რა არის ფსიქოსომატიკა?

გააზიარე:

რა არის ფსიქოსომატიკა

ჯერ კიდევ ანტიკურ საბერძნეთში იცოდნენ: სხეული – სხეულია, სული კი... სული სულ სხვაა. თანამედროვე აზროვნებაში მათი განცალკევების ტრადიცია დეკარტემ აღადგინა. ფილოსოფოსის აზრით, არამატერიალური გონება და მატერიალური სხეული ორი ერთმანეთისგან განსხვავებული მოვლენაა.

ამ კონცეფციას მრავალსაუკუნოვანი ფესვები აქვს და გასაკვირი არ არის, რომ დასავლური მეცნიერება, მათ შორის – მედიცინაც, მასზეა დაშენებული. სერვისის მიწოდებაც შესაბამისად დაიყო: სხეულისთვის – ექიმი, ფსიქიკისთვის – ფსიქოთერაპევტი.

თუმცა პრაქტიკაში აღმოჩნდა, რომ ეს ხელოვნური დაყოფაა, რადგან არსებობს უამრავი “სამედიცინო” მდგომარეობა, რომლებიც ემოციურადაც მწავავედ განიცდება; ხდება ისეც, რომ, პირიქით, ფსიქიკური განცდა იწვევს ან ამძიმებს სხეულებრივ ჩივილებს; მაგრამ ყველაზე საინტერესო ალბათ მაინც ის შემთხვევებია, როდესაც, მიუხედავად უამრავი გამოკვლევისა, “წმინდად სხეულებრივი” პრობლემა არ იკვეთება, თუმცა ადამიანს ფიზიკური სიმპტომები აწუხებს.

ასეთ სიმპტომებს ფსიქოსომატურს ვუწოდებთ, სიტყვებიდან ფსიქიკა და სხეული (ბერძნულად – სომა).

სიმართლე რომ ითქვას, ნებისმიერი დაავადება ფსიქოსომატურია, რადგან, დეკარტეს თვალსაზრისის მიუხედავად, სხეული და ფსიქიკა გადაბმულ-გადაჯაჭვული ფენომენია – ის, რაც ხდება სხეულში, აუცილებლად აისხება სულზეც და პირიქით.

ნებისმიერ ფიზიკურ ჩივილს თან ახლავს ფსიქიკური რეაქციაც. ერთსა და იმავე დაავადებას ყველა სხვადასხვანაირად უმკლავდება. მაგალითად, ზოგს შესაძლოა სულ არ აწუხებდეს თმის ცვენა, ხოლო ზოგისთვის ის თვითწარმოდგენისა და სხეულის ხატის დანგრევის ტოლფასი იყოს.

ფსიქიკურ მდგომარეობას კი ფიზიკური გამოხატულებაც აქვს. მაგალითად, დეპრესიის დროს ქრება მადა, ირღვევა ძილ-ღვიძილის ციკლი, შესაძლოა, ადამიანს ფიზიკურად გაუჭირდეს ადგომა და მოძრაობა.

თუმცა, როდესაც ფსიქოსომატურ დარღვევას ვახსენებთ, უფრო ისეთ შემთხვევებს ვგულისხმობთ, როდესაც ფსიქიკური მდგომარეობა ფიზიკურ ავადმყოფობას იწვევას ან ამწვავებს.

ზოგიერთი სიმპტომური გამოვლენა პირდაპირ უკავშირდება ფსიქიკურ სტაბილურობას. მაგალითად ფსორიაზი, ეგზემა, კუჭის წყლული, მაღალი წნევა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. მეორე მხრივ, შესაძლოა, თავი იჩინოს ისეთმა ფიზიკურმა სიმპტომმაც (ტკივილმა, გულისრევამ, თავბრუსხვევამ და სხვ.), რომელსაც ხელშესახები ფიზიკური საფუძველი არ გააჩნია – ეს “სუფთა” ფსიქოსომატიკაა.

 

ზემოქმედების მექანიზმი

ცნობილია, რომ ფსიქიკური განცდები შემდეგ ფიზიკურ სიმპტომებს იწვევს:

* აჩქარებულ გულისცემას;

* არეულ გულისცემას;

* გულისრევის შეგრძნებას;

* ოფლიანობას;

* კანკალს;

* ტკივილს მკერდის არეში;

* თავის ტკივილს;

* აჩქარებულ სუნთქვას.

ამ სიმპტომებს საფუძვლად თავის ტვინიდან წამოსული ნერვული იმპულსები უდევს. აღნიშნული იმპულსების საპასუხოდ სხეულში ადრენალინი (თანამედროვე ტერმინოლოგიით – ეპინეფრინი) გამოიყოფა და ზემოთ აღწერილ რეაქციას იწვევს.

თუმცა ფსიქოსომატური სიმპტომები ყოველთვის ასე მარტივადაც ვერ აიხსნება. მაგალითად, ცნობილია, რომ დეპრესიის დროს სუსტდება იმუნური სისტემა, შესაბამისად, იზრდება ვირუსული დაავადებების რისკიც, თუმცა ზუსტი მექანიზმი, რა და როგორ, ცნობილი არ არის. გარდა ამისა, მყავს რამდენიმე კლიენტი, რომლებსაც სულ სხვადასხვა ფიზიკური ჩივილები აქვთ, მაგრამ, უამრავი კვლევის მიუხედავად, ვერ აგნებენ ამ ჩივილების ხელშესახებ მიზეზს.

საბოლოო ჯამში, ფსიქოსომატურ განცდებს ფენომენოლოგიურად ვუდგებით, რაც ნიშნავს, რომ ვაკვირდებით და ვიღებთ იმას, რაც არის. ადამიანი მათ განიცდის, ესე იგი, ეს სიმპტომები რეალურია – მის სხეულს მასზე უკეთ ხომ არავინ იცნობს.

 

მკურნალობა

თუკი ვთანხმდებით, რომ სხეული და ფსიქიკა ერთია, მკურნალობაც ერთობლივი უნდა იყოს. ნებისმიერი მდგომარეობისას, განსაკუთრებით კი გამოკვეთილი ფსიქოსომატური მდგომარეობისას, მნიშვნელოვანია ფსიქიკური, სოციალური და ბიოლოგიური ფაქტორების გათვალისწინება. შესაბამისად, მკურნალობა ფსიქოთერაპიასაც მოიცავს. თუმცა სიტყვა “მკურნალობა” მისი ტრადიციული გაგებით აქ ნაკლებად გამოგვადგება, რადგან თერაპევტი მუშაობს არა უშუალოდ სიმპტომთან (მაგალითად, თავის ტკივილთან), არამედ მის მიზეზთან, იქნება ეს რეაქცია სტრესზე, შფოთვა თუ დეპრესია.

თერაპევტს სჯერა, რომ პრობლემა თავის ტკივილი კი არ არის, არამედ რაღაც სხვა, უხილავი, თავის ტკივილი კი ერთგვარი “მესიჯია”, რომელსაც ადამიანის შინაგანი სამყარო აგზავნის – მომხედეთ, რაღაც მაწუხებსო. შესაბამისად, თერაპიის პირველი ნახევარი ეთმობა იმის დადგენას, სინამდვილეში რას “ამბობს” თავის ტკივილი, რისი გამოხატულებაა (მაგალითად, ჭარბი პასუხისმგებლობის სიმძიმის ან სანერვიულო სიტუაციაზე მუდმივი ფიქრის). ამის გაცნობიერება თერაპიის პირველი და უმთავრესი საფეხურია. შესაძლოა, სიმპტომი გაცნობიერებისთანავე გაქრეს, მაგრამ თუ საქმე მრავალი წლის განმავლობაში დაგუბებულ და ჩაკეტილ განცდებთან გვაქვს, საქმე ასე მარტივად ვერ მოგვარდება.

გაცნობიერების შემდეგ განიხილება პრობლემური სიტუაცია და მასზე ის რეაქცია, რომელმაც თავის ტკივილი გამოიწვია, საბოლოოდ კი კლიენტი, ფსიქოლოგის მხარდაჭერით, თვითონვე პოულობს გამოსავალს. და სწორედ ამ დროს ფიზიკური სიმპტომი “თავისით” ქრება – ვინაიდან სათქმელი უკვე ითქვა, სიმპტომიც კარგავს ფუნქციას, მისი საჭიროება აღარ არის.

ფსიქოსომატიკა ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დარგია და, ამავე დროს, საკმაოდ რთულიც. ის კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ჩვენ ორ დამოუკიდებელ ნაწილად დანაწევრებული არსებები კი არ ვართ, არამედ ჰოლისტური, მთლიანი და ჰარმონიული ადამიანები, რომლებიც გარეგან ცვლილებებს, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, გულით პასუხობენ.

რუბრიკას უძღვება ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე

გააზიარე: