რატომ გვექავება?

გააზიარე:

რატომ გვექავება

კანი – მთავარი სამიზნე

ქავილი და შინაგანი დაავადებები

ქავილი სასიკვდილო საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა ტკივილზე არანაკლებ გვიკარგავს მოსვენებას. ხშირად მასზე ძნელი ასატანიც კია. ასე რომ, მის შესახებ მეტის გაგება არ გვაწყენდა. მით უმეტეს, ქავილი შესაძლოა მძიმე დაავადების პირველი ნიშანი იყოს.

 

როგორ გექავება?

ქავილი ზოგჯერ კანის ერთი უბნით შემოიფარგლება (ლოკალურია), ზოგჯერ კი მთელ ტანს ედება (გენერალიზებულია). შესაძლოა, თან ახლდეს ტკივილი, გამონაყარი, შესივება, შეწითლება და სხვა ჩივილები. საბედნიეროდ, იშვიათად არის საშიში, თუმცა ხდება ისეც, რომ სერიოზული დაავადების სიმპტომია.

ქავილი შესაძლოა გამოიწვიოს:

* ალერგიულმა რეაქციამ საკვებზე, მწერის ნაკბენზე, მტვერზე, წამალზე და სხვა;

* კანის დაავადებამ - ეგზემამ, ფსორიაზმა;

* კანის გამოშრობამ;

* კოსმეტიკურმა თუ საყოფაცხოვრებო საშუალებამ;

* პარაზიტულმა დაავადებამ - პედიკულოზმა, ენტერობიოზმა, მუნმა;

* ორსულობამ;

* ღვიძლის, თირკმლის ან ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებმა;

* ზოგიერთი ფორმის კიბომ, სიმსივნის საწინააღმდეგო მკურნალობამ;

* დიაბეტმა, ჰერპესმა და ნერვულ სისტემაზე მოქმედმა სხვა დაავადებებმა.

თითოეული მათგანი ქავილს სხვადასხვა მექანიზმით იწვევს. შესაბამისად, მკურნალობაც სხვადასხვანაირია. მაგალითად:

* ალერგიული ქავილი ალერგიული რეაქციის, ანთების, კანის გამოშრობის, კანის სხვა დაავადების შედეგია. ვლინდება ეგზემის, ფსორიაზის, მედიკამენტებზე რეაქციის შემთხვევაში. პროცესის მთავარ აქტორად ქიმიური ნივთიერება ჰისტამინი გვევლინება. ის ორგანიზმში იმუნური პასუხის შედეგად წარმოიქმნება, ამიტომ ალერგიულ ქავილს ანტიჰისტამინური პრეპარატებით მკურნალობენ. გარდა ამისა, გამოიყენება მედიკამენტები, რომლებიც იმუნურ პასუხს ცვლის.

* ნეიროპათიული ქავილი ნერვული სისტემის დაზიანების შედეგია. ხშირად თან ახლავს წიწკნის, ჩხვლეტის შეგრძნება. ვლინდება ინსულტის, დამწვრობითი დაავადების შემდეგ. მას არანარკოტიკული ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატებით მკურნალობენ.

* ღვიძლისა და თირკმელების ქრონიკული დავაადებების ფონზე ვითარდება ნეიროგენული ქავილი. ის ამ დროს გამოყოფილი ოპიოიდური ნივთიერებების მოქმედების საპასუხო რეაქციაა. ამ ტიპის ქავილს ნარკოტიკული ტკივილგამაყუჩებლებით მკურნალობენ.

* არსებობს ფსიქოგენური ქავილიც, რომელიც სეროტონინისა და ნორეპინეფრინის მოქმედების პასუხად აღმოცენდება. ეს ქიმიური ნივთიერებები სტრესის, დეპრესიის დროს გამოიყოფა. მაშასადამე, შესაძლოა, ქავილი ძლიერი ემოციური დაძაბულობის ნიშანიც იყოს. ასეთ ქავილს ანტიდეპრესანტებით მკურნალობენ.

მხოლოდ ქავილის არსებობის საფუძველზე მისი წარმომავლობა ძნელი დასადგენია, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება თანმხლებ სიმპტომებს, ანამნეზს, ფონურ დაავადებებს.

 

ჯანმრთელი დაავადება

მიუხედავად იმისა, რომ ქავილის გამომწვევი დაავადებების სია საკმაოდ ვრცელია, ხშირად ის პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანსაც აწუხებს. ყველაზე “უვნებელ” ქავილად შეგვიძლია ის ფორმა მივიჩნიოთ, რომელიც კანის გამოშრობის შედეგად ვითარდება.

დიახ, თუ კანმა ბევრი წყალი და ზეთი დაკარგა და გამოშრა, ქავილი გარანტირებულია.

კანის გამოშრობისგან არც ერთ ასაკში არავინ არის დაზღვეული.

რა იწვევს კანის გამოშრობას?

* მშრალი და ცივი ან მეტისმეტად ცხელი ჰავა;

* გამათბობელი ან კონდიციონერი, რომელიც ტენიანობას ამცირებს;

* ხელების ხშირი ბანა, ხშირი აბაზანა;

* ზოგიერთი სარეცხი საშუალება;

* ზოგიერთი წამალი (როგორც ადგილობრივი, ისე ზოგადი მოქმედებისა)

* კანის დაბერება (ასაკთან ერთად კანი თხელდება და ნაკლებ ნატურალურ ზეთს გამოიმუშავებს);

* კანის დაავადებები - ეგზემა, ფსორიაზი და სხვ.

 

როგორ ამოვიცნოთ სიმშრალე?

ამ დროს ქავილს თან ახლავს კანის აქერცვლა, დაჭიმულობის შეგრძნება, განსაკუთრებით – ბანაობის შემდეგ. კანი თითქოს შრეებად იშლება, გაუხეშებულია. ძლიერი ქავილის შედეგად შესაძლოა გაჩნდეს ნაკაწრები, წყლულები და სხვა დაზიანებები.

 

 

კანი – მთავარი სამიზნე

ქავილზე საუბარი, ბუნებრივია, კანის დაავადებებით უნდა დავიწყოთ. რაც არ უნდა იმალებოდეს ქავილის მიღმა, მთავარი იერიში ყოველთვის კანზე მიაქვს. ქავილის ყველაზე გავრცელებული მიზეზებიც სწორედ კანის დაავადებებია. ჩამონათვალში ერთ-ერთი საპატიო ადგილი უკავია ალერგიას...

 

ტიპური ატოპია

რა არის

ატოპიური დერმატიტი კანის ქრონიკული, მორეციდივე დაავადებაა, რომელსაც ქავილი და გამონაყარი ახასიათებს. ამ დროს დაავადებულის კანი არ შეიცავს ცილებს, რომლებიც კანში სითხის შენარჩუნებას უწყობს ხელს, ამიტომ კანი სხვადასხვა გამაღიზიანებელი ფაქტორის მიმართ მეტისმეტად მგრძნობიარეა. დაავადება უფრო ხშირია ბავშვებთან. შესაძლოა დაიწყოს 2-6 თვის ასაკში. ასაკის მატებასთან ერთად დაავადების გავრცელებაც იკლებს. დაავადებულებს ხშირად აქვთ ასთმა ან სეზონური ალერგია, ალერგიის ან ასთმის ოჯახური ისტორია.

 

როგორ ვლინდება

კანი მთელ სხეულზე გამომშრალია და ფერშეცვლილი – გამონაყარის ირგვლივ შეწითლებული. სწორედ გამონაყარი იწვევს ინტენსიურ ქავილს. მაგრამ არც ის არის გამორიცხული, ქავილი გამონაყარის გამოჩენამდე დაიწყოს.

გამონაყარი სხვადასხვა ასაკში სხვადასხვანაირია და სხეულის სხვადასხვა ადგილას ჩნდება. 2 წლამდე – სახეზე, თავზე, ხელებზე, ფეხებზე, მოგვიანებით – მუხლებზე, შესაძლოა, კისერსა და კიდურებზეც. ხშირად კანი იქერცლება კიდეც ან ფუფხით იფარება.

დაავადების მიმდინარეობას ამძიმებს:

* ალერგია მტვერზე, ცხოველის ბეწვზე ან სხვა ალერგენზე;

* ზამთრის ცივი და სუსხიანი ჰაერი;

* ტემპერატურის უეცარი ცვლილება, მეტისმეტი სიცხე ან სიცივე;

* კანის სიმშრალე;

* გამაღიზიანებელ ნივთიერებებთან – პარფიუმერიასთან, საღებავებთან, საყოფაცხოვრებო ქიმიასთან – კონტაქტი;

* უხეშ ქსოვილთან (მაგალითად, შალთან) კონტაქტი;

* ემოციური სტრესი.

 

როგორ მოვიქცეთ

უპირველეს ყოვლისა, დიაგნოზი უნდა დაისვას. ამისთვის ექიმი დაგითვალიერებთ კანს. შესაძლოა, დაგჭირდეთ კანის ბიოფსიაც, რომ სიმშრალისა და ქავილის სხვა მიზეზები გამოირიცხოს. არ არის გამორიცხული, ჩაგიტარონ ტესტები ალერგიაზე.

დააკვირდით, რა გიმწვავებთ დაავადებას და ეცადეთ, მინიმუმამდე დაიყვანოთ ასეთი ფაქტორების ზემოქმედება. ექიმი დაგინიშნავთ ადგილობრივი მოქმედების საშუალებებს – კრემებს. კანის ინფიცირების შემთხვევაში შესაძლოა ანტიბიოტიკებიც გახდეს საჭირო. ქავილის საწინააღმდეგოდ ანტიჰისტამინურ პრეპარატებს, ზოგჯერ სტეროიდებს იყენებენ.

ხანგრძლივი მიმდინარეობა ხანგრძლივ მკურნალობას მოითხოვს, რის გამოც შესაძლოა თავი იჩინოს მედიკამენტების გვერდითმა მოვლენებმაც ან მოხდეს კანის ინფიცირება, დანაწიბურება. ეს ყველაფერი დერმატიტის გართულებებია. თუ სახლში მკურნალობის შედეგად მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, სიმპტომები დამძიმდა და თავი იჩინა ინფექციის ნიშნებმა – ცხელებამ, სიწითლემ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

ატოპიური დერმატიტი ხანგრძლივად მიმდინარე დაავადებაა, თუმცა მისი კონტროლი შესაძლებელია გამაღიზიანებელი ფაქტორების აღკვეთითა და კანის დატენიანებით.

კონტროლი გაძნელდება, თუ დაავადება:

. დაიწყო ადრეულ ასაკში,

. მოიცავს სხეულის დიდ ნაწილს,

. თან ახლავს ასთმა ან ალერგია,

პაციენტს აქვს ეგზემის ოჯახური ისტორია.

 

***

მქავანა კონტაქტი

ქავილით მიმდინარე კანის დაავადებაა კონტაქტური დერმატიტიც. სახელიც მიგვანიშნებს, რომ ამ დროს კანზე ცვლილებები სხვადასხვა ნივთიერებასთან პირდაპირი კონტაქტის შედეგია. ატოპიური დერმატიტისგან განსხვავებით, კონტაქტური დერმატიტი მალე ალაგდება – “ქავილის მომტანი” კონტაქტიდან 2-3 კვირაში.

ხშირად კონტაქტური დერმატიტი ალერგიული რეაქციის შედეგია (ალერგიული კონტაქტური დერმატიტი), მაგრამ ყველაფრის ალერგიისთვის გადაბრალება არ შეიძლება. დარწმუნებული ვარ, თქვენ შორისაც მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც ალერგიას არ უჩივიან, მარამ განსაზღვრულ ნივთიერებებთან კონტაქტის შედეგად კანის ქავილი აწუხებთ. დერმატიტის ამ ტიპს მარტივი კონტაქტური დერმატიტი ეწოდება.

რომელ ნივთიერებებთან კონტაქტმა შეიძლება ის გამოიწვიოს?

* ცემენტთან;

* თმის საღებავებთან;

* პესტიციდებთან;

* შამპუნთან;

* წებოსთან;

* ანტიბიოტიკებთან;

* საოჯახო ქიმიასთან;

* ნიკელსა და სხვა მეტალებთან;

* შხამიან მცენარეებთან;

* რეზინთან ან ლატექსთან;

* კონსერვანტებთან  და სხვა.

ზოგი მათგანი ალერგენად გვევლინება, ზოგი კი ალერგიის გარეშე აღიზიანებს და აზიანებს კანს.

 

რა ხდება კონტაქტის შემდეგ

კლინიკური გამოხატულება მიზეზსა და კონტაქტური დერმატიტის ტიპზეა დამოკიდებული. არც ის არის გამორიცხული, ერთსა და იმავე ადამიანს ერთსა და იმავე ნივთიერებაზე სხვადასხვანაირი რეაქცია ჰქონდეს.

კონტაქტური დერმატიტის შედეგად გამონაყარი ყველაზე ხშირად ხელებზე ჩნდება. წამყვანი სიმპტომია ქავილი, რომელიც ზოგჯერ, განსაკუთრებით – ალერგიის დროს, მეტად ინტენსიურია. არ არის გამორიცხული, გამონაყარიც გაჩნდეს. ზოგჯერ ის ბუშტუკოვანია. ამ ადგილას კანი ხურს და მქავანაა.

კანზე რეაქცია კონტაქტიდან 24-48 საათის შემდეგ ვითარდება. სიმპტომები, განსაკუთრებით – გამონაყარი, შესაძლოა, ექსპოზიციის დასრულებიდან ერთი კვირაც კი შენარჩუნდეს.

თავად დერმატიტი 2-3 კვირაში ალაგდება. მაგრამ თუ გამაღიზიანებელი ფაქტორი შენარჩუნდა, სიმპტომები ისევ აღმოცენდება.

 

მკურნალობა

ხშირად მდგომარეობას აუმჯობესებს დაზიანებული უბნის წყლით ჩამობანა. ეს კანს გამაღიზიანებელი ნივთიერებისგან ასუფთავებს. მოწოდებულია დამარბილებელი და დამატენიანებელი კრემების, ადგილობრივი მოქმედების სტეროიდული მალამოების  გამოყენება. რთულ შემთხვევებში სისტემური მკურნალობაა საჭირო. და, რაღა თქმა უნდა, რეკომენდებულია საეჭვო კონტაქტების შეზღუდვა.

 

***

 

მწერების ნაკვალევი

რა სჯობია ბუნების წიაღში დასვენებას, დამღლელი სამუშაო კვირის შემდეგ სიმწვანეში, სუფთა ჰაერზე, პიკნიკის მოწყობას... მაგრამ ვინ გვაცდის?! – მანქანიდან გადმოსვლა და პატარა სისხლისმწოველების შემოსევა ერთია! ისღა დაგრჩენიათ, შეეგუოთ, რომ ბუნების წიაღში გასეირნება სასიამოვნო მოგონებებთან ერთად უსიამოვნო სიმპტომებსაც დაგიტოვებთ.

ნაკბენის პირველი ნიშანი უმეტესად ქავილია. შემდეგ ნაკბენ ადგილას კანი ამოიბურცება, შესივდება, შეწითლდება, შესაძლოა აგტკივდეთ და აგეწვათ კიდეც.

მწერის ნაკბენი შესაძლოა საბედისწეროც კი აღმოჩნდეს – სტატისტიკური მონაცემებით, მწერის ნაკბენით მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე გველის ნაკბენით. საბედნიეროდ ჩვენს ქვეყანაში ასეთი შხამიანი მწერები არ ბინადრობენ, ამიტომ ნაკბენების უმეტესობას შინაც ადვილად მოვუვლით.

 

როგორ მოვიქცეთ

. კარგად ჩამოიბანეთ ნაკბენი ადგილი.

. 10 წუთით დაიდეთ ყინული. მერე 10 წუთი შეისვენეთ და გაიმეორეთ.

. აუცილებლობის შემთხვევაში მიიღეთ ანტიჰისტამინური პრეპარატი ან ნაკბენზე მისი შემცველი მალამო წაისვით.

. მომდევნო დღეებში ყურადღებით დააკვირდით, ხომ არ ვითარდება ინფექციის ნიშნები.

 

საშიში ნაკბენი

განსაკუთრებით საყურადღებოა ფუტკრის ნაკბენი. განსაზღვრულ შემთხვევებში ის მძიმე ალერგიულ რეაქციას – ანაფილაქსიურ შოკს იწვევს. თუ მედიცინა სწრაფად არ ჩაერია, ადამიანი შესაძლოა მოკვდეს, ამიტომ თუ დაკბენილმა იგრძნო:

* გულმკერდის ტკივილი,

* ყლაპვის გაძნელება,

* სუნთქვის გაძნელება,

* თავბრუხვევა,

* მუცლის ტკივილი,

* ღებინება

ან გული წაუვიდა, –

გამოიძახეთ სასწრაფო. ალერგიულ პირებს ექიმები ურჩევენ, მუდამ თან ჰქონდეთ ადრენალინის ამპულა, რომელიც ანაფილაქსიური შოკის სამკურნალო პირველი რიგის პრეპარატად მიიჩნევა.

 

***

დასუსხული კანი

ზემოთ ჩამოთვლილმა მიზეზებმა: მწერის ნაკბენმა, ალერგენმა, საკვებმა, – შესაძლოა კიდევ ერთი მქავანა მდგომარეობა – ჭინჭრის ციებაც გამოიწვიოს. ამ დროს კანზე წითელი მქავანა ლაქები და ბუშტუკები ჩნდება. ელემენტებს მკვეთრად გამოხატული საზღვრები აქვს, თუმცა იზრდება, შესაძლოა გაერთიანდეს და კანის მოზრდილი უბანი მოიცვას. ხშირად გამონაყარი ფორმას იცვლის, ქრება და ისევ ჩნდება. ურტიკარია ამ დაავადების სამედიცინო სახელწოდებაა, ჭინჭრის ციებას კი დამახასიათებელი შესახედაობის გამო უწოდებენ.

ურტიკარია ალერგიული რეაქციის ერთ-ერთი გამოხატულებაა. უკვე ჩამოთვლილ ფაქტორებთან ერთად შესაძლოა განვითარდეს კონკრეტული მედიკამენტით მკურნალობის, ემოციური სტრესის, ძლიერი ოფლდენის, ვარჯიშის, წყალთან კონტაქტის ფონზეც. არც ის არის გამორიცხული, მის უკან დაავადება იმალებოდეს – ლეიკემია, მონონუკლეოზი, სისტემური წითელი მგლურა... ვინაიდან საქმე მაინც ალერგიულ რეაქციასთან გვაქვს, იშვიათად ურტიკარიას შესაძლოა მძიმე გართულება – ანაფილაქსიური შოკი მოჰყვეს.

 

ჭინჭრის ციების დიაგნოსტიკა რთული არ არის. უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია დამახასიათებელი გამონაყარი. თუ დასტურდება ალერგიული ფონიც, მაგალითად, პაციენტმა ცოტა ხნით ადრე მარწყვი მიირთვა, ესეც ურტიკარიის სასარგებლოდ მეტყველებს. ზოგჯერ საჭირო ხდება კანის ბიოფსია.

არსებობს ქრონიკული ურტიკარიაც. ასე დაავადება მაშინ მოიხსენიება, თუ 6 კვირაზე მეტხანს გასტანა. მწვავე ჭინჭრის ციება კი დაახლოებით 48 საათის შემდეგ თავისთავად გაივლის. მანამდე სიმპტომების შესასუსტებლად ზოგადი რეკომენდაციებით იხელმძღვანელეთ. ძლიერი ქავილის შემთხვევაში ანტიჰისტამინური პრეპარატის მიღებაც შეიძლება.

 

***

 

პარაზიტები გვიტევენ

 

ტილებს, ქავილის გამომწვევ ამ პაწაწინა პარაზიტებს, ყველა იცნობს. მათი საზოგადოება მარტო უსიამოვნო კი არა, უხერხულიცაა. ცნება “ტილიანი” ხალხში დაბალ სოციალურ სტატუსსა და ჰიგიენურ კულტურასთან ასოცირდება. სინამდვილეში ტილების შემოსევას არც შემოსავალთან აქვს კავშირი და არც ჰიგიენურ ჩვევებთან.

მაშ, ვინ არის დამნაშავე?

 

ტილებს ცხოველები არ ავრცელებენ, მხოლოდ ადამიანი თუ გისაჩუქრებთ, მაგრამ ამისთვის საჭიროა, მასთან მჭიდრო კონტაქტი გქონდეთ – ტილებს არც ფრენა შეუძლიათ, არც ხტომა, მხოლოდ დაცოცავენ, შესაბამისად, კონტაქტი იმდენად ახლო უნდა იყოს, რომ პაწაწინა პარაზიტმა ერთი მასპინძლისგან მეორეზე გადაცოცება მოახერხოს. პედიკულოზი პირადი ნივთების – ქუდის, თმის სამაგრის, სავარცხლის – საშუალებითაც ვრცელდება, თუმცა გაცილებით ნაკლებად. პირადი ჰიგიენა მის გავრცელებაზე გავლენას არ ახდენს.

პედიკულოზი ყველაზე ფართოდ 3-დან 11 წლამდეა გავრცელებული – ბავშვები ხომ ერთად თამაშის დროს ერთმანეთს ხშირად ეხებიან თავით. პატარებისგან კი პარაზიტები ოჯახის სხვა წევრებსაც გადაედება.

 

უნებართვო დონაცია

ტილი პარაზიტია და არსებობისთვის მასპინძლის სისხლი სჭირდება. ადამიანსაც რაღა დარჩენია – თუ მის თავზე ტილებმა დაიდეს ბინა, უნებლიეთ მათ დონორად იქცევა. სწორედ სისხლის გაღების შედეგია ის სიმპტომებიც, რომლებიც ტილების შემოსევას, მედიცინის ენაზე კი პედიკულოზს ახასიათებს:

* თავის ქავილი – განპირობებულია ნაკბენზე ალერგიული რეაქციაით;

* ნაკაწრები და წყლულები – შესაძლოა ბაქტერიებით მათი ინფიცირებაც;

* ძილის დარღვევა, ვინაიდან პარაზიტები განსაკუთრებით ღამით აქტიურობენ.

ბავშვის დატილიანებას უფროსები, უპირველესად, ქავილის საფუძველზე ეჭვობენ. ქავილი განსაკუთრებით ინტენსიურია თმის ძირებში და ყურების უკან. ამის შემდეგ ბავშვს თავს უთვალიერებენ, სადაც ზოგჯერ შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს ტილებითა თუ მათი კვერცხებით მოკაზმული თმა, ზოგჯერ კი დამნაშავეს გამადიდებელი შუშით პოულობენ.

 

ბრძოლა წესებით და წესების გარეშე

პედიატრს თუ მიმართავთ, ის, სავარაუდოდ, სპეციალურ ლოსიონს, შამპუნს ან სხვა ეფექტურ საშუალებას გირჩევთ. მაგრამ ისე როგორ იქნება, ერთი-ორი რჩევა ნაცნობ-მეგობრებსაც არ ვკითხოთ?! აი, აქ კი ნამდვილად დაიბნევით: აღმოჩნდება, რომ ყველას პაწაწინა სისხლისმწოველებთან ბრძოლის საკუთარი გამოცდილება აქვს. რას არ გაიგონებთ! ზოგიერთი იდეა უბრალოდ უცნაური მოგეჩვენებათ, ზოგი კი საშიშიც. არ დაიჯერებთ და ცივილიზებულ დასავლეთშიც ჰქონიათ თავიანთი უცნაურობები... ერთ ავტორიტეტულ ინგლისურენოვან საიტზე გაფრთხილება ამოვიკითხე: არ არსებობს იმის მეცნიერული მტკიცებულება, რომ შესაძლებელია ტილების დამარცხება მაიონეზითა თუ ზეითუნის ზეთით, ნავთისა და ბენზინის გამოყენება კი მათი აალებადობის გამო ძალიან საშიშიაო (!).

მაიონეზისა და ზეითუნის ზეთის “მოდა” საქართველოში ჯერ არ შემოსულა, ნავთი კი ნამდვილად “აპრობირებული” მეთოდია. თუმცა რა ეფექტურიც არ უნდა იყოს, პატარა ბავშვის თავზე ასეთი ექსპერიმენტების ჩატარებას ექიმები ნამდვილად არ გვირჩევენ. ჯობს, ისევ უსაფრთხო მეთოდებს დავჯერდეთ. მით უმეტეს, თუ წესებს დაიცავთ, ტილების მოცილება არც ისე ძნელია.

* ყურადღებით წაიკითხეთ სპრეის, შამპუნის, კრემის გამოყენების ინსტრუქცია: მათი წასმა მხოლოდ თავის თმიან ნაწილზეა ნებადართული. ყურადღება მიაქციეთ დაყოვნების ხანგრძლივობას, ჩამობანის წესს და ა.შ.

* ერთ ჯერზე მხოლოდ ერთი პროდუქტი მოიხმარეთ. გარდა იმ შემთხვევისა, თუ თავად ექიმი არ გირჩევთ ერთდროულად რამდენიმეს გამოყენებას.

ჩამობანის შემდეგ გამოიყენეთ წვრილი ან სპეციალური “ტილების” სავარცხელი. ის მკვდარი პარაზიტების მოცილებაში დაგეხმარებათ.

ამ მეთოდით თმა უნდა ივარცხნოთ 2-3 დღეში ერთხელ 2-3 კვირის განმავლობაში. ეს მკვდარ ტილებსაც მოგაცილებთ და გადარჩენილებსაც.

თუ ორსულად ხართ, ძუძუს აწოვებთ ბავშვს ან ის 3 წლამდე ასაკისაა, პროდუქტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.

 

კიდევ რა?

* ტანსაცმელი, თეთრეული, პირსახოცი ცხელი წყლით გარეცხეთ და ცხელი უთოთი გააუთოეთ.

* სავარცხელი გამოყენების შემდეგ 5-10 წუთით ცხელ წყალში ჩაალბეთ.

* მტვერსასრუტით გაწმინდეთ იატაკი და ავეჯი, განსაკუთრებით იქ, სადაც დაავადებული იჯდა ან იწვა.

* თუ რომელიმე ნივთს ვერ რეცხავთ, ორი კვირით პოლიეთილენის პარკში შეფუთეთ.

 

სანამ ურემი გადაბრუნდება

პედიკულოზის პრევენცია არც ისე ადვილია, მაგრამ ამ წესების დაცვა ნულამდე თუ არ დაიყვანს, საგრძნობლად მაინც შეამცირებს პარაზიტების შემოსევის ალბათობას.

* ასწავლეთ ბავშვებს, თამაშის დროს მოერიდონ მეტისმეტად ახლო კონტაქტს;

* არ ჩაიცვან სხვისი ტანსაცმელი, არ დაიხურონ სხვისი ქუდი და არც სხვა ისეთი ნივთები გამოიყენონ, რომლებიც თავს ეხება – ყურსასმენი, თმის სამაგრი და სხვა.

თუ ბავშვს ტილები აქვს, არ გაუშვათ სკოლასა და საბავშვო ბაღში, სანამ არ მოაშორებთ.

 

 

მუნი

მუნი კანის პარაზიტული დაავადებაა. მას პაწაწინა ტკიპა იწვევს. ეს მავნე არსება კანში კვერცხებს დებს. კვერცხი 21 დღეში იჩეკება. ტკიპაზე ალერგიული რეაქციის შედეგია ქავილი – მუნის მთავარი სიმპტომი.

დაავადება ნებისმიერ ასაკში და ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება დაგემართოთ. მუნი დაავადებულის კანთან კონტაქტის შედეგად ვრცელდება, ამიტომ მაღალია მისი გავრცელება მჭიდრო კონტაქტის მქონე ჯგუფებში – საბავშვო ბაღებში, სამედიცინო დაწესებულებებში, საერთო საცხოვრებლებში. ხშირად მთელი ოჯახი ავადდება.

მუნის სიმპტომებია:

* ძლიერი ქავილი, განსაკუთრებით – ღამღამობით;

* წვრილი, ხაზოვანი, ქერქით დაფარული გამონაყარი თითებს შორის, მკერდის, მაჯის, დუნდულების მიდამოში;

* კანის ტკივილი ძლიერი ქავილით გამოწვეული დაკაწვრისა და დაზიანების შედეგად.

ბავშვებს უმეტესად მთელი სხეული ექავებათ, განსაკუთრებით ინტენსიურად – თავი, სახე და კისერი. სახეს მუნი მხოლოდ ბავშვებთან აზიანებს.

 

როგორ მოვიქცეთ

მკურნალობის დაწყებამდე ტანსაცმელი და თეთრეული, რომელიც კი ბოლო დღეების განმავლობაში ერთხელ მაინც გამოგიყენებიათ, ცხელ (60 ⁰c ან უფრო მაღალი ტემპერატურის) წყალში უნდა გარეცხოთ. თუ ეს შეუძლებელია, ცალკე გადააწყვეთ და 72 საათი სხეულისგან მოშორებით გააჩერეთ – მასპინძლის გარეშე ტკიპები იღუპებიან.

მკურნალობა უნდა ჩაიტაროს პაციენტის მთელმა ოჯახმა და სქესობრივმა პარტნიორმაც, თუნდაც სიმპტომები არ ჰქონდეთ.

სამკურნალოდ ყველაზე ხშირად იყენებენ პერმეტრინის 5%-ან კრემს. ის მთელ სხეულზე უნდა წაისვათ. შესაძლოა, ექიმმა სხვა მალამოებიც დაგინიშნოთ. ძლიერი ქავილის დროს რეკომენდებულია ანტიჰისტამინური პრეპარატები.

სიმპტომები მკურნალობის დაწყებისთანავე ჩაცხრება, მაგრამ საბოლოო განკურნებას ორი კვირა მაინც დასჭირდება. ამ ხნის შემდეგ გადასამოწმებლად ხელახლა უნდა მიბრძანდეთ ექიმთან. სასურველია, დაიცვათ რამდენიმედღიანი კარანტინიც.

თუ ექიმის რეკომენდაციებს შეასრულებთ, მუნის ტკიპის დამარცხება არ გაგიჭირდებათ.

 

 

***

ფსორიაზი

ფსორიაზი კანის ქრონიკული მორეციდივე დაავადებაა, რომელიც დამახასიათებელი გამონაყარით ვლინდება. საკმაოდ გავრცელებულია და ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაგვემართოს, თუმცა ყველაზე ხშირად 15-დან 35 წლამდე იჩენს თავს.

რა იწვევს ფსორიაზს? მეცნიერები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ გენეტიკას, თუმცა მემკვიდრეობით განწყობას სხვა შინაგანი თუ გარეგანი ფაქტორებიც უნდა დაერთოს, მაგალითად, სტრესი.

ნორმალური კანის უჯრედები მუდმივად ახლდება. ახალი უჯრედები კანის სიღრმეში წარმოიქმნება და დაახლოებით თვეში ერთხელ ზედაპირზე “ამოდის”. ფსორიაზის დროს ეს პროცესი დაჩქარებულია. მკვდარი უჯრედები კანის ზედაპირზე იყრის თავს. ჭარბი კანი აქერცვლას ვერ ასწრებს და ქერქს წარმოქმნის. სწორედ ამის შედეგია ფსორიაზისთვის დამახასიათებელი სიმპტომებიც:

* უპირველეს ყოვლისა – გამონაყარი, ე.წ. ბალთები, რომლებიც მოვერცხლისფრო ქერქით იფარება. განსაკუთრებით უხვია იდაყვებზე, მუხლებზე, თავის თმიან ნაწილზე;

* ქავილი, რომელიც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ახალი ფსორიაზული ბალთების წარმოქმნას. მაშასადამე, შეიძლება ითქვას, რომ ქავილი ფსორიაზის როგორც სიმპტომი, ისე გამამწვავებელი ფაქტორია.

ფსოქრიაზი ერთბაშადაც შეიძლება განვითარდეს და თანდათანობითაც. მაპროვოცირებელ ფაქტორებს მიეკუთვნება:

* ინფექციები;

* მშრალი ჰავა;

* კანის სიმშრალე;

* ჭრილობა, ნაკბენი, დამწვრობა;

* ზოგიერთი მედიკამენტი;

* სტრესი;

* მზის სხივების დეფიციტი ან სიჭარბე.

ზოგჯერ ფსორიაზთან ერთად თავს იჩენს ართრიტიც. ასეთ პაციენტებს მომატებული აქვთ ღვიძლის გაცხიმოვნების, გულ-სისხლძრაღვთა სისტემის დაავადებების განვითარების რისკი.

დიაგნოზის დასასმელად ხშირად კანის დათვალიერებაც კმარა. ზოგჯერ საჭირო ხდება კანის ბიოფსია. თუ გამონაყარსა და ქავილს თან ახლავს სახსრების ტკივილი ან სხვა სისტემური ჩივილები, სხვა დაავადებების გამოსარიცხად დამატებითი კვლევები ტარდება.

ფსორიაზი არ იკურნება. მკურნალობის მიზანი მდგომარეობის კონტროლი, ინფექციის თავიდან აცილება და რემისიის მაქსიმალურად გახანგრძლივებაა. ზოგჯერ ეს უკანასკნელი წლობითაც გრძლედება, თუმცა ყოველთვის რჩება ალბათობა, რომ მაპროვოცირებელი ფაქტორის გავლენით სიმპტომები კვლავ იჩენს თავს.

მკურნალობენ მალამოებით, კრემებით და ლოსიონებით, ფოტოთერაპიით. ამასთან ერთად აუცილებელია კანის მოვლაც – ის ყოველთვის სუფთა და ტენიანი უნდა იყოს. კარგია მზის აბაზანები, თუმცა ზომიერება უნდა დაიცვათ – მზით დამწვრობა ფსორიაზის მაპროვოცირებელ ფაქტორად ითვლება.

სწორი მკურნალობის შემთხვევაში ფსორიაზი ჯანმრთელობაზე სერიოზულ გავლენას ვერ ახდენს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ მის ფონზე მომატებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი, ამიტომ ამ მიმართულებით მეტი ყურადღება გვმართებს.

 

***

საშინაო დავალება

კანის რომელი დაავადებითაც არ უნდა იყოს გამოწვეული ქავილი, მისი სწორი მოვლა წამლების გამოყენების აუცილებლობას ამცირებს და შედეგს აუმჯობესებს.

* აუცილებელია კანის დანოტივება. ამისთვის არსებობს კრემები და ლოსიონები, რომლებიც დღეში 2-3 ჯერ უნდა წაისვათ. აარჩიეთ ნაწარმი, რომელიც არ შეიცავს ალკოჰოლს, არომატიზატორებს, საღებავებს და ქიმიკატებს. კრემი წაისვით ბანაობის დასრულებისთანავე, სანამ კანი ჯერ კიდევ ნოტიოა. ეს ხელს შეუწყობს ტენის შენარჩუნებას.

* ოთახში ჰაერის სათანადო ტენიანობის შენარჩუნებაში ჰაერის დამატენიანებელიც დაგეხმარებათ.

* ძლიერი ქავილის შემთხვევაში დალიეთ ანტიჰისტამინური მედიკამენტი.

* არ გაიზარდოთ ფრჩხილები. თუ ქავილი მეტისმეტად ინტენსიურია, ღამით ხელთათმანები ჩაიცვით.

* ერიდეთ ყველაფერს, რაც სიმპტომების გამწვავებას იწვევს, მათ შორის – გამაღიზიანებელ ნივთიერებებთან კონტაქტს.

 * გამოიყენეთ სარეცხი საშუალებები, რომლებიც არ შეიცავს საღებავებსა და არომატიზატორებს.

* ნუ დარჩებით შხაპის ქვეშ ან აბაზანში 10 წუთზე მეტხანს.

* ხელის, სახის, იღლიის, სასქესო ორგანოების ჰიგიენისთვის გამოიყენეთ მხოლოდ საპონი.

* ბანაობის შემდეგ არ გაიმშრალოთ კანი ძლიერად და უხეშად.

* ეპილაცია ჩაიტარეთ ბანაობის დასრულებისთანავე, სანამ თმა რბილია.

* ჩაიცვით რბილი, მოხერხებული ტანსაცმელი.

* გაღიზიანებულ ადგილას დაიდეთ ცივი კომპრესი.

* სვით ბევრი წყალი.

 

თუ კანის სიმშრალე და ქავილი მოსვენებას არ გაძლევთ, გაგიჩნდათ ნაკაწრები და წყლულები და ზემოთ მოყვანილი რჩევები არ გშველით, მიმართეთ ექიმს.

 

 

ქავილი და შინაგანი დაავადებები

 

მართალია, ქავილი უმეტესად კანის პირველად დაავადებებთან ასოცირდება, მაგრამ არსებობს არაერთი შინაგანი სნეულებაც, რომლებსაც შეუძლია, ადამიანი გაუსაძლის გენერალიზებულ ქავილამდე მიიყვანოს. შინაგანი დაავადებებით განპირობებული ქავილი, მიზეზების შესაბამისად, შეგვიძლია რამდენიმე კატეგორიად დავყოთ:

. ღვიძლისმიერ,

. თირკმლისმიერ,

. ჰემატოლოგიურ ანუ სისხლისა და სისხლმბადი სისტემის პრობლემებით გამოწვეულ,

. ენდოკრინულ დაავადებებთან დაკავშირებულ,

. სიმსივნურ დაავადებებთან დაკავშირებულ და

. იდიოპათიურ (უცნობი წარმოშობის) ქავილად.

მოდი, ცალ-ცალკე განვიხილოთ თითოეული მათგანი და გავიგოთ, რა თავისებურებით გამოირჩევა ამ დაავადებების მიმდინარეობა, როგორ ამოვიცნოთ, როგორ ხდება მათი დიაგნოსტიკა თუ მკურნალობა.

 

***

ღვიძლისმიერი ქავილი

ღვიძლის დაავადებებისა და ქავილის მჭიდრო კავშირის შესახებ ცნობები უძველესი დროიდან არსებობს. ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე საუკუნეში მოღვაწე ბერძენი ექიმი არეთეუსი შენიშნავდა, რომ სიყვითლეს, რომელიც ღვიძლის მრავალ დაავადებას ახლავს თან, თითქმის ყოველთვის ერთვის ქავილიც. ქავილი ღვიძლის პათოლოგიების ერთ-ერთი გავრცელებული სიმპტომია. ის განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ღვიძლის ქოლესტაზის დროს. ქოლესტაზი ნაღვლის შეგუბებაა. ნაღველი შეიძლება შეგუბდეს როგორც ღვიძლგარეშე, ასევე ღვიძლშიდა მიზეზებით. ქრონიკულ ქავილს უმეტესად ღვიძლშიდა მიზეზებით გამოწვეული ქოლესტაზი იწვევს. ნაღვლის ასეთი შეგუბების მიზეზად შეიძლება იქცეს პირველადი ბილიარული ციროზი, ალკოჰოლური ციროზი, B და C ქრონიკული ჰეპატიტები, ავტოიმუნური ჰეპატიტები და სხვა. ცნობილია აგრეთვე ღვიძლშიდა ქოლესტაზი ორსულობის დროს და ოჯახური ღვიძლშიდა ქოლესტაზი. შედარებით იშვიათია ქავილი ღვიძლგარეშე მიზეზებით, მაგალითად, სანაღვლე გზების კენჭით დაცობით, პირველადი სკლეროზული ქოლანგიტით (ნაღვლის სადინარების დაავადება), პანკრეასის თავის კიბოთი გამოწვეული ქოლესტაზის დროს.

 

რისი ბრალია

რატომ აღმოცენდება ქავილი ღვიძლის დაავადებების დროს, დანამდვილებით ჯერ კიდევ არ ვიცით. ზოგი ვარაუდობს, რომ ქავილს ნაღვლის შეგუბების შედეგად სისხლში (ქოლემია) ან კანში დიდი რაოდენობით გადასული ნაღვლის მარილები იწვევს. ერთ-ერთი კვლევის დროს ნაღვლის მარილების კანქვეშ შეყვანამ ჯანმრთელ მოხალისეებთან ქავილს მართლაც გაუწია პროვოცირება, თუმცა სხვა კვლევებს არ დაუდასტურებია კორელაცია კანში მათ კონცენტრაციასა და ქავილის ინტენსივობას შორის. ჰისტამინი (ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება), ოპიოიდები, დაზიანებული ჰეპატოციტების (ღვიძლის უჯრედების) მიერ წარმოქმნილი ნივთიერებებიც ქავილის ხელშემწყობ საგულისხმო ფაქტორებად მიიჩნევა.

 

რა ახასიათებს

სხვა შინაგანი პათოლოგიების თანმხლები ქავილისგან განსხვავებით, ღვიძლის დაავადებების დროს აღმოცენებულ ქავილს უნიკალური კლინიკური თავისებურებები ახასიათებს. პაციენტების უდიდესი ნაწილი მისი ინტენსივობის ცვალებადობას ცირკადულ (დღე-ღამის მონაცვლეობასთან დაკავშირებულ) რიტმს უკავშირებს. მაგალითად, ქავილი ყველაზე ძლიერია გვიან საღამოს და ღამით, დღისით კი შედარებით სუსტია. ღვიძლისმიერი ანუ ჰეპატოგენური ქავილი შესაძლოა მთელ სხეულს მოედოს, თუმცა უმეტესად მხოლოდ კიდურებს და ხელისგულებსა და ფეხისგულებს მოიცავს (პალმოპლანტარული ქავილი).

ჰეპატოგენურ ქავილს ხშირად ამწვავებს:

* ფსიქოლოგიური სტრესი;

* სიცხე;

* ზოგიერთ ქსოვილთან, მაგალითად, შალთან კონტაქტი;

* მენსტრუაციამდელი სინდრომი;

* ორსულობის გვიანი სტადია;

* ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია მენოპაუზის დროს (რაც ბადებს ეჭვს, რომ ღვიძლისმიერი ქავილის პათოგენეზში განსაზღვრულ როლს ქალის სასქესო ჰორმონებიც ასრულებს).

ღვიძლისმიერი ქავილის დროს პაციენტები ჩივიან, რომ მოქავება თითქმის არ აყუჩებს ქავილის შეგრძნებას. ძლიერი მოქავების შედეგად კანზე შესაძლოა გაჩნდეს ნაკაწრები, ნაწიბურები, განვითარდეს მეორეული ფოლიკულიტი (თმის ფოლიკულების ანთება).

ღვიძლის ქოლესტაზის დროს ქავილი შეიძლება იყოს შედარებით სუსტიც და იმდენად გაუსაძლისიც, რომ ადამიანი აგონიამდე მიიყვანოს. ასეთი ქავილი ძალზე აქვეითებს ცხოვრების ხარისხს, ზღუდავს ყოველდღიურ აქტივობას, არღვევს ძილს, იწვევს გადაღლილობას, კოგნიტიურ პრობლემებს, განწყობის ცვლილებებს, შფოთვას, დეპრესიას და ზოგჯერ ადამიანი სუიციდის მცდელობამდეც კი მიჰყავს.

 

პირველადი ბილიარული ციროზის მქონე პაციენტებთან ქავილი დაავადების ნებისმიერ სტადიაზე შეიძლება გამოვლინდეს. მისი ინტენსივობა დროთა განმავლობაში შესაძლოა შემცირდეს, თუმცა მკურნალობის გარეშე მთლიანად თითქმის არასოდეს გაივლის.

საინტერესოა, რომ, ბრიტანეთში ჩატარებულმა ერთ-ერთმა კვლევამ გამოავლინა ქავილის ინტენსივობის კავშირი პაციენტის ასაკთან: პირველადი ბილიარული ციროზის მქონე 50 წლამდე ასაკის პაციენტებს ქავილის ინტენსივობა 64%-ით უფრო მაღალი ჰქონდათ, ვიდრე 70 წელს გადაცილებულებს.

 

დიაგნოსტიკა

ღვიძლისმიერი ქავილის დიაგნოსტიკა გამომწვევი პათოლოგიის დიაგნოსტიკას გულისხმობს. საჭიროებისამებრ, ტარდება ლაბორატორიული, იმუნოლოგიური, ულტრაბგერითი, კომპიუტერულ ტომოგრაფიული თუ მაგნიტურ-რეზონანსულ-ტომოგრაფიული დიაგნოსტიკური პროცედურები. ზოგჯერ საჭიროა ბიოფსიაც. არის შემთხვევები, როდესაც ექიმი გასინჯვითაც ამჩნევს, რომ ქავილი ღვიძლისმიერია. მაგალითად, ქოლესტაზის დროს ქავილთან ერთად შეინიშნება:

* სიყვითლე;

* ობობას ქსელისმაგვარი სისხლძარღვოვანი სურათები კანზე;

* ხელისგულებზე კანის პათოლოგიური გასქელება და გამკვრივება, რაც თითების მოღუნვას, მათი ფუნქციის დაქვეითებას იწვევს;

* ფრჩხილების სითეთრე;

* გინეკომასტია (სარძევე ჯირკვლების ზრდა მამაკაცებში);

* ქსანთელაზმები (ცხიმგროვები ქუთუთოებზე);

* სპლენომეგალია (ელენთის გადიდება);

* ასციტი (დიდი რაოდენობით სითხის დაგროვება მუცლის ღრუში).

 

გართულებები

ძლიერი ქავილის მეტად საყურადღებო გართულებებია ძილის დარღვევა და სუიციდთან დაკავშირებული ფიქრების გაჩენა. ნებაზე მიშვებული ღვიძლშიდა ქოლესტაზის თანხმლები ძლიერი ქავილი ორსულობისას ხშირად ასოცირებულია ნაადრევ მშობიარობასა და მკვდრადშობადობასთან. ქავილი ხშირად იწვევს კანის მეორეულ დაზიანებას: ლიქენს (კანის ანთებითი დაავადება), ექსფოლიაციებს (კანის ეპითელიუმის აშრევება), რომლებიც, თავის მხრივ, შესაძლოა ინფექციის კარიბჭედ იქცეს.

 

მკურნალობა

ღვიძლის დაავადებების თანმხლები ქავილის მკურნალობა მედიცინისთვის ჯერ კიდევ პრობლემას წარმოადგენს. ამის მიზეზი ღვიძლისმიერი ქავილის პათოფიზიოლოგიისა და პათოგენეზის ნაწილობრივი ცოდნაა. არსებობს უამრავი ფაქტორი, რომლებიც სრულყოფილად ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი. მათი მართვა მედიკამენტთა სხვადასხვა ჯგუფის კომბინაციების საშუალებით ხორციელდება. ამ თერაპიების დიდი ნაწილი ჯერ ექსპერიმენტულ დონეზეა და მათი საბოლოო ეფექტიანობისა თუ უეფექტობის გამოსავლენად კიდევ მრავალი კვლევაა საჭირო.

პირველი რიგის მედიკამენტად ქოლესტირამინი მიიჩნევა. ის ნაღვლის მჟავების ნაწლავებიდან უკუშეწოვას აფერხებს და მათ გამოდევნას უწყობს ხელს. რამდენიმე კვლევამ დაადასტურა, რომ მას ჰეპატოგენური ქავილის შესამჩნევად შემსუბუქება შეუძლია. ქოლესტაზის დროს ქავილის სამკურნალოდ ასევე იყენებენ რიფამპინს (ღვიძლის ფერმენტების სტიმულატორი), ოპიოიდების ანტაგონისტებს და სხვა. დამატებით თერაპიად შეიძლება ანტიჰისტამინური მედიკამენტების გამოყენებაც. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ქოლესტაზური ქავილის მქონე პაციენტების 65%-მა ქავილის შემსუბუქება სიცივის ზემოქმედებისას იგრძნო.

 

***

თირკმლისმიერი ქავილი

თირკმლის ქრონიკულ უკმარისობასთან ასოცირებული ქავილიც, იგივე ურემიული ქავილი, მეტად სერიოზულ სამედიცინო პრობლემას წარმოადგენს. ბოლოდროინდელი კვლევების თანახმად, ქავილი თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტების 40-50%-ს აღენიშნება. მას ჰემოდიალიზზე მყოფთა დაახლოებით მესამედთან ვხვდებით. ურემიული ქავილიც, ღვიძლისმიერის მსგავსად, საგრძნობლად აქვეითებს ცხოვრების ხარისხს, არღვევს ძილს, იწვევს დეპრესიას. კვლევებით დასტურდება, რომ ურემიული ქავილის ფონზე დაახლოებით 17%-ით მაღალია ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტების სიკვდილიანობა. თირკმლისმიერი ქავილი არ არის დაკავშირებული ასაკთან, სქესთან, ეთნიკურ წარმომავლობასთან, დიალიზის ხანგრძლივობასთან, თავად თირკმლის უკმარისობის გამომწვევ მიზეზთან.

აღსანიშნავია, რომ თირკმლის მწვავე უკმარისობის დროს ქავილი არ გვხვდება –ის მხოლოდ ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებისთვისაა დამახასიათებელი.

 

რა იწვევს

ურემიული ქავილის აღმოცენების ზუსტი მექანიზმი უცნობია. ვარაუდობენ, რომ მასში მრავალი ფაქტორი მონაწილეობს, მაგალითად, რკინის დეფიციტი, ჰისტამინი, კალციუმისა და ფოსფორის მეტაბოლიზმის მოშლა, მეორეული ჰიპერპარათირეოიდიზმი (ფარისებრახლო ჯირკვლების ფუნქციის გააქტიურება), A ჰიპერვიტამინოზი (A ვიტამინის სიჭარბე), ალერგიული რეაქცია დიალიზისთვის გამოყენებულ საშუალებებზე, სენსორული და მოტორული ნერვების გაღიზიანება, ენდოგენური ოპიოიდები (ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები), სისხლში ტოქსიკური ნივთიერებების დაგროვება და სხვა.

 

ნიშნები და სიმპტომები

ურემიულ ქავილს შეტევითი ხასიათი აქვს. შეტევა ზოგჯერ სულ რამდენიმე წუთი გრძელდება, ზოგჯერ კი მთელი დღე და ღამე გასტანს. მისი ინტენსივობა, წესისამებრ, ღამით იმატებს და შეუძლებელს ხდის დაძინებას. ქავილი შეიძლება იყოს როგორც გენერალიზებული (შემთხვევათა 20-50%), ასევე რომელიმე კონკრეტულ უბანზე ლოკალიზებულიც, უმეტესად –

* ზურგზე,

* მუცელზე,

* თავზე,

* მკერდზე,

* მკლავებზე.

კანი ამ დროს შეიძლება იყოს ნორმალურიც და სიმშრალისკენ მიდრეკილიც. მოქავების შედეგად ხშირად ჩნდება ნაკაწრები და გამონაყარი. სკალპზე (თავის კანის თმიან ნაწილზე) შესაძლებელია აქერცლილი უბნების ნახვა. შესაძლოა, ფერი იცვალოს ფრჩხილებმა, განვითარდეს პერიფერიული ნეიროპათია (პერიფერიული ნერვების დაზიანება).

ურემიულ ქავილს შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს სიცხემ, ოფლმა, სტრესმა. ცივი შხაპი მდგომარეობას ამსუბუქებს. პაციენტების ნაწილი აღნიშნავს, რომ თირკმლისმიერი ქავილის ინტენსივობა ზაფხულობით იმატებს.

ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებთან კვლევების შედეგები ურთიერთსაწინააღმდეგოა. მკვლევართა ნაწილი მიუთითებს, რომ ასეთ პაციენტებს ქავილი დიალიზის სესიის დროს უძლიერდებათ, ხოლო ნაწილი ამტკიცებს, რომ, პირიქით, პაციენტები დიალიზის დაწყებისთანავე გრძნობენ შვებას.

 

გართულებები

თირკმლისმიერმა ქავილმა შესაძლოა კანის მექანიკურ დაზიანებამდე მიგვიყვანოს, რაც, თავის მხრივ, სათავეს უდებს კანის სხვადასხვა პათოლოგიას: იმპეტიგოს (კანის ინფექცია), ქრონიკულ დერმატიტს (კანის ანთებითი დაავადება), ეგზემას (კანის ალერგიული დაავადება), ლიქენს.

თირკმლისმიერი ქავილი საგრძნობლად აუარესებს ცხოვრების ხარისხს – იწვევს ძლიერ დისკომფორტს, შფოთვას, დეპრესიას, ძილის დარღვევას. ძილის დარღვევამ, თავის მხრივ, შესაძლოა გამოიწვიოს ქრონიკული დაღლილობა და სადღეღამისო რიტმის არევა, რაც მეტად უარყოფით გავლენას ახდენს მენტალურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ერთ-ერთმა იაპონურმა კვლევამ გამოავლინა კავშირი ურემიულ ქავილსა და სიკვდილის რისკის მატებას შორის.

 

მკურნალობა

ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის თირკმლისმიერი ქავილის მკურნალობის პირველი საფეხური თავად დიალიზის პროცედურის ეფექტურად წარმართვა და და სისხლიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნაა. დიალიზის არასათანადოდ ჩატარების შემთხვევაში ქავილი შესაძლოა უფრო გამწვავდეს.

ზოგიერთ შემთხვევაში ქავილის ინტენსივობა შესაძლოა შეამციროს პლაზმაში კალციუმისა და ფოსფორის ადეკვატურმა კონტროლმა და მეორეული ჰიპერპარათიეოიდიზმის მკურნალობამ. ზოგჯერ ქავილის შესამცირებლად ფარისებრახლო ჯირკვლების ამოკვეთაც ხდება საჭირო.

თუ თირკმლისმიერ ქავილს რკინადეფიციტური ანემიაც ერთვის, შესაძლოა, სისხლის კორექციამაც გააუმჯობესოს მდგომარეობა.

კვლევებმა აჩვენა, რომ თირკმლისმიერი ქავილის პათოგენეზში შედარებით ნაკლებ როლს ასრულებს ჰისტამინი, ამიტომ ანტიჰისტამინური მედიკამენტებით მკურნალობამ შესაძლოა არავითარი შედეგი არ გამოიღოს.

 

თირკმლისმიერი ქავილის მკურნალობის ერთ-ერთი საკმაოდ ეფექტური მეთოდია ფოტოთერაპია, რომელიც ულტრაიისფერი სხივებით მკურნალობას გულისხმობს. თერაპიისთვის გამოიყენება სპეციალური ფართოხაზოვანი UVB სხივები (ტალღის სიგრძს – 280-315 ნმ). UVB სხივები აქვეითებს კანში ფოსფორისა და A ვიტამინის შემცველობას და ხელს უწყობს ქავილის შემსუბუქებას. პაციენტები აღნიშნავენ, რომ 6-8 პროცედურის შემდეგ ქავილის რამდენიმეთვიანი რემისიის პერიოდი დგება. თუმცა აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ფოტოთერაპიის ჩატარებამდე გასათვალისწინებელია მისი პოტენციური გვერდითი ეფექტებიც: ფოტოთერაპიამ შესაძლოა გაზარდოს კანის სიმსივნის რისკი, განსაკუთრებით – მაშინ, როდესაც საქმე ეხება I-II ტიპის (ძალზე ღია ფერის) კანს.

ლოკალიზებული ქავილის შემთხვევაში რეკომენდებულია ადგილობრივი საშუალებების გამოყენება. კანის სიმშრალის აღმოსაფხვრელად გვირჩევენ დამატენიანებელ (ფურისულას, ზეთისხილის, ალისარჩულის) კრემებსა და ზეთებს და უსაპნოდ დაბანას.

კვლევებმა აჩვენა, რომ ადგილობრივი ურემიული ქავილის შესამცირებლად ძალზე ეფექტურია 0.025%-იანი კაფსაიცინის კრემის დღეში 2-4-ჯერ შეზელა, თუმცა გენერალიზებული ქავილის დროს ეს გზა უშედეგოა. კაფსაიცინი ბუნებრივი ალკალოიდია, რომელიც მწარე წიწაკაში მოიპოვება და ქავილის შემსუბუქების უნარი აქვს. მასთან ერთად ეფექტურად იყენებენ ადგილობრივ საანესთეზიო კრემებს, რომლებიც კაფსაიცინით გამოწვეულ წვის შეგრძნებას ამცირებს.

გარდა ჩამოთვლილი საშუალებებისა, არსებობს რამდენიმე სხვა ჯგუფის მედიკამენტებიც, რომლებიც განსაზღვრულ შემთხვევებში გამოიყენება თირკმლისმიერი ქავილის საწინააღმდეგოდ. მაგალითად, გაბაპენტინი – ანტიეპილეფსიური პრეპარატი, რომლის 100-300 მგ დოზით მიღებამ დიალიზის სესიის შემდეგ შესაძლოა შეამციროს ქავილის ინტენსივობა.

ურემიული ქავილი სრულიად გაივლის ან საგრძნობლად მცირდება თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდეგ.

 

***

ჰემატოლოგიური ქავილი

ჰემატოლოგიური ქავილი ეწოდება სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების პათოლოგიების დროს განვითარებულ ქავილს. მის ერთ-ერთ გავრცელებულ მიზეზად რკინის დეფიციტი მიიჩნევა. ორგანიზმში არსებული რკინის დაახლოებით 70% სისხლის წითელ უჯრედებში – ერითროციტებშია თავმოყრილი და წარმოქმნის ჰემოგლობინს, რომელიც აუცილებელია ჟანგბადის ტრანსპორტირებისთვის. მისი ფუნქციის დარღვევამ შესაძლოა მრავალი მეტაბოლური პროცესის მოშლა გამოიწვიოს. ჰემატოლოგიური ქავილის მქონე პაციენტებთან რკინის დეფიციტს შესაძლოა თან ახლდეს ანემიაც (ჰემოგლობინის ნაკლებობა). რკინის დეფიციტის დროს ქავილი ხშირად მთელ სხეულსაა მოდებული, თუმცა შესაძლოა, ლოკალიზებულიც იყოს, უმეტესად – უკანა ტანისა და სასქესო ორგანოების მიდამოში. რკინადეფიციტურ ქავილს შესაძლოა ერთვოდეს გლოსიტი (ენის ანთებადი დაავადება) და ქეილიტიც (პირის კუთხეების სიმშრალე და აქერცვლა).

ქალებში რკინის დეფიციტი ხშირად ჭარბი მენსტრუალური სისხლდენითაა გამოწვეული, ხოლო მამაკაცებში ალკოჰოლიზმს ან სიმსივნურ პათოლოგიას უკავშირდება, ამიტომ რკინის დეფიციტისა და გენერალიზებული ქავილის თანაარსებობა მამაკაცებთან, განსაკუთრებით – ხანში შესულ მამაკაცებთან, განგაშის სიგნალია. ამ დროს საჭიროა, დამატებით ჩატარდეს სისხლის ანალიზი ფერიტინის (ორგანიზმში არსებული რკინის დეპო) განსაზღვრისთვის, განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე და სხვა.

ჰემატოლოგიური ქავილის კიდევ ერთი გავრცელებული მიზეზია პოლიციტემია ვერა. პოლიციტემია ვერა პათოლოგიაა, რომლის დროსაც ძვლის ტვინი ჭარბად წარმოქმნის სისხლის წითელ უჯრედებს – ერითროციტებს. პოლიციტემია შესაძლოა გამოვლინდეს სისხლის თეთრი უჯრედებისა და თრომბოციტების სიჭარბითაც. ჭარბი უჯრედები იწვევს სისხლის შესქელებას და ზრდის თრომბის ჩამოყალიბების რისკს. ამ პათოლოგიის მქონე ადამიანების 30-50% უჩვის ქავილს. ჰემატოლოგიური ქავილის ამ სახეობას ხშირად უწევს პროვოცირებას ნებისმიერი ტემპერატურის წყალთან კონტაქტი (მაგალითად, ქავილი შეიძლება აღმოცენდეს აბაზანის ან შხაპის მიღებისას ან მიღებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ), ამიტომ მას ზოგჯერ აკვაგენურ ქავილსაც უწოდებენ. მიზეზი უმეტესად ცხელი წყალია, ცივი – შედარებით ნაკლებად. ცნობილია სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორებიც: ვარჯიშის შედეგად გაოფლიანება, ალკოჰოლის მიღება, ტემპერატურის სწრაფი ცვლილება. პოლიციტემია ვერას დროს პაციენტები ქავილთან ერთად ზოგჯერ უჩივიან თავის ტკივილს, მხედველობის დარღვევას, წონის კლებას, ღამის ოფლიანობას, თავბრუხვევას.

პოლიციტემია ვერასთვის, ქავილთან ერთად, დამახასიათებელია ღაჟღაჟა ტუჩები, ლოყები, ცხვირი და ყურები. ასეთ პაციენტებს შესაძლოა აღენიშნებოდეთ არტერიული ჰიპერტენზია და სპლენომეგალიაც (ელენთის გადიდება).

ქავილი პოლიციტემია ვერას საკმაოდ სპეციფიკური სიმპტომია, რომელმაც შესაძლოა დაავადების დიაგნოზის დასმამდე რამდენიმე წლით ადრე იჩინოს თავი. ზოგჯერ იმდენად ძლიერია, რომ პაციენტები უარს ამბობენ აბაზანის ან შხაპის მიღებაზე. მათი უმეტესობა ქავილს პოლიციტემია ვერას ყველაზე შემაწუხებელ მხარედ მიიჩნევს.

ჰემატოლოგიური დაავადებებიდან ქავილი შეიძლება განვითარდეს ჰემოქრომატოზის (დაავადება, რომელსაც ორგანიზმში რკინის ჭარბი დაგროვება ახასიათებს) და ჰოჯკინის დაავადების (ლიფური სისტემის სიმსივნე) დროსაც. აღწერილია შემთხვევები, როდესაც ქავილის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდგომი რეაქცია იყო.

 

მკურნალობა

ჰემატოლოგიური ქავილის მკურნალობა მის მიზეზზეა დამოკიდებული. მაგალითად, რკინის დეფიციტის თანმხლები ქავილი რკინის პრეპარატით მკურნალობის შემდეგ მცირდება. მკურნალობა მანამდე უნდა გაგრძელდეს, სანამ ფერიტინის მაჩვენებელი ნორმას არ დაუბრუნდება (ამას შესაძლოა უფრო მეტი დრო დასჭირდეს, ვიდრე ჰემოგლობინის მაჩვენებლის ნორმალიზებას).

პოლიციტემია ვერას დროს რკინის პრეპარატით მკურნალობამ შესაძლოა შეამციროს ქავილი, მაგრამ დაამძიმოს თვითონ დაავადება, ამიტომ არ გვირჩევენ.

ეფექტიანია სალიცილატები (ასპირინი). გარდა ამისა, იყენებენ ფოტოთერაპიას UVB სხივებით, ალფა-ინტერფერონს და სხვა. კვლევების თანახმად, ანტიჰისტამინური მედიკამენტების გამოყენება ამ დროს ამაოა. სპეციალისტები მდგომარეობის შესამსუბუქებლად აბაზანისთვის ან შხაპისთვის ნატრიუმის ბიკარბონატით ალკალიზებული ანუ გატუტიანებული – მარტივად რომ ვთქვათ, სოდიანი – წყლის გამოყენებას გვირჩევენ. ასევე რეკომენდებულია კაფსაიცინის კრემი.

ჰოჯკინის დაავადების დროს ქავილი მცირდება სხივური თერაპიის ან ქიმიოთერაპიის შემდეგ.

 

****

ენდოკრინული ქავილი

 

ქავილი დიაბეტის დროს

ენდოკრინული დაავადებებიდან ქავილი დამახასიათებელია შაქრიანი დიაბეტისთვის.

დიაბეტური ქავილი იშვიათად არის გენერალიზებული, უმეტესად ლოკალიზებულია სკალპის, გენიტალიების, უკანა ტანის მიდამოში. ზოგჯერ დაკავშირებულია თანდართულ კანდიდოზთან (სოკოვან ინფექციასთან), რომელსაც სისხლში გლუკოზის მაღალი დონის დიდხანს შენარჩუნება განაპირობებს. შესაძლოა, უკავშირდებოდეს ნეიროპათიას (პერიფერიული ნერვების დაზიანებას), კანის სიმშრალეს, ანტიდიაბეტური მედიკამენტების მიღებას. ასევე შესაძლოა ასოცირებული იყოს თირკმლისა და ღვიძლის დაზიანებასთან, რომლებიც დიაბეტის მეტად საყურადღებო გართულებებია.

დიაბეტის დროს ქავილის უგულებელყოფა არ შეიძლება. მშრალი და ქავილით გაღიზიანებული კანი უფრო ადვილად ზიანდება და ინფიცირდება, ინფექციებთან ბრძოლა კი დიაბეტის დროს გაცილებით ძნელია, ვიდრე მისი უქონლობისას.

არსებობს საშუალებები, რომლებიც დიაბეტთან დაკავშირებულ ქავილს შეამსუბუქებს და შემდგომ გართულებებს თავიდან აგვაცილებს.

 

გენიტალური ქავილი

როგორც აღვნიშნეთ, დიაბეტის დროს გენიტალური ქავილის მიზეზი ყველაზე ხშირად თანდართული სოკოვანი ინფექციაა. სისხლში გლუკოზის მაღალი კონცენტრაციის დიდხანს შენარჩუნებისას იდეალური გარემო იქმნება სოკოვანი მიკროორგანიზმების გამრავლებისთვის, თანაც ქვეითდება ინფექციებთან ორგანიზმის ბრძოლის უნარი. დიაბეტის დროს გლუკოზის დონე მომატებულია შარდშიც, რაც პათოგენური მიკროფლორის გამრავლებას უფრო მეტად უწყობს ხელს. ქავილს ხშირად ერთვის სიწითლე და წვის შეგრძნება გენიტალიების მიდამოში.

თუ გაქვთ დიაბეტი და ამ ფონზე ხშირად უჩივით გენიტალიების მიდამოს ქავილს, ეს შესაძლოა იმის ნიშანი იყოს რომ სისხლში გლუკოზის დონე დარეგულირებული არ არის, ამიტომ რაც შეიძლება მალე მიმართეთ ექიმს შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად. შემთხვევათა უმრავლესობაში ქავილი მცირდება სისხლში გლუკოზის ნორმალიზების შემდეგ.

გენიტალური ქავილის გამოწვევა ასევე შეუძლია ალერგიულ რეაქციას, ჰერპესს, ქიმიურ გამღიზიანებელს, მუნს, ბოქვენის ტილს და სხვა.

 

ნეიროპათიული ქავილი

დიაბეტთან დაკავშირებული ქავილის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი დიაბეტური ნეიროპათიაა. ეს მდგომარეობაც გლუკოზის მაღალ ციფრებს უკავშირდება. ხანგრძლივი ჰიპერგლიკემია აზიანებს პერიფერიულ ნერვულ ბოჭკოებს, განსაკუთრებით – ხელებსა და ფეხებზე. ნერვების დაზიანება იწვევს ქავილს. აქედან გამომდინარე, მუდმივი და შემაწუხებელი ქავილი დიაბეტიანებთან შესაძლოა ნერვების დაზიანების ნიშანი იყოს, ამიტომ მისი უყურადღებოდ დატოვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

პერიფერიული ნეიროპათიის დროს ქავილი უმთავრესად წვივებსა და ტერფებზე აღინიშნება. ქავილთან ერთად მოსალოდნელია მგრძნობელობის დაკარგვაც კანის აღნიშნულ უბნებზე. ამ სიმპტომებს შესაძლოა ერთვოდეს ჩხვლეტისა და წიწკნის შეგრძნებაც.

 

მედიკამენტური ქავილი

დიაბეტიანებთან ქავილი ზოგჯერ ანტიდიაბეტური მედიკამენტების მიღებასთან არის ასოცირებული. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, არ შევწყვიტოთ წამლების მიღება, სანამ ექიმთან არ გავარკვევთ, რომ ეს ნამდვილად მედიკამენტებით გამოწვეული რეაქციაა. ამ შემთხვევაში თქვენმა ექიმმა შესაძლოა წამალი შეგიცვალოთ სხვით, რომელიც ქავილს და კანის გაღიზიანებას არ გამოიწვევს.

 

როდის მივმართოთ ექიმს

ქავილი დიაბეტის დროს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შესაძლოა გლუკოზის არასათანადო კონტროლისა და პერიფერიული ნერვების დაზიანების ნიშანი იყოს, ამიტომ რაც შეიძლება მალე მიმართეთ ექიმს. ექიმი შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და გაარკვევს, მის უკან ნამდვილად დიაბეტი დგას, კანის სპეციფიკური პრობლემა თუ რამე სხვა.

 

როგორ შევიმსუბუქოთ

არსებობს რამდენიმე საშუალება, რომ დიაბეტური ქავილი სახლის პირობებში ოდნავ მაინც შევიმსუბუქოთ. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, განსაზღვრული ცვლილებები შევიტანოთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრების წესში, მაგალითად:

* დავიცვათ კანი გამოშრობისგან. ყოველი აბაზანის ან შხაპის შემდეგ წაისვით კანის დამანოტივებელი კრემი და ლოსიონი, მაგრამ თავი არიდეთ პარფიუმერიზებულ, სურნელოვან კრემებს, რადგან მათ შესაძლოა ალერგიული რექცია გამოიწვიონ და კიდევ უფრო გააძლიერონ ქავილი.  !!! დიაბეტიანები უნდა ერიდონ ლოსიონის წასმას ხელისა და ფეხის თითებს შორის, რადგან ამ მიდამოებში ზედმეტმა ტენმა შესაძლოა სოკოვანი ინფექცია გამოიწვიოს.

* შეცვალეთ დაბანის წესი. მეტისმეტად ხშირმა ბანაობამ შესაძლოა ქავილი გააძლიეროს. დაბანის სიხშირე უმთავრესად კლიმატზე, გარემოს ტემპერატურასა და ფიზიკური აქტიურობის ინტენსივობაზეა დამოკიდებული, მაგრამ მაინც ეცადეთ, დღეში ორ ჯერზე მეტად არ დაიბანოთ.

ნუ დაიბანთ მეტისმეტად ცხელი წყლით – მან შესაძლოა კანი უფრო მეტად გააღიზიანოს. გარდა ამისა, დიაბეტიანები, რომლებსაც უკვე აქვთ პერიფერიული ნეიროპათია, ნერვების დაზიანების გამო ხშირად კარგავენ ამ არეში ტემპერატურის შეგრძნების უნარს და შესაძლოა, ისე მიიღონ დამწვრობა, რომ ვერც იგრძნონ.

ეცადეთ, არ დაიბანოთ საპნით და საპონშემცველი საშუალებებით, განსაკუთრებით – სურნელოვანით. ისინი ხელს უწყობენ კანის გამოშრობას. მათ ნაცვლად იხმარეთ ტანის დასაბანი უსაპნო გელი.

* მოუარეთ კანს ზაფხულში. ზაფხულის მზეს შეუძლია, სერიოზული ზიანი მიაყენოს კანს, ამიტომ ეცადეთ, ჩაიცვათ ნატურალური ქსოვილის: ბამბის, შიფონის, ტილოს, – ტანსაცმელი. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ საღამურისა და პიჟამის ქსოვილს, რომ სინთეზური არ იყოს. ეცადეთ, თავიდან აიცილოთ ძლიერი ოფლიანობა, რადგან ზედმეტმა ტენმაც შეიძლება გააღიზიანოს კანი და ქავილი გააძლიეროს. სვით რაც შეიძლება მეტი წყალი – დღეში 2 ლიტრი მაინც. თუ ფიზიკურად აქტიურ ცხოვრების წესს მისდევთ, შესაძლოა, უფრო მეტი წყლის დალევაც დაგჭირდეთ.

* მოუარეთ კანს ზამთარში. ზამთარში კანი ადვილად შრება. ტენიანობის შესანარჩუნებლად გამოიყენეთ არაპარფიუმერიზებული დამანოტივებელი ლოსიონი. სასურველია, ის ჰიპოალერგენულიც იყოს.

* მოერიეთ სტრესს. სტრესული სიტუაციები ქავილს აძლიერებს. სტრესთან საბრძოლველად შეგიძლიათ გამოიყენოთ რელაქსაციის ტექნიკები, მაგალითად, მედიტაცია, რამდენჯერმე ღრმად ჩასუნთქვა და სხვა.

ამ ყველაფერთან ერთად აუცილებელია ჯანსაღი კვება და სისხლში შაქრის დონის მუდმივი კონტროლი.

 

სხვა მიზეზები

ქავილის მიზეზად შეიძლება იქცეს სხვა ენდოკრინული პრობლემებიც, მაგალითად, ჰიპერთირეოზი და ჰიპოთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გააქტიურება და დაქვეითება). ქავილი გვხვდება თირეოტოქსიკოზის მქონე პაციენტების 4-11%-თან, განსაკუთრებით – ხანგრძლივად მიმდინარე არანამკურნალები გრეივსის დაავადების (ფარისებრი ჯირკვლის ავტოიმუნური, ჰიპერთირეოზით მიმდინარე დაავადების) დროს. მისი ზუსტი მექანიზმი უცნობია, თუმცა მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სიჭარბის შედეგად მეტაბოლური პროცესების გაძლიერება და სხეულის ტემპერატურის მომატება ამცირებს ქავილის ზღურბლს და ხელს უწყობს მის აღმოცენებას.

ჰიპოთირეოზთან ასოცირებული ქავილი შედარებით იშვიათია და უმეტესად ამ პათოლოგიით გამოწვეულ კანის სიმშრალეს უკავშირდება. ასეთი ქავილი უმეტესად კარგად ემორჩილება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონჩანაცვლებით თერაპიას – ლევოთიროქსინით მკურნალობას.

გვანცა გოგოლაძე

ელენე ზურაბიშვილი

 

გააზიარე: