როგორ დავძლიოთ ქორწინების კრიზისული პერიოდები?
გააზიარე:
“მათ იქორწინეს და დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდნენ”, – ასე მთავრდება ბევრი ზღაპარი, თითქოს მთავარი ქორწინებამდე გასავლელი გზაა, დანარჩენი კი თავისით დალაგდება.
მიუხედავად ბავშვობაში გაჩენილი მოლოდინებისა, ყველაზე ძლიერი ოჯახიც კი გაივლის კრიტიკულ პერიოდებს, როდესაც ხშირდება უთანხმოებები, რთულდება ყოველდღიური თანაცხოვრება. თუმცა ეს პერიოდები კანონზომიერი და მოსალოდნელია და მათთან გამკლავებაც შესაძლებელია.
რასაკვირველია, ყოველი ოჯახი სხვადასხვანაირია და გამოწვევებიც სხვადასხვანაირი აქვთ. ზოგისთვის მთავარი პრობლემა ღირებულებათა სხვადასხვაობაა, ზოგისთვის – ფინანსების უკმარისობა, ზოგისთვის – პიროვნული კრიზისი, ზოგისთვის კი – რუტინული ყოველდღიურობა. ქვემოთ მოყვანილ ყალიბსაც ყველა ოჯახი სხვადასხვანაირად მიჰყვება – ყველა საფეხურის გავლა აუცილებელ პირობას არ წარმოადგენს. აღწერილი კრიზისული პერიოდები სტატისტიკურად ყველაზე ხშირად გვხვდება და ამიტომაც იქცევს ოჯახთან მომუშავე სპეციალისტების ყურადღებას.
6 თვე – 1 წელი
კრიზისი
ეს პირველი დიდი ოჯახური კრიზისია. შეყვარებულობის, ერთად ცხოვრების ხიბლი ქრება და მეუღლეები ერთმანეთის რეალურ გაცნობას იწყებენ, ამჩნევენ უარყოფით მხარეებს, უსიამოვნო ჩვევებს. ხშირად აღმოჩნდება, რომ წყვილს აქამდე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ფინანსების მართვა, ბავშვების აღზრდა, ნათესავებთან ურთიერთობის ფორმები, თავისუფალი დროის გატარება... შესაბამისად, ცოლ-ქმარი ხშირად ჩხუბობს, განიცდის იმედგაცრუებას, ნანობს შეუღლებას.
გამოსავალი
ეს ოჯახის პირველი გამოცდაა. ამ დროს აუცილებელია, მეუღლეებმა გულახდილად ისაუბრონ საკუთარ ღირებულებებზე, წრფელად გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები. ისინი მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ ბევრ რამეში მათი აზრები არ დაემთხვევა, თუმცა გულახდილი საუბრის შემდეგ უნდა მოხერხდეს კომპრომისი. ძალიან მნიშვნელოვანია, თანაცხოვრების დროს წამოჭრილი გამოწვევები არ დავმალოთ და მათზე დროულად ვიმსჯელოთ.
გულახდილი საუბარი ამ პერიოდის გადალახვის საუკეთესო გზაა. რასაკვირველია, ის ვერ გააბათილებს რისკს, რომ მეუღლეების შეხედულებები ერთმანეთს არ დაემთხვევა და ვერც იმის გარანტიას მოგვცემს, რომ მოლაპარაკე მხარეები დათმობენ, მაგრამ მცდელობის გარეშე პრობლემის მოგვარება შეუძლებელია.
3-5 წელი
კრიზისი
ამ პერიოდში მეუღლეები ერთმანეთს ეჩვევიან. ეიფორია და ვნება იკლებს, მაგრამ იმატებს კომფორტისა და დაცულობის შეგრძნება. ბევრი წყვილი ზუსტად ამ პერიოდში წყვეტს სიყვარულზე საუბარს. საწოლ ოთახში პრიორიტეტული ხდება ძილი, ხოლო რომანტიკული ჟესტები იშვიათდება. ამას ემატება ოჯახური პასუხისმგებლობა, რომლის უდიდესი წილი ბავშვის მოვლაზე მოდის. ეს უკანასკნელი მთლიანად ცვლის ოჯახურ დინამიკას და მშობლებისგან, განსაკუთრებით – პირველ ხანებში, უდიდეს ენერგიას მოითხოვს. ცოლ-ქმარს აღარც დრო რჩება და აღარც ძალა რომანტიკული ჟესტებისა და მხოლოდ წყვილისთვის განკუთვნილი აქტივობებისთვის.
გამოსავალი
ამ დროისთვის მეუღლეები უკეთ არიან შეწყობილები, იცნობენ ერთმანეთის ძლიერ მხარეებს და ერთმანეთზე დაყრდნობა შეუძლიათ. მათ უნდა გაიაზრონ, რომ კრიზისი დროებითია, რომ ყველა წყვილი გაივლის ამ სტადიას, თუმცა კრიტიკული პერიოდი თავისით არ დამთავრდება – მეუღლეებმა ამისთვის ცნობიერად უნდა დახარჯონ ძალისხმევა, ეცადონ გამონახონ დრო მარტო დასარჩენად, აღადგინონ “წყვილური” ტრადიციები, რომლებიც ადრე მოსწონდათ, ახლა კი უმნიშვნელოდ მიაჩნიათ. ახალი პასუხისმგებლობების ფონზე ასეთი დროსტარება და ამისთვის ძალისხმევის ხარჯვა შესაძლოა მეორეხარისხოვანი გამოჩნდეს, მაგრამ აუცილებელია. ეს მეუღლეთა დაახლოებას შეუწყობს ხელს.
5-7 წელი
კრიზისი
ეს ოჯახური თანაცხოვრების ყველაზე კრიტიკულ პერიოდად მიიჩნევა. ამ დროისთვის თითქოს ყველაფერი აწყობილია, ყოველდღიურობა “ავტოპილოტზე” მიმდინარეობს, ბავშვის მოვლა აღარ არის უწინდებურად დამქანცველი, ჩნდება მეტი თავისუფალი დრო – ერთი შეხედვით, ცხოვრება მარტივდება. თუმცა მეუღლეები უკვე ისე კარგად იცნობენ ერთმანეთს, რომ ინტერესს კარგავენ. სტაბილურობა ერთფეროვნებად იქცევა. სწორედ ამ პერიოდში შეინიშნება ყველაზე დიდი გაცივება, დაშორება და უმეტესად – განქორწინებაც.
გამოსავალი
ამ პერიოდის გადასალახავად აუცილებელია გულახდილი კომუნიკაცია. როგორც კი პრობლემას შევამჩნევთ, მაშინვე უნდა განვიხილოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში იმდენი გამოწვევა დაგროვდება, რომ წყვილი შეთანხმებას ვეღარ შეძლებს. ამ დროს კარგია მომავალზე საუბარი, ოჯახურ ცხოვრებაში რეორიენტაცია – დაოჯახების შემდეგ საკმაო ხანი გავიდა, შეიცვალა ფინანსური მდგომარეობა, შესაძლოა, მოხდა ცვლილებები ოჯახის შემადგენლობაშიც – ვიღაცა დაიბადა, ვიღაცა გარდაიცვალა. სახლიც კი, რომელშიც ოჯახი ცხოვრობს, შეიცვალა, რაღაცეები გაცვდა, გაფუჭდა, მოძველდა. ამიტომ მეუღლეებმა უნდა გადახედონ ერთად განვლილ წლებს, გადააფასონ არსებული მდგომარეობა და მომავლის ახალი მიზნები დაისახონ, რომლებსაც ერთად განახორციელებენ.
10-15 წელი
კრიზისი
აშშ-ში გამოკითხული ქალების უმეტესობამ ქორწინების მე-11 წელი ყველაზე რთულ პერიოდად დაასახელა. სტატისტიკური მონაცემებით, ევროპაში ქორწინებათა უმეტესობა 11 წელს გრძელდება. შესაბამისად, ეს ძალიან საშიში კრიზისია. ამ დროს მეუღლეებს უჭირთ ყოველდღიური პასუხისმგებლობებისთვის თავის გართმევა, რადგან წინ წამოიწევს მათი პირადი ინტერესი და თვითძიების პროცესი. ბავშვების მოვლა, მუშაობა, საკუთარი ინტერესებისთვის დროის გამონახვა – ეს ყველაფერი ჩვეული და ამავე დროს ძალიან რთული ხდება. მეუღლე პარტნიორი და პასუხისმგებლობების გამზიარებელია, მაგრამ კარგავს მიმზიდველობას და ურთიერთობაში შესაძლოა ბოლომდე გაქრეს ვნება.
გამოსავალი
ყველაზე მართებული რჩევაა, არ შეგეშინდეთ. ეს კრიტიკული პერიოდი ბუნებრივია. თუ ოჯახი მას გადალახავს, გაცილებით ძლიერი გახდება და ეს ძლიერება წლების განმავლობაში გაჰყვება. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც ყველაზე მართებულია ოჯახის თერაპევტის დახმარება, რათა წყვილმა ხელახლა ისწავლოს კომუნიკაცია, გადახედოს არსებულ ოჯახურ როლებს, დეტალურად განიხილოს ის ყოველდღიური პატარ-პატარა უსიამოვნებები, რომლებიც მეუღლეებს საკუთარ თავში ჩაკეტვას აიძულებს. გულახდილ, კომპრომისზე ორიენტირებულ კომუნიკაციას მოჰყვება დაახლოებაც, თუმცა ეს გრძელი და რთული პროცესია.
20-30 წელი
კრიზისი
ქორწინების ეს კრიზისი ორივე მეუღლის პირადი გამოწვევების შედეგად დგება. ბავშვები იზრდებიან და მშობლების მხრადაჭერა აღარ სჭირდებათ. მეუღლეები მარტო რჩებიან, როგორც ქორწინების პირველ წელს, თუმცა ამ დროისთვის ისინი უკვე გადაეჩვივნენ წყვილად ყოფნას. შესაძლოა, რომელიმე მათთაგანს ე.წ. შუახნის კრიზისიც ჰქონდეს, რაც მათ უფრო მეტად აშორებს.
გამოსავალი
საუკეთესო გამოსავალი საერთო ინტერესების გამოძებნა, ერთმანეთის თავიდან გაცნობა, მოგზაურობა, წყვილური ურთიერთობის აღდგენაა. ეს ოჯახური ცხოვრების ბოლო კრიტიკული პერიოდია – მისი დაძლევის შემდეგ განქორწინება ძალიან იშვიათია. ამ დროს მეუღლეები წლობით დაგროვებულ გამოცდილებას უნდა დაეყრდნონ, გააძლიერონ ერთმანეთი, თავიდან აღმოაჩინონ პარტნიორი. ოცი წლის განმავლობაში წყვილს ბევრი საერთო უგროვდება და ამ საერთოს გახსენება და გაზიარება ბევრ გამოწვევასთან გამკლავებას აადვილებს.
ზემოთ აღწერილი პერიოდები, რა თქმა უნდა, პირობითია – მათ ყველა სხვადასხვანაირად გაივლის, თუმცა ბევრს ამშვიდებს ის ფაქტი, რომ მათი ოჯახი გამონაკლისი არ არის, რომ პრობლემები სხვებსაც აქვთ. თუ მეუღლეები მორიგი კრიზისის გადალახვას შეძლებენ, მათი კავშირი უფრო მეტად განმტკიცდება. გამოსავალი თითქმის ყოველთვის გულახდილი კომუნიკაციაა, თუმცა ის გამოსავლის ძიებას გულისხმობს და არა პრობლემების ერთმანეთისთვის დაბრალებას. ასეთ კომუნიკაციას მიზნად ოჯახის შენარჩუნება უდევს. ის ემპათიას, გაგებას, პატიებასა და კომპრომისს მოიაზრებს.
რუბრიკას უძღვება ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე