უსაფრთხო გარუჯვა არ არსებობს?

გააზიარე:

კანის ფერისა და სილამაზის სტანდარტები უძველესი დროიდან დღემდე საგრძნობლად შეიცვალა. ალბათ ყველას გვახსოვს ზღაპრები მზეთუნახავების წარმტაც სილამაზეზე. "მზეთუნახავი" ხომ ისეთ ქალს ნიშნავს, რომლის კანსაც არასოდეს მიჰკარებია მზე. გამოდის, ჩვენი წინაპრები თეთრ კანს ანიჭებდნენ უპირატესობას. დღეს კი გარუჯული სხეულის ბუმია. მოდის ჟურნალებისა და ესთეტიკის ცენტრების წარმატებული სარეკლამო კამპანიების წყალობით ნამზეური სილამაზესა და სიჯანსაღესთან ასოცირდება. რუჯის მოყვარულები ხშირად არც კი ელოდებიან ზაფხულს და სოლარიუმისა თუ გასარუჯი კრემის საშუალებით ცდილობენ კანის გამუქებას.

თუმცა ეს სარეკლამო ხრიკი სულაც არ გახლავთ უწყინარი ტყუილი – კანის ნაადრევ დაბერებაზე რომ არაფერი ვთქვათ, გარუჯვა ზრდის საშიში დაავადებების განვითარების რისკს და შესაძლოა, ჩვენს სიცოცხლესაც კი შეუქმნას საფრთხე.

 

როგორ ირუჯება კანი

კანის ზედაპირულ შრეში, ეპიდერმისში, არსებული უჯრედები წარმოქმნიან პიგმენტ მელანინს, რომელიც კანის ბუნებრივ შეფერილობას განაპირობებს. მზის ან სოლარიუმის ნათურის ულტრაიისფერი სხივებით დასხივებისას კანში მელანინის წარმოქმნა ძლიერდება და კანი მუქდება. სწორედ ამ მოვლენას ჰქვია გარუჯვა. ამრიგად, რუჯი ულტრაიისფერი სხივებით გამოწვეული დაზიანების გამოხატულებაა და არა სიჯანსაღის ნიშანი.

 

გარუჯვა აზიანებს დნმ-ს

ულტრაიისფერ სხივებს კანის უჯრედებში შეღწევა და მათი დნმ-ს მუტაციის გამოწვევა შეუძლია. დაზიანებულ დნმ-ს ორგანიზმი, ჩვეულებრივ, მალევე აღადგენს, მაგრამ როდესაც დასხივებას ხანგრძლივი და რეგულარული ხასიათი აქვს, დაზიანებული სტრუქტურების აღდგენა რთულდება, დნმ–ს ცვლილებები კი არღვევს უჯრედთა გამრავლების მექანიზმს და სიმსივნური წარმონაქმნის განვითარებამდე მივყავართ.

დამწვრობის დროს ზიანი უფრო დიდია, ორგანიზმს უფრო მეტად უჭირს დაზიანებული დნმ-ს აღდგენა და კანის ატიპური ცვლილებებისა და კიბოს განვითარების რისკიც უფრო მეტად იზრდება.

 

უსაფრთხო გარუჯვა არ არსებობს

გარუჯვის ნებისმიერი მეთოდი, რომელიც ულტრაიისფერ გამოსხივებას იყენებს, აზიანებს კანს. როგორც უკვე ვთქვით, რაც უფრო მეტად სხივდება კანი, მით უფრო მაღალია დაზიანების ხარისხი და კანის კიბოს განვითარების რისკი. დაბერების ნიშნებიც უფრო ადრე იჩენს თავს. ასე რომ, სოლარიუმით გარუჯვის შედარებითი უსაფრთხოებაც მხოლოდ მითია. უფრო მეტიც – სოლარიუმში მიღებული ულტრაიისფერი დასხივების რადიაციის ინტენსივობა 3-ჯერ აღემატება ზენიტში მყოფი მზის სხივებისას. ის უფრო სწრაფად აზიანებს კანს, ვიდრე მზის სხივებს. კიბოს კვლევის საერთაშორისო ორგანიზაციები მას კიბოს რისკის ყველაზე მაღალ კატეგორიას მიაკუთვნებენ. გარდა ამისა, სოლარიუმს თვალის შეუქცევადი დაზიანებისა და იმუნური სისტემის პათოლოგიური ცვლილებების გამოწვევაც შეუძლია.

კვლევებმა აჩვენა, რომ რუჯის მოყვარულთა იმ ნაწილს, ვინც 35 წლამდე თუნდაც ერთხელ მიმართავს სოლარიუმს, 60%-ით მაღალი აქვს მელანომის განვითარების რისკი, ვიდრე მათ, ვინც საერთოდ არ იყენებს გარუჯვის ამ მეთოდს. სოლარიუმი ასევე ზრდის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომისა (67%-ით) და ბაზალურუჯრედოვანი კარცინომის (29%-ით) განვითარების რისკს.

 

გარუჯვა იწვევს დამოკიდებულებას

მიუხედავად იმისა, რომ გარუჯვასთან დაკავშირებული რისკები მეტ–ნაკლებად ცნობილია ფართო საზოგადოებისთვის, ადამიანთა გარკვეული ნაწილი ამ ჩვევაზე უარს მაინც არ ამბობს. რატომ? ამერიკის შეერთებულ შტატებში ახლახან ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ გარუჯვაზე უარის თქმა სულაც არ ყოფილა ადვილი. რუჯის მოყვარული ქალების დაახლოებით 20%-ს მასზე დამოკიდებულება გამოუვლინდა.

 

რა არის მელანომა

მელანომა კანის კიბოს ყველაზე საშიში და აგრესიული ფორმაა. ის მელანინის წარმომქმნელი უჯრედებისგან – მელანოციტებისგან ვითარდება. მელანომის წარმოქმნის ზუსტი მიზეზი დღემდე უცნობია, თუმცა დადგენილია, რომ ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად ალბათობა საგრძნობლად იზრდება. მელანომის განვითარების რისკი შედარებით მაღალია 40 წლამდე, განსაკუთრებით – ქალებთან. კანცეროგენული ცვლილებების დროულ აღმოჩენას და სიმსივნის გავრცელებამდე მკურნალობის დაწყებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თუ დროზე მივუსწრებთ, მელანომის შეჩერება შესაძლებელია.

 

როგორ ამოვიცნოთ

მელანომა შესაძლოა სხეულის ნებისმიერ ნაწილზე განვითარდეს, თუმცა უმეტესად კანის იმ უბნებზე ჩნდება, რომლებსაც მეტად ხვდება მზე. ასეთი უბნებია ზურგი, ფეხები, მკლავები და სახე.

მელანომურ ცვლილებათა პირველი ნიშნებია:

* მანამდე არსებული ხალის ზომის, ფორმის, ფერის შეცვლა;

* ახალი პიგმენტური უბნის გაჩენა ან ქსოვილის უჩვეულო ზრდა კანზე.

მოარული აზრის საპირისპიროდ, მელანომა ყოველთვის ხალიდან არ იწყება – ის შესაძლოა ნორმალური შესახედაობის კანზეც წარმოიქმნას.

სიმსივნე შედარებით იშვიათად ჩნდება კანის იმ უბნებზე, რომლებსაც მზის სხივები არცთუ ისე ინტენსიურად ხვდება. მელანომების ასეთ ფორმებს დამალულ მელანომებს უწოდებენ. მათ მიეკუთვნება:

* ფრჩხილქვეშა მელანომა. ეს მელანომის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ფორმაა. შესაძლოა გაჩნდეს როგორც ხელის, ისე ფეხის ფრჩხილის ქვეშ. ამავე ტიპის მელანომა შესაძლოა განვითარდეს ხელისგულებსა და ფეხისგულებზე, თითებს შორის. ასეთი მელანომები უფრო მეტად აფროამერიკული წარმოშობის, მუქი კანის მქონე ადამიანებთან გვხვდება.

* პირის ღრუს, ცხვირის ღრუს, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, საშარდე ტრაქტის, საშოს მელანომები. სხეულის ზემოთ ჩამოთვლილი ნაწილების ლორწოვან გარსზე შესაძლოა განვითარდეს მუკოზური მელანომა. ის უფრო ძნელი აღმოსაჩენია, ვინაიდან ხშირად ერევათ სხეულის ამ ნაწილების სხვა, უფრო გავრცელებულ პათოლოგიებში.

* თვალის მელანომა. ის ყველაზე ხშირად თვალის სისხლძარღვოვან გარსში წარმოიქმნება. თვალის მელანომამ შესაძლოა მხედველობის ცვლილებები გამოიწვიოს, ადამიანი თვალის ექიმთან მივიდეს და ასე აღმოაჩინონ ცვლილებათა ნამდვილი მიზეზი.

 

როგორ დავიცვათ თავი

მელანომისა თუ კანის სხვა სიმსივნეების განვითარების რისკს შევამცირებთ, თუ შევასრულებთ შემდეგ რეკომენდაციებს:

* ვერიდოთ მზეს. ჩვენს კლიმატურ ზონაში მზე ყველაზე აქტიურია დილის 11–იდან საღამოს 5 საათამდე. მაქსიმალურად ეცადეთ, დღის ამ მონაკვეთში რაც შეიძლება ნაკლები დრო გაატაროთ გარეთ.

* ვიხმაროთ მზისგან დამცავი საშუალებები. მართალია, მზისგან დამცავ კრემებს ულტრაიისფერი რადიაციის მთლიანად გაფილტვრა არ შეუძლია, მაგრამ მზის მავნე ზემოქმედებისგან ჩვენს დაცვაში მაინც დიდ როლს ასრულებს.

გაითვალისწინეთ: მზისგან დამცავ კრემს უნდა ჰქონდეს, სულ მცირე, შPF 15 ფილტრი. წასმის დროს კრემი არ დაზოგოთ. მისი ფენა 2 საათში ერთხელ განიახლეთ, განსაკუთრებით – ღია აუზში ან ზღვაში ცურვისას. ამერიკის დერმატოლოგთა ასოციაციაცია ამ შემთხვევისთვის წყალგამძლე, სულ მცირე, შPF 30 ფილტრის მქონე დამცავ კრემს უწევს რეკომენდაციას.

* ჩაიცვით დამცავი ტანსაცმელი. ვინაიდან კრემს კანის სრულყოფილად დაცვა არ შეუძლია, მზეზე ყოფნისას სასურველია, მკლავები და ფეხები დაფარული გვქონდეს.

* ატარეთ ფართოფარფლებიანი ქუდი და მზის სათვალე.

* დაივიწყეთ სოლარიუმი – როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, ის კანის კიბოს ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი რისკფაქტორია.

* კარგად შეისწავლეთ თქვენი კანის თავისებურებები. ამ შემთხვევაში მასზე ცვლილებების შემჩნევა არ გაგიჭირდებათ. რეგულარულად დაითვალიერეთ ხალები და ჭორფლი.

 

მოაქვს გარუჯვას რამე სარგებლობა?

ჯანმრთელობისთვის – არავითარი. მეტიც: ულტრაიისფერი სხივები იმდენად დიდ ზიანს გვაყენებს, რომ მისი ბოლომდე განეიტრალება დამცავი საშუალებებითაც კი შეუძლებელია. ალბათ უკვე დროა, შევიცვალოთ დამოკიდებულება რუჯის მიმართ, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილის თვალში ჯერ კიდევ ჯანმრთელობასთან ასოცირდება.

ელენე ზურაბიშვილი

გააზიარე: