გრიპსაწინააღმდეგო წესები

გააზიარე:

ექიმები ორი სახის გრიპს გამოყოფენ. დაავადების ცალკეული შემთხვევები და ეპიდემიები ჩვენში და ზომიერი კლიმატის სხვა ქვეყნებში, ჩვეულებრივ, ყოველ ზამთარს და ადრე გაზაფხულზე იჩენს თავს, ტროპიკულ ქვეყნებში კი მთელი წლის განმავლობაში აღინიშნება. ეს სეზონური გრიპია და მისი გამომწვევი ვირუსები გამუდმებით, თუმცა შედარებით ნაკლებად იცვლება, ამიტომაც მოსახლეობას შეზღუდული, ნაწილობრივი იმუნიტეტი აქვს. შეგახსენებთ: გრიპის იმუნიტეტი არამყარი და სპეციფიკურია, ანუ ერთი ქვეტიპის ვირუსის გადატანა თუ აცრა მეორე ქვეტიპისგან ვერ დაგვიცავს.

დღეისთვის არსებული მონაცემებით, H1N1 ვირუსი მომეტებულ საფრთხეს უქმნის მცირეწლოვან ბავშვებს, ორსულებს, სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემების ქრონიკული დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის მქონეთ.

მაგრამ, სიფრთხილე ყოველთვის საჭიროა და პრინციპში, პანდემიის არსებობა თუ არარსებობა ცალკეული ადამიანისთვის ბევრს არაფერს ცვლის. რაც შეეხება წესებს, საკმაოდ მარტივია და მხოლოდ გრიპისგან კი არა, მრავალი სხვა გადამდები დაავადებისგანაც დაგვიცავს:

- ერიდეთ ახლო კონტაქტს, განსაკუთრებით – იმ ადამიანებთან, რომელთაც სასუნთქი სისტემის ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვთ.

- რაც შეიძლება ხშირად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით. ხშირად დაბანეთ ხელები პატარებს, განსაკუთრებით – ქუჩიდან დაბრუნების შემდეგ. შეგიძლიათ, საპნის ნაცვლად გამოიყენოთ ალკოჰოლის შემცველი ხელსაწმენდები.

- არ შეეხოთ დაუბანელი ხელებით თვალებს, პირს, ცხვირს – გამომწვევი ასეც შეიძლება გავრცელდეს.

- თუ ავად გახდით, გრიპისმაგვარი სიმპტომების გამოვლენიდან შვიდი დღის განმავლობაში ან ტემპერატურის ნორმალიზებიდან (სიცხის დამწევი პრეპარატების გარეშე) სულ მცირე 24 საათის განმავლობაში შინ დარჩით.

- ხველებისა და ცემინების დროს სახეზე ცხვირსახოცი მიიფარეთ, უმჯობესია, ქაღალდისა, გამოყენების შემდეგ კი გადააგდეთ და ხელები მაშინვე დაიბანეთ. თუ სხვა გზა არ გაქვთ, ჯობს, ხელის ნაცვლად პირზე სახელო აიფაროთ.

- ოჯახის ავადმყოფი წევრი შეძლებისამებრ იზოლირებულ გარემოში მოაქციეთ და დანარჩენი წევრები, განსაკუთრებით ბავშვები, მოარიდეთ.

- ავადმყოფთან ერთ მეტრზე მეტად მიახლოებისას გამოიყენეთ სპეციალური დამცავი ნიღაბი (შეგიძლიათ, აფთიაქში შეიძინოთ ან ოთხპირი დოლბანდისგან თავად შეიკეროთ). ნიღაბი ხშირად იცვალეთ და ყოველი გამოცვლისას ხელების დაბანაც არ დაგავიწყდეთ. 

- ავადმყოფისთვის ცალკე ჭურჭლის გამოყოფა საჭირო არ არის, ოღონდ საპნით ან სპეციალური (ჭურჭლის სარეცხს ვგულისხმობთ და რაიმე განსაკუთრებულ გრიპსაწინააღმდეგოს) ჟელეთი გარეცხვამდე ავადმყოფის ჭურჭელი სხვა ნივთებს არ უნდა შეეხოს, მით უმეტეს, გაურეცხავი სხვამ არ გამოიყენოს. 

- ავადმყოფის ოთახი ყოველდღე სველი წესით დაალაგეთ და ხშირად გაანიავეთ. აბაზანაში ორი პირსახოცი ჩამოკიდეთ, ერთი – ოჯახის ჯანმრთელი წევრებისთვის, მეორე – ავადმყოფისთვის.

- გრიპით დაავადების გამო ნუ შეწყვეტთ შვილის ძუძუთი კვებას. პირიქით, დედის რძე პაწიას სხვა დაავადებებთან ერთად გრიპისგანაც დაიცავს. მთავარია, კვებისა და პატარასთან ახლო კონტაქტის დროს არ დაივიწყოთ დამცავი ნიღბის გამოყენება.


რაც შეეხება მკურნალობას, თუ რისკჯგუფში არ შედიხართ, შეგიძლიათ ძველი გამოთქმა გაიხსენოთ: გრიპს თუ არ უმკურნალებთ, მთელი კვირა გაგრძელდება, თუ უმკურნალებთ, მხოლოდ 7 დღეო. ჯანმოს აზრით, დაავადებულთა აბსოლუტურ უმრავლესობას გრიპის დროს მხოლოდ მოსვენება, ბლომად სითხე და სიმპტომური საშუალებები სჭირდება. ამავე დროს ყველამ კარგად უნდა დავიმახსოვროთ საგანგაშო ნიშნები და რაც შეიძლება სწრაფად დაუკავშირდეთ ექიმს.

ეს ნიშნებია:

- სუნთქვის გახშირება ან გაძნელება;
- ტკივილის ან სიმძიმის შეგრძნება გულმკერდის ან მუცლის არეში;
- უეცარი თავბრუხვევა;
- ძლიერი ან შეუკავებელი პირღებინება;
- გრიპისმაგვარი სიმპტომების შესუსტების შემდეგ სიცხის ხელახალი აწევა და ხველის გაძლიერება.

გააზიარე: