარონ, მაგრამ, ამავე დროს, უნდათ დარწმუნებულები იყვნენ მშობლების სიყვარულსა და მხარადჭერაში (მიუხედავად იმისა, რომ ამას ცოცხალი თავით არ აღიარებენ);

* სხეულის თვითაღქმა – ამ ასაკის მოზარდებს ძალიან აღელვებთ, როგორ გამოიყურებიან, შესაბამისად, ბევრ დროს უთმობენ თავის მოვლას, ცდილობენ, მიაღწიონ გარკვეულ იმიჯს, მისდევენ თანატოლებში პოპულარულ მოდას, როგორც წესი, ჯერ არ აქვთ ჩამოყალიბებული სტილი და გემოვნება, თუმცა მზად არიან ექსპერიმენტებისთვის; შესაბამისად, მწვანედ შეღებილი თმა, დახეული ჯინსები და გახვრეტილი ყურები ამ ასაკისთვის ბუნებრივი მდგომარეობაა, რომელსაც მოზარდი “მოიხდის” და უკან მოიტოვებს;

* გაზრდილი ავტონომია და თანატოლების როლი – მოზარდი მეტად გამოეყოფა მშობლებს, ხშირად ეკამათება ძალაუფლების მქონე პირებს, მეგობრებს ინტერესებისა და ჰობის მიხედვით ირჩევს, თანატოლების აზრი იძენს მისთვის ყველაზე დიდ მნიშვნელობას და განსაზღვრავს მის ქცევას;

* ზრდის პროცესის შენელება –  მეორეული სასქესო ნიშნები განვითარების საბოლოო სტადიას აღწევს, ტვინის მოცულობა იზრდება, საბოლოოდ ყალიბდება სხეულის სქემა. სხეულისა და ტვინის განვითარება 95%-ით დასრულებულია;

* აზროვნების მეტი აბსტრაქტულობა – მოზარდებს მეტად უადვილდებათ დასკვნების განზოგადება (თუმცა სტრესის პირობებში აზროვნება კვლავ კონკრეტული ხდება), უკეთ ესმით თავიანთი ქცევის შედეგები;

* შედარებით სტაბილური რომანტიკული ურთიერთობები – ამ ეტაპზე ჩნდება და ვითარდება კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებული რომანტიკული, ემოციური და სექსუალური განცდები. მოზარდები ეცნობიან მათთვის საინტერესო სქესის თანატოლებს, დაინტერესებულები არიან რომანტიკული და “სასიყვარულო” თემატიკით. მეტიც: შეიძლება ითქვას, რომ მათი ცხოვრება რომანტიკული შინაარსების ირგვლივ ტრიალებს.

 

19 -21

ამდენი წლის წვალების შემდეგ მოზარდებსა და მათ მშობლებს ამოსუნთქვის საშუალება ეძლევათ – ამ ეტაპზე ხდება პიროვნების საძირკვლის განმტკიცება, ოჯახში საკუთარი როლის განსაზღვრა, სამომავლო გეგმების დასახვა და დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება.

* პიროვნების მთავარი მახასიათებლების ჩამოყალიბება – ამ ასაკში მოზარდები თავს უყრიან და აჯამებენ წინარე გამოცდილებას, აკეთებენ პიროვნულ არჩევანს ეთიკურ საკითხებთან მიმართებით, შედეგად კი უყალიბდებათ ერთგვარი ზნეობრივი კოდექსი, რომელსაც მთელი სიცოცხლე დაეყრდობიან;

* უმთავრესად აბსტრაქტული აზროვნება – პასუხისმგებლობის გრძნობა გაზრდილია, მოზარდს შეუძლია გეგმების, გრძელვადიანი მიზნების დასახვა;

* სტაბილური თვითაღქმა – ახალგაზრდები მეტ-ნაკლებად კომფორტულად გრძნობენ თავს საკუთარ სხეულში, იკლებს მასთან დაკავშირებული ემოციური განცდები;

* სტაბილური ურთიერთობა მშობლებთან – მშობლებისა და მოზარდების ურთიერთობის დინამიკა იცვლება: დამცველი-უფროსი`დასაცავი-უმცროსი როლებიდან ოჯახის წევრები თანასწორი პოზიციების მქონე როლებს ითვისებენ;

* ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობები – ამ ასაკში თანატოლები გადაწყვეტილებაზე ნაკლებ გავლენას ახდენენ, მეგობრობაც განსხვავებულ ელფერს იღებს: მეტი მნიშვნელობა ენიჭება ინდივიდუალურ ურთიერთობას და ნაკლები – სხვადასხვა ჯგუფისადმი მიკუთვნებულობას;

* გაცნობიერებული რომანტიკული ურთიერთობები – ამ ასაკში ახალგაზრდები რომანტიკულ პარტნიორს ცნობიერად, ინდივიდუალური გადაწყვეტილებით ირჩევენ, ჩნდება ხანგრძლივი მიჯაჭვულობა, ხდება თანასწორი, პარტნიორული ურთიერთობების დაფასება და ძიება.

 

ეს იმ ცვლილებათა მხოლოდ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითებია, რომლებსაც მოზარდების უმეტესობა განიცდის. მიუხედავად იმისა, რომ ყველა შემთხვევა განსხვავებულია, სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჩვენი ოჯახის ახალგაზრდა წევრებიც განვითარების ამავე ეტაპებს გაივლიან, რომ მათ ცხოვრებაშიც დიდ ადგილს დაიკავებს სოციალური კავშირები, რომანტიკული გატაცებები, ისინიც განიცდიან ინტენსიურ, ხშირად მათთვისვე გაუგებარ და დამაბნეველ ემოციებს, ეცდებიან მოიპოვონ ავტონომია, განსაზღვრონ საკუთარი როლი ოჯახში, მეგობრების წრეში, სოციუმში და საბოლოოდ ჩამოუყალიბდებათ პიროვნული თვისებები, რომლებიც სიცოცხლის ბოლომდე თითქმის აღარ შეიცვლება.

 

მშობლებისათვის

მიუხედავად იმისა, რომ მოზარდთან ურთიერთობა ძალიან რთულია, მშობლებმა ძალისხმევა არ უნდა დაიშურონ. მათ თითქმის შეუძლებელი უნდა შეძლონ: თან ხელი შეუწყონ მოზარდის მცდელობას, მოიპოვოს დამოუკიდებლობა და ჩამოყალიბდეს ავტონომიურ პიროვნებად, თან (იმის გამო, რომ მოზარდის ტვინი და სხეული ჯერ ბოლომდე ფორმირებული არ არის) წინ გაუძღვნენ ისეთ საკითხებში, რომლებსაც მოზარდი დამოუკიდებლად ვერ ართმევს თავს. ამ ამოცანის მთავარი სირთულე ის არის, რომ თავად მოზარდი იშვიათად ხვდება (ან, თუ ხვდება, არაფრით აღიარებს), რომ ზოგიერთ გამოწვევას მარტო ვერ გაუმკლავდება.

მოზარდებისგან განსხვავებით, მშობლებს დასკვნების გამოტანის, შედეგებზე დაფიქრების, ემოციების კონტროლისა და სხვებზე კონცენტრაციის უნარი შესწევთ, ამიტომ მათ უწევთ ოქროს შუალედის პოვნა, რათა მოზარდი მისივე უსაფრთხოებისთვის მინიმალურად შეზღუდონ. მათ ყოველდღე უნდა ჰკითხონ საკუთარ თავს: “რამდენად სარისკოდ იქცევა ჩვენი შვილი?” ამ დროს აუცილებელია გამოწვევის გრძელვადიან ჭრილში შეფასება: თუ ქცევა (რომელიც მშობლებს შესაძლოა არც ესმოდეთ და არც მოსწონდეთ) ხანგრძლივ გავლენას არ მოახდენს მოზარდის კეთილდღეობაზე, ახალგაზრდას უნდა მიეცეს მისი განხორციელების საშუალება. მაგალითად, ჯობს თავად წყვეტდეს, რა სტილის მუსიკას მოუსმინოს, როგორ გაატაროს თავისუფალი დრო – მეგობართან თუ საკუთარ ოთახში, მოკლედ შეჭრილი თმა ატაროს თუ გრძელი... ამ არჩევანის გაკეთებით ახალგაზრდა სწავლობს დამოუკიდებლობას, გამოიმუშავებს გემოვნებას და საკუთარ სტილს, პასუხისმგებლობას იღებს თავის გადაწყვეტილებებზე. მეორე მხრივ, აუცილებელია თანმიმდევრულობა იმ ქცევის აღსაკვეთად, რომელსაც შესაძლოა გრძელვადიანი უარყოფითი შედეგი მოჰყვეს: დისკუსია ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებების შესახებ, შინ დაბრუნების დროის შეთანხმება, სხვადასხვა საკვანძო საკითხის თაობაზე მშობლების ინფორმირება...

წესების შემუშავებისას გვახსოვდეს – მათი სიმრავლე აუფასურებს თითოეულის მნიშვნელობას. უფროსისადმი უნდობლობა, რომელიც ამ ასაკისთვის ისედაც დამახასიათებელია, მუდმივი შენიშვნებითა და საყვედურებით არ უნდა გავამწვაოთ. ამავე დროს, მოზარდმა უნდა იცოდეს, რომ ყველაფერი არ არის ნებადართული, რომ ზოგიერთი ქცევა მიუღებელია. მშობლები და შვილები უნდა შეთანხმდნენ რამდენიმე წესზე, რომლებსაც ოჯახის ყველა წევრი უგამონაკლისოდ დაიცავს, ოღონდ ეს გზა არ უნდა გადიოდეს მოზარდის დაცინვაზე, დაკნინებაზე, მისი ემოციებისა თუ მოსაზრებების გაუფასურებაზე.

წესების გარეთ არსებულ სიტუაციებში კი მოზარდის არჩევანია გადამწყვეტი. შესაძლოა, ეს არჩევანი არ მოგვწონდეს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მოზარდი დამოუკიდებელი პიროვნებაა, მას აქვს უფლება თავად აირჩიოს, რა ჩაიცვას, ვისთან იმეგობროს, როგორ გაერთოს, რას მოუსმინოს და რომელი სოციალური ჯგუფის წევრი გახდეს (რა თქმა უნდა, თუ ყოველივე ეს უსაფრთხოა). მშობელთა ჰიპერმზრუნველობის შედეგად იზრდება ინფანტილური პიროვნება, რომელსაც უჭირს დამოუკიდებლად ცხოვრება, საკუთარი თავის მომსახურება და საკვანძო საკითხების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება. თანამედროვე სამყაროში კი წარმატებას მხოლოდ თავდაჯერებული ადამიანები აღწევენ, რომლებსაც რწმენათა და ღირებულებათა მკაფიო, გამოცდილებაზე დაფუძნებული სისტემა აქვთ.

მოზარდი, მშობლების ძალისხმევის მიუხედავად, შეიძლება ასაკისთვის დამახასიათებლად მოიქცეს: იკამათოს, იჩხუბოს, ჩაიკეტოს, განიცადოს... მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ ეს დროებითია, რომ უმეტესობა ცხოვრების ამ ეტაპს წარმატებით გადალახავს და ფუნქციურ ინდივიდად ყალიბდება. მანამდე კი ვეცადოთ, მოზარდი ცალკე პიროვნებად აღვიქვათ, მივიღოთ და გავუგოთ – ბოლოს და ბოლოს, არცთუ დიდი ხნის წინ ჩვენც ხომ ახალგაზრდები ვიყავით.

რუბრიკას უძღვება ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე

გააზიარე: