დროულად აღმოჩენილი სარკომა საშიში არ არის
გააზიარე:
რბილი ქსოვილების სიმსივნეები
სიმსივნის ხსენება თითქმის ყველას შიშის ზარს სცემს. რა თქმა უნდა, ნებაზე მიშვებული ავთვისებიანი წარმონაქმნი ორგანიზმში შეუქცევად პროცესებს იწვევს, რომლებიც ტკივილსა და სიკვდილთან ასოცირდება. მაგრამ თუ ფხიზლად ვიქნებით და ჯანმრთელობას სათანადო ყურადღებას მივაქცევთ, უჩვეულო ცვლილებებს ადრევე აღმოვაჩენთ, განსაკუთრებით – ისეთ ადგილებზე, რომელთა თვითგასინჯვაც შესაძლებელია, მათ შორის – ტანისა და კიდურების რბილ ქსოვილებზე. დროული დიაგნოსტიკა კი პროცესის შეჩერების და განკურნების დიდ შანსს გვაძლევს.
რბილი ქსოვილების სიმსივნეებზე გვესაუბრება მედიცინის დოქტორი, თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კანის, რბილი ქსოვილებისა და ძვლების სიმსივნეების მიმართულების ხელმძღვანელი კახაბერ თოდუა:
რა არის?
– რბილ ქსოვილებში შეიძლება მრავალნაირი წარმონაქმნი გაჩნდეს. მათი დიდი ნაწილი კეთილთვისებიანია ანუ სხეულის სხვა ნაწილებზე არ ვრცელდება. ავთვისებიანი სიმსივნეებიდან რბილ ქსოვილებში უმეტესად სარკომა გვხვდება. სარკომა მეზენქიმური წარმოშობის სიმსივნეა. მეზენქიმისგან, ჩანასახის შემაერთებელი ქსოვილისგან, წარმოიშობა ცხიმოვანი, კუნთოვანი, შემაერთებელი, ნერვული, ძვლოვანი ქსოვილები, ამიტომ სარკომა შეიძლება ყველა მათგანში განვითარდეს: წარმოიშვას მყესებისგან, სისხლძარღვებისგან, ლიმფური ძარღვებისგან, კანის ღრმა შრეებისგან, სახსრის სინოვიური გარსისგან. ამის კვალობაზე, განასხვავებენ სარკომის შემდეგ სახეობებს: ფიბროსარკომას, ანგიოსარკომას, ლიპოსარკომას, ლეიომიოსარკომას, ეპითელიურ სარკომას, კაპოშის სარკომას და სხვა.
რბილქსოვილოვანი სიმსივნე შეიძლება გაჩნდეს ტანზე, თავსა და კისერზე, შინაგან ორგანოებზე, მუცელში – პერიტონიუმის უკან, მაგრამ ყველაზე ხშირად ტორსსა (ტანსა) და კიდურებზე ჩნდება.
რისკფაქტორები
– რბილი ქსოვილის სარკომა საკმაოდ იშვიათია – სამასი ათას კაცზე დაახლოებით ორი შემთხვევა აღირიცხება. სხვათა შორის, სხვა ტიპის სიმსივნებისთვის დადგენილი ისეთი რისკფაქტორები, როგორებიცაა მოწევა, არასწორი კვება, უმოძრაო ცხოვრება, ტრავმები, არ განიხილება რბილი ქსოვილების სარკომის ხელშემწყობ ფაქტორებს შორის. სამაგიეროდ, ამ უკანასკნელთა რიცხვს მიეკუთვნება:
* სხვა სიმსივნეების სამკურნალოდ გამოყენებული რადიაციული თერაპია. ამაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ სარკომა ხშირად ჩნდება სხეულის იმ ნაწილზე, რომელიც დასხივებას დაექვემდებარა. მკურნალობასა და სარკომის განვითარებას შორის საშუალო ინტერვალი ათი წელია.
* გენების მუტაციით განპირობებული ზოგიერთი თანდაყოლილი დაავადება: ნეიროფიბრომატოზი (ფონ-რეკლინჰაუზენის დაავადება), გარდნერის სინდრომი, ლი-ფრაუმენის სინდრომი, რეტინობლასტომა და სხვა;
* ზოგიერთი ქიმიური ნივთიერებით (ვინილქლორიდით, რომელიც პლასტმასის წარმოებაში გამოიყენება, ჰერბიციდებით) მოწამვლა;
* ლიმფური სისტემის დაზიანება, ლიმფედემა.
როგორ აღმოვაჩინოთ
– ბევრს ჰგონია, წარმონაქმნი მაინცდამაინც მტკივნეული უნდა იყოს, რათა ექიმს მიმართონ. არადა, სარკომამ ტკივილი არ იცის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სიმსივნე გავრცობილია ან ირგვლივ მდებარე ქსოვილებშია ჩაზრდილი. მტკივნეულია ძვლის სარკომაც, რომელსაც განსაკუთრებით ღამღამობით, მოსვენებისას ახასიათებს ძვლის ტკივილი.
ამრიგად, რბილი ქსოვილის სიმსივნე ფაქტობრივად უსიმპტომოდ არსებობს, ამიტომ უნდა დავაკვირდეთ ჩვენს სხეულს, ყურადღება მივაქციოთ კანქვეშ არსებული რბილ ქსოვილებს – მათი ხელით მოსინჯვა ყველას შეუძლია. ამისთვის მთელ სხეულს ორივე ხელით უნდა ჩამოუაროთ. თუ სხეულის რომელიმე ნაწილში აღმოაჩინეთ მკვრივი წარმონაქმნი, რომელიც მანამდე არ გქონიათ, ან იყო და გაიზარდა, უყურადღებოდ არ დატოვოთ.
რბილ ქსოვილებში წარმონაქმნები ახალგაზრდებსაც შეიძლება გაუჩნდეთ, მაგრამ უმეტესად ასაკოვან პირებთან გვხვდება, ამიტომ მათ ექვს თვეში ერთხელ მაინც უნდა დაითვალიერონ სხეული.
- – ვის უნდა მიმართოს ადამიანმა რბილ ქსოვილებში ასეთი წარმონაქმნის აღმოჩენი სშემდეგ?
– რა თქმა უნდა, შესაბმისი სპეციალობის ექიმს – ონკოქირურგს. ზოგადი ქირურგია თავისი მკურნალობის მეთოდებით რადიკალურად განსხვავდება ონკოქირურგიისგან. მცირე შეცდომაც კი პაციენტის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, დაავადების პროგნოზსა და გამოსავალზე აისახება. ამიტომ აუცილებელია შესაბამისი სპეციალისტების მობილიზება. ევროპაში ინერგება იშვიათ სიმსივნეთა ქსელი. იქმნება ექიმთა სპეციალური გუნდები, რომლებშიც შედიან ონკოქირურგი, რადიოლოგი, ქიმიოთერაპევტი, მორფოლოგი და სხვა. საეჭვო შემთხვევებში პაციენტს პირდაპირ ამ გამოცდილ ხალხთან უშვებენ. მკურნალობაში მთელი გუნდი თანაბრად მონაწილეობს.
გამოკვლევა
- – როგორ ადგენენ, რა წარმოშობისაა სიმსივნე?
– რბილქსოვილოვანი სიმსივნეების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, სწორ დიაგნოსტიკას კი მკურნალობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
წარმონაქმნის შესახებ პირველ წარმოდგენას მისი ხელით გასინჯვა გვიქმნის. აქ უდიდესი მნიშვნელობა აქვს გამოცდილებას. რბილქსოვილოვან კეთილთვისებიან სიმისვნეებს მიეკუთვნება ლიპომა ანუ ცხიმგროვა. ავთვისებიანი სიმსივნისგან ლიპომის გარჩევა გასინჯვითაც შეიძლება. ეს უკანასკნელი ზოგჯერ ძალიან დიდი იზრდება, ორმოც სანტიმეტრამდეც კი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ადამიანმა აქამდე არ უნდა მიიყვანოს საქმე.
როდესაც წარმონაქმნის ზომა ხუთ სანტიმეტრს აღემატება, თუნდაც ეს ლიპომა იყოს, აუცილებელია სარკომისგან მისი დიფერენცირება. საზოგადოდ, ნებისმიერი რბილქსოვილოვანი კომპონენტის აღმოჩენისას უნდა ჩატარდეს დიფერენციაცია იმის დასადგენად, კეთილთვისებიანია თუ ავთვისებიანი.
დიაგნოსტიკის პირველი ეტაპი და ყველაზე მარტივი გზა წარმონაქმნის ბიოფსიაა. ამ გამოკვლევის წყალობით ვიგებთ, რომელი უჯრედებისგან შედგება რბილქსოვილოვანი წარმონაქმნი, ავთვისებიანია თუ კეთილვისებიანი.
მომდევნო ეტაპია ულტრაბგერითი გამოკვლევა. მიღებული მონაცემების მიხედვით შესაძლებელია ჩატარდეს მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია. დაავადების სტადიისა და გავრცობის ხარისხის დასადგენად ზოგჯერ მიმართავენ პეტ-საც.
ბიოფსიის სწორად ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია. ბიოპტატი უნდა აიღონ საეჭვო ადგილიდან, იმის გათვალსიწინებით, რომ წარმონაქმნის ამოკვეთისას ის ნაწილიც გაყვეს, საიდანაც ბიოპტატი აიღეს. ამიტომაა მნიშვნელოვანი, ბიოფსია დახელოვნებულმა სპეციალისტმა ჩაატაროს. საჭიროებისას, როდესაც წარმონაქმნი სხეულის სიღრმეშია, ტარდება დამიზნებითი ბიოფსია ულტრაბგერის კონტროლით. აქვე დავძენ, რომ რბილი ქსოვილების ექოსკოპია რადიკალურად განსხვავდება მუცლის ღრუს და სხვა მიმართულების ექოსკოპიისგან, ამიტომ ულტრაბგერითი კვლევაც შესაბამისმა სპეციალისტმა უნდა ჩაატაროს.
- – სად ეძებენ მეტასტაზებს?
– სარკომისთვის ყველაზე სეციფიკური ორგანო ფილტვია. მეტასტაზები ყველაზე ხშირად სწორედ იქ ვრცელდება. ამიტომ მკურნალობის დაწყებამდე ორგანიზმი სრულყოფილად უნდა გამოვიკვლიოთ. დავადგინოთ, არის თუ არა სიმსივნე გავრცობილი, რომელი ჯგუფის კუნთებს მოიცავს, მაგისტრალურ სისხლარღვებთან ახლოს ხომ არ მდებარეობს და სხვა.
მკურნალობა
– რბილქსოვილოვანი სიმსივნეები უმეტესად ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს, მაგრამ მასაც აქვს თავისი წესები, რომელთა დაცვა აუცილებელია.
შედარებით უკეთაა საქმე კეთილთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევაში, თუმცა ბევრ მათგანს სპეციფიკური და სკრუპულოზური მკურნალობა სჭირდება. მაგალითად, ნევრინომა, პერიფერიული ნერვის გარსისგან განვითარებული კეთილთვისებიანი სიმსივნე, ისე უნდა ამოიკვეთოს, რომ ნერვი არ დაზიანდეს და კიდურმა ფუნქცია არ დაკარგოს. ავთვისებიანი სიმსივნეები ამ ყველაფერთან ერთად რადიკალურ მიდგომასაც მოითხოვს: სიმსივნური წარმონაქმნი საღ ქსოვილთან ერთად იკვეთება. ამ დროს მიმდებარე კუნთების დაიზანება გარდაუვალია და კიდურის ფუნქციის შენარჩუნება ძნელია. დიდწილად ეს დაავადების გავრცობაზე, ზომაზე და სხვა პარამეტრებზეც არის დამოკიდებული.
უზომოდ დიდი მნიშვნელობა აქვს ოპერაციის სწორად ჩატარებას. თუ ოპერაცია რადიკალურად არ ჩატარდა (და, სამწუხაროდ, ხშირად ხდება ასე), ვითარდება დაავადების რეციდივი, რომლის მკურნალობა, ოპერაციული თუ არაოპერაციული მეთოდით, გაცილებით ძნელია. გამოსავალიც – უფრო უარესი.
ქირურგიასთან ერთად ზოგჯერ მკურნალობაში ერთვება ქიმიო– და სხივური თერაპიაც. მაგალითად, თუ კიდურის შენარჩუნების მიზნით პაციენტი დავზოგეთ და, შესაბამისად, დარჩა დაავადების რეციდივის რისკი, ოპერაციის შემდეგ საქმეში სხივური თერაპია უნდა ჩაერთოს. საბედნიეროდ, საქართველოში უკვე არსებობს სხივური ამაჩქარებლები, რომლებიც თანამედროვე მიდგომით მკურნალობის საშუალებას გვაძლევს. ეს თერაპია მკვეთრად ამცირებს დაავადების განმეორების რისკს.
ქიმიოთერაპიას იყენებენ, როდესაც სიმსივნე მგრძნობიარეა ამ თერაპიის მიმართ, ან წარმონაქმნია რამდენიმე, ან მეტასტაზები აღინიშნება, ან არსებობს საშიშროება, რომ სიმსივნე რადიკალურად ვერ ამოიკვეთება და სხვა.
სხვათა შორის, რბილი ქსოვილის სიმსივნეების მკურნალობა მთელ მსოფლიოში პრობლემურია – ეს სიმსივნეები იშვიათია და ამის გამო ხშირად მოსდით სამედიცინო შეცდომა. ამიტომ მრავალ ქვეყანაში არის ე.წ. სარკომის ჯგუფები – სპეციალისტთა გუნდები, რომლებიც მხოლოდ ამ მიმართულებით მუშაობენ. საქართველოში ასეთი ჯგუფი ოფიციალურად არ არსებობს, მაგრამ, ვფიქრობ, მალე მიეცემა ოფიციალური სახე. რეალურად, საქართველოდ დიდი გამოცდილების გუნდი ჰყავს, თუმცა ყველა ერთ სივრცეში არ ვართ თავმოყრილი.
პროგნოზი
- – რას ველით მკურნალობის შემდეგ?
– დიაგნოზი “სარკომა” შიშის მომგვრელად ჟღერს, ადამიანს ჰგონია, განწირულია. მაგრამ უმეტესად, თუ წარმონაქმნის ზომა ხუთ სანტიმეტრს არ აღემატება, პროგნოზი კეთილსაიმედოა. ამ ზომის სიმსივნე ძალიან იშვიათად არის გავრცობილი. დროული დაიგნოსტიკისა და სწორი მკურნალობის შემთხვევაში ავადმყოფი მთლიანად იკურნება. გვყავს პაციენტები, რომელთა ოპერაციიდან უკვე 15-20 წელი გავიდა და ისინი აღარაფერს შეუწუხებია.
თუმცა მკურნალობის შემდეგ აუცილებელია მდგომარეობის მუდმივი კონტროლი, რაც გულისხმობს პირველი ორი წლის განმავლობაში ექიმთან ვიზიტს სამ თვეში ერთხელ, ამის შემდეგ – ექვს თვეში ერთხელ, მერე – წელიწადში ერთხელ და ა.შ. რაც დრო გადის, გადამოწმება უფრო და უფრო იშვიათადაა საჭირო.
მარი აშუღაშვილი