ელექტროლიტური დისბალანსი: რაში გვჭირდება მინერალები?

გააზიარე:

წყალი და ელექტროლიტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორგანიზმის ფუნქციობისთვის, მაგრამ მათ ყოველდღე ვკარგავთ. დანაკარგი განსაკუთრებით დიდია ზაფხულის ცხელ დღეებში, ჭარბი ოფლიანობის, ფიზიკური დატვირთვის, ღებინებისა და დიარეის დროს, რადგან ელექტროლიტები სწორედ სითხესთან ერთად ტოვებენ ჩვენს სხეულს. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, როგორ ავიცილოთ თავიდან გამოფიტვა და აღვიდგინოთ ორგანიზმის ელექტროლიტური ბალანსი.

 

რა არის ელექტროლიტები

ელექტროლიტები ელექტრული მუხტის მატარებელი მაკრომინერალებია, რომლებიც დიდი რაოდენობითაა ადამიანის სისხლში, შარდსა და სხვა ბიოლოგიურ სითხეებში. ისინი კანონზომიერადაა განლაგებული თითოეული უჯრედის მემბრანის გარეთა და შიგნითა ზედაპირებზე და დიდ როლს ასრულებს უჯრედების, ორგანოებისა თუ ორგანოთა სისტემების ფუნქციობაში, ამიტომ სისხლსა და სხვა ქსოვილოვან სითხეებში მათი რაოდენობის ცვლილება, უჯრედის შიგნითა და გარეთა სივრცეებს შორის ბალანსის დარღვევა ორგანიზმზე აისახება და სხვადასხვა ორგანოსა თუ ორგანოთა სისტემის დისფუნქციით ვლინდება.

 

ფუნქციები

ელექტროლიტების მნიშვნელობა უკეთ რომ გავიაზროთ, გავიხსენოთ, რა ფუნქციები აკისრიათ მათ:

  • აბალანსებენ სხეულში წყლის რაოდენობას;
  • შეაქვთ უჯრედში საკვები ნივთიერებები და გამოაქვთ ნივთიერებათა ცვლის ნარჩენი პროდუქტები;
  • განსაზღვრავენ სისხლის მჟავიანობას;
  • გავლენას ახდენენ კუნთების მუშაობაზე.

უჯრედების ნორმალური ფუნქციობა სხეულში წყლის რაოდენობაზეა დამოკიდებული. წყალი აუცილებელია მათი ნორმალური ცხოველქმედებისთვის. ყველაფერთან ერთად, სწორედ უჯრედებში წარმოიშობა ნერვული იმპულსები, რომლებიც განაპირობებს კუნთების შეკუმშვას, შესაბამისად, სხეულის მოძრაობას და გულისცემას. თუ ელექტროლიტური ბალანსი დაირღვა, ეს ჯაჭვიც გაწყდება.

ამრიგად, ჩვენი ნერვების, კუნთების, გულის, ტვინის სრულფასოვანი მუშაობა მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ორგანიზმში არსებულ ძირითად ელექტროლიტებზე: ნატრიუმზე, კალიუმზე, კალციუმზე, მაგნიუმზე, ფოსფატზე, ქლორზე, - რომლებსაც ორგანიზმი საკვებისა და სითხის საშუალებით იღებს.

 

რა იწვევს დისბალანსს

სისხლში ელექტროლიტების კონცენტრაციას აკონტროლებს ჰორმონები, რომელთა უმეტესობა თირკმელში, თირკმელზედა ჯირკვალსა და ჰიპოთალამუსში წარმოიქმნება. ესენია რენინი, ანგიოტენზინი, ალდოსტერონი და ანტიდიურეზული ჰორმონი. მიღებული და გამოყოფილი სითხე ნორმაში თანაბარია. თუ ბალანსი დაირღვა, შესაძლოა მივიღოთ ორგანიზმში სითხის ოდენობის მკვეთრი შემცირება (დეჰიდრატაცია) ან ჭარბი დაგროვება (ჰიპერჰიდრატაცია). სითხის ბალანსი კი შესაძლოა დაარღვიოს ზოგიერთმა მედიკამენტმა, ღებინებამ, დიარეამ, ოფლიანობამ, დამწვრობამ, ღვიძლისა და თირკმლის დაავადებებმა.

 

რით ვლინდება

ელექტროლიტების მსუბუქი დისბალანსი შესაძლოა უსიმპტომო იყოს და სრულიად შემთხვევით, სისხლის რუტინული ანალიზით აღმოაჩინონ. სიმპტომები მაშინ იჩენს თავს, როდესაც ბალანსი მკვეთრად ირღვევა. სხვადასხვა ელექტროლიტის დისბალანსი სხვადასხვა კლინიკურ სურათს გვაძლევს, თუმცა სიმპტომების უმეტესობა საერთოა. ესენია:

  • გულის რიტმის დარღვევა;
  • ტაქიკარდია (გულისცემის აჩქარება);
  • დაღლილობა;
  • ლეთარგია (ძილიანობა);
  • კრუნჩხვა;
  • გულისრევა;
  • ღებინება;
  • დიარეა ან შეკრულობა;
  • მუცლის მოვლითი ტკივილები;
  • კუნთების სისუსტე;
  • კუნთების ტკივილი;
  • გაღიზიანებადობა;
  • დაბნეულობა;
  • თავის ტკივილი;
  • მგრძნობელობის დაკარგვა და ყურების შუილი.

 

დისბალანსის ტიპები

განასხვავებენ ელექტროლიტების დისბალანსის ორ ფორმას – დაქვეითებას (ჰიპო-) და სიჭარბეს (ჰიპერ-). ამის კვალობაზე, გამოიყოფა:

  • კალციუმის (CA) ბალანსის დარღვევის დროს - ჰიპერკალციემია და ჰიპოკალციემია;
  • კალიუმის (K) ბალანსის დარღვევის დროს - ჰიპერკალიემია და ჰიპოკალიემია;
  • ნატრიუმის (Na)- ჰიპერნატრიემია და ჰიპონატრიემია;
  • ქლორის (Cl) ბალანსის დარღვევის დროს - ჰიპერქლორემია და ჰიპოქლორემია;
  • მაგნიუმის (Mg) ბალანსის დარღვევის დროს - ჰიპერმაგნიემია და ჰიპომაგნიემია;
  • ფოსფატების (PO4) ბალანსის დარღვევის დროს - ჰიპერფოსფატემია და ჰიპოფოსფატემია.

განვიხილოთ ისინი ცალ-ცალკე

 

კალციუმი

კალციუმი მინერალია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს არტერიული წნევის რეგულაციასა და ჩონჩხის კუნთების შეკუმშვაში, მონაწილეობს ძვლებისა და კბილების ჩამოყალიბებაში.

ჰიპერკალციემია მდგომარეობაა, როდესაც სისხლში ჭარბადაა კალციუმი. ის შესაძლოა გამოწვეული იყოს:

  • ჰიპერპარათირეოიდიზმით;
  • თირკმელების დაავადებით;
  • ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციით;
  • ფილტვის დაავადებებით - ტუბერკულოზით, სარკოიდოზით;
  • სხვადასხვა ტიპის, მაგალითად, ფილტვის ან ძუძუს კიბოთი;
  • ანტაციდური ნივთიერებების, კალციუმის ან D ვიტამინის ჭარბი მიღებით;
  • ლითიუმისა და თეოფილინის მსგავსი პრეპარატების მიღებით.

ჰიპოკალციემია მდგომარეობაა, როდესაც სისხლში კალციუმი ნორმაზე ნაკლებია. ის შესაძლოა გამოწვეული იყოს:

  • თირკმლის უკმარისობით;
  • ჰიპოპარათირეოიდიზმით;
  • D ვიტამინის ნაკლებობით;
  • პანკრეატიტით;
  • პროსტატის კიბოთი;
  • მალაბსორბციით;

                ზოგიერთი მედიკამენტის – ჰეპარინის, ოსტეოპოროზის სამკურნალო და ანტიეპილეფსიური საშუალებების – მიღებით.

 

როგორ ვლინდება

ჰიპერკალციემია ზოგჯერ უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ზოგჯერ კი – მკვეთრად გამოხატული სიმპტომებით. ის ორგანოთა ყველა სისტემაზე ახდენს გავლენას, მაგრამ განსაკუთრებით ვნებს ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და თირკმელებს. მისთვის დამახასიათებელია:

  • ლეთარგია;
  • სისუსტე;
  • დაბნეულობა;
  • პოლიურია (ხშირი შარდვა);
  • ნიქტურია - ღამის შარდვა;
  • შეკრულობა;
  • გულისრევა;
  • არითმია.

ჰიპოკალციემია შესაძლოა გამოვლინდეს როგორც მსუბუქი, ისე სიცოცხლისთვის საშიში სიმპტომებით:

  • ხელების, ტერფების ან ტუჩების დაბუჟებით;
  • კუნთების ტკივილით და სპაზმით;
  • კრუნჩხვით;
  • სახის კუნთების სპაზმით;
  • კუნთების სისუსტით;
  • გონების დაკარგვით;
  • გულისცემის გაიშვიათებით.

 

ჰიპოკალციემიის ფსიქოემოციური სიმპტომებია:

  • შფოთვა;
  • დაბნეულობა;
  • დეპრესია;
  • გაღიზიანება;
  • ჰალუცინაციები.

 

  • ჰიპოკალციემიის სპეციფიკური ნიშნებია:
    • შვოსტეკის ნიშანი - სახის კუნთების სწრაფი შეკუმშვა სახის ნერვის გარშემო თითით მსუბუქი დარტყმის პასუხად;
    • თრუსოს ნიშანი - ხელ–ფეხის, განსაკუთრებით კი მაჯისა და წვივის კუნთების არარეგულარული შეკუმშვა.

 

როგორ შევივსოთ მარაგი

კალციუმის მარაგის აღდგენაში დაგეხმარებათ:

  • ყველი;
  • ბროკოლი;
  • მზესუმზირას თესლი;
  • ისპანახი;
  • იოგურტი;
  • რძე;
  • ლეღვი;
  • ნუში;
  • სარდინი.

 

––––––

ქლორი

ქლორი აუცილებელია სხეულში სითხის ბალანსის შესანარჩუნებლად.

ჰიპერქლორემია, სისხლში ქლორის მაღალი შემცველობა, შესაძლოა გამოწვეული იყოს:

  • ძლიერი დეჰიდრატაციით;
  • თირკმლის უკმარისობით;
  • დიალიზით.

ჰიპოქლორემია, სისხლში ქლორის დაბალი შემცველობა, შესაძლოა თან ახლდეს:

  • ცისტურ ფიბროზს;
  • კვების დარღვევას, მაგალითად, ანორექსიას;
  • მორიელის ნაკბენს;
  • თირკმლის მწვავე დაზიანებას.

 

როგორ ვლინდება

თუ ქლორის დონე ზომიერადაა მომატებული, შესაძლოა სიმპტომურად არც კი გამოვლინდეს, მაგრამ თუ ეს მდგომარეობა დიდხანს გაგრძელდა, მოსალოდნელია:

  • მაღალი არტერიული წნევა;
  • კუნთების სისუსტე და სპაზმი;
  • არითმია (გულის რიტმის დარღვევა);
  • კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;
  • დაბუჟება;
  • ყურების შუილი;
  • კრუნჩხვა.

ჰიპოქლორემიის ნიშნებია:

  • დეჰიდრატაცია
  • სისუსტე;
  • დაღლილობა;
  • სუნთქვის გაძნელება;
  • დიარეა ან ღებინება.

 

როგორ შევივსოთ მარაგი

ქლორის ბალანსის აღსადგენად მიირთვით:

  • ხილი;
  • ბოსტნეული;
  • იოგურტი;
  • რძე;

                ექიმთან შეთანხმებით, ჩვეულებრივზე ოდნავ მეტი სუფრის მარილი (Nაჩლ) (ექიმის კონსულტაცია საჭიროა, რათა არ გამოგეპაროთ დაავადება, რომლის დროსაც სუფრის მარილის ჭარბი მიღება საშიშია).

–––––––––––

მაგნიუმი

ეს ძალზე მნიშვნელოვანი მინერალია, რომელიც არეგულირებს:

  • კუნთების შეკუმშვას;
  • გულის რიტმს;
  • ნერვულ ფუნქციებს.

ჰიპერმაგნიემია, სისხლში მაგნიუმის სიჭარბე, ძირითადად ადისონის დაავადებას და თირკმლის დაავადების ბოლო სტადიას ახლავს თან.

ჰიპომაგნიემიას, სისხლში მაგნიუმის ნაკლებობას, უმეტესად განაპირობებს:

  • ალკოჰოლზე დამოკიდებულება;
  • მალნუტრიცია (კვების დარღვევა);
  • მალაბსორბცია (შეწოვის დარღვევა);
  • ქრონიკული დიარეა;
  • ჭარბი ოფლიანობა;
  • გულის უკმარისობა;
  • ზოგიერთი მედიკამენტის, მაგალითად, დიურეტიკების, ანტიბიოტიკების მიღება.

 

როგორ ვლინდება

ჰიპერმაგნიემიის ნიშნებია:

  • გულისრევა;
  • ღებინება;
  • ნევროლოგიური დარღვევები;
  • ჰიპოტენზია (დაბალი არტერიული წნევა)
  • თავის ტკივილი.

ჰიპომაგნიემიის ნიშნებია:

  • ნისტაგმი (თვალების სპონტანური რხევითი მოძრაობა)
  • კრუნჩხვა
  • სისუსტე
  • კუნთების სპაზმი
  • დაბუჟება.

 

როგორ შევივსოთ მარაგი:

მაგნიუმის მარაგის აღსადგენად მიირთვით:

  • გოგრა;
  • ბრინჯი;
  • ლეღვი;
  • ისპანახი;
  • სოია;
  • სკუმბრია;
  • არაქისის კარაქი;
  • მზესუმზირა;
  • შავი შოკოლადი.

 

––––––––

კალიუმი

კალიუმი აუცილებელია გულის მუშაობის რეგულაციისთვის. გარდა ამისა, უზრუნველყოფს ნერვული ქსოვილებისა და კუნთების სწორ მუშაობას.

ჰიპერკალიემია სისხლში კალიუმის სიჭარბეა. დაგვიანებული დიაგნოსტიკისა და ნებაზე მიშვების შემთხვევაში ის შესაძლოა ფატალურად დასრულდეს. მისი ტიპური მიზეზებია:

  • ძლიერი დეჰიდრატაცია;
  • თირკმლის უკმარისობა;
  • მწვავე აციდოზი, რომელიც მოიცავს დიაბეტურ კეტოაციდოზს;
  • ზოგიერთი მედიკამენტი. წესისამებრ, ანტიჰიპერტენზიული საშუალებები და დიურეტიკები (შარდმდენები);
  • თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა, როდესაც ჰორმონ კორტიზოლის დონე ძალიან დაბალია.

ჰიპოკალიემია სისხლში კალიუმის დაბალი შემცველობაა. ის შესაძლოა განპირობებული იყოს:

  • კვების დარღვევით;
  • ძლიერი ღებინებითა და დიარეით;
  • დეჰიდრატაციით;
  • ზოგიერთი მედიკამენტის: დიურეტიკების, კორტიკოსტეროიდების – მიღებით.

 

როგორ ვლინდება

ჰიპერკალიემია შესაძლოა უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. კლინიკური გამოვლენის შემთხვევაში მოსალოდნელია:

  • ღებინება;
  • დაღლილობა;
  • კუნთების სისუტე;
  • ყურების შუილი.

რაც შეეხება ჰიპოკალიემიას, თუ ის დროებითია ან კალიუმის დონე ოდნავაა დაქვეითებული, კლინიკურად შესაძლოა არც კი გამოვლინდეს, მაგრამ თუ მინერალის შემცველობა სისხლში საგრძნობლად შემცირდა, განვითარდება:

  • სისუსტე;
  • დაღლილობა;
  • მუცლის ტკივილი;
  • ყაბზობა (შეკრულობა);
  • გულის რიტმის დარღვევა.

ჰიპოკალიემია გავლენას ახდენს თირკმელებზე. შესაძლოა, გაგიხშირდეთ შარდვა, შეგაწუხოთ ძლიერმა წყურვილმა.

 

როგორ შევივსოთ მარაგი

კალიუმის მარაგის შესავსებად მიირთვით:

  • კარტოფილი;
  • ლობიო;
  • იოგურტი;
  • ბროკოლი;
  • სოკო;
  • ბანანი;
  • ორაგული;
  • ისპანახი;
  • ავოკადო.

 

–––––––––––––

ნატრიუმი

ნატრიუმი ყველაზე მეტადაა საჭიროა ორგანიზმში სითხის ბალანსის შესანარჩუნებლად, რადგან იგი აკავებს წყალს. დიდწილად ნატრიუმის შემცველობაზეა დამოკიდებული ნერვული ფუნქციების რეგულირება და კუნთების შეკუმშვა.

ჰიპერნატრიემია სისხლში ნატრიუმის სიჭარბეა, რომელიც შესაძლოა გამოიწვიოს:

  • წყლის არაადეკვატურმა მოხმარებამ;
  • ძლიერმა დეჰიდრატაციამ;
  • სითხის უხვმა კარგვამ, მაგალითად, გახანგრძლივებული ღებინების, დიარეის, ოფლიანობის ან სასუნთქი სისტემის პათოლოგიის გამო;
  • ზოგიერთი მედიკამენტით, მაგალითად, კორტიკოსტეროიდებით მკურნალობამ.
  • ჰიპონატრიემია, სისხლში ნატრიუმის ნაკლებობა, ყველაზე ხშირად გამოწვეულია:
    • დამწვრობის ან ოფლიანობის შედეგად ჭარბი სითხის დაკარგვით;
    • ღებინებითა და დიარეით;
    • ცუდი კვებით;
    • ალკოჰოლზე დამოკიდებულებით;
    • ჰიპერჰიდრატაციით;
    • ფარისებრი ჯირკვლის, ჰიპოთალამუსის ან თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიით;
    • ღვიძლის, გულისა და თირკმლის უკმარისობით;
    • დიურეტიკებისა და ანტიკონვულსიური (კრუნჩხვის საწინააღმდეგო) პრეპარატების მიღებით;

                ხშირად თან ახლავს ანტიდიურეზული ჰორმონის შეუსაბამო სეკრეციით გამოწვეულ სინდრომს (შIADH).

 

როგორ ვლინდება

სისხლში ნატრიუმის მაღალი შემცველობის ტიპური გამოხატულებაა გადაჭარბებული წყურვილის შეგრძნება.

სხვა სიმპტომებია:

  • ლეთარგია, გადაჭარბებული დაღლილობის შეგრძნება და ენერგიის დაქვეითება
  • დაბნეულობა
  • კრუნჩხვა

 

ჰიპონატრიემია შესაძლოა გამოვლინდეს სხვადასხვა სიმძიმის სიმპტომებით:

  • ლეთარგიით;
  • დაბნეულობით;
  • სისუსტით;
  • შეშუპებით;
  • კრუნჩხვით
  • გულისრევითა და ღებინებით;
  • თავის ტკივილით;
  • გაღიზიანებადობით;
  • კუნთების სისუსტითა და სპაზმით;
  • კრუნჩხვით.

 

როგორ შევივსოთ მარაგი

ჰიპონატრიემიის შემთხვევაში დაამატეთ საკვებს მეტი მარილი და ისე მიირთვით.

 

წყლით ინტოქსიკაცია (ჰიპონატრიემია)

ალაბათ ხშირად გაგიგონიათ, რომ როცა გარეთ ცხელა ან ინტენსიურად ვარჯიშობთ, დაკარგული სითხის აღსადგენად ბევრი წყალი უნდა სვათ. ეს მართალია, მაგრამ ისიც გახსოვდეთ, რომ ერთბაშად ბევრი სითხის მიღება ზოგჯერ სახიფათოცაა ჯანმრთელობისთვის, რადგან შესაძლოა, სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება გამოიწვიოს: სხეულში სითხის ოდენობა მკვეთრად იმატებს, ნატრიუმისა კი არ იცვლება და სითხეში მისი განზავების მაჩვენებელი იკლებს. ჭარბი წყალი სისხლიდან უჯრედებში გადადის და ვითარდება შეშუპება, რომელიც შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდეს.

ასეთი რამ უმეტესად სპორტსმენებს ემართებათ. საქმე ის არის, რომ ვარჯიშის დროს თირკმლების მუშაობის ინტენსივობა იკლებს, რადგან სისხლი დიდი რაოდენობით მიედინება გულისა და სხვა კუნთებისკენ, რომლებიც ამ დროს გაძლიერებულად მუშაობს.

წყლით ორგანიზმის ადეკვატური გაჯერება მნიშვნელოვანია, როგორც ვარჯიშის დაწყების წინ, ისე ვარჯიშის პროცესში და დამთავრების შემდეგ. სვით წყალი მთელი დღის განმავლობაში; ვარჯიშის დაწყებამდე 1-2 საათით ადრე მიიღეთ ნახევარ ლიტრამდე, ხოლო 15 წუთით ადრე - 300 გრამამდე. ეცადეთ, ვარჯიშის დროს მიიღოთ საათში მხოლოდ 2-4 ჭიქა - 200 გრამამდე ყოველ 15 წუთში ერთხელ.

წყლის მიღებისას გასათვალისწინებელია ვარჯიშის ინტენსივობა, ხანგრძლივობა და გარემო, სადაც ვარჯიშობთ.

თუ ვარჯიში ერთ საათზე მეტხანს გრძელდება, სასურველია მიიღოთ სპორტული სასმელები, რომლებიც გაჯერებულია შაქრითა და ელექტროლიტებით (ნატრიუმითა და კალიუმით).

იხელმძღვანელეთ წყურვილის გრძნობით. თუ გწყურიათ, დალიეთ მეტი.

 

–––––––––––

ფოსფატები

ორგანიზმში ფოსფატების ბალანსს თირკმელები, ძვლები და ნაწლავები უზრუნველყოფს. ამ ნივთიერებებზე ბევრი მნიშვნელოვანი ფუნქციაა დამოკიდებული. მაგალითად, ფოსფატები შედის იმ მოლეკულების შემადგენლობაში, რომლებსაც ორგანიზმში ენერგიის წარმოქმნა აკისრია (ატფ – ადენოზინტრიფოსფატი და ადფ – ადენოზინდიფოსფატი).

ჰიპერფოსფატემია, სისხლში ფოსფატების სიჭარბე, შესაძლოა გამოიწვიოს:

  • კალციუმის დაბალმა დონემ;
  • თირკმლის ქრონიკულმა დაავადებამ;
  • სუნთქვის გაძნელების რთულმა ფორმამ;
  • პარათირეოიდული ჯირკვლების ჰიპოფუნქციამ;
  • კუნთების ძლიერმა დაზიანებამ;
  • სიმსივნის დაშლის სინდრომმა, რომელიც კიბოს მკურნალობის შედეგია.

ჰიპოფოსფატემია, სისხლში ფოსფატების დაბალი შემცველობა, შესაძლოა გამოწვეული იყოს:

  • ალკოჰოლის ჭარბი მიღებით;
  • მძიმე დამწვრობით;
  • შიმშილით;
  • D ვიტამინის ნაკლებობით;
  • პარათირეოიდული ჯირკვლების ჰიპერაქტივობით;

                ზოგიერთი ისეთი მედიკამენტის მიღებით, როგორებიცაა რკინა (ინტრავენურად შესაყვანი ფორმები), ნიაცინი (ვიტამინი B3) და ზოგიერთი ანტაციდი (მჟავას გამანეიტრალებელი საშუალება).

 

როგორ ვლინდება

ჰიპერფოსფატემია სიმპტომურად იშვიათად ვლინდება. წესისამებრ, აშკარაა მხოლოდ იმ დაავადების სიმპტომები, რომელმაც ორგანიზმში ფოსფატის დონის მომატება გამოიწვია. იმავდროულად, ჰიპერფოსფატემიას შეუძლია გამოიწვიოს ძვლების პათოლოგია, სხვა მინერალების ბალანსის დარღვევა და კალციფიკაცია.

ჰიპოფოსფატემიის სიმპტომები მხოლოდ მაშინ იჩენს თავს, როცა ფოსფატის დონე ორგანიზმში მკვეთრად მცირდება. ესენია:

  • კუნთების სისუსტე;
  • დაღლილობა;
  • ძვლების ტკივილი;
  • ძვლების პათოლოგიური მოტეხილობა;
  • უმადობა;
  • გაღიზიანებადობა;
  • დაბუჟება;
  • დაბნეულობა;
  • ზრდის შეფერხება ბავშვებში;
  • კბილის კარიესი.

 

ფოსფატების მარაგის აღსადგენად მიირთვით:

  • გოგრა;
  • პური და ხორბლის სხვა ნაწარმი;
  • ინდაურის ხორცი;
  • ძროხის ხორცი;
  • ხამანწკები;
  • ორაგული;
  • კვერცხის გული;
  • სეზამის მარცვლები;
  • პარმეზანი.

 

––––––––––––––

დიაგნოსტიკა

სისხლში ელექტროლიტების რაოდენობის განსაზღვრა მარტივი ანალიზითაც შესაძლებელია, თუმცა ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ დამატებითი ტესტებიც, რათა სავარაუდო დიაგნოზში დარწმუნდეს. მაგალითად, ჰიპერნატრიემიას შეუძლია გამოიწვიოს დეჰიდრატაციით განპირობებული კანის ელასტიკურობის დაქვეითება. ამ დროს ექიმი დეჰიდრატაციის ხარისხის დასადგენად მიმართავს ე.წ. კანზე ჩქმეტის ტესტს. მოწმდება რეფლექსებიც, რადგან მათზე ზოგიერთი ელექტროლიტის დისბალანსი აისახება. დიაგნოსტიკის მნიშვნელოვანი მეთოდია ელექტროკარდიოგრამა – მისი მეშვეობით განისაზღვრება გულისცემის რიტმი, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ელექტროლიტების ბალანსსა თუ დისბალანსთან.

---------------

მკურნალობა

მკურნალობა იმაზეა დამოკიდებული, რომელი ელექტროლიტების დისბალანსი გვაქვს და როგორია ამჟამად ორგანიზმის მდგომარეობა. მკურნალობის მიზანი მინერალების ბალანსის აღდგენაა. ის მოიცავს:

  • ინტრავენურ გადასხმას. ფიზიოლოგიური ხსნარის ინტრავენურ გადასხმას ძირითადად ღებინებითა და დიარეით გამოწვეული დეჰიდრატაციის დროს მიმართავენ. ინტრავენურ ხსნარს შეიძლება დაემატოს ელექტროლიტური მარაგი მინერალების დეფიციტის შესავსებად.
  • მედიკამენტების ინტრავენურ შეყვანას. მათი მეშვეობით ორგანიზმი უფრო სწრაფად აღიდგენს ელექტროლიტურ ბალანსს. ასეთია, მაგალითად, რინგერის ხსნარი, რომელიც შეიცავს ნატრიუმის, კალიუმისა და კალციუმის ქლორიდებს.
  • ორალური პრეპარატების მიღებას. ეს პრეპარატები ინიშნება ქრონიკული მდგომარეობების, ძირითადად – ჰიპერკალიემიის, ჰიპერკალციემიისა და ჰიპერფოსფატემიის დროს. გლუკოზის, კალიუმისა და ნატრიუმის ქლორიდის შემცველი რეჰიდრონის ხსნარის მიღება რეკომენდებულია მსუბუქი დეჰიდრატაციის შემთხვევაში.
  • ჰემოდიალიზს – მავნე ნივთიერებებისგან სისხლის გაწმენდას. ამ მეთოდს მიმართავენ თირკმლის მწვავე დისფუნქციით განპირობებული ელექტროლიტური დისბალანსის დროს, ასევე მაშინ, როდესაც სხვა მკურნალობა არაეფექტურია.

 

რისკფაქტორები

ორგანიზმში ელექტროლიტური ბალანსი ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაერღვეს, მაგრამ არსებობს მდგომარეობები, რომლებიც წარმოადგენს რისკის ფაქტორებს ხსენებული პათოლოგიის განვითარებისთვის. ესენია:

  • ალკოჰოლის ჭარბი გამოყენება;
  • ციროზი;
  • გულის შეგუბებითი უკმარისობა;
  • თირკმლის დაავადებები;
  • კვების დარღვევები – ანორექსია, ბულიმია;
  • ტრავმა – მძიმე დამწვრობა ან ძვლების მოტეხილობა;
  • თირეოიდული და პარათირეოიდული ჯირკვლების დისფუნქცია;
  • თირკმელზედა ჯირკვლის დისფუნქცია.

 

პრევენციისთვის

  • თუ გამოხატული გაქვთ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები, მიმართეთ ექიმს.
  • თუ ელექტროლიტური დისბალანსი მედიკამენტებით ან ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური პროცესით არის გამოწვეული, ექიმი შეგირჩევთ შესაბამის მედიკამენტებს და უმკურნალებს გამომწვევ მიზეზს, რითაც თავიდან აგაცილებთ პათოლოგიის დამძიმებას.
  • მიიღეთ ბევრი სითხე, თუ გქონდათ გახანგრძლივებული ღებინება, დიარეა ან ოფლიანობა.

 

მარიამ ჯანიაშვილი

გააზიარე: