საით მივყავართ ანტიბიოტიკების უკონტროლო გამოყენებას?
გააზიარე:
ანტიბიოტიკები ერთ-ერთი უდიდესი აღმოჩენაა. არაერთი დაავადება, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში უკურნებლად მიიჩნეოდა, სწორედ მათი წყალობით დაამარცხეს. ანტიბიოტიკები ექიმების საიმედო დასაყრდენი გახდა. მაგრამ მოხდა ის, რაც ჯერ კიდევ ალექსანდრ ფლემინგმა – პირველი ანტიბიოტიკის, პენიცილინის, აღმომჩენმა – ივარაუდა: თანდათანობით ბაქტერიებმა ანტიბიოტიკებისადმი გამძლეობა შეიძინეს და ამ მიკრობებით გამოწვეული დაავადებები კვლავ გადაუჭრელ პრობლემად იქცა.
რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში, რა შეუძლია სახელმწიფოს ჯანდაცვის სისტემას და რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ? ამ საკითხების შესახებ ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ პროფესორი, საქართველოს აგრარულ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი დიანა ძიძიგური გვესაუბრება:
– ანტიბიოტიკისადმი რეზისტენტობა არის ინფექციის გამომწვევი შტამის მდგრადობა, მგრძნობელობის დაქვეითება ერთი ან რამდენიმე ანტიბაქტერიული პრეპარატის მიმართ. პრობლემა საკმაოდ აქტუალურია, რაზეც სტატისტიკური მაჩვენებლები მიუთითებს. კერძოდ, არსებობს ოფიციალური მონაცემები, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში შემავალ 29 ქვეყანაში ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის შედეგად წელიწადში 25 ათასი ადამიანი კვდება.
პრობლემა შესაძლოა ნებისმიერ ჩვენგანს შეეხოს – ნებისმიერ ქვეყანაში მყოფ ნებისმიერი ასაკის ადამიანს. მისგან არავინაა დაზღვეული, რადგან სახელმწიფოთა შორის საზღვრები მიკრობებს ვერ აკავებს. რეზისტენტული მიკრორგანიზმები ვრცელდება, მრავლდება, ევოლუციას განიცდის... შესაძლებელია თუ არა ამისთვის ხელის შეშლა, ძნელი სათქმელია.
ერთიანი შეტევა
- – მაშასადამე, ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობას ბაქტერიები თავისთავადაც იძენენ. როგორია ჩვენი როლი ამ პროცესში?
– ჩვენ, სამწუხაროდ, ამ პროცესს მეტისმეტად ვაჩქარებთ ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენებით. რაც უფრო ხშირად გამოვიყენებთ მათ, მით უფრო მოიმატებს რეზისტენტული მიკრობების რაოდენობა. მსოფლიო აცნობიერებს ამ საფრთხეს. საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 11 იანვარს გამოაქვეყნა განკარგულება ანტიმიკრობული რეზისტენტობის საწინააღმდეგო ეროვნული სტრატეგიის დამტკიცების შესახებ, რომელსაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უნდა გაუწიოს კოორდინირება. ამ დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოში მდგომარეობა სავალალოა. აუცილებელია მონიტორინგი, როგორ იყენებენ ანტიბიოტიკებს ჩვენს სამედიცინო დაწესებულებებში. თუმცა კონტროლი, რამდენად რაციონალურად გამოწერს ექიმი ანტიბიოტიკს, არც ისე ადვილია. არადა სწორედ ანტიბიოტიკების უკონტროლო გამოყენების შედეგია, რომ უფრო და უფრო რთულდება ისეთი დაავადებების მკურნალობა, როგორებიცაა პნევმონია, ტუბერკულოზი, გონორეა, სალმონელოზი, გახშირდა და მკურნალობას ძნელად ექვემდებარება ჰოსპიტალური ინფექციებიც, რადგან მიკრობების რეზისტენტული შტამები უმთავრესად კლინიკებშია თავმოყრილი. არის შემთხვევები (საბედნიეროდ, ბევრი არა), როდესაც კლინიკაში მოხვედრილი ადამიანი ძირითადი დაავადების მკურნალობის პარალელურად ჰოსპიტალური ინფექციის მსხვერპლი ხდება. რეზისტენტული შტამებით გამოწვეულ დაავადებას ვერავითარი ანტიბიოტიკი ვერ ერევა და ასეთი შემთხვევები ხშირად პაციენტის სიკვდილით მთავრდება.
სოფლის მეურნეობა
– მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ წარმოუდგენლად ბევრ ანტიბიოტიკს იყენებენ სოფლის მეურნეობაში, თანაც არა მხოლოდ თავდაპირველი დანიშნულებით, არამედ სხვა მიზნითაც. ეს პრობლემა გაცილებით ძნელი მოსაგვარებელია, ვიდრე ადამიანების სამკურნალოდ გამოყენებული ანტიბიოტიკებისა. მით უმეტეს, მეცხოველეობა-მეფრინველეობაში ანტიბიოტიკების მოხმარებისა და რეზისტენტობის საკითხი კიდევ უფრო ნაკლებადაა შესწავლილი, ვიდრე ჯანდაცვის სექტორში.
- – რა მიზნით იყენებენ სოფლის მეურნეობაში ანტიბაქტერიულ საშუალებებს?
– უწინარესად – პროფილაქტიკისთვის, ინფექციისგან ცხოველისა თუ ფრინველის დასაცავად. ისმის კითხვა, რამდენად მიზანშეწონილია ასეთი ცხოველისა თუ ფრინველის ხორცით კვება, რადგან მათ ხორცში, კვერცხსა თუ რძის ნაწარმში არსებული ანტიბიოტიკები საბოლოოდ ჩვენს ორგანიზმში ხვდება.
- – შესაძლებელია თუ არა პროდუქტის შემოწმება ანტიბიოტიკების შემცველობაზე?
– სამწუხაროდ, ნაკლებსარწმუნო შედეგებს მივიღებთ, რადგან არსებობს ანტიბიოტიკების აღმოჩენის ორი გზა: ექსპრესმეთოდი – ტესტი, რომლის ჩატარება საველე პირობებშიც შეიძლება – და რთული მეთოდი, რომელიც გაზურ ქრომატოგრაფიას, ფლუორესცენციას და აპარატული კვლევის სხვა სახეებს მოიცავს. მეორე მეთოდით კვლევისას ანტიბიოტიკის აღმოჩენის ალბათობა გაცილებით მაღალია, მაგრამ ეს გზა მეტისმეტად ძვირია. ამასთან, დღეს საქართველოში ლაბორატორიების უმრავლესობას ძირითადად სამი ანტიბიოტიკის – პენიცინილინის, ტეტრაციკლინისა და სტრეპტომიცინის აღმოჩენა შეუძლია, სხვების აღმოსაჩენად საჭირო რეაგენტები არ აქვს. არადა არსებობს უამრავი ანტიბიოტიკი და თითოეულ მათგანს თავისი რეაგენტი სჭირდება, ეს კი საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, ამიტომ საკვებში არსებული ყველა ანტიბიოტიკის გამორიცხვა ჩვენს პირობებში შეუძლებელია.
პასუხისმგებლობა
- – ვის ეკისრება პროდუქტის სისუფთავეზე პასუხისმგებლობა – მეწარმეს?
– ხორცის, კვერცხის, რძისა თუ სხვა ნაწარმის სისუფთავესა და სიჯანსაღეზე პასუხისმგებლობას მხოლოდ ფერმერს, თუნდაც ფერმერსა და ვეტერინარს, ვერ დავაკისრებთ. შესაძლოა, ფერმის პატრონი ზედმიწევნით აკონტროლებდეს საკუთარ პროდუქციას, მაგრამ სხვისგან იყიდოს ცხოველი, ფრინველი ან კვერცხი გასამრავლებლად, ეს უკანასკნელი კი დაავადებული აღმოჩნდეს. ამის თავიდან ასაცილებლად სახელმწიფო კონტროლი მაღალ დონეზე უნდა იყოს. პროცესში მედიკოსებიც აქტიურად უნდა ჩაერთონ, აკონტროლონ ანტიბიოტიკების გამოყენება როგორც კლინიკებში, ისე მესაქონლეობასა და მეფრინველეობაში. სტრატეგია რომ შემუშავდა, ძალიან კარგია, მაგრამ თუ ის ქაღალდზე დარჩა, შვებას ვერ მოგვიტანს.
გმო
– რეზისტენტობის საშიშროებას წარმოშობს გენმოდიფიცირებული ორგანიზმები და მათ საფუძველზე დამზადებული საკვები პროდუქტებიც. ცნობილი სქემის მიხედვით, ასეთი ორგანიზმებისთვის ახალი ნიშან-თვისებების მისანიჭებლად აგრობაქტერიას იყენებენ: სასურველი ნიშან-თვისების მაკოდირებელი გენი ან გენური კონსტრუქცია თავდაპირველად ბაქტერიაში გადააქვთ, საიდანაც ის მცენარის ორგანიზმში ხვდება. მაგრამ არის ერთი საინტერესო დეტალი: აგრობაქტერიაში საჭირო გენთან ერთად გადააქვთ ანტიბიოტიკებისადმი (პენიცილინისადმი, ამპიცილინისადმი...) რეზისტენტობაზე პასუხისმგებელი გენიც. როდესაც ასეთი გენის მატარებელი ბაქტერია მცენარის ორგანიზმში იჭრება, მის გენომს რეზისტენტობის გენითაც ამდიდრებს, ასეთი მცენარით კვებისას კი იზრდება რისკი, ჩვენი ნაწლავის ფლორაც ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული გახდეს.
ანტბიოტიკებისადმი გამძლეობის გენები უკვე ცხოველურ პროდუქტებშიც გვხვდება. თვრამეტი წელი ვებრძოდით გენმოდიფიცირებული ორგანიზმების საქართველოში შემოტანასა და დათესვას. უპასუხისმგებლობაა გმო–ს უვნებლობის ხელაღებით მტკიცება, როცა უკვე ფაქტის წინაშე ვდგავართ: ჭარბწონიანობა, ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა მასშტაბურ მოვლენად იქცა, რომელიც მალე უფრო მეტად შეგვაწუხებს.
ამრიგად, კონტროლს მოითხოვს არა მხოლოდ კლინიკებში ანტიბიოტიკების გამოყენება, არამედ ბუნებაში მიმდინარე პროცესებიც. სამწუხაროდ, მთავარი ძალა, გარემოს დაცვის სამინისტრო, საქრათველოში ფაქტობრივად აღარ არსებობს როგორც დამოუკიდებელი სტრუქტურა და ეს შეცდომა გამოსასწორებელია.
რა გავაკეთოთ?
- – რა შეგვიძლია, ვიდრე პრობლემა შეძლებისდაგვარად მოგვარდება? როგორ მოვერიდოთ ანტიბიოტიკებით გაჯერებულ საკვებს?
– რა თქმა უნდა, შეუძლებელია, ის მთლიანად ამოვიღოთ რაციონიდან, მაგრამ შეგვიძლია, მოვერიდოთ საკვებად საქონლის ისეთი ორგანოების გამოყენებას, როგორიცაა, მაგალითად, ღვიძლი და თირკმელი – როგორც იცით, ყველაფერი, რაც ორგანიზმში არ განიცდის მეტაბოლურ გარდაქმნას, სწორედ ღვიძლისა და თირკმლის უჯრედებში აკუმულირდება.
არსებობს რეკომენდაცია, ხორცი დიდხანს ვხარშოთ. მაგრამ გაირკვა, რომ ამ შემთხვევაშიც კი პრეპარატების მხოლოდ ათი პროცენტი იშლება. დანარჩენი 90% დაუშლელი რჩება და ჩვენს უჯრედებში გროვდება.
თუ ხშირად მიირთმევთ თევზს, ეცადეთ, მხოლოდ დიდ წყალსაცავებში გაზრდილი შეიძინოთ – იქ ანტიბიოტიკებს მასიურად და დიდი რაოდენობით ვერ გამოიყენებენ.
გარდა ამისა, უნდა ვიტვირთოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობაც. შეგახსენებთ, რომ ინფექციების უმეტესობა ვირუსული ბუნებისაა, ვირუსებს კი ანტიბიოტიკები კი ვერ ანადგურებს, ამიტომ ერიდეთ ამ წამლების თვითნებურ გამოყენებას, მით უმეტეს – უბრალო გაციებისას, პირველივე წამოხველებისას. ნუ მიიღებთ ანტიბიოტიკს, თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ ნამდვილად ეს არის თქვენი ავადმყოფობის წამალი. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ანტიბიოტიკებისადმი მიკრობების რეზისტენტობა გლობალური პრობლემაა, რომელიც უკვე დამარცხებულ ინფექციებს ხელახლა გამარჯვების შანსს აძლევს. გავაცნობიეროთ და ერთად ვებრძოლოთ მას, ვისაც როგორ შეგვიძლია.
მარი აშუღაშვილი