რას ნიშნავს და როდის ვითარდება სანაყოფე წყლების შემღვრევა?
გააზიარე:
დედის წიაღი ნაყოფის ზრდისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოა – სწორედ ამ უნიკალურ სივრცეში გრძნობს პატარა თავს ყველაზე კომფორტულად. აქ ყველაფერი მის საჭიროებებსაა მორგებული. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც ნაყოფის სრულფასოვან განვითარებას განაპირობებს, სანაყოფე წყლებია. ეს სითხე პატარას თავისუფლად მოძრაობის საშუალებას აძლევს, იცავს ტრავმებისგან, ხელს უწყობს მის გარშემო ოპტიმალური ტემპერატურის შენარჩუნებას...
რა იწვევს სანაყოფე წყლების რაოდენობის მატებას ან კლებას, რას ნიშნავს სანაყოფე წყლების შემღვრევა, საშიშია თუ არა მათი ნადრევი დაღვრა ან რა ინფორმაციას გვაწვდის ამნიონური სითხის ანალიზი? ამ და სხვა კითხვებზე მედიცინის დოქტორი, მეან-გინეკოლოგი ზაზა სინაურიძე გვიპასუხებს.
მთავარი სტიქია
– სანაყოფე წყლები ნაყოფის ზრდისა და განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანია. ისინი, უპირველეს ყოვლისა, ბუფერის ფუნქციას ასრულებს – იცავს ბავშვს საშვილოსნოს შეკუმშვისგან, გარეგანი ზემოქმედებისგან. გარდა ამისა, აქვს სატრანსპორტო დანიშნულებაც – საკვებ ნივთიერებებს ნაყოფი იღებს როგორც პლაცენტიდან, ისე სანაყოფე სითხიდანაც.
ხაზი უნდა გავუსვათ სანაყოფე სითხის როგორც ბიოლოგიური დამცველის ფუნქციას – ის შეიცავს იმუნოგლობულინებს, რომელთა მეშვეობითაც ნაყოფი მრავალი ინფექციისგანაა დაცული.
მუცლად ყოფნის პერიოდში ნაყოფი მთლიანად წყალშია. მოგეხსენებათ, წყალი, წყლის აბაზანები დამშვიდების, რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა. ალბათ სწორედ იმიტომ, რომ ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ცხრა თვე ადამიანს წყალში აქვს გატარებული.
ამნიონური წყლების წარმოქმნა ორსულობის მერვე კვირიდან იწყება და ბოლომდე გრძელდება. ორსულობის პირველ ტრიმესტრში (მეცამეტე-მეთთხმეტე კვირამდე) ეს უმთავრესად ნაყოფის კანის გამონაჟონია, მერე კი შარდი – ნაყოფი ყლაპავს წყლებს და შარდის სახით გამოყოფს მათ. შესაბამისად, სანაყოფე სითხის ანალიზი ძალზე ინფორმაციულია, ვინაიდან სრულყოფილ წარმოდგენას გვიქმნის ნაყოფის მეტაბოლიზმზე. გარდა ამისა, მის წარმოქმნაში მონაწილეობს პლაცენტაც, ამიტომ წყლების შემადგენლობასა და რაოდენობაზე დედის ჯანმრთელობის მდგომარეობაც ახდენს გავლენას.
თბილი სახლი
_ სანაყოფე წყლების მნიშვნელობის გათვალისწინებით დაინერგა მშობიარობის ახალი მეთოდი – წყალში მშობიარობა. მისი მიზანია, ნაყოფი მაქსიმალურად უმტკივნეულოდ შეეგუოს ახალ გარემოს. თავად განსაჯეთ: ცხრა თვის განმავლობაში მის გარშემო ტემპერატურა 36.6-36.7 გრადუსია, ზოგჯერ – 37, დაბადების შემდეგ კი ხვდება გარემოში, სადაც, თანამედროვე პროტოკოლებით, ტემპერატურა 25 გრადუსი უნდა იყოს. დამეთანხმებით, 11 გრადუსი საკმაოდ მნიშვნელოვანი სხვაობაა. წარმოიდგინეთ, როგორ სცივა ბავშვს. ამიტომა რეკომენდებული მშობიარობის შემდეგ კანით კანთან კონტაქტი – ეს, სხვა სიკეთეებთან ერთად, პატარას სითბოს შენარჩუნებაშიც ეხმარება. წყალში მშობიარობის დროს ეს პრობლემა არ არსებობს – ნაყოფი წყლიდან წყალში ხვდება, რაც ერთიორად უადვილებს ახალ რეალობასთან ადაპტაციას.
წყლის ბალანსი
- – აქვს თუ არა კავშირი სანაყოფე წყლების რაოდენობას მიღებული სითხის რაოდენობასთან?
- კავშირი რა თქმა უნდა აქვს, თუმცა ქალმა ძალიან ბევრი სითხე უნდა მიიღოს, რომ ეს სანაყოფე წყლებზე აისახოს. ამავე დროს, ნუ დაგვავიწყდება, რომ ორსულობისას ძალიან მნიშვნელოვანია ჰიდრატაცია. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვაწყდებით შემთხვევებს, როდესაც ექიმი ორსულს ურჩევს, ერიდოს სითხეს. ეს მცდარი მიდგომაა. ორსულს დღეში დაახლოებით ლიტრ-ნახევარი სუფთა წყალი სჭირდება. ჩაი, ყავა, წვენები და წვნიანები ამაში არ შედის. ბუნებრივია, თუ ორსულმა ყოველდღიურად 3 ლიტრი სითხე მიიღო, ეს სანაყოფე სითხის რაოდენობაზეც მოახდენს გავლენას. მეორე მხრივ, ზოგიერთი საერთოდ არ სვამს წყალს – ეს მცირეწყლიანობის რისკს წარმოშობს. ზომიერი მცირეწყლიანობის დროს შესაძლოა მხოლოდ ჰიდრატაციამაც აღმოფხვრას პრობლემა. ასე რომ, სვით წყალი, საშუალოდ 1.5 ლიტრი დღე-ღამეში.
გასათვალისწინებელია საკვებიც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცილოვანი პროდუქტები. ცილა ორგანიზმის საშენი მასალაა. ბავშვს სწრაფი მეტაბოლიზმი აქვს და მეტად აქტიურად ხარჯავს ცილას. თუ ქალმა მცირე რაოდენობით მიიღო ცილოვანი საკვები, მიღებული სითხე შეშუპებას უწყობს ხელს, ამიტომ ცილა, ისევე როგორც წყალი, ყველა ორსულის რაციონის აუცილებელი ელემენტია.
მეტი და ნაკლები
- – ჯანმრთელობის რომელ დარღვევებზე მიუთითებს ჭარბწყლიანობა და მცირეწყლიანობა?
– ორივე მათგანს უმეტესად ნაყოფის პათოლოგიები იწვევს. არ არის გამორიცხული, მიზეზი დედისმიერი იყოს, თუმცა ეს უფრო იშვიათია. ჭარბწყლიანობა ყველაზე ხშირად ნაყოფის საჭმლის მომნელებელი სისტემის – საყლაპავის, კუჭის – პათოლოგიის შედეგია. სხვა მიზეზებია გენეტიკური დაავადებები, ე.წ. თვინ-თვინ სინდრომი (როდესაც ტყუპი ორსულობისას ერთი ნაყოფი ჯაბნის მეორეს), რეზუსშეუთავსებლობა, შაქრიანი დიიაბეტი.
მცირეწყლიანობის უკან კი უმრავლეს შემთხვევაში ნაყოფის გენეტიკური დაავადებები დგას. მაგალითად, პოტერის სინდრომი, რომლის დროსაც თირკმლის პათოლოგიის გამო ნაყოფი შარდს ვერ გამოყოფს, შესაბამისად, მცირეა სანაყოფე სითხეც. მცირეწყლიანობა ასევე შესაძლოა იყოს პლაცენტის განვითარების დარღვევის (პლაცენტური უკმარისობა), დედის პათოლოგიური მდგომარეობის – პრეეკლამფსიის, ჰიპერტენზიის, გულის უკმარისობის, ჰიპოქსიის – შედეგი.
როგორც მცირეწყლიანობა, ისე მრავალწყლიანობაც შესაძლოა განვითარდეს ინფექციის ფონზე.
- – კლინიკურად თუ ვლინდება ეს მდგომარეობები?
– გააჩნია პათოლოგიური პროცესის ხარისხს. მცრეწყლიანობის დროს ნაყოფი მეტად არაკომფორტულ გარემოშია – არ აქვს სამოქმედო სივრცე და მოძრაობის დროს ხშირად იღებს ტრავმას. ამ დროს მოსალოდნელია ნაყოფის მოუსვენრობა, ზემდეტად აქტიური მოძრაობა. მრავალწყლიანობა ზოგჯერ ისეთი ძლიერია, სანაყოფე სითხის რაოდენობამ შესაძლოა 12 ლიტრსაც მიაღწიოს. თავად განსაჯეთ, როგორ შეაწუხებს ეს დედასა თუ ნაყოფს. ორსულს უჭირს სუნთქვა, უვითარდება ჰიპოქსია – ჟანგბადოვანი შიმშილი, რაც საბოლოოდ ნაყოფის ჰიპოქსიასაც იწვევს. გარდა ამისა, ჭარბწყლიანობა ნაადრევი მშობიარობის ერთ-ერთი რისკფაქტორია, ვინაიდან საშვილოსნო უკიდურესად გადაჭიმულია და შესაძლოა, შეკუმშვა დაიწყოს.
- – ამ მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია?
– გამოსავალია ამნიორედუქცია – სანაყოფე სითხის ამოღება, მაგრამ მას თავისი წესი აქვს. აუცილებლად უნდა დავიცვათ წყლის ამოღების სიჩქარე. ერთბაშად დიდი რაოდენობის ამნიონური სითხის რედუქციამ ასევე შეიძლება ნაადრევი მშობიარობა გამოიწვიოს.
- – მცირეწყლიანობას როგორ მკურნალობთ?
– მცირეწყლიანობის მკურნალობის სარწმუნო მტკიცებულებებზე დაფუძნებული ეფექტური მეთოდი არ არსებობს. უმჯობესია, ვეძებოთ მიზეზი და მას ვებრძოლოთ. შესაძლოა, ჩავატაროთ ამნიოინფუზია – სანაყოფე გარსში ჩავასხათ ფიზიოლოგიური ხსნარი ან რინგერი. თუმცა, ვიმეორებ, ამ მეთოდის ეფექტურობა ან აუცილებლობა ჯერ დამტკიცებული არ გახლავთ.
სწორი თანმიმდევრობა
- – თუ ჭარბწყლიანობა ან მცირეწყლიანობა მსუბუქია და კლინიკურად არ მჟღავდება, პრობლემას ულტრაბგერითი კვლევა გამოავლენს?
– ულტრაბგერითი კვლევა პანაცეა არ არის. არსებობს გაცილებით მარტივი და ნაკლებად ტექნოლოგიური საშუალება – გრავიდოგრამა. ეს გახლავთ ორსულობის ვადასთან მიმართებით საშვილოსნოს ფუძის სიმაღლის გრაფიკული გამოსახულება. არ არის საჭირო, ორსული ყოველთვე ან, მით უმეტეს, თვეში ორჯერ იტარებდეს ექოსკოპიურ გამოკვლევას. რეგულარული უნდა იყოს ანტენატალური მეთვალყურეობა. ექიმთან ვიზიტის დროს უნდა გაისინჯოს საშვილოსნოს ფუძის სიმაღლე. თუ მისი მაჩვენებელი გრავიდოგრამაზე 50 პერცენტილს აღემატება, ან ნაყოფია დიდი, ან ჭარბწყლიანობაა. სწორედ ამ ეტაპზე უნდა ჩაერთოს კვლევაში ულტრაბგერა. სამწუხაროდ, ჩვენთან პირიქით ხდება. არც მუცლის გარშემოწერილობა გვაწვდის ღირებულ ინფორმაციას, ვინაიდან შესაძლოა ცხიმოვანი საფარის, ჭარბი კვების შედეგი იყოს და მრავალწყლიანობასთან კავშირი არ ჰქონდეს. მთავარი მარკერი საშვილოსნოს ფუძის სიმაღლეა. ამავე პრინციპს ეფუძნება მცირეწყლიანობის დიაგნოსტიკაც – ჯერ გრავიდოგრამა კეთდება, ხოლო თუ საშვილოსნოს ფუძის სიმაღლე 10 პერცენტილზე ნაკლებია, კვლევაში ერთვება ულტრაბგერა.
აქვე გეტყვით, რომ მეტად მნიშვნელოვანია, ექოსკოპია ჩაატაროს კვალიფიციურმა ექიმმა, რომელიც უშუალოდ მეანობა-გინეკოლოგიის მიმართულებით მუშაობს. მრავალ წარმატებულ ქვეყანაში ეს ამგვარად ხდება: ულტრაბგერით კვლევას ატარებს ნებისმიერი რადიოლოგი, მაგრამ როდესაც სპეციფიკურ დარღვევაზე მიდგება საქმე, პროცესში ექსპერტი რადიოლოგი ერთვება. ეს არის ექიმი-მეანი, დარგის სპეციალისტი, რომელსაც გავლილი აქვს შესაბამისი სწავლება რადიოლოგიაში. ვისურვებდი, საქართველოშიც დანერგილიყო ამგვარი პრაქტიკა. მაგალითად, თუ მცირეწყლიანობაა, ულტრაბგერითი კვლევის დროს უნდა დათვალიერდეს ნაყოფის თირკმელები და გაკეთდეს შარდის ბუშტის დოპლერი. თირკმლის ატრეზია (განუვითარებლობა) და შარდის ბუშტის სისხლძარღვების არასწორი განლაგება მრავლისმთქმელია. ზემოხსენებული პოტერის სინდრომი თირკმელსა და შარდის ბუშტთან ერთად თავის ტვინის დაზიანებასაც იწვევს, ამიტომ აუცილებლად უნდა დათვალიერდეს თავის ტვინიც. ეს საკითხები არასპეციალიზებულმა რადიოლოგმა არ იცის და ვერც ეცოდინება. ამიტომაა საჭირო, პრობლემის დროს პროცესში ექსპერტი ჩაერთოს.
წყლები აიმღვრა
- – რას ნიშნავს და როდის ვითარდება სანაყოფე წყლების შემღვრევა?
– სანაყოფე წყლების შემღვრევას ხშირად ამოიკითხავთ ულტრასონოგრაფიული კვლევის დასკვნაში, თუმცა არავითარ ინფორმაციას ეს ფრაზა არ გვაწვდის. ეს არ არის სადიაგნოზო კრიტერიუმი, მსოფლიოს სამედიცინო ლიტერატურაში ამ ტერმინს ვერ ნახავთ.
ვიკვლევთ, ვსაზღვრავთ, ვსწავლობთ
- – როგორ ადგენენ სანაყოფე წყლების პათოლოგიის მიზეზს?
– დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტი ამნიოცენტეზია. საქართველოში სათანადოდ არ აფასებენ სანაყოფე სითხის დიაგნოსტიკურ მნიშვნელობას. არადა, ამნიოცენტეზი მეტად ინფორმაციული კვლევაა. სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად ჩვენი კოლეგებიც კი ეუბნებიან ორსულს, რომ ამნიოცენტეზმა შესაძლოა ნაყოფს ავნოს. სინამდვილეში პროცედურა უსაფრთხოა და ძალზე მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის ნაყოფისა და ზოგჯერ დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. თუ, პირობითად, ქალის სისხლის ანალიზმა ინფექციის განსაზღვრული მარკერები გამოავლინა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ინფექცია ნაყოფზეცაა გადასული. სწორედ ამის დადგენაში გვეხმარება სანაყოფე წყლების გამოკვლევა. სხვაგვარად სანაყოფე სითხის პათოლოგიის მიზეზს ვერ დავადგენთ. ვერც მკურნალობის ტაქტიკას შევიმუშავებთ. თუ ამნიოცენტეზმა ლეიკოციტოზი გამოავლინა, სავარაუდოა ბაქტერიული ინფექცია, რომელიც, ცხადია, ანტიბიოტიკებით მკურნალობას მოითხოვს. როცა ინფექცია ვირუსული წარმოშობისაა, ანტიბიოტიკების გამოყენება დაუშვებელია. ამ დროს ვატარებთ სიმპტომურ მკურნალობას, ვუნიშნავთ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებს და ა.შ. ზოგჯერ, განსაკუთრებით – გენეტიკური დაავადებების დროს, ეტიოტროპული ანუ გამომწვევ მიზეზზე ორიენტირებული მკურნალობა შეუძლებელია. ასეთ დროს ჩვენი მიზანია, ორსულობა იქამდე გავახანგრძლივოთ, რომ სიცოცხლისუნარიანი ნაყოფი დაიბადოს. ეს დაახლოებით ორსულობის 34-ე კვირაა.
ძალზე ინფორმაციულია გენეტიკური კვლევა. დღეს მისი მეთოდიკა საკმაოდ დაიხვეწა – უკვე არსებობს გენეტიკური კვლევის არაინვაზიური მეთოდებიც, რომლებიც დედის სისხლის გამოკვლევას გულისხმობს, თუმცა ეს სკრინინგული მეთოდებია, დიაგნოზის დასადასტურებლად კი სანაყოფე სითხის შესწავლაა საჭირო – იღებენ მას, გამოყოფენ სანაყოფე უჯრედს (სანაყოფე წყლებში მუდამ გვხვდება ნაყოფისა კანისა თუ სხვა უჯრედები) და ახდენენ მის კულტივაციას. კულტივირებული უჯრედის ქრომოსომული ნაკრების შესწავლით შეგვიძლია, გენეტიკური დაავადების დიაგნოზი უარვყოთ ან დავადასტუროთ.
სანაყოფე წყლები და მშობიარობა
- – როგორც ცნობილია, მშობიარობის დროს იღვრება სანაყოფე წყლები. ზოგჯერ ეს მშობიარობის დაწყებამდეც ხდება. საშიშია თუ არა წყლების ნაადრევი დაღვრა და როგორია ექიმის ტაქტიკა ამ დროს?
– უპირველეს ყოვლისა, ფიზიოლოგია გავიხსენოთ: ორსულობის დასასრულს, მშობიარობის დაწყებამდე, ნაყოფის თავი ჩამოდგება მცირე მენჯში და სანაყოფე სითხეს ორ ნაწილად ყოფს – წინა და უკანა წყლებად. სანაყოფე ბუშტი ასრულებს ერთგვარი სოლის ფუნქციას – ხელს უწყობს საშვილოსნოს ყელის გახსნას. ფიზიოლოგიურად სანაყოფე სითხე უნდა დაიღვაროს საშვილოსნოს ყელის სრული გახსნის შემდეგ. ნაადრევი დაღვრა პათოლოგიად არ მიიჩნევა, თუმცა მეტ ყურადღებას მოითხოვს. განსაკუთრებით, საყურადღებოა სანაყოფე წყლების ნაადრევი დაღვრა მენჯით წინამდებარეობის დროს. თუ თავით წინამდებარეობისას თავი სარტყელს ქმნის და წინა და უკანა წყლებს ერთმანეთისგან ყოფს, მენჯით წინამდებარეობის შემთხვევაში ეს სარტყელი არ იქმნება, ამიტომ ქალმა შესაძლოა მთლიანად დაღვაროს წყლები, მას გამოყვეს ჭიპლარი და მიიჭყლიტოს მცირე მენჯის კედლებსა და ნაყოფის წინამდებარე ნაწილს შორის, ეს კი ბავშვის სიცოცხლეს დიდ საფრთხეს უქმნის. სანაყოფე წყლებს ჭიპლარი შესაძლოა გამოყვეს თავით წინამდებარეობის დროს განვითარებული წყლების ნაადრევი დაღვრის შედეგადაც. ამიტომ აუცილებლად უნდა ვაკონტროლოთ ნაყოფის გულისცემა. თუ ის იცვლება, საჭიროა მშობიარობის სასწრაფო დასრულება საკეისრო კვეთის გზით.
- – ხდება ისეც, რომ მეანი განზრახ არღვევს სანაყოფე ბუშტის მთლიანობას...
– დიახ, ამნიოტომია – სანაყოფე ბუშტის გახევა – მშობიარობის გააქტიურების ერთ-ერთი საშუალებაა. მისი მიზანი მშობიარობის დაჩქარებაა. პროცედურა სრულიად უსაფრთხოა როგორც დედისთვის, ისე ნაყოფისთვისაც და ძალიან გვეხმარება გახანგრძლივებული მშობიარობის დაჩქარებაში. მაგრამ ამნიოტომია მაშინ უნდა გაკეთდეს, როცა მართლა საჭიროა. ცხადია, ის არ უნდა ჩატარდეს იმისთვის, რომ მშობიარობა მალე დასრულდეს და ექიმი ადრე წავიდეს სახლში.
დაბოლოს, მინდა, ორსულებს მივმართო: გახსოვდეთ – ორსულობა არ არის დაავადება, ხოლო ორსული – ავადმყოფი; მას არ სჭირდება ბევრი წამალი და უსაფუძვლო კვლევა. ცხოვრების ჯანსაღი წესი, ჯანსაღი კვება, ძილი, ფიზიკური აქტიურობა და ფსიქოლოგიური კომფორტი – აი, რა არის თქვენი და თქვენი პატარას ჯანმრთელობის საწინდარი.
გვანცა გოგოლაძე