როგორ ამოვიცნოთ ნამდვილი და ცრუ მეგობრები?
გააზიარე:
მეგობრობა ბავშვისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილების წყაროა. მეგობრების ყოლა მას ეხმარება, იყოს დამოუკიდებელი ოჯახის გარეთ და ისწავლოს ურთიერთპატივისცემაზე, სიყვარულსა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის დამყარება სხვა ადამიანებთან.
მეგობრების წრეში ბავშვი შესაძლოა წააწყდეს ღალატს, გულისტკენასა და უსამართლობას, მაგრამ სწორედ მათი გადალახვით მიხვდება, ვინ არის მისი ნამდვილი მეგობარი, ვინ იქნება მისი ერთგული სიცოცხლის ბოლომდე.
* ბავშვები ერთმანეთს უმეგობრდებიან, როდესაც აღმოაჩენენ, რომ საერთო ინტერესები აქვთ. შესაძლოა, მეზობლები იყვნენ ან მათი მშობლები მეგობრობდნენ, შედეგად ბავშვები ბევრ დროს ატარებდნენ ერთად და ეს მეგობრობაში გადაიზარდოს. ჯანსაღი მეგობრობისას ბავშვს თავისუფლად შეუძლია, იმეგობროს ადამიანებთან სამეგობრო წრის გარეთ და არ ეშინოდეს, რომ ამის გამო მეგობრები თავიანთი წრიდან ჩამოიშორებენ. არ არის აუცილებელი, მეგობრებმა ყველაფერი ერთად და ერთნაირად აკეთონ.
ჯანსაღი სამეგობრო წრისგან განსხვავდება დაჯგუფება, რომელსაც ბავშვები ქმნიან.
დაჯგუფებას უმეტესად ლიდერი მართავს. ის წყვეტს, ვინ იყოს ჯგუფის წევრი და ვინ – არა. დაჯგუფების წევრები თითქმის ყველაფერს ერთად და ერთნაირად აკეთებენ, მოსწონთ და სძულთ ერთი და იგივე ადამიანები და თუ ერთ-ერთმა წევრმა ჯგუფის გარეთ მეგობარი გაიჩინა, შესაძლოა, ეს დაცინვისა და ჯგუფიდან გაგდების საბაბადაც იქცეს.
რა არის დაჯგუფება
დაჯგუფების ლიდერი აწესებს, როგორ ეცვათ მის წევრებს, სად და როგორ გაატარონ დრო. დაჯგუფებაში მოქმედებს მკაფიოდ ჩამოყალიბებული წესები, რომლებსაც მისი წევრები უნდა დაემორჩილონ.
დაჯგუფების წევრ ბავშვებს ეშინიათ, რომ არასწორი ქცევის, რეპლიკის, ჩაცმასა თუ გართობაში ვერაყოლის გამო ჯგუფიდან გარიყავენ. ეს ძლიერი სტრესია მათი ფსიქიკისთვის. ლიდერმა ასეთი ბავშვი შესაძლოა დასაჯოს მისთვის მიუღებელი რამის დავალებით, მაგალითად, სხვა ბავშვის დაცინვა, აბუჩად აგდება აიძულოს. სამაგიეროდ, ამით ის დაჯგუფებიდან გაგდებას გადაურჩება.
ასეთ დაჯგუფებებში უმთავრესად თინეიჯერები და მათზე ერთი-ორი წლით უმცროსი ბავშვები არიან გაერთიანებულნი, მაგრამ ისინი გაცილებით პატარებსაც უქმნიან პრობლემებს. მაგალითად, შესაძლოა, ჯგუფმა მეოთხე- ან მეხუთეკლასელი ამოიჩემოს, გამუდმებით ჩაგრავდეს და აღიზიანებდეს.
რას ველოდეთ მისგან
თინეიჯერობის ასაკს მიღწეულ ბავშვებს საზოგადოებაში თავის დამკვიდრების მოთხოვნილება უჩნდებათ. ამ დროს მათთვის დამახასიათებელია დაბალი თვითშეფასება და სურვილი, სხვებმა მიიღონ და აღიარონ მათი პიროვნება. შესაბამისად, ისინი ისეთ ბავშვებთან ურთიერთობისკენ მიისწრაფვიან, რომლებიც პოპულარობით სარგებლობენ, ბევრი ფული აქვთ და ბევრი მეგობარი ჰყავთ.
დაჯგუფებები ვნებენ ბავშვის ფსიქიკას და ხელს უშლიან მას ნორმალური ურთიერთობების ჩამოყალიბებაში:
* იმისთვის, რომ ლიდერს ასიამოვნოს და დაჯგუფებიდან არ გააძევონ, ბავშვი საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ სჩადის თავისთვის მიუღებელ საქციელს;
* დაჯგუფება ხშირად ემსგავსება ასოციალურ ბანდას, რომელსაც არაჯანსაღი წესები აქვს, მაგალითად, სხვა ბავშვების დაცინვა შეზღუდული შესაძლებლობის, რასის, აღმსარებლობის ან გარეგნული ნაკლის გამო;
* როდესაც ბავშვს დაჯგუფებიდან აძევებენ, ის თავს გარიყულად და მარტოსულად გრძნობს და შესაძლოა დაიჯეროს, რომ მეგობარი აღარასოდეს ეყოლება.
მშობლის როლი
მშობელზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული, როგორ წარმართავს მისი შვილი თავის სოციალურ ცხოვრებას. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ბავშვთან გულახდილი საუბარი ყოველგვარი პრობლემის გადაჭრის საწინდარია. თუ ბავშვი ერთბაშად საკუთარ თავში ჩაიკეტა, ბევრ დროს ატარებს მარტო, აღარ ურთიერთობს იმ ბავშვებთან, რომლებთანაც ადრე მეგობრობდა, დროა, იმოქმედოთ:
* გაუზიარეთ საკუთარი გამოცდილება. დაჯგუფებები ახალი არ არის – ისინი დიდი ხანია არსებობს და ამა თუ იმ დოზით მათთან შეხება სკოლის პერიოდში ყველას გვქონია. მოუყევით შვილს საკუთარი გამოცდილების შესახებ, გაიხსენეთ შემთხვევები, რომლებიც, თქვენი აზრით, სხვა თვალით დაანახებს არსებულ ვითარებას.
თუ საკმარისი გამოცდილება გაქვთ, მოუყევით იმაზეც, რა მერყევია ურთიერთობები დაჯგუფების შიგნით, რომ მისი წევრები იზრდებიან და ხვდებიან ასეთი გაერთიანების აბსურდულობას, დაბოლოს, რაოდენ უმნიშვნელოა რეალურ ცხოვრებაში ყველაფერი ის, რაც ახლა ესოდენ მნიშვნელოვანი ეჩვენება.
* ესაუბრეთ საზოგადოებრივ პრობლემებზე. უთხარით, რომ ზოგჯერ არა მხოლოდ ბავშვები, არამედ დიდი ადამიანებიც დასცინიან ერთმანეთს ჩაცმულობის, გემოვნების, მატერიალური მდგომარეობის გამო და რომ ეს ყველაფერი მათსავე დაბალ თვითშეფასებასა და კომპლექსებზე მიუთითებს. აუხსენით, რომ სხვისი დაცინვით ადამიანს არაფერი ემატება, პირიქით, სხვების თვალში მისი სტატუსი ეცემა.
* უამბეთ ისტორიები, რომლებშიც საკუთარი მდგომარეობის ანარეკლს დაინახავს. უთხარით, რა ხშირად ეჯახებიან მათი ასაკის ბავშვები მსგავს პრობლემებს, რა მნიშვნელოვნად მიაჩნიათ ისინი და რამდენად უმნიშვნელოა სინამდვილეში. დაჯგუფებების შესახებ ბევრი კარგი წიგნი და ფილმი არსებობს, რომლებშიც შეულამაზებლადაა ასახული ამ პრობლემის ყველა მხარე. კარგი იქნება, თუ ბავშვს ასაკის მიხედვით შეურჩევთ ასეთ ფილმს და მასთან ერთად უყურებთ. არჩევანი დიდია: “Clique”, “Mean girls”, “Angus”, “The breakfast club”, “Clueless”. ამ ფილმებში სწორი კუთხითაა გაშუქებული პრობლემის არსი და ნაჩვენებია, რა დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის სოციალიზაციისთვის დამოუკიდებელ აზროვნებას, საკუთარი ინტერესების დაცვას და სხვების დახმარების სურვილს.
* დაეხმარეთ მეგობრების შეძენაში. კარგია, როცა ბავშვს დატვირთული სოციალური ცხოვრება აქვს. ხელი შეუწყვეთ, რომ ჰყავდეს მეგობრები სკოლის გარეთ. ატარეთ მისთვის საინტერესო წრეებზე, სადაც მსგავსი ინტერესების მქონე თავისი ასაკის ბავშვებს გაიცნობს და დაინახავს, რომ მართალია, სკოლა მნიშვნელოვანია, მაგრამ მის გარეთაც საინტერესოა ცხოვრება.
* მუდამ იყავით სკოლის ამბების საქმის კურსში. ესაუბრეთ დამრიგებელს, პედაგოგებს, გაარკვიეთ, რა ვითარებაა ამ მხრივ მათ სკოლასა თუ კლასში.
* აუხსენით ჯანსაღი მეგობრობის არსი
როგორ წავახალისოთ ბავშვები, ეძებონ ნამდვილი მეგობრობა და არ გაებან დაჯგუფების მახეში?
აი რამდენიმე რჩევა:
* სთხოვეთ ბავშვს დაფიქრდეს, რისი კეთება მოსწონს ყველაზე მეტად, რა აინტერესებს და რამდენად ემთხვევა მისი ინტერესები იმ დაჯგუფების ინტერესებს, რომლისკენაც ასე მიისწრაფვის; დაფიქრდეს, რა არის ნამდვილი მიზეზი იმისა, რომ ასე ძალიან უნდა ამ ჯგუფში ყოფნა; რისი დათმობა მოუწევს ამისთვის, ან უღირს კი? როგორ მოიქცევა, თუ ჯგუფის ლიდერი აიძულებს, სხვა ბავშვს ცუდად მოექცეს, დაამციროს? ეყოფა გამბედაობა და ნებისყოფა, უარი თქვას ისეთ რამეზე, რაც მის ზნეობრივ წარმოდგენებს ეწინააღმდეგება, მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის შესაძლოა ჯგუფიდან გარიყონ?
* ესაუბრეთ ინდივიდუალიზმის მნიშვნელობაზე. ეცადეთ აუხსნათ, რაოდენ მნიშვნელოვანია იმ საქმის პოვნა, რომელიც ნამდვილ სიამოვნებას განიჭებს და რომ არაფრით არ უნდა დათმოს, მაგალითად, პიანინოზე დაკვრა მხოლოდ იმის გამო, რომ იმ ჯგუფში, რომლის წევრიცაა, ეს სამარცხვინოდ მიიჩნევა. ასწავლეთ, ყოველთვის დაიცვას საკუთარი აზრი და ამით სხვა ბავშვებსაც მისცეს მაგალითი. უთხარით, რომ ნამდვილი მეგობრობისთვის ლიდერი არ არის საჭირო, რომ საერთო ინტერესები, სხვების დახმარების სურვილი და დროის ერთად გატარებით მიღებული სიამოვნება, თუნდაც სრულიად სხვადასხვანაირად ჩაცმულ, სხვადასხვა რელიგიისა და ეთნოსის ადამიანებს შორის, ქმნის ნამდვილ, ჯანსაღ სამეგობრო წრეს, სადაც ყველა თავისუფალია და საშუალება აქვს, თავისი ცხოვრებისეული გამოცდილება მისთვის ძვირფას ადამიანებს გაუზიაროს.
მნიშვნელოვანია, ბავშვს ფართოდ დაანახოთ სიტუაცია, რომელშიც აღმოჩნდა, აუხსნათ, რომ მართალია, ცხოვრებაში ყველას გვიწევს სხვისთვის ანგარიშის გაწევა და ზოგჯერ მისი აზრის გათვალისწინებაც, მაგრამ მეგობრობა არა მითითებების შესრულებას, არამედ ნდობას, ერთმანეთის აზრების პატივისცემას და ერთგულებას ემყარება, რომ არაფერი სჯობს მეგობრებთან გულახდილ საუბარს და მათთან ერთად სიცილს და რომ ეს სიცოცხლის ბოლომდე ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო საქმიანობა იქნება.
ლიკა ქათამაძე