რას გულისხმობს ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ზრდა-განვითარების შეფერხება და რამდენად ხშირია ის?
გააზიარე:
ამჯერად თქვენს ყურადღებას ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ზრდა-განვითარების შეფერხების სინდრომზე შევაჩერებთ. მედიცინის დოქტორმა, მეან-გინეკოლოგმა დავით დავარაშვილმა, როგორც ყოველთვის, ამ თემის შესახებ უახლესი და მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდა. ვფიქრობთ, ინტერვიუ საინტერესო იქნება არა მხოლოდ პაციენტებისთვის, არამედ ექიმებისთვისაც.
- _ რას გულისხმობს ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ზრდა-განვითარების შეფერხება და რამდენად ხშირია ის?
_ ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ზრდა-განვითარების შეფერხება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დარღვევაა, რომელსაც მეანობაში ვხვდებით. არცთუ სახარბიელოა მისი გამოსავალი _ სტატისტიკური მონაცემებით, ამ დროს 7-10-ჯერ იმატებს პერინატალური ავადობა და სიკვდილიანობა. მკვდრადშობადობის 26%-იც სწორედ საშვილოსნოსშიდა ზრდა-განვითარების შეფერხების შედეგია. მაშასადამე, საკითხი მეტად აქტუალურია. მის შესახებ მეტი უნდა იცოდნენ პაციენტებმაც და ექიმებმაც, ვინაიდან არცთუ იშვიათია დაგვიანებული დიაგნოსტიკა, არასწორი მართვა და, აქედან გამომდინარე, ცუდი გამოსავალი. მოხარული ვარ, რომ ამ თემაზე თქვენი ჟურნალის მკითხველიც უფრო მეტს შეიტყობს.
პატარა ნაყოფი = შეფერხებას?
_ სინდრომის სახელწოდება მიგვახვედრებს, რომ ამ დროს ნაყოფი ზრდასა და განვითარებაში ჩამორჩება. ის ასაკთან შედარებით მცირე წონისაა. თუმცა საკითხი ასე სწორხაზოვნად არ დგას _ მთავარია, სწორად შეფასდეს, ნაყოფის მცირე მასა, ჰიპოტროფია, ნამდვილად შეფერხებული ზრდა-განვითარების შედეგია თუ არა.
- _ კიდევ რამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის ჰიპოტროფია?
_ არსებობს ასეთი ცნება _ გესტაციური ასაკისთვის პატარა ნაყოფი. ამ დროს ნაყოფი ყველა პარამეტრით ჩამორჩება გესტაციურ ასაკს, თუმცა ეს არ არის პათოლოგია _ ნაყოფის კონსტიტუციური თავისებურებაა. გასათვალისწინებელია ეთნიკური წარმომავლობაც. სხვადასხვა ქვეყნისა და რასის მოსახლეობისთვის სხვადასხვა საშუალო ზომაა გამოთვლილი _ პირობითად, ჩინელებს, იაპონელებს და სკანდინავიელებს ერთი საზომით ვერ შევაფასებთ (საქართველოს მოსახლეობის შეფასებისთვის საშუალო ევროპულ ზომას ვეყრდნობით).
სულ სხვა მოვლენაა ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ზრდა-განვითარების შეფერხება, რადგან ამ დროს ჰიპოტროფიის მიზეზი დარღვევაა. რომელიმე მაჩვენებელი ან ყველა ერთად ნორმაზე ნაკლებია. ამის მიხედვით განასხვავებენ შეფერხების სიმეტრიულ და ასიმეტრიულ ფორმებს. არც ის არის გამორიცხული, ნაყოფი ნორმალური წონისა იყოს, მაგრამ ასიმეტრიულად განვითარებული. მაგალითად, დაიბადოს 3 კილო, მაგრამ თავი და ფეხები მუცელთან შედარებით არაპროპორციული ზომისა ჰქონდეს. ყველა ფორმას თავისი მიზეზი აქვს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ფორმის განსაზღვრა _ ეს შესაძლო დიაგნოზს, მკურნალობის გზას და გამოსავალს გვთავაზობს.
უბრალოდ პატარა თუ?..
- _ მკითხველს ალბათ დაებადება კითხვა: რა სხვაობაა გესტაციურ ვადასთან შედარებით პატარა ახალშობილსა და საშვილოსნოსშიდა ზრდა-განვითარების შეფერხების სიმეტრიულ ტიპს შორის და როგორ ხდება მათი დიფერენცირება?
_ დიაგნოზის დასმა პირველივე გაზომვით უმეტესად ვერ ხერხდება. დავიწყოთ იმით, რომ პრობლემურია ნაყოფის გესტაციური ვადის განსაზღვრა _ შესაძლოა, ქალს ეშლება ან არ ახსოვს, როდის ჰქონდა ბოლო მენსტრუაცია, არეული აქვს ციკლი და სხვა. ტაქტიკა ასეთია: თუ პირველი გაზომვისას გაირკვა, რომ ნაყოფი მოსალოდნელზე პატარაა, ვაფასებთ მის ფუნქციურ მდგომარეობას, ე.წ. ბიოფიზიკურ პროფილს _ მოძრაობით აქტივობას, სუნთქვით მოძრაობას, ტონუსს, სანაყოფე წყლის რაოდენობას _ და ვატარებთ არასტრესულ ტესტს (კარდიოტოკოგრაფიით). თუ ყველა ეს მაჩვენებელი ნორმაშია, იმის დასადგენად, შეფერხებაა ეს თუ უბრალოდ მცირე ზომის ნაყოფი, ორსულს 2-3 კვირის შემდეგ ვიბარებთ მონაცემების დინამიკის შესაფასებლად. თუ ნაყოფი ნორმალურად იზრდება და ფუნქციური მდგომარეობაც წესრიგშია, ე.ი. ან გესტაციურ ვადასთან შედარებით პატარაა, ან არასწორადაა მითითებული თავად გესტაციური ასაკი.
თუ პირველივე გამოკვლევის დროს პარამეტრების სიმცირესთან ერთად ფუნქციური ნაკლოვანებებიც გამოჩნდა ან ისინი დინამიკაში გამოვლინდა _ მცირეწყლიანობა, სისხლის მიმოქცევის დაქვეითება და სხვა, უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქმე შეფერხებასთან გვაქვს.
_ თუ დადგინდა, რომ ნაყოფი გესტაციურ ვადასთან შედარებით პატარაა, მაინც არის საჭირო განსაკუთრებული მეთვალყურეობა?
_ ნაყოფს, რომელიც სიმეტრიულად ვითარდება და ფუნქციურად ნორმალურია, განსაკუთრებული მეთვალყურეობა არ სჭირდება _ როგორც წესი, 39-40 კვირის ვადაზე ის ყოველგვარი გართულების გარეშე, ფიზიოლოგიური მშობიარობის გზით იბადება. მაგალითად, 2500 გრამი. ამაში საგანგაშო არაფერია, ყველა 4000 გრამი ვერ იქნება. მთავარია, დარწმუნებული ვიყოთ, რომ საქმე ნამდვილად ამ მოცემულობასთან გვაქვს, ნაყოფის მცირე ზომის უკან ზრდა-განვითარების შეფერხება არ დგას და არასწორი ჩარევით იატროგენული ზიანი არ მივაყენოთ დედას ან თავად ნაყოფს.
ვეძებთ მიზეზს
- _ რა იწვევს ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ზრდა-განვითარების შეფერხებას?
_ ბევრი რამ ეტიოლოგიური მიზეზები სამ ძირითად ჯგუფად იყოფა: დედისმიერად, ნაყოფისმიერად და პლაცენტისმიერად. დედისმიერ რისკფაქტორებს მიეკუთვნება:
* ასაკი (16 წელზე ნაკლები ან 35 წელზე მეტი), ხშირი მშობიარობა და მათ შორის 2 წელზე ნაკლები შუალედი;
* ქრონიკული დაავადებები _ არტერიული ჰიპერტენზია, თირკმლის ქრონიკული დაავადება, სისტემური წითელი მგლურა, ბრონქული ასთმა, გულის მანკი, შაქრიანი დიაბეტი , აუტოიმუნური დაავადებები და სხვა;
* გინეკოლოგიური დაავადებები, საშვილოსნოს განვითარების ანომალიები;
* სოციალური ფაქტორები _ ცხოვრების არადამაკმაყოფილებელი პირობები, ცუდი კვება;
* დედის მავნე ჩვევები _ ალკოჰოლის ან ნარკოტიკის მოხმარება, მწეველობა.
ნაყოფისმიერი მიზეზები მოიცავს გენეტიკურ პათოლოგიებს, განვითარების მანკებს და მძიმე ინფექციებს (სიფილისი, ტუბერკულოზი, ციტომეგალოვირუსი, ტოქსოპლაზმოზი და სხვ.)
რაც შეეხება პლაცენტას, ის შესაძლოა თავიდანვე არასწორად განვითარდეს და, შესაბამისად, ნაყოფი ჩასახვის დღიდანვე ჩამორჩეს ზრდასა და განვითარებაში (წესისამებრ, ასეთი ორსულობა 20 კვირამდე ვერ აღწევს) ან მოგვიანებით განვითარდეს პლაცენტის ესა თუ ის პათოლოგია _ ჩაზრდა, ჭიპლარის არასწორი მიმაგრება, პლაცენტის სიმსივნე, პლაცენტის დაზიანება პრეეკლამფსია-ეკლამფსიის, ჰიპერტონიული დაავადების, შაქრიანი დიაბეტის გამო. ასეთ შემთხვევებში ნაყოფი, როგორც წესი, ასიმეტრიულია. ვინაიდან ზოგი ორგანო ასწრებს განვითარებას, ზოგი კი ვერა. რისკი მაღალია მრავალნაყოფიანი ორსულობის დროს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ნაყოფებს საერთო პლაცენტა აქვთ (მედიცინაში ამას მონოქორიალურ ორსულობას ვუწოდებთ).
რა ემუქრება ნაყოფს
_ ცხადია, განვითარების შეფერხება ნაყოფს კარგს არაფერს მოუტანს. საბედნიეროდ, განსაზღვრულ ეტაპამდე მის ორგანიზმში შეუქცევადი და მძიმე დაზიანებები არ ვითარდება; როცა სისხლის მიმოქცევა ქვეითდება, ნაყოფის ორგანიზმი საკუთარი ძალებით ცდილობს პათოლოგიური პროცესიის კომპენსირებას. ხდება სისხლის გადანაწილება _ იმატებს იმ ორგანოების სისხლით მომარაგება, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია: ტვინისა, გულისა, თირკმელზედა ჯირკვლისა. მთელი რესურსი იქით არის მიმართული, რომ ჰიპოქსია _ ჟანგბადის ნაკლებობა _ არ განვითარდეს. ამიტომ ჰიპოტროფიულ ნაყოფს შესაძლოა ჰიპოქსია არც კი ჰქონდეს. ამ პროცესის შედეგია ასიმეტრიაც _ ახალშობილის თავი ნორმალური ზომისაა, მუცელი კი პატარა, შინაგანი ორგანოებიც _ ნაკლებად განვითარებული. მაგრამ საბოლოოდ მაკომპენსირებელი ძალებიც გამოილევა და მომდევნო ეტაპებზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოებიც ზიანდება. პრობლემებს წარმოშობს პერიფერიული სპაზმიც. ტვინის კვება ადეკვატურია, მაგრამ ფაქტობრივად ყველა ორგანო ჟანგბადოვან შიმშილს განიცდის. თუ ეს დიდხანს გაგრძელდა, მძიმე ცვლილებები გარდაუვალია. ამ ცვლილებების გამო დაბადების შემდეგ ახალშობილს უვითარდება სპასტიკური ან ნეკროზული ენტეროკოლიტი, პერიტონიტი, სხვადასხვა ორგანოს იშემია.
ექიმის მიზანია, მანამდე ამოიყვანოს ნაყოფი, სანამ კომპენსაცია დეკომპენსაციაში არ გადაიზრდება. ცდი ის არის, რომ ეს ეტაპი ზოგჯერ ორსულობის მეტად ადრეულ ვადაზე დგება, როცა ნაყოფის სიცოცხლისუნარიანობა მეტად საეჭვოა და მშობიარობის ინდუქცია ან საკეისრო კვეთა ფაქტობრივად უპერსპექტივოა.
- _ რის საფუძველზე შეიძლება ვიეჭვოთ საშვილოსნოსშიდა ზრდა-განვითარების შეფერხება? ქალი რამეს უჩივის?
_ თუ შეფერხება ქრონიკული დაავადების ან გადატანილი თუ მიმდინარე ინფექციის შედეგია, ცხადია, ქალს ჩივილებიც ექნება. მაგრამ არც ის არის გამორიცხული, სიმპტომები არ გამოვლინდეს. საყურადღებოა მუცლის მცირედით ზრდა, ნაყოფის ნაკლები მოძრაობა. ეს ნიშნები ერთმნიშვნელოვნად შეფერხებაზე არ მიუთითებს და არც მათი არარსებობაა შეფერხების გამორიცხვის საფუძველი, მაგრამ ეჭვის საფუძველს ნამდვილად იძლევა. აუცილებელია, გინეკოლოგმა სწორად გაზომოს საშვილოსნოს ფუძის სიმაღლე _ ესეც სადიაგნოზო ნიშანია, რომელიც დადასტურებას ან გამორიცხვას მოითხოვს.
მთავარი პრინციპი და მთავარი პრობლემა
- _ აღნიშნეთ, რომ სწორი და დროული დიაგნოსტიკა ძალზე მნიშვნელოვანია. საინტერესოა, რის მიხედვით მსჯელობთ გესტაციურ ვადაზე?
_ უპირველეს ყოვლისა _ ბოლო მენსტრუაციის მიხედვით, მაგრამ მხოლოდ ამ მაჩვენებელს ვერ დავეყრდნობით _ უკვე გითხარით, რომ მრავალი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზის გამო ცდომლება არცთუ მცირეა. მნიშვნელოვანია საშვილოსნოს გაზომვა (რაც კონსულტაციის დროს აუცილებლად უნდა გააკეთოს გინეკოლოგმა). მაგრამ ეს მანიპულაცია 23-25 კვირამდე ნაკლებად ინფორმაციულია, თანაც ცდომილებას იძლევა მრავალწყლიანობა, მცირეწყლიანობა, საშვილოსნოს სიმსივნური წარმონაქმნი, გაცხიმოვნება. ყველაზე სარწმუნოდ ექოსკოპიური გამოკვლევა მიიჩნევა, ნაყოფის ზომის გამოსათვლელად საუკეთესო დრო კი ორსულობის მე-10-დან მე-20 კვირამდე პერიოდია. ამ დროს ყველა ნაყოფი, თუ პათოლოგია არ აქვს, დაახლოებით ერთნაირად იზრდება. რაც უფრო დიდია გესტაციური ასაკი, მით მეტია ცდომილება, მაშინაც კი, როცა ნაყოფი ნორმალურად ვითარდება.
- _ აპარატურას, მის ტექნიკურ მაჩვენებლებს თუ აქვს მნიშვნელობა?
_ რა თქმა უნდა, მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ აპარატზე მეტი მნიშვნელობა ენიჭება სწორად ჩატარებულ კვლევას. ერთი და იმავე აპარატით სხვადასხვა ექიმის მიერ გაზომილი მონაცემებიც კი გვაძლევს გარკვეულ ცდომილებას. ის კი არა, მცირედი ცდომილება ერთსა და იმავე ექიმსაც შეიძლება ჰქონდეს ერთი და იმავე პაციენტის ნახევარსაათიანი შუალედით გამოკვლევისას. ცხადია, ამგვარი ცდომილება მართვის ტაქტიკას არ ცვლის და არც გამოსავალზე აისახება უარყოფითად, მაგრამ უდავოა, რომ ექიმს ძალზე მაღალი კვალიფიკაცია უნდა ჰქონდეს. იდეალურია, როცა ექიმი (მეანი) თავადვეა ექოსკოპისტი ან გამოკვლევას ესწრება.
დიაგნოზის შემდეგ
- _ დიაგნოზის დასმის შემდეგ რა ხდება?
_ მომდევნო ეტაპზე უნდა შეფასდეს, რამდენად ადაპტირებულია ნაყოფი პათოლოგიურ პროცესთან. ამას ყველაზე უკეთ დოპლეროგრაფია ავლენს. ექოსკოპიური და დოპლეროგრაფიული გამოკვლევა საშუალებას გვაძლევს, არა მხოლოდ დიაგნოზი დავსვათ, არამედ დავადგინოთ შეფერხების მიზეზი, შევაფასოთ ნაყოფის ფუნქციური მდგომარეობა და დავსახოთ სამოქმედო გეგმა. თუ ბიოფიზიკური პარამეტრები ნორმალურია, ორსულიც თავს კარგად გრძნობს და არ აქვს ქრონიკული დაავადება, მას 2-3 კვირაში ერთხელ ვიბარებთ, თუ დარღვევაა _ ყოველ კვირას, ზოგჯერ _ ყოველ მეორე-მესამე დღესაც კი, რათა არ გამოგვეპაროს მომენტი, როცა მოცდა აღარ შეიძლება და ორსულობა სასწრაფოდ უნდა დასრულდეს მშობიარობის ინდუქციის ან საკეისრო კვეთის გზით.
მოქმედების დროა!
- _ როგორ ადგენთ ამ კრიტიკულ მომენტს?
_ დოპლეროგრაფიით განვსაზღვრავთ სისხლის მიმოქცევას ჭიპლარის არტერიაში, თავის ტვინის არტერიაში, ვენურ სადინარში. ამ მონაცემების მიხედვით ფასდება ნაყოფის ფუნქციური მდგომარეობა და ლოდინის დრო.
თუ ჭიპლარის არტერიაში დიასტოლური სისხლის მიმოქცევა ნულოვანი ან რევერსულია (უარყოფითი), ეს ნიშნავს, რომ არც ისე ბევრი დრო გვაქვს _ მაქსიმუმ 3-5 დღეში ნაყოფი შეიძლება დაიღუპოს. ვიწყებთ მის მომზადებას და ვგეგმავთ მშობიარობას.
თუ თავის ტვინის არტერიაში სისხლის მიმოქცევა მომატებულია (დიასტოლური კომპონენტი), ხოლო ჭიპლარის არტერიაში _ დაქვეითებული, ეს იმაზე მიუთითებს, რომ კომპენსატორული მექანიზმი მუშაობს და ნაყოფი ჯერჯერობით უმკლავდება ცვლილებებს. ამ შემთხვევაში მდგომარეობას კვირაში ერთხელ ვამოწმებთ.
თუ ჭიპლარის არტერიაში დიასტოლური სისხლის მიმოქცევა ნულოვანი ან რევერსულია, უნდა შემოწმდეს სისხლის დინება ვენურ სადინარსა და აორტის არხში. როცა სისხლის დინების დარღვევა ვენურ სადინარშიც აშკარა ხდება, დარჩენილია სულ რაღაც 24 საათი _ მოქმედების დროა!
როგორ გავზარდოთ ნაყოფი
- _ გამიგონია, რომ საშვილოსნოსშიდა ზრდა-განვთარების შეფერხების დროს სხვადასხვა მედიკამენტსაც უნიშნავენ. როდის არის მოწოდებული მათი გამოყენება?
_ ძალზე აქტუალურ საკითხს შეეხეთ. უწინარეს ყოვლისა, გეტყვით, რომ თუ ქალს წინა ორსულობისას ჰქონდა მსგავსი პრობლემა და მისი მიზეზი სისხლძარღვოვანი დარღვევები აღმოჩნდა, მორიგი ორსულობის დროს რკომენდებულია პრევენციისთვის თრომბოასპირინის ან კარდიომაგნილის მიღება _ 75-დან 150 მგ-მდე ყოველდღე. ამ წამლების დახმარებით პლაცენტის არტერიოლები სწორად ვითარდება და შეფერხების ალბათობა იკლებს. ახლა _ რაც შეეხება თავად შეფერხების მკურნალობას. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ სინდრომის აღმოფხვრის ძირითადი, მეტიც _ ერთადერთი გზა მშობიარობაა. მედიკამენტური მკურნალობა ძალზე პოპულარულია, მაგრამ უკვე დამტკიცებულია, რომ ის უეფექტოა, დროის ამაო კარგვაა. ცხადია, არ ვგულისხმობ იმ შემთხვევებს, როდესაც ქალს არტერიული ჰიპერტენზიის გამო წნევის დამწევს უნიშნავენ ან ინფექციას მკურნალობენ. ძირითადი დაავადების მკურნალობა უნდა ჩატარდეს, თუმცა უკვე მომხდარ ცვლილებებს უკან ვეღარ დავაბრუნებთ, მედიკამენტებით ნაყოფის საშვილოსნოში "გაზრდა" კი შეუსრულებელი მისიაა, ამიტომ უნდა ვმართოთ ძირითადი დაავადება და დავაკვირდეთ ნაყოფს. ის თავად გვანიშნებს, როდის უნდა დაიბადოს, დარჩენილი დროის განმავლობაში კი ჯობს, არა მის "გაზრდაზე", არამედ ფილტვების მომწიფებაზე ვიზრუნოთ. ამ პარამეტრის შეფასება ულტრაბგერითი გამოკვლევითაა შესაძლებელი.
ამ ყველაფრის ცოდნას დიდი მნიშვნელობა აქვს კიდევ ერთი მიზეზის გამო _ მოგეხსენებათ, პერინატალური რეგიონალიზაციის შედეგად სამშობიარო სახლები დონეებად დაიყო. ორსულმა იმ კლინიკაში უნდა იმშობიაროს, რომელსაც მისი და ახალშობილის სამართავად შესაბამისი რესურსი აქვს. როდესაც წინასწარ ვიცით, რომ ნაყოფის ფილტვები მოუმწიფებელია ან ნაყოფი მეტისმეტად პატარაა, ორსულს თავიდანვე მესამე დონის კლინიკაში ვაგზავნით. ასეთ დროს გამოსავალი გაცილებით უკეთესია, ვიდრე იმ შემთხვევებში, როდესაც ქალი მეორე დონის კლინიკაში მშობიარობს და მერეღა გადაჰყავთ ახალშობილი მესამე დონის სამედიცინო დაწესებულებაში, რადგან საშვილოსნო ნაყოფისთვის საუკეთესო ტრანსპორტია.
კვეთით თუ კვეთის გარეშე?
- _ რის მიხედვით არჩევთ მშობიარობის გზას?
_ თუ ნაყოფის მდგომარეობა დამაკმაყოფილებრლია, მშობიარობა ფიზიოლოგიურად უნდა წაიმართოს მუდმივი მონიტორინგის თანხლებით. მთავარია, სამეანო განყოფილება მზად იყოს შესაძლო საკეისრო კვეთისთვის და ნეონატალური სამსახური _ ახალშობილის დასახმარებლად. მაგრამ როცა ნაყოფის ფუნქციური მდგომარეობა არასათანადოა, მან შესაძლოა ვერ გადაიტანოს სამშობიარო სტრესი. ამ შემთხვევაში იძულებული ვართ, საკეისრო კვეთა ჩავატაროთ.
რა ელის მომავალში?
- _ როგორია გრძელვადიანი პროგნოზი?
_ ის რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული: შეფერხების მიზეზზე, პათოლოგიით გამოწვეული ცვლილებებზე და ნაყოფის მდგომარეობაზე დაბადებისას. დიდი მნიშვნელობა აქვს ორსულობის ვადასაც. 30 კვირის შემდეგ გადაწყვეტილებას მშობიარობის აღძვრისა თუ საკეისრო კვეთის თაობაზე უფრო ადვილად ვიღებთ, ვინაიდან ამ ასაკის ნაყოფის გადარჩენის შანსი დიდია. 30 კვირამდე კი, სამწუხაროდ, პროგნოზი ნაკლებად საიმედოა. შესაძლოა, ქალს ჩავუტაროთ კიდეც საკეისრო კვეთა, მაგრამ 22-26 კვირის ნაყოფის გადარჩენა, მით უმეტეს _ როცა ზრდის შეფერხება აქვს, ძალიან ძნელია.
ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ თუ შეფერხების მიზეზი არ არის გენეტიკური დაავადება ან ინფექცია, რომელიც ისედაც აზიანებს ნაყოფს, გამოსავალი _ მთლიანად არა, მაგრამ დიდწილად _ ორსულობის მართვის ტაქტიკაზეა დამოკიდებული: არც ორსულობის ზედმეტად (არარაციონალურად) გახანგრძლივებაა სწორი და არც ნაადრევი დასრულება (მანამდე, სანამ ჯერ კიდევ შესაძლებელია მისი გაგრძელება). მეორე მხრივ, რაც უფრო ადრე დაისმება დიაგნოზი და სწორ დროს ამოვიყვანთ ბავშვის, მით უფრო დაბალია სამომავლოდ პრობლემების წარმოშობის რისკი.
გვანცა გოგოლაძე