რატომ იწვევს ლუდი მუცლის ზრდას და რა საფრთხეს უქადის ეს ჩვენს ჯანმრთელობას?

გააზიარე:

ზაფხული კარს მოგვადგა. მალე ჩამოცხება და ცივი ლუდიც ერთიორად გატკბება.

თუმცა ლუდის სმა მთლად უწყინარი სიამოვნებაც არ არის – რაც უფრო მეტს ვსვამთ, მით უფრო მეტად გვეზრდება მუცელი.

ლუდის მოყვარულების ამ თავისებურებას მედიცინაში სპეციალური სახელიც კი უწოდეს – ლუდის ღიპი. განსაკუთრებით ხშირად ის ასაკოვან მამაკაცებს ამშვენებს.

რატომ იწვევს ლუდი მუცლის ზრდას და რა საფრთხეს უქადის ეს ჩვენს ჯანმრთელობას?

 

მთავარი დამნაშავე

ცხადია, მხოლოდ ლუდი არ არის დამნაშავე – კალორიებს, რომლებიც მუცელზე ცხიმის ჭარბ დაგროვებას იწვევს, შეიცავს მსუქანი ხორცი, ძეხვეული, ცომეული, ტკბილეული, – საზოგადოდ, ცხიმითა და ნახშირწყლებით მდიდარი საკვები, – თუმცა ალკოჰოლის ჭარბ მიღებასა და სხეულის ცენტრალური ნაწილის სიმსუქნეს შორის არსებულ მჭიდრო კავშირს უამრავი მკვლევარი უსვამს ხაზს, ალკოჰოლური სასმელებიდან კი ამაში ყველაზე მეტად ლუდს ადანაშაულებენ, რადგან მისი სმის დროს ყველაზე ადვილია კალორიების გადაჭარბება.

ერთი კათხა ლუდის საშუალო ენერგეტიკული ღირებულება დაახლოებით 155 კილოკალორიაა. როდესაც ერთ ჯერზე რამდენიმე კათხას ვსვამთ, ორგანიზმს ამით დიდ დატვირთვას ვაყენებთ.

გარდა თავად ლუდის მაღალი კალორაჟისა, არსებობს კიდევ რამდენიმე მექანიზმი, რომელთა საშუალებითაც ამ სასმელს შეუძლია, მუცლის ცხიმოვანი ქსოვილის ზრდას შეუწყოს ხელი:

* ზრდის სხვა საკვებით მიღებული კალორიების რაოდენობას. კვლევები მოწმობს, რომ ალკოჰოლი მოკლე ხანში ახდენს მადის სტიმულირებას და გვიბიძგებს უფრო მეტი საკვების მიღებისკენ, ვიდრე ჩვეულებრივ ვიღებთ.

* ლუდმა შესაძლოა ხელი შეუშალოს ცხიმების წვას. ეს იმიტომ, რომ ალკოჰოლის მიღებისას ორგანიზმი ცხიმის ნაცვლად მას იყენებს მეტაბოლური პროცესებისთვის საჭირო ენერგიის წყაროდ.

* ლუდი შეიცავს ფიტოესტროგენებს. მისთვის არომატის მისანიჭებლად იყენებენ მცენარე სვიას, რომელიც ფიტოესტროგენებითაა მდიდარი. ამ ნივთიერებებს ქალის სასქესო ჰორმონების, ესტროგენების, მსგავსი მოქმედება ახასიათებს. ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ ლუდში სვიის ნაერთების არსებობას შეუძლია, მამაკაცის ორგანიზმში ჰორმონული ცვლილებები გამოიწვიოს და ხელი შეუწყოს მუცლის არეში ცხიმის დაგროვებას, თუმცა ეს ვარაუდი ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.

 

რატომ გროვდება ცხიმი მუცელში

როდესაც კალორიების მიღება მათ ხარჯვას აჭარბებს, დაუხარჯავი კალორიები ორგანიზმში ცხიმად ლაგდება. სად – ეს ასაკზე, სქესსა და ჰორმონულ სტატუსზეა დამოკიდებული.

ბავშვობაში ბიჭებსაც და გოგონებსაც ორგანიზმის ცხიმოვანი ქსოვილის მსგავსი განლაგება ახასიათებთ. გარდატეხის ასაკში ვითარება რადიკალურად იცვლება. ქალებს კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი უფრო მეტად აქვთ განვითარებული, ვიდრე კაცებს. ამიტომ მათთან ცხიმი ლაგდება მკლავების, ბარძაყების, თეძოების, დუნდულების და მუცლის არეში. ვინაიდან კაცის სხეულში კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი შედარებით ნაკლებია, ცხიმის უდიდესი ნაწილი მუცელში ლაგდება.

ღიპის ზრდისკენ მიდრეკილება ასაკთან ერთად იმატებს. ეს იმიტომ, რომ რაც უფრო შედის ასაკში ადამიანი, მით უფრო ნაკლებს მოძრაობს და ნაკლებ კალორიას ხარჯავს. იცვლება ჰორმონული ბალანსიც, რაც ასევე უწყობს ხელს სხეულის ცენტრალურ ნაწილში ცხიმის დაგროვებას. კვლევები მოწმობს, რომ მენოპაუზის ასაკში მყოფი ქალების იმ ნაწილს, რომელსაც ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია უტარდება, ნაკლები მიდრეკილება აქვს მუცლის ცხიმის დაგროვებისკენ.

როგორც აღვნიშნეთ, მუცელში ცხიმის ჩალაგების რისკს ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებაც ზრდის. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, მას, ვინც დღეში 3 ჭიქაზე მეტ ალკოჰოლიან სასმელს იღებს, ღიპის გაჩენის არამსმელებზე 80%-ით მაღალი ალბათობა აქვს.

 

რას გვიქადის

ღიპი არ არის მხოლოდ ესთეტიკური ხასიათის პრობლემა, რომელიც საცურაო კოსტიუმების კონკურსზე თქვენი გამარჯვების შანსს შეამცირებს. არც მისი შენება შემოიფარგლება მუცლის არეში კანქვეშ განლაგებული ცხიმოვანი ქსოვილის არსებობით. ის მოიცავს ვისცერულ ცხიმსაც, რომელიც მუცლის შიდა ღრმა შრეებში, შინაგანი ორგანოების გარშემო ლაგდება. განურჩევლად იმისა, როგორია ადამიანის საერთო წონა – ჭარბი თუ ნორმალური, ზომაზე მეტი მუცლის ცხიმი არაერთი საშიში მდგომარეობის რისკთან ასოცირდება. ეს მდგომარეობებია:

* გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები;

* ინსულინრეზისტენტობა და დიაბეტი ტიპი 2;

* კოლორექტალური კიბო (მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბო);

* ძილის აპნოე;

* ნაადრევი სიკვდილი;

* მაღალი არტერიული წნევა.

მუცლის კედელში არსებული ვისცერული ცხიმის მოცულობის განსაზღვრა ყველაზე მარტივად წელის გარშემოწერილობის გაზომვითაა შესაძლებელი. გაზომვა უნდა მოხდეს შიშველ მუცელზე, თეძოს ძვლების წვეტების ოდნავ ზემოთ. მეიოს კლინიკის ექსპერტი-ენდოკრინოლოგი და სიმსუქნის მკვლევარი მაიკლ ჯენსენი გვირჩევს, ქალებმა წელის გარშემოწერილობა 89 სანტიმეტრის ფარგლებში შევინარჩუნოთ, ხოლო კაცებმა – 102 სანტიმეტრის ფარგელბში, ვინაიდან, როცა მაჩვენებლები სცდება ხსენებულ ზღვარს, იმატებს გულის დაავადებების, მეტაბოლური სინდრომისა და საერთო სიკვდილიანობის რისკი.

 

როგორ ვებრძოლოთ

მუცლის ვისცერული ცხიმის შესამცირებლად ყველაზე საიმედო და ნაცადი გზა წონის დაკლებაა, წონის დასაკლებად კი კალორიების შემცირება და ფიზიკური აქტიურობის გაზრდაა საჭირო.

უფრო პრაქტიკულ ნაბიჯებზე თუ ვისაუბრებთ, დაგვეხმარება შემდეგი სტრატეგია:

* ვიკვებოთ ჯანსაღად. უპირატესობა მივანიჭოთ მცენარეულ საკვებს - ხილს, ბოსტნეულს, ბურღულეულს. მივირთვათ ნაჯერი ცხიმების შემცველი რაც შეიძლება ნაკლები პროდუქტი (ხორცი, მაღალცხიმიანი რძის ნაწარმი – ყველი, კარაქი). ზომიერად შეიძლება თევზის მიღება.

* ვაკონტროლოთ ულუფების ზომა. ჯანსაღი პროდუქტების მიღების შემთხვევაშიც კი მას არსებითი მნიშვნელობა აქვს. როდესაც შინ მიირთმევთ, ეცადეთ, თეფშზე უფრო ნაკლები გადაიღოთ, ვიდრე მიჩვეული ხართ, რესტორანში კი თქვენი ულუფა კომპანიონს გაუნაწილეთ ან მხოლოდ ნახევარი მიირთვით.

* სრულიად ამოიღეთ რაციონიდან შაქრის შემცველი სასმელები. უკიდურეს შემთხვევაში, შაქრის შემცვლელებით დაატკბეთ.

* სვით დღეში, სულ მცირე, 1.5 ლიტრი წყალი.

* რეგულარული ფიზიკური აქტიურობა თქვენს ყოველდღიურ რუტინად აქციეთ. ფორმის შესანარჩუნებლად რეკომენდებულია საშუალო ინტენსივობის აერობული ფიზიკური დატვირთვა, მაგალითად, სწრაფი სიარული, სულ მცირე, 150 წუთი კვირაში, ან შედარებით ინტენსიური აერობული აქტივობა, მაგალითად, ძუნძული, კვირაში, სულ მცირე, 75 წუთი მაინც. წონის დასაკლებად კი უფრო მეტი გარჯა დაგჭირდებათ: სირბილი, ცურვა, ველოსიპედის მართვა, ჩოგბურთის თამაში ეფექტურად ამცირებს სხეულის ცხიმოვან მასას, მუცლის პრესის ვარჯიშები კი მუცლის კედლის კუნთების გაძლიერებასა და ვისცერული ცხიმის უკეთესად დაკავებაში დაგეხმარებათ.

ალკოჰოლით მიღებული კალორიების რაოდენობასა და ღიპის ზომას შორის კავშირის გამო საჭიროა ალკოჰოლის ოდენობის კონტროლიც. მით უმეტეს, მისი ჭარბი მიღება ღვიძლის დაზიანებისა და ჯანმრთელობის სხვა სერიოზული პრობლემების განვითარების ალბათობასაც ზრდის. ალკოჰოლის ნებადართული დღიური ოდენობა ქალებისთვის 1 ჭიქაა, ხოლო კაცებისთვის – 2 ჭიქა.

ლუდის მოყვარულები ეცადეთ, აარჩიოთ შედარებით მსუბუქი ლუდი, ისე, რომ ერთ კათხაში კალორიების რაოდენობა 100-ს არ აჭარბებდეს.

 

დაბოლოს

სადავო არ არის, რომ დიდი რაოდენობით ლუდის სმა ნამდვილად იწვევს წონის მატებას, ღიპის ზრდას. გახსოვდეთ, რაც უფრო მეტს დალევთ, მით უფრო მაღალი  იქნება წონის მატების ტემპი და ხარისხი.

მუცლის ცხიმის მოშორება კი მოთმინებასა და ძალისხმევას მოითხოვს. წონის სწრაფ კლებას უმეტესად დაკლებული კილოგრამების ხელახალი მომატება მოჰყვება, ამიტომ ეცადეთ, დაიკლოთ ნელა და სტაბილურად.

ელენე ზურაბიშვილი

გააზიარე: