ვენური პრობლემები: როდის გვჭირდება ოპერაცია?

გააზიარე:

ქირურგიის განვითარებამ მედიცინა კიდევ უფრო მრავლისშემძლე გახადა. მკურნალობის ოპერაციული მეთოდი მყისიერი და ეფექტიანია, თუმცა გართულებებიც ახლავს. მიუხედავად ამისა, ბევრს პრობლემის ერთი ხელის მოსმით გადაჭრა ურჩევნია და ადვილად თანხმდება ოპერაციულ მკურნალობაზე.

ქრონიკული ვენური დაავადება ფეხების ტკივილისა და შეშუპების ყველაზე ხშირი მიზეზია და უმეტესად ქალებთან აღირიცხება. საქართველოში ქალების 70-80%-ს ვენური უკმარისობის სხვადასხვა სიმძიმის სიმპტომები აქვს. დაავადების მძიმე ფორმა იშვიათია, მაგრამ პაციენტების დიდი ნაწილი პრობლემის გადასაჭრელად მაინც ოპერაციას ამჯობინებს.

საინტერესოა, ყოველთვის საჭიროა თუ არა ოპერაცია. ამის გასარკვევაად ანგიოქირურგს, თსსუ-ს პროფესორ ნ. ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრის დირექტორს კონსტანტინე ყიფიანს ვესაუბრეთ.

 

– ოპერაცია მაშინ ტარდება, როდესაც კონსერვატიული მკურნალობა უშედეგოა ან ვიცით, რომ ქირურგიული ჩარევა მკვეთრად აამაღლებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს. გამონაკლისი არც ვენური პათოლოგიებია. მათი ყველაზე გავრცელებული ფორმა ვენების უკმარისობაა, განსაკუთრებით – ქალებთან.

 

უკმარისობა და ვარიკოზი

  • – როგორ შეიძლება მიხვდეს ადამიანი, რომ ვენური უკმარისობა აქვს?

– ვენური უკმარისობის ამოცნობა ადვილია. თუ საღამოობით ადამიანს ფეხები ეღლება, მათში სიმძიმის შეგრძნება უჩნდება, ხოლო დილაობით, დასვენებულზე, აღარ აწუხებს, ვენების უკმარისობა უნდა ივარაუდოს. ფეხებში სიმძიმის შეგრძნება სხვა დაავადებებსაც ახასიათებს, მაგრამ ამ შემთხვევაში, უკმარისობისგან განსხვავებით, ის არ გაივლის დასვენების შემდეგ.

ვენურ უკმარისობას ასევე ახასიათებს ქვედა კიდურების ყრუ ტკივილი, უეცარი მჩხვლეტი ტკივილი („გაკვანძვა“), ქავილი, შეშუპება.

მეორე გავრცელებული პრობლემა ვარიკოზია. ამ დროს ვენა გაგანიერებულია, დაკლაკნილი, დაგრძელებული, კვანძოვანი. მისი კლინიკური გამოხატულება ხშირად მხოლოდ კოსმეტიკურია; ვარიკოზი, თუ უკმარისობა არ ახლავს თან, ტკივილს არ იწვევს.

ვენური უკმარისობისა და ვარიკოზის დროს ოპერაციის ჩვენება უმთავრესად დაავადების სტადიაზე დამოკიდებული. პირველ და მეორე სტადიებზე ქირურგიული ჩარევა არ არის აუცილებელი. ამ ეტაპზე ქალები ოპერაციას ხშირად მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემის აღმოსაფხვრელად იკეთებენ. აქვე აღვნიშნავ, რომ საქართველოში ვენების ვარიკოზის დროს ძალიან ადვილად წყვეტენ ოპერაციის საკითხს. არადა, მსოფლიო სტატისტიკით, ოპერაციული ჩარევა ამ დროს პაციენტთა მხოლოდ 10-15%-ს სჭირდება.

 

ქირურგის არჩევანი

– ქირურგის სიბრძნე იმით გამოიხატება, რომ სწორად განსაზღვროს ოპერაციის ჩვენება. ამ სიბრძნეს გვძენს გამოცდილება, ბევრი კითხვა, კონფერენციებში მონაწილეობა, მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების აზრის მოსმენა და გათვალისწინება. მდგომარეობა კარგად უნდა აწონ-დაწონო: იქნებ კონსერვატიული მკურნალობაც შედეგიანი აღმოჩნდეს? იქნებ ასე უფრო ნაკლებად ავნო პაციენტს? ქირურგიაში ოსტატობაზე მნიშვნელოვანი სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარია – უნდა იცოდე, რას აკეთებ და რატომ, საჭიროა თუ არა ოპერაცია, ხოლო ექსტრემალურ ვითარებაში არ დაიბნე და სწრაფად გამოასწორო ხარვეზი.

სხვათა შორის, საქართველოში არსებობს სისხლძარღვთა ქირურგიული ასოციაცია, სადაც ასეთ პრობლემურ საკითხებსაც განვიხილავთ. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რომ ჩვენშიც დაგვენერგა ის მიდგომა, რაც მთელ მსოფლიოშია. კერძოდ, ვერიდოთ ოპერაციას, როდესაც ამის აუცილებლობა არ არის. მაგალითად, ცოტა ხნის წინ საქართველოში სისხლძარღვთა ქირურგიაში ჩატარებული ოპერაციების 70-80% ვენების ვარიკოზის წილად მოდიოდა. ჩვენი დიდი მონდომებით, საყოველთაო დაზღვევა ამ ოპერაციას აღარ აფინანსებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პაციენტი სოციალურად დაუცველი ან პენსიონერია. ამის სანაცვლოდ, გვიფინანსებენ რთულ, უნიკალურ, ძალიან ძვირად ღირებულ ოპერაციებს, რომელთა დანერგვაც ჩვენს ქვეყანაში მედიცინის განვითარებას ემსახურება. ამან უკვე გამოიღო თვალსაჩინო შედეგი. მაგალითად, თუ რამდენიმე წლის წინ ჩვენს კლინიკაში ვარიკოზის გამო წელიწადში შვიდი ათასი ოპერაცია ტარდებოდა, ახლა ორი ათასით ნაკლებს ვატარებთ. ვფიქრობ, მალე საქართველოც მიუახლოვდება მსოფლიო სტატისტიკას.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ: ქირურგს არ უნდა დაავიწყდეს, რომ ნებისმიერი ოპერაციის დროს არსებობს გართულების რისკი. მით უმეტეს – სისხლძარღვთა ქირურგიაში. აქ შესაძლოა, ქირურგისგან დამოუკიდებელ მიზეზთა გამო ფატალური შედეგის მქონე გართულებაც კი განვითარდეს.

 

პირველი ნაბიჯები

  • – ვენური უკმარისობისა და ვარიკოზის საწყის სტადიებზე ოპერაციის გარდა რისი გაკეთებაა შესაძლებელი?

– დაავადების მეოთხე-მეხუთე სტადიების ჩამოყალიბებამდე მკურნალობა კონსერვატიული მეთოდებითაც შესაძლებელია. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ცხოვრების წესის შეცვლა. გარდა ამისა, ინიშნება სისხლძარღვთა მატონირებელი საშუალებები, რომლებიც ზრდის ვენების კუმშვადობას, ლიმფის დრენაჟს და ამით ამცირებს ქვედა კიდურების ტკივილსა და შეშუპებას. არსებობს ამგვარი მოქმედების მქონე ტაბლეტები, კრემები. რეკომენდებულია ელასტიკური წინდების ტარება.

ვარიკოზის დროს შეიძლება სკლეროთერაპიის ჩატარებაც. ეს საკმაოდ ეფექტური მეთოდია ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების, ობობასებრი და გაფართოებული კანქვეშა კაპილარული ქსელის გასაქრობად. შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთგვარი კოსმეტიკური ოპერაციაა, რომლის დროსაც ვენაში შეყვანილი სპეციალური ნივთიერებით ნადგურება მისი შიგნითა გარსი, ენდოთელიუმი. შედეგად ვენის კედლები ერთმანეთს უახლოვდება, წარმოიქმნება ნაწიბური, ვენა უქმდება. სკლეროთერაპია ოპერაციაზე გაცილებით დამზოგველია.

ლაზერული აბლაციისა და ღია ოპერაციის მიზანიც პათოლოგიური ვენების გაუქმებაა. ამ მეთოდებს შორის ის განსხვავებაა, რომ პირველ შემთხვევაში მიზანი მიიღწევა განაკვეთის გარეშე. მანიპულაცია, ფაქტობრივად, ამბულატორიულ პირობებში ტარდება, ოპერაციის შემდეგ არ რჩება ნაწიბური, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქალებისთვის კოსმეტიკური თვალსაზრისით.

 

ცხოვრების წესი

  • – რას გულისხმობს ვენური პათოლოგიების დროს ცხოვრების წესის შეცვლა?

– უპირველესად – მოძრაობას. წვივის კუნთები ვენურ მიმოქცევაში მეორე გულის როლს ასრულებს. ვენების საშუალებით სისხლი გულამდე უნდა მივიდეს. ქვედა კიდურების ვენებში გავლისას სისხლს დედამიწია მიზიდულობის გადალახვა უწევს. ვენის შიგნით, მთელ სიგრძეზე, არის სპეციალური სარქველები. როცა ისინი იხურება, სისხლი უკან აღარ ბრუნდება და გულისკენ მიდის. სიარულისა თუ ცურვის დროს წვივის კუნთების შეკუმშვა სარქველებს გულისკენ სისხლის გადადენაში ეხმარება. ნაკლები მოძრაობისას კი ვენებში ბევრი სისხლი გროვდება, მათში მაღალი წნევა წარმოიქმნება, შედეგად სარქველები ზიანდება და თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს. ვარიკოზული გაგანიერება სწორედ ვენურ სისტემაში წნევის მომატების შედეგია. ასე რომ, მოძრაობა აუცილებელია, რათა ვენური პათოლოგიები თავიდან ავიცილოთ, ხოლო თუ უკვე გვაქვს ვენების პრობლემა – მდგომარეობა უფრო მეტად არ დავიმძიმოთ.

 

ვის ემუქრება

– ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ზოგიერთ ადამიანს განსაკუთრებული ყურადღება მართებს. მაგალითად, ხანგრძლივი დგომის გამო ვენური პათოლოგიები ხშირად ემართებათ პედაგოგებს, სტომატოლოგებს, ქირურგებს. რისკის კიდევ ერთი ფაქტორია ორსულობა. ამ პერიოდში ქალის ორგანიზმში მომატებულია პროგესტერონის დონე -ჰორმონისა, რომელიც ვენურ სარქველებს აზიანებს. მაგრამ ეს პრობლემა მშობიარობის შემდეგ გვარდება, სარქველები აღდგება, თუ არ არსებობს სხვა ხელშემწყობი ფაქტორები: გენეტიკური დატვირთვა, სიმსუქნე, უმოძრაო ცხოვრება. მათი არსებობის შემთხვევაში ვენური პრობლემები შესაძლოა მშობიარობის შემდეგაც დარჩეს.

 

უსაფუძვლო შიში

– იმ პაციენტების უმრავლესობას, რომლებიც ვარიკოზის გამო ჩემთან მოდიან, აბსოლუტურად არ აწუხებს ფეხები – არც ეღლებათ, არც უშუპდებათ, ზოგს კოსმეტიკური პრობლემაც კი არ აქვს. მათ თრომბის წარმოქმნისა და მოწყვეტის ეშინიათ. მრავალ მათგანს ჰგონია, რომ ვენური უკმარისობისა და ვარიკოზის დროს ოპერაცია ამის თავიდან ასაცილებლად ტარდება. სამწუხაროდ, პაციენტებს ამით ბევრი „კეთილისმსურველი“, მათ შორის – ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი ექიმიც აშინებს. რა თქმა უნდა, არსებობს თრომბოზის საფრთხე, მაგრამ ძალიან მცირე. თრომბი რომ განვითარდეს, რამდენიმე რისკფაქტორმა უნდა მოიყაროს თავი. გარდა ამისა, თრომბი რომც მაინც ჩამოყალიბდეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მოწყდება და ფილტვის არტერიაში მოხვდება. სტატისტიკის თანახმად, თრომბოემბოლიური გართულებები ვენების ვარიკოზული გაგანიერების შემთხვევათა მხოლოდ 1-2%-ში ვითარდება, ამიტომ პაციენტმა, რომელსაც ვენური პრობლემები აქვს, აუცილებლად უნდა იცოდეს თრომბოზის ნიშნები. ესენია: ცალ ფეხზე კანის გაწითლება, ტემპერატურის მატება, სიმხურვალე, მტკივნეულობა, კანის დარბილება და გაფაქიზება, შეშუპება. ამ ნიშნების არსებობისას აუცილებელია ექიმთან მისვლა და შესაბამისი კონსერვატიული და ქირურგიული მკურნალობა.

თუმცა თრომბის წარმოქმნისა და მოწყვეეტის თავიდან აცილებაც შესაძლებელია ცხოვრების ჯანსაღი წესით. უნდა გვახსოვდეს, რომ ვენური უკმარისობის დროს თრომბოზის განვითარებას ხელს უწყობს სხვა ფაქტორებიც: სითხის დეფიციტი, რაც სისხლის შედედების რისკს ზრდის, ხანგრძლივი უმოძრაობა, თამბაქოს წევა და სხვა.

 

მხოლოდ ოპერაცია

  • – როდის არის აუცილებელი ოპერაცია?

– ოპერაცია აუცილებელია ვენური უკმარისობის მეოთხე-მეხუთე სტადიებზე და თანდართული ვარიკოზის არსებობისას. კიდევ ერთი ჩვენებაა თრომბოზის სიმპტომები, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე.

არჩევანი არც მაშინ არსებობს, როდესაც სისხლძარღვების დაზიანების გამო დარღვეულია ქსოვილების კვება – მედიცინის ენით თუ ვიტყვით, მოშლილია ტროფიკა. ტროფიკის მოშლაზე მიუთითებს შეუხორცებელი წყლულის არსებობა. ტროფიკული წყლული ძალიან ართულებს ცხოვრებას, შეიძლება ითქვას, პაციენტს უნარშეზღუდულად აქცევს.

  • – როგორ ტარდება ოპერაცია?

– ოპერაციის არსია ვარიკოზულად გაგანიერებული იმ ვენების ლიკვიდაცია, რომლებსაც სარქველოვანი უკმარისობა აქვს. ამ ოპერაციის შედეგად შეგუბება და ვენური ჰიპერტენზია ქვედა კიდურებში საგრძნობლად იკლებს, ტროფიკული წყლული ხორცდება და სიმპტომები უკუვითარდება.

 

პარადოქსული მდგომარეობა

– მიუხედავად იმისა, რომ ვარიკოზული ვენები არცთუ სასიამოვნო შესახედავია, მათი არსებობა, როგორც გითხარით, არ მიუთითებს ოპერაციის აუცილებლობაზე; იმავდროულად, არსებობს სისხლძარღვთა დაავადებები, რომლებიც კლინიკურად არ მჟღავნდება, მაგრამ ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს. ასეთებია საძილე არტერიების სტენოზი (შევიწროება) და მუცლის აორტის ანევრიზმა. ორივე პათოლოგია ათიდან 6-7 შემთხვევაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს. საძილე არტერიის სტენოზის დროს მოსალოდნელია ინსულტი, მუცლის აორტის ანევრიზმისას კი – მისი განშრევება და გახეთქვა. ორივე ამ მდგომარეობას ხშირად შემთხვევით, სხვა მიზნით ჩატარებული გამოკვლევის (ძირითდად – ულტრაბგერითი გამოკვლევისა და კომპიუტერული ტომოგრაფიის) დროს აღმოაჩენენ ხოლმე. ამ დროს ოპერაცია აუცილებელია.

 

ცხოვრების ხარისხი

– უკვე აღვნიშნეთ, რომ ოპერაციის ერთ-ერთი მიზანი ადამიანისთვის ცხოვრების ხარისხის ამაღლებაა, მაგრამ თავად ცხოვრების ხარისხი ერთი და იმავე პათოლოგიის დროსაც კი ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურად განისაზღვრება. მაგალითად, არსებობს ასეთი დაავადება – მაობლიტერირებელი ათეროსკლეროზი. ამ დროს ქვედა კიდურის რომელიმე არტერია ათეროსკლეროზული ცვლილებების გამო შევიწროებულია, სისხლი კარგად არ მიეწოდება შესაბამის უბანს, განსაკუთრებით – ფიზიკური დატვირთვის დროს. სიარულის დროს თავჩენილი ტკივილი ადამიანს შეჩერებას, შესვენებას აიძულებს, აღინიშნება ე.წ. ხანგამოშვებითი კოჭლობა. მაგრამ, ცხოვრების წესიდან გამომდინარე, პრობლემა ყველა პაციენტისთვის ერთნაირად აქტუალური არ არის. მაგალითად, მონადირისთვის ძალზე შემაწუხებელი და ხელის შემშლელია, როცა ყოველი 200 მეტრის შემდეგ იძლებულია, შეჩერდეს და შეისვენოს, მაგრამ მწერალს ეს დიდად არ შეაწუხებს. ამიტომ ქირურგმა რელისტურად უნდა შეაფასოს მდგომარეობა, იცოდეს, რისთვის აკეთებს ოპერაციას. მისი მიზანი სასიცოცხლო ჩვენებისას კიდურის გადარჩენა ან უბრალოდ ცხოვრების ხარისხის ამაღლება უნდა იყოს.

 

როგორ მოვიქცეთ

– ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ, რამდენად მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა. ექიმს არ შეუძლია, პაციენტის ყველა პრობლემა მოაგვაროს და არც არის ვალდებული; ადამიანებმა თავად უნდა იზრუნონ საკუთარ თავზე. მაგრამ ამისთვის საჭიროა ინტელექტი, მენტალიტეტი და ჯანმრთელობის კულტურა. ყველამ უნდა უთხრას საკუთარ თავს: მინდა ვიცხოვრო დიდხანს, მინდა ვიყო ჯანსაღი, ლამაზი.

შეგიძლიათ, მარტივით დაიწყოთ. თუ მჯდომარე სამუშო გაქვთ, კომპიუტერთან ერთი საათი ჯდომის შემდეგ აუცილებლად უნდა ადგეთ და ხუთი წუთი მაინც იაროთ, ტრანსპორტიდან რამდენიმე გაჩერებით ადრე ჩამოხვიდეთ, თუ მანქანით მოძრაობთ, საგანგებოდ გახვიდეთ ხოლმე შინიდან სასეირნოდ. ეცადოთ, ყოველდღე 2-5 კილომეტრი გაიაროთ ფეხით.

თუ განსაკუთრებული გარემოების გამო იძულებული ხართ, დიდხანს იჯდეთ, მაგალითად, შორს მიფრინავთ ან მიემგზავრებით მანქანით, ელასტიკური წინდები ჩაიცვით.

ძალიან კარგია ცურვა. მათთვის, ვინც ამას ვერ ახერხებს, სხვა გამოსავალიც არსებობს – შეუძლიათ, შინ შხაპის დახმარებით იკეთონ ყოველდღიური მასაჟი: დაახლოებით სამი წუთის განმავლობაში წყლის ჭავლი ფეხებზე ქვევიდან ზევით აატარონ. კარგია წყლით სავსე აბაზანაში ფეხების მოძრაობაც.

ყურადღება უნდა მიექცეს ჯანსაღ კვებას. საკმარისი რაოდენობის სითხის მიღებას. სისხლძარღვებისთვის ძალიან კარგია დღეში ერთი ჭიქა წითელი ღვინო. თამბაქოზე უარის თქმა აუცილებელია – ის ვენებს აზიანებს.

ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, ჯანსაღი წესით ცხოვრება უფრო იაფი ჯდება, ვიდრე ექიმთან მისვლა, წამლების ყიდვა და, მით უმეტეს, ოპერაცია.

 

და მაინც

  • – როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ ნამდვილად ოპერაცია სჭირდება? სამწუხაროდ, ხშირად ექიმებიც განსხვავებულ რჩევებს აძლევენ პაციენტს: ზოგი ოპერაციის მომხრეა, ზოგი – არა.

– სამწუხაროდ, ხშირად ვაწყდებით ფაქტებს, როდესაც ექიმს კომერციული ინტერესი ამოძრავეს, ამიტომ ყველაზე გონივრული იქნება, პაციენტმა კეთილსინდისიერ ექიმთან ერთად გადაწყვიტოს ოპერაციისა თუ კონსერვატიული მკურნალობის საკითხი.

არანაკლებ მნიშვნელოვანია პაციენტების განათლებაც, მეტის ცოდნა საკუთარი დაავადების შესახებ. როდესაც ექიმი დაინახავს, რომ მის წინაში გათვითცნობიერებული პაციენტია, არასწორი გადაწყვეტილების მიღებას მოერიდება. საბოლოო ჯამში ეს უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე კონკრეტული ექიმებისთვის რაღაცების აკრძალვა.

გირჩევთ, ვიდრე მდგომარეობის გამოსწორება ცხოვრების წესის შეცვლით არის შესაძლებელი, ჯერ ეს გზა მოსინჯოთ, კონსერვატიული მკურნალობაც ჩაიტაროთ და მხოლოდ ამის შემდეგ მიანდოთ თქვენი ჯანმრთელობა ქირურგის დანას.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: