რა არის მძინარე მზეთუნახავის სინდრომი?

გააზიარე:

ყველას წაგვიკითხავს ზღაპარი მძინარე მზეთუნახავზე, რომელიც მხოლოდ პრინცის კოცნამ გამოაღვიძა. თუმცა მძინარე მზეთუნახავის ფენომენი წმინდა წყლის გამონაგონი არ გახლავთ. არსებობს მდგომარეობა, როდესაც ადამიანი დროის უდიდეს ნაწილს, დღე-ღამეში დაახლოებით 20 საათს, ძილში ატარებს. ამ მდგომარეობას მძინარე მზეთუნახავის სინდრომი შეარქვეს, მეორენაირად კი მას კლეინ-ლევინის სინდრომს უწოდებენ.

კლეინ-ლევინის სინდრომი იშვიათ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება და მნიშვნელოვანი ქცევითი ცვილებებით გამოიხატება. გარდა გადაჭარბებული ძილისა, მისთვის დამახასიათებელია საკვების გადაჭარბებული მიღება და ძლიერი სქესობრივი მოთხოვილება. დაავადება ნებისმიერს შეიძლება დაემართოს, თუმცა ყველაზე ხშირად თინეიჯერ ვაჟებთან აღირიცხება. სინდრომის მქონეთა დაახლოებით 70% მამაკაცია.

ძილის ხანგრძლივი ეპიზოდის შემდეგ ადამიანი უჩივის გაღიზიანებას, მოდუნებას, აპათიას (ემოციების უქონლობას), ზოგჯერ – დროსა და სივრცეში გაურკვევლობასა და ჰალუცინაციებსაც.

სინდრომი იწვევს პრობლემებს სკოლასა და სამსახურში, შეუძლებელსა ხდის სოციალურად თუ სპორტულად აქტიურ ცხოვრებას და სხვა.

სიმპტომები თანდათან სუსტდება და საბოლოოდ ქრება (უმეტესად – ადრეული ზრდასრულობის პერიოდშივე), თუმცა იშვიათად შესაძლოა მთელი ცხოვრებაც გასტანოს.

 

სიმპტომები

კლეინ-ლევინის სინდრომის მთავარი კლინიკური ნიშნებია:

* გადაჭარბებული ძილი;

* გადაჭარბებული კვება;

* ქცევითი გადახრები.

სიმპტომატიკა საკმაოდ სწრაფად იჩენს თავს და შესაძლოა, რამდენიმე დღე, რამდენიმე კვირა, ზოგჯერ რამდენიმე თვეც კი გაგრძელდეს. ძილის ეპიზოდების რაოდენობა წელიწადში 2-დან 12-მდე მერყეობს, მათ შორის არსებული პერიოდები კი უმეტესად უსიმპტომოა.

მძინარე მზეთუნახავის სინდრომის მქონე ადამიანებს შესაძლოა დღე-ღამეში 18-20 საათი ეძინოთ და მხოლოდ საჭმელად ან ტუალეტისთვის იღვიძებდნენ. მათი გაღვიძება შესაძლებელია, მაგრამ თუ გამოვაღვიძეთ, ამით შესაძლოა გამოვიწვიოთ:

* გაღიზიანებადობა და აპათია;

* დეზორიენტაცია – შესაძლოა, ვერ მოახერხონ დროსა და სივრცეში გარკვევა;

* მეტყველების შეფერხება, ლაპარაკის გაძნელება;

* ჰალუცინაციები;

* რეალობისგან გამოყოფის შეგრძნება;

* ბავშვური ქცევა.

კლეინ-ლევინის სინდრომს ახასიათებს ჭარბი კვების უკონტროლო სურვილიც (კომპულსიური ჰიპერფაგია). ავადმყოფს შეუძლია მიირთვას ნებისმიერი რაოდენობის საკვები, განურჩევლად მისი მდგომარეობისა, ხარისხისა და სახეობისა, ამიტომ კლეინ-ლევინის სინდრომის მქონე ადამიანები ხშირად წონასაც იმატებენ.

კლეინ-ლევინის სინდრომის დროს შესაძლოა გადაჭარბებულმა სქესობრივმა მოთხოვნილებამაც (ჰიპერსექსუალობამ) იჩინოს თავი. გარდა ამისა, არის შემთხვევები, როდესაც აშკარაა:

* მეხსიერების პრობლემები;

* უყურადღებობა;

* დაბნეულობა;

* კონცენტრაციის უნარის შესუსტება.

გამორიცხული არ არის დეპრესიის ნიშნები, აგრესია და შფოთვა.

 

რა იწვევს

მძინარე მზეთუნახავის სინდრომის ზუსტი მიზეზი უცნობია. ზოგი ვარაუდობს, რომ სიმპტომებს თავის ტვინის (კერძოდ, ჰიპოთალამუსის) იმ უბნების დაზიანება იწვევს, რომლებიც ძილს, მადას და სხეულის ტემპერატურას აკონტროლებს, ზოგის აზრით კი ეს სინდრომი თავის ტრავმის ან ისეთი ანთებითი პროცესების შედეგია, რომლებშიც ჰიპოთალამუსიცაა ჩართული, თუმცა არც ერთი ეს ჰიპოთეზა დადასტურებული არ არის.

2005 წელს სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ შემთხვევათა 72%-ში კლეინ-ლევინის სინდრომს გრიპისმაგვარი ინფექციის სიმპტომები უძღოდა წინ. არც იმას გამორიცხავენ, რომ სინდრომის წარმოშობაში აუტოიმუნური გენეზის პროცესებიც ასრულებდეს განსაზღვრულ როლს (ამ დროს ადამიანის იმუნური სისტემა უცხო სხეულების ნაცვლად საკუთარ, ჯანმრთელ ქსოვილებს ესხმის თავს და აზიანებს).

შემთხვევათა ძალიან მცირე ნაწილში კლეინ-ლევინის სინდრომი ოჯახის რამდენიმე წევრს აღენიშნება. დაავადების ოჯახური შემთხვევები და მის განვითარებაში ინფექციის შესაძლო როლი მეცნიერებს იმასაც აფიქრებინებს, რომ ამ დაავადებისთვის წინასწარ განწყობას გენეტიკური ფაქტორებიც ქმნის.

 

ვის ემუქრება

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კლეინ-ლევინის სინდრომი იშვიათი დაავადებაა, რომელიც უმეტესად ვაჟებს ემართებათ დაახლოებით 16-17 წლის ასაკში, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ამავე პრობლემას ქალები ან შედარებით ხანში შესული მამაკაცებიც ეჯახებიან. სტატისტიკის თანახმად, მამაკაცთა ავადობის სიხშირე დაახლოებით 3-ჯერ აჭარბებს ქალებისას, თუმცა ქალებთან ავადმყოფობა უფრო დიდხანს გრძელდება.

სამედიცინო ლიტერატურაში კლეინ-ლევინის სინდრომის 500-ზე მეტი შემთხვევაა აღწერილი, თუმცა მისი ნამდვილი სიხშირე უცნობია. ეს იმიტომ, რომ, დაავადების იშვიათი ბუნებიდან გამომდინარე, ბევრი შემთხვევა დიაგნოზის გარეშე რჩება.

 

დიაგნოზი

კლეინ-ლევინის სინდრომის დიაგნოსტიკა საკმაოდ რთულია. ხშირია მცდარი დიაგნოზის შემთხვევები. სიმპტომთა მსგავსების გამო ხშირად ის სხვა ფსიქიატრიულ პათოლოგიებშიც ერევათ. ამის შედეგად ზუსტი დიაგნოზის დასმამდე ზოგჯერ 3-4 წელიც კი გადის.

ვინაიდან კლეინ-ლევინის სინდრომის დიაგნოზის დამადასტურებელი ზუსტი მეთოდი არ არსებობს, მისი დიაგნოსტიკა სხვა პათოლოგიების გამორიცხვის პრინციპს ემყარება. სწორედ სხვა პათოლოგიების გამორიცხვას ისახავს მიზნად გასინჯვა და სადიაგნოსტიკო ტესტები, მათ შორის – სისხლის ანალიზი, ძილის თავისებურებათა შესწავლა, თავის კომპიუტერული (CT) და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MღI) და სხვა.

გამორიცხვას მოითხოვს:

. ეპილეფსია;

. მენინგიტი და ენცეფალიტი;

. ტვინის დაზიანება;

. დიაბეტი;

. ჰიპოთირეოზი;

. სიმსივნე;

. ანთებითი პროცესი;

. ინფექცია;

. ძილის სხვა დარღვევები;

. ნევროლოგიური პრობლემები, მაგალითად, მრავლობითი სკლეროზი.

ჭარბი ძილიანობა შესაძლოა დეპრესიის ნიშანიც იყოს, ამიტომ ექიმი ალბათ მენტალური ჯანმრთელობის შეფასებასაც მიიჩნევს საჭიროდ – შესაძლოა, ეს მას მძიმე დეპრესიისა და განწყობის სხვა დარღვევათა სიმპტომების ერთმანეთისგან გამიჯვნაში დაეხმაროს.

მძინარე მზეთუნახავის სინდრომის დიაგნოზის დასმაში დიდი წვლილი შეაქვს პაციენტის კლინიკური ისტორიის დეტალურ შესწავლას. ჭარბი ძილიანობის, ჭამის დაუოკებელი სურვილისა და ძლიერი სქესობრივი მოთხოვნილების არსებობა საკვანძო როლს ასრულებს მის დიაგნოსტიკაში.

 

როგორც ვმართოთ

კლეინ-ლევინის სინდრომის მკურნალობა, მისი სიმპტომების სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ძალზე ინდივიდუალურია. ზოგჯერ საჭიროა რამდენიმე მიმართულების სპეციალისტების გუნდური ჩარევა – პედიატრისა, ფსიქიატრისა, ფსიქოლოგისა, ნევროლოგისა და სხვა. ასეთი მიდგომა მკურნალობის უფრო სისტემური და მრავალმხრივი გეგმის შემუშავების საშუალებას იძლევა და შედეგიც უკეთესია.

არსებობს მედიკამენტები, რომლებიც კლეინ-ლევინის სინდრომის მართვაში გვეხმარება – ამცირებს ეპიზოდების ხანგრძლივობას და თავიდან გვაცილებს შემდგომ ეპიზოდებს. მედიკამენტების ერთ-ერთი ასეთი ჯგუფია სტიმულატორები. მათ ძილის გადაჭარბებული მოთხოვნილების შემცირება შეუძლიათ. ამ კუთხით ყველაზე ეფექტიანია ამფეტამინების ქვეჯგუფი, თუმცა სხვა სიმპტომებზე (მაგალითად, ქცევის ცვლილებებზე) ის ვერავითარ გავლენას ვერ ახდენს.

კვლევის პროცესშია ერთ-ერთი ანტიკონვულსიური პრეპარატის, ფენიტოინის, კლეინ-ლევინის სინდრომის სამკურნალოდ გამოყენების შესაძლებლობა. აღწერილია ანტიდეპრესანტებისა და კარბამაზეპინის კომბინაციით მკურნალობის შემთხვევებიც, თუმცა კლეინ-ლევინის სინდრომის დროს ამ პრეპარატების უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შესაფასებლად დამატებითი კვლევებია საჭირო.

ცნობილია კლეინ-ლევინის სინდრომის ლითიუმით წარმატებული მკურნალობის შემთხვევებიც. ლითიუმს უმთავრესად განწყობის დარღვევით მიმდინარე პათოლოგიების სამკურნალოდ იყენებენ. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ის ამცირებს როგორც ძილიანობის ეპიზოდების ხანგრძლივობას, ასევე ქცევით აშლილობებსაც, თუმცა კლეინ-ლევინის სინდრომის დროს გამოყენებისას მისი მოგვიანებითი ეფექტისა და უსაფრთხოების დადასტურებაც დამატებით კვლევას მოითხოვს.

 

ცხოვრება მძინარე მზეთუნახავის სინდრომით

ვინაიდან სინდრომი ზოგჯერ 10 წელს და მეტსაც გასტანს, ჩვენი ცხოვრების წესსა და ხარისხზე მისი გავლენა უაღრესად დიდია. მან შესაძლოა ხელი შეგვიშალოს მუშაობაში, სწავლაში, ოჯახსა და მეგობრებთან ურთიერთობაში, ბიძგი მისცეს შფოთვითი და დეპრესიული მდგომარეობების ჩამოყალიბებას, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ წინასწარ არ ვიცით, როდის იჩენს თავს ან რამდენ ხანს გაგრძელდება მომდევნო ეპიზოდი.

 

ესაუბრეთ თქვენს ექიმს იმის შესახებ, რა შეიძლება დაგეხმაროთ მოახლოებული ეპიზოდის წინასწარ ამოცნობაში. გადაღლილობამ და უძილობამ შესაძლოა ხელი შეუწყოს კლეინ-ლევინის სინდრომის ეპიზოდის მოულოდნელ დაწყებას. დიდი სიფრთხილეა საჭირო მანქანა-დანადგარებზე ან მოტორულ ტრანსპორტზე მუშაობისას – შესაძლოა, თავიც დააზიანოთ და სხვებიც.

გამოსავალი სიმპტომების სიმძიმესა და ინტენსივობაზეა დამოკიდებული. შემთხვევათა უმრავლესობაში სიმპტომატიკა ასაკთან ერთად გაივლის, ეპიზოდებიც უფრო და უფრო იშვიათდება და ერთ მშვენიერ დღეს საერთოდ ქრება. ადამიანი განკურნებულად შეიძლება ჩაითვალოს, თუ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში კლეინ-ლევინის სინდრომის არც ერთი ეპიზოდი აღარ ჰქონია.

ელენე ზურაბიშვილი

 

გააზიარე: