როგორ ვლინდება თვალის მელანომა?

გააზიარე:

სიტყვა “მელანომა” ჩვენს წარმოდგენაში კანისა და მასთან დაკავშირებული სტრუქტურების სიმსივნურ წარმონაქმნებთან ასოცირდება, სინამდვილეში კი ის შესაძლოა გაჩნდეს ნებისმიერ ადგილას, სადაც მელანოციტები – მელანინის წარმომქმნელი უჯრედებია განლაგებული. თვალი იმ ორგანოთაგანია, რომლებიც ასეთ უჯრედებს შეიცავს, შესაბამისად, არსებობს თვალის მელანომაც. მეორენაირად მას ოკულარულ მელანომას უწოდებენ.

ოკულარული მელანომა უმეტესად თვალის იმ ნაწილში ვითარდება, რომელიც გარედან არ ჩანს, ამიტომ მისი გამოვლენა ძალიან ძნელია. გარდა ამისა, ადრეულ სტადიებზე აშკარა სიმპტომები არ ახასიათებს, შეუმჩნევლად მიმდინარეობს, რაც მის დიაგნოსტიკას უფრო მეტად ართულებს.

თვალის მელანომისგან განკურნება შესაძლებელია. მცირე ზომის წარმონაქმნების შემთხვევაში ხერხდება მხედველობის შენარჩუნებაც, მაგრამ დიდი ზომის მელანომების მკურნალობას ხშირად თვალი ეწირება.

 

როგორ ვლინდება

თვალის მელანომის ადრეული სტადიები, როგორც უკვე ვთქვით, ზოგჯერ შეუმჩნეველია, ზოგჯერ კი შესაძლოა გამოვლინდეს:

* მზარდი მუქი ლაქით ირისის (თვალის ფერადი გარსის) არეში;

* მოციმციმე სინათლის შეგრძნებით;

* გუგის (შავი წრე თვალის ცენტრალურ ნაწილში) ფორმის ცვლილებით;

* ცალ თვალში მხედველობის სისუსტით და ბუნდოვანებით;

* პერიფერიული მხედველობის დაკარგვით;

* მხედველობის არეში მოციმციმე ლაქებისა და წერტილების გაჩენით, თითქოს ჰაერში მტვრის ნაწილაკები ტივტივებენ.

 

როდის მივმართოთ ექიმს

სასწრაფოდ დაგეგმეთ ვიზიტი ოფთალმოლოგთან, თუ ზემოთ აღწერილთაგან რომელიმე ან სხვა შემაწუხებელი სიმპტომი შეამჩნიეთ. მხედველობის უცაბედი ცვლილებისას გადაუდებელი დახმარება მოითხოვეთ.

 

რა იწვევს

თვალის მელანომის ზუსტი მიზეზი უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ამ დროს თვალის ჯანმრთელი უჯრედების დნმ-ში მუტაციური ცვლილებები ხდება, რომლებიც შემდეგ უჯრედთა უკონტროლო გამრავლებას იწვევს. ასეთ ატიპურ უჯრედებს კვდომა არ ახასიათებს, თვალის არეში გროვდება და მელანომას წარმოქმნის.

 

სად ჩნდება

თვალის მელანომა ყველაზე ხშირად თვალის სისხლძარღვოვანი შრის უჯრედებში წარმოიქმნება. მისი გაჩენა მოსალოდნელია სისხლძარღვოვანი შრის როგორც წინა ნაწილში, რომელიც მოიცავს ირისსა და ცილიარულ სხეულს (კუნთოვანი ბოჭკოები ბროლის გარშემო), ისე უკანაშიც, რომელიც მდებარეობს ბადურასა და სკლერას (თვალის თეთრ ნაწილს)  შორის.

თვალის მელანომა ასევე შეიძლება განვითარდეს თვალის ყველაზე გარეთა, გამჭვირვალე შრეში – კონიუნქტივაში, თუმცა ასეთი რამ ძალზე იშვიათია.

 

რისკები

თვალის პირველადი მელანომის რისკფაქტორებს მიეკუთვნება:

* ღია ფერის თვალები;

* თეთრი კანი;

* ასაკი – ასაკთან ერთად იმატებს მელანომის განვითარების ალბათობა;

* გენეტიკურად გადაცემული კანის დაავადებები. ასეთია, მაგალითად, კანის დისპლაზიური ნევუსის სინდრომი. ამ დაავადებას ატიპური ხალების გაჩენა ახასიათებს და ზრდის კანისა და თვალის მელანომების განვითარების რისკს. მაღალი რისკი ემუქრებათ მათაც, ვისაც მომატებული აქვს პიგმენტაცია ქუთუთოებსა და მათ მიმდებარე ქსოვილებზე ან თვალის სისხლძარღვოვან შრეში (ოკულარული მელანოციტოზი).

* ულტრაიისფერი გამოსხივება. კვლევებით დამტკიცებულია, რომ ულტრაიისფერი გამოსხივება – როგორც მზისა, ისე სოლარიუმის ნათურებისაც – ზრდის კანისა და თვალის მელანომების განვითარების რისკს.

 

გართულებები

თვალის მელანომა შეიძლება გართულდეს შემდეგი პათოლოგიებით:

* თვალის შიდა წნევის მომატებით (გლაუკომით). თვალის მზარდმა მელანომამ შესაძლოა გლაუკომა გამოიწვიოს. გლაუკომის სიმპტომებია თვალის ტკივილი, სიწითლე, მხედველობის დაბინდვა;

* მხედველობის დაკარგვით. თვალის დიდი ზომის მელანომა დაზიანებულ თვალში ხშირად მხედველობის დაკარგვას იწვევს. შეუძლია გამოიწვიოს ბადურის აშრევებაც, რაც, თავის მხრივ, ასევე მხედველობის დაკარგვის მიზეზად იქცევა. მხედველობის დაკარგვა მცირე ზომის მელანომამაც შეიძლება გამოიწვიოს, თუ თვალის კრიტიკულ ნაწილზეა განვითარებული;

* სხვა ქსოვილებზე გავრცელებით. თვალის მელანომა შესაძლოა თვალის გარშემო და მოშორებით მდებარე ქსოვილებზეც გავრცელდეს, მათ შორის – ღვიძლზე, ფილტვებს და ძვლებზე.

 

დიაგნოზი

თვალის მელანომის დიაგნოსტირებისთვის საჭიროა:

* თვალის გამოკვლევა. ექიმი სპეციალური ინსტრუმენტებით გარედან და შიგნიდან დაათვალიერებს  თვალს, შეამოწმებს ყველა იმ ცვლილებას, რომლებიც შესაძლოა სიმსივნურ პროცესზე მიუთითებდეს;

* თვალის ულტრასონოგრაფია. ეს გამოკვლევის საკმაოდ ინფორმაციული მეთოდია. ულტრაბგერითი გადამწოდი თავსდება დახუჭული თვალის ქუთუთოზე ან თვალის წინა ზედაპირზე და თვალის გამოსახულებას გვაძლევს;

* სისხლძარღვების გამოკვლევა (ანგიოგრაფია). მკლავის ვენიდან სისხლში შეჰყავთ კონტრასტული ნივთიერება, რომელიც სისხლის მიმოქცევის საშუალებით თვალის სისხლძარღვებში ხვდება და მათი უკეთ ვიზუალიზაციის საშუალებას იძლევა.

* ბიოფსია – სპეციალური ნემსით საეჭვო უბნიდან ქაოვილის აღება და შესწავლა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ თვალის მელანომის დიაგნოსტირებისთვის ბიოფსია ყოველთვის აუცილებელი არ არის.

 

გავრცელებულია თუ არა

ორგანიზმის სხვა უბნებში სიმსივნური პროცესის გავრცელების (მეტასტაზირების) გამოსარიცხად ზოგჯერ დამატებითი კვლევებია აუცილებელი, კერძოდ:

* სისხლის ანალიზი ღვიძლის ფუნქციის შესაფასებლად;

* გულმკერდის ღრუს რენტგენოგრაფია;

* კომპიუტერული ტომოგრაფია (CT);

* მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI);

* მუცლის ღრუს ექოსკოპია.

 

მკურნალობა

მკურნალობის მეთოდის არჩევა დამოკიდებულია სიმსივნის ლოკალიზაციაზე, ზომაზე, ზრდაზე, გართულებებზე, პაციენტის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობასა და თავისებურებებზე.

ეს მეთოდებია:

 

ოპერაცია

თვალის მელანომის ქირურგიული მკურნალობა გულისხმობს მთელი თვალის ან მისი ნაწილის ამოღებას. უკანასკნელ შემთხვევაში ამოკვეთენ თვითონ მელანომას და მის გარშემო მდებარე ჯანმრთელი ქსოვილების ნაწილს. ამ მეთოდს უმეტესად მცირე ზომის მელანომის დროს მიმართავენ. პროცედურის ტიპი წარმონაქმნის მდებარეობაზეა დამოკიდებული. მაგალითად, თუ  მელანომა მოიცავს თვალის ფერადი გარსის – ირისის მიდამოს, ტარდება ირისის ამოკვეთა – ირიდექტომია; თუ ქოროიდს ანუ სისხლძარღვოვან შრეს – ქოროიდექტომია და ა.შ.

თვალის ენუკლეაციას ანუ მთლიანად ამოღებას დიდი ზომის მელანომების დროს მიმართავენ. ის შესაძლოა საჭირო გახდეს მაშინაც, როცა სიმსივნე არცთუ ისე დიდია, მაგრამ თვალის ტკივილს იწვევს.

ოპერაციის შემდგომი პერიოდის გავლისა და ჭრილობის მოშუშების შემდეგ შეიძლება ამოღებული თვალის ხელოვნურით (პროთეზით) შეცვლა. ხელოვნური თვალის წინა ზედაპირი მეორე, ჯანმრთელის თვალის იდენტურად იხატება.

 

რადიაციული თერაპია

რადიაციული თერაპიისთვის გამოიყენება მაღალი სიმძლავრის პროტონული და გამა გამოსხივება. ამ თერაპიას უმეტესად თვალის მცირე და საშუალო ზომის მელანომების დროს მიმართავენ სიმსივნური უჯრედების გასანადგურებლად.

რადიაციული თერაპია უმეტესად რადიაქტიური ფირფიტის გამოყენებით ტარდება. მას სპეციალური დროებითი სამაგრებით ამაგრებენ თვალზე, 4-5 დღის შემდეგ კი ხსნიან.

სხივური თერაპიის ჩატარება სპეციალური მანქანა-დანადგარითაცაა შესაძლებელი. მისი მეშვეობით ხდება თვალის დაზიანებული უბნის პირდაპირი პროტონული დასხივება და სიმსივნური უჯრედების განადგურება.

 

ლაზერული თერაპია

თვალის მელანომის სამკურნალოდ განსაზღვრულ სიტუაციებში შეიძლება ლაზერული თერაპიის გამოყენებაც. მის ერთ-ერთ სახეობას, თერმოთერაპის, რომელიც ინფრაწითელი სხივების მოქმედებას ემყარება, ზოგ შემთხვევაში რადიაციულ თერაპიასთან კომბინაციაში იყენებენ.

 

 სიცივით მკურნალობა

ექსტრემალური სიცივით ზემოქმედებამ, მოყინვამ, მცირე ზომის მელანომების შემთხვევაში სიმსივნური უჯრედები შესაძლოა გაანადგუროს. ამ მეთოდს კრიოთერაპია ეწოდება, თუმცა მას არცთუ ისე ხშირად იყენებენ.

 

მხედველობის ცვლილებებთან გამკლავება

როდესაც სიმსივნის გამო თვალს მთლიანად ვკარგავთ, ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენს მხედველობასა და ცხოვრების ხარისხზე. რთულდება მანძილის აღქმა, უარესდება პერიფერიული მხედველობა. ცვლილებებთან შესაგუებლად ხშირად რამდენიმე თვეა საჭირო.

ელენე ზურაბიშვილი

გააზიარე: