უსაფრთხოების წესები ბავშვებისთვის
გააზიარე:
მშობლები არაფერს ვიშურებთ ჩვენი შვილების კარგ და შემდგარ ადამიანებად ჩამოყალიბებისთვის, გვახარებს მათ გონებრივ და ფიზიკურ განვითარებაზე დაკვირვება, იმის გაცნობიერება, როგორ იცვლებიან დღიდან დღემდე, რამდენ მნიშვნელოვან და საინტერესო აღმოჩენას აკეთებენ.
სიხარულით ვივსებით, როდესაც ბავშვი ახალ ლექსს გვეუბნება, იცის თვლა და ჰყვება თავის საყვარელ ზღაპრებს, მაგრამ დაფიქრებულხართ იმაზე, საკმარისია თუ არა ეს ცოდნა მისთვის? ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით და შესაძლოა, ერთ დღეს თქვენი პატარაც აღმოჩნდეს ისეთ სიტუაციაში, რომელშიც მხოლოდ ლექსებით თავს ვერ გაიტანს.
დავუშვათ, ქუჩაში, ხალხმრავლობაში ჩამოგშორდათ და ვეღარ გპოულობთ – შეძლებს, დახმარების მსურველს უთხრას თქვენი სახელი და გვარი, მისამართი ან თუნდაც სამუშაო ადგილი? თუ პანიკა მოიცავს და ტირილის მეტს ვერაფერს მოახერხებს? ეზოში თამაშის დროს თუ უცნობმა სახლში წაყვანა და საყვარელი ლეკვების ჩვენება შესთავაზა, გააცნობიერებს საფრთხეს თუ სურვილი სძლევს და უცნობს დაუფიქრებლად გაჰყვება?
მე სამი წლის შვილი მყავს და ამ საკითხებზე სულ ცოტა ხნის წინ დავფიქრდი, როდესაც პარკში სეირნობისას დავინახე, რა მშვიდად გაჰყვა კანფეტის გამოსართმევად იქ მომუშავე ადამიანს, რომელმაც საწუწნი კანფეტი აჩუქა. მართალია, იმ ადამიანს ბოროტი განზრახვა არ ჰქონია და მშობლებიც იქვე ვიყავით, მაგრამ გავაცნობიერე, რომ ჩემი ბიჭუნა ასევე მოიქცეოდა მაშინაც, როცა ჩვენ გვერდით არ ვეყოლებოდით და ძალიან შევშინდი.
სტატიაში თქვენც გაგაცნობთ გზებს, როგორ მივაწოდოთ ბავშვს მისი ასაკისთვის საჭირო ინფორმაცია უსაფრთხო ქცევის შესახებ.
5 წლამდე
• წაუკითხეთ წიგნები სამყაროს შესახებ.
• ასწავლეთ, რომ ქუჩაში თამაში არ შეიძლება.
• ასწავლეთ ტელეფონზე გადაუდებელი დახმარების სამსახურის ნომრის (112) აკრეფა
• მოიგონეთ სიმღერა თქვენი ტელეფონის ნომრის შესახებ – ბავშვი ასე უფრო ადვილად დაიმახსოვრებს რიცხვებს.
• ასწავლეთ სახლის მისამართი. თუ ზუსტ მისამართს ვერ დაიმახსოვრებს – უბანი და ქუჩის დასახელება მაინც.
• აუხსენით, რას ნიშნავს "უცხო" – ოღონდ ისე, რომ ყველა უცნობის მიმართ შიშის გრძნობა არ გაუჩნდეს.
• გაასეირნეთ უახლოესი პოლიციის ოფისისკენ და აუხსენით, რა შემთხვევაში მიმართავენ ადამიანები ამ დაწესებულებას, აჩვენეთ ფორმიანი პოლიციელი და მისთვის გასაგებ ენაზე მოუყევით მისი საქმიანობის შესახებ, უთხარით, რა შემთხვევაში შეუძლია პოლიციელს დახმარების გაწევა.
• აუხსენით, რომ არ უნდა გამოართვას უცხოს არანაირი ტკბილეული და საჩუქარი თქვენი ნებართვის გარეშე, ისიც აუხსენით, რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას ამან.
• გაითამაშეთ სიტუაციები და ასწავლეთ, როგორ მოიქცეს, თუ ოდესმე ქუჩაში დაგკარგათ და უცხო ადამიანების გარემოცვაში აღმოჩნდა.
• ხშირად ასეირნეთ გარეთ, სეირნობისას და ეზოში თამაშისას მუდმივად თვალთახედვის არეში ნუ ეყოლებით, ჩამოსცილდით და მიეცით საშუალება, დამოუკიდებლად დაამყაროს ურთიერთობა თანატოლებთან.
• ასწავლეთ ხალხის დახასიათება გარეგნული მონაცემებით, თმისა და თვალის ფერით, სიმაღლით და ასე შემდეგ. ეს დაეხმარება ადამიანის აღწერაში, თუ ოდესმე დასჭირდა.
• ეთამაშეთ მახსოვრობის გასავარჯიშებელი თამაშები და გამოცნობანა რეალურ ადგილებსა და ადამიანებზე. მაგალითად, აუღწერეთ ადგილი, სადაც ნამყოფია ან ადამიანი, ვისაც იცნობს და სთხოვეთ გამოიცნოს რომელ ადგილს ან პიროვნებას გულისხმობთ. მერე როლები გაცვალეთ და მან აღწეროს სურვილისამებრ შერჩეული ადგილი ან ადამიანი.
6-დან 10 წლამდე
• წაახალისეთ, რომ იყოს კომუნიკაბელური და ჰყავდეს ბევრი მეგობარი, – რა თქმა უნდა, მისივე სურვილის შემთხვევაში. ძალდატანება დაუშვებელია.
• დაამახსოვრებინეთ ოჯახის რომელიმე ახლო მეგობრის ან ნათესავის ტელეფონის ნომერი იმ შემთხვევისთვის, თუ თქვენთან დაკავშირებას ვერ შეძლებს.
• ასწავლეთ და დროდადრო ავარჯიშეთ, როგორ უნდა მოიქცეს ხანძრის ან სხვა ასეთი გაუთვალისწინებელი მოვლენის შემთხვევაში.
• შეიძინეთ ასაკის შესაფერისი უსაფრთხოების წესების ვიდეოჩანაწერი და მოაწყვეთ ფილმის ღამე, მერე კი განიხილეთ, რა ნახა და გაიგო ბავშვმა ფილმიდან.
• ასწავლეთ შუქნიშნის ფერებისა და სიმბოლოების მნიშვნელობა, რათა თუ ოდესმე მარტოს მოუწია ქუჩის გადაკვეთა, ეს უსაფრთხოდ მოახერხოს.
• გამოუმუშავეთ ჩვევა, არ გაუღოს კარი უცნობებს. არც ნაცნობებს თქვენი გაფრთხილებისა და თანხმობის გარეშე.
• ფეხით გაასეირნეთ თქვენს უბანში და მიმდებარე ტერიტორიაზე, თან სიტყვიერად აუხსენით, რა მარშრუტს მიჰყვებით. მაგალითად: გავუხვიოთ მარხცნივ, ვიაროთ პირდაპირ და ამ ხესთან შევუხვიოთ, – და ასე შემდეგ. მომდევნო გასეირნებისას უკვე ბავშვი იყოს წინამძღოლი და მან აგიხსნათ თქვენი მარშრუტი.
• დააწესეთ სიტყვიერი კოდი, რომელიც მხოლოდ თქვენ და ბავშვს გეცოდინებათ. თუ თქვენს ნაცვლად სკოლიდან მის გამოყვანას სხვა დააპირებს, აუცილებლად უნდა უთხრას ბავშვს ეს კოდი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენთან გადაუმოწმებლად არ უნდა გაჰყვეს მას.
• ასწავლეთ როგორ მოიქცეს, თუ მძიმედ დაშავდით და თქვენ გარდა სახლში არავინაა; აჩვენეთ, სად ინახავთ პირველი დახმარების საშუალებებს; წინასწარ იცოდეს, ვის დაურეკოს ამ დროს.
• ავარჯიშეთ ფულის დათვლაში. ეთამაშეთ მაღაზიობანა ნამდვილი ფულით. ბავშვმა უნდა იცოდეს, როგორ იყიდოს სასურველი ნივთი და გადაიხადოს საჭირო ოდენობის თანხა.
• გააცანით საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის წესები. მაშინაც კი, როცა მანქანა გყავთ და ბავშვს არ უწევს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, სასურველია იცოდეს ამ ტრანსპორტით სარგებლობის წესები იმ შემთხვევისთვის, თუ ოდესმე ამის საჭიროების წინაშე დადგება.
• ასწავლეთ, რომ დიდი ადამიანები დახმარებას მხოლოდ დიდი ადამიანებისგან უნდა ითხოვდნენ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ქუჩაში უცნობმა გააჩერა და მანქანამდე მძიმე ჩანთის მიტანაში დახმარება ან დაკარგული ლეკვის საძებნელად გაყოლა სთხოვა, თუნდაც ამ ლეკვის ძალიან საყვარელი ფოტო აჩვენოს, არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდეს, უხმოს მის მისახმარებლად სხვა, ზრდასრულ ადამიანს. დარწმუნდით, რომ ბავშვი, როგორც არ უნდა შეეცოდოს დაკარგული ლეკვი, არავითარ შემთხვევაში არ დაარღვევს დადგენილ წესს.
11-დან 15 წლამდე
• აუხსენით, რომ "არას" თქმა სირცხვილი არ არის, თუ არასასურველი ადამიანი ცდილობს მასთან ურთიერთობას ან ვინმე, თუნდაც მეგობარი, მისთვის მიუღებელი საქციელისკენ მოუწოდებს.
• ასწავლეთ ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება, აუხსენით, რა საფრთხეს შეიცავს ინტერნეტში პერსონალური ინფორმაციის გავრცელება.
• სასურველია, ბავშვს ჰქონდეს საკუთარი მობილური ტელეფონი, რომელშიც ჩაწერილი იქნება ყველა საჭირო ადამიანისა და დაწესებულების ტელეფონის ნომერი.
• თუ ბავშვს სკოლამდე ფეხით უწევს გარკვეული მანძილის გავლა, გააფრთხილეთ, რომ ქუჩაზე გადასვლისას აუცილებლად მოიხსნას ყურსასმენები. შეწყვიტოს ტელეფონით საუბარი და გზასა და მანქანებზე მოახდინოს კონცენტრაცია.
• დაარიგეთ, არასდროს ჩაუჯდეს მანქანაში მისთვის უცნობ ადამიანს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის მისი მეგობრის მეგობარია, ან თუ უცნობმა წვიმიან ამინდში სახლამდე მიყვანა შესთავაზა, ან თუნდაც უთხრა, რომ თქვენ რაიმე შეგემთხვათ და ის გამოგზავნეთ მის წასაყვანად. ნებისმიერ შემთხვევაში მანქანისგან შორს დაიჭიროს თავი და თქვენთან ან სხვა სანდო ადამიანთან გადაამოწმოს უცნობის მიერ მიწოდებული ინფორმაცია.
• გაუშვით საზაფხულო ბანაკში, იქ ის დიდ ცხოვრებისეულ გამოცდილებას მიიღებს.
15 წლიდან
• მიეცით რჩევა მეგობრების შერჩევისას, აუხსენით, რომ ხშირად მეგობრები ერთმანეთს ემსგავსებიან ქცევით და ინტერესებით, ამიტომ სასურველია, კარგად დაფიქრდეს და აწონ-დაწონოს, სანამ ახალ ადამიანს დაუახლოვდება.
• ასწავლეთ დიალოგის წარმართვა, გამოუმუშავეთ მოლაპარაკებისა და შეთანხმების მიღწევის ჩვევა.
• ერთად უყურეთ ახალ ამბებს, არა იმიტომ, რომ შეაშინოთ, არამედ იმიტომ, რომ საქმის კურსში იყოს, რა ხდება მსოფლიოში და იმ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობთ.
• იყავით მისი მეგობარი, ერიდეთ მკაცრ კრიტიკას, ესაუბრეთ, გაუზიარეთ თქვენი იმდროინდელი გამოცდილება, როდესაც მისი ასაკისა იყავით, მოიპოვეთ მისი ნდობა, რათა რთულ სიტუაციებში თქვენ მოგმართოთ რჩევისთვის, მარტო არ აღმოჩნდეს რთული არჩევანის წინაშე და ემოციურ ფონზე არასწორი გადაწყვეტილება არ მიიღოს.
• აუხსენით, რომ თუ მეგობრებთან ერთად წვეულებაზე ყოფნა მობეზრდა ან თავ შეუძლოდ იგრძნო, სასირცხვილო არაფერია იმაში, თუ მეგობრებს დაემშვიდობება და სახლში წამოვა.
• წესად აქციეთ, ყოველთვის შეგატყობინოთ, სად არის და რატომ აგვიანებს შინ დაბრუნებას.
ლიკა ქათამაძე