რა შეუძლია სოკოს?

გააზიარე:

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერიტეტის ცენტრალური კლინიკის ამბულატორიის ექიმ გასტროენტეროლოგ ხუტა პაჭკორიას მრავალ საინტერესო შემთხვევასთან ჰქონია საქმე. ამჯერად ის ერთი პაციენტის ისტორიას მოგვითხრობს, რომელსაც 17 წლის განმავლობაში მცდარი დიაგნოზით მკურნალობდნენ.

– 1988 წელს თბილისის ცენტრალური რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს გასტროენტეროლოგიურ განყოფილებაში 52 წლის ქალი შემოვიდა, რომელიც ყაბზობას უჩიოდა. პაციენტს ძალიან საინტერესო ავადმყოფობის ისტორია ჰქონდა: აღმოჩნდა, რომ, 1971 წლიდან მოყოლებული, რამდენიმეჯერ წოლილიყო ჩვენი საავადმყოფოს ზოგადთერაპიულ და გასტროენტეროლოგიურ განყოფილებებში. თავდაპირველად ტუბერკულოზური მეზადენიტის დიაგნოზი დაუსვეს და ანტიტუბერკულოზური პრეპარატებით უმკურნალეს. პაციენტი ტუბერკულოზისგან განიკურნა, მაგრამ მკურნალობამ სხვა დარღვევები გამოიწვია: სტომატიტი, დისპეფსიური მოვლენები, წვა შარდვის დროს... გამოკვლევებმა ორგანიზმის თითქმის ყველა გამონაყოფში: ნერწყვში, კუჭის წვენში, ნაღველში, შარდში, განავალში, – სოკო კანდიდას სიჭარბე გამოავლინა. ასეთი გართულება ტიპობრივია ანტიბიტიკოთერაპიის შემდეგ.

სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებით – ლევორინითა და ნისტატინით მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო. ქალს მდგომარეობა თანდათან დაუმძიმდა – მენსტრუალური ციკლი აერია, თმა და წარბები გასცვივდა, თვალები შეუსივდა, სახე ცვილისებური, უმოძრაო გაუხდა, გაუჭირდა მეტყველება, ერთბაშად მოტყდა, მობერდა, მოიბუზა, მცივანა გახდა...

 

ხანგრძლივი განსაცდელი

– ასე გაგრძელდა ჩვიდმეტი წელი. დასასრულ, ამ ყველაფერს დაერთო დიარეა, ცხელება, წნევის დაქვეითება, სიგამხდრე, სისხლნაკლებობა, ქვედა კიდურების შეშუპება.

ექიმებმა ინტესტინური ლიპოდისტროფია, იგივე უიპლის დაავადება ივარაუდეს. ანტიბიტიკოთერაპიამ მდგომარეობა თითქოს გამოაკეთა, ცხელება და დიარეა შეწყდა, ქვედა კიდურების შეშუპებამ იკლო, მოიმატა წონამ, სისხლში ერითროციტების შემცველობამ, მაგრამ სახის მიქსედემისებური შეშუპება, შენელებული მეტყველება, დაქვეითებული სისხლის წნევა, გაიშვიათებული გულისცემა, კანის პიგმენტაცია უცვლელი დარჩა.

ამ მდგომარეობაში იყო პაციენტი, როცა ჩემთან მოხვდა. შეკრულობა, რა თქმა უნდა, არ ყოფილა მისი მთავარი პრობლემა. ისე მობერებულიყო, მეუღლის გვერდით დედამისი გეგონებოდათ. ვივარაუდე, რომ ენდოკრინული ჯირკვლების მრავლობით ჰიპოფუნქციასთან გვქონდა საქმე. ჰორმონების გამოკვლევა მაშინ ასე მარტივად არ ხდებოდა. ვიცოდი, რკინიგზის კლინიკურ საავადმყოფოში რადიოიმუნოლოგიურ ცენტრს რამაზ ყურაშვილი ხელმძღვანელობდა. სწორედ მას მივმართეთ დახმარებისთვის და პაციენტის სისხლში ჰორმონების კონცენტრაცია გამოვიკვლიეთ. ჩემი ვარაუდი გამართლდა: შემცირებული აღმოჩნდა როგორც ჰიპოფიზის, ისე პერიფერიული ჰორმონების დონე. ამის საფუძველზე ჰიპოპიტუიტარიზმის დიაგნოზი დავსვით.

 

ჰორმონული უკმარისობა

–ჰიპოპიტუიტარიზმი მდგომარეობაა, როდესაც ჰიპოფიზი, თავის ტვინში მდებარე ენდოკრინული ჯირკვალი, ნორმალური რაოდენობის ჰორმონებს ვერ წარმოქმნის. თუ გავიხსენებთ, რომ ჰიპოფიზი თითქმის ყველა ენდოკრინული ჯირკვლის მუშაობას არეგულირებს, მივხვდებით, რატომ ახდენს გავლენას მისი ფუნქციის დაქვეითება სისხლის წნევაზე, მენსტრუალურ ციკლზე, ზრდაზე, ნივთიერებათა ცვლაზე...

ჰიპოპიტუიტარიზმის მიზეზად შეიძლება იქცეს თავის ტვინზე გადატანილი ოპერაცია, სიმსივნე, ტრავმა, ინფქციური ან ანთებითი პროცესი, ინსულტი, რადიაციული თერაპია... ზოგჯერ დაავადების მექანიზმს რთავს მშობიარობის დროს ძლიერი სისხლდენა, რომელიც ჰიპოფიზის ქსოვილის კვდომას იწვევს. ამ მდგომარეობას შიჰენის სინდრომს უწოდებენ. სხვათა შორის, ასეთი პაციენტებიც გვყოლია.

 

კეთილი დასასრული

– ამ ქალბატონთან ჰიპოპიტუიტარიზმი სოკოვანმა ინფექციამ გამოიწვია. ეს შემთხვევაც სწორედ ამით იყო განსაკუთრებული. იმხანად ძალიან პოპულარული გახლდათ “ჰარისონის შინაგანი მედიცინის პრინციპები” – წიგნი, რომელიც პირველად 1950 წელს გამოიცა. საინტერესოა, რომ 1980 წლის რედაქციაში ჰიპოპიტუიტარიზმი კანდიდოზთან არ არის დაკავშირებული, 1989 წლის გამოცემაში კი უკვე კანდიდოზის გართულებათა ჩამონათვალშია.

ჩვენს პაციენტს, რაკი ნისტატინმა და ლევორინმა არ უშველა, ღორის ჰიპოფიზის წინა წილის მშრალი ექსტრაქტი – პრეფიზონი მივეცით. ოთხიოდე კვირაში დადებითი ცვლილებები აშკარა გახდა: შემცირდა თვალბუდის შესივება, თმის ცვენა, ქალს სახეზე ვარდისფერი დაედო, მეტყველება გაუმჯობესდა, წნევამ მოიმატა... რაც მთავარია, ცხვირ-ხახაში, სისხლსა და განავალში კანდიდა გაქრა.

პრეფიზონით მკურნალობა გაგრძელდა. პაციენტს კიდევ 5-6 წელი ვაკვირდებოდით და თვალნათლივ ვხედავდით, როგორ უკეთ და უკეთ ხდებოდა. მერე დრო შეიცვალა, ქვეყანას ათასი პრობლემა დაატყდა თავს და პაციენტთან კონტაქტი, სამწუხაროდ, გაწყდა.

ამჟამად ღორის ჰიპოფიზის მშრალ ექსტრაქტს აღარ იყენებენ, რადგან შესაძლოა, ადამიანისთვის საშიშ ვირუსებს შეიცავდეს და ენცეფალიტის მიზეზად იქცეს. მის ნაცვლად პაციენტს სინთეზურ პრეპარატებს აძლევენ, კერძოდ, იმ ჰორმონებს, რომელთა დეფიციტსაც ლაბორატორიული გამოკვლევით ვადგენთ.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: