რა არის ნაწლავის ინვაგინაცია?

გააზიარე:

დამეთანხმებით, დედობა დიდი ბედნიერებაა, მაგრამ კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა. მართალია, არ არის იოლი მისახვედრი, რა აწუხებს პატარას, რადგან, უფროსებისგან განსხვავებით, ის თავის გასაჭირს მხოლოდ ტირილით გამოხატავს, რაც ხშირად შესაძლოა ნორმალურიც მოგეჩვენოთ, მაგრამ არსებობს ისეთი მდგომარეობებიც, რომელთა ადრეული დიაგნოსტიკა მეტად მნიშვნელოვანია სიცოცხლისთვის საშიში გართულებების თავიდან ასაცილებლად.

თუ მალე მიხვდებით, რომ პატარას რაღაც უჭირს, ეს დროული დიაგნოსტიკისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება.

ნაწლავთა გაუვალობა ბავშვებში გავრცელებული ერთ-ერთი პათოლოგიაა. მისი მიზეზები და ხელშემწყობი ფაქტორები ჩვილის კუჭ-ნაწლავის ანატომიურ-ფიზიოლოგიურ თავისებურებებსა და მასში განვითარებულ პათოლოგიურ პროცესებთანაა დაკავშირებული. მინდა, ნაწლავთა გაუვალობის ერთ-ერთ ყველაზე ხშირ და მნიშვნელოვან მიზეზზე გესაუბროთ, რომელიც ინვაგინაციის სახელითაა ცნობილი. ინვაგინაცია სიცოცხლისთვის საშიშია, ამიტომ უნდა ვიცოდეთ, როგორ ამოვიცნოთ ის და როგორ დავეხმაროთ პატარას.

 

რა არის

ნაწლავთა ინვაგინაცია მდგომარეობაა, როდესაც ნაწლავის ნაწილი მეზობელ ნაწილში შედის (ტელესკოპის ნაწილების მსგავსად), ჩაიჭედება და სანათურს ბლოკავს. ამის შედეგად მონელებული საკვების მასები ნაწლავში ვეღარ გადაადგილდება – ვითარდება გაუვალობა.

ინვაგინაცია შეიძლება ნაწლავის ნებისმიერ ნაწილში განვითარდეს, თუმცა ყველაზე ხშირად იქ გვხვდება, სადაც წვრილი ნაწლავი მსხვილში გადადის. ეს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა: ჩაჭედილი ნაწლავის კედლების ერთმანეთზე ზეწოლის შედეგად მცირდება ნაწლავის კედლებში სისხლის მიდენა, რაც იშემიური (სისხლმომარაგებადარღვეული) უბნების ნეკროზს (სიკვდილს) იწვევს. ასევე შესაძლოა, ნაწლავი შეშუპდეს, დაირღვეს კედლის მთლიანობა და განვითარდეს ძლიერი სისხლდენა, რომელიც ძალიან სწრაფად მიიყვანს ბავშვს შოკურ მდგომარეობამდე.

 

რამდენად ხშირია

ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველ 2000 ახალშობილზე ინვაგინაციის 1 შემთხვევა გვხვდება, დიდ ბრიტანეთში – ყოველ 1000-ზე 1-4 შემთხვევა.

ბიჭებთან სამჯერ ხშირად გვხვდება, ვიდრე გოგონებთან. პაციენტთა 2/3 ნაწილი წლამდე ასაკისაა.

საქართველოში წლამდე ასაკის ყოველ 1000 ბავშვზე ინვაგინაციის 7-8 შემთხვევა აღირიცხება.

 

როგორ იჭედება

ნაწლავის ჩაჭედვის ადგილის მიხედვით განასხვავებენ ინვაგინაციის შემდეგ ფორმებს:

* თეძოს ნაწლავი მსხვილ ნაწლავში – 91.2%;

* ბრმა ნაწლავი მსხვილ ნაწლავში – 91.2%;

* წვრილი ნაწლავი წვრილ ნაწლავში – 5.1%;

* მსხვილი ნაწლავი მსხვილ ნაწლავში – 3.2%;

* იშვიათი ფორმები – 0.5%.

 

რა იწვევს

ხშირად ინვაგინაციის მიზეზი დაუდგენელი რჩება, თუმცა ცნობილია პათოლოგიის გამომწვევი ფაქტორების საკმაოდ ვრცელი ნუსხა:

* კუჭ-ნაწლავის ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები;

* ნაწლავის ქირურგიული ოპერაცია;

* ნაწლავის პოლიპი;

* ჯორჯლის ან ნაწლავის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები;

* ანთებითი პროცესები ნაწლავში;

* მეკელის დივერტიკული (ნაწლავის კედლის პათოლოგიური გამობერილობა);

* მეზენტერიული ლიმფური კვანძების გადიდება (მეზენტერიუმი, იგივე ჯორჯალი, პერიტონეუმის ანუ მუცლის შიგნითა კედლის ამომფენი და ორგანოების მფარავი ქსოვილის ორი ფურცელია, რომელთა მეშვეობითაც ნაწლავები ემაგრება მუცლის ღრუს უკანა კედელს)

* სუბმუკოზური (ლორწოსქვეშა) ჰემატომა (სისხლის შედედების პათოლოგიების დროს).

ინვაგინაციის შემთხვევები ყველაზე ხშირად შემოდგომაზე და ზამთარში გვხვდება, თანაც ამ პათოლოგიის მქონე ბავშვთა უმეტესობას გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებიც აღენიშნება, ამიტომ ვარაუდობენ, რომ ინვაგინაციის განვითარებაში განსაზღვრულ როლს ვირუსიც ასრულებს.

მოზრდილებში ინვაგინაციის ყველაზე ხშირი მიზეზებია:

* პოლიპები და სიმსივნე;

* ნაწლავთა ადჰეზია (შეწებება და ქსოვილის დანაწიბურება);

* ბარიატრიული (წონის დასაკლები) ან სხვა ქირურგიული ოპერაცია ნაწლავებზე;

* ანთებითი პროცესით მიმდინარე ზოგიერთი დაავადება, მაგალითად, კრონის დაავადება (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია ანთებითი ინფილტრატისა და ღრმა წყლულების წარმოქმნა).

ბავშვებში ინვაგინაციის განვითარებას რამდენიმე ფაქტორი უწყობს ხელს:

* კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებები 5 თვიდან 1 წლამდე.

ბრმა ნაწლავსა და თეძოს ნაწლავს შორის მდებარეობს სარქველი, რომელიც ბაუგინის სარქვლის სახელწოდებითაა ცნობილი. ბავშვის სხეულში ეს სარქველი მოკლე და განიერია, ამიტომ ნაწლავის სანათურს მთლიანად ვერ ხურავს. ამ დროს საკმარისია, წარმოიშვას რაიმე ხელშემწყობი ფაქტორი: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის საკვებით გადატვირთვა, თხიერიდან შედარებით უხეშ საკვებზე გადასვლა, დედის რძესთან ერთად დამატებითი საკვების მიცემა, დისპეფსია (საჭმლის მონელების დარღვევა), კოლიტი (მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება), დიზენტერია (მსხვილი ნაწლავის ქვედა ნაწილის ლორწოვანი გარსის დაზიანებით მიმდინარე ინფექციური დაავადება) – რათა მოხდეს ნაწლავთა მოტორიკის გაძლიერება, კუნთების კოორდინაცია მოიშალოს და ინვაგინაცია განვითარდეს;

* მამრობითი სქესი;  

* მალროტაცია – ნაწლავების მობრუნების თანდაყოლილი დეფექტი, რის გამოც ისინი მუცლის ღრუში არანორმალურადაა განლაგებული;

* ანამნეზში ინვაგინაციის არსებობა – თუ პათოლოგია ერთხელ უკვე განვითარდა, მისი რეციდივის შანსი დიდია;

*  ოჯახური ანამნეზი – თუ ოჯახში ვინმეს ჰქონია ეს პათოლოგია, დიდია ალბათობა, მან უმცროს თაობაშიც იჩინოს თავი.

 

როგორ ვლინდება

პათოლოგიური პროცესის დროული დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ ვლინდება ის.

ჩვილ ასაკში ინვაგინაციას ძალზე დამახასიათებელი კლინიკური სურათი აქვს და მკვეთრად გამოხატული სიმპტომებით გამოირჩევა. წამყვანი სიმპტომია მუცლის მკვეთრი შეტევითი ტკივილი: ნაწლავის ჩაჭედილი ნაწილი პერისტალტიკის დროს სრიალებს და კიდევ უფრო ღრმად შედის შემოსალტულ ნაწილში; ნაწლავთან ერთად იჭედება ჯორჯალიც, ამიტომ ყოველი პერისტალტიკური ტალღა ტკივილს იწვევს

შეტევის დაწყებას შემდეგი ნიშნები გვამცნობს: ბავშვი უეცრად ფითრდება, იწყებს ყვირილს, ფეხების ქნევას, წელში მოხრილი გვერდულად წვება ან საწოლში მუხლებსა და იდაყვებზე დგება. თავდაპირველად შეტევა 5-10 წუთი გრძელდება, შემდეგ გაივლის, ბავშვი მშვიდდება, იძინებს, გვგონია, რომ ყველაფერმა გაიარა, მაგრამ 15-20 წუთის შემდეგ შეტევა მეორდება. ყოველი მომდევნო შეტევა უფრო ხანგრძლივია, ხოლო შეტევათა შორის ინტერვალი იკლებს.

რამდენიმე ხნის შემდეგ თავს იჩენს სხვა სიმპტომებიც:

* სისხლ– და ლორწონარევი განავალი (დამახასიათებელია ჟელესმაგვარი კონსისტენციის, მუქი შეფერილობის სისხლი);

* ღებინება;

* ისინჯება ძეხვისებური წარმონაქმნი მუცლის მარჯვენა ქვედა კვადრატში, განსაკუთრებით კარგად – შეტევებს შორის, როდესაც ბავშვი მშვიდადაა;

* დიარეა (შესაძლოა, ინვაგინაციის ადრეული ნიშანი იყოს);

* ცხელება;

* ლეთარგია (პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ღრმა ძილს წააგავს);

* სიფითრე, ოფლიანობა, ჰიპოტენზია (დაბალი არტერიული წნევა);

* მუცლის გადიდება (ხშირია ნაწლავის სრული დახშობისას).

 

დიაგნოსტიკა

დიაგნოზის დასასმელად, უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია დამახასიათებელი სიმპტომოკომპლექსი და მუცლის პალპაციისას ძეხვისებრი წარმონაქმნის პოვნა. მომდევნო ეტაპზე მნიშვნელოვანია:

* მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა;

* მუცლის ღრუს რენტგენოლოგიური გამოკვლევა;

* ჰაერის ან ბარიუმის ოყნა რენტგენთან ერთად (სწორ ნაწლავში თავსდება რბილი მილი, საიდანაც შეჰყავთ აირი ან საკონტრასტო ნივთიერება, ამ შემთხვევაში – ბარიუმი. ის მილის გავლით ხვდება ნაწლავებში და რენტგენზე ჩანს დაბლოკილი არე. ზოგ შემთხვევაში ოყნა ეხმარება ნაწლავებს, საწყის მდგომარეობას დაუბრუნდნენ, თუმცა ის უკუნაჩვენებია, როდესაც ვეჭვობთ ნაწლავის ნეკროზს (ქსოვილების სიკვდილს) ან პერფორაციას (კედლის გახვრეტას).

 

როდის მივმართოთ სპეციალისტს

ინვაგინაცია საშიში მდგომარეობაა, რადგან მძიმე გართულებებს იწვევს, ამიტომ ყურადღებით იყავით და ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების შემჩნევისას სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.

ნაწლავის კედლის სისხლმომარაგების დარღვევა განსაზღვრული ხნის შემდეგ გამოიწვევს ქსოვილთა კვდომას, ეს კი, თავის მხრივ, მიგვიყვანს მუცლის ღრუს ამომფენი სეროზული გარსის, პერიტონეუმის, ინფიცირებამდე და ანთებამდე – პერიტონიტამდე. მკურნალობის გარეშე მალევე განვითარდება შოკი, რომელიც, დიდი ალბათობით, ლეტალური შედეგით დასრულდება.

 

ექიმთან მისვლამდე 

ექიმთან მისვლამდე არ მისცეთ ბავშვს არავითარი წამალი, საკვები, სითხე. შეეცადეთ, ყურადღება მოიკრიბოთ და უპასუხოთ ექიმის კითხვებს – ეს მას სწორი დიაგნოზის დასმაში დაეხმარება.

 

მკურნალობა

ინვაგინაციის ზოგიერთი შემთხვევა დროებითია, გარდამავალი, და მკურნალობას არ მოითხოვს.

ადრეულ ეტაპზე მკურნალობის ძირითადი მეთოდი ნაწლავთა დეზინვაგინაციაა, რომლისთვისაც ორი ძირითადი მეთოდი არსებობს: კონსერვატიული და ოპერაციული. კონსერვატიული მეთოდი გაცილებით მარტივია. ის გულისხმობს სწორი ნაწლავიდან წნევით შეყვანილი ჰაერის ან ბარიუმის ფაფის მექანიკურ ზემოქმედებას ინვაგინატზე და მის გასწორებას. თუ ამ მეთოდით დეზინვაგინაცია ვერ მოხერხდა, მომდევნო ნაბიჯი ქირურგიული ჩარევაა.

კონსერვატიული მკურნალობა ნაჩვენებია ინვაგინაციის დაწყებიდან პირველი 12 საათის განმავლობაში, მაგრამ გაუმართლებელია, როდესაც ინვაგინაცია გამოწვეულია პოლიპით, სიმსივნით, მეკელის დივერტიკულით ან სხვა მექნიკური მიზეზით, რადგან ნებისმიერ ამ შემთხვევაში თითქმის ყოველთვის ვითარდება რეციდივი. ქირურგიული ჩარევა გულისხმობს ღია ოპერაციას დიდი განაკვეთით ან ლაპაროსკოპიულ ჩარევას მცირე განაკვეთით. არჩევანი დამოკიდებულია ინვაგინაციის ადგილმდებარეობასა და მდგომარეობის სირთულეზე. დანეკროზებული ქსოვილის აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებელია ქსოვილის მკვდარი უბნის ამოკვეთა.

 

გართულებები

არანამკურნალევ შემთხვევაში მოსალოდნელია:

*  ნაწლავის კედლის ნეკროზი (ქსოვილის სიკვდილი);

*  პერიტონიტი (მუცლის ღრუს კედლის ამომფენი სეროზული გარსის, პერიტონეუმის, ანთება);

*  შოკი.

 

რას უნდა ველოდეთ

თუ მკურნალობა დროულად დაიწყო, პროგნოზი კეთილსაიმედოა, თუმცა ჩარევიდან 72 საათის განმავლობაში არსებობს რეციდივის მაღალი რისკი, ამიტომ პაციენტს დაკვირვება სჭირდება. დაგვიანებული რეაგირების შემთხვევაში, თუ შეუქცევადი გართულებები განვითარდა, პროგნოზი არაკეთილსაიმედოა, ამიტომ იმოქმედეთ სწრაფად და გონივრულად, რათა დროულად დაეხმაროთ პატარას.

მარიამ ჯანიაშვილი

 

გააზიარე: