“უწყინარი” ცხოველები: ფარული მუქარა
გააზიარე:
ძაღლები, კატები, ზღვის გოჭები, კურდღლები ბევრს ოჯახის წევრებივით უყვარს. ძნელი დასაჯერებელია, რომ მათი არსებობა საფრთხეს უქადის ჩვენს ჯანმრთელობას. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ასეა. ეს უწყინარი ცხოველები უამრავი დაავადების გადამტანები არიან. ერთი მათგანია ბაქტერია კაპნოციტოფაგათი გამოწვეული ინფექცია.
რა არის
კაპნოციტოფაგა კანიმორსუსი (capnocytophaga canimorsus) ნელა მზარდი კომენსალი მიკროორგანიზმია (კომენსალები ცოცხლობენ იმ ორგანიზმის ხარჯზე, რომელშიც ბინადრობენ, თუმცა მას არაფერს ვნებენ და არც სარგებელი მოაქვთ). მისი სახელწოდება კარგად გამოხატავს ამ ბაქტერიის ბუნებას: “კაპნო” ნახშირორჟანგს ნიშნავს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სწორედ ამ აირით მდიდარი გარემოა ხელსაყრელი მიკროორგანიზმის ზრდისა და გამრავლებისთვის, “ციტოფაგა” მის მოქნილ მოძრაობას აღწერს, “კანიმორსუს” კი “ძაღლის ნაკბენს” ნიშნავს.
ძაღლებისა და კატების პირის ღრუში კაპნოციტოფაგას უამრავი სახეობა ბინადრობს, მაგრამ მასპინძელს არავითარ ზიანს არ აყენებს – ბაქტერია ამ ცხოველების პირის ღრუს ნორმალური ფლორის შემადგენელი ნაწილია.
გადაცემის გზები
ბაქტერია ადამიანის ორგანიზმში ძაღლის ან კატის ნაკბენიდან ან ნაკაწრიდან ხვდება. ინფექციის გამავრცელებლები უმეტესად ძაღლები არიან – პირის ღრუში ბაქტერია მათ 74 პროცენტს აღმოუჩინეს, მაშინ როდესაც კატების მხოლოდ 57 პროცენტია capnocytophaga canimorsus -ის მატარებელი.
კაპნოციტოფაგას ზოგიერთი სახეობა ადამიანის პირის ღრუშიც გვხვდება და ზოგჯერ ენდოგენურ ინფექციას იწვევს.
მისი საინკუბაციო პერიოდი 2-3 დღიდან 4 კვირამდეა.
გავრცელება
ინფექცია მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად ძაღლის დაკბენილი მილიონამდე ინფიცირებული აღირიცხება. მათი 60%-ზე მეტი 40 წელს გადაცილებულია.
რას იწვევს
ინფექცია უმეტესად პირისა და ყელის ახლომდებარე ქსოვილებში ვრცელდება და შესაძლოა ჩამოყალიბდეს:
* ღრძილების დაავადებად;
* სასუნთქი სისტემის ინფექციურ დაავადებად;
* თვალის ინფექციურ დაავადებად.
ბაქტერია შესაძლოა მოხვდეს სისხლში, რის შედეგადაც ინფექცია მთელ სხეულში მოითესება. ამ დროს მოსალოდნელია:
* სეპტიცემია (სისხლის ინფიცირება);
* ენდოკარდიტი (გულის შიგნითა კედლის ამომფენი ქსოვილის ანთება);
* აბსცესები სხვადასხვა ქსოვილში.
ვის ემუქრება
კაპნოციტოფაგა შესაძლოა ნებისმიერი ჩვენგანის სხეულში შეიჭრას, მაგრამ ჯანმრთელ ადამიანს ავად გახდომა ნაკლებად ემუქრება – ინფექცია უმთავრესად სუსტი იმუნური სისტემის პირობებში იკიდებს ფეხს. რისკის ჯგუფებს მიაკუთვნებენ დიაბეტით, სიმსივნით, შიდსით დაავადებულებს. ინფექციისთვის ხელსაყრელი ნიადაგია ავტოიმუნური დაავადება, გლუკოკორტიკოიდებით მკურნალობა და ქიმიოთერაპიაც, ვინაიდან ამ დროს იმუნური სისტემა დათრგუნულია. რისკი არსებობს ასევე სპლენექტომიის (ელენთის ამოკვეთის) შემდეგ, რადგან ელენთა იმუნური სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტია. მძლავრი რისკფაქტორებია მწეველობა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებაც. განსაკუთრებული საფრთხე ემუქრებათ ადამიანებს, რომლებიც ბევრ დროს ატარებენ ძაღლებსა და კატებთან ერთად – არიან შინაური ცხოველების პატრონები, ვეტერინარები, სელექციონერები...
ბაქტერიით ინფიცირება ძალიან საშიშია ორსულობის დროს: ინფექციას შეუძლია, ქორიოამნიონიტი (სანაყოფე გარსების ანთება) და ახალშობილის სეფსისი გამოიწვიოს.
როგორ ვლინდება
* კაპრნოციტოფაგათი ინფიცირებისას თავდაპირველად შესაძლოა განვითარდეს მსუბუქი ადგილობრივი ინფექცია, რომელიც სწრაფად გადაიზრდება სისტემურში და სეფსისამდე, ორგანოთა უკმარისობამდე, მენინგიტამდე და DIC (დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედების) სინდრომამდე მიგვიყვანს. სიმპტომები კი ასეთია:
* სითხის შემცველი ბუშტუკების გაჩენა ნაკბენის გარშემო კბენიდან რამდენიმე საათში;
* სიწითლე, შეშუპება, ჩირქდენა ან ჭრილობის ტკივილი;
* დიარეა ან მუცლის ტკივილი;
* ღებინება;
* თავის ტკივილი, დაბნეულობა;
* კუნთებისა და სახსრების ტკივილი;
* მოთენთილობა;
* ცხელება.
მკურნალობა
მკურნალობა გულისხმობს ნაკბენის დაუყოვნებლივ დამუშავებას, გასუფთავებას და გამორეცხვას ფიზიოლოგიური ხსნარით. ამის შემდეგ ინიშნება ანტიბიოტიკები. ბაქტერია გაძლიერებულად გამოყოფს ცილა ბეტა ლაქტამაზას, რაც მას ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტენტულს ხდის, ამიტომ სამკურნალოდ იყენებენ მის ინჰიბიტორებს – ამპიცილინს და სულბაქტამს. არჩევის პრეპარატია პენიცილინ-G. კაპნოციტოფაგა მეტად მგრძნობიარეა ამპიცილინის, მესამე თაობის ცეფალოსპორინების, ტეტრაციკლინის, კლინდამიცინისა და ქლორამფენიკოლის მიმართ. მკურნალობა, სულ მცირე, სამი კვირა გრძელდება.
ინფექციის რთული ფორმისას საჭიროა ავადმყოფის ჰოსპიტალიზაცია. სეპტიცემიის შემთხვევაში ინიშნება პენიცილინი დიდი დოზებით. DIC-სინდრომის კონტროლისთვის იყენებენ პლაზმაფერეზს (სისხლის გაწმენდას ტოქსინებისა და მავნე ნივთიერებებისგან).
გართულებები
კაპნოციტოფაგათი ინფიცირებამ შესაძლოა გამოიწვიოს საკმაოდ მძიმე გართულებები, მათ შორის:
* გულის შეტევა;
* ენდოკარდიტი;
* ცელულიტი;
* ოსტეომიელიტი;
* სეპტიკური ართრიტი;
* თირკმლის უკმარისობა;
* განგრენა.
პროგნოზი
დაავადების პროგნოზი მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული სწრაფ დიაგნოსტიკაზე. დროული და შესაბამისი მკურნალობა ზრდის გამოჯანმრთელების შანსს. რთული ფორმის შანსი ნაკლებია. რთული ფორმის დაავადებული ყოველი 10 ადამიანიდან დაახლოებით სამი კვდება.
ზოგიერთ შემთხვევაში ინფექცია ძალიან სწრაფად ვრცელდება და იწვევს სეფსისის ფულმინანტურ (ელვისებურ) ფორმას, რომელიც უმეტესად სიმპტომების გამოვლენიდან 24-72 საათში ლეტალურად სრულდება. ელენთაამოკვეთილ პაციენტებთან ლეტალური შედეგის ალბათობა 30-60-ჯერ მეტია, სწრაფად ვითარდება ორგანოთა უკმარისობა და დაავადების გამოვლენიდან 24-72 საათში ავადმყოფი კვდება.
პრევენცია
დაავადების თავიდან ასაცილებლად მოერიდეთ ძაღლებსა და კატებთან ახლო კონტაქტს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ცხოველი აგრესიულად იქცევა. შორს დაიჭირეთ თავი მათგან, თუ დასუსტებული გაქვთ იმუნური სისტემა, იღებთ იმუნოსუპრესანტებს ან იტარებთ ქიმიოთერაპიულ მკურნალობას. თუ ნაკბენს ან ნაკაწრს მაინც ვერ გადაურჩით, ჭრილობა მაშინვე მოიბანეთ წყლითა და საპნით, მერე კი მიმართეთ ექიმს, თუნდაც თავს კარგად გრძნობდეთ, რადგან ძაღლისა და კატის ნაკბენიდან და ნაკაწრიდან, გარდა კაპნოციტოფაგასი, სხეულში ცოფის გამომწვევიც შეიძლება შეიჭრას.
თუ კბენიდან/დაკაწვრიდან 14 დღის განმავლობაში ზემოთ აღწერილი სიმპტომები გამოგაჩნდათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და მომხდარის შესახებ აცნობეთ.
უსაფრთხო თანაცხოვრება
კვლევები მოწმობს, რომ შინაურ ცხოველთან ურთიერთობა დადებითად მოქმედებს ადამიანზე: ამშვიდებს, ამცირებს სტრესს, არეგულირებს სისხლის წნევას, სისხლში ქოლესტეროლისა და ტრიგლიცერიდების დონეს, აქარვებს მარტოსულობის განცდას, ზრდის სოციალიზაციის შესაძლებლობას.
და მაინც, ოთხფეხა მეგობარს თავისდა უნებურად შეუძლია გვავნოს – არაერთი დაავადება ადამიანს სწორედ შინაური ცხოველებისგან გადაედება და ხშირად სიცოცხლისთვის საშიშ გართულებებსაც კი იწვევს.
თავის დაზღვევა ძნელია, რადგან ადამიანისთვის პათოგენური მიკროორგანიზმების მატარებელი ცხოველები ხშირად სავსებით ჯანმრთელად გამოიყურებიან.
უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად გახსოვდეთ რამდენიმე რჩევა:
* სწორად შეარჩიეთ ცხოველი. თუ სახლში გყავთ 5 წლამდე ასაკის ბავშვი, 65 წელს გადაცილებული მოხუცი ან სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანი, ქვეწარმავლების, ამფიბიების, მღრღნელების მოშინაურებას არ გირჩევთ, რადგან ასეთ ადამიანებს მათგან ძალიან ადვილად გადაედებათ ინფექცია. არასასურველია მღრღნელებსა და კატებთან ახლო კონტაქტი ორსულობისას, რადგან მათ შეუძლიათ ისეთი დაავადებების გამოწვევა, რომლებიც ნაყოფზე ტერატოგენურ ეფექტებს ახდენს.
* იზრუნეთ ცხოველის ჯანმრთელობაზე. მისი ჯანმრთელობა თქვენი ჯანმრთელობის საწინდარიცაა. დარწმუნდით, რომ ცხოველი კარგად იკვებება, სვამს სუფთა წყალს და უზრუნველყოფილია თავშესაფრით. რეგულარულად ატარეთ ვეტერინართან და ჩაუტარეთ ყველა აცრა. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ოთხფეხა მეგობარი ავადაა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ვეტერინარს.
* დაიცავით ჰიგიენის ნორმები. ყოველთვის დაიბანეთ ხელები ცხოველთან თამაშის, მისი გამოკვების ან დაბანის შემდეგ. ინფიცირება უშუალო კონტაქტის გარეშეც შესაძლებელია, რადგან ცხოველებმა ბაქტერიები შესაძლოა სახლშიც გაავრცელონ. მოარიდეთ ისინი იმ არეს, სადაც ამზადებთ და მიირთმევთ საკვებს. რეგულარულად გაწმინდეთ მათი ფეკალიებისგან ეზო და საზოგადოებრივი ადგილები.
* ყურადღებით იყავით ბავშვების ცხოველებთან კონტაქტის დროს. ბავშვები, განსაკუთრებით – 5 წლამდე, ზოონოზური დაავადებების მაღალი რისკის ჯგუფში შედიან, რადგან ბაქტერიებით დაბინძურებულ იატაკზე დახოხავენ, ხელებს არ იბანენ და თითქმის ყველა ნივთი პირისკენ მიაქვთ. კბენის ან დაკაწვრის ალბათობაც უფრო მეტია, რადგან თამაშის დროს პატარები ზღვარს ვერ ამჩნევენ და თავისდა უნებურად ტკივილს აყენებენ ცხოველებს. ასე რომ, თვალი ადევნეთ ძაღლსა თუ კატასთან თამაშის დროს, არ მისცეთ მათი ჩახუტების და კოცნის უფლება, თამაშის შემდეგ კი კარგად დაბანეთ ხელები.
მარიამ ჯანიაშვილი