რას გვერჩის პანკრეასი?

გააზიარე:

 მუცლის ტკივილი, მოგეხსენებათ, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩივილია. რამდენადაც ხშირია ის, იმდენადვე მრავალფეროვანია მისი მიზეზები. ტკივილი მუცლის ღრუს ნებისმიერმა ორგანომ შეიძლება გამოიწვიოს: კუჭმა, ნაღვლის ბუშტმა, პანკრეასმა, წვრილმა ნაწლავმა, მსხვილმა ნაწალავმა, – თუმცა, როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, მწვავე პანკრეატიტს იმდენად დამახასიათებელი ტკივილი აქვს, შეუძლებელია, ექიმს ის რამეში აერიოს. რა ფუნქციას ასრულებს ეს ჯირკვლოვანი ორგანო ჩვენს ორგანიზმში და რამდენად საშიშია პანკრეატიტი, ამის შესახებ

გასტროენტეროლოგი კოტე მაისაია გვესაუბრება.


– ბატონო კოტე, რა არის პანკრეატიტი და რამდენად ხშირად ხვდებიან ექიმები მას თავიანთ პრაქტიკაში?
– პანკრეასი კუჭუკანა ჯირკვალია. მას ჩვენს ორგანიზმში ორი ფუნქცია აკისრია. პირველი – შინაგანი სეკრეციისა: ის ჰორმონ ინსულინს გამოიმუშავებს და გლუკოზის დონის ნორმალიზებას ეწევა; მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფუნქცია კი საჭმლის მომნელებელი წვენების გამოყოფა და ნაღველთან ერთად საჭმლის მონელების პროცესში მონაწილეობაა.
პანკრეატიტი კუჭუკანა ჯირკვლის ანთებაა. განასხვავებენ მის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს. მწვავე პანკრატიტი საკმაოდ მძიმე დაავადებაა. ის ხშირად დიდ ყურადღებას მოითხოვს, ხანდახან – ინტენსიურ მკურნალობასა და რეანიმაციულ ღონისძიებებსაც. იგი მთელ მსოფლიოში გვხვდება, მილიონ კაცზე – საშუალოდ 300-350 შემთხვევა, იმისდა მიხედვით, რამდენ ალკოჰოლსა და ცხიმიან საკვებს მოიხმარს მოსახლეობა კონკრეტულ რეგიონში.


– რა იწვევს პანკრეატიტს?
– უმეტესად, ასიდან 65-80 შემთხვევაში, პანკრეატიტის მიზეზი ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებაა. მეორე ადგილი ნაღველკენჭოვან დაავადებას უკავია, მას კი მედიკამენტებითა და ვირუსული ინფექციური დაავადებით (მაგალითად, ყბაყურათი) გამოწვეული პანკრეატიტები მოსდევს. ტრავმის შედეგად განვითარებული პანკრეატიტებიც არ არის იშვიათი. ძალიან იშვიათად პანკრეატიტის მიზეზი პანკრეასის თანდაყოლილი დაავადება ან ანომალიაა.
მედიკამენტებიდან პანკრეატიტს ყველაზე ხშირად ციტოსტატიკური პრეპარატები (მაგალითად, აზატიოპრინი) იწვევს. არსებობს მონაცემები, რომ შარდმდენმა (მაგალითად, ფუროსემიდი), ბეტაბლოკატორებმა და სულფასალაზინის ჯგუფის პრეპარტებმაც შეიძლება შეუწყოს ხელი პანკრეატიტის განვითარებას.
ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ მამაკაცებში ალკოჰოლური პანკრეატიტი უფრო ხშირია და მისი პიკი 50-55 წლის ასაკზე მოდის. ქალებში პანკრეატიტის წამყვანი მიზეზი ნაღველკენჭოვანი დაავადებაა (მას ბილიარული პანკრეატიტი ეწოდება) და ყველაზე ხშირად დაახლოებით 70 წლის ქალებს ემართებათ. საზოგადოდ, პანკრეატიტი ქალებში უფრო ხშირია – დაახლოებით ერთნახევარჯერ, რაც მთელ მსოფლიოში, მათ შორის – საქართველოშიც, ნაღველკენჭოვანი დაავადების სიხშირით უნდა იყოს გამოწვეული. მოგეხსენებათ, ეს პრობლემა ქალებს მეტად აწუხებთ.


– ბევრს ჰგონია, რომ პანკრეატიტს მხოლოდ უხარისხო სასმელი იწვევს...
– მთავარია ალკოჰოლის ოდენობა. არყის სახით მივიღებთ მას, ღვინისა თუ კონიაკისა, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. უხარისხო სასმელმა კი შესაძლოა ინტოქსიკაცია გამოიწვიოს.


– რის საფუძველზე შეიძლება ვიეჭვოთ მწვავე პანკრეატიტი?
– მას იმდენად სპეციფიკური კლინიკა აქვს, შეუძლებელია, რამეში აგერიოს. მწვავე პანკრეატიტისთვის დამახასიათებელია ძლიერი ტკივილი მუცლის ზემოთა ნახევარში, რომელიც ნეკნების და ზურგისკენ ვრცელდება. ტკივილი აუტანელია, არაფერი აყუჩებს, გარდა ნარკოტიკული საშუალებებისა და ნარკოტიკების განმეორებით შეყვანას მოითხოვს. ასეთი ტკივილი მიგვანიშნებს, რომ სერიოზულ პათოლოგიასთან გვაქვს საქმე.
სწორედ ტკივილის სინდრომი აიძულებს დღევანდელ პაციენტს, ჩვენ მოგვმართოს. ისეთ მცირე დისკომფორტს, როგორიც, მაგალითად, მუცლის შებერვაა, დღევანდელი პაციენტი ყურადღებას არ აქცევს. მუცლის შებერვას პანკრეატიტის დროს განვითარებული ნაწლავებისა და კუჭის პარეზი იწვევს. წამყვანი სიმპტომებია გულისრევა და ღებინებაც.


– რით დასტურდება მწვავე პანკრეატიტის დიაგნოზი?
– დიგნოზს, უპირველესად, კლინიკური სიმპტომების საფუძველზე სვამენ. ასეთი აშკარა და სპეციფიკური სიმპტომების წყალობით ეს დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. ისეთი ძლიერი ტკივილი, როგორიც პანკრეატიტს აქვს, შეუძლებელია წყლულს, ნაღველკენჭოვან დაავადებას ან რომელიმე სხვა პათოლოგიას ჰქონდეს. მართალია, ნაღვლოვან კოლიკასაც ძლიერი ტკივილი ახასიათებს, მაგრამ მას გარდამავალი ხასიათი აქვს, პანკრეატიტისთვის კი მუდმივი, თითქმის შეუჩერებელი ტკივილია ტიპური. გარდა ამისა, როცა პანკრეატიტს ვეჭვობთ, ფერმენტულ დიაგნოსტიკას ვატარებთ, კერძოდ, განვსაზღვრავთ სისხლში ამილაზისა და ლიპაზის დონეს. ეს დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტია. ამის შემდეგ უკვე კვლევის ვიზუალიზაციურ მეთოდებს მივმართავთ – ულტრასონოგრაფიას, კომპიუტერულ ტომოგრაფიას. ბილიარული პანკრეატიტების დროს ყველაზე ინფორმაციული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიაა, ვინაიდან მისი მეშვეობით მთელი ბილიარული ხე (სანაღვლე სადინარები) თვალნათლივ ჩანს და მცირე ზომის კენჭის დანახვაც შეიძლება.


– ყოველთვის აუცილებელია თუ არა მწვავე პანკრეატიტის სტაციონარში მკურნალობა?
– სამწუხაროდ, მწვავე პანკრეატიტის დროს სტაციონარულ მკურნალობას ვერ ავცდებით. თუნდაც მოკლე, ერთდღიანი კურსი აუცილებლად კლინიკაში უნდა ჩატარდეს. თუმცა მწვავე პანკრეატიტების 70-75% მსუბუქად მიმდინარეობს და ფერმენტების ნორმალიზება და ტკივილის კუპირება სწრაფად ხდება. სიტუაცია უმეტესად 1-3 დღეში სტაბილურდება. მაგრამ არის შემთხვევებიც, როდესაც პანკრეატიტი მძიმედ მიმდინარეობს, შეშუპებითი და ანთებითი პროცესები მის ირგვლივ მდებარე ქსოვილებსაც მოიცავს და ვითარდება პანკრეონეკროზი. ამ დროს დაავადება განსაკუთრებით მძიმდება და სისტემურ ხასიათს იღებს. არცთუ იშვიათად ლეტალური შედეგითაც სრულდება.


– პანკრეატიტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები როგორია?
– მე თუ მკითხავთ, საუკეთესო რეცეპტია “голод, холод и покой” – “შიმშილი, სიცივე და სიმშვიდე”. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვები მრავალი ათეული წლის წინ ითქვა, ამ ხნის განმავლობაში მედიცინა წინ წავიდა და პანკრეატიტის მკურნალობაში უამრავი რამ შეიცვალა, სამი ძირითადი პრინციპი უცვლელი დარჩა. ამრიგად, პრინციპი პირველი – შიმშილი. მოგეხსენებათ პანკრეატიტის განვითარების ერთ-ერთი მთავარი პირობა მის სადინარებში წნევის მომატება და მათი დაზიანებაა. ამ დროს პანკრეასის მომნელებელი წვენები გამოიყოფა, თვითმონელებას იწვევს და საკუთარ ქსოვილს აზიანებს. რაც მეტი წვენი წარმოიქმნება, მით მეტად ზიანდება პანკრეასი. სწორედ ამიტომ მისი მკურნალობის მთავარი პრინციპი ამ წვენების წარმოქმნისთვის ხელის შეშლაა. ვინაიდან შიმშილის დროს პანკრეასის წვენი არ გამოიყოფა, შანსი, რომ დაავადება გამწვავდეს, მცირდება.
თუმცა მხოლოდ შიმშილით ფონს ვერ გავალთ. შიმშილი, მოგეხსენებათ, კუჭის წვენის რაოდენობას ვერ შეამცირებს, არა
და სწორედ თორმეტგოჯა ნაწლავში გადასული კუჭის წვენი ასტიმულირებს პანკრასის წვენების წარმოქმნას. კუჭის წვენის გამოყოფის დასაითრგუნავად შიმშილთან ერთად ადრე H2 ბლოკატორებს – ჰისტამინის რეცეპტორების ბლოკატორებსაც ვიყენებდით (მაგალითად, რანიტიდინს, ციმეტიდინს). დღესდღეობით უფრო ეფექტურ – ომეპრაზოლის ჯგუფის პრეპარატებს ვიყენებთ (პანტოპრაზოლს, ულცეპანს, ნექსიუმს ვენაში). ამას პანკრეასის წვენის წარმოქმნის მაქსიმალური შეკავება მოჰყვება. ანტიფერმენტული პრეპარატები (მაგალითად, კონტრიკალი) დღეს მსოფლიოში თითქმის აღარსად გამოიყენება. მათ მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილნი, მიიჩნევა, რომ მათი მიღება ფაქტობრივად ვერაფერს ცვლის. შიმშილი დაახლოებით 3-7 დღეა საჭირო, თუმცა ეს პაციენტს არ აუძლურებს, რადგან ჩვენ მას ინტრავენურ კვებას (გლუკოზა, ამინმჟავების ნაკრები) ვახორციელებთ. რა თქმა უნდა, ძალზე მნიშვნელოვანია ტკივილის კუპირებაც, რასაც ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები პრეპარატების საშუალებით ვახდენთ.
ქირურგიული ჩარევა მხოლოდ გართულებულ შემთხვევაშია საჭირო – პანკრეონეკროზის ან ნეკროზული უბნების დაჩირქების დროს, ასევე – ფსევდოკისტის წარმოქმნის დროსაც. ქირურგიული მკურნალობის ძირითადი მეთოდი დაზიანებული უბნის დრენირებაა.


– რამდენად კეთილსაიმედოა პანკრეატიტის პროგნოზი?
– მწვავე პანკრეატიტის დროს პროგნოზი კარგია. შემთხვევათა 75%-ს, როგორც უკვე გითხარით, მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს. ლეტალობა (სიკვდილიანობა) ძალიან იშვიათია (1-2%). მძიმედ მიმდინარე პანკრეატიტის შემთხვევათა მეოთხედი კი ლეტალურად სრულდება.  – ქრონიკული პანკრეატიტი როგორ მიმდინარეობს?
– ქრონიკული პანკრეატიტის დროს ანთებითი პროცესი დუნედ მიმდინარეობს. ის უმეტესად გამწვავების დროს მჟღავნდება ტკივილის სინდრომით. გარდა ამისა, ქრონიკულ პანკრეატიტს ფერმენტული უკმარისობა და მონელების დარღვევაც ახასიათებს (ვინაიდან პანკრეასის წვენი საკმარისი რაოდენობით აღარ გამომუშავდება). ამ დროს საჭიროა მკურნალობაში პანკრეასის ფერმენტების შემცვლელი პრეპარატების (მაგალითად, კრეზამის, პანზინორმის, კრეონის) ჩართვა. 


– როგორ ავიცილოთ თავიდან პანკრეატიტი?
– ამისათვის, უპირველესად, ალკოჰოლის მკვეთრი შეზღუდვა საჭირო, ვინაიდან პირველი მაპროვოცირებელი ფაქტორი სწორედ ალკოჰოლია. გარდა ამისა, აუცილებელია ცხიმიანი საკვების, განსაკუთრებით – ცხოველური ცხიმის, მაქსიმალური შეზღუდვა, მეტადრე, თუ ადამიანს კენჭოვანი დაავადება აქვს, ვინაიდან ცხიმიანი საკვები კენჭის გავლის და, შესაბამისად, პანკრეატიტის მაპროვოცირებელი ფაქტორია. სასურველია იმ მედიკამენტების შეზღუდვაც (თუ შესაძლებელია), რომლებიც პანკრეატიტს პროვოცირებას უწევს. სიგარეტი პანკრეატიტის უშუალო მიზეზი არ არის, მაგრამ ის პანკრეასის სადინარების (ვირზუნგის სადინარისა და ოდის სფინქტერის) სპაზმს იწვევს, ამიტომ, როცა პაციენტს პანკრეატიტი აქვს, რასაკვირველია, სიგარეტისთვის თავის დანებებას ვურჩევთ. ორიგინალური არ ვიქნები და თქვენს მკითხველს ვეტყვი, რომ პანკრეატიტის, ისევე როგორც ბევრი სხვა დაავადების პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალება ცხოვრების ჯანსაღი წესია.

გააზიარე: