ყველაფერი ლოგინობის ხანის შესახებ

გააზიარე:

ცხრათვიანი გამოცდა თქვენმა სხეულმა წარმატებით ჩააბარა და აი, სამშობიარო სახლიდან თბილი, მჩხავანა ფუთით ხელში ბრუნდებით შინ. ერთი შეხედვით, ყველა უსიამოვნება უკან დარჩა და ისღა დაგრჩენიათ, დედობის ბედნიერებით დატკბეთ, მაგრამ... რამდენიმე საათში რწმუნდებით, რომ იდილია მხოლოდ ოცნებაა. უსიამოვნო შეგრძნებების ჯარი, რომელმაც, გეგონათ, სამუდამოდ დაგანებათ თავი, არსად წასულა.

რას იზამთ, 40-კვირიანი ცვლილებების შემდეგ ადრინდელ კალაპოტში დასაბრუნებლად ქალის ორგანიზმს მხოლოდ 40 დღე აქვს. თანაფარდობით თუ ვიმსჯელებთ, შეუძლებელია, ამ ყველაფერმა უკვალოდ ჩაიაროს. ამ ვითარებაში თქვენი ერთადერთი იარაღი ცოდნაა – რაც უფრო მომზადებული შეხვდებით ლოგინობის ხანას, მით უფრო ადვილად გადაიტანთ მას.

ლოგინობის ხანის ნორმასა და პათოლოგიაზე, მოსალოდნელ სირთულეებსა და მათთან გამკლავების გზებზე მედიცინის დოქტორი, კლინიკა “ჰერა 2011-ის” სამედიცინო დირექტორი ნოდარ ზალდასტანიშვილი გვესაუბრა.

 

  • – რა პერიოდს მოიცავს ლოგინობის ხანა და რა ხდება ამ დროს ორგანიზმში?

– ლოგინობის ხანა მეტად მნიშვნელოვანი პერიოდია და მის ფიზიოლოგიურ მიმდინარეობაზე მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ქალის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. ლოგინობის ხანა იწყება მშობიარობის დასრულების (პლაცენტის გამოძევების) შემდეგ და 42 დღე გრძელდება.

ლოგინობის ხანის პათოლოგიის ამოსაცნობად, ბუნებრივია, კარგად უნდა ვიცნობდეთ მის ფიზიოლოგიას. ამ დროს ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური ცვლილებები ინფორმაციის ნაკლებობის გამო მელოგინემ შესაძლოა ნორმიდან გადახრად მიიჩნიოს, ამიტომ, ვფიქრობ, ჩვენი საუბრის თემა საკმაოდ აქტუალურია და ყურადსაღები უნდა იყოს ყველა ორსულისთვის.

 

უკან, მომავალში

– ორსულობისას ქალის ორგანიზმში მიმდინარეობს ფიზიოლოგიური ცვლილებების წყება, რომელსაც შეგუებითი ხასიათი აქვს. ეს იმისთვის ხდება, რომ ორსულობამ გაურთულებლად ჩაიაროს. ცვლილებები მოიცავს პრაქტიკულად ყველა სასიცოცხლო სისტემას – სასუნთქს, გულ-სისხლძარღვთას, საშარდეს, საჭმლის მომნელებელს, ნერვულს, ენდოკრინულს. აღარაფერს ვამბობ სასქესო სისტემაზე, რომელიც ცვლილებების ეპიცენტრია. ყველა ეს სისტემა მშობიარობის შემდეგ თავდაპირველ მდგომარეობას უნდა დაუბრუნდეს. სწორედ ეს უკუგანვითარების პროცესი მიმდინარეობს ლოგინობის ხანაში. ზოგჯერ – უფრო სწრაფად, ზოგჯერ – შედარებით ნელა, საშუალოდ კი, როგორც ითქვა, 42 დღე სჭირდება.

 

ნორმა თუ პათოლოგია

  • – რომელი ცვლილებები მიიჩნევა ლოგინობის ხანაში ნორმად?

– ლოგინობის ხანისთვის დამახასიათებელია:

* საშოდან სისხლიანი გამონადენი, რომელსაც მედიცინაში ლოქიებს ვუწოდებთ. გამონადენის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია. პირველი რამდენიმე დღე ის უხვია და ზოგჯერ მცირე ზომის კოლტებსაც შეიცავს. 3-4 დღის შემდეგ მოვარდისფრო ხდება, კიდევ რამდენიმე დღის შემდეგ – მოყავისფრო და ლორწოვან-სეროზული. გამონადენი უმეტესად სამ-ოთხ კვირაში გაივლის, თუმცა შესაძლოა ექვს კვირამდეც გაგრძელდეს. ეს არ არის საშიში; მთავარია, კლებადი ხასიათი ჰქონდეს. მელოგინეს ვურჩევთ, პერიოდულად დაწვეს მუცელზე. ამ დროს საშვილოსნო პოზიციას იცვლის და ღრუში ლოქიები აღარ გროვდება.

* ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში. ის საშვილოსნოს შეკუმშვით არის განპირობებული. ტკივილი განსაკუთრებით ძლიერდება ძუძუს წოვებისას. ამ დროს ქალის ორგანიზმში გამომუშავდება ჰორმონი ოქსიტოცინი, რომელიც საშვილოსნოს შეკუმშვას უწყობს ხელს. მნიშვნელოვანია, საშვილოსნო კარგად შეიკუმშოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მოიმატებს საშიში გართულების, სისხლდენის, რისკი. ასე რომ, ძუძუს წოვებას არა მხოლოდ ბავშვისთვის, არამედ დედისთვისაც უდიდესი სარგებლობა მოაქვს.

საშვილოსნოს შეკუმშვით გამოწვეული ტკივილი განსაკუთრებით ინტენსიურია მეორე და მომდევნო მშობიარობების შემდეგ. თუ ტკივილი მეტისმეტად ძლიერია, შეიძლება ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების გამოყენება.

აქვე უნდა ითქვას, რომ მუცლის ტკივილი ზოგჯერ პათოლოგიის ნიშანია, თუმცა ამ შემთხვევაში მას ერთვის სხვა სიმპტომებიც, რომელთა შესახებაც ქვემოთ მოგახსენებთ.

* ტკივილი შორისის არეში. მშობიარობის შემდეგ შორისი გადაჭიმული და შეშუპებულია. შესაძლოა, მშობიარობის დროს ის დაზიანდეს ან საჭირო გახდეს ეპიზიოტომიის ჩატარება (შორისის გაკვეთა). ესეც იწვევს ტკივილს, უსიამოვნო შეგრძნებას ჯდომისა თუ სიარულის დროს. არც ეს დისკომფორტი მიიჩნევა პათოლოგიად, თუმცაღა შემაწუხებელია. საბედნიეროდ, შესაძლებელია მისი მეტ-ნაკლებად შემსუბუქება. პირველ დღეებში რეკომენდებულია ყინულის პარკის დადება, მომდევნო დღეებში – თბილი აბაზანები. შეიძლება ტკივილგამაყუჩებელი მალამოის შეზელა, მტკივნეულ ადგილზე თხევადი ანესთეტიკის შესხურება. ნაკერების არსებობისას ერთი-ორი კვირის განმავლობაში იკრძალება ჯდომა.

* მტკივნეულობა მკერდის არეში. ეს სიმპტომი ლაქტაციასთან არის დაკავშირებული. მას ვერ გავექცევით. ამასთან, აუცილებელია ძუძუთი კვების წესების დაცვა, რათა მომავალში გართულებებისგან დაზღვეული ვიყოთ. ქალმა ზედმიწევნით უნდა იცოდეს როგორ კვებოს ახალშობილი, რა სიხშირით, რას ნიშნავს სწორი მოჭიდება. სარძევე ჯირკვალი კვების შემდეგ უნდა დაიცალოს. თუ მასში რძე დარჩა, გართულებაა მოსალოდნელი. არ შეიძლება სარძევე ჯირკვლის უხეშად დაზელა – მომავალში შესაძლოა ესეც შეგუბების და ინფიცირების მიზეზად იქცეს. რძისგან დაცლა ამცირებს სარძევე ჯირკვლის სისავსის შეგრძნებას და შესაბამისი რაოდენობის რძის გამომუშავებასაც ასტიმულირებს.

* დისკომფორტი მუცლის არეში. საჭმლის მომნელებელი სისტემა ლოგინობის ხანაში საკმაოდ მოუწესრიგებელია. განსაკუთრებით ხშირია ყაბზობა, რაც ნაწლავთა ატონიის – მათი კუნთების მოდუნების ბრალია. შესაძლოა, მდგომარეობა არასწორმა კვებამაც დაამძიმოს. აქვე უნდა ვახსენოთ ჰემოროიც – უკანა ტანის მიდამოს ვენების ვარიკოზული გაგანიერება, რომელიც მშობიარობის დროს ძლიერი ჭინთვების გამო ისედაც რთულდება, არასწორი კვების რეჟიმი და შეკრულობა კი მდგომარეობას უფრო მეტად ამძიმებს. ამ პრობლემების მთავარი გასაღები კვების მოწესრიგებაა. ქალმა უნდა მიიღოს უჯრედისით მდიდარი საკვები, ბევრი სითხე, განსაკუთრებით – წყალი, ერიდოს ცხარე, არაჯანსაღ პროდუქტებს – ეს არც მის ჯანმრთელობას წაადგება და არც ახალშობილისთვის იქნება სასარგებლო. ტკივილის შესამცირებლად შეიძლება ტკივილგამაყუჩებელი მალამოს ან აეროზოლის გამოყენება.

* შარდვის გაძნელება. შარდის ბუშტი საშვილოსნოს მეზობელი ორგანოა, ამიტომ მშობიარობის პერიოდში იჭიმება. მისი რეცეპტორები ღიზიანდება. ამან შესაძლოა გამოიწვიოს შარდის ბუშტის მგრძნობელობის დაქვეითება, შარდსადენის სპაზმი და პირველი მოშარდვის გაძნელება. შარდის ბუშტის სისავსე უარყოფითად მოქმედებს საშვილოსნოს შეკუმშვის უნარზე და თუ ის არ დაიცალა, შესაძლოა საშვილოსნოდან სისხლდენა დაიწყოს. შარდვის პრობლემებს ზოგჯერ ფსიქოგენური ხასიათი აქვს და შარდვის დროს შორისის ან საშოს არეში წვის შეგრძნების შიშით არის განპირობებული. არსებობს ე.წ. კეგელის ვარჯიშები, რომლებიც შორისის, მენჯის ფსკერის, შარდის ბუშტის არეში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და ჩამოთვლილ პრობლემებს აგვარებს. მელოგინეს ხშირად ვურჩევთ ამ ვარჯიშების შესრულებას.

* მცირე სისხლჩაქცევები სახესა და თვალის ლორწოვანზე. სისხლჩაქცევები მშობიარობის დროს, ჭინთვების შედეგად წარმოიშობა და საშიში არ არის. რამდენიმე დღეში ისინი თავისთავად გაივლის.

* ძლიერი ოფლიანობა. პირველ დღეებში ის განსაკუთრებით ინტენსიურია. ოფლიანობას ადაპტაციური ხასიათი აქვს და ქალის სხეულს ჭარბი სითხისგან გათავისუფლებაში ეხმარება.

როგორც ითქვა, აღნიშნული ცვლილებები პათოლოგიად არ მიიჩნევა. მართებული იქნება, თუ მათ ლოგინობის ხანის დისკომფორტს დავარქმევთ. მაგრამ მათი გახანგრძლივება ან მეტისმეტად ინტენსიური ხასიათი შესაძლოა პათოლოგიის დასაწყისზე მიუთითებდეს. ასეთ დროს, ბუნებრივია, ექიმის ჩარევაა საჭირო.

 

მელოგინე ლოგინში?

  • – უნდა დაიცვას თუ არა ქალმა ამ პერიოდში წოლითი რეჟიმი?

– ლოგინობის ხანაში საჭიროა დასვენებისა და ფიზიკური აქტიურობის ოპტიმალური შეხამება, ბალანსის დაცვა. დამეთანხმებით, რაც უნდა ადვილად ჩაიაროს მშობიარობამ, ქალისთვის ეს მაინც დიდი ფიზიკური და ემოციური სტრესია და დახარჯული ენერგიის აღსადგენად მას, ბუნებრივია, დასვენება სჭირდება. მაგრამ ეს არავითარ შემთვევაში არ გულისხმობს წოლით რეჟიმს. პირიქით, დადგენილია, რომ ფიზიოლოგიური მშობიარობისა თუ საკეისრო კვეთის შემდეგ ადრეული გააქტიურება არაერთი საშიში გართულებისგან გვაზღვევს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დატვირთვა ზომიერი უნდა იყოს! გადაძაბვა, გადაღლა, გამოუძინებლობა შესაძლოა თვითონვე იქცეს ლოგინობის ხანის გართულებათა მიზეზად. ერთ-ერთი ასეთი გართულებაა მშობიარობის შემდგომი სევდა. ის მელოგინეთა 60-70%-ს აღენიშნება. ან რა გასაკვირია – გადაღლა, ჰორმონული ცვლილებები, დედობის შიში, საკუთარ ძალებში დაურწმუნებლობა, ზემოთ ჩამოთვლილი დისკომოფორტი... საბედნიეროდ, მშობიარობის შემდგომი სევდა ადვილად იმართება – ოჯახის წევრების მხარდაჭერით, ქალისთვის დასვენების პირობების შექმნით. ყველაზე მნიშვნელოვანია, არ გამოგვეპაროს პროცესის გახანგრძლივება და ლოგინობის ხანის სევდა არ გადაიზარდოს ლოგინობის ხანის დეპრესიაში (ის ყოველ მეათე მელოგინესთან იჩენს თავს) ან კიდევ უფრო რთულ პრობლემაში – ლოგინობის ხანის ფსიქოზში. საბედნიეროდ, ეს უკანასკნელი საკმაოდ იშვიათია, თუმცა ძალზე საყურადღებო და პროფესიონალურად სამართავი. პრობლემის არსებობაზე მიუთითებს ცუდი გუნება-განწყობილების გახანგრძლივება, ძილის დარღვევა, აგზნებადობა, სევდიანობა, შვილის მიმართ ზედმეტი ყურადღება ან, პირიქით, გულგრილობა. ოჯახის წევრები ყურადღებით უნდა იყვნენ და ამ ნიშნების შემჩნევისას დაუყოვნებლივ მიმართონ სპეციალისტს.

 

სისხლიანი განსაცდელი

  • – კიდევ რა გართულებაა მოსალოდნელი ლოგინობის ხანაში და როგორ ხდება მისი მართვა?

– ლოგინობის ხანაში შესაძლოა არაერთმა გართულებამ იჩინოს თავი. მათ ჩამონათვალში პირველ ადგილს სისხლდენა იკავებს. ის სამშობიაროშიც შეიძლება განვითარდეს მშობიარობისთანავე და შინაც სამშობიაროდან დაბრუნების შემდეგ. სისხლდენა მელოგინეთა ავადობისა და სიკვდილის ხშირი მიზეზია. ის ოთხი ძირითადი მექანიზმით ვითარდება, რომლებსაც 4T-ს სახელწოდებით მოიხსენიებენ. ესენია: საშვილოსნოს ატონია (TONE), კოაგულოპათია, სისხლის შედედების პრობლემები (TROMBIN), საშვილოსნოს ყელის, საშოს ან საშვილოსნოს დაზიანება (TRAUMA) და მომყოლის ქსოვილის ჩარჩენა (TISSUE). ყველაზე ხშირად სისხლდენა ატონიის შედეგია.

  • – როდის არის მოსალოდნელი ეს გართულება?

– ძლიერი რისკის ფაქტორებად მიიჩნევა საკესირო კვეთა, დიდი ნაყოფი, მრავალნაყოფიანი ორსულობა, მრავალწყლიანობა, ანამნეზში სამი და მეტი მშობიარობა, საშვილოსნოს ფიბროიდული კვანძები, თუმცა სისხლდენისაგან არავინ არის დაზღვეული.

ბოლო დროს ეფექტური პერინატალური მოვლის მიზნით ხდება მომყოლის პერიოდის აქტიური მართვა ანუ ნაყოფის დაბადების შემდეგ პლაცენტის აქტიური მოცილება. ამ ტაქტიკამ საგრძნობლად შეამცირა საშვილოსნოს ღრუში ქსოვილის ჩარჩენის და შედეგად სისხლდენის სიხშირე.

  • – როგორ ამოვიცნოთ სისხლდენა?

– ცხადია, სამშობიაროში დაწყებულ სისხლდენას სამედიცინო პერსონალი ადვილად შეამჩნევს. სისხლდენად მიიჩნევა ბუნებრივი გზით მშობიარობის დროს 500 მლ-ზე მეტი ან საკეისრო კვეთის მსვლელობისას და მის შემდეგ 1000 მლ-ზე მეტი სისხლის დაკარგვა. განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ შინ დაბრუნებულს. 1 საათის განმავლობაში 3-4 საფენის გამოცვლის აუცილებლობა უკვე სისხლდენად ითვლება. ექიმთან ვიზიტის აუცილებლობაზე მიუთითებს სისხლიანი გამონადენის გაჩენა ლორწოვანის შემდეგ, გულისცემის აჩქარება, წნევის დაქვეითება, სისუსტე, გულის წასვლა...

 

მიკრობების შემოტევა

 

– ლოგინობის ხანის კიდევ ერთი გართულებაა ინფექცია. ის შესაძლოა ლოკალიზდეს საშივილოსნოში, საშოში, ჭრილობაში, სარძევე ჯირკვალში... კლინიკური ნიშნები სწორედ ინფექციის ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული. ყველაზე ხშირად ენდომეტრიტი – საშვილოსნოს ანთება გვხვდება. მისი მთავარი ნიშნებია ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, დაჭიმულობა, უსიამოვნო სუნის მქონე გამონადენი, საერთო სისუსტე, მაღალი ტემპერატურა, შემცივნება.

ინფექციის ალბათობა საგრძნობლად იმატებს:

*  გახანგრძლივებული მშობიარობის,

* ხანგრძლივი უწყლო პერიოდით მიმდინარე მშობიარობის;

* ქორიოამნიონიტით მიმდინარე მშობიარობის,

* სისხლის დიდი დანაკარგის დროს.

მნიშვნელობა აქვს მშობიარობის გზასაც: ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდეგ ინფექციური გართულების ალბათობა 3%-ზე ნაკლებია, საკეისრო კვეთის შემთხვევაში კი გაცილებით დიდი. ბოლო დროს საკეისრო კვეთის შემდეგ პროფილაქტიკური ანტიბიოტიკოთერაპიის ჩატარება დავიწყეთ. ეს საკმაოდ ეფექტური ნაბიჯი აღმოჩნდა – ინფექციური გართულებები 60%-ით შემცირდა. ანტიბიოტიკოთერაპიასთან ერთად, რა თქმა უნდა, აუცილებელია პირადი ჰიგიენის წესების დაცვაც.

 

საშიში თრომბი

– ლოგინობის ხანის კიდევ ერთი გართულებაა თრომბოფლებიტი ანუ ვენური თრომბოზი. მან შესაძლოა ძალზე სავალალო დასასრულამდე მიგვიყვანოს. ამ გართულების ალბათობაც საკეისრო კვეთის დროს უფრო მაღალია. თრომბოფლებიტს ახასიათებს ტკივილი მენჯის ღრუს არეში, ცხელება, საერთო სისუსტე, თავის ტკივილი.

როცა რისკი მაღალია, – ქრონიკული ვენური დაავადების შორს წასული ფორმის, ღრმა ვენების თრომბოფლებიტის, ვენური უკმარისობის, სისხლის შედედების სისტემაში არსებული დარღვევების დროს, – შესაძლოა საჭირო გახდეს ანტიკოაგულანტური თერაპიის გაგრძელება ლოგინობის ხანაშიც. ცხადია, სპეციალისტთან შეთანხმებით. თუმცა ის მხოლოდ მაღალი რისკის ჯგუფებთან ტარდება. ის კი, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს და შეასრულოს, გახლავთ ელასტიკური კომპრესია საკეისრო კვეთის წინ. პრობლემას ამცირებს ქალის ადრეული გააქტიურება, ბევრი სითხის მიღება.

 

სამახსოვრო

 

ექიმს უნდა მიმართოთ თუ:

* სისხლიანი გამონადენი გახანგრძლივდა ან ლორწოვანი გამონადენის ფონზე კვლავ იჩინა თავი ჭარბმა სისხლიანმა გამონადენმა;

* გამონადენს აქვს უსიამოვნო სუნი;

* გრძნობთ ძლიერ ტკივილს მუცლის ქვედა ნაწილში;

* მკერდის არეში გრძნობთ წვას, სიმხურვალეს, სიმაგრეს;

* გაწუხებთ ცხელება, საერთო სისუსტე, შემცივნება;

* დაგიქვეითდათ გუნება-განწყობილება.

დასასრულ, მელოგინეებს მინდა ვურჩიო: თვითნებურად არ მიიღონ არც ერთი მედიკამენტი, ყურადღება მიაქციონ პირად ჰიგიენას, დისკომფორტი არ მიიჩნიონ პათოლოგიად, არ გამოეპაროთ საგანგაშო ნიშნები და, რა თქმა უნდა, დატკბნენ ცხოვრების ყველაზე ბედნიერი ხანის დასაწყისით.

გვანცა გოგოლაძე

 

გააზიარე: