რა ვიცით ოფლის შესახებ?

გააზიარე:

 

რა ვიცით ოფლის შესახებ?

ვიცნობთ მის შემადგენლობას, მნიშვნელობას, გამოყოფის მექანიზმს?

ერთადერთი რამ, რაშიც არავის გვეპარება ეჭვი, ის არის, რომ ოფლიანობა დიდ უხერხულობას ქმნის. ამ უხერხულობის მთავარი მიზეზი კი ოფლის ერთი თავისებურება – არცთუ სასიამოვნო სუნია. დარწმუნებული ვარ, გაგიკვირდებათ და შესაძლოა არც დაიჯეროთ, რომ სინამდვილეში ოფლი უსუნოა. მაშ, რისი ბრალია ის უსიამოვნო სუნი, რომელიც ოფლთან ასოცირდება, რომლის გაქრობასაც გვპირდებიან დეზოდორანტებისა თუ ანტიპერსპირანტების მწარმოებელები და რომელიც ზაფხულის ცხელ დღეებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისა თუ ხალხმრავალი ადგილების სტუმრობის სურვილს გვიკარგავს?

 

ოფლიანობა

ოფლიანობა დაავადებაა?

ოფლსაწინააღმდეგო ჰიგიენა

ოფლმდენი მიკრობაქტერია

პატარა მეტისმეტად ოფლიანდება?

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა

ენდოკრინული მიზეზები

მენოპაუზა

 

ოფლიანობა

ყველას გვახსოვს, რა ურჩია ექიმმა დათუნას “იმ საწყალი კურდღლის” სამკურნალოდ. ჩვენმა პატარებმაც კი იციან, რომ თუ ოფლს მოიდენენ, მალე გამოჯანმრთელდებიან. თუმცა, ვარდისა და ეკლის არ იყოს... ალბათ, ხვდებით, რისი თქმა მინდა.

უმეტესობა ოფლიანობას უსიამოვნო მოვლენად აღიქვამს. მართლაც ძნელია, ოფლის სასარგებლო თვისებებზე იფიქრო, როცა ის ტანსაცმელზე გამოჟონავს და სუნამოზე მძაფრ არომატს აფრქვევს.

არცთუ სურნელოვანი კოქტეილი

ოფლი გამჭვირვალე, უსუნო მარილიანი სითხეა, რომელსაც კანზე არსებული საოფლე ჯირკვლები გამოიმუშავებს. ადამიანს დაახლოებით 4 მლნ საოფლე ჯირკვალი აქვს. ისინი ორი ტიპისაა და სხვადასხვანაირ ოფლს წარმოქმნის. ეკრინული ჯირკვლები (4 მლნ-დან 3 მლნ მათ წილად მოდის) მთელ სხეულზეა განლაგებული და მათი სადინარები პირდაპირ კანზე იხსნება, აპოკრინული ჯირკვლები კი – თმის ფოლიკულებით სავსე ადგილას: იღლიაში, საზარდულში... კანზე მოხვედრამდე ამ ჯირკვლების სეკრეტი ფოლიკულში იცლება. სუნი არც ერთ ოფლს არ აქვს. ის მაშინ ჩნდება, როდესაც ოფლს კანზე მობინადრე ბაქტერიები შეერევა. ბაქტერიების მიზიდვის უნარით კი აპოკრინული ჯირკვლების გამონაყოფი გამოირჩევა, ამიტომ უსიამოვნო სუნს იმ ადგილებიდან უნდა ველოდოთ სადაც ეს ჯირკვლებია ლოკალიზებული. ამიტომ არის, რომ საგულდაგულოდ დაბანილ ადამიანს, როგორც არ უნდა გაოფლიანდეს, უსიამოვნო სუნი არ ასდის მანამდე, სანამ ბანაობისას ჩამორეცხილი ბაქტერიები ხელახლა არ მოკალათდებიან კანზე და ოფლს დამახასიათებელი არომატით არ გაამდიდრებენ.

დიახ, მიკრობები აფუჭებენ საქმეს, თორემ ოფლის გამოყოფა ფრიად სასარგებლო პროცესია, ურომლისოდაც ადამიანებს (და არამხოლოდ მათ) ძალიან გაგვიჭირდებოდა.

 

მაინც რა სარგებლობა მოაქვს ოფლს?

როდის ძლიერდება ოფლის წარმოქმნა? მაშინ, როდესაც ორგანიზმს ამა თუ იმ მიზეზით გაგრილება სჭირდება (გარემოს მაღალი ტემპერატურა იქნება ეს, ცხელება, ვარჯიში თუ მღელვარება). ამრიგად, ოფლის მთავარი ღირსება თერმორეგულაციაა. როდესაც სხეულის ტემპერატურა იმატებს, ოფლის გამოყოფაც ძლიერდება. გამოყოფილი ოფლი ორთქლდება, სხეული კი სითბოს გაცემის შედეგად გრილდება. ეს ბიოლოგიური რეაქცია რომ არა, ორგანიზმი გადახურდებოდა და, თავადაც ხვდებით, რა მოუვიდოდა... როგორც კი სხეულის ტემპერატურა აიწევს, ნერვული სისტემა საოფლე ჯირკვლებისკენ ავტომატურად გზავნის ბრძანებას. ამ პროცესს ადამიანი ვერ აკონტროლებს. ამიტომაა, რომ ოფლს უმალვე სააშკარაოზე გამოაქვს ჩვენი შინაგანი მდგომარეობა.

 

საოფლე ვითარებები

ოფლიანობა ნორმალურ, მეტიც – საჭირო რეაქციად მიიჩნევა, როდესაც გარეთ ცხელა, ვვარჯიშობთ, ვშფოთავთ, სიცხე გვაქვს. მაგრამ თუ ოფლიანობა ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია ან “საოფლე ვითარებებში” მთელი სხეული გვენამება, სამედიცინო პრობლემა უნდა ვიეჭვოთ.

ჯანმრთელობის პრობლემაზე მიუთითებს ანჰიდროზიც – ოფლის ნაკლებობა. ამ დროს იმატებს ორგანიზმის გადახურების რისკი. ანჰიდროზი შესაძლოა გამოიწვიოს გაუწყლოებამ, დამწვრობამ, კანისა და ნერვული სისტემის ზოგიერთმა დაავადებამ.

ზოგი ადამიანი ბუნებრივად უფრო მეტად ოფლიანობს, ზოგი კი ნაკლებად, ამიტომ ის, რაც ერთისთვის ნორმაა, მეორისთვის შესაძლოა საგანგაშო ნიშანი იყოს.

ექიმს მიმართეთ, თუ:

•              უეცრად შესამჩნევად იმატა ან იკლო ოფლის გამოყოფამ;

•              ოფლიანობა ხელს გიშლით ყოველდღიურ ცხოვრებაში;

•              უმიზეზოდ ოფლიანდებით ღამით;

•              შეიცვალა სხეულის სუნი.

ქვემოთ სწორედ იმ მიზეზებზე ვისაუბრებთ, რომლებიც ამ ნიშნების უკან შეიძლება იდგას.

 

ოფლიანობა დაავადებაა?

გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ოფლიანობა არა მხოლოდ უსიამოვნო სიმპტომი, არამედ, არც მეტი, არც ნაკლები, დაავადებაა? დიახ, დაავადებათა საერთაშორისო ნომენკლატურაში მას შესაბამისი კოდი აქვს მინიჭებული და დაავადებად სახელდების ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. შესაბამისად, არსებობს მისი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საშუალებებიც. თუმცა დავიწყოთ თავიდან...

 

ჭარბ ოფლიანობას ექიმები ჰიპერჰიდროზს უწოდებენ. ის საკმაოდ გავრცელებულია. მაგალითად, ამერიკაში მოსახლეობის 3-4%-ს აწუხებს. საქართველოს ოფიციალური სტატისტიკა უცნობია, თუმცა, ქართულ კლიმატს და ჩვენს ემოციურ ბუნებას თუ გავითვალისწინებთ, მაჩვენებელი არც ისე დაბალი უნდა იყოს.

ჰიპერჰიდროზი ლოკალურიც შეიძლება იყოს და გავრცობილიც. პირველ შემთხვევაში ჭარბი ოფლიანობა სხეულის განსაზღვრულ ადგილებზე გამოიხატება, უმეტესად – ფეხისგულებზე, ხელისგულებზე, იღლიებში. გავრცობილი ჰიპერჰიდროზი კი მთელ სხეულს მოიცავს.

ჰიპერჰიდროზის ყველაზე გავრცელებული ფორმა პირველადი ჰიპერჰიდროზია. ამ დროს ოფლის ჭარბი გამოყოფა ნერვების მეტისმეტი აქტიურობის შედეგია, რომელშიც ფიზიკურ თუ ემოციურ დატვირთვას ბრალი არ მიუძღვის. “საოფლე ვითარებაში” კი პრობლემა უფრო მკვეთრად იჩენს თავს.

მეორეული ჰიპერჰიდროზის დროს ოფლიანობა შინაგანი ორგანოების ამა თუ იმ დაავადების გამოხატულებაა.

პირველად ჰიპერჰიდროზს ხშირად მემკვიდრეობითი ხასიათი აქვს. ჯანმრთელობას ის საფრთხეს არ უქადის, თუმცა მეტად შემაწუხებელია და უამრავ უხერხულობას ქმნის – თავად განსაჯეთ, რა გუნებაზე დადგებოდით, სრულიად უმიზეზოდ ოფლში რომ იწურებოდეთ. განსაკუთრებული სიფრთხილე მოზარდებთან მოგვეთხოვება, ვინაიდან ამ ასაკში ჰიპერჰიდროზი შესაძლოა შფოთვისა და იზოლაციის მიზეზად იქცეს.

 

საიდან მოდის ოფლი?

მკურნალობამდე ოფლიანობის მიზეზი უნდა გაირკვეს. მეორეული ჰიპერჰიდროზი, როგორც ითქვა, შინაგანი ორგანოების დაავადების ნიშანია. დიაგნოსტიკა სწორედ ასეთ დაავადებათა გამორიცხვას გულისხმობს.

მეორეული ჰიპერჰიდროზი შესაძლოა გამოიწვიოს:

* შაქრიანმა დიაბეტმა;

* მენოპაუზამ;

* აკრომეგალიამ;

* პარკინსონის დაავადებამ;

* ფეოქრომოციტომამ;

* ინსულტმა;

* ზურგის ტვინის დაზიანებამ;

* ფარისებრი ჯირკვლის დაავადებამ;

* სისხლში შაქრის დაბალმა დონემ;

* ზოგიერთი ფორმის კიბომ;

* ინფარქტმა;

* ნერვული სისტემის დაავადებამ;

* ინფექციამ;

* მედიკამენტმა.

 

დიაგნოსტიკაში ექიმს ეხმარება:

* ოფლის გამოყოფის ლოკალიზაცია. ზოგიერთ დაავადებას ადგილობრივი ოფლიანობა ახასიათებს, უმეტესად კი მეორეული ჰიპერჰიდროზი გავრცობილ ოფლიანობას იწვევს;

* დრო – მაშასადამე, როდის უფრო ოფლიანდება ადამიანი: დღისით თუ ღამით, მოსვენებისას თუ მცირე დატვირთვისას;

ტრიგერები – უკავშირდება თუარა ოფლდენა რაიმე მიზეზს – სტრესს, მოქმედებას, საკვებს, მედიკამენტს, ფიზიკურ მდგომარეობას.

ოფლის სუნი – ზოგიერთი დაავადების (რაქიტის, ფენილკეტონურიის, მუკოვისციდოზის) დროს ოფლს დამახასიათებელი სუნი აქვს. ეს დაავადებები ბავშვთა ასაკშია გავრცელებული და ხშირად მშობლები ექიმს სწორედ იმიტომ მიმართავენ, რომ ბავშვის კოცნის დროს კანს მჟავე ან მარილის გემო აქვს.

თანმხლები სიმპტომები – სისუსტე, წონის კლება, გულის რიტმის დარღვევა, ხელების სიცივე და სხვა.

 

ვებრძვით ოფლს

თუ ოფლიანობის მიზეზს დეტალური გამოკვლევითაც ვერ მივაგენით, საქმე პირველად ჰიპერჰიდროზთან გვქონია. საბედნიეროდ, მეცნიერები აქტიურად ეძებენ ამ პრობლემის მოგვარების საშუალებებს. დღეისათვის კი ჰიპერჰიდროზის სამკურნალო კონსერვატიული და ქირურგიული მეთოდების ჩამონათვალი ასეთი:

* ანტიპერსპირანტები – ჭარბი ოფლიანობა შეიძლება ძლიერი ანტიპერსპირანტებით ვაკონტროლოთ. ეს პირველი და ყველაზე მარტივი გამოსავალია იღლიაში ლოკალიზებული ჰიპერჰიდროზის დროს. თუმცა ასეთი ანტიპერსპირანტები კანს აღიზიანებს და შესაძლოა სამოსიც გააფუჭოს.

* მედიკამენტები – სპეციალური პრეპარატები აფერხებს საოფლე ჯირკვლების სტიმულაციას. ასეთი მკურნალობა მოწოდებულია, როდესაც ჰიპერჰიდროზი სახის ოფლიანობას იწვევს. მედიკამენტებს გვერდითი ეფექტები აქვს და ყველა პაციენტისთვის ვერ იქნება გამოსადეგი.

* იონოფორეზი – ეს პროცედურა განსაკუთრებით ეფექტურია ხელისგულებისა და ფეხისგულების ჰიპერჰიდროზის დროს. პაციენტის ხელებს და ფეხებს წყლიან რეზერვუარში ათავსებენ და წყალში სუსტ დენს ატარებენ. რამდენიმე პროცედურა საკმარისია ნერვული დაბოლოებების ინაქტივაციისთვის. გვერდითი ეფექტები იშვიათია და არც ისე ბევრი – კანის გაღიზიანება და ბუშტუკები.

* ბოტოქსი – ბოტულინოტოქსინის ინექცია დროებით ბლოკავს იმ ნერვებს, რომლებიც ოფლის გამოყოფას ასტიმულირებს. გვერდითი ეფექტი შესაძლოა იყოს ტკივილი ინექციის ადგილას.

კიურეტაჟი – ამ დროს საოფლე ჯირკვლების მთლიანობას არღვევენ. კიურეტაჟი იღლიის ჰიპერჰიდროზის სამკურნალოდ არის მოწოდებული.

სიმპათექტომია – ეს მინიინვაზიური ქირურგიული ოპერაციაა, რომელიც სხვა მეთოდების უეფექტობის შემთხვევაში ტარდება. ოპერაციის დროს სიმპათიკურ ნერვს გადაკვეთენ. ეფექტი, წესისამებრ, სამუდამოა (მკურნალობის დანარჩენი მეთოდები დროებით ეფექტს იძლევა).

რა მიზეზითაც უნდა იყოს გამოწვეული ოფლიანობა და მკურნალობის რომელი საშუალებაც უნდა აარჩიოთ, ცხადია, მოგეთხოვებათ ჰიგიენის წესების დაცვაც. ქვემოთ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ამ წესებს.

ოფლსაწინააღმდეგო ჰიგიენა

 

სიცხე რომ ოფლის გამოყოფას ასტიმულირებს, ყველას საკუთარ თავზე გამოგვიცდია. როცა სველ კანს ჰაერი ხვდება, ოფლი ორთქლდება და სხეულიც გრილდება, მაგრამ ცხელ დღეებში ტენიანობა ზოგჯერ ისე იმატებს, რომ ჰაერს ოფლის შთანთქმის ძალა აღარ შესწევს. ამიტომ არის, რომ ოფლსაწინააღმდეგო ჰიგიენა ზაფხულობით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

 

რა ვუყოთ პატარებს?

სანამ მოზარდებსა და ზრდასრულებზე გადავიდოდეთ, ორიდე სიტყვა ჩვილებზე ვთქვათ. ოფლიანობა მათთვის განსაკუთრებით შემაწუხებელია და შესაძლოა, გაუწყლოების მიზეზადაც კი ექცეთ, ამიტომ ყურადღება გვმართებს. უპირველეს ყოვლისა, თვალყური უნდა ვადევნოთ ოთახის ტემპერატურასა და ტენიანობას. ბავშვის ოთახში მეტისმეტად არ უნდა ცხელოდეს (ოპტიმალური ტემპერატურაა 21⁰c.). რასაკვირველია, ბავშვს არ უნდა სციოდეს, მაგრამ არც ჩაფუთვნა ვარგა – ოფლიანობას ხშირად  ზედმეტი ტანსაცმელიც იწვევს. ჭარბი ოფლიანობის შედეგია ჩახურება, გამოყელვა, გამონაყარი, ნაოფლი, დერმატიტი, ინფექცია.

ოფლმა პრობლემები რომ არ შეგიქმნათ:

* პატარა ხშირად აბანავეთ. ზაფხულობით – დღეში ერთხელ მაინც.

* აუცილებლად ჩაბანეთ დეფეკაციის შემდეგ, უკიდურეს შემთხვევაში, საგულდაგულოდ გაწმინდეთ არაალერგიული სველი საფენით.

* ხშირად გამოუცვალეთ პამპერსი, ხოლო როგორც კი წამოიზრდება, ეცადეთ, მალე დაანებებინოთ თავი.

* დღის განმავლობაში მიაღებინეთ ჰაერის აბაზანებიც.

* თუ გამოაყარა, კანი გაუწითლდა ან აექერცლა, მიმართეთ პედიატრს.

 

მოზარდებისა და მოზრდილების საყურადღებოდ

ოფლიანობა განსაკუთრებით პრობლემურია გარდატეხის ასაკში. ამ დროს მილიონობით საოფლე ჯირკვალი აქტიურდება და ბუნებრივად იმატებს ოფლის გამოყოფა. მოზარდები ცვლილებებს ძნელად ეგუებიან. მშობლებმა მათ ოფლთან ბრძოლის მეთოდები უნდა ასწავლონ – ისინი ისეთივეა, როგორიც ზრდასრულ ასაკში.

 

საშინაო დავალება

უკვე გითხარით, რომ უსიამოვნო სუნი მაშინ ჩნდება, როცა ოფლს მიკრობები ერევა. ასე რომ, ოფლთან, უფრო სწორად, მის სუნთან ბრძოლა, უწინარეს ყოვლისა, მიკრობებთან ბრძოლას გულისხმობს.

ტანი ყოველდღე უნდა დაიბანოთ. არ გამოგრჩეთ ნაკეცები, ფეხებს შორის მიდამო. სხეული კარგად გაიმშრალეთ სუფთა, მშრალი პირსახოცით – მიკრობებს ნესტი ძალიან უყვართ და თუ კარგად არ გაიმშრალეთ, სოკოვანი ინფექცია გარანტირებული გექნებათ.

მხოლოდ ამის შემდეგ დაიტანეთ კანზე ოფლის საწინააღმდეგო საშუალებება –ანტიპერსპირანტი თუ დეოდორანტი. დეოდორანტი ოფლის სუნს აქრობს, ანტიპერსპირანტი კი მის გამოყოფას ამცირებს. არჩევანი მრავალფეროვანია – ნაირ-ნაირია არომატი, სხვადასხვაა მოხმარების წესი, თუმცა ყოველთვის ისმის კითხვა: ხომ არ იწვევს ეს საშუალებები სარძევე ჯირკვლის კიბოს?

ეს  კითხვა ორი რამის გამო გახდა აქტუალური:

1. დეზოდორანტები და ანტიპერსპირანტები პოტენციურად საშიშ ინგრედიენტებს შეიცავს;

2. მათ სარძევე ჯირკვალთან ახლოს ვისვამთ ან ვიპკურებთ.

ანტიპერსპირანტების აქტიური ნივთიერება ალუმინის ნაერთია. ის საოფლე ჯირკვლებში დროებით საცობს ქმნის და ოფლის გამოყოფას აფერხებს. ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში ნაერთი კანშიც შეიწოვება და ესტროგენის მსგავსს ჰორმონულ ეფექტს ახდენს. ვინაიდან ესტროგენს შეუძლია, სარძევე ჯირკვლის კიბოს უჯრედების გამრავლება გამოიწვიოს, რატომ არ შეიძლება, ალუმინის შემცველ ანტიპერსპირანტებსაც იგივე ეფექტი ჰქონდეს?! დაგვეთანხმებით, სავსებით ლეგიტიმური ეჭვია. ამასთან, გამოითქვა მოსაზრება, რომ ალუმინი თვითონაც მოქმედებს სარძევე ჯირკვლის ქსოვილებზე, თუმცა 2014 წლის მიმოხილვაში არ ყოფილა მოყვანილი არც ერთი სანდო მტკიცებულება იმისა, რომ ალუმინიანი ანტიპერსპირანტები ზრდის სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს.

რამდენიმე კვლევა მიეძღვნა პარაბენებსაც, პარაბენები კონსერვანტებია, რომლებიც ზოგიერთი ანტიპერსპირანტისა თუ დეზოდორანტის შემადგენლობაში შედის. მათაც ესტროგენმაგვარი აქტივობა ახასიათებს. ეს ნივთიერებები აღმოაჩინეს სარძევე ჯირკვლის სიმსივნეშიც, მაგრამ არაფერი ამტკიცებს იმას, რომ კიბო სწორედ პარაბენების ზემოქმედების შედეგად განვითარდა.

ასე რომ, ანტიპერსპირანტებისა და დეზოდორანტების კიბოსთან კავშირი ჯერჯერობით დაუდგენელია.

კიდევ რა?

* ჩაიცვით ბუნებრივი მასალის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომელიც სუნთქავს.

* ეცადეთ, ზაფხულობით გეცვათ თავისუფალი, ღია ფერის სამოსი.

* სვით ბევრი წყალი, განსაკუთრებით – ცხელ დღეებში, უხვი ოფლიანობის დროს. ეს გაუწყლოებისგან დაგიცავთ. წყალი უნდა სვათ ვარჯიშამდე, ვარჯიშის დროს და ვარჯიშის შემდეგ. სასურველია, 15-20 წუთში ერთხელ 10 დიდი ყლუპი მოსვათ.

* დღის 11-დან 4 საათამდე ერიდეთ ფიზიკურ აქტიურობას, ძლიერ დატვირთვას. ეცადეთ, ეს დრო ჩრდილში გაატაროთ.

* ერიდეთ კოფეინს, შაქარს, კარბონატს, ცხარე საკვებს – აღმოჩნდა, რომ ოფლიანობას ეს პროდუქტებიც ზრდის.

ოფლმდენი მიკობაქტერია

 ტუბერკულოზზე არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ ხომ გაგიგონიათ, გამეორება ცოდნის დედააო. თანაც ოფლიანობა ტუბერკულოზის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია, ამიტომ გადავწყვიტეთ, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ეს უძველესი დაავადება.

 რა ვიცით

ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა. მას ტუბერკულოზის მიკობაქტერია, იგივე კოხის ჩხირი იწვევს, ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება და ადამიანისგან ადამიანს ხველების, ცემინების ან ლაპარაკის დროს გადაეცემა. დაავადება უმეტესად ფილტვებს აზიანებს, მაგრამ შეუძლია, სხვა ორგანოებსაც ავნოს.

ფილტვის ტუბერკულოზით დაავადებული ბაქტერიებს გარემოში გამოყოფს. ინფიცირებისთვის მცირე რაოდენობის ბაქტერიის ორგანიზმში მოხვედრაც საკმარისია. მაგრამ მიკობაქტერიამ ჩვენს ორგანიზმში რომც შემოაღწიოს, შესაძლოა, არასოდეს დაგვემართოს ტუბერკულოზი. სტატისტიკაც ამას გვეუბნება: დედამიწის მოსახლეობის მეოთხედს ლატენტური ტუბერკულოზი აქვს. ეს ნიშნავს, რომ მათ ორგანიზმში ინფექციის გამომწვევი  მოხვდა, მაგრამ დაავადება არ განვითარებულა. ალბათობა, რომ ინფიცირებულ ადამიანს ადრე თუ გვიან ტუბერკულოზი განუვითარდეს, 5-15%-ია; თუ იმუნური სისტემა დასუსტებული გაქვთ, აივინფიცირებული ხართ, ცუდად იკვებებით, გაქვთ დიაბეტი ან თამბაქოს ეტანებით – გაცილებით მაღალი.

 ის, რაც შესაძლოა არ იცოდეთ

თუ დედამიწის მოსახლეობის 25% ინფიცირებულია და ტუბერკულოზი ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება, გამოდის, რომ ჩვენ გარშემო ყოველი მეოთხე ადამიანი პოტენციურად საშიშია?! ან, ვინ იცის, ეგებ ჩვენ თვითონ წარმოვადგენთ საზოგადოებისთვის საფრთხეს?! მადლობა ღმერთს, საქმე ასე დრამატულად არ გახლავთ – ინფიცირებული ადამიანი მიკობაქტერიებს არ ავრცელებს, ანუ გადამდები არ არის.

გადამდებია დაავადებული.

ტუბერკულოზის აქტიური ფორმა ზოგჯერ თვეების განმავლობაში ზომიერი, არცთუ საეჭვო სიმპტომებით ვლინდება, ამიტომ ავადმყოფები ექიმს იშვიათად მიმართავენ. ეს კი ძალიან ცუდია: ერთი მხრივ, მკურნალობის დაგვიანება თავად დაავადებულს ვნებს, მეორე მხრივ კი ასეთი ავადმყოფი სხვებსაც დიდ საფრთხეს უქმნის. სტატისტიკური მონაცემებით, ტუბერკულოზით დაავადებული ერთი ადამიანი წლის განმავლობაში 10-15 ჯანმრთელს აინფიცირებს.

საბედნიეროდ, მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ პაციენტი გადამდები აღარ არის. მიუხედავად ამისა, საზოგადოებაში გავრცელებული არასწორი შეხედულებების გამო ბევრი მალავს თავის დიაგნოზს, ზოგჯერ ექიმთან მისვლასაც კი არიდებს თავს. გახსოვდეთ: თუ ვინმესი უნდა “გვეშინოდეს”, არა იმისა, ვინც მკურნალობს, არამედ იმისა, ვისი დაავადებაც ნებაზეა მიშვებული. სანამ სტიგმა იარსებებს, ადამიანები ისევ და ისევ დამალავენ ტუბერკულოზს და დაავადების გავრცელებაც მოიმატებს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ტუბერკულოზის დესტიგმატიზაცია. ეს პირდაპირ აისახება ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და, შესაბამისად, ჩვენს ჯანმრთელობაზეც.

 როგორ ამოვიცნოთ

ტუბერკულოზისთვის დამახასიათებელია:

* ხანგრძლივი ხველა, ზოგჯერ – ნახველით ან სისხლით;

* ღამის ოფლიანობა;

* წონის კლება;

* სუბფებრილური (37-380ჩ) ტემპერატურა;

* გულის ტკივილი,

* სისუსტე.

თუმცა ყოველთვის ყველა სიმპტომი არ არის გამოხატული. დაავადების ფილტვგარეთა ფორმების დროს კი კლინიკური სურათი ინფექციის კერის ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული.

 

როგორ მოვიქცეთ

ზემოთ აღწერილი ჩივილების შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ პირველადი ჯანდაცვის რგოლს. თუ ექიმმა ტუბერკულოზი იეჭვა, ფთიზიატრთან გადაგამისამართებთ. ფთიზიატრი ყველა რაიონის ამბულატორიულ-სტაციონარულ სამსახურს ჰყავს. დიაგნოზის დასადასტურებლად ჩაგიტარდებათ საჭირო კვლევები. დიაგნოსტიკის ხარჯს ტუბერკულოზთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამა დაფარავს.

მკურნალობის სტანდარტული კურსი ექვსთვიანია და 4 ანტიმიკრობული პრეპარატით ტარდება. დროზე ადრე შეწყვეტა დაუშვებელია – ვერც თავად განიკურნებით და სხვებისთვისაც გადამდები გახდებით. გარდა ამისა, მომავალში მკურნალობა უფრო გართულდება, ვინაიდან ჩამოყალიბდება ტუბერკულოზის რეზისტენტული – წამალს შეგუებული, წამალგამძლე ფორმა.

 

უძველესი დაავადების ახალი სახე

რეზისტენტული ტუბერკულოზი კაცობრიობის ახალი თავსატეხია. ეს დაავადების ის ფორმაა, რომელსაც წამლები ვერაფერს აკლებს. ჯანმოს მონაცემებით, 2016 წელს რეზისტენტული ტუბერკულოზის 600 000 ახალი შემთხვევა აღირიცხა.

რატომ არის რეზისტენტობა საშიში? იმიტომ, რომ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატების შექმნის ტემპი საგრძნობლად ჩამორჩება რეზისტენტობის განვითარების ტემპს. თუ რეზისტენტობა ახალი ტუბსაწინააღმდეგო საშუალებების მიმართაც განვითარდა, მედიცინა უირაღოდ დარჩება.

 

შეგვიძლია, შევაჩეროთ?

მართალია, რეზისტენტობა მიკრობების ბუნებრივი თვისებაა, მაგრამ შეგვიძლია, ჩვენი მოქმედებით ხელი შევუწყოთ ან შევუშალოთ მის  განვითარებას. რეზისტენტობის განვითარებას ხელს უწყობს მკურნალობის ნაადრევი შეწყვეტა, ამიტომ ტუბერკულოზის მართვის მთავარი პრინციპია: ბოლომდე მივიყვანოთ მკურნალობა.

მკურნალობის  კურსი საკმაოდ ხანგრძლივია. რეზისტენტული ფორმების მართვა ზოგჯერ წელიწადნახევარი, ორი წელიც კი გრძელდება. ხშირია გვერდითი ეფექტებიც, მაგრამ გახსოვდეთ: თუ გსურთ, თერაპია შედეგიანი იყოს, ის ბოლომდე უნდა მიიყვანოთ.

აქვე გეტყვით, რომ ამჟამად არაერთი საერთაშორისო კვლევა მიდინარეობს მკურნალობის უფრო ეფექტური რეჟიმების შესაქმნელად და გამოსაცდელად.

გახსოვდეთ, ნებაზე მიშვებული ტუბერკულოზი აივნეგატიურ პირებთან ასიდან 45 შემთხვევაში იწვევს სიკვდილს, აივპოზიტიურებთან კი – ასიდან ასში! ტუბერკულოზი დღემდე სიკვდილის ათ ყველაზე გავრცელებულ მიზეზს შორისაა, ყოველწლიურად 10 მლნ-ზე მეტ ადამიანს აავადებს და 1,7 მლნ-ს კლავს. ეს მაშინ, როდესაც დროული გამოვლენითა და სწორი მკურნალობით ტუბერკულოზი იკურნება!!!

პატარა მეტისმეტად ოფლიანდება?

 თუ ზაფხულის ცხელ დღეს ბავშვი საგულდაგულოდ ჩაფუთნეთ და ძლიერ გაოფლიანდა, არაფერი იქნება გასაკვირი, მაგრამ ყურადღება გმართებთ, როცა პატარა ზამთარშიც კი, არც ისე თბილად ჩაცმული, ძლიერ ოფლიანდება. თუ ოფლიანობასთან ერთად ძილიც დაერღვა და კეფაზე უცნაურად გასცვივდა თმა, დიაგნოზი შეიძლება თავადაც დასვათ: რაქიტი! თუმცა, ცხადია, თქვენი ვარაუდი ექიმმა უნდა გადაამოწმოს და საჭიროების შემთხვევაში სათანადო მკურნალობაც დანიშნოს.

მოდი, გავიგოთ, კიდევ რა მიუთითებს რაქიტზე, რამდენად საშიშია ეს დაავადება და შესაძლებელია თუ არა მისი თავიდან აცილება.

 

რა არის რაქიტი?

რაქიტი  ბავშვების დაავადებაა, რომლის დროსაც ძვლოვანი ქსოვილის წარმოქმნა და მინერალიზაცია ირღვევა. დაავადება D ვიტამინის დეფიციტის, კალციუმისა და ფოსფორის ცვლის მოშლის შედეგია.

წინათ რაქიტი განვითარებადი ქვეყნების პრობლემად მიიჩნეოდა (სხვათა შორის, ის დღემდე შედის ამ ქვეყნებში ყველაზე მეტად გავრცელებულ სნეულებათა ხუთეულში), მაგრამ ვითარება არც მდიდარ ქვეყნებშია დიდად სახარბიელო, ამიტომ ბევრგან საკვებს D ვიტამინით ამდიდრებენ. საქართველოში ჯერ ასე არ ხდება და შედეგიც აშკარაა – ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა ექიმების პირადი პრაქტიკა მოწმობს, რომ რაქიტი ჩვეშიც საკმაოდაა გავრცელებული.

 

მაინც რა იწვევს რაქიტს?

უფრო მართებული იქნება ვიკითხოთ, რა იწვევს D ვიტამინის დეფიციტს.

D ვიტამინის ორი ფორმა არსებობს. ერთი მათგანი, ერგოკალციფეროლი, ორგანიზმში საკვებთან ერთად ხვდება, მეორე, ქოლეკალციფეროლი, კი მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით წარმოიქმნება კანში. ორივე ფორმას ჰორმონული თვისებები ახასიათებს.

ამის კვალობაზე, რაქიტის ორი მთავარი მიზეზია არარაციონალური კვება – საკვებში D ვიტამინის, კალციუმისა და ფოსფორის დეფიციტი – და მზის სხივების არასაკმარისი ექსპოზიცია.

შედარებით იშვიათ მიზეზებს მიეკუთვნება:

* კანის დაავადებები – მათ გამო ირღვევა D ვიტამინის სინთეზი;

* საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები – ამ დროს ფერხდება D ვიტამინის ათვისება;

* ღვიძლისა და თირკმელების დაავადებები – ირღვევა D ვიტამინის მეტაბოლიზმი.

D ვიტამინის მეტაბოლიზმის დარღვევას ზოგიერთი მედიკამენტიც იწვევს.

 

დეფიციტი და პრობლემები

D ვიტამინი კალციუმისა და ფოსფორის ცვლაში მონაწილეობს – საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან მათ შეწოვას აძლიერებს, ამიტომ მისი დეფიციტი ავტომატურად ამ ორი ელემენტის დეფიციტსაც ნიშნავს. დადგენილია, რომ D ვიტამინის დეფიციტის დროს ნაწლავებიდან საკვებში შემავალი კალციუმის მხოლოდ 10-15% და ფოსფორის 50-60% შეიწოვება. კალციუმის დონის დაქვეითება, თავის მხრივ, ფარისებრახლო ჯირკვლის ჰორმონის სეკრეციას აძლიერებს, მას კი ძვლებიდან კალციუმი და ფოსფორი გამოაქვს და ფოსფორის უკუშეწოვას აქვეითებს. ყოველივე ამის შედეგია ოსტეომალაცია – ძვლების დარბილება.

ბოლო ხანს გაირკვა, რომ  D  ვიტამინი არა მხოლოდ ძვალსახსროვანი სისტემის აგებაში, არამედ მრავალ სხვა სასიცოცხლო ფუნქციაშიც მონაწილეობს.  კვლევები ამ მიმართულებით დღესაც გრძელდება. ასეა თუ ისე, დავიმახსოვროთ: D ვიტამინის დეფიციტი კარგს არაფერს მოგვიტანს.

 

რაქიტის რისკფაქტორებს მიეკუთვნება:

* დედის ასაკი – 17 წელზე ნაკლები ან 35-ზე მეტი;

* დედის არაბალანსირებული კვება ორსულობისა და ლაქტაციის დროს;

* დღენაკლულობა;

* დაბადებისას დიდი წონა;

* პირველი თვეების განმავლობაში წონის ჭარბი ნამატი;

* დაბადების პერიოდი (ზამთარი, გვიანი შემოდგომა);

* ჰიპოდინამია (ბავშვის გახვევა, აკვანში ჩაკვრა);

* ხშირი ინფექცია;

* მუქი კანი – მზის სხივებისადმი მისი მიმღებლობა უფრო დაბალია, ვიდრე ღია ფერის კანისა.

 

არ გამოგვეპაროს!

რაქიტის პირველი ნიშნები 1-2 თვიდან იჩენს თავს: მოუსვენრობა, აგზნებადობა, ძილის დარღვევა, ოფლიანობა, რაქიტული სიქაჩლე (კეფის მიდამოში თმის გაცვენა), ჰიპოტონია, ყაბზობისკენ მიდრეკილება, დიდი ყიფლიბანდის კიდეების დარბილება. ეს დაავადების მსუბუქი სტადიაა. ამ დროს რენტგენოლოგიური ცვლილებები არ შეინიშნება. დენსიტომეტრია ოსტეოპენიას (ძვლის გაღარიბებას) ავლენს.

საშუალო სიმძიმის რაქიტის დროს ბავშვი ძლიერ ოფლიანობს. მისი განვითარება ფერხდება, თავი კვადრატულ ფორმას იღებს, კბილების ამოჭრა გვიანდება, თანკბილვა ირღვევა, ვითარდება ე.წ. კრანიოტაბესი (ქალას ძვლების დარბილება და გათხელება), ყალიბდება ქათმისებური ან მეწაღისებური გულმკერდი, ხერხემალი მრუდდება, ფეხები დამახასიათებელ – ინგლისური ასო X-ის ან O-ის მაგვარ ფორმას იღებს, სახსრები ჰიპერმობილურია, კუნთების ტონუსი – მკვეთრად დაქვეითებული. ამ ეტაპზე შრატში კალციუმისა და ფოსფორის დონე დაქვეითებულია, რენტგენი ჩონჩხის ცვლილებებს წარმოაჩენს, დენსტომეტრიით ოსტეოპოროზი და ოსტეოპენია ვლინდება.

მძიმე რაქიტის შემთხვევაში ამ ცვლილებებს შინაგანი ორგანოების დაზიანების ნიშნებიც ემატება – გულის, სასუნთქი სისტემის პრობლემები, ხშირი ინფექცია, სხვადასხვა ლოკალიზაციის თიაქარი, განვითარების შეფერხება, განსაკუთრებით – მოტორულ სფეროში: ბავშვი ვერ ჯდება, ვერ დგება, ვერ დადის.

საქმე აქამდე არ უნდა მივიდეს, ამიტომ ყურადღებით უნდა იყოთ და პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე დაუკავშირდეთ ექიმს. როცა მკურნალობა დროულად იწყება, პრობლემაც ადვილად გვარდება და არც სავალალო გართულებები ვითარდება.

 

გარგო თუ განანა?

ვინაიდან D ვიტამინის დეფიციტს არაბალანსირებული კვება და ულტრაიისფერ სხივებთან არასაკმარისი კონტაქტი იწვევს, პრევენციის არსიც ამ ორი პრობლემის აღმოფხვრაა. საკვებთან საქმე მარტივადაა: ბავშვს D  ვიტამინით და კალციუმით მდიდარი პროდუქტები უნდა მივცეთ. მაგრამ რა ვუყოთ მზეს? თუნდაც ბავშვი მთელი წლის განმავლობაში გარეთ იყოს, ეს არ იქნება საკმარისი საჭირო რაოდენობის D ვიტამინის გამოსამუშავებლად. მეორე მხრივ,  მზეზე დიდხანს ყოფნა კანის კიბოს განვითარების რისკს ზრდის.  ამიტომ მხოლოდ ციური სხეულის იმედად ვერ ვიქნებით. ექიმები გვირჩევენ, ჩვილებს, განსაკუთრებით – მათ, ვინც ბუნებრივ კვებაზეა, რუტინულად მივცეთ D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა.   ასევე მოვიქცეთ მომდევნო წლებშიც, განსაკუთრებით – წელიწადის ცივ დროს. გარდა ამისა, გლობალური კონსენსუსი მოგვიწოდებს, D ვიტამინი  დაენიშნოს ყველა ორსულს. სხვაგვარად, რაქიტის პრევენცია ეფექტიანი ვერ იქნება.

 

მოგვარდება?

თუ რაქიტი ალიმენტური პრობლემების შედეგია, ე.ი. საკვებში საჭირო ნივთიერებების ნაკლებობით არის გამოწვეული, D ვიტამინის დამატებით და რაციონის დაბალანსებით პრობლემა აღმოიფხვრება. დანამატის დოზა ბავშვის ასაკისა და მდგომარეობის მიხედვით ინდივიდუალურად შეირჩევა. როდესაც რაქიტი რაიმე სამედიცინო დარღვევის გამო ვითარდება, ცხადია, გამომწვევ დაავადებას უნდა ვუმკურნალოთ. მისი მართვის პარალელურად კი, ცხადია, აუცილებელია ზემოთ მოყვანილი პრევენციის წესების დაცვაც.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა

 ინფექციებთან, ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონულ ძვრებსა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევებთან ერთად,  ოფლიანობის მიზეზებია სტრესი, გადაძაბვა, ემოციური პრობლემები და ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევაც.

დღევანდელი სტრესული ცხოვრების პირობებში ემოციური ბალანსის დაკარგვისა და შფოთვის იშვიათი ეპიზოდები ალბათ ბევრისთვის იქნება ნაცნობი, მაგრამ როდესაც შფოთვა და ნერვიულობა ინტენსიურ ხასიათს იღებს და იქამდე მიდის, რომ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობაზე უარყოფითად აისახება, ეს შესაძლოა გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის ნიშანი იყოს.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა შესაძლოა განვითარდეს როგორც ზრდასრულ ასაკში, ისე ბავშვობაშიც. ამ პრობლემასთან ბრძოლა არცთუ ისე ადვილია. ფსიქოთერაპიითა და მედიკამენტური მკურნალობით მდგომარეობა უმეტესად უმჯობესდება.  ცხოვრების წესის შეცვლა და რელაქსაციის ტექნიკის გამოყენებაც დიდ როლს ასრულებს ამ პრობლემასთან ბრძოლაში.

 

რა ახასიათებს

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა სიმპტომური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მისი ფსიქიკური ნიშნებია:

* მუდმივი ღელვა და შფოთვა ისეთ საკითხებზე, რომელთა რეალური მნიშვნელობაც ჩვენთვის  არცთუ ისე დიდია;

* გადაჭარბებული ფიქრი სიტუაციის ყველაზე უარეს გამოსავალზე;

* სიტუაციებისა და მოვლენების საშიშად აღქმა, როცა სინამდვილეში საშიში არაფერია;

* გაურკვევლობასთან შეგუების სირთულე;

* მერყეობა და არასწორი გადაწყვეტილების მიღების შიში;

* შფოთვისა და მღელვარების მოთოკვის შეუძლებლობა;

* რელაქსაციის, მოდუნების, დასვენების უუნარობა;

* კონცენტრაციის უნარის შეზღუდვა.

ფიზიკური სიმპტომები კი მოიცავს:

* დაღლილობას;

* ძილის დარღვევებს;

* ნევროზულობას, სიმფრთხალეს, გაღიზიანებადობას;

* ოფლიანობას;

* კუნთების დაჭიმულობას ან ტკივილს;

* კანკალს და კრუნჩხვის შეგრძნებას;

* გულისრევას, დიარეას, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის დროს ჩვენს ცხოვრებაში შესაძლოა იყოს ისეთი ეპიზოდებიც, როდესაც შედარებით ნაკლებად ვშფოთავთ, თუმცა ისიც შესაძლოა, ნერვიულობის მიზეზი მაშინაც გამოვნახოთ, როცა სადარდებელი არაფერი გვაქვს. მაგალითად, ზომაზე მეტად ვინერვიულოთ საკუთარ და ოჯახის წევრების უსაფრთხოებაზე ან გვქონდეს შეგრძნება, რომ აუცილებლად რაღაც ცუდი მოხდება.

მუდმივი შფოთვა და მღელვარება, ფიზიკურ ჯანმრთელობაზე რომ არაფერი ვთქვათ, ჩვენს სოციალურ, სამსახურებრივ თუ ოჯახურ ცხოვრებაზეც ნეგატიურ გავლენას ახდენს.

 

სიმპტომები ბავშვებსა და თინეიჯერებთან

ბავშვებსა და თინეიჯერებთან სიმპტომები მოზრდილთა სიმპტომატიკის მსგავსია. მათი გადაჭარბებული შფოთვა შესაძლოა დაკავშირებული იყოს:

* სასკოლო ან სპორტულ აქტივობასთან;

* ოჯახის წევრების უსაფრთხოებასთან;

* პუნქტუალურობასთან, დროის მენეჯმენტთან;

* მიწისძვრებზე, ბირთვულ ომებზე ან სხვა კატასტროფულ მოვლენებზე ფიქრთან.

შფოთვითი პრობლემების მქონე ბავშვი ან მოზარდი შესაძლოა:

* იყოს პერფექციონისტი;

* თავიდან იწყებდეს საქმის კეთებას, როცა მიიჩნევს, რომ პირველი მცდელობისას სათანადოდ ვერ გააკეთა;

* მეტისმეტად ბევრ დროს უთმობდეს საშინაო დავალებების შესრულებას;

* აკლდეს თავდაჯერება;

* გადაჭარბებულად ცდილობდეს თავის დამკვიდრებას;

* ხშირად უჩიოდეს მუცლის ტკივილებს და სხვაგვარ ფიზიკურ დისკომფორტს;

* თავს არიდებდეს სკოლაში წასვლას და სხვა სოციალურ აქტივობებს.

 

როდის მივმართოთ ექიმს

შფოთვის ზოგიერთი ფორმა ნორმალურია და ჩარევას არ მოითხოვს, მაგრამ თუ შფოთვა გადაჭარბებულია და სამსახურსა და ყოველდღიურ ურთიერთობებზეც აისახება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ნუ გადადებთ ვიზიტს, თუ გეჩვენებათ, რომ დეპრესია გაქვთ. გადაუდებელი დახმარებაა საჭირო, როცა თავს იჩენს სუიციდური ფიქრი და ქცევა.

გახსოვდეთ, შფოთვითი აშლილობა თავისთავად არ გაივლის, დროთა განმავლობაში შესაძლოა დამძიმდეს კიდეც. ეცადეთ, პროფესიონალს მანამდე მიმართოთ. შფოთვის ადრეულ სტადიებზე მკურნალობა გაცილებით იოლია.

 

მიზეზები და რისკები

როგორც მენტალური პრობლემების უმრავლესობა, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობაც კომპლექსურია, მაშასადამე, არაერთ ბიოლოგიურ და გარეგან ფაქტორთანაა დაკავშირებული: ტვინის ქიმიურ და ფუნქციურ თავისებურებებთან, გენეტიკასთან, განვითარების თავისებურებებთან და სხვა.

მიჩნეულია, რომ ეს აშლილობა ქალებს უფრო ხშირად ემართებათ, ვიდრე კაცებს. არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომლებიც, სავრაუდოდ, ზრდის გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის განვითარების რისკს. მაგალითად:

* პიროვნული თავისებურებები. შედარებით მშიშარა და ნეგატიური ფიქრებისკენ მიდრეკილი ადამიანები, რომლებსაც ყველგან საფრთხე ეჩვენებათ, უფრო ხშირად დგანან ამ პათოლოგიის განვითარების რისკის წინაშე.

* გენეტიკა. გენერალიზებულ შფოთვით აშლილობას შესაძლოა ოჯახური ხასიათი ჰქონდეს.

* მწარე გამოცდილება. ეს პრობლემა ხშირად აწუხებთ იმ ადამიანებს, ვის ცხოვრებაშიც ბავშვობაში ან ახლო წარსულში რაიმე ტრაგიკული მოვლენა მოხდა. ქრონიკულმა დაავადებებმა და მენტალური ჯანმრთელობის სხვა პრობლემებმა ასევე შესაძლოა გაზარდოს რისკი.

 

რით რთულდება

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის დროს, კონცენტრაციის უნარის დაქვეითების გამო, ადამიანს უჭირს სამუშაოს სწრაფად და ეფექტურად შესრულება; შფოთვა გვართმევს ყოველდღიური საქმიანობისთვის განკუთვნილ დროს, გვართმევს ენერგიას.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის შედეგად შესაძლოა ფიზიკური ჯანმრთელობის დამძიმებაც. კერძოდ, ის იწვევს:

* საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებს, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს, წყლულებს ლორწოვანზე;

* თავის ტკივილს, შაკიკს;

* ძილის დარღვევებს, ინსომნიას (უძილობას);

* გულის პრობლემებს.

გენერალიზებული შფთვითი აშლილობა ზოგჯერ ერთვის მენტალური ჯანმრთელობის სხვა დარღვევებს, რაც მის დიაგნოსტიკას და მკურნალობას ართულებს. ეს დარღვევებია:

* ფობია;

* პანიკური აშლილობა;

* პოსტტრავმული სტრესული აშლილობა;

* ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა;

* დეპრესია;

* სუიციდური ფიქრები, სუიციდის მცდელობა;

* ნივთიერებებზე დამოკიდებულება.

 

როგორ ავიცილოთ თავიდან

ზუსტი პროგნოზირება იმისა, თუ რა გამოიწვევს გენერალიზებულ შფოთვით აშლილობას, შეუძლებელია, მაგრამ არსებობს რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც რისკის შემცირებაში დაგვეხმარება:

* დროულად მიმართეთ ექიმს. შფოთვითი აშლილობები, ისევე როგორც მენტალური ჯანმრთელობის სხვა პრობლემები, მით უფრო რთული სამკურნალოა, რაც უფრო შორსაა წასული.

* აწარმოეთ დღიური. ეცადეთ, მუდმივად აღნუსხოთ თქვენი ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენები. შესაძლოა, ჩანაწერები დაეხმაროს ექიმს სტრესის ზუსტი მიზეზის მიგნებაში და, შესაბამისად, მკურნალობის უფრო ეფექტურად ჩატარებაში.

* გაანაწილეთ პრიორიტეტები. შფოთვისა და ნერვიულობის შემცირება შესაძლებელია დროისა და ენერგიის სწორად განკარგვით.

* თავი არიდეთ მავნე ნივთიერებების მიღებას. ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს შფოთვითი მდგომარეობა ან დაამძიმოს უკვე არსებული პრობლემა.

 

მკურნალობის პრინციპები

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის მკურნალობა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად დიდია მისი გავლენა ჩვენს ცხოვრებაზე, რამდენად აფერხებს ის ჩვენს ჩვეულ რიტმს. მისი მკურნალობა ორგვარად ტარდება _ ფსიქოთერაპიით და მედიკამენტებით, ყველაზე ეფექტური კი მათი კომბინაციაა.

ფსიქოთერაპია. გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის დროს ფსიქოთერაპიული მკურნალობის ყველაზე ეფექტურ საშუალებად კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპია მიიჩნევა. ის ფოკუსირებულია იმ სპეციფიკური უნარების შესწავლაზე, რომლებიც დაგვეხმარება, ვმართოთ შფოთვის ეპიზოდები და ნელ-ნელა დავუბრუნდეთ იმ აქტივობებს, რომლებსაც მანამდე შფოთვის გამო თავს ვარიდებდით.

მედიკამენტები. გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის სამკურნალოდ სხვადასხვა ჯგუფი მედიკამენტებს იყენებენ, მათ შორის – ანტიდეპრესანტებს, ბენზოდიაზეპინებს, ბუსპირონს. მკურნალობის დაწყებამდე აუცილებლად გაესაუბრეთ თქვენს ექიმს მათ სარგებელზე, რისკსა და შესაძლო გვერდით მოვლენებზე.

 

ცხოვრების წესი

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის მქონე ადამიანთა უმრავლესობას მდგომარეობის კონტროლისთვის ფსიქოთერაპია და მედიკამენტური მკურნალობა სჭირდება, თუმცა ცხოვრების წესის შეცვლასაც დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია.

შფოთვისთვის თავის დაღწევაში შემდეგი რეკომენდაციები დაგვეხმარება:

* უფრო მეტად იაქტიურეთ ფიზიკურად. ვარჯიში სტრესის შესამცირებელი საკმაოდ ძლიერი იარაღია. მას შეუძლია გააუმჯობესოს განწყობა, შეგვინარჩუნოს ჯანმრთელობა. დაიწყეთ შედარებით მსუბუქი ვარჯიშებით და ფიზიკური აქტიურობა ნელ-ნელა გაზარდეთ.

* აქციეთ ძილი პრიორიტეტად. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ საკმარისი გეძინოთ და კარგად დაისვენოთ. თუ ძილის დარღვევა გაწუხებთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

* მოსინჯეთ სარელაქსაციო ტექნიკები. მედიტაცია, იოგა შფოთვის შესამცირებელი საუკეთესო საშუალებებია.

* იკვებეთ ჯანსაღად. არსებობს მოსაზრება, რომ ბოსტნეული, ხილი, ბურღულეული, თევზი შფოთვას ამცირებს.

* თავი არიდეთ ალკოჰოლს და ნარკოტიკებს– ეს ნივთიერებები ამძიმებს შფოთვას.

* ნიკოტინს და კოფეინსაც შეუძლია შფოთვითი აშლილობების გაუარესება, ამიტომ თავი დაანებეთ მოწევას და ეცადეთ, ყავის მიღებაც შეამციროთ.

ენდოკრინული მიზეზები

 ჭარბი ოფლიანობა შესაძლოა ენდოკრინული დარღვევის ნიშანიც იყოს, მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებისა ან დიაბეტისა. გადაჭარბებული ოფლიანობა ზედმეტი წონის მქონე ადამიანებსაც ხშირად აწუხებთ. მოდი, გავიგოთ, რისი ბრალია ეს და რა ვიღონოთ.

 

ფარისებრი ჯირკვალი

ფარისებრი ჯირკვლის პრობლემათაგან ოფლიანობის მიზეზად შესაძლოა იქცეს ჰიპერთირეოიდიზმი – ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გააქტიურება. გააქტიურებული ფარისებრი ჯირკვალი ჭარბად გამოიმუშავებს ჰორმონ თიროქსინს. თიროქსინის სიჭარბე მკვეთრად აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, რისი შედეგიცაა წონის სწრაფი კლება, გულისცემის გახშირება, ოფლიანობა და ნერვული არასტაბილურობა.

ჰიპერთირეოიდიზმის სამკურნალოდ იყენებენ ანტითირეოიდულ მედიკამენტებს, რადიაქტიურ იოდს. ზოგჯერ საჭირო ხდება ფარისებრი ჯირკვლის სრული ან ნაწილობრივი ამოკვეთა.

ნებაზე მიშვებულმა ჰიპერთირეოიდიზმმა შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეუქმნას ჩვენს ჯანმრთელობას, დროული დიაგნოსტიკისა და სწორი მკურნალობის შემთხვევაში კი მისი მართვა შესაძლებელია.

 

როგორ ამოვიცნოთ

ჰიპერთირეოიდიზმისთვის სიმპტომთა მრავალფეროვნებაა დამახასიათებელი, მაგალითად:

* წონის სწრაფი და მოულოდნელი კლება მაშინ, როდესაც საკვების ოდენობა არ შეგვიმცირებია ან ადრინდელზე მეტსაც კი ვიღებთ;

* ტაქიკარდია (გულისცემის გახშირება), არითმია (არარეგულარული გულისცემა);

* მადის მომატება;

* ნერვიულობა, ფორიაქი, ცვალებადი განწყობა;

* ტრემორი (კანკალი), უმეტესად – ხელებისა, თითებისა;

* ოფლიანობა;

* მენსტრუალური ციკლის დარღვევა;

* სიცხისადმი მომატებული მგრძნობელობა;

* კუჭის მოქმედების გახშირება;

* ფარისებრი ჯირკვლის გადიდება (ჩიყვი), რომელიც შესაძლოა კისრის ქვედა ნაწილის გამობერილობით გამოვლინდეს;

* კუნთების სისუსტე;

* უძილობა;

* კანის გათხელება;

* თმის გათხელება და სიმყიფე.

 

როდის მივმართოთ ექიმს

სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნიეთ, რომ უმიზეზოდ იკლებთ წონას, გულისცემა ადრინდელთან შედარებით გაგიხშირდათ, ხშირად უმიზეზოდ ოფლიანდებით ან ჰიპერთირეოიდიზმისთვის დამახასიათებელ რომელიმე სხვა სიმპტომს უჩივით.

ექიმს რაც შეიძლება ზუსტად აღუწერეთ თქვენი ჩივილები, რადგან ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნები ზოგიერთ სხვა დაავადებასაც ახასიათებს.

თუ ჰიპერთირეოიდიზმს მკურნალობთ ან უკვე იმკურნალეთ, აუცილებლად იარეთ ექიმთან მდგომარეობის მუდმივი მონიტორირებისთვის.

 

რა იწვევს

არსებობს არაერთი პათოლოგია, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გააქტიურებას და მისი ჰორმონების ჭარბ სეკრეციას იწვევს. ასეთებია:

* გრეივსის დაავადება. გრეივსის დაავადება აუტოიმუნური პროცესია. ამ დროს ჩვენს ორგანიზმში წარმოიქმნება სპეციფიკური ანტისხეულები, რომლებიც ჩვენსავე ფარისებრ ჯირკვალს ესხმის თავს. ფიზიოლოგიურად ანტისხეულები იმუნური სისტემის მიერ გამომუშავებული სპეციალური იარაღია, რომლითაც ის ვირუსებს, ბაქტერიებს და ორგანიზმში შეჭრილ სხვა უცხო სხეულებს ებრძვის, მაგრამ გრეივსის დაავადების შემთხვევაში ანტისხეულები არა უცხოს, არამედ საკუთარი ორგანიზმის, მისი ორგანოებისა და სისტემების წინააღმდეგ არის მიმართული და მათი ფუნქციის მოშლას იწვევს.

* ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციური კვანძები (ტოქსიკური ადენომა, მრავალკვანძოვანი ტოქსიკური ჩიყვი, პლამერის დაავადება). ჰიპერთირეოიდიზმის ეს ფორმები გვხვდება მაშინ, როდესაც ფარისებრ ჯირკვალში არსებული ერთი ან რამდენიმე კვანძი ჰორმონების ჭარბ სეკრეციას იწყებს.

* თირეოიდიტი. თირეოიდიტი ფარისებრი ჯირკვლის ანთებაა. ის უმეტესად უმტკივნეულოდ მიმდინარეობს, თუმცა არსებობს ერთ-ერთი ფორმა – ქვემწვავე გრანულომატოზური თირეოიდიტი, რომელსაც ფარისებრი ჯირკვლის არეში ტკივილი ახასიათებს.

 

რისკფაქტორები

ჰიპერთირეოიდიზმისთვის, განსაკუთრებით – გრეივსის დაავადებისთვის, დამახასიათებელია გავრცელების ოჯახური ხასიათი. ამასთან, უფრო მეტად ქალებს ემართებათ. თუ თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს (ლაპარაკია გენეტიკურ ნათესავებზე) ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა აქვს, გაესაუბრეთ ექიმს ამ პრობლემის თქვენს ჯანმრთელობასთან შესაძლო კავშირის შესახებ და თუ გირჩევთ, ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა ჩაიტარეთ.

 

გართულებები

ჰიპერთირეოიდიზმმა შესაძლოა გამოიწვიოს:

* გულის პრობლემები. ჰიპერთირეოზი იმითაცაა საშიში, რომ გულის ჩათრევა შეუძლია. ამ დროს მოსალოდნელია ძლიერი ტაქიკარდია (გულისცემის გახშირება), გულის რიტმის დარღვევის ერთ-ერთი ძალზე მძიმე ფორმა – წინაგულების ციმციმი (მოციმციმე არითმია) და გულის შეგუბებითი უკმარისობა, როდესაც ამ ორგანოს აღარ ძალუძს საკმარისი სისხლის გადაქაჩვა. სწორი და დროული მკურნალობის შემთხვევაში ეს მდგომარეობები უკუგანვითარდება.

* მყიფე ძვლები. ნებაზე მიშვებულმა ჰიპერთირეოიდიზმმა შესაძლოა ოსტეოპოროზამდე მიგვიყვანოს. ძვლების სიმკვრივე მათში კალციუმისა და სხვა მინერალების შემცველობაზეა დამოკიდებული, ჭარბი თიროქსინი კი ხელს უშლის კალციუმის ძვლებში ჩალაგებას.

* თვალის პრობლემები. გრეივსის დაავადებისთვის დამახასიათებელია ოფთალმოპათია. გრეივსის ოფთალმოპათიის დროს თვალები თვალბუდიდან ამოწეულია, ჩაწითლებული და შეშუპებული, სინათლისადმი მგრძნობიარე, მხედველობა – დაბინდული ან გაორებული.

* კანის სიწითლე და შეშუპება. გრეივსის დაავადების დროს იშვიათად შესაძლოა შეგვხვდეს გრეივსის დერმოპათია, რომელიც გამოიხატება კანის დაზიანებით, სიწითლით და შეშუპებით, უმთავრესად – წვივისა და ტერფის არეში.

* თირეოტოქსიკოზური კრიზი. ჰიპერთირეოიდიზმი წარმოშობს თირეოტოქსიკოზური კრიზის საფრთხეს, რომელიც შესაძლოა ცნობიერების დაკარგვით დამთავრდეს. თირეოტოქსიკოზური კრიზი გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას მოითხოვს.

 

დიაბეტური ჰიპოგლიკემია

ოფლიანობის კიდევ ერთი ენდოკრინული მიზეზია ჰიპოგლიკემია – სისხლში შაქრის დონის ძლიერი დაქვეითება, რაც დიაბეტიანებთანაა მოსალოდნელი. გლუკოზის დონე ამ დროს 70 მგ`დL-ზე (3.9 მმოლ`L) დაბლა ეცემა.

დიაბეტის დროს ჰიპოგლიკემიური მდგომარეობის გამოწვევა შეუძლია სისხლში ინსულინის სიჭარბეს, სხვადასხვა ანტიდიაბეტურ წამალს, არასაკმარისი საკვების მიღებას, კვების გამოტოვებას, ალკოჰოლის მიღებას ან ჩვეულებრივზე ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას.

ნებაზე მიშვებულმა დიაბეტურმა ჰიპოგლიკემიამ შესაძლოა საკმაოდ მძიმე გართულებამდე, მაგალითად, კრუნჩხვამდე ან გონების დაკარგვამდე მიგვიყვანოს. იშვიათად შედეგი შესაძლოა ლეტალურიც აღმოჩნდეს. ადრეულ ეტაპზე მდგომარეობიდან იოლად გამოგვიყვანს გლუკოზის ტაბლეტი ან ტკბილი სითხე, შორს წასულ შემთხვევებში კი შესაძლოა გლუკაგონის ინექცია დაგვჭირდეს. შესაბამისი ჩარევა რომ არ დაგვიანდეს, ჰიპოგლიკემიის ადრეული ნიშნების ამოცნობა უნდა შეგვეძლოს.

 

ჰიპოგლიკემიის ადრეული ნიშნებია:

* კანკალი;

* თავბრუხვევა;

* ოფლიანობა;

* შიმშილი;

* გაღიზიანება, უგუნებობა;

* შფოთვა და მღელვარება;

* თავის ტკივილი.

 

ღამეული ნიშნები

დიაბეტური ჰიპოგლიკემია შესაძლოა ძილის დროსაც განვითარდეს. ამ დროს შესაძლოა გამოგაღვიძოთ ოფლისგან სველმა პიჟამამ, საღამურმა, თეთრეულმა, ცუდმა სიზმარმა; გამოღვიძებისას იგრძნოთ დაღლილობა, გაღიზიანებადობა, გაურკვევლობა.

 

თუ ნებაზე მიუშვით

თუ ჩარევა დაგვიანდა, ჰიპოგლიკემიამ შესაძლოა გამოიწვიოს:

* დაუდევარი, ბიძგისებური მოძრაობები;

* კუნთების სისუსტე;

* მეტყველების გაძნელება;

* მხედველობის დაბინდვა და გაორება;

* ძილიანობა;

* დაბნეულობა;

* კრუნჩხვა;

* ცნობიერების დაკარგვა.

საყურადღებოა ისიც, რომ ჰიპოგლიკემიური მდგომარეობა ზრდის ავტოავარიის რისკს.

თითოეული სიმპტომი ყოველი ადამიანისთვის ინდივიდუალურია; ზოგი ამბობს, რომ ჰიპოგლიკემიის ადრეულ ნიშნებს საერთოდ ვერ გრძნობს. ამიტომ, თუ დიაბეტი გაქვთ, გამუდმებით აკონტროლეთ სისხლში გლუკოზის დონე, დააკვირდით, როგორ გრძნობთ თავს, როცა ის დაწეულია; დეტალურად შეისწავლეთ თქვენი სიმპტომატიკის სპეციფიკა, რათა ადრეულ სტადიაზევე ამოიცნოთ ჰიპოგლიკემიური მდგომარეობა და საშიში გართულება თავიდან აიცილოთ.

 

როდის მივმართოთ ექიმს

თუ ჰიპოგლიკემია კვირაში რამდენიმეჯერ ვითარდება, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს – შესაძლოა, წამლის ან მისი დოზის შეცვლა იყოს საჭირო.

თუ ჰიპოგლიკემამ გონების დაკარგვა გამოიწვია, გადაუდებელი დახმარებაა საჭირო.

* გონდაკარგულ ადამიანს ყლაპვა არ შეუძლია, ამიტომ არ შეიძლება მისთვის სითხის ან საკვების მიცემა.

* უნდა გაკეთდეს გლუკაგონის ინექცია – ჰორმონისა, რომელიც სისხლში გლუკოზის დონის მომატებას ასტიმულირებს.

* თუ სახლის პირობებში ინექციის გაკეთება ვერ ხერხდება, გონდაკარგული დაუყოვნებლივ უნდა გადავიყვანოთ საავადმყოფოში.

 

გართულებები

თუ ჰიპოგლიკემიის ადრეული სიმპტომები უგულებელვყავით და სათანადო ზომები არ მივიღეთ, შესაძლოა, საქმე კრუნჩხვამდე, ცნობიერების დაკარგვამდე და სიკვდილამდეც კი მივიდეს.

სიფრთხილე საჭიროა იმისთვისაც, რომ ზედმეტი არ მოგვივიდეს და მეორე უკიდურესობა – ჰიპერგლიკემია (სისხლში შაქრის დონის მომატება) არ გამოვიწვიოთ.

 

როგორ ავიცილოთ თავიდან

* არ გამოტოვოთ კვება.

* რეგულარულად აკონტროლეთ სისხლში გლუკოზის დონე.

* მედიკამენტები მიიღეთ ფრთხილად, ზუსტად ექიმის რეკომენდაციისამებრ.

* ჰკითხეთ თქვენს ექიმს, როგორ მოახდინოთ მედიკამენტის დოზის კორექცია, როდესაც შედარებით მეტი საკვების მიღება ან ჩვეულებრივზე ძლიერი ფიზიკური დატვირთვა გიწევთ.

* თუ ალკოჰოლის მიღება მოგიხდათ, მიიღეთ ის საკვებთან ერთად, ნუ დალევთ ცარიელ კუჭზე.

* ფხიზლად იყავით, რომ არ გამოგეპაროთ ჰიპოგლიკემიის თქვენთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა.

 

მენოპაუზა

მენოპაუზა მენსტრუალური ციკლის დასრულებას ნიშნავს. ეს პერიოდი საშუალოდ 45-50 წლის ასაკში დგება. თუ ამ ასაკს მიუახლოვდით ან გადაბიჯეთ და ბოლო 12 თვე მენსტრუაციის გარეშე განვლეთ, ესე იგი მენოპაუზა გაქვთ.

მენოპაუზა ბუნებრივი, ფიზიოლოგიური პროცესია, თუმცა ხშირად შემაწუხებელიც. მაგალითად, თან ახლავს წამოხურება (ალები), ოფლიანობა, ძილის დარღვევა, ენერგიის ნაკლებობა, ემოციური პრობლემები.

 

რა ახასიათებს

მენოპაუზას წინ უძღვის პრემენოპაუზა, რომელიც რამდენიმე თვე ან წელი გრძელდება და შემდეგი ნიშნებით გამოიხატება:

* არარეგულარული ციკლი;

* ვაგინალური სიმშრალე;

* წამოხურება`ალები;

* შემცივნება;

* ღამის ოფლიანობა;

* ძილის პრობლემები;

* განწყობის ცვლილებები;

* წონის მატება და მეტაბოლიზმის შენელება;

* თმის გათხელება და კანის სიმშრალე;

* მკერდის სისავსის დაკარგვა.

ეს სიმპტომები, ისევე როგორც ციკლის ცვლილებები, თითოეული ქალისთვის ინდივიდუალურია. ამ დროს მენსტრუაციის ეპიზოდის გამოტოვება ჩვეულებრივი მოვლენაა. ხშირია მენსტრუაციის ერთი ან რამდენიმე თვით ჩავარდნა, მერე – დაბრუნება და ასე, მის სრულ შეწყვეტამდე. მიუხედავად ციკლის არარეგულარულობისა, პრემენოპაუზის პერიოდში დაორსულება შესაძლებელია. ასე რომ, თუ მენსტრუაცია გამოტოვეთ, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული არ ხართ, რომ მენოპაუზა დაგეწყოთ, ჩაიტარეთ ორსულობის ტესტი.

 

გართულებები

მენოპაუზის დადგომის შემდეგ იმატებს ჯანმრთელობის ზოგიერთი დარღვევის ალბათობა. ესენია:

* გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები. მათ განვითარებას ხელს უწყობს ესტროგენის დონის მკვეთრი დაცემა. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია რეგულარული ვარჯიში, ჯანსაღი კვება და სასურველი წონის შენარჩუნება. ჰკითხეთ თქვენს ექიმს, როგორ დაიცვათ გული, როგორ შეამციროთ სისხლში ქოლესტეროლის დონე და შეინარჩუნოთ ნორმალური არტერიული წნევა.

* ოსტეოპოროზი. მენოპაუზის პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში ძვლის სიმკვრივე მკვეთრად მცირდება და იმატებს ოსტეოპოროზის რისკი. ოსტეოპოროზის დროს ძვლები მყიფე და სუსტია, ამიტომ დიდია პათოლოგიური მოტეხილობის განვითარების განვითარების ალბათობაც, განსაკუთრებით – ხერხემლის, მენჯისა და მაჯის ძვლების მოტეხილობისა.

* შარდის შეუკავებლობა. საშოსა და შარდსადინარის კუნთები ელასტიკურობას კარგავს, ამიტომ მენოპაუზის პერიოდში მოსალოდნელია შარდვის ხშირი, უეცარი და ძლიერი მოთხოვნილება, რასაც შარდის უნებლიე დაღვრა მოსდევს. უნებლიე შარდვა ასევე მოსალოდნელია ხველების, სიცილის, სიმძიმის აწევის დროს. ამ ასაკის ქალებთან საშარდე ინფექციების სიხშირეც იმატებს.

* სქესობრივი ფუნქცია. ვაგინის სიმშრალემ და ელასტიკურობის დაქვეითებამ შესაძლოა სქესობრივი კავშირის დროს დისკომფორტი და მცირე სისხლდენა გამოიწვიოს. მოსალოდნელია ლიბიდოს დაქვეითებაც.

* წონის მატება. ქალების დიდი ნაწილი მენოპაუზის პერიოდში და მენოპაუზის შემდეგ ორგანიზმის მეტაბოლიზმის დაქვეითების გამო წონას იმატებს. სასურველი წონის შესანარჩუნებლად საჭიროა საკვების რაოდენობის შემცირება და ფიზიკური აქტიურობის გაზრდა.

 

როგორ მოვიქცეთ

მენოპაუზა მკურნალობას არ მოითხოვს, მაგრამ შესაძლოა დაგვჭირდეს მის სიმპტომებთან და მის ფონზე განვითარებულ ქრონიკულ პრობლემასთან ბრძოლა. ამ დროს შესაძლოა დაინიშნოს ჰორმონჩანაცვლებით თერაპია, ანტიდეპრესანტების მცირე დოზები, არტერიული წნევის კონტროლი და მართვა, ძვლის სიმკვრივის აღმდგენი საშუალებები, მაგრამ გახსოვდეთ: მკურნალობის ნებისმიერი ფორმის არჩევამდე ექიმთან ერთად უნდა განიხილოთ რისკისა და სარგებლის თანაფარდობა.

 

თუმცა არსებობს უვნებელი მიდგომებიც, რომლებიც შესაძლოა მენოპაუზასთან ასოცირებული სიმპტომების შემსუბუქებასა და პრევენციაში დაგვეხმაროს:

* წამოხურების დროს ეცადეთ, გაგრილდეთ. დალიეთ ცივი წყალი ან შედარებით გრილ ადგილას გადადით. დააკვირდით, რა იწვევს თქვენში წამოხურებას და ეცადეთ, თავი აარიდოთ ამ ფაქტორებს. ქალების დიდი ნაწილი წამოხურებას ცხელ კერძს, ცხარე საკვებს, კოფეინიან ან ალკოჰოლიან სასმელს, ცხელ წყალს, სტრესს უკავშირებს.

* საკმარისად იძინეთ. ერიდეთ ძილის წინ კოფეინისა და ალკოჰოლის მიღებას – შესაძლოა, ამან ძილი დაგირღვიოთ. თუ ვარჯიში გინდათ, ივარჯიშეთ დღის განმავლობაში, მაგრამ არა ძილის წინ.

* მოსინჯეთ სარელაქსაციო ტექნიკა – ღრმა სუნთქვა, იოგა, მასაჟი.

* გაიმაგრეთ მენჯის კედელი. მენჯის კედლის კუნთების ვარჯიშები, რომლებიც კეგელის ვარჯიშების სახელითაა ცნობილი, ეფექტიანია შარდის შეუკავებლობის ზოგიერთი ფორმის დროს.

* ბალანსირებულად იკვებეთ. აუცილებლად შეიტანეთ რაციონში ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული. შეზღუდეთ ნაჯერი ცხიმებისა და შაქრის რაოდენობა.

* არ მოწიოთ. მოწევა ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ინსულტის, ოსტეოპოროზის, კიბოს და სხვა დაავადებების რისკს, შესაძლოა გაამწვაოს წამოხურების ეპიზოდები და გამოიწვიოს ნაადრევი მენოპაუზა.

* რეგულარულად ივარჯიშეთ. ეს გულის დაავადებების, დიაბეტის, ოსტეოპოროზის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

ავტორები: გვანცა გოგოლაძე

ელენე ზურაბიშვილი

 

გააზიარე: