მაინც რა უნდა იცოდეს ბავშვმა ბაღში წასვლამდე?

გააზიარე:

ბაღში მიგვეჩქარება

როგორც არ უნდა უყვარდეს პატარას ბაღი, მშობლებთან მთელი დღით განშორება მისთვის მაინც სტრესია. ჩვენ შეგვიძლია, ეს სტრესი შევუმსუბუქოთ და სიახლეების გაცნობა გავუადვილოთ.

 

უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალურია. თუ მეზობლისა უკვე გამართულად კითხულობს, ხოლო თქვენი – ჯერ არა, არ იფიქროთ, რომ განვითარებით ჩამორჩება; უბრალოდ, ზოგიერთ ბავშვს ზოგიერთი უნარი უფრო გვიან უვითარდება. მეორე მხრივ, არსებობს უნარები, რომელთა განვითარებაშიც, სასურველია, აქტიურად ჩავერიოთ მშობლები. ამ შემთხვევაში ბაღში თავის დამკვიდრება პატარას უფრო მეტად გაუადვილდება. როდესაც ბავშვი ახალი უნარის გამომუშავების პროცესშია, ჯობს, აქცენტი სწორედ პროცესზე დავსვათ და არა საბოლოო შედეგზე. თავდაპირველად, რასაკვირველია, შეცდომებს დაუშვებს. თქვენი, მშობლის მოვალეობაა, წაახალისოთ ის და არავითარ შემთხვევაში არ შეასრულოთ დავალება მის მაგივრად. არც მაშინ, როდესაც ბავშვი არასწორად შეიკრავს ღილს ან თმას ფაფით დაისვრის – გახსოვდეთ, ეს მისი დამოუკიდებლობისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია.

მაინც რა უნდა იცოდეს ბავშვმა ბაღში წასვლამდე?

 

ტანსაცმლის დამოუკიდებლად ჩაცმა-გახდა

ამ უნარის გამომუშავება თავდაპირველად შესაძლოა თქვენც და ბავშვსაც ძნელი მოგეჩვენოთ, მაგრამ თანდათან დარწმუნდებით, რომ ასე არ არის. პატარა ჯერ ტანსაცმლის გახდაში ავარჯიშეთ – ეს უფრო ადვილია და უფრო მალე აითვისებს, მერე კი აღარც ჩაცმის სწავლა გაუჭირდება. თავდაპირველად ჯობა მარტივი მაისურებისა და ტრუსების ჩაცმა-გახდაში გაიწაფოს, დროთა განმავლობაში კი ელვისა და ღილების შეკვრასაც ისწავლის.

 

დანა-ჩანგლის გამოყენება

დანა-ჩანგლის გამოყენება პატარებისთვის ძალიან საინტერესო პროცესია – აქამდე ხომ ამ ნივთებისთვის ხელის დაკარებასაც უკრძალავდნენ. აჩვენეთ ბავშვს, როგორ დაიჭიროს და გამოიყენოს კოვზი, ჩანგალი, დანა, რომელი საჭმელი რომლით ჭამოს. დროთა განმავლობაში სხვა ისეთ საკითხებზეც გადადით, როგორიცაა საჭმლით თამაშის აკრძალვა, რასაც ბავშვები ხშირად აკეთებენ.

 

ტუალეტის (ქოთნის) დამოუკიდებლად გამოყენება და ხელების დაბანა

პამპერსიდან ქოთანზე ან ტუალეტზე გადასვლა ერთია, მაგრამ ბაღის ასაკის ბავშვს აუცილებლად უნდა ასწავლოთ საჭიროების დროს ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დამოუკიდებლად დაკმაყოფილება – ისე, რომ ყოველ ჯერზე თქვენ არ დაგიძახოთ, რათა ქოთანზე დასვათ და დაელოდოთ, სანამ საქმეს მოათავებს. ასწავლეთ ქოთანზე ან უნიტაზზე სწორად ჯდომა, კუჭში გასვლის შემდეგ გამოწმენდა და ისიც, რომ საჭიროზე მეტხანს ტუალეტში დარჩენა არ შეიძლება.

ამის შემდეგ გადადით ხელების დაბანის რიტუალზე, აუხსენით, რაოდენ მნიშვნელოვანია ტუალეტის შემდეგ ხელების დაბანა. ბავშვები ხშირად ხვდებიან ხელების დაბანის აუცილებლობას, როდესაც ხედავენ, რომ ხელებზე ჭუჭყი აქვთ, მაგრამ თუ ხელი სუფთად გამოიყურება, დასაბანად თავს არ იწუხებენ. ამიტომ უამბეთ იმ უხილავი ბაქტერიების შესახებ, რომლებიც დაუბანელ ხელებზე სახლობენ და საფრთხეს უქმნიან მის ჯანმრთელობას.

 

სახლის საქმეებში დახმარება

ბავშვებს ბაღში აუცილებლად მოსთხოვენ ძირს დაყრილი სათამაშოების ალაგებას. ეს პრობლემად რომ არ ექცეს, სასურველია, თქვენს პატარას სათამაშოების ალაგების ჩვევა სახლშივე განუვითაროთ. მას შემდეგ, რაც კუბიკებით თამაშს დაასრულებს და გაფერადებაზე გადავა, მიუთითეთ, რომ ჯერ მიმოფანტული კუბიკები აალაგოს და მერე მოჰკიდოს ხელი სხვა გასართობს.

დაიხმარეთ საოჯახო საქმეებშიც, მაგალითად, ასწავლეთ პირსახოცების დაკეცვა, მტვრის გადაწმენდა. ამასთანავე, გახსოვდეთ, რომ მნიშვნელოვანია არა საბოლოო შედეგი, არამედ გზა, რომელსაც ბავშვი ამ შედეგამდე გაივლის. შეაქეთ მცდელობისთვის და წაახალისეთ, კიდევ სცადოს, რათა უკეთ და უკეთ გამოუვიდეს. საბოლოოდ ბავშვი ისწავლის დამოუკიდებლად შესრულებული საქმით სიამაყისა და სიამოვნების განცდას, რაც მომავალშიც უბიძგებს, თავისით გააკეთოს ის, რისი კეთებაც დამოუკიდებლად შეუძლია.

 

სოციალიზაცია

ბაღში მისვლით ბავშვისთვის სოციალიზაციის ახალი ეტაპი იწყება. ამიერიდან ის დღის უმეტეს ნაწილს თანატოლებთან ერთად გაატარებს. ამ სიტუაციას ადვილად რომ შეეგუოს, წინასწარ მიაჩვიეთ ბავშვებთან ურთიერთობას: წაიყვანეთ სტუმრად ნაცნობებთან, ნათესავებთან, რომლებსაც მისი ასაკის პატარები ჰყავთ, ხშირად ასეირნეთ ეზოში და მიეცით საშუალება, დამოუკიდებლად დაამყაროს ურთიერთობა სხვა ბავშვებთან. თუ შეატყობთ, რომ აგრესიულად იქცევა ან, პირიქით, სხვები ჩაგრავენ, კონფლიქტს გამოარიდეთ და აუხსენით, როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს.

ლიკა ქათამაძე

 

გააზიარე: