უქეიფობის მიზეზი

გააზიარე:

გასტრონომიულ საკითხებზე საუბარი ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ კიდევ უფრო სასიამოვნოა, როდესაც სიტყვას საქმეც მოჰყვება და უხვ სუფრასთან საამო მუსაიფს გავაბამთ.

ამგვარი იდილია უმთავრესად ახალ წელს ახასიათებს, რომელიც არამცთუ დღეობით, ხშირად კვირაობით გრძელდება. რამდენიმეკვირიანი გასტრონომიული იდილიის ლოგიკური დასასრული ზედმეტი კილოგრამები და შერყეული ჯანმრთელობაა. ზღვარგადასულ ქეიფს პირველი იერიში საჭმლის მომნელებელ სისტემაზე მიაქვს. გასტრიტი, ქოლეცისტიტი, კოლიტი, წყლულოვანი დაავადება – ეს იმ პათოლოგიათა მცირე ნაწილია, რომლებიც სადღესასწაულო ტრაპეზს ჩაროზად მოსდევს.

კუჭ-ნაწლავის პათოლოგიების ამოცნობა რთული სულაც არ არის, მით უმეტეს, თუ ამგვარი პრობლემა უკვე არაერთხელ გქონიათ, ამიტომ გასტროენტეროლოგიურ სიმპტომატიკაზე თქვენს ყურადღებას ამჯერად არ შევაჩერებთ. მოდი, ის გავარკვიოთ, რა ვიღონოთ, რათა გასტრონომიულმა პრობლემებმა საახალწლო განწყობა არ გაგვიფუჭოს.

ნაკლები ცხიმი – ნაკლები პრობლემა
კუჭ-ნაწლავის პრობლემები ხშირად მაღალკალორიული საკვების ჭარბად მიღების შემდეგ იჩენს თავს. მართალია, ძნელია, სადღესასწაულო სუფრაზე ცდუნებას გაუძლო, კალორიები გადაითვალო და ყველაზე დაბალკალორიულ კერძზე შეაჩერო არჩევანი, მაგრამ თუ კერძებს თვითონ ამზადებთ, რამდენიმე გასტრონომიული ხრიკის გათვალისწინება ნამდვილად არ გაწყენთ:
*თუ სადღესასწაულო სუფრა შემწვარი ხორცის გარეშე ვერაფრით წარმოგიდგენიათ, ვიდრე სუფრაზე გაიტანდეთ და გარნირს მოულაგებდეთ, თევზსა და ქათამს კანი გააცალეთ ― სწორედ ეს უკანასკნელია გაჯერებული ჭარბი ცხიმით.
*კერძს ცხიმით უხვად ნუ შეაზავებთ. ერიდეთ ხორცის (მათ შორის – ფრინველისა და თევზის) მოხრაკვას. უმჯობესია, საკუთარ ცხიმში მოშუშოთ ან ღუმელში უცხიმოდ შეწვათ. თევზი, სჯობს, ძალიან ცოტა წყალში მოხარშოთ და ლიმონის წვენი მოასხათ.
*ვინეგრეტის მოსამზადებლად სამარხვო მაიონეზი ან ნაღებმოხდილი იოგურტი ( წარწერით “Без Сливок”) გამოიყენეთ.
*ყველა კერძს შეძლებისდაგვარად დააკელით მარილი. სამაგიეროდ, უხვად შეაზავეთ სუნელებითა და მწვანილით.
*თუ თქვენს საახალწლო სუფრას ხიზილალა ამშვენებს, ის უკარაქოდ, პურის პატარა ნაჭერთან ერთად მიირთვით, წითელ თევზს კი პურს საერთოდ ნუ მიატანთ.
*ხილის წვენი, მით უმეტეს – თუ კუჭ-ნაწლავი გაწუხებთ,  გირჩევთ, მინერალური წყლით გაზავებული მიირთვათ.
*უპირატესობა  მშრალ ღვინოებს მიანიჭეთ, შამპანური კი უმჯობესია ბრუტი შეიძინოთ – ის გაცილებით დაბალკალორიულია, ოღონდ გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელი მადას აღძრავს.
*ნამცხვრით ყელის ჩაკოკლოზინება გსურთ? ეცადეთ, ნაკლებცხიმიანი გამოაცხოთ. საუკეთესო ჩაროზია გოზინაყი, ხილი, ჩურჩხელა, თხილი. ისინი მალე დაგანაყრებთ და კალორიული კრემით გაჯერებული ნამცხვრის ჭამის სურვილსაც დაგიკარგავთ.

ტრაპეზის ეტიკეტი
თუ საღამოს წვეულებაზე ბრძანდებით მიპატიჟებული და ზედმეტი კალორიების აკრეფის შიშით მთელი დღე ლუკმას არ იდებთ პირში, ცდებით. გასტრონომიული კანონი ბრძანებს, რომ ჯერ შიმშილი და შემდეგ მეტისმეტი დანაყრება ორგანიზმისთვის საკმაოდ დიდი სტრესია. დისკომფორტი თავიდან რომ ავიცილოთ, მოდი, ასე მოვიქცეთ:

  • დღის განმავლობაში, რაც უნდა გართული იყოთ, აიძულეთ თავი, თითო-ოროლა ლუკმა მაინც გადაყლაპოთ.
  • ვიდრე სუფრას მიუსხდებოდეთ, ნახევარი საათით ადრე რაიმე ტკბილი მიირთვით, თუნდაც ერთი ცალი კანფეტი. ასე მადას იოლად დაიცხრობთ.
  • სუფრასთან რაც შეიძლება მეტი ისაუბრეთ, ეგებ საჭმელად ნაკლები დრო დაგრჩეთ.
  • ერიდეთ მაიონეზით შეკაზმულ სალათებს. უპირატესობა ცოცხალ ბოსტნეულს მიანიჭეთ. ეს უკანასკნელი იოლად გაგიჩენთ დანაყრების შეგრძნებას. იგივე შეიძლება ითქვას ხილზე.
  • თეფშზე კერძი მცირე ულუფებად გადმოიღეთ, დანაყრებაზე ნუ იფიქრებთ, უბრალოდ, გემო გაუსინჯეთ.
  • უპირატესობა იმ კერძებს მიანიჭეთ, რომლებიც საჭმლის მონელებას უწყობს ხელს. თუ სულმა წაგძლიათ და ცხიმიან კერძს შეექეცით, უთუოდ დააყოლეთ ლიმონი, ანანასი ან პაპაია. ისინი მდიდარია ფერმენტებით, რომლებიც ცხიმის დაშლაში მონაწილეობს.

კონსერვის მოყვარულთათვის

როგორც არ უნდა ვეცადოთ, მთელი იანვარი (მით უმეტეს, მთელი ზამთარი) შემწვარ გოჭსა და გოზინაყს ვერ მივირთმევთ. ზოგიერთი – გასტრონომიული მრავალფეროვნებისთვის, ზოგიც აუცილებლობის გამო კონსერვების ათვისებას იწყებს. სამწუხაროდ, ქილაში ბადრიჯანსა და წიწაკასთან ერთად ხშირად უსიამოვნო არსება, სახელად ბოტულოტოქსინი ბინადრობს.
ბოტულიზმი ვერაგი დაავადებაა. თუ პირველი ნიშნების შემჩნევისთანავე სპეციალისტს არ მიმართეთ, სადღესასწაულო სუფრიდან მალე სასუნთქ აპარატთან გადაინაცვლებთ: შორსწასულ შემთხვევაში დამბლა უვითარდება ყველა კუნთს, მათ შორის – იმ კუნთებსაც, რომლებიც სუნთქვაში მონაწილეობს.

ჩათვალეთ, რომ ახალი წელი თქვენთვის წარუმატებლად დაიწყო, თუ კონსერვის მიღებიდან 12-24 საათის შემდეგ (შესაძლოა, რამდენიმე დღეშიც) უეცრად იჩინა თავი თავბრუხვევამ, ღებინებამ, დიარეამ, მუცლის შებერილობამ, ტკივილმა, პირის ძლიერმა სიმშრალემ, კუნთოვანმა სისუსტემ, რომელიც თანდათან პროგრესირებს, კოორდინაციის უნარისა და მხედველობის დაქვეითებამ. ყოველივე ამას სულ მალე მოჰყვება ყლაპვისა და მეტყველების გაუარესება, ხმის დაკარგვა, რბილი სასის დამბლა, რის გამოც შეუძლებელი ხდება თხიერი საკვების მიღება – იგი ცხვირიდან იღვრება.

შესაძლოა, დაავადება ამ ეტაპზე შეჩერდეს და უკუგანვითარდეს, მაგრამ უმეტესად პროგრესირებს და სუნთქვის მძიმე უკმარისობით სრულდება. თუ ადამიანი სასუნთქ აპარატზე არ გადავიყვანეთ, უთუოდ დაიღუპება.

მკურნალობის დროულად დაწყების შემთხვევაში ორგანიზმის ფუნქციები თანდათანობით აღდგება. ჯერ სასუნთქი კუნთები დგება მწყობრში, შემდეგ აღდგება ყლაპვა, მხედველობა.
თუ გსურთ, ყოველივე, რაც ზემოთ ითქვა, მხოლოდ და მხოლოდ კოშმარულ სიზმრად დარჩეს, გაითვალისწინეთ:

  • შინ მომზადებული ბოსტნეულის კონსერვები გამოყენებამდე 15-20 წუთს ადუღეთ. ამ ხნის განმავლობაში ტოქსინი დაიშლება და თავის მომწამლავ თვისებებს დაკარგავს
  • სასურველია, გამოყენებამდე ზამთრისთვის გადანახული კომპოტები და მურაბებიც წამოადუღოთ.
  • ნუ შეინახავთ მწნილებს კონსერვის სახით. სჯობია, ისინი ჩვეულებრივ, მოუხუფავად დაამჟაოთ.
  • სიფრთხილე გამოიჩინეთ  დამარილებული, შებოლილი თევზის, ხორცის, ძეხვის არჩევისას.

გასტრორჩევა
თუ კუჭ-ნაწლავის პრობლემები თქვენთვის არახალია და უკვე კარგა ხანია, ექიმმა წყლულოვანი დაავადების ან გასტრიტის დიაგნოზი დაგისვათ, გათამამებას არამც და არამც არ გირჩევთ. გაღიზიანებულ ლორწოვანს სათუთი მოპყრობა სჭირდება. თუ მაინცდამაინც შემწვარ-მოხრაკულით ყელის ჩაკოკლოზინება გაქვთ განზრახული, რჩევისთვის უთუოდ მკურნალ ექიმს მიმართეთ. შესაძლოა, მან დიეტა გაგიმარტივოთ ან ისეთი მედიკამენტები დაგინიშნოთ, რომლებიც თქვენს კუჭ-ნაწლავს დაიცავს და უსიამოვნო შეგრძნებებს შეგიმსუბუქებთ.

ხდება ისეც, რომ საჭმლის მომნელებელი ორგანოების პათოლოგიები პირველად სწორედ ზღვარგადასული ქეიფის (არაადეკვატური კვების, ალკოჰოლის ჭარბად მიღების) შემდეგ იჩენს თავს. ასეთ შემთხვევაში სიმპტომები უყურადღებოდ არამც და არამც არ დატოვოთ, უთუოდ მიმართეთ ექიმს. სავარაუდოდ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დამატებითი გამოკვლევა (გასტროსკოპია, რენტგენოგრაფია, ულტრაბგერითი კვლევა და ა.შ.) დაგჭირდებათ. მკურნალობაც, შესაბამისად, სპეციალისტმა უნდა დანიშნოს. ეს უკანასკნელი ძირითადად დიეტას გულისხმობს, თუმცა მედიკამენტების გარეშე მაინც ვერ გავალთ ფონს

გააზიარე: