ციკლური ღებინების სინდრომი
გააზიარე:
ბავშვობიდან მოყოლებული, უზომოდ მეშინოდა ღებინების. ამ საკითხში დღემდე ბავშვად დავრჩი... ახლახან გავიგე, რომ არსებობს ციკლური ღებინების სინდრომი – ღებინების შეტევები ერთი შეხედვით უმიზეზოდ ვითარდება. წარმოვიდგინე, როგორ იტანჯება ამ სინდრომის მქონე ადამიანი და გადავწყვიტე, მის შესახებ ინფორმაცია ჩვენს მკითხველებსაც მივაწოდო, რათა ყველამ, ვისაც ეს სინდრომი ტანჯავს, იცოდეს მისი მართვა და ამ დიაგნოზით სრულფასოვნად ცხოვრება მოახერხოს.
ციკლური ღებინების სინდრომს ძლიერი, ერთი შეხედვით უმიზეზო ღებინების შეტევები ახასიათებს. ღებინება, წესისამებრ, რამდენიმე საათს ან დღეს გრძელდება, რასაც უსიმპტომო პერიოდი მოსდევს. თითოეული ეპიზოდი ხანგრძლივობითა და მიმდინარეობით წინას წააგავს.
წინათ ციკლური ღებინების სინდრომს ბავშვთა პათოლოგიად მიიჩნევდნენ, ახლა კი დადგენილია, რომ ის ყველა ასაკში გვხვდება.
მკვლევრები ვარაუდობენ ციკლური ღებინების სინდრომის შაკიკთან კავშირს. კვლევებმა აჩვენა, რომ უამრავ ბავშვს, რომლებსაც შაკიკი ან მისი ოჯახური ანამნეზი აქვთ, ასაკთან ერთად ციკლური ღებინების სინდრომი უვითარდება. ზრდასრულებთან ამ ორ პათოლოგიას შორის კავშირი ნაკლებადაა გამოხატული.
დადასტურებულია ციკლური ღებინების სინდრომთან მარიხუანას ქრონიკული მოხმარების კავშირიც.
რა იწვევს
უცნობია, რა იწვევს ციკლური ღებინების სინდრომს. სავარაუდო მიზეზების ჩამონათვალი მოიცავს:
* გაციებას, ალერგიას და სინუსიტს (ცხვირის დანამატ ღრუებში აღმოცენებულ ანთებით პროცესს);
* ემოციურ სტრესს, აღგზნებას, განსაკუთრებით – ბავშვებთან;
* შფოთვას, პანიკის შეტევას, განსაკუთრებით – ზრდასრულებთან;
* ზოგიერთი საკვების, მაგალითად, შოკოლადის ან ყველის მიღებას;
* ჭარბ კვებას, საკვების მიღებას ძილის წინ;
* გარემოს მაღალ ტემპერატურას;
* ფიზიკურ გადაღლას;
* მენსტრუაციას;
* ზღვის ავადმყოფობას.
არსებობს მაპროვოცირებელი ფაქტორებიც, რომელთა დადგენა ძალიან დაგეხმარებათ სიმპტომების მართვაში.
რა ახასიათებს
* ერთი საათის განმავლობაში მრავალჯერადი ძლიერი პირღებინება, რომელიც, სულ მცირე, ერთ კვირას გრძელდება
* უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში უმიზეზოდ განვითარებული ღებინების სამი ან მეტი ეპიზოდი
სხვა სიმპტომებია:
* მუცლის ტკივილი
* ფაღარათი
* სიცხე
* თავბრუხვევა
* სინათლისადმი მგრძნობელობის მომატება
ღებინების შეტევებს შორის ინტერვალები ძირითადად უსიმპტომოა. ზოგიერთ პაციენტს ეპიზოდებს შორის აწუხებს მსუბუქი გულისრევის შეგრძნება და მუცლის ან კიდურების ტკივილი.
კვლევები ცხადყოფს, რომ ციკლური ღებინების მქონე პაციენტების ნახევარი დეპრესიას უჩივის.
გართულებები
ციკლური ღებინების სინდრომი შეიძლება გართულდეს:
* გაუწყლოებით (დეჰიდრატაცია). მრავალჯერადი ღებინების დროს ორგანიზმი ძალიან სწრაფად კარგავს წყალს, რის შედეგადაც ვითარდება ძლიერი წყურვილი, დაღლილობის შეგრძნება, მცირდება შარდის გამოყოფა, ფითრდება კანი. მძიმე დეჰიდრატაციის დროს აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია.
* საყლაპავის დაზიანებით. ღებინების დროს კუჭის მჟავა საყლაპავის კედლებს აზიანებს, ხშირად – ისე ძლიერ, რომ სისხლდენასაც კი იწვევს.
* კარიესით. კუჭის მჟავამ შესაძლოა კბილის მინანქარი დააზიანოს.
ამ სიმპტომების არსებობისას აუცილებლად მიმართეთ ოჯახის ექიმს, ბავშვის ავადმყოფობის შემთხვევაში – პედიატრს, თუმცა შეგიძლიათ, თავიდანვე გასტროენეტეროლოგთან (კუჭ-ნაწლავის სპეციალისტთან) მიხვიდეთ, რადგან თქვენი ექიმი, დიდი ალბათობით, მაინც მასთან გადაგამისამართებთ.
ექიმთან მისვლამდე
ექიმთან მისვლამდე სასურველია:
* დაწვრილებით აღწეროთ და ჩამოწეროთ არსებული სიმპტომატიკა, მიუთითოთ, რამდენად ხშირია ღებინების ეპიზოდები, რამდენ ხანს გრძელდება თითოეული, ხომ არ შეგიმჩნევიათ კონკრეტული გამღიზიანებელი, რომელიც პროვოცირებას უწევს შეტევას, მაგალითად, საკვები ან რომელიმე ქმედება;
* გაიხსენოთ გადატანილი დაავადებები და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები;
* ჩამოწეროთ ყველა ის მედიკამენტი თუ საკვები დანამატი, რომელსაც ამჟამად იღებთ;
* გაიხსენოთ თქვენს (ბავშვის ავადმყოფობის შემთხვევაში – მის) ცხოვრებაში ბოლო დროს მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენები და პოზიტიური თუ ნეგატიური ცვლილებები, გადატანილი სტრესი და სხვა;
* ჩაინიშნოთ კითხვები, რომლებიც გინდათ დაუსვათ ექიმს.
დიაგნოსტიკა
სასურველია, ექიმმა პაციენტი უშუალოდ ღებინების ეპიზოდის დროს გასინჯოს. თუ ღებინების ფაზამ გადაიარა, საჭიროა დასვენება, დიდი რაოდენობით სითხის მიღება და მსუბუქი დიეტა. თავი არიდეთ კოფეინიან სასმელს და საჭმელს.
სინდრომის დიაგნოსტიკა რთულია, რადგან ღებინება არაერთ პათოლოგიურ მდგომარეობას ახლავს თან.
ანამნეზის შეკრებისა და გასინჯვის შემდეგ ექიმმა შესაძლოა შემოგთავაზოთ:
* გამოსახვითი (ენდოსკოპიური, კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული) კვლევა საჭმლის მომნელებელ გზებში არსებული დაბრკოლების ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა დაავადების სადიაგნოსტიკოდ;
* ნაწლავთა მოტორიკის (მოძრაობის) გამოკვლევა საჭმლის მომნელებელ გზებში საკვების გადაადგილების შესამოწმებლად;
* ლაბორატორიული ტესტები ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის ან სხვა მეტაბოლური დარღვევის გამოსავლენად;
* თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა თავის ტვინის სიმსივნის ან სხვა ნერვულის სისტემის პათოლოგიის გამოსარიცხად.
სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს, პაციენტს მხოლოდ სიმპტომების მართვა შეუძლია, რაშიც დაეხმარება ექიმის მიერ გამოწერილი:
* ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტები;
* დამამშვიდებელი საშუალებები (სედატივები);
* კუჭის მჟავიანობის დამაქვეითებელი პრეპარატები;
* ანტიდეპრესანტები.
ეს მედიკამენტები რეკომენდებულია მათთვის, ვისაც ციკლური ღებინების ხშირი და ხანგრძლივი ეპიზოდები აქვს.
როგორ მოვიქცეთ
დაავადების სიმპტომების შემსუბუქებაში დიდ როლს ასრულებს ცხოვრების წესი. ციკლური ღებინების სინდრომის მქონე პაციენტებს, უწინარეს ყოვლისა, სრულფასოვანი ძილი სჭირდებათ. შეტევის დაწყებისას ისინი წყნარ, ბნელ ოთახში უნდა დარჩნენ და იძინონ.
ღებინების ფაზის გავლის შემდეგ აუცილებელია სითხისა და ელექტროლიტების მარაგის შევსება. ზოგს ღებინების შეწყვეტისთანავე უჩნდება ჭამის სურვილი, ზოგს კი არა. ამ შემთხვევაში თავდაპირველად სითხის მიღებაც საკმარისია, მერე და მერე კი ნელ-ნელა მსუბუქი საკვებიც დაამატეთ.
ციკლური ღებინების სინდრომის მართვისას ძალზე შედეგიანია ალტერნატიული მედიცინა:
* სტრესის მართვის ტექნოლოგია, რადგან შეტევას ხშირად სტრესი უწევს პროვოცირებას;
* L კარნიტინის მიღება. ეს ნივთიერებაა, რომელიც ბუნებრივად წარმოიქმნება ორგანიზმში. L კარნიტინი ცხიმის წვას და ენერგიად გარდაქმნას უწყობს ხელს;
* კოენზიმ Q10-ის (უბიქინონის) მიღება. ეს ნივთიერებაც ადამიანის ორგანიზმში წარმოიქმნება და ძირითადი უჯრედული პროცესების მიმდინარეობაში მონაწილეობს.
L კარნიტინი და კოენზიმ Q10 ორგანიზმს საკვების ენერგიად გარდაქმნაში ეხმარებიან. ენერგიის წარმოქმნა მიტოქონდრიებში მიმდინარეობს. ზოგი მკვლევარი ციკლური ღებინების სინდრომისა და შაკიკის შესაძლო მიზეზად სწორედ მიტოქონდრიულ დისფუნქციას მიიჩნევს.
ნებისმიერი საკვები დანამატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, რათა დარწმუნდეთ, რომ კონკრეტული დოზა უვნებელია თქვენი თუ თქვენი შვილის ჯანმრთელობისთვის. გაეცანით იმ მედიკამენტების ჩამონათვალსაც, რომელთა მიღება ამ საკვებ დანამატებთან ერთად უკუნაჩვენებია. L კარნიტინისა და კოენზიმ Q10-ის მიღებისას ზოგჯერ თავს იჩენს ციკლური ღებინების სინდრომის მსგავსი გვერდითი მოვლენები – გულისრევა, დიარეა, გემოვნების დაქვეითება.
ამ დიაგნოზით ცხოვრება ადვილი არ არის, რადგან ღებინების ფაზების წინასწარმეტყველება შეუძლებელია. ბავშვებს შიში და უხერხულ სიტუაციაში აღმოჩენის კომპლექსი ეუფლებათ. კარგი იქნება, გაეცნოთ ამავე სინდრომის მქონე სხვა ადამიანებს, იქონიოთ მათთან რეგულარული ურთიერთობა, გაუზიაროთ ერთმანეთს მისი მართვის გამოცდილება. ყოველივე ეს პრობლემასთან ბრძოლას გაგიადვილებთ.
პაციენტების ნაწილი მაპროვოცირებელ ფაქტორს პოულობს და მისთვის თავის არიდებით ახერხებს შეტევების გაიშვიათებას.
თუ შეტევა თვეში ერთზე მეტია, ექიმი აუცილებლად შემოგთავაზებთ პრევენციის სტრატეგიას, რომელიც გულისხმობს:
* საკმარის ძილს;
* ემოციების კონტროლს;
* შოკოლადისა და ყველისთვის თავის არიდებას;
* მცირე ულუფებით მრავალჯერად კვებას.
როგორ უკვე ვთქვით, ციკლური ღებინების სინდრომის დიაგნოზით ცხოვრება ძნელია, მაგრამ ექიმთან მჭიდრო კომუნიკაცია და მისი რეკომენდაციების შესრულება ცხოვრების ხარისხის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
თამთა ხელიძე